იმპერიებს შორის:

იმპერიებს შორის:

მარიამ შენგელია

17 იანვარი 2023

იმპერიებს შორის:

საქართველო და უკრაინა

ნაწილი II

ყველას კარგად გვახსოვს ქსენია სობჩაკის ინტერვიუ თბილისის დედაენის ბარის დამფუძნებელთან. იმპერიული ქვეყნების მოქალაქეებისთვის დამახასიათებელ ეგოცენტრიზმსა და საქართველოს უახლოესი წარსულის უპატივცემულობას შესაბამისი ზიზღი მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თუმცა მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება ქსენიას ცარისტულმა თავხედობამ მიიპყრო, პასუხგაუცემელი დარჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც როგორც ჩანს, თავად ქსენიას არ ჰყოფნის პასუხის საპოვნელად საჭირო კრიტიკული ისტორიული ხედვა. უფრო ზუსტად კი, ქსენიას არ ესმის რა ურთიერთმიმართებაა რუსეთის, როგორც საქართველოს დამპყრობელი ძალის, წინააღმდეგ ყოფნასა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. პასუხი, რომელიც ამ შეკითხვას უნდა გაეცეს ვერ დააკმაყოფილებს ქსენიას პოზიციას, რომელიც ომისადმი მხოლოდ ნეგატიური სახის რეაქციით, ომის წინააღმდეგ ყოფნით გამოიხატება. უკრაინისადმი მხარდაჭერა კი, საქართველოს მოსახლეობისთვის, მხოლოდ ომის წინააღმდეგ ყოფნით არ გამოიხატება. არც საერთო ეთნიკური, ლინგვისტური თუ კულტურული მონათესაობა გვაკავშირებს რომ ეს მხარდაჭერა ამით აიხსნას. მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს რუსეთის იმპერიალიზმის ისტორია, რაც ქმნის ჩაგვრის საერთო გამოცდილებას და შესაბამისად, სახალხო სოლიდარობასა და თანადგომას.

სტატიის ეს ნაწილი სწორედ ამ საერთო იმპერიალისტური გამოცდილების ანალიზს ეთმობა, უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაციის კრიტიკულ აღწერას და გააზრებას. ამისათვის, ვეცდები გადმოვცე უკრაინელ ამხანაგებთან გამართული დისკუსიების შინაარსი, სადაც ვცდილობთ ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: რას იზიარებენ საქართველო და უკრაინა უახლოესი პოლიტიკური წარსულიდან და საიდან იღებს სათავეს საქართველოსა და უკრაინაში არსებული დომინანტური ევროატლანტიკური იდეოლოგია? როგორ შევებრძოლოთ, ერთი მხრივ, დასავლეთის ჰეგემონიასა და ნეოკოლონიალიზმს და მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიალიზმსა და მის დაპყრობით ომებს? რა პოზიცია შეიძლება დავიკავოთ სამხედრო ბრძოლაში ჩართვასთან დაკავშირებით რადიკალურად ანტიიმპერიალისტური პოზიციიდან და შეიძლება თუ არა, რომ ის იყოს განმათავისუფლებელი ბრძოლა? დაბოლოს, როგორ გავაბათ კავშირები დიდი იმპერიალისტური რუკის სხვადასხვა ჩაგრულ ხალხთა შორის?

„ფერადი რევოლუციები“

საქართველოსა და უკრაინას საერთო იმპერიალისტური გამოცდილება აკავშირებთ, რაც, თავის მხრივ, მათი გეოგრაფიული მდებარეობითაა განპირობებული. კერძოდ, ისინი ესაზღვრებიან რუსეთის იმპერიას (საქართველოს შემთხვევაში, ის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს ესაზღვრება, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის იმპერიამ 1850-1860 წლებში სრულად დაიპყრო ) და იყოფენ შავი ზღვის ჩრდილო და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს. მათი ტერიტორიების სწორედ ამგვარმა განლაგებამ საქართველო კავკასიის რეგიონში, ხოლო უკრაინა ე.წ. „აღმოსავლეთ ევროპაში“ გაამწესა. თანამედროვე პოპულისტური აზრისგან განსხვავებით, საქართველოს გეოგრაფიული მახასიათებელი მას გამოარჩევს, როგორც კავკასიის რეგიონისთვის დამახასიათებელ გზაჯვარედინად: შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, რუსეთს, ანატოლიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ის ყოველთვის იყო სხვადასხვა კულტურის, ევროპისა და აზიის, ისლამისა და ქრისტიანობის მებოძირი.

თუკი საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური განსხვავებები საზოგადოდ ცნობილია, ეს მარტივი გეოგრაფიული შესავალი იმასაც გვახსენებს, რომ მათ შორის ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განსხვავებაცაა. კერძოდ, უკრაინა დღევანდელ ევროპასთან იყოფს სახმელეთო საზღვარს, ხოლო საქართველო მხოლოდ მეზობელი კავკასიის ქვეყნებსა და თურქეთს ესაზღვრება. თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უარი განაცხადა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში შესვლის კანდიდატურა დაჩქარებული წესით განეხილა, ქართული საზოგადოების უკმაყოფილება არა ევროკავშირის პირმოთნეობის დაგმობაში, არამედ საქართველოს ევროპულობის იდეის გულმხურვალე დაცვაში გამოიხატა.

ამ აქციების მთავარი მოწოდება, ევროკავშირთან შეერთება, ონტოლოგიური ხასიათის მტკიცებულებაში – „საქართველო ევროპაა“ – გადაიზარდა. ოღონდ, ის რაც ონტოლოგიურ თავისთავადობად წარმოჩინდა, სინამდვილეში, პოლიტიკური და ისტორიული კონსტრუქციის საგანი იყო მსგავსად იმ დებულებებისა, რომლებიც საქართველო რუსეთის, ოსმალეთის ან სპარსეთის იმპერიის ნაწილად აცხადებდნენ. ეს დისკურსი ისტორიულად მარტივად შემოსაზღვრადია და იგი, პირველად, პოსტ-საბჭოთა საჯარო პოლიტიკურ დისკურსში ზურაბ ჟვანიამ, 1999 წელს გააჟღერა თავის ცნობილ ფრაზაში – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ევროატლანტიკური კურსის რიტორიკას „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგიურ საწყისებამდე მივყავართ, და სწორედ აქედან ვიზიარებთ, უკრაინასთან ერთად, უახლოესი წარსულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენას, „ფერად რევოლუციებს“.

„ფერადი რევოლუციები“, რომლებიც საქართველოში, უკრაინაში, ტაჯიკეთში და ლიბანში თითქმის ერთდროულად წარიმართა 2003-2005 წლებში, დიდწილად, დაფინანსებული და ორგანიზებული იყო აშშ-ის ლობისტებთან ერთად, რომელთათვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნეოკოლონიალიზმისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტერიტორიებს წარმოადგენენ. [1] ამ პერიოდიდან იქმნება განახლებული ნარატივი საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის შესახებაც, რომელთა მეთაურები ერთად ზეიმობენ დასავლეთისკენ აღებულ საერთო პოლიტიკურ გეზსა და ნეოლიბერალურ იდეოლოგიას. ამ მომენტიდან იქცევა პროდასავლურობა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დომინანტურ, პოპულისტურ რიტორიკად, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი არა მხოლოდ სტრატეგიული მოკავშირეს აღნიშნავს, არამედ თავისთავად ღირებულებას პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისითაც.

შავ-ბნელ 90-იანებს გამოვლილი საქართველოსთვის – სადაც რკინის ფარდა ბოლომდე არ არის ჩამონგრეული, ხოლო მოსახლეობის დიდ ნაწილს ომის დამანგრეველ შედეგებთან კვლავ უიმედოდ და მარტო უწევს შერკინება – ვარდების რევოლუციის მიერ შემოთავაზებული პროდასავლური რიტორიკა აგონიური სიახლის ხასიათს იღებს და გრძელი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ შესაძლებლობად ისახება. ეს სიახლის ნაპერწკალი, რომელიც „რევოლუციას“ თან ახლავს, სააკაშვილის პოპულარობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცევა. ეს კი იმიტომ, რომ სიახლე განსაკუთრებით იმედისმომცემია მაშინ, როდესაც სხვა რეალობა არ ისახება კოლექტიურ შესაძლებლობად. მაგრამ ჩვენი ახალი პოლიტიკური ალტერნატივა, სხვა გეოგრაფიებისთვის უკვე კარგად ნაცნობი რეჟიმი აღმოჩნდა, რომელსაც სახელიც ჰქონდა და წარსულიც. ნეოლიბერალური ავტორიტარიზმი, რომლის საექსპერიმენტო ლაბორატორია პინოჩეტის დიქტატურის ჩილე აღმოჩნდა, ფეხს იკიდებს საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მოსვლისთანავე.

საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, დამოუკიდებლობის გამოცხადება და ღია ევროატლანტიკური არჩევანი რუსეთის იმპერიული ომების ფასად უჯდება. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პროდასავლური რეჟიმი საქართველოს იმ უახლოესი წარსულის ნაწილია, რომელსაც „სისხლიანს“ ვუწოდებთ და ის ცხრა წელი გაგრძელდა (რეჟიმი, რომელიც ცუდისა და უარესის კლასიკური ბინარიზმის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ერთადერთ ლეგიტიმაციად იქცა). ხოლო უკრაინაში, 2005 წელს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შედეგად მოსული იუშჩენკოს მთავრობა მალევე ჩაიძირა კორუფციულ დრამებში და სახალხო მხარდაჭერის დაკარგვის შედეგად, მისი მმართველობა მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადით გაგრძელდა. აქ, რეპრესიული სისტემა უფრო მეტად იანუკოვიჩის პრორუსულ მმართველობას უკავშირდება, რომელსაც 2014 წლის „მაიდნის რევოლუცია“ და მისი დამხობა მოჰყვა. როგორც ამას ხაზს უსვამს Операція Cолідарність-ს წევრი, სტიეპი, მაიდნის მოვლენები არ დაიყვანება უბრალო პროდასავლურ პროტესტამდე ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნით. მისი აზრით, ის, პირველ რიგში, იანუკოვიჩის რეპრესიული რეჟიმის მიმართ ხალხის ბრაზის გამოხატულება იყო:

„მაიდნის რევოლუცია ევროპული ინტეგრაციისთვის არ დაწყებულა, მაგრამ პროტესტი რომელიც მას წინ უძღოდა – კი. მაიდანი დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სცემეს ის ადამიანები, ვინც სკვერში აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ხალხი იმიტომ გაბრაზდა, რომ არ შეიძლება პოლიცია ადამიანებს სცემდეს და სწორედ ეს არ აპატიეს ხელისუფლებას. ასევე იმიტომ, რომ იანუკოვიჩის რეჟიმი სულ უფრო და უფრო რეპრესიული ხდებოდა, წნეხის ქვეშ ჰყავდა უამრავი მცირე ბიზნესი, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ოლიგარქების ჯგუფები, რომელთა ხელში და რომელთა ოჯახებშიც იყო თავმოყრილი მთელი ძალაუფლება. მას ასევე საშინელი პოლიტიკა ჰქონდა ადგილობრივების მიმართ.. სწორედ ამან გამოიყვანა ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში, და არა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნამ..“

მაშინ, როდესაც მაიდანზე პრორუსულ მმართველობას ებრძვიან იანუკოვიჩის რეპრესიული მთავრობის სახით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იშუშებს პროდასავლური ნაც. მოძრაობის რეპრესიას, რომელიც სახალხო პროტესტისა და სტუდენტური მოძრაობების ფონზე, 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა. ეს განსხვავება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმი პროდასავლურ, ხოლო იანუკოვიჩისა – პრორუსულ ძალასთანაა გაიგივებული, საკვანძო მნიშვნელობისაა ამ ორი ქვეყნის ცალკეული გამოცდილებების გასააზრებლად. ამ განსხვავებამ, სხვადასხვანაირად გადაანაწილა ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე იდეოლოგიური პროცესები, და ეს ეხება არა მხოლოდ მემარჯვენე და ლიბერალური იდეოლოგიების გავრცელებას, არამედ მემარცხენე ჯგუფების იდეოლოგიურ ევოლუციასაც.

საქართველოში, ამერიკული ნეოლიბერალიზმის ექსპანსიამ და მასზე ლიბერალური ელიტის პასუხმა – რომელმაც მარტივად რომ ვთქვა, ორგანიზებული და ინსტიტუციური ძალადობა „გააპრავა“, გარკვეულ მემარცხენე წრეებში არანაკლებ დასაგმობი რეაქციონიზმი გამოიწვია. უფრო ზუსტად, ახალი პოლიტიკური ხედვებისა და პრაქტიკების შექმნის ნაცვლად, პროპაგანდის საგანი გახდა მარქსიზმ-ლენინიზმის კონსერვატორული და უფრო მეტიც, ავტორიტარული მემარცხენეობის კარიკატურული, სტალინისტური მიმართულება. ამგვარად, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ რამდენიმე დღიანი აქციების ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, ავტორიტარული მემარცხენეების ნაწილმა სოციალურ ქსელებში პრორუსული პოზიციები დაიკავა. მაშინ, როდესაც ბელორუსი და რუსი ამხანაგები პუტინის დიქტატურის ციხეებს ემალებიან, ხოლო უკრაინელი ხალხი მის ტყვიებსა და ბომბებს უმკლავდება, ჩვენ თავად კი რუსეთის იმპერიალიზმის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს, პრორუსული პოზიციის დაკავება მემარცხენე პოზიციიდან იმ უნუგეშო მდგომარეობაზე მეტყველებს სადაც დაკარგულია ეთიკაც, ხედვაც და თანადგომის განცდაც. ეს წყალწაღებული რეაქციონიზმი, ნაწილობრივ, ერთგვარი სასოწარკვეთის გამოხატულებაა იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის წიაღში, სადაც ყოველგვარი მემარცხენე აზრი თუ პრაქტიკა პროდასავლური ლიბერალური და ნეოლიბერალური ელიტის ბულინგის საგანი ხდება. თუმცა, ნეო და ლიბერალური ელიტის სოციალური და პოლიტიკური კაპიტალის ზრდა, რაც თავის მხრივ სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის გაძლიერების პირდაპირი შედეგია, ამ განწირულ რეაქციონიზმს ვერ გაამართლებს.

რაც შეეხება უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ მემარცხენე ჯგუფების იდეოლოგიურ ფორმირებას, აქ ძირითადად ვხვდებით ანტიავტორიტარულ მემარცხენეებს, ანტიფაშისტებს, ანარქისტებსა და სოციალისტებს. როგორც ამის შესახებ გვიყვება სტიეპი, კოლექტივიდან Операція Cолідарність, ანტიავტორიტარული და ანარქისტული ჯგუფები ღიად ემიჯნებიან სტალინისტ, მაოისტ თუ სხვა ავტორიტარულ მემარცხენეებს. ეს პრინციპული მიდგომა, ერთი მხრივ, უკრაინის უახლესი წარსულის განსხვავებულ გამოცდილებაზე მეტყველებს, სადაც კორუფციაში ჩაძირულმა პროდასავლურმა უკრაინულმა ელიტამ, საქართველოს მასშტაბის რეპრესიული სისტემისა და პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ვერ მოასწრო. ბრაზისა და უკმაყოფილების მთავარი ადრესატი კი უკრაინელი ხალხისთვის არა ნეოლიბერალური ელიტები, არამედ პრორუსი, ავტორიტარული იანუკოვიჩი გახდა. ასევეა უკრაინელი მემარცხენე ჯგუფებისთვისაც, რომელთაც, საქართველოსგან განსხვავებით, ნაკლები ზიანი მიიღეს პროდასავლური, ლიბერალური ელიტებისგან. თუმცა, მემარცხენე წრეებში ანარქისტული სულისკვეთების ასეთი სიმრავლე, ცხადია, სხვა ისტორიულ გარემოებასაც უკავშირდება. შეუძლებელია, ამ დროს არ გაგვახსენდეს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე მნიშვნელოვანი ანარქისტი, ნესტორ მახნო, და მისი განმათავისუფლებელი ჯარი „მახნოვჩინა“, რომელიც დღესაც ეროვნული გმირის ფიგურად რჩება უკრაინაში:

„უკრაინელ მემარცხენეებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ტრადიცია ანარქისტებს აქვთ, თუმცა ჩვენ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს მემარცხენე დემოკრატიულ ჯგუფებთანაც. რთულია, ზუსტად განსაზღვრო რა არის მათი იდეოლოგია, თუმცა ისინი ცდილობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, უერთდებიან პროფკავშირულ გაერთიანებებს და ნამდვილად სანდო ამხანაგები არიან. იბრძვიან კაპიტალიზმისა და რეპრესიული სახელმწიფოს წინააღმდეგ: ასე რომ, მთლიანობაში, ანტიავტორიტარული გაერთიანებაა, თუმცა ისინი მუშაობენ პარტიების ფორმირებაზე და პოლიტიკის უფრო ტრადიციულ გზას ირჩევენ. თუმცა მჯერა, რომ ჩვენ ორივეს გვაქვს საკმარისი სივრცე და ჩვენი თანამშრომლობა სარგებლის მომტანია. დავამატებ იმას, რომ ამჟამად უკრაინაში სტალინისტური ჯგუფები არ არიან, ისინი ყველანი „მაიდნის“ შემდეგ გაუჩინარდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს ავტორიტარულ მემარცხენეებთან.

უკრაინაში კომუნისტური, მარქსისტ-ლენინისტური პარტიები არ არსებობდნენ, ისინი უბრალოდ კაპიტალისტები იყვნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის გამო იმარჯვებდნენ არჩევნებში..მეტიც, 2014 წლის შემდეგ ეს პარტიები აიკრძალა. მათ არ ჰქონიათ სოციალური პროგრამა და არც რეალური მხარდაჭერა მოსახლეობისგან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ხანდაზმულ ადამიანს..

რაც შეეხებათ სხვა მარქსისტ-ლენინისტურ ჯგუფებს, არის რამდენიმე არც ისე კარგად ორგანიზებული ადამიანი. ასევე, Borba, სტალინისტური გაერთიანება, რომელიც მხარს უჭერდა ოკუპაციას და მთელ ევროპულ მემარცხენეობაში რუსულ ნარატივს ავრცელებდა. პირველ რიგში, იგი იყო მედია-პროექტი, და ორიენტირებული იყო იმ ევროპელ მემარცხენეებზე, რომლებიც უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ძველ კომუნისტურ პარტიებთან. მათ გარკვეული წარმატებაც ჰქონდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში, თუმცა სინამდვილეში, უბრალოდ რუსულ პროპაგანდას ავრცელებდნენ “.

ნეონაცისტები

თუკი მაიდანმა მემარცხენე ფლანგის დამოუკიდებელ და ანტიავტორიტარულ ჯგუფებს საჯარო სივრცეში ორგანიზების საშუალება მისცა, მან კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გააძლიერა ულტრამემარჯვენე, მათ შორის, ისეთი სამხედრო დაჯგუფებები როგორიცაა საყოველთაოდ ცნობილი „ბატალიონი აზოვი“. ეს შეიარაღებული გაერთიანებები, ცხადია, განსხვავდებიან ევროპული ნეონაცისტური ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებიც დღეს, არსებითად, ანტისაიმიგრაციო კამპანიით შემოიფარგლება. მართალია, უკრაინაში ნეონაცისტების იდეოლოგია, ძირითადად, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული ულტრანაციონალიზმისა და ეროვნული უზენაესობის სასარგებლოდ, თუმცა, როგორც სტიეპი აღნიშნავს, ის უბრალო ეროვნულ ფოლკლორულ სულისკვეთებამდე არ დაიყვანება. უკრაინელ ნეონაცისტებს მჭიდრო კავშირი აქვთ ევროპის სხვა ნეონაცისტურ ძალებთან და ისინი ასევე წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის სახით, რომელსაც ჰქონდათ ღიაა ნეონაცისტური იდეოლოგია და სიმბოლიკა:

მას შემდეგ, რაც მაიდანი ნეონაცისტებმა ჩაიგდეს ხელში, მათ ხელში აღმოჩნდა ასევე უკრაინელი კაპიტალისტების, სახელმწიფო მოხელეების (მათ განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდათ თავდაცვის მინისტრთან) რესურსები. მათ ასევე შექმნეს უზარმაზარი სამხედრო გაერთიანება მარიუპოლში, როგორიცაა, ყველასთვის ცნობილი, აზოვი. ამავდროულად მათ უზარმაზარი გაერთიანება შექმნეს ევროპელ ფაშისტებთან ერთად. ასე რომ, უკრაინა, მთელ ამ რესურსთან ერთად, იქცა ნაცისტების საწვრთნელ ტერიტორიად მთელ მსოფლიოში. ისინი დომინირებდნენ ქუჩებში, ალბათ გაზაფხულამდე, სანამ პირველი წარმატებული შეტაკებები მოხდებოდა ანტიფაშისტებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის. თუმცა ძალების თანაფარდობა ძალიან განსხვავებულია. ულტრამემარჯვენეებს გაცილებით მეტი ძალა აქვთ ვიდრე ანარქისტულ ან ანტიფაშისტურ მოძრაობებს.

დონბასში და კერძოდ, მარიუპოლში, ამ ნეონაცისტურ დაჯგუფებებს უმნიშვნელოვანესი საომარი როლი ერგოთ და ცხადია, არც შემთხვევითია ის ფაქტი, რომ მათ რიგებს შორის იბრძოდა არაერთი ყოფილი ქართველი მეომარიც. როდესაც ომი ყოველდღიურობას სასაკლაო სცენად აქცევს, ცხადია, კრიტიკული ხედვის შენარჩუნება სამხედრო დაჯგუფებების მიმართ ვერ იქნება მათი პრიორიტეტი, ვისაც ამ სასაკლაოსგან საფრთხე თავად ემუქრება. საკითხი სხვანაირად დგება მაშინ, როდესაც ომს უკვე გამოვლილ საქართველოში, ისინი გულმხურვალე ჰეროიზაციის მაგალითებად იქცევიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიის მარტივი ფაბულა – რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც ბოროტებს, ანუ რუსებს ებრძვის თავისთავად კეთილია – მუშაობს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ემატება საომარი თავგანწირვის მაგალითი, თემა, რომელზეც იგება ქართველების თვითმყოფადობის ისტორია. მათი ღია ნეონაციზმი, გადმოტრიალებული Wolfsangel[2] და სვასტიკები კი არათუ დაგმობილი, არამედ შეუმჩნეველი ან წაყრუებული რჩება.

მეორე მხრივ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პუტინის პროპაგანდა უკრაინაში ნეონაციზმის დამარცხებაზეა აგებულია. ეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია და უტრირება იმპერიალისტური ომისთვის სახალხო ლეგიტიმაციის მოპოვებას ემსახურება და უმცირესობაში მყოფ ნეონაცისტებს უკრაინის მთავარ პოლიტიკურ და სამხედრო ძალად წარმოაჩენს. როგორც ამას ანტიავტორიტარული ოცეულის წევრი, ილია აღნიშნავს, მიუხედავად ნეონაცისტების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობისა უკრაინულ სამხედრო დანაყოფებში, „ბატალიონ აზოვს“ შორის რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან, რომლებსაც ნაცისტური იდეოლოგიის პროპაგანდირების მოტივაცია არ ამოძრავებთ:

მარიუპოლისთვის ბრძოლის შემდეგ უკრაინაში “აზოვი” გმირულ ერთეულად აღიქმება. ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ აზოვის მებრძოლებიდან, ყველა სულაც არაა (და როგორც ჩანს, ახლა არც კი უმეტესობა) ნაცისტი. იქ ბევრი ჩვეულებრივი ადამიანია. ულტრამემარჯვენეები არიან ხელმძღვანელობაში და დანაყოფის „საკადრო ბირთვში“. ზოგადად, ულტრამემარჯვენეები საკმაოდ თვალსაჩინოდ არიან წარმოდგენილი უკრაინის სამხედრო სტრუქტურებში, განსაკუთრებით – “მოხალისეების სექტორში”. თუმცა, ისინი არ წარმოადგენენ უმრავლესობას და არ აქვთ გადამწყვეტი ზეგავლენა ჯარზე. მათი წილი და გავლენა ძალიან გაზვიადებულია პუტინის პროპაგანდის გამო.

სამხედრო სტრუქტურების ფარგლებში პერიოდულად გვიწევს ურთიერთობა უკიდურეს მემარჯვენეებთან. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავმალოთ ჩვენი ანტიფაშისტური პოზიციები. ჩვენ ამ პოზიციას ღიად გამოვხატავთ.

„ბატალიონ აზოვის“ ნეონაცისტური იდეოლოგიის გენეალოგიას აქ მეტად არ ჩავეძიები, მხოლოდ, მსურს წარმოვაჩინო და კითხვის ქვეშ დავაყენო ის პროცესები, რომლებსაც მრავალწახნაგოვანი გეოპოლიტიკური მოვლენები ერთ დომინანტურ თხრობამდე დაჰყავს. გარდა იმისა, რომ ომის ისტორიის ერთგვაროვანი სახით გადმოცემა ისტორიის გაყალბების საფრთხეს შეიცავს, ის ყოველთვის შობს ამ ისტორიის მიკერძოებულ ვარიანტს, რომელიც ჩრდილავს იმავე მოვლენებში მონაწილე უამრავ სხვა გარემოებას და რა თქმა უნდა, უმცირესიბების ჯგუფებსა და სუბიექტებს.

სწორედ ამგვარმა ტოტალიტარულმა თხრობამ გახადა უხილავი ანტიავტორიტარული მემარცხენეებისა და ანარქისტების როლი „მაიდნის რევოლუციის“ დროს. ხოლო დღეს, იგივე ხასიათის დომინანტური ნარატივი, ერთდროულად პუტინისა და აზოვის ფაშისტური იდეოლოგიების უგულებელყოფისა თუ ინსტრუმენტალიზაციის ხარჯზე, უკრაინის ომის სწორხაზოვან, ორცვლადიან მოცემულობამდე დაყვანას ცდილობს. მხოლოდ, იცვლება გმირებისა და მტრების სახელები იმისდა მიხედვით, თუ ვინ რომელ მხარეს აწარმოებს თხრობას. როგორც Operation solidarity-ს კიდევ ერთი წევრი, ჟენია ამბობს, იმისათვის რომ ომის შემდეგ ნაციონალიზმი და ნეონაციზმი არ გახდეს უკრაინის მთავარი პოლიტიკური იდეოლოგია, უპირველესი მნიშვნელობისაა ავტონომიური ჯგუფების საჯარო ხილვადობა, როგორც დასტური ომის შესახებ სხვა, ალტერნატიული ნარატივის არსებობისა:

მაიდნის შემდეგ, რევოლუციის მთელი წარმატებისა და დიდების იდეა მემარჯვენე ჯგუფებს ერგოთ. ვფიქრობ, ამ მომენტში მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ აქ და ვიყოთ ხილვადები. რადგან ომი ერთ დღესაც დასრულდება და აქ ნაციონალიზმისა და ნაციონალისტების აღმავლობას ველოდებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ალტერნატივა ნეონაცისტური ნარატივის მიღმა.

უკრაინელი მეომრები ნესტორ მახნოს ძეგლთან

წყარო: Telegram: Комітет Спротиву /// Resistance Committee https://t.me/theblackheadquarter

 

მილიტარიზმი, ნატო და უკრაინა

უკრაინელი ანარქისტების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებოდნენ შეიარაღებულ ბრძოლას ტერიტორიულ თავდაცვაში გაწევრიანებით, განხილვის საგნად იქცა დასავლეთ ევროპის რადიკალურ, ავტონომიურ მემარცხენე კოლექტივებში. ზოგიერთი მათგანი თავადაც ჩაერთო შეიარაღებულ ბრძოლაში, თუმცა გამოითქვა არაერთი კრიტიკული პოზიციაც.

მიუხედავად პუტინის რეჟიმის დაგმობისა და უპირობო მხარდაჭერის გამოხატვისა, დავის თემად იქცა ნატოს, როგორც ერთ-ერთი უდიდესი იმპერიალისტური ძალის მხრიდან სამხედრო დახმარების გამოყენების საკითხი. სიცილიაში, სადაც ნატოს სამხედრო ბაზებია განლაგებული, ანტიმილიტარისტმა ანარქისტებმა გამოაქვეყნებს განცხადება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. თუმცა, მათი ანტიმილიტარისტული პოზიციიდან გამომდინარე, ისინი მოგვიწოდებენ რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ იარაღის გარეშე ბრძოლას, რაც მათ ერთადერთ გამოსავლად ესახებათ ნატოს იმპერიალისტური პოლიტიკის უარსაყოფად:

„ჩვენ ვიმეორებთ, რომ ორივე იმპერიალისტურ ძალას, ნატოსა და რუსეთს, აქვს ერთი და იმავე, ომის გამჩაღებელი დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებულია ძლიერთა უზენაესობის კანონზე. საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ათასობით ადამიანი საკუთარი სხეულით ჩაერთოს ამ ომის სიგიჟეს შორის, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს და არა სახელმწიფოს [3].“

განცხადება, რომელიც მნიშვნელოვანი სიზუსტით გამოთქვამს რუსეთისა და ნატოს, როგორც იმპერიალისტური ძალების არსობრივ თანასწორობას, ანტიმილიტარისტული პურიზმისკენ იხრება, სადაც ომის წინააღმდეგ საბრძოლველი ერთადერთი სწორი მეთოდი ამ ომთან შეწინააღმდეგებაა, საომარი ინდუსტრიის მიერ წარმოებული ტექნიკის გამოყენების გარეშე. როგორც ამას გადმოსცემს იმავე განცხადება, ანტიმილიტარისტული პრაქტიკები მოიცავს სამხედრო ეკონომიკის საბოტაჟსა და ბლოკადას, და ის ომთან შეწინააღმდეგებას არც შიშველი ხელებითა და სხეულით გამორიცხავს. ეს პოზიცია, ერთი მხრივ იდეალისტური და რეალობას აცდენილია, მაგრამ მეორე მხრივ ეხმაურება ისეთი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხს, რომელზე პასუხის გაცემაც ყოველთვის უწევთ ჩაგრულ ხალხს იმპერიულ ძალებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, ეს შეკითხვა რუსეთის დაპყრობით ომებს ეხება: როგორ დავიცვათ თავი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მეორე იმპერიალურ ძალასთან შეერთების გარეშე და შესაძლებელია თუ არა ეს ომის რეალობაში?

პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი იმათ უნდა გასცენ, ვისაც რუსული თუ სხვა იმპერიული ომების გამოცდილება აქვთ და არა იმათ, ვისაც ომის საშიშროებამდე კილომეტრები და გეოპოლიტიკური დაცულობის პრივილეგია აშორებთ. დასავლეთ ევროპის მემარცხენეებს, ცხადია, არ აკლიათ რადიკალური პოლიტიკური იდეები და პრაქტიკები, მაგრამ თავიანთი პრივილეგირებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ იცნობენ დაპყრობითი ომის გამოცდილებას და არც მის შედეგებს. კონკრეტულად, ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცენ ერთი მხრივ მათ, ვისაც უშუალო საფრთხე ემუქრებათ პუტინის დიქტატორული რეჟიმის ქვეშ, რუსეთსა თუ ბელორუსიაში, და მეორე მხრივ, მათ, ვისაც რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლა უწევს, უკრაინაში, საქართველოსა და ჩეჩნეთში, თუ ზოგადად, კავკასიაში. რაც შეეხება, უკრაინის მიერ ნატოსგან სამხედრო დახმარების მიღებას, ამ საკითხზე პასუხის გაცემაც სწორედ იმ ამხანაგებს ეკუთვნით, ვინც დღეს უკრაინაში საკუთარი სამეზობლოს თუ რეგიონის დასაცავად იბრძვის და იმ ინტერნაციონალებს, ვინც მათ მხარდასაჭერად ადგილობრივ ბრძოლაში ჩართვა გადაწყვიტა.

მსგავსი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში კი ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფთა შორის კავშირების გაბმა, იმპერიალიზმის საერთო და განსხვავებული გამოცდილებების ამოცნობა და ურთიერთთანადგომა. ამის მაგალითია სირიელი პოლიტიკური დევნილების წერილი –War in Ukraine: Ten Lessons from Syria – რომლის პირველი პუნქტიც შემდეგნაირად იწყება:

„1. მოუსმინეთ მათვინც მომხდარით უშუალოდ დაზარალდა.

 

არა გეოპოლიტიკის ექსპერტებსარამედ სწორედ მათ უნდა ვუსმინოთვინც 2014 წლის რევოლუციითა და ომით იცხოვრაჩვენ მათ უნდა დავუგდოთ ყურივინც – რუსეთში თუ სხვაგან – პუტინის რეჟიმის პირობებში ცხოვრობსჩვენ გთავაზობთ უპირატესობა იმ ხალხს მივანიჭოთვინცამ კონტექსტშიმხარს უჭერს პირდაპირი დემოკრატიისფემინიზმისეგალიტარიანიზმის პრინციპებსმათი პოზიციებისა და მოთხოვნების მოსმენაუკრაინაში თუ მის გარეთდაგვეხმარებარომ სწორ დასკვნებამდე მივიდეთ.“

მას შემდეგ, რაც ეს საბაზისო ეთიკურ-პოლიტიკური პრინციპი გავაჟღერეთ – ხმა მივცეთ და მოვუსმინოთ მათ, ვისაც საკითხი უშუალოდ ეხება – შეგვიძლია ანტიმილიტარისტების მიერ დასმული დილემური საკითხი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: რა პოლიტიკური პოზიცია შეიძლება დავიჭიროთ ნატოსთან, როგორც იმპერიალისტურ სამხედრო გაერთიანებასთან მიმართებით იმ ტერიტორიებზე, რომლებზე ბატონობას მეორე, რუსული იმპერიალისტური ძალა ცდილობს, ანუ უკრაინაში, თავად რუსეთსა და ბელორუსიაში, კავკასიის ქვეყნებსა და რეგიონებში? შესაძლებელია თუ არა, რომ უთანასწორო ძალათა დაპირისპირების მოცემულობაში, ნატოს მხრიდან სამხედრო ჯავშან-ტექნიკის დახმარების მიღება იყოს მხოლოდ სტრატეგიული აუცილებლობა და არა პოლიტიკური პოზიცია? ხოლო აუცილებლობასა და პოლიტიკურ პოზიციას შორის განსხვავების გავლების მიუხედავად, რა პოზიცია უჭირავთ ამ რეგიონების მემარცხენე კოლექტივებს დასავლეთის ნეოკოლონიალიზმთან მიმართებით და რამდენად რადიკალურია მათი ანტიიმპერიალიზმი?

ამ შეკითხვას ისევ ილია, ანტიავტორიტარული ოცეულიდან, შემდეგნაირად პასუხობს:

მე შემიძლია მხოლოდ პირადი აზრი ვთქვადასავლეთის სამხედრო დახმარება სტრატეგიულად არის საჭირო პუტინის რეჟიმთან საბრძოლველადთუმცაეს ვერ ხსნის უკრაინის საზოგადოების დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართასევე აუცილებელია გვესმოდესრომ დასავლეთი არასაკმარის მხარდაჭერას უწევს ომის მოსაგებადრომ იმპერიალისტები ხელმძღვანელობენ ეგოისტური ინტერესებითროცა ამ დახმარებას გასცემენ და ბოლოსდაბოლოსრომ უკრაინული საზოგადოების კონსოლიდაცია და წინააღმდეგობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაშივიდრე ნატოს დახმარებავცდილობ ეს პოზიციები საჯაროდ გავახმოვანოროცა ამის საშუალება მაქვს.

მე თვითონ არ ვარ უკრაინიდანვეთანხმებირომ უკრაინის მემარცხენე მოძრაობაში დასავლური იმპერიალიზმის კრიტიკის ნაკლებობაათუმცაარაერთი ჯგუფი და ცალკეული თანამებრძოლი თანმიმდევრულ პოზიციას იკავებს ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგერთერთი მათგანია Социальный Рух, მაგრამ არის სხვა კოლექტივებიცმათ შორის, в т.ч. Анархистские.

წინააღმდეგობის კომიტეტმა (სხვადასხვა ანარქისტული შეიარაღებული ერთეულის გაერთიანება)ნატოს მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების თაობაზე კოლექტიური პოზიცია ქურთისტანის მაგალითზე ჩამოაყალიბა. მათ უკრაინის ომის სიტუაცია ქურთების აჯანყებული ძალების ბრძოლას შეადარეს, რომლებმაც დაეშთან საბრძოლველად შეერთებულ შტატებს სთხოვეს სამხედრო დახმარება. უკრაინელმა ამხანაგებმა ასევე არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება ომში ანტიავტორიტარული, ანარქისტული ჯგუფის სახელით მონაწილეობის მიღების სახალხო და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, როგორც ამას სტიეპი უსვამს ხაზს:

ჩვენ ახლა უდიდესი პოლიტიკური შესაძლებლობა გვაქვს, რათა ამოვავსოთ ის პოლიტიკური სიცარიელე რომელიც ამ ველურმა ომმა შექმნა, ჩვენ შეგვიძლია მეტი ანარქისტული პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივ მოსახლეობაში, რათა ავაშენოთ ახალი თემები, ამიტომაც ვმონაწილეობთ ომში.

პოზიცია, რომლის მიხედვითაც დღეს, ომის დროს, იმ ხალხის გვერდით ყოფნაა საჭირო ვინც საკუთარი ნებით გადაწყვიტა იმპერიალიზმს იარაღით შეჰბრძოლებოდა, იმ ანარქისტული ტრადიციის ნაწილია რომელიც ორგანიზდება არა როგორც უბრალო ვიწრო, დალუქული ჯგუფი, არამედ როგორც უფრო დიდი სოციალური ქსოვილის ნაწილი. ტრადიცია, რომლისთვისაც გასულ საუკუნეში მახნოვჩინას შავმა ჯარმა მოწამებრივად იბრძოლა ჯერ თეთრების და შემდეგ, რა თქმა უნდა, ბოლშევიკების წინააღმდეგ. (პოზიცია, რომელიც პრივილეგირებული დასავლეთ ევროპის ზოგიერთი რადიკალური ჯგუფებისთვის შეიძლება უცხო და მეტიც, არარელევანტური იყოს მათი ორგანიზების ვიწრო „აფინიტური“ ორმიდან გამომდინარე).

დღეს, ამ პოზიციის დაყენება და დაცვა მნიშვნელოვანია ორი მიზეზით: ერთი მხრივ, თავად ანარქისტული თუ ავტონომიური მემარცხენეობისთვის, რომელმაც 70-იანი წლების შემდეგ დაკარგა სოციალური ფუნქცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ზოგიერთი პრივილეგირებული ჯგუფების ვიწრო აფინიტური ორგანიზების ფორმიდან გამომდინარე (ტენდენცია, რომელსაც თავის მხრივ არღვევენ დეკოლონიური, ქვიარ-ფემინისტური, საიმიგრაციო ბრძოლები და თემები). მეორე მხრივ და უმთავრესად, ეს ერთადერთი პოზიციაა, რომელსაც გამოვყავართ ძალაუფლების მიერ შემოთავაზებული ნარატივისგან რუსეთისა და ნატოს ბინარობის შესახებ, ყურადღებას ცენტრში ექცევა უკრაინელი ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტი აქვს დასაკარგი ამ ომში, და არა ორი გიგანტური იმპერიული ძალა და მათი ინტერესთა კონფლიქტი. აქვე, დავამატებ, რომ ანტიმილიტარისტული პოზიციებით განწყობილი კოლექტივები უკრაინაშიც არიან. მაგალითად, თვითორგანიზებული კოლექტივი Kuhnya ლვოვიდან, რომელიც დახმარების გაწევას ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან გადმოსახლებული დევნილებისთვის. ისინი პრინციპულად არ უერთდებიან Операція солідарність-ის აქტივობებს, რომლებიც მატერიალურად უჭერენ მხარს შეიარაღებულ ანტიავტორიტარულ დაჯგუფებებს. Kuhnyaს კოლექტიური პოზიციის მიხედვით, ისინი მხოლოდ სოციალური და ჰუმანიტარული სახის სოლიდარობით შემოიფარგლებიან, მაგრამ ანტიმილიტარისტულ პოზიციასთან დაკავშირებით ოლგა შემდეგნაირად გამოხატავს თავის ინდივიდუალურ ხედვას:

აქამდე მტერი არ მყოლია, ჩემთვის მტერი რაღაც რეალური არ ყოფილა, არ ვფიქრობდი მტერზე, როგორც ასეთზე. ჩემში ანტიმილიტარისტული პოზიცია ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, როცა ვნახე, როგორ დაესხნენ ადამიანებს თავს, როგორ დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, შეუძლებელია, რომ სრულად ანტიმილიტარისტული პოზიცია შეინარჩუნო. ან უნდა გაიქცე კიევიდან, ან უნდა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ანტიმილიტარიზმზე, რაც წარმოუდგენელია, როცა ხედავ, რა ხდება მარიუპოლში. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა გადავწყვიტო რას ვუჭერ მხარს და რას არა, ასე რომ სხვა რამ ავირჩიე, არ ვფიქრობ ჩემს პოზიციაზე, სწორია თუ არა ის, უბრალოდ იმას ვაკეთებ, რის საჭიროებას და სარგებელს ვგრძნობ, და ეს მუშაობს. თუკი დავინახავ, რომ სადგურის მოედნებზე საკვების მიტანა საჭირო აღარ არის, მაშინ დავფიქრდები იმაზე თუ რა შეიძლება გავაკეთო შემდეგ ეტაპზე. და თუ რუსები უფრო ახლოს მოვლენ და აქაურობის დაცვა გახდება საჭირო, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რა შემიძლია გავაკეთო აქ და რა უფრო მნიშვნელოვანია.

ევროკავშირი, ნატო და საქართველო

ხალხს სჯერა, რომ ევროპა ბერლინის და პარიზის მდიდარი უბნებია. ეს ისაა რაც მათ სურდათ, გვეცხოვრა კეთილდღეობაში, ისე როგორც მდიდრები ცხოვრობენ ევროპაში. თუმცა ეს არ არის ევროკავშირი. ევროკავშირსა და უამრავ სხვა ქვეყანას შორის უდიდესი განსხვავებაა ძალაუფლებისა და ეკონომიკის გადანაწილების მხრივ, და თავად უმდიდრეს ევროპულ ქვეყნებში ძალიან დიდი უთანასწორობაა, რაც ხალხმა უბრალოდ არ იცის და არ უნდათ იცოდნენ… ასეთია იდეოლოგია.

სტიეპიОперація солідарність

დღეს, რა არის ევროპის რეალობა იმ პროდასავლური პროპაგანდის მიღმა, რომელიც არსობრივად კოლონიური და ჰეგემონიურია? რა ხდება სინამდვილეში დასავლეთში, რომლისკენ ლტოლვაც ერთადერთ სწორ არჩევანად ისახება რუსული იმპერიალიზმის საფრთხის ქვეშ? რა პოლიტიკური ხედვა შეიძლება გვქონდეს ევროპასთან მიმართებით რადიკალური ანტიიმპერიალისტური პოზიციიდან ? ამ შეკითხვების დასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასავლეთის კრიტიკა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ნატოს, როგორც მილიტარისტული ძალის კრიტიკით. ეს კი იმიტომ, რომ ნატო იმ გლობალური უთანასწორობის პოლიტიკის ნაყოფია, რომლის შედეგადაც ინარჩუნებს „ცენტრი“-„პერიფერიის“ დაქვემდებარებულობას. მნიშვნელოვანია დასავლეთის პოლიტიკური და კულტურული ღირებულებების დემისტიფიკაცია, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის დეკოლონიურ კრიტიკას, გასცდეს მისი საზღვრების პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეებს, რადგან დასავლეთის ჰეგემონია ჩვენს რეგიონშიც მბრძანებლობს (არამხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ კულტურული და ენობრივი ფორმითაც).

ჩვენს რეგიონში, ამ ორ იმპერიულ ძალას შორის განსხვავება ფორმალურია, რომლის ერთ მხარეს გვაქვს ფსევდოდემოკრატიული იმპერიალიზმი და მეორე მხარეს – პირდაპირი, აგრესიული ომის პოლიტიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ასავლეთის ბატონობა ჩვენს რეგიონში, რუსეთისგან განსხვავებით, რბილი ძალაუფლების ფორმით გამოიხატება. რაც საბოლოო ჯამში, უფრო მეტად ქმედითიც აღმოჩნდა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ რბილმა ჰეგემონიამ თვითკოლონიურ მისწრაფებებამდე მიგვიყვანა. ეს განსაკუთრებით ხილვადია ახლა, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე უარის მიღების მიუხედავად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას კვლავ მიიჩნევს მესიანურ ძალად. ისევე როგორც უკრაინასთან მიმართებით, ევროკავშირი და ნატო საქართველოს ევროპულობის იდეას თავიანთი მიმდინარე გეოპოლიტიკური სტრატეგიიდან გამომდინარე ადვოკატირებენ. როგორც ამას ჟენია ამბობს უკრაინასთან დაკავშირებით, შეკითხვა არც კი უნდა დაისვას იმის შესახებ, გვსურს თუ არა შევუერთდეთ ევროკავშირს, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა ჩვენს ქვეყნებს (და კიდევ უფრო ნაკლებად საქართველოს), არამედ მათ ეკუთვნით საბოლოო სიტყვა:

„ვუჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას? კითხვის ასეთი ფორმულირება არასწორი იქნებოდა. ილუზიაა ისიც, რომ ამის გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია. ევროკავშირი ქმნის იმის ილუზიას, რომ საკუთარ აწმყოზე და არჩევანზე ჩვენ რაიმე გავლენა გვაქვს… არ მგონია, რომ ომი მიმდინარეობის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების ძალა გვქონდეს, ასევე არ მგონია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არჩევა შეგვეძლოს. თუმცა ბევრი ლაპარაკობს პატრიოტული ლიბერალიზმზე, ძალიან პროევროპული იდეებით. მათ სურთ, რომ უკრაინა ევროკავშირს დაუახლოონ, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განიცდის იმედგაცრუებას. არ მგონია, რომ მათ ეს აღელვებდეთ…“

მიუხედავად ამ სავალალო შეფასებისა, რომლის მიხედვითაც ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არაა, მემარცხენე კოლექტივების – და ზოგადად, ნებისმიერი კრიტიკული პოლიტიკის – ფუნქციაა, რომ ევროკავშირთან მიმართებით დამოუკიდებელი და პრინციპული აზრი ჩამოაყალიბოს. ეს კი, არა რაღაც აბსტრაქტული იდეოლოგიური ნიშის დასაკავებლად, არამედ იმ მჩაგვრელი სისტემის სამხილებლად, რომლის ქვეშაც ექცევა ყველა, ვინც მის პრივილეგირებულ სისტემაში ვერ „ინტეგრირდა“ და მის გარეთ გაირიყა. „სამშვიდობო“ სამხედრო ინტერვენციები, ყოფილი და არსებული კოლონიების ბუნებრივი გარემოს განადგურება მიმდინარე ექსტრაქტივიზმით, მილიტარიზირებული ანტისაიმიგრაციო ომის სახელით, იაფი მუშა ხელის „პერიფერიულ“ ქვეყნებში და ევროპის „შავ ბაზარზე“ ექსპლუატაცია – ეს იმ რეალობის მოკლე აღწერაა, რომლის ავტორიც დღევანდელი გლობალური დასავლეთია.

ცხადია, დღეს ნატო ჩვენს ტერიტორიებზე ფრონტალურ, შეიარაღებულ აგრესიას არ აწარმოებს და მისი გავლენის სფეროების გავრცელების პოლიტიკა რბილი ძალაუფლების დინამიკის ფარგლებში ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის კოლონიალიზმის ისტორია დამთავრებული ან მიტევებულია. სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომა ნატოსთან მიმართებით, არა მხოლოდ ლიბერალურმა ფრთამ, არამედ პუტინის დიქტატურის ქვეშ მოყოლილმა მემარცხენეებმაც დაუშვეს. მაგალითად, რუსული სოციალისტური მოძრაობის და უკრაინული Соціальний рух– ის განცხადების მიხედვით, ყურადღება დასავლეთიდან რუსული იმპერიალიზმისკენ უნდა გადავიტანოთ და ამასთან, ამცრობს დასავლეთის იმპერიალიზმის მიმდინარე რეალობას და მის გამანადგურებელ შედეგებს. მათ განცხადების მიხედვით, „დღეს, იმპერიალისტური აგრესორი რუსეთია, და არა ნატო“. [4]

ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი პოზიციაა და უგულებელყოფს იმ მრავალი ადამიანის ჩაგვრას, რომელსაც დღეს ნატოს იმპერიალისტური ინტერვენციებისა და რასისტული სასაზღვრო რეჟიმის ქვეშ თავის გადარჩენა უწევს. სხვადასხვა გეოპოლიტიკური რეალობის უგულებელყოფა კი საბოლოო ჯამში იმაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. როგორც ამას ზემოთ მოყვანილი განცხადება ავრცელებს, დასავლეთი არ არის ყოფილი იმპერიული და ფაშისტური ძალა, რომელიც ცოდვებგამოსყიდული, მშვიდობის მისიონერად იქცა დაუცველი ქვეყნების წიაღში. საკმარისია, ნატოს და ევროკავშირს შევხედოთ სხვა გეოგრაფიული პუნქტიდან – დასავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკა, შუა აღმოსავლეთი თუ სამხრეთ ამერიკა – რომ ამოვიცნოთ ის ყალბი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც მას რუსეთზე ნაკლებ იმპერიულ ძალად წარმოაჩენს. ამისთვის, საკმარისია გავიხსენოთ, უახლესი წარსულიდან, ნატოს შეჭრა ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში – და მის მიერ საომარი ინდუსტრიის წარმოება და კომერციალიზება, რომ მივხვდეთ, მის მიერ წარმოებული ომების დამანგრეველ შედეგებს ჯერ კიდევ გაურბის მის საზღვრებს გარეთ დარჩენილი მოსახლეობა.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების კეთილდღეობის პოლიტიკას, ის მოპოვებულია და კვლავაც შენარჩუნებულია კოლონიური წარსულის გაგრძელების, მსოფლიო უთანასწორობისა და პოლიციური კონტროლის ხარჯზე. მისი კოლონიალიზმი კვლავ გრძელდება მისი საზღვრების მისადგომებთან, მომაკვდინებელი ანტისაიმიგრაციო რეპრესიით. ის, რასაც ევროკავშირმა ჰუმანიტარული კრიზისი დაარქვა, სინამდვილეში, „პერიფერიის“ ტერიტორიებიდან სხვადასხვა ხალხების „ცენტრისკენ“ გადაადგილების ზრდადი დინამიკაა, და თუკი ის თავისთავადი უფლება უნდა იყოს, ამასთან ერთად, ის საგანგებო მდგომარეობების მიერ შექმნილი სასიცოცხლო აუცილებლობაცაა. ეს აუცილებლობა კი, თავის მხრივ, გამოწვეულია გლობალური ეკონომიკური უთანასწორობით; „პერიფერიულ“ ტერიტორიებზე მიმდინარე საომარი სიტუაციით და მასში დასავლეთის ინტერვენციით; „განვითარებული“ ქვეყნების მიერ წარმოებული კაპიტალისტური ტექნო-ინდუსტრიით, რომლის ყველაზე საგანგაშო შედეგები, გლობალური დათბობის სახით, მის ტერიტორიებს გარეთ, ე.წ. სამხრეთის ქვეყნებში კონცენტრირდა. ევროკავშირი, არათუ უარყოფს საკუთარ როლს ამ რეალობის შექმნაში, არამედ სჯის მათ, ვინც ამ რეალობისგან თავის დაღწევას ცდილობს.

ევროკავშირთან, როგორც „ცენტრთან“ შეერთება, ნიშნავს მისი საზღვრების გაფართოებაში მონაწილეობის მიღებასა და მისი სასაზღვრო პოლიტიკის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ განხორციელებას. კერძოდ, მისი საზღვრების კბილებით, იარაღებითა და კედლებით დაცვას, ისევე, როგორც პოლონეთს უწევს სოლიდარობის კრიმინალიზება ბელორუსის საზღვართან, და ისევე, როგორც თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი იქცა თანამედროვე, „ჰუმანისტური“ ევროპის სასაკლაოდ, ასევე ევროკავშირის წევრ და მის მოსაზღვრე ნებისმიერ ქვეყანას უწევს მისი საზღვრების დაცვა, ანუ მონაწილეობას იღებ თანამედროვე ევროპის ფაშიზმში.[5]

ევროკავშირში შესვლა არც თავისთავად ეკონომიკური წინსვლის, ტერიტორიული თუ უმცირესობების ჯგუფების დაცულობის გარანტია, როგორც ამას პოპულისტური ლიბერალური აზრი გვაწოდებს. „ადამიანის უფლებები“, დღეს, ჰუმანისტური ევროპის იდეის უკანასკნელი ქვემეხია, რომელსაც ილუზორული ფუნქცია შემორჩა მშვიდობასა და დემოკრატიაზე ევროპის საავტორო უფლების შესანარჩუნებლად. პროდასავლურ პროპაგანდას იმის თქმაც გამორჩა, რომ ევროკავშირი პრივილეგიაა პრივილეგირებულთათვის, და მისი ჰერმეტულობა შენარჩუნებულია უმცირესობების, ჩაგრული კლასების არა თუ გარიყვის, არამედ დევნის ხარჯზე. სხვა არაფერი რომ ვთქვა, ამის საჩვენებლად საკმარისია გადავხედოთ მთელ რიგ არალეგალურ პროცედურებს, რომლითაც მხოლოდ საფრანგეთმა გააძევა ასობით ქართველი თავშესაფრის მომთხოვნელი[6].

დასავლეთის დეკორში მოხვედრის ეს გაუთავებელი მცდელობა კი აბსურდული თეატრის მღელვარებას მაშინ აღწევს, როდესაც ჩვენი „პროტექტორი“ ნატო (რომელსაც, სინამდვილეში, არასდროს მიუღია ეფექტური მონაწილეობა საქართველოს საომარ სიტუაციაში), თავად გვთხოვს ვემსახუროთ თავის დამპყრობით საომარ მისიებში. დღეს ნატო ის იმპერიული ძალაა, რომელსაც ტერიტორიული უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფსევდო გარანტიის სანაცვლოდ, ხარკს ვუხდით საომარი ძალის, საზარბაზნე ხორცის მიყიდვის სანაცვლოდ. ამ ხარკის გაღება საქართველომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო 2004 წელს, ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) დადების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერ-გვერდი სიამაყით აღწერს საქართველოს ტყვეთა სყიდვის თანამედროვე ისტორიას:

ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით[7].“

ეს აბსურდის სპექტაკლი კი ტრაგედიად მაშინ იქცევა, როდესაც ქართველი ჯარისკაცების მოსყიდვა იმპერიული ძალისთვის – რომელიც ომს იმ ხალხთან აწარმოებს, რომელთანაც ჩვენ, როგორც ‘პერიფერიული’ და ჩაგრული ტერიტორიების ხალხს, მეტი საერთო გვაქვს, იქნება ეს ავღანეთი, ერაყი, მალი თუ კოსოვო – არც ბრაზს იწვევს, არც ამბოხებას და არც გულისტკივილს. ბოლოსდაბოლოს, ახალი არაფერია, მშვიდობიანი და აწ უკვე დემოკრატიული ტყვეთა და ყმათა სყიდვა საქართველოს ისტორიის გრძელი და კარგად ნაცნობი ეპიზოდია.

***

ერთი ქართული ხალხური თქმულების მიხედვით, ამირანმა ათთავიან დევს ცხრა თავი მოაჭრა. დევი ერთი თავის დატოვებას ეხვეწებოდა, მაგრამ ამირანმა მეათე თავიც მოაჭრა. აქედან სამი ჭია ამოძვრა და ამირანმა ისინი ცოცხლები გაუშვა, იფიქრა, “ჭამამ რა ქნა, ლოკვამ რა უნდა ქნასო!” ჭიები კი გაძვრნენ და იქცნენ გველეშაპებად. დევი იმპერიაა, რომელსაც ერთ თავს რომ მოაჭრი, მეორე ამოსდის. და თუ ათივე მოაჭერი, ჭიები მოძვრებიან. ჭიები კი სინამდვილეში გველეშაპები არიან, რომლებიც ისევე უნდა მოჰკვეთო, როგორც მისი ყოველი თავი. იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა და თავდაცვა ნიშნავს ყოველი იმპერიის და იმპერიალიზმის გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლას. ამირანის შეცდომა სწორედ მისი დატოლების ლოგიკაშია: ჭიები ხომ არაფერია დევის ათ თავთან შედარებით.

ასევეა რუსეთისა და ევროატლანტიკური იმპერიალიზმის შედარების შეცდომაც, რომლის შედეგადაც ვიღებთ მანიქეისტურ-დუალისტურ, ანუ ცალმხრივ ანტიიმპერიალიზმს: იქნება ეს მხოლოდ დასავლური კოლონიალიზმის ისტორიაზე კონცენტრირებული მისი კამპისტური ვარიანტი თუ პირიქით, პროდასავლური „პუტინ ხუილო“. იმპერიალიზმი ერთია, როგორც დევი, და მისი ყოველი თავი, ისევე როგორც მისი ყოველი ჭია, ამ არსობრივი ერთიანობის ცალკეული განსხეულებებია. მაგრამ ამირანი მრავალია, როგორც ჩაგრული ხალხი და დევის დასამარცხებლად იმ თავის მოჭრა არ კმარა, რომელიც მასთან ყველაზე ახლოსაა.

საბოლოოდ კი, ამ სტატიას ჩაგრულ ხალხთა შორის სოლიდარობისა და თანადგომის ორგანიზების ახალი მოწოდებით, სირიელი ამხანაგების წერილის ბოლო პუნქტით დავასრულებ:

ავაშენოთ ახალი ინტერნაციონალიზმი ქვემოდან

მაშინ, როდესაც ჩვენ რადიკალურად ვეწინააღმდეგებით იმპერიალიზმის და ფაშიზმის ყველა თანამედროვე გამოვლინებას, ჩვენ გვჯერა, რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ანტიიმპერიალისტური თუ ანტიფაშისტური პოზიციებითმიუხედავად იმისარომ მათ მრავალი კონტექსტის ასახსნელად ვიყენებთმათ ასევე შეიძლება რევოლუციური ბრძოლა ნეგატიურ ხედვამდე დაიყვანონ, რეაქციულობამდე, წინგადადგმული ნაბიჯის გარეშე დარჩენილ მუდმივ წინააღმდეგობამდე. ჩვენ გვჯერა, რომ კვლავაც აუცილებელია ისეთი პოზიტიური და კონსტრუქციული ხედვის შემოთავაზება, როგორიცაა ინტერნაციონალიზმი. ეს გულისხმობს თანასწორობას მისწრაფებული ამბოხებებისა და ბრძოლების ერთმანეთთან დაკავშირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნატოსა და პუტინის გარდა მესამე გზაც არსებობს: ქვემოდან წამოსული ინტერნაციონალიზმი. დღეს, რევოლუციურმა ინტერნაციონალიზმმა ყველგან უნდა მოუწოდოს ხალხს უკრაინაში მიმდინარე სახალხო წინააღმდეგობის დაცვა, ზუსტად ისე, როგორც მან უნდა მოუწოდოს სირიის ადგილობრივი საბჭოების, სუდანის წინააღმდეგობის კომიტეტების, ჩილეს ტერიტორიული შეკრებების, ყვითელი ჟილეტების ბლოკადის, და პალესტინის ინტიფადას მხარდაჭერა.”[8]

 

სტატიის პირველი ნაწილი იხილეთ აქ:

უკრაინის ომი: იმპერიებისა და საზღვრების შესახებ, ნაწილი პირველი I მარიამ შენგელია

 

 

სქოლიო

[1] ერთ-ერთი ასეთი ლობისტი იყო ცნობილი ნეოკონსერვატორი და ნეოიმპერიალისტი რენდი შეუნემანი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ოფიციალურად ერიცხებოდა თანხა საქართველოსთვის მთავრობის მიერ. 2008 წელს, იგი ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მრჩევლად დასახელდა, ხოლო მანამდე ხელმძღვანელობდა ერაყის გამათავისუფლებელ კომიტეტს, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დავალებით შეიქმნა ა.შ.შ.-ს მიერ ერაყში შეჭრის თაობაზე საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

დამატებითი ინფორმაციებისთვის:

https://www.thenation.com/article/archive/scheunemann-iraq-and-georgia/

https://www.latimes.com/archives/la-xpm-2008-aug-14-oe-brooks14-story.html

https://www.youtube.com/watch?v=4NOdoOQsouE

[2] SS -ის დანაყოფის Das Reich – ის სიმბოლო

[3] https://ilrovescio.info/2022/03/09/faccia-a-faccia-con-la-guerra-in-continuo-aggiornamento/

[4] https://lefteast.org/against-russian-imperialism/

[5] იხ: სტატიის I ნაწილი : https://www.mautskebeli.ge/?p=5380

[6] იხ. სტატია ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა და ქართველები https://platforma.ge/?p=4134&fbclid=IwAR1oqOxwRTwsruhaK1f4puUMnEsvLi0SQQr0FDOECf8fzUn-kJgYLqXP13g

[7] https://mod.gov.ge/ge/mission

[8] სრული ტექსტი: https://crimethinc.com/2022/03/07/war-in-ukraine-ten-lessons-from-syria-syrian-exiles-on-how-their-experience-can-inform-resistance-to-the-invasion

ქართული თარგმანისთვის იხ: https://achrdili.ge/?p=48&fbclid=IwAR2mMPoeIanEIQe_348SP8zI1d1QHFU7w_7YJ_sczJQp-m5l57un1BXoP2M