როცა „მეორე პური“ ვალად იქცევა:

რა სჭირდებათ ჯავახეთის ფერმერებს?

ფოტოებისა და ტექსტის ავტორი: ტიგრან თარზიანი

26 ნოემბერი 2026

ჯავახეთი მაღალმთიანი რეგიონია. სოფლებში თესვასა და მოსავლის აღებას შორის დრო მოკლეა. გაზაფხულზე მიწის გათბობას ელოდები, შემოდგომაზე კი კარტოფილი აცივებამდე უნდა ამოიღო. იქ, სადაც სტაბილური სამუშაოს პოვნა ჭირს, მოსავლის გაყიდვაზე ხშირად მთელი ოჯახის ზამთრის ბიუჯეტია დამოკიდებული.

დათოვლილი კარტოფილის ნაკვეთები ჯავახეთის ზეგანზე. ფოტო: ტიგრან თარზიანი

 

ახალქალაქელმა ფერმერმა, რომელსაც წელს კარტოფილი ორ ჰექტარზე ჰქონდა დათესილი, საუბრის ბოლოს მითხრა: „მომავალ წელს ამდენს ალბათ აღარ დავთესავ. ყველაზე მეტად გაყიდვა და ფასი გვიჭირსო“. მისი გადაწყვეტილება გასაგებია. როცა მოსავლის ამოღება ძვირდება და მყიდველის პოვნაც ჭირს, მეტი მიწის დამუშავება ოჯახისთვის მეტ რისკსაც ნიშნავს.

„კარტოფილი ჩვენი ანაბარია“, ამბობენ ჯავახეთში. გაზაფხულზე მიწაში დებენ იმ იმედით, რომ შემოდგომაზე შემოსავალს აიღებენ. ჯავახეთის კარტოფილს ადგილობრივებისთვის თავისი სახელი აქვს – აქ მას „მეორე პურსაც“ ეძახიან, რადგან ბევრი ოჯახისთვის ის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლო რამდენიმე წელია, ამ ანაბრიდან მიღებული შემოსავალი ხშირად იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოჯახები თესვისას მოელიან.

 

ახლად ამოღებული კარტოფილი ჯავახეთის მინდორში. ფოტო: ტიგრან თარზიანი

 

მოსავლის აღების ფასი

წელს ხანგრძლივმა წვიმებმა მოსავალი დააზიანა. სველ მიწაზე ტექნიკით მუშაობა გაჭირდა და კარტოფილის ნაწილის ამოღება ვერც მცირე მეურნეობებმა შეძლეს და ვერც მსხვილმა ფერმერებმა. ამას საწვავისა და მუშახელის დაქირავების გაძვირებაც დაემატა. ადგილობრივების თქმით, ორი წლის წინ ერთ სოტზე (100 კვადრატულ მეტრზე) კარტოფილის ტრაქტორით ამოღება 2 ლარი და 50 თეთრი ღირდა, წელს კი ამაში 5–6 ლარს სთხოვენ. ამ ხარჯის გაწევა ოჯახს მაშინ უწევს, როცა ჯერ კიდევ არ იცის, ვინ იყიდის მის მოსავალს და რა ფასად. ორ ჰექტარზე ამ ტარიფით, თუ ტრაქტორი მთელ ფართობს დაამუშავებს, მხოლოდ ამოღება 1000–1200 ლარი დაჯდება. ორი წლის წინ იგივე სამუშაო 500 ლარი იქნებოდა. ეს ტარიფების შედარებაა. კონკრეტული ოჯახის საბოლოო ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ფართობის დამუშავებას შეძლებს და რამდენი მუშახელი დასჭირდება მარტო მოსავლის აღებაზე. თუმცა შედარება აჩვენებს, რამდენად დიდი სხვაობა შეიძლება შექმნას სეზონის ბოლოს ერთმა მომსახურებამ.

კარტოფილის ტრაქტორით მოსავლის აღების პროცესი ჯავახეთში. ფოტო: ტიგრან თარზიანი

 

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, თუ მყიდველი გამოჩნდა, მსხვილ კარტოფილს კილოგრამში 55–70 თეთრად აბარებს. გასაღების გაძნელებას ის ირანში ექსპორტის შეფერხებასაც უკავშირებს. ერთი მეურნეობის გამოცდილება მთელ რეგიონში ფასის სურათს ვერ გვიჩვენებს, თუმცა ამ ოჯახისთვის მთავარი საზრუნავი ნათელია. გაზაფხულზე გაწეული ხარჯი წინასწარ იცის, შემოდგომაზე მიღებული შემოსავალი კი მყიდველის გამოჩენაზეა დამოკიდებული.

 

ბუნების წინაშე მარტო დარჩენილი გლეხი

წვიმების შემდეგ, ჯავახეთში ჯერ კიდევ ამოუღებელი კარტოფილის ნაწილი ყინვამ დააზიანა. ჩემს ფოტოებზე ნაწილობრივ ჩანს დათოვლილი ნაკვეთები. რამდენი კარტოფილი დარჩა მიწაში და რა ნაწილია შესანახად ან გასაყიდად ვარგისი, ადგილზე უნდა გაირკვეს.

ყინვის შემდეგ დათოვლილი კარტოფილის ნაკვეთი, ჯავახეთი. ფოტო: ტიგრან თარზიანი

 

კარტოფილის გაყიდვა ჯავახეთში ბევრი ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მოსავლის დაკარგვამ შეიძლება გაართულოს სათესლე კარტოფილის, საწვავისა და ტექნიკის დაქირავების ხარჯების დაფარვა.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ახალქალაქის სოფელ დილისკაში ერთ ფერმერს 30 ჰექტარზე მეტ ფართობზე კარტოფილი ჯერ კიდევ ამოუღებელი აქვს. სხვა ადგილობრივი ჰყვება, რომ მის თანასოფლელს 17 ჰექტარზე მეტი დარჩა მიწაში. ამოუღებელი მოსავალი დარჩათ როგორც მცირე, ისე მსხვილ მეურნეობებს. ადგილობრივების შეფასებით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ჯამში 100 ჰექტარზე მეტი ფართობია ამოუღებელი. ფერმერებმა არ იციან, როგორ დაფარონ სეზონის ხარჯები და გადაიხადონ აღებული სესხები.

მოსახლეობა ხელისუფლების დუმილს უჩივის და კითხულობს, იციან თუ არა პასუხისმგებელმა პირებმა, რა ხდება მინდვრებში.

 

რას ითხოვენ მეკარტოფილეები

ერთი კილოგრამის ჩაბარების ფასი ოჯახის შემოსავალზე მხოლოდ ნაწილობრივ გვიყვება. ჯერ გასათვალისწინებელია, რამდენი კილოგრამი გადარჩა, რამდენი აკმაყოფილებს მყიდველის მოთხოვნას და რამდენის გაყიდვა მოხერხდა შეთანხმებულ ფასად. შემდეგ მოდის თესლის, საწვავის, ტექნიკისა და დაქირავებული შრომის ხარჯები. ოჯახის წევრების ნამუშევარი დღეები ხშირად ცალკე ხარჯად არც ითვლება. თუ გაყიდვიდან მხოლოდ გადახდილი თანხების დაბრუნება გამოდის, მთელი სეზონის შრომა ფაქტობრივად აუნაზღაურებელი რჩება.

ახლად ამოღებული კარტოფილი. ფოტო: ტიგრან თარზიანი

 

მყიდველთან ძალთა უთანასწორობა ყველაზე მკაფიოდ მაშინ ჩანს, როცა მოსავალი უკვე ამოღებულია. ვისაც შენახვის საშუალება და მიმდინარე ხარჯების დასაფარი ფული აქვს, შეუძლია რამდენიმე შეთავაზება შეადაროს. ოჯახს, რომელსაც მუშახელისა და ტექნიკის საფასური ახლა აქვს გადასახდელი, ლოდინიც ძვირი უჯდება. ერთი და იგივე შეთავაზება ერთისთვის მოლაპარაკების დასაწყისია, მეორისთვის კი ფულის დროულად მიღების ერთადერთი საშუალება. სოფელში სტაბილური სამუშაოს სიმცირე მყიდველზე დამოკიდებულებას აძლიერებს. როცა ოჯახს შემოსავალი სხვა წყაროდანაც აქვს, ერთი ცუდი სეზონი ნაკლებად განსაზღვრავს, როგორ გადაიტანს ზამთარს.

მეკარტოფილეების თქმით, წელს ჯავახეთში კარტოფილის მოსავალი უხვი იყო, მაგრამ მის დროულად ამოსაღებად საკმარისი მუშახელის დაქირავება ვერ შეძლეს. ადგილობრივები მუშახელის ნაკლებობას ახალგაზრდების შრომით მიგრაციასაც უკავშირებენ. ბევრი ახალგაზრდა სამუშაოდ სხვაგან მიდის და მოსავლის აღების სეზონზე სოფელში მუშახელის პოვნა ჭირს.

 

კარტოფილის მოსავლის აღების პროცესი ჯავახეთში. ფოტო: ტიგრან თარზიანი

 

ამ პირობებში მეკარტოფილეები ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში არაერთხელ, ანონიმურად წერდნენ და ხელისუფლებას სთხოვდნენ, ადგილობრივი მოსავლის აღებისა და გაყიდვის პერიოდში კარტოფილის იმპორტი დროებით შეეჩერებინა. მათი აზრით, ეს მათ დროს მისცემდა, მოსავალი ამოეღოთ, მყიდველი ეპოვათ და კარტოფილი სამართლიან ფასად გაეყიდათ.

კომენტარებში თავადვე წერდნენ, რომ დახმარების იმედი აღარ ჰქონდათ და ეჭვი ეპარებოდათ, რომ მთავრობა მათ გასაჭირს ყურადღებას მიაქცევდა. როცა მოსავლის ნაწილის ამოღებას ვერ ასწრებ და ამოღებულისთვისაც მყიდველს ეძებ, ხელისუფლების დუმილის პირობებში მთელი სეზონის შრომისა და მიწაში ჩადებული ფულის დაკარგვის რისკი ისევ შენს ოჯახზე რჩება.

 

ვინ ადგენს კარტოფილის ფასს

როცა სოფელში ჩაბარების ალტერნატიული გზა არ არსებობს, შუამავალი შეიძლება ერთადერთი მყიდველი აღმოჩნდეს, რომელიც კარტოფილს ადგილზე ჩაიბარებს და ქალაქამდე მიიტანს. წარმოვიდგინოთ, რომ გლეხს კილოგრამში 55–70 თეთრი გადაუხადეს, ქალაქში კი იმავე კარტოფილის ფასი გაორმაგდა. მომხმარებელი კილოგრამში 1,10–1,40 ლარს გადაიხდიდა. ეს პირობითი მაგალითი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება სოფელში დაბალი ჩაბარების ფასი და ქალაქში ძვირი საკვები ერთმანეთს დაემთხვეს.

ამ სხვაობის ნაწილი გადაზიდვას, დახარისხებას, შენახვასა და საცალო გაყიდვას ხმარდება. თუმცა მთავარი საკითხი ისაა, ვის შეუძლია პირობების დაყენება. შუამავალს შეუძლია სხვადასხვა სოფელში შეარჩიოს, ვისგან და რა ფასად იყიდოს. გლეხს, რომელსაც საწყობი და პირდაპირი გასაღების არხი არ აქვს, ასეთი არჩევანი იშვიათად ეძლევა. შედეგად, ქალაქში ოჯახმა შეიძლება საკვებში ძვირი გადაიხადოს, სოფელში კი ოჯახს, რომელმაც ეს საკვები მოიყვანა, გაყიდვის შემდეგაც შემოსავალი ზამთრისთვის არ ეყოს.

მეკარტოფილეების მეორე მოთხოვნაა, ხელისუფლებამ კარტოფილის ჩაბარების ფასებს ზედამხედველობა გაუწიოს. ადგილობრივების თქმით, ყოველ სეზონს სოფლებში შუამავლები ჩნდებიან და ჩაბარების ფასს კარნახობენ. იმავე ფეისბუქის ჯგუფში ფერმერები ერთმანეთს არაერთხელ მოუწოდებდნენ, ფასი არ დაეწიათ, დაეფასებინათ საკუთარი შრომა და კარტოფილი შუამავლების ნაკარნახევ ფასად არ გაეყიდათ.

ამ მოწოდების შესრულება განსაკუთრებით უჭირს ოჯახს, რომელსაც მოსავალი უკვე ამოღებული აქვს, თესლის, საწვავის, ტექნიკისა და მუშახელის ხარჯები კი ჯერ კიდევ დასაფარი რჩება. სესხის გადახდის ვადაც ახლოვდება. ბანკი არ ელოდება, როდის გამოჩნდება მყიდველი, რომელიც კარტოფილში იმდენს მაინც გადაიხდის, რომ ოჯახმა გაწეული ხარჯები დაიბრუნოს. ამიტომ ფერმერი ზოგჯერ იმ ფასსაც თანხმდება, რომელიც თვითღირებულებას ვერ ფარავს, რადგან შიშობს, რომ სესხის დროულად ვერ გადახდის შემთხვევაში მიწაც შეიძლება დაკარგოს.

ფერმერების თქმით, ჩაბარების ფასებს ზედამხედველობას არავინ უწევს. ამ პირობებში თითოეულ გლეხს შუამავალთან მოლაპარაკება მარტო უწევს და გადაწყვეტილების შედეგიც თავად უნდა იტვირთოს.

ვის ესმის ფერმერის ხმა

ჩემთან მოსაუბრე ფერმერმა კახეთის რთველიც გაიხსენა. მისი თქმით, როცა კახეთში ყურძნის ჩაბარება ჭირს, სახელმწიფო ამ პრობლემას ყურადღებას აქცევს, ჯავახეთში კი კარტოფილის გასაღებაზე ისევ თითოეულ ოჯახს უწევს ფიქრი. ეს შედარება მიჩენს კითხვას, რატომ არის ერთი რეგიონის ფერმერების შემოსავალი საჯარო პოლიტიკის საკითხი და რატომ რჩება მეორე რეგიონში იგივე საზრუნავი ოჯახის საქმე. ჩემი თანამოსაუბრე ამ განსხვავებას ხმის ამოღების შესაძლებლობასაც უკავშირებს. მისი თქმით, როცა ვინმე პრობლემაზე ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაჩუმებას ურჩევს. ასეთ პირობებში მეზობლებს საერთო მოთხოვნის დაყენებაც უჭირთ და მყიდველთან ფასზე ცალ-ცალკე უწევთ საუბარი.

 

რისთვის უნდა აგოს სახელმწიფომ პასუხი

მოსავლის აღებისას გადაღებული ფოტოები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფერმერი „თავისი თავის პატრონია“. თუმცა ამას ერთი უხერხული კითხვა მოჰყვება: რა გააკეთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს გაყიდვის პირობებზე გავლენა ჰქონდეთ? გლეხი თესვის ხარჯსაც თვითონ სწევს და წვიმისგან თუ ყინვისგან დაზიანებული მოსავლის დანაკარგსაც თვითონ იტანს. უსამართლოა, როცა ამ ყველაფერს დამოუკიდებლობას ვუწოდებთ და გასაღების პრობლემასაც იმავე ოჯახს ვუტოვებთ.

მოსავლის აღებამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სოფლებში ფერმერებთან ერთად უნდა დაადგინოს, სად აკლიათ ტექნიკა და რამდენ ოჯახს სჭირდება შენახვის ადგილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მან წინასწარ უნდა გამოაქვეყნოს გეგმა: რომელ სოფელში როდის იქნება ხელმისაწვდომი ტექნიკა, რა ეღირება მომსახურება და როგორ მიიღებს მას მცირე მეურნეობა. როცა წვიმა ამოღების დროს ამცირებს, დახმარებას აზრი სწორედ იმ დღეებში აქვს. სეზონის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადება მიწაში დარჩენილ მოსავალს ვეღარ უშველის.

მუნიციპალიტეტს შეუძლია სოფლებთან ახლოს მოაწყოს საერთო ჩაბარების პუნქტები, სადაც გლეხი რამდენიმე მყიდველის შეთავაზებას შეადარებს. მას ასევე შეუძლია გამოყოს ადგილი პირდაპირი გაყიდვისთვის და ფერმერთა გაერთიანებებთან ერთად დაგეგმოს საერთო გადაზიდვა. ამ მომსახურებების წესები, ტარიფები და მყიდველების შეთავაზებული ფასები საჯარო უნდა იყოს. როცა ფერმერს რეალური არჩევანი აქვს, შუამავალთანაც უკეთეს პირობებზე შეუძლია ილაპარაკოს, ქალაქში კი მომხმარებელს პირდაპირი ყიდვის შესაძლებლობა უჩნდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პასუხისმგებლობა გასაღების პირობებზეც უნდა აიღოს. მოსავლის აღებამდე მან სხვადასხვა მყიდველთან უნდა იმუშაოს და ფერმერებს აცნობოს, რა მოცულობასა და ხარისხს ითხოვენ მყიდველები და როდის იბარებენ მოსავალს. სახელმწიფოს შეუძლია დააფინანსოს ხელმისაწვდომი საერთო საწყობები და ხელი შეუწყოს ფერმერების მიერ მართულ კოოპერატივებს. საწყობი ოჯახს დროს აძლევს, უკეთესი შეთავაზება მოძებნოს, კოოპერატივი კი მეზობლებს საშუალებას აძლევს, მყიდველს ერთიანი პარტია შესთავაზონ და ფასზე ერთად ილაპარაკონ. მოსავლის ნაწილს უფრო სტაბილურ გასაღებას საჯარო სასადილოებისთვის წინასწარ დაგეგმილი შესყიდვებიც შეუქმნის, თუ პირობები მცირე მეურნეობების გაერთიანებებსაც მისცემს მონაწილეობის საშუალებას.

კახეთის მაგალითს რომ იხსენებს, ჩემი თანამოსაუბრე ფაქტობრივად ხელისუფლებას ეკითხება, რატომ არ ხედავს ის ჯავახეთში იმავე საჭიროებას. დახმარება იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რომელ რეგიონს შეუძლია მოთხოვნის უფრო ხმამაღლა დაყენება. სამინისტრომ და მუნიციპალიტეტმა საჯაროდ უნდა თქვან, რა თანხას გამოყოფენ, ვის მიუწვდება დახმარებაზე ხელი და რა ვადაში. სეზონის ბოლოს კი ფერმერებს უნდა წარუდგინონ ანგარიში, რამდენმა ოჯახმა მიიღო ტექნიკაზე ან საწყობზე წვდომა და რა გაკეთდა მოსავლის გასაღებისთვის.

საკვების წარმოება საზოგადოებისთვის აუცილებელი შრომაა და მისი რისკების ნაწილი სახელმწიფომ უნდა იტვირთოს. მცირე მეურნეობებისთვის ხელმისაწვდომი დაზღვევა ოჯახებს სტიქიით გამოწვეული ზარალის ტვირთს შეუმსუბუქებდა. დაბალი ჩაბარების ფასი ცალკე პასუხს მოითხოვს. სამინისტრომ ფერმერთა გაერთიანებებთან ერთად უნდა განიხილოს მინიმალური შესასყიდი ფასი, რომლის გაანგარიშებაც თესლის, საწვავისა და ტექნიკის ხარჯებთან ერთად ოჯახის წევრების შრომასაც გაითვალისწინებს. თუ სახელმწიფო ამ მექანიზმს შემოიღებს, წინასწარ უნდა განსაზღვროს, ვინ შეისყიდის მოსავალს ამ ფასად, რა მოცულობით და რა ბიუჯეტით.

სეზონის დასაწყისში მეურნეობები ფულს სათესლე კარტოფილში, საწვავსა და ტექნიკაში ხარჯავენ იმ იმედით, რომ დანახარჯს მოსავლის გაყიდვით დაფარავენ. როცა კარტოფილი მიწაში რჩება, გაყიდვიდან მოსალოდნელი შემოსავალი შეიძლება დაიკარგოს, სესხის გადახდის ვადა კი ახლოვდება. სწორედ ეს გაურკვევლობა აწუხებს ახლა ადგილობრივებს.

მათი თქმით, ამ რთულ პირობებში სახელმწიფოს მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. ზოგი საკუთარ თავსაც ადანაშაულებს, რომ ამხელა ფართობზე კარტოფილი დათესა. ახლა, როცა ამ სეზონის ვალი ჯერ კიდევ დასაფარია, შიშობენ, რომ გაზაფხულზე სათესლე კარტოფილის, საწვავისა და ტექნიკისთვის საკმარისი თანხა აღარ ექნებათ და მომავალ წელს ნაკლებ ფართობზე მოუწევთ დათესვა.

მუნიციპალიტეტმა სოფლების მიხედვით უნდა აღრიცხოს დაზიანებული ფართობები და მოსავლის დანაკარგი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ზარალის შეფასების ერთიანი წესი, გამოაქვეყნოს შედეგები და მოსახლეობას ქართულად და სომხურად აცნობოს, ვის მიმართონ და რა ვადაში.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხი არ მიუღიათ. ამ დუმილის პირობებში ოჯახებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ დაფარონ ვალი და რამდენი დათესონ გაზაფხულზე. მთავრობამ საჯაროდ უნდა თქვას, რა დახმარებას განიხილავს, ვინ შეძლებს მის მიღებას და როდის გადაწყდება. მიზნობრივ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ბანკებთან სესხის გადახდის ვადების გადახედვაც უნდა განიხილოს. თუ პასუხი დაგვიანდება, ფერმერებს შეიძლება დასათესი ფართობი უკვე შემცირებული ჰქონდეთ.

ადგილობრივები სახელმწიფო დახმარების იმედს აღარ ამყარებენ. ელიან, რომ პასუხი ისევ ასეთი იქნება: „მოსავალი კერძო კომპანიაში უნდა დაგეზღვიათ“. თუმცა დაზღვევაზე მითითების შემდეგაც მთავრობას პასუხი აქვს გასაცემი. ვინ შეაფასებს ზარალს? რა ქნან ოჯახებმა, რომლებსაც მოსავალი მიწაში დარჩათ და სესხის გადახდის ვადა უახლოვდებათ? რა მხარდაჭერას მიიღებენ მომავალი თესვის დაწყებამდე?

მთავრობამ ამ კითხვებს საჯაროდ უნდა უპასუხოს. თუ მისი პასუხი კერძო დაზღვევაზე მითითებით შემოიფარგლება, ოჯახები დაკარგულ მოსავალთან, ვალსა და მომავალი წლის ხარჯებთან ისევ მარტო დარჩებიან.

საერთო საწყობი და გადაზიდვა ფერმერს საშუალებას აძლევს, პირველი შეთავაზება სხვებს შეადაროს. პირდაპირი გაყიდვის სივრცე კი ქალაქის მომხმარებელს მწარმოებლისგან ყიდვის შესაძლებლობას უქმნის. ორივე ზომას ერთი მიზანი აქვს: სოფელში შრომით მიღებული შემოსავალი და ქალაქში საკვების ხელმისაწვდომობა ერთმანეთის ხარჯზე არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ჩემი თანამოსაუბრე მომავალ წელს ნაკლებს დათესავს. გაზაფხულამდე ამ რეგიონის მუნიციპალიტეტებმა და სამინისტრომ უნდა უპასუხონ კითხვებს, რომლებიც მან შემოდგომაზე დასვა. ვის მიმართოს ოჯახმა, როცა კარტოფილის ამოსაღებად ტექნიკა სჭირდება? სად შეინახოს მოსავალი და ვის შესთავაზოს, თუ პირველი მყიდველის ფასი მის შრომას ვერ ფარავს? ვის მიმართონ დახმარებისთვის ფერმერებმა, რომლებსაც ყინვის გამო კარტოფილის მოსავალი მინდორში დარჩათ? სწორედ ამ პასუხებით უნდა შევაფასოთ ხელისუფლების მუშაობა.