უკრაინის ომი: იმპერიებისა და საზღვრების შესახებ

ნაწილი I

ავტორი: მარიამ შენგელია

შესავალი

მაშინ, როდესაც ორგანიზებული ძალადობა იმპერიული ომის სახით ანადგურებს სიცოცხლის ფორმებსა და შესაძლებლობებს, რაღაც კოლექტიური ძალისგან იშვება ხოლმე ყველაზე გულმხურვალე წინააღმდეგობის, თავდაცვისა და სოლიდარობის დამოუკიდებელი ფორმები.

ამ ბრძოლისა და თანადგომის ამბები დომინანტურ ისტორიულ თხრობაში ვერ ხვდება. ისინი ჰყვებიან ამბებს ომის, იმპერიალიზმისა და საზღვრების შესახებ, რომლებიც არც სასკოლო სახელმძღვანელოებში იკითხება, არც ოფიციალური პროპაგანდის ნარატივში და არც სამხედრო ლიტერატურის გამარტივებულ რომანტიკულ ჟანრში.

მათი მთხრობელები არ არიან ყოფილი სამხედროები, თუ სახელმწიფო არმიის ჯარისკაცები, არც პოლიტიკოსები და არც ყოფილი პოლიტიკოსები. ისინი არ ჩანან დიდ მედიებში და სოციალურ ქსელებშიც იშვიათად თუ ნახავთ მათ სახეებს. ისინი არც ეროვნულ გმირებად იწოდებიან.

ეს სტატია სწორედ მათ ეთმობა.

ამ სტატიის წერა მარტის თვის ბოლოს, პოლონეთსა და უკრაინაში ყოფნის დროს გადავწყვიტე. უპირველესად, ომის დროს თვითორგანიზებული ბრძოლების შესახებ მასალის შესანახად და მათ ქართულ ენაზე გასავრცელებლად, ამასთან, იმ ვრცელი და პრობლემატური საკითხების გადმოსაცემად, რომელთა განხილვაც რადიკალური მემარცხენე პოზიციიდან, დღეს, ჩვენს რეგიონში და მით უფრო, საქართველოში, საგანგებო მნიშვნელობისაა.

ამგვარად, აქ, ზელენსკის მაგივრად სათქმელი ერგებათ მათ, ვინც უკრაინაში ომის პირისპირ თვითორგანიზებულ სოლიდარობას ახორციელებს ; „ბატალიონ აზოვის“ ქართველი და უკრაინელი გმირების ნაცვლად – შეიარაღებულ ბრძოლაში ჩართულ ანარქისტებს ; ბორის ჯონსონის ნაცვლად – უკრაინა-პოლონეთისა და პოლონეთი – ბელორუსიის საზღვარზე ორგანიზებულ No Border მებრძოლებს.

სტატიის პირველი ნაწილში ანტიიმპერიალისტური ბრძოლისა და სოლიდარობის ფორმების დოკუმენტირებას ვცდილობ ინტერვიუების, დისკუსიებისა და უკვე არსებული წერილობითი მასალის გამოყენებით. მეორე ნაწილი კი უფრო მეტად ანალიტიკურია და უკრაინელ ამხანაგებთან გამართული დისკუსიებისა და ინტერვიუების საფუძველზე სვამს რადიკალურად ანტიიმპერიალისტური ბრძოლის საკითხს, ანუ შეკითხვას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ – საქართველოში, უკრაინაში, კავკასიის სხვა ტერიტორიებზე თუ თავად რუსეთსა და ბელორუსიაში – მეორე იმპერიალისტურ ძალასთან, დასავლეთთან, შეერთებისა და მასთან კონფორმიზმის გარეშე.

საომარი ვითარება, მართალია, ძალიან სწრაფად იცვლება,მაგრამ აქ დასმული შეკითხვები, ვფიქრობ, კვლავაც ისევე მნიშვნელოვანია, ამიტომ უცვლელს ვტოვებ იმ აუდიო და წერილობითი ჩანაწერების ტრანსკრიპტებს, რომლებიც 5 თვის წინ გაკეთდა.

*კოლექტივი Operation Solidarity ამჟამად ამ ფორმითა და სახელით არ ფუნქციონირებს.

ნაწილი I

ბრძოლისა და სოლიდარობის ორგანიზება ომის დროს

ომის პირისპირ

ლვივი, კიევი

უკრაინაში რუსეთის არმიის შემოჭრის შემდეგ უამრავმა ანტიავტორიტარულმა მემარცხენემ გადაწყვიტა შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. მათ შორის არიან ანარქისტები და ანტიფაშისტები უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებმაც სხვადასხვა დამოუკიდებელი ერთეული შექმნეს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის შიგნით.

ტერიტორიული თავდაცვა რეგულარული ჯარისგან განსხვავდება და ის რეზერვისტებისგან შედგება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია. ანტიავტორიტარული ოცეული“ (Антиавторитарний взвод ), ერთ-ერთი ასეთი ერთეულის არაოფიციალური დასახელებაა, რომელიც კიევის რეგიონშია განთავსებული და ის სხვადასხვა ანტიავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიის (ანარქისტები, ფემინისტები , ანტიფაშისტები და სოციალისტები) მქონე მებრძოლს აერთიანებს:

ეს ადამიანები სხვადასხვა გაერთიანებებიდან მოვიდნენ, ზოგი მათგანი რევოლუციურ დაჯგუფებიდანაა, ზოგი კულტურული, საგანმანათლებლო ან სოციალური პროექტებიდან“ – წერენ ისინი ტელეგრამში და ამატებენ – „ჩვენ შორის ვერ ნახავთ რასისტებს ან ჰომოფობებს, ნახავთ გოგონებს, სამხედრო დანაყოფებიდან, რომლებიც ფემინისტური დღის წესრიგის დამკვიდრებას ცდილობენ პრაქტიკაში“ [1]

პირველი შეკითხვა, რომელიც შეიძლება გაგვიჩნდეს ანტიავტორიტარული შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ, ეხება იმას, თუ რამდენად არის შესაძლებელი თვითორგანიზების პრინციპის დაცვა მილიტარისტულ კონტექსტში, რომელიც იშვიათი გამონაკლისების გარდა, (ასეთია, მაგალითად, ქურთების ქალთა შეიარაღებული დანაყოფი YPJ ) პატრიარქალურ და იერარქიულ სტრუქტურაზეა აგებული. ანტიავტორიტარულმა ერთეულმა ორგანიზების მეთოდები ქურთების შეიარაღებული მებრძოლების მაგალითზე, პირდაპირი დემოკრატიის პრინციპზე ააგო. მათი ფორმირებისა და თვითორგანიზების მეთოდების შესახებ შეკითხვას მისი ერთ-ერთი წევრი, ილია, შემდეგნაირად უპასუხებს:

უკრაინის ლიბერტარიანული და ანტიფაშისტური სცენის სხვადასხვა წარმომადგენლები შემოუერთდნენ ამ ქვედანაყოფს სხვადასხვა მიზნითა და ხედვით. ჩვენ მოვახერხეთ თვითორგანიზების პრინციპის ნაწილობრივ დანერგვა ჩვენს შიდა სტრუქტურაში : შევქმენით კომუნიკაციის დემოკრატიული ფორმა, რომლის კრიტიკისაც ექვემდერარებოდა მეთაურების აზრიც, ჩავატარეთ კრიტიკისა და თვითკრიტიკის სეანსები, ავირჩიეთ მედია-კომიტეტი და დივიზიის მეთაურის წარმომადგენლები.
მე როგორც ვხედავ, ორ დივიზიაში ყოფნის შემდეგ, უმაღლესი სარდლობა ინტენსიურად არ ერევა ქვედანაყოფის შიდა ცხოვრებაში. ძალიან ბევრია დამოკიდებული თვითონ კოლექტივზე, მის ღირებულებებზე და მეთაურზე.”

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული თავდაცვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა უკრაინის სახელმწიფოს ევალება, მის ერთეულებს არ აქვთ საომარი ტექნიკის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა თუ საკვების საკმარისი მარაგი. ეს, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ სამთავრობო მომარაგების პროცედურა ნაკლებად ეფექტურია და, მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ახალი ერთეულები ომამდე არ მოუმარაგებიათ საჭირო აღჭურვილობით, მაშინ, როცა იგი 24 თებერვლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. საჭირო რესურსების ნაკლებობის გამო და, ზოგადად, სოლიდარობის პრინციპის მიხედვით, შეიქმნა კიდევ ერთი თვითორგანიზებული და ანტიავტორიტარული კოლექტივი Операція Солідарність (ოპერაცია სოლიდარობა ). კოლექტივმა ორგანიზება ომის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დაიწყო, თუმცა წევრების უმრავლესობა მას ომის შემდეგ შეუერთდა. ისინი ტერიტორიული თავდაცვის ანტიავტორიტარული ერთეულების სამედიცინო, ჰუმანიტარული და სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ცდილობენ.

Операція Солідарність – ის მიერ წამოწყებულ სოლიდარობის კამპანიებს შეუერთდა არაერთი რადიკალური კოლექტივი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან. კოლექტივი Anarchist Black Cross და პოლონეთში მყოფი სხვა რადიკალი აქტივისტები ყოველდღიურად ორგანიზდებიან იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინელ ამხანაგებს და უმასპინძლონ არაერთ კოლექტივსა თუ ინდივიდს, რომლებიც ფინანსური, მატერიალური და ფიზიკური თანადგომით გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას.

ლვივი, Операція Солідарність–ის საწყობი

პოლონეთი, უკრაინის საზღვართან ორგანიზებული საერთაშორისო აქტივისტები საწყობში

მართალია, ეს თვითორგანიზებული ინტერნაციონალური სოლიდარობა ძირითადად ანარქისტული თუ ავტონომიური კოლექტივებისგან შედგება, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ ყველა სახალხო, თვითორგანიზებულ ინიციატივას ომის პერიოდში. ასეთი ინიციატივის მაგალითია ლვივში არსებული კოლექტივი Kuhnya, რომელიც არამილიტარისტული, ჰუმანიტარული და სოციალური დახმარების მობილიზაციას ცდილობს. მათ შესახებ ოლღა გვიყვება:

„ამ მდგომარეობაში, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა სოციალური ფონიდან, ძირითადად ხელოვანები, გაერთიანდნენ და თანამშრომლობენ იმისთვის, რათა უკრაინელ ლტოლვილებს გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება, შეუგროვონ საკვები. ამავდროულად, ვეხმარებით სხვადასხვა თავშესაფრებს, ვმუშაობთ იმ ადამიანების ორგანიზებასა და ინტეგრაციაზეც, რომლებიც ლვივლში ხარკოვიდან ჩამოდიან, ან კიევიდან, ან ნებისმიერი ადგილიდან, არ აქვს მნიშვნელობა.. ასე რომ საჭიროებები ყოველდღიურად იცვლება, კვირიდან კვირამდე
თავდაპირველად, რკინიგზის სადგურებზე და თავშესაფრებში მივედით საჭმლის მოსამზადებლად, იქ იყო ასობით ათასი ლტოლვილი. ახლა ორი თავშესაფარი გვაქვს, სადაც ყოველდღიურად ვამზადებთ საჭმელს. თითოეულში 200 ადამიანია. გვაქვს 4-5 სამზარეულო, რომელიც მორიგეობით მუშაობს. ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. პოლონეთიდან, ანარქისტული დაჯგუფებიდან Anarchist Black cross, ნიდერლანდელი ხელოვანებისგან.. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ წავიდნენ და აქ დარჩენა გადაწყვიტეს, ვქირაობთ საცხოვრებლებს. მათ სჭირდებათ მუდმივი საცხოვრებელი, პირადი სივრცე.. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის საიდანღაც დაწყების საშუალება მიგვეცა..“

საზღვრების პირისპირ

მედიკა, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი

სურათი პოლონელი ამხანაგების No borders team-ის ბროშურიდან.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, მედიკას გამშვებ პუნქტზე, მობილიზებულია უამრავი პოლონური თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჰუმანიტარულ, სატრანსპორტო და იურიდიულ დახმარებას უწევს ომს გამოქცეულ უკრაინელ დევნილებს. თუმცა, შერჩევითი და რასისტული სოლიდარობის წინააღმდეგ მხოლოდ თვითორგანიზებული, საერთაშორისო No Border კოლექტივების წევრები ორგანიზდებიან. ისინი პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე არათეთრკანიანი (BIPOC), უკრაინისა და ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე დევნილების მხარდაჭერას ცდილობენ, რომლებსაც უჭირთ უკრაინიდან გამოსვლა და საზღვრების ლეგალურად გადაკვეთა. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მაგალითზე, ევროპის ნეოფაშისტური და მილიტარიზირებული სასაზღვრო რეალობის შესახებ გვიყვება ლენა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქ გერმანიიდან ჩამოვიდა:

„ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა, პალესტინელი კაცთან, რომელსაც დევნილობის სამი ისტორია აქვს.
პირველად, ახალგაზრდა ობოლი ღაზადან ჩადის უკრაინაში. 2014 წელს ყირიმიდან კიევში მოხვდება და ბოლოს, წელს, კიევიდან პოლონეთის საზღვარზე. მას არ გააჩნდა არანაირი სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც რაიმე იურიდიული ძალა ექნებოდა, მხოლოდ ვადაგასული ისრაელის პასპორტი და არასამთავრობოების მიერ გაცემული ძველი დაცვის დოკუმენტი.
ამის მიუხედავად, მან მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და ჩვენ მას Hala Kijovska-ს ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში შევხვდით.
ამ უუფლებოდ დარჩენილი ხალხისთვის , ციხე-სიმაგრესავით გამაგრებული ევროპის რასისტულ სასაზღვრო სისტემაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მათ მხარს დაუჭერდა.
ყველაფერი აქტივისტების თვითორგანიზებულ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რომლებიც ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებას, მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და მათთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნას ცდილობენ.
უფორმო პოლიცია მიმღებ პუნქტში რეგულარულად ამოწმებს არათეთრკანიან (BIPOC) დევნილებს, მათ საზღვრიდან ავტობუსამდე მისვლის დროს აკავებს, მანამ, სანამ შეძლებენ, რომ რომელიმე ორგანიზაციას მიმართონ დახმარებისთვის. პოლიციის, ფორმიანი იქნება ეს თუ უფორმო, ასეთი მოჭარბებული მობილიზება საზღვარზე, მოკლებული პროფესიონალური დახმარებისა და გადამწვარი მოხალისეების ფონზე, უკრაინიდან წამოსულ არათეთრკანიან (BIPOC) დევნილებს განსაკუთრებით რთულ და მოწყვლად სიტუაციაში აყენებს“.

ისინი, ვინც უკრაინა-პოლონეთის საზღვარს „ლეგალურად“ ვერ კვეთენ, ომისგან თავის დაღწევას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი საზღვრის გადაკვეთამდე უკრაინის ლუცკის ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. როგორც ლიხენა გვეუბნება, იქ დღემდე არიან სუდანელი, პაკისტანელი, შრილანკელი და სხვა არათეთრკანიანი ემიგრანტები. ეს სიტუაცია, ყველაზე იშვიადად ხვდება მედიის, სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუციების დღის წესრიგში. ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში დარჩენილ მიგრანტებს, „ცუდი“ პასპორტის ქონის გამო, ომის დროსაც კი არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების უფლება, მათ შორის, ძირითადად, სამხრეთ აზიიდან, კავკასიიდან თუ აფრიკის ქვეყნებიდან წამოსულ მიგრანტები არიან. უკვე უკრაინაში მყოფი ერთ-ერთი დევნილი ლენას უზიარებს ვიდეოს ( იხ.ქვემოთ), სადაც ვხედავთ დაკავების ცენტრში მყოფი ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დაბომბვის ფონზე ცდილობენ პროტესტის გამოხატვას:

„ჩვენ იმ შემთხვევებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომლებიც უკრაინის ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც პოლონეთის საზღვრის გადაკეთა სცადეს ადამყვანების მეშვეობით.
ასე, 3 ნეპალელი და 4 შრილანკელი ადამიანი დაიჭირეს და უკან, უკრაინაში გაგზავნეს, სადაც 10-13 თვე პატიმრობაში გაატარეს. ომის დაწყების შემდეგ კი გაათავისუფლეს და ფასიანი ტრანსპორტით პოლონეთის საზღვრამდე მიღწევა მოახერხეს, როგორ ჩანს, გადამყვანების მეშვეობით.
იქიდან მოსულები ჰყვებოდნენ გამუდმებული ცემისა და იმ არაადამიანური პირობების შესახებ, რომელშიც ახლაც 15 პაკისტანელი იმყოფება, სხვა ეროვნებების ადამიანებთან ერთად.
ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც ასეთივე ქსელის საშუალებით გავრცელდა, ნაჩვენებია დაკავებულები, რომლებიც იქ არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ. ეს ყველაფერი მას შემდეგ, როცა რუსებმა ახლომდებარე ტერიტორიები დაბომბეს.
ამ ადამიანებმა მოახერხეს საზღვარზე გასვლა იურიდიული ძალის მქონე სამგზავრო დოკუმენტაციის გარეშე. გადაურჩნენ პოლიციის რამდენიმე შემოწმებას, ვადაგასული დოკუმენტების ჩვენებით.

რაც შეეხება შრი-ლანკელებს, ისინი პოლიციამ დააკავა და ვინაობის გადასამოწმებლად განყოფილებაში გადაიყვანეს. საზღვრის გადაკვეთისას აღებული მათი თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირების შემდეგ, გაათავისუფლეს ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში, სადაც ისევ ფასიანი ტრანსპორტი იპოვეს და სავარაუდოდ, ისევ გადამყვანების ქსელის „აგენტების“ მეშვეობით.“

მათ, ვინც საკანს თავი დააღწიეს, ან უკრაინაში უწევთ რასიზმთან ბრძოლა ქვეყნიდან გასასვლელად, ან შემდეგ უკვე საზღვართან და, ცხადია, საზღვრის მეორე მხარეს. ამას ადასტურებს ვიდეოებიც, რომლებიც ჯერ სოციალურ ქსელებში და შემდეგ უკვე საერთაშორისო მეინსტრიმ მედიებშიც ( Aljazeera, The Guardian, BBC და ა.შ.) გავრცელდა. [2] რასიზმი და ნეოკოლონიალიზმი, რომელზეც აგებულია ევროკავშირის მთელი სიმიგრაციო და Frontex-ის (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო) სასაზღვრო პოლიტიკა, განსაკუთრებით ხილვადი გახდა უკრაინის ომის შემდეგ და გასაოცარი სარკასტულობით, მთელი თავისი ფარისევლობა პოლონეთის ორი საზღვრის, ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომის მაგალითზე გამოავლინა.

‘ცუდი’ და ‘კარგი’ დევნილები

Podlasie, პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარი

სურათი პოლონელი ამხანაგების No borders team-ის ბროშურიდან.

თუკი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ „რკინის ფარდა“ ჩამოხსნა ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად, „რკინის ფარდის“ მეორე მხარე, უკვე შეერთებული ევროკავშირი, რამდენიმე წელია, რაც დალუქულ ციხესიმაგრედ ყალიბდება. ამის მაგალითია პოლონეთი-უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით, Podlasie-ის რეგიონში აშენებული კედელი, რომელიც ბელორუსიას ყოფს პოლონეთისგან, თუ, უფრო სწორედ, პოლონეთს და სრულიად ევროკავშირს იცავს ბელორუსიიდან შემომავალი დევნილებისგან. აქ მასპინძლობის სულ სხვა სურათი იშლება : არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერადჟილეტებიანი წევრების, გულმხურვალე ჟურნალისტებისა და ფერადი სასუსნავების ნაცვლად, 353 მილიონი ევროს ღირებულების, 150 კილომეტრზე გადაჭიმული კედელი გხვდებათ, რომლის მშენებლობაც პოლონეთმა ამ წლის 30 ივნისს დაასრულა. ამას ემატება, თავად Frontex-ის საკონტროლო და სამეთვალყურეო ტექნოლოგიები: დრონები, სენსორული და თერმული კამერები, სასაზღვრო პოლიციის აღჭურვილობა და ა.შ. Frontex არ აფინანსებს, მაგრამ უფლებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ააშენონ კედლები და ღობეები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე (მაგალითად, ბრიტანეთმა დააფინანსა საფრანგეთთან მოსაზღვრე ქალაქ კალეში, 2,7 ევროს ღირებულების კედლის მშენებლობა, რასაც ემატება

საფრანგეთის მხრიდან 2012 წლიდან და მას შემდეგ დახარჯული 725 მილიონი ევროს ღირებულების რკინის ღობეები და მავთულხლართები პორტისა და რკინიგზის მიდამოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი სამართალდამცავთა – სასაზღვრო, მუნიციპალური და ნაციონალური პოლიცია, სპეცრაზმი – აღჭურვისთვის, რისთვისაც 2021 წელს 11 მილიონი ევრო გამოიყო. [3]

პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარი მხოლოდ იმით განსხვავდება უკრაინის საზღვრისგან, რომ მის გადაკვეთას „ცუდი მიგრანტები“ ცდილობენ, ანუ ისინი ვინც მოდიან, ძირითადად, შუა აღმოსავლეთიდან და ასევე, სხვა არაბული ქვეყნებიდან – ერაყი, სირია, ირანი, იემენი და ა.შ. – ევროკავშირში თავშესაფრის მოსათხოვნად.

მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ „მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის“ [4] ვიზის გაცემა დაიწყო, ისინი ევროკავშირში შესვლას ბელორუსიის გავლით ცდილობენ და არატრადიციული, თურქეთი – საბერძნეთის საზღვრის და ეგრეთ წოდებული „ ბალკანეთის მარშრუტის“ გავლით. ეს უკანასკნელი საიმიგრაციო გზები გამოირჩევა მძიმედ შეიარაღებული ინფრასტრუქტურით: ხუთი ციხესიმაგრე ბალკანეთის ქვეყნებში და მძიმე პოლიციური რეპრესიით – ტყვიები თუ ძაღლები – რომლის დაფინანსებაშიც ევროკავშირი იღებს მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებთან იგი თავის შიდა საზღვრებს არ იყოფს.

EU Border Externalisation – ასე ეწოდება ევროკავშირისა და მისი სახმელეთო თუ საზღვაო მოსაზღვრე ქვეყნების კოლაბორაციას – თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნების გარდა იგი მოიცავს მაროკოსაც , რაც ევროკავშირს საშუალებას აძლევს „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების“ შელახვის ფაქტები მის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდეს.

ლუკაშენკოს მიერ ევროკავშირში შესასვლელი ახალი საიმიგრაციო გზის გახსნა, ცხადია, იმ დიდი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსეთისა და დასავლეთის ძალაუფლებას ერთმანეთს უპირისპირებს. „მიგრანტთა ინსტრუმენტალიზაცია“ , როგორც ამას ევროკავშირი უწოდებს, თავის მხრივ, ევროკავშირის ციხესიმაგრის გაფართოებისა და საკონტროლო ტექნოლოგიების განვითარების საშუალებას იძლევა. თავად პოლონეთის პრეზიდენტმა ანდრეი დუდამ კი 2021 წლის 2 სექტემბერს საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა ბელორუსიასთან მოსაზღვრე პოდლასკის სავოევოდოში. საგანგებო მდგომარეობა 3 კილომეტრიან პერიმეტრს აწესებს სასაზღვრო ზონაზე, სადაც არავის აქვს შესვლის უფლება, მათ შორის, არც ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ამას მოჰყვა პოლონეთის მხრიდან არალეგალური ე.წ. Push Back- ის, [5] ანუ იმ სხვადასხვა მეთოდების დაშვება რომლებსაც სასზღვარო პოლიცია იყენებს დევნილების უკან გასაბრუნებლად. ამის შესახებ პოლონელი ამხანაგები ერთ-ერთ ბროშურაში წერენ :

„როდესაც ზაფხულში პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე pushback-ები დაიწყო, ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დავემორჩილებოდით რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს ლტოლვილობის გამოცდილების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით.
თუმცა, მალევე გაირკვა, რომ პოლონეთმა არა მხოლოდ უარყო ეს ტრაქტატი, არამედ ამოქმედდა საკუთარი, შიდა წესები, რომელიც აკანონებდა Push Back-ებს, რაც ოფიციალურად (და მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურად) უკანონო საქმიანობაა.

ევროკავშირმა დაგმო პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობების ქმედებები უკანონო push back-ის შესახებ. თუმცა ეს დაგმობა ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია, რადგან კარგად ვიცით, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებები მასობრივად ირღვევა ევროკავშირის გარე საზღვრებზე, ე.წ „ბალკანეთის მარშრუტზე“, იტალიაში, ესპანეთში, მალტაში..2020 წლიდან კი უკვე ოფიციალურად საბერძნეთშიც. ხორვატიაც იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა მათ მიმართ, ვინც საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად შეეცდება“.

არალეგალური გაბრუნების შედეგად, დევნილებს ხშირად უწევთ ტყეში, მკაცრ კლიმატურ პირობებში საჭმლის, სამედიცინო და რაიმე სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩენა. ამ მიზეზით, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, პოლონეთი-ბელორუსიის სასაზღვრო ტყეში 19 გარდაცვლილი იპოვეს.[6] გარდა იმისა, რომ პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარი უკრაინის საზღვრისგან თავისი კარცერული და მომაკვდინებელი ინფრასტრუქტურით განსხვავდება, აქ, ასევე, სოლიდარობაც კრიმინალიზებულია. ამ რეგიონში, რომელიც თავისი პირველყოფილი ტყითაა ცნობილი, დევნილებისთვის ყოველი ფორმის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გაღება მკაცრად ისჯება. სიტუაციის ტრაგიკულობა აბსურდად მაშინ იქცევა, როდესაც, როგორც Grupa Granica იწერება, No Border მოძრაობის მებრძოლები, „გმირებად იწოდებიან უკრაინაში დევნილების დასახმარებლად, ხოლო პოდლასკის რეგიონში – კრიმინალებად“. [7] კონკრეტულად კი ეს განცხადება ეხება 23 მარტს პოლონეთი-ბელორუსიის საზღვართან ოთხი აქტივისტის დაკავებას. ისინი შვიდ-ბავშვიან ოჯახს ეხმარებოდნენ ტრანსპორტირებაში, დღეს კი მათ ადამიანთა ტრეფიკინგში ედებათ ბრალი :

ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთიდან უკრაინაში ყოველდღიურად ასობით კერძო მანქანა მიემგზავრება იმ ადამიანების წამოსაყვანად, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ქვემოდან-ზემოთ მობილიზაციის საშუალებით, ათასობით პოლონელი უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს საკუთარ სახლებში სთავაზობს. ასეთი პრაქტიკა დაფასებულია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. იმავდროულად კი, პოდლასის რეგიონში ბავშვებთან ერთად, ოჯახის ცივი ტყიდან თბილ და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა კვლავ დანაშაულად ითვლება“.

ცხადია, ეს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა ძალაუფლების მხრიდან, რომელიც დევნილებს ახარისხებს რასისტული ნიშნებისა და თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით, აღვივებს „ცუდი“ და „კარგი“ დევნილის იდეას; აზრს, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი დევნილები განსხვავდებიან სხვებისგან და თავშესაფრის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება აქვთ. შედეგად, ვიღებთ ადგილობრივ და იმპერიულ ძალებთან მებრძოლი ხალხის – ავღანეთიდან, სირიიდან, ქურთისტანიდან, სუდანიდან თუ პოსტსაბჭოთა სივრციდან – დახარისხებას, კატეგორიზაციას, მათი ჩაგვრისა და ტკივილის ერთმანეთთან შედარებას. ამას ემატება ომის არგუმენტის ინსტრუმენტალიზაცია, თითქოს, მსოფლიო ეკონომიკური უთანასწორობისა და კლიმატური ცვლილებების გამო ქვეყნიდან გადაადგილებული პირები საკმარისად ლეგიტიმურები არ იყვნენ და თითქოს, ამ უთანასწორობის სტატუს-კვოს შენარჩუნება, პირველ რიგში, „გლობალური ჩრდილოეთის“ ინტერესებში არ შედიოდეს.

ეს შერჩევითი მიდგომა კონფლიქტურ გარემოს ქმნის როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფ აქტივისტებს შორის, ასევე თავად უკრაინელ და სხვა დევნილებს შორის, რომლებსაც არათუ საზღვარზე, არამედ თავშესაფრის მოთხოვნის პროცესშიც არ შეხვდათ შესაბამისი პირობები ( საცხოვრებელი, უფასო ტრანსპორტი, დროებითი ვიზა და ა.შ. ). მაგალითად, საფრანგეთში, ყველაზე ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე ქალაქ კალეში, ხელისუფლებამ ცარიელი შენობები გამოიყენა უკრაინელი დევნილების დასაბინავებლად. მეორეს მხრივ, ლტოლვილთა მხარდამჭერმა ზოგიერთმა კოლექტივებმა და ასოციაციებმა არ დააყოვნეს ამ ორმაგი სტანდარტის გაპროტესტება და თანასწორუფლებიანი მიდგომის მოთხოვნით, დაიკავეს იმ შენობის ნაწილი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის იყო გამოყოფილი. [8] როდესაც ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას „კარგ“ და „ცუდ“ ლტოლვილებს შორის ემატება მსგავსი რეაქციული ქმედებები, შეუძლებელი ხდება ევროპაში სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფებსა და თემებს შორის სოლიდარობის ფორმების შექმნა.

ეს დაპირისპირება, ცხადია, ევროპის რასისტული ხედვის ნაწილია, რომელიც თეთრკანიანთა უზენაესობის იდეოლოგიით დევნილთა იერარქიზაციას და დახარისხებას ახდენს. მაგრამ აქვე, დასავლეთში მყოფ აქტივისტებს ავიწყდებათ, რომ ევროკავშირი უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს იმდენად, რამდენადაც ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის და მანამ, სანამ მას ამ „მასპინძლობის პოლიტიკით“ თავად სარგებლობს. არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი მობილიზაცია ევროპის მხრიდან არც ჩეჩნეთის და არც საქართველოს ომებს არ გამოუწვევია, მიუხედავად ჩვენი ერების „კავკასიურ რასასთან“ გაიგივებისა და საერთო მტრის ყოლისა. ამასთან ერთად, თავშესაფრის მოსათხოვნად ჩამოსული ქართველები პირველები არიან მათ შორის, ვისაც არალეგალურად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე მასობრივად ადეპორტებენ. [9] ეს კი მარტივად აიხსნება იმით, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნები, უკრაინისგან განსხვავებით, მის ტერიტორიულ უსაფრთხოებაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ხოლო „უსაფრთხო ქვეყნად“ მიჩნეული საქართველოდან წამოსული მიგრაცია მხოლოდ „ეკონომიკურ პარაზიტიზმად“ მიიჩნევა.

დღეს, იყო იმპერიის წინააღმდეგ, ნიშნავს თავად ამ დახარისხებისა და დანაწევრების ლოგიკაზე უარის თქმას. ამისათვის, ანტიიმპერიალისტური ბრძოლა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უნდა გახდეს დეკოლონიალური, და პირიქით, დასავლეთისკენ მიმართული დეკოლონიალური ბრძოლა და აზროვნება უნდა გახდეს ნაკლებად ევროცენტრისტული, რადგან იმპერიალიზმის ისტორია არაა მონოლითური და მას დღესაც მრავალი ფორმა და გეოგრაფია აქვს. თუკი უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ერთ მხარეს რადიკალური ანტიიმპერიალისტური პოზიციაა დასაკავებელი პუტინის დიქტატურის შესაჩერებლად, საზღვრის მეორე მხარეს მხოლოდ რადიკალურ ანტისასაზღვრო მოქმედებას თუ შეუძლია დასავლეთის რასიზმთან და ნეოკოლონიალიზმთან გამკლავება. პოლიტიკური ცნობიერება ამ ორი იმპერიალური გამოვლინების შესახებ კი ერთნაირად აუცილებელია საზღვრის ორივე მხარეს, იმისათვის, რომ ბრძოლა არ გადაიქცეს შეჯიბრად ჩაგრულთა შორის მეტად ჩაგრულის და იმპერიულ ძალათა შორის მეტად იმპერიულის გამოსავლენად.

სიმართლე ბინარული არაა და ის „დასავლეთისა“ და „აღმოსავლეთის“ მიღმაა. მისი კარტოგრაფირება რომ შეგვეძლოს დაემსგავსებოდა ბადეს, რომელიც ჩაგვრის ერთ წერტილს მეორესთან გაბმული ძაფებით აკავშირებს. ნებისმიერი განმათავისუფლებელი ბრძოლის საქმე კი ამ ბადის ქსოვა და მოვლაა; ყოველი წერტილის გულისყურით მოსმენა, გათვალისწინება და მხარდაჭერა ისე, რომ ყოველი იმპერიალური პოლიტიკის მიმართ ბრძოლა იყოს შეუვალი, ხოლო მათ მიერ ჩაგრული ხალხის მიმართ სოლიდარობა – უპირობო. როგორც ამას თავად ილია აღნიშნავს, ეს არ უნდა იქცეს დავალებად მათთვის, ვისაც დღეს, უკრაინაში, ომის ყოველდღიურობასთან შერკინება უწევს საკუთარი საცხოვრისის, სამეზობლოს თუ უფრო შორეული მიწების დასაცავად, იარაღით თუ იარაღის გარეშე. ის მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება შეიქმნას სოლიდარობით და იმ რეალობებთან ახლოს მყოფობით, რომლებიც დღეს უკრაინაში და ევროპის საზღვრების მისადგომებთან კონცენტრირდება :

“ჩემი აზრით, ხიდების გადება სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფს შორის შესაძლებელია და აუცილებელია. თუმცა ეს არც ისე მარტივია, იმდენად რამდენადაც, ყველა ჩაგრული ჯგუფი თავისი შეხედულებებითაა დატვირთული. კოლექტივს, რომლის წევრიც მე ვარ, არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ამ სიტუაციაზე რაიმე გავლენა იქონიოს. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ აღმოსავლეთ ევროპის ლიბერტარიანელების საომარ-პოლიტიკურ სტრუქტურირებაზე და ნაკლებად გვაქვს შეხება დევნილების პრობლემებთან, იმდენად რამდენადაც თავად რეგიონის შიგნით ვიმყოფებით. მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფთა შორის სოლიდარობის იდეას. მხოლოდ, ჩემის აზრით, ამ “ხიდების გადების” საქმე, ობიექტურად, უფრო მეტად იმ ამხანაგებზეა დამოკიდებული, რომლებიც ლტოლვილებთან ერთად მუშაობენ. ამასთან, უკრაინელ ლტოლვილებს შორის იმყოფება არაერთი ჩვენი აქტიური თანამოაზრე.”

შენიშვნები

[1] A little bit about our platoon – Telegraph

[2] იხ: https://www.theguardian.com/world/video/2022/feb/28/footage-shared-on-social-media-appears-to-show-discrimination-as-people-flee-ukraine-video

https://www.aljazeera.com/news/2022/3/2/people-of-colour-struggle-to-escape-russian-invasion-of-ukraine

https://www.aljazeera.com/news/2022/3/2/more-racism-at-ukrainian-borders

[3] ფრანგული დამოუკიდებელი მედია პლატფორმის Bastamag-ის გამოძიების შედეგები იხ:

https://basta.media/controle-aux-frontieres-migrants-exiles-Calais-Briancon-couts-de-la-repression-bunkerisation-militarisation-Darmanin

[4] ამ ტერმინით აღნიშნავენ მიგრაციაში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ან ითხოვენ სატრანზიტო ქვეყნის ვიზას იმისათვის, რომ მიაღწიონ დანიშნულების ქვეყანას

[5] Push Back თავისთავად არალეგალურია იმდენად, რამდენაც ეს გულისხმობს ჟენევის კონვენციისა და „ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის“ „non-refoulement“ – ის პრინციპის შელახვას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია თავშესაფრის მომთხოვნელი ადამიანის იმ ქვეყანაში მიბრუნება, სადაც მას საფრთხე ემუქრება

[6] Another migrant body found near Poland-Belarus border – InfoMigrants

[7] https://www.facebook.com/grupagranica/photos/a.275317827730153/379740347287900/

[8] https://www.facebook.com/watch/?v=2172140866286671

[9] ქართული მიგრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: https://platforma.ge/?p=4134&fbclid=IwAR1miDUcucCIQ82OlWdG6WirdIFmOnoEHapSaMKafOk3RUglgFSYKntTvxs

დამატებითი ინფორმაციებისთვის:

Telegram, Facebook

https://t.me/gnimperialpride

https://t.me/theblackheadquarter

https://t.me/naroborona

Немного о нашем взводе – Telegraph

https://www.facebook.com/nobordersteam/

https://t.me/no_borders_team

სტატიები

უკრაინაში მემარცხენე მობილიზაციის შესახებ

“Defensive war as an act of popular resistance…”: Exclusive Interview with an Anarchist Fighter of the Territorial Defense Forces of Ukraine (militantwire.com)

https://commons.com.ua/en/zapiski-zi-lvova/

Четыре месяца в антиавторитарном взводе в Украине | Автономное Действие – анархисты, либертарные коммунисты, антифа (avtonom.org)

პოლონეთის საზღვარზე მყოფი აქტივისტების შესახებ

https://fr.crimethinc.com/2022/03/07/war-in-ukraine-ten-lessons-from-syria-syrian-exiles-on-how-their-experience-can-inform-resistance-to-the-invasion

პოდკასტები / რადიო

https://radioblackout.org/podcast/74255/

https://anchor.fm/ypt-tiger-bloc-podcast/episodes/20—Solidarity-Collectives—Ukraine-Russia-War-e1nvgcq

დამატებითი საიტები :

https://operation-solidarity.org/

https://abc-belarus.org/?lang=en

შესავალი

მაშინ, როდესაც ორგანიზებული ძალადობა იმპერიული ომის სახით ანადგურებს სიცოცხლის ფორმებსა და შესაძლებლობებს, რაღაც კოლექტიური ძალისგან იშვება ხოლმე ყველაზე გულმხურვალე წინააღმდეგობის, თავდაცვისა და სოლიდარობის დამოუკიდებელი ფორმები.

ამ ბრძოლისა და თანადგომის ამბები დომინანტურ ისტორიულ თხრობაში ვერ ხვდება. ისინი ჰყვებიან ამბებს ომის, იმპერიალიზმისა და საზღვრების შესახებ, რომლებიც არც სასკოლო სახელმძღვანელოებში იკითხება, არც ოფიციალური პროპაგანდის ნარატივში და არც სამხედრო ლიტერატურის გამარტივებულ რომანტიკულ ჟანრში.

მათი მთხრობელები არ არიან ყოფილი სამხედროები, თუ სახელმწიფო არმიის ჯარისკაცები, არც პოლიტიკოსები და არც ყოფილი პოლიტიკოსები. ისინი არ ჩანან დიდ მედიებში და სოციალურ ქსელებშიც იშვიათად თუ ნახავთ მათ სახეებს. ისინი არც ეროვნულ გმირებად იწოდებიან.

ეს სტატია სწორედ მათ ეთმობა.

ამ სტატიის წერა მარტის თვის ბოლოს, პოლონეთსა და უკრაინაში ყოფნის დროს გადავწყვიტე. უპირველესად, ომის დროს თვითორგანიზებული ბრძოლების შესახებ მასალის შესანახად და მათ ქართულ ენაზე გასავრცელებლად, ამასთან, იმ ვრცელი და პრობლემატური საკითხების გადმოსაცემად, რომელთა განხილვაც რადიკალური მემარცხენე პოზიციიდან, დღეს, ჩვენს რეგიონში და მით უფრო, საქართველოში, საგანგებო მნიშვნელობისაა.

ამგვარად, აქ, ზელენსკის მაგივრად სათქმელი ერგებათ მათ, ვინც უკრაინაში ომის პირისპირ თვითორგანიზებულ სოლიდარობას ახორციელებს ; „ბატალიონ აზოვის“ ქართველი და უკრაინელი გმირების ნაცვლად – შეიარაღებულ ბრძოლაში ჩართულ ანარქისტებს ; ბორის ჯონსონის ნაცვლად – უკრაინა-პოლონეთისა და პოლონეთი – ბელორუსიის საზღვარზე ორგანიზებულ No Border მებრძოლებს.

სტატიის პირველი ნაწილში ანტიიმპერიალისტური ბრძოლისა და სოლიდარობის ფორმების დოკუმენტირებას ვცდილობ ინტერვიუების, დისკუსიებისა და უკვე არსებული წერილობითი მასალის გამოყენებით. მეორე ნაწილი კი უფრო მეტად ანალიტიკურია და უკრაინელ ამხანაგებთან გამართული დისკუსიებისა და ინტერვიუების საფუძველზე სვამს რადიკალურად ანტიიმპერიალისტური ბრძოლის საკითხს, ანუ შეკითხვას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ – საქართველოში, უკრაინაში, კავკასიის სხვა ტერიტორიებზე თუ თავად რუსეთსა და ბელორუსიაში – მეორე იმპერიალისტურ ძალასთან, დასავლეთთან, შეერთებისა და მასთან კონფორმიზმის გარეშე.

საომარი ვითარება, მართალია, ძალიან სწრაფად იცვლება,მაგრამ აქ დასმული შეკითხვები, ვფიქრობ, კვლავაც ისევე მნიშვნელოვანია, ამიტომ უცვლელს ვტოვებ იმ აუდიო და წერილობითი ჩანაწერების ტრანსკრიპტებს, რომლებიც 5 თვის წინ გაკეთდა.

*კოლექტივი Operation Solidarity ამჟამად ამ ფორმითა და სახელით არ ფუნქციონირებს.

ნაწილი I

ბრძოლისა და სოლიდარობის ორგანიზება ომის დროს

ომის პირისპირ

ლვივი, კიევი

უკრაინაში რუსეთის არმიის შემოჭრის შემდეგ უამრავმა ანტიავტორიტარულმა მემარცხენემ გადაწყვიტა შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. მათ შორის არიან ანარქისტები და ანტიფაშისტები უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებმაც სხვადასხვა დამოუკიდებელი ერთეული შექმნეს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის შიგნით.

ტერიტორიული თავდაცვა რეგულარული ჯარისგან განსხვავდება და ის რეზერვისტებისგან შედგება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია. ანტიავტორიტარული ოცეული“ ( Антиавторитарний взвод ), ერთ-ერთი ასეთი ერთეულის არაოფიციალური დასახელებაა, რომელიც კიევის რეგიონშია განთავსებული და ის სხვადასხვა ანტიავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიის (ანარქისტები, ფემინისტები , ანტიფაშისტები და სოციალისტები) მქონე მებრძოლს აერთიანებს:

ლვივი, Операція Солідарність–ის საწყობი

პოლონეთი, უკრაინის საზღვართან ორგანიზებული საერთაშორისო აქტივისტები საწყობში

მართალია, ეს თვითორგანიზებული ინტერნაციონალური სოლიდარობა ძირითადად ანარქისტული თუ ავტონომიური კოლექტივებისგან შედგება, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ ყველა სახალხო, თვითორგანიზებულ ინიციატივას ომის პერიოდში. ასეთი ინიციატივის მაგალითია ლვივში არსებული კოლექტივი Kuhnya, რომელიც არამილიტარისტული, ჰუმანიტარული და სოციალური დახმარების მობილიზაციას ცდილობს. მათ შესახებ ოლღა გვიყვება:

„ამ მდგომარეობაში, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა სოციალური ფონიდან, ძირითადად ხელოვანები, გაერთიანდნენ და თანამშრომლობენ იმისთვის, რათა უკრაინელ ლტოლვილებს გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება, შეუგროვონ საკვები. ამავდროულად, ვეხმარებით სხვადასხვა თავშესაფრებს, ვმუშაობთ იმ ადამიანების ორგანიზებასა და ინტეგრაციაზეც, რომლებიც ლვივლში ხარკოვიდან ჩამოდიან, ან კიევიდან, ან ნებისმიერი ადგილიდან, არ აქვს მნიშვნელობა.. ასე რომ საჭიროებები ყოველდღიურად იცვლება, კვირიდან კვირამდე…

თავდაპირველად, რკინიგზის სადგურებზე და თავშესაფრებში მივედით საჭმლის მოსამზადებლად, იქ იყო ასობით ათასი ლტოლვილი. ახლა ორი თავშესაფარი გვაქვს, სადაც ყოველდღიურად ვამზადებთ საჭმელს. თითოეულში 200 ადამიანია. გვაქვს 4-5 სამზარეულო, რომელიც მორიგეობით მუშაობს. ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. პოლონეთიდან, ანარქისტული დაჯგუფებიდან Anarchist Black cross, ნიდერლანდელი ხელოვანებისგან.. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ წავიდნენ და აქ დარჩენა გადაწყვიტეს, ვქირაობთ საცხოვრებლებს. მათ სჭირდებათ მუდმივი საცხოვრებელი, პირადი სივრცე.. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის საიდანღაც დაწყების საშუალება მიგვეცა..“

საზღვრების პირისპირ

მედიკა, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი

სურათი პოლონელი ამხანაგების No borders team-ის ბროშურიდან.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, მედიკას გამშვებ პუნქტზე, მობილიზებულია უამრავი პოლონური თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჰუმანიტარულ, სატრანსპორტო და იურიდიულ დახმარებას უწევს ომს გამოქცეულ უკრაინელ დევნილებს. თუმცა, შერჩევითი და რასისტული სოლიდარობის წინააღმდეგ მხოლოდ თვითორგანიზებული, საერთაშორისო No Border კოლექტივების წევრები ორგანიზდებიან. ისინი პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე არათეთრკანიანი (BIPOC), უკრაინისა და ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე დევნილების მხარდაჭერას ცდილობენ, რომლებსაც უჭირთ უკრაინიდან გამოსვლა და საზღვრების ლეგალურად გადაკვეთა. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მაგალითზე, ევროპის ნეოფაშისტური და მილიტარიზირებული სასაზღვრო რეალობის შესახებ გვიყვება ლენა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქ გერმანიიდან ჩამოვიდა:

„ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა, პალესტინელი კაცთან, რომელსაც დევნილობის სამი ისტორია აქვს.
პირველად, ახალგაზრდა ობოლი ღაზადან ჩადის უკრაინაში. 2014 წელს ყირიმიდან კიევში მოხვდება და ბოლოს, წელს, კიევიდან პოლონეთის საზღვარზე. მას არ გააჩნდა არანაირი სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც რაიმე იურიდიული ძალა ექნებოდა, მხოლოდ ვადაგასული ისრაელის პასპორტი და არასამთავრობოების მიერ გაცემული ძველი დაცვის დოკუმენტი.
ამის მიუხედავად, მან მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და ჩვენ მას Hala Kijovska-ს ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში შევხვდით.
ამ უუფლებოდ დარჩენილი ხალხისთვის , ციხე-სიმაგრესავით გამაგრებული ევროპის რასისტულ სასაზღვრო სისტემაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მათ მხარს დაუჭერდა.
ყველაფერი აქტივისტების თვითორგანიზებულ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რომლებიც ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებას, მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და მათთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნას ცდილობენ.
უფორმო პოლიცია მიმღებ პუნქტში რეგულარულად ამოწმებს არათეთრკანიან (BIPOC) დევნილებს, მათ საზღვრიდან ავტობუსამდე მისვლის დროს აკავებს, მანამ, სანამ შეძლებენ, რომ რომელიმე ორგანიზაციას მიმართონ დახმარებისთვის. პოლიციის, ფორმიანი იქნება ეს თუ უფორმო, ასეთი მოჭარბებული მობილიზება საზღვარზე, მოკლებული პროფესიონალური დახმარებისა და გადამწვარი მოხალისეების ფონზე, უკრაინიდან წამოსულ არათეთრკანიან (BIPOC) დევნილებს განსაკუთრებით რთულ და მოწყვლად სიტუაციაში აყენებს“.

ისინი, ვინც უკრაინა-პოლონეთის საზღვარს „ლეგალურად“ ვერ კვეთენ, ომისგან თავის დაღწევას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი საზღვრის გადაკვეთამდე უკრაინის ლუცკის ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. როგორც ლიხენა გვეუბნება, იქ დღემდე არიან სუდანელი, პაკისტანელი, შრილანკელი და სხვა არათეთრკანიანი ემიგრანტები. ეს სიტუაცია, ყველაზე იშვიადად ხვდება მედიის, სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუციების დღის წესრიგში. ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში დარჩენილ მიგრანტებს, „ცუდი“ პასპორტის ქონის გამო, ომის დროსაც კი არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების უფლება, მათ შორის, ძირითადად, სამხრეთ აზიიდან, კავკასიიდან თუ აფრიკის ქვეყნებიდან წამოსულ მიგრანტები არიან. უკვე უკრაინაში მყოფი ერთ-ერთი დევნილი ლენას უზიარებს ვიდეოს ( იხ.ქვემოთ), სადაც ვხედავთ დაკავების ცენტრში მყოფი ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დაბომბვის ფონზე ცდილობენ პროტესტის გამოხატვას:

„ჩვენ იმ შემთხვევებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომლებიც უკრაინის ადმინისტრაციული დაკავების ცენტრში მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც პოლონეთის საზღვრის გადაკეთა სცადეს გადამყვანების მეშვეობით.
ასე, 3 ნეპალელი და 4 შრილანკელი ადამიანი დაიჭირეს და უკან, უკრაინაში გაგზავნეს, სადაც 10-13 თვე პატიმრობაში გაატარეს. ომის დაწყების შემდეგ კი გაათავისუფლეს და ფასიანი ტრანსპორტით პოლონეთის საზღვრამდე მიღწევა მოახერხეს, როგორ ჩანს, გადამყვანების მეშვეობით.
იქიდან მოსულები ჰყვებოდნენ გამუდმებული ცემისა და იმ არაადამიანური პირობების შესახებ, რომელშიც ახლაც 15 პაკისტანელი იმყოფება, სხვა ეროვნებების ადამიანებთან ერთად.
ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც ასეთივე ქსელის საშუალებით გავრცელდა, ნაჩვენებია დაკავებულები, რომლებიც იქ არსებულ პირობებს აპროტესტებდნენ. ეს ყველაფერი მას შემდეგ, როცა რუსებმა ახლომდებარე ტერიტორიები დაბომბეს.

ამ ადამიანებმა მოახერხეს საზღვარზე გასვლა იურიდიული ძალის მქონე სამგზავრო დოკუმენტაციის გარეშე. გადაურჩნენ პოლიციის რამდენიმე შემოწმებას, ვადაგასული დოკუმენტების ჩვენებით.

რაც შეეხება შრი-ლანკელებს, ისინი პოლიციამ დააკავა და ვინაობის გადასამოწმებლად განყოფილებაში გადაიყვანეს. საზღვრის გადაკვეთისას აღებული მათი თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირების შემდეგ, გაათავისუფლეს ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში, სადაც ისევ ფასიანი ტრანსპორტი იპოვეს და სავარაუდოდ, ისევ გადამყვანების ქსელის „აგენტების“ მეშვეობით.“

მათ, ვინც საკანს თავი დააღწიეს, ან უკრაინაში უწევთ რასიზმთან ბრძოლა ქვეყნიდან გასასვლელად, ან შემდეგ უკვე საზღვართან და, ცხადია, საზღვრის მეორე მხარეს. ამას ადასტურებს ვიდეოებიც, რომლებიც ჯერ სოციალურ ქსელებში და შემდეგ უკვე საერთაშორისო მეინსტრიმ მედიებშიც ( Aljazeera, The Guardian, BBC და ა.შ.) გავრცელდა. [2] რასიზმი და ნეოკოლონიალიზმი, რომელზეც აგებულია ევროკავშირის მთელი სიმიგრაციო და Frontex-ის (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო) სასაზღვრო პოლიტიკა, განსაკუთრებით ხილვადი გახდა უკრაინის ომის შემდეგ და გასაოცარი სარკასტულობით, მთელი თავისი ფარისევლობა პოლონეთის ორი საზღვრის, ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომის მაგალითზე გამოავლინა.

‘ცუდი’ და ‘კარგი’ დევნილები

Podlasie, პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარი

სურათი პოლონელი ამხანაგების No borders team-ის ბროშურიდან.

თუკი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ „რკინის ფარდა“ ჩამოხსნა ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად, „რკინის ფარდის“ მეორე მხარე, უკვე შეერთებული ევროკავშირი, რამდენიმე წელია, რაც დალუქულ ციხესიმაგრედ ყალიბდება. ამის მაგალითია პოლონეთი-უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით, Podlasie-ის რეგიონში აშენებული კედელი, რომელიც ბელორუსიას ყოფს პოლონეთისგან, თუ, უფრო სწორედ, პოლონეთს და სრულიად ევროკავშირს იცავს ბელორუსიიდან შემომავალი დევნილებისგან. აქ მასპინძლობის სულ სხვა სურათი იშლება : არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერადჟილეტებიანი წევრების, გულმხურვალე ჟურნალისტებისა და ფერადი სასუსნავების ნაცვლად, 353 მილიონი ევროს ღირებულების, 150 კილომეტრზე გადაჭიმული კედელი გხვდებათ, რომლის მშენებლობაც პოლონეთმა ამ წლის 30 ივნისს დაასრულა. ამას ემატება, თავად Frontex-ის საკონტროლო და სამეთვალყურეო ტექნოლოგიები: დრონები, სენსორული და თერმული კამერები, სასაზღვრო პოლიციის აღჭურვილობა და ა.შ. Frontex არ აფინანსებს, მაგრამ უფლებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ააშენონ კედლები და ღობეები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე (მაგალითად, ბრიტანეთმა დააფინანსა საფრანგეთთან მოსაზღვრე ქალაქ კალეში, 2,7 ევროს ღირებულების კედლის მშენებლობა, რასაც ემატება

საფრანგეთის მხრიდან 2012 წლიდან და მას შემდეგ დახარჯული 725 მილიონი ევროს ღირებულების რკინის ღობეები და მავთულხლართები პორტისა და რკინიგზის მიდამოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი სამართალდამცავთა – სასაზღვრო, მუნიციპალური და ნაციონალური პოლიცია, სპეცრაზმი – აღჭურვისთვის, რისთვისაც 2021 წელს 11 მილიონი ევრო გამოიყო. [3]

პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარი მხოლოდ იმით განსხვავდება უკრაინის საზღვრისგან, რომ მის გადაკვეთას „ცუდი მიგრანტები“ ცდილობენ, ანუ ისინი ვინც მოდიან, ძირითადად, შუა აღმოსავლეთიდან და ასევე, სხვა არაბული ქვეყნებიდან – ერაყი, სირია, ირანი, იემენი და ა.შ. – ევროკავშირში თავშესაფრის მოსათხოვნად.

მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ „მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის“ [4] ვიზის გაცემა დაიწყო, ისინი ევროკავშირში შესვლას ბელორუსიის გავლით ცდილობენ და არატრადიციული, თურქეთი – საბერძნეთის საზღვრის და ეგრეთ წოდებული „ ბალკანეთის მარშრუტის“ გავლით. ეს უკანასკნელი საიმიგრაციო გზები გამოირჩევა მძიმედ შეიარაღებული ინფრასტრუქტურით: ხუთი ციხესიმაგრე ბალკანეთის ქვეყნებში და მძიმე პოლიციური რეპრესიით – ტყვიები თუ ძაღლები – რომლის დაფინანსებაშიც ევროკავშირი იღებს მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებთან იგი თავის შიდა საზღვრებს არ იყოფს.

EU Border Externalisation – ასე ეწოდება ევროკავშირისა და მისი სახმელეთო თუ საზღვაო მოსაზღვრე ქვეყნების კოლაბორაციას – თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნების გარდა იგი მოიცავს მაროკოსაც , რაც ევროკავშირს საშუალებას აძლევს „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების“ შელახვის ფაქტები მის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდეს.

ლუკაშენკოს მიერ ევროკავშირში შესასვლელი ახალი საიმიგრაციო გზის გახსნა, ცხადია, იმ დიდი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც რუსეთისა და დასავლეთის ძალაუფლებას ერთმანეთს უპირისპირებს. „მიგრანტთა ინსტრუმენტალიზაცია“ , როგორც ამას ევროკავშირი უწოდებს, თავის მხრივ, ევროკავშირის ციხესიმაგრის გაფართოებისა და საკონტროლო ტექნოლოგიების განვითარების საშუალებას იძლევა. თავად პოლონეთის პრეზიდენტმა ანდრეი დუდამ კი 2021 წლის 2 სექტემბერს საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა ბელორუსიასთან მოსაზღვრე პოდლასკის სავოევოდოში. საგანგებო მდგომარეობა 3 კილომეტრიან პერიმეტრს აწესებს სასაზღვრო ზონაზე, სადაც არავის აქვს შესვლის უფლება, მათ შორის, არც ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ამას მოჰყვა პოლონეთის მხრიდან არალეგალური ე.წ. Push Back- ის, [5] ანუ იმ სხვადასხვა მეთოდების დაშვება რომლებსაც სასზღვარო პოლიცია იყენებს დევნილების უკან გასაბრუნებლად. ამის შესახებ პოლონელი ამხანაგები ერთ-ერთ ბროშურაში წერენ :

„როდესაც ზაფხულში პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე pushback-ები დაიწყო, ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დავემორჩილებოდით რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს ლტოლვილობის გამოცდილების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით.
თუმცა, მალევე გაირკვა, რომ პოლონეთმა არა მხოლოდ უარყო ეს ტრაქტატი, არამედ ამოქმედდა საკუთარი, შიდა წესები, რომელიც აკანონებდა Push Back-ებს, რაც ოფიციალურად (და მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურად) უკანონო საქმიანობაა.

ევროკავშირმა დაგმო პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობების ქმედებები უკანონო push back-ის შესახებ. თუმცა ეს დაგმობა ევროკავშირის მხრიდან ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია, რადგან კარგად ვიცით, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებები მასობრივად ირღვევა ევროკავშირის გარე საზღვრებზე, ე.წ „ბალკანეთის მარშრუტზე“, იტალიაში, ესპანეთში, მალტაში.. 2020 წლიდან კი უკვე ოფიციალურად საბერძნეთშიც. ხორვატიაც იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა მათ მიმართ, ვინც საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად შეეცდება“.

არალეგალური გაბრუნების შედეგად, დევნილებს ხშირად უწევთ ტყეში, მკაცრ კლიმატურ პირობებში საჭმლის, სამედიცინო და რაიმე სამართლებრივი დახმარების გარეშე დარჩენა. ამ მიზეზით, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, პოლონეთი-ბელორუსიის სასაზღვრო ტყეში 19 გარდაცვლილი იპოვეს.[6] გარდა იმისა, რომ პოლონეთი-ბელორუსიის საზღვარი უკრაინის საზღვრისგან თავისი კარცერული და მომაკვდინებელი ინფრასტრუქტურით განსხვავდება, აქ, ასევე, სოლიდარობაც კრიმინალიზებულია. ამ რეგიონში, რომელიც თავისი პირველყოფილი ტყითაა ცნობილი, დევნილებისთვის ყოველი ფორმის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გაღება მკაცრად ისჯება. სიტუაციის ტრაგიკულობა აბსურდად მაშინ იქცევა, როდესაც, როგორც Grupa Granica იწერება, No Border მოძრაობის მებრძოლები, „გმირებად იწოდებიან უკრაინაში დევნილების დასახმარებლად, ხოლო პოდლასკის რეგიონში – კრიმინალებად“. [7] კონკრეტულად კი ეს განცხადება ეხება 23 მარტს პოლონეთი-ბელორუსიის საზღვართან ოთხი აქტივისტის დაკავებას. ისინი შვიდ-ბავშვიან ოჯახს ეხმარებოდნენ ტრანსპორტირებაში, დღეს კი მათ ადამიანთა ტრეფიკინგში ედებათ ბრალი :

„ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთიდან უკრაინაში ყოველდღიურად ასობით კერძო მანქანა მიემგზავრება იმ ადამიანების წამოსაყვანად, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ქვემოდან-ზემოთ მობილიზაციის საშუალებით, ათასობით პოლონელი უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს საკუთარ სახლებში სთავაზობს. ასეთი პრაქტიკა დაფასებულია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც. იმავდროულად კი, პოდლასის რეგიონში ბავშვებთან ერთად, ოჯახის ცივი ტყიდან თბილ და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა კვლავ დანაშაულად ითვლება“.

ცხადია, ეს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა ძალაუფლების მხრიდან, რომელიც დევნილებს ახარისხებს რასისტული ნიშნებისა და თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით, აღვივებს „ცუდი“ და „კარგი“ დევნილის იდეას; აზრს, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი დევნილები განსხვავდებიან სხვებისგან და თავშესაფრის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება აქვთ. შედეგად, ვიღებთ ადგილობრივ და იმპერიულ ძალებთან მებრძოლი ხალხის – ავღანეთიდან, სირიიდან, ქურთისტანიდან, სუდანიდან თუ პოსტსაბჭოთა სივრციდან – დახარისხებას, კატეგორიზაციას, მათი ჩაგვრისა და ტკივილის ერთმანეთთან შედარებას. ამას ემატება ომის არგუმენტის ინსტრუმენტალიზაცია, თითქოს, მსოფლიო ეკონომიკური უთანასწორობისა და კლიმატური ცვლილებების გამო ქვეყნიდან გადაადგილებული პირები საკმარისად ლეგიტიმურები არ იყვნენ და თითქოს, ამ უთანასწორობის სტატუს-კვოს შენარჩუნება, პირველ რიგში, „გლობალური ჩრდილოეთის“ ინტერესებში არ შედიოდეს.

ეს შერჩევითი მიდგომა კონფლიქტურ გარემოს ქმნის როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფ აქტივისტებს შორის, ასევე თავად უკრაინელ და სხვა დევნილებს შორის, რომლებსაც არათუ საზღვარზე, არამედ თავშესაფრის მოთხოვნის პროცესშიც არ შეხვდათ შესაბამისი პირობები ( საცხოვრებელი, უფასო ტრანსპორტი, დროებითი ვიზა და ა.შ. ). მაგალითად, საფრანგეთში, ყველაზე ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე ქალაქ კალეში, ხელისუფლებამ ცარიელი შენობები გამოიყენა უკრაინელი დევნილების დასაბინავებლად. მეორეს მხრივ, ლტოლვილთა მხარდამჭერმა ზოგიერთმა კოლექტივებმა და ასოციაციებმა არ დააყოვნეს ამ ორმაგი სტანდარტის გაპროტესტება და თანასწორუფლებიანი მიდგომის მოთხოვნით, დაიკავეს იმ შენობის ნაწილი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის იყო გამოყოფილი. [8] როდესაც ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას „კარგ“ და „ცუდ“ ლტოლვილებს შორის ემატება მსგავსი რეაქციული ქმედებები, შეუძლებელი ხდება ევროპაში სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფებსა და თემებს შორის სოლიდარობის ფორმების შექმნა.

ეს დაპირისპირება, ცხადია, ევროპის რასისტული ხედვის ნაწილია, რომელიც თეთრკანიანთა უზენაესობის იდეოლოგიით დევნილთა იერარქიზაციას და დახარისხებას ახდენს. მაგრამ აქვე, დასავლეთში მყოფ აქტივისტებს ავიწყდებათ, რომ ევროკავშირი უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს იმდენად, რამდენადაც ეს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის და მანამ, სანამ მას ამ „მასპინძლობის პოლიტიკით“ თავად სარგებლობს. არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი მობილიზაცია ევროპის მხრიდან არც ჩეჩნეთის და არც საქართველოს ომებს არ გამოუწვევია, მიუხედავად ჩვენი ერების „კავკასიურ რასასთან“ გაიგივებისა და საერთო მტრის ყოლისა. ამასთან ერთად, თავშესაფრის მოსათხოვნად ჩამოსული ქართველები პირველები არიან მათ შორის, ვისაც არალეგალურად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე მასობრივად ადეპორტებენ. [9] ეს კი მარტივად აიხსნება იმით, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნები, უკრაინისგან განსხვავებით, მის ტერიტორიულ უსაფრთხოებაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ხოლო „უსაფრთხო ქვეყნად“ მიჩნეული საქართველოდან წამოსული მიგრაცია მხოლოდ „ეკონომიკურ პარაზიტიზმად“ მიიჩნევა.

დღეს, იყო იმპერიის წინააღმდეგ, ნიშნავს თავად ამ დახარისხებისა და დანაწევრების ლოგიკაზე უარის თქმას. ამისათვის, ანტიიმპერიალისტური ბრძოლა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უნდა გახდეს დეკოლონიალური, და პირიქით, დასავლეთისკენ მიმართული დეკოლონიალური ბრძოლა და აზროვნება უნდა გახდეს ნაკლებად ევროცენტრისტული, რადგან იმპერიალიზმის ისტორია არაა მონოლითური და მას დღესაც მრავალი ფორმა და გეოგრაფია აქვს. თუკი უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ერთ მხარეს რადიკალური ანტიიმპერიალისტური პოზიციაა დასაკავებელი პუტინის დიქტატურის შესაჩერებლად, საზღვრის მეორე მხარეს მხოლოდ რადიკალურ ანტისასაზღვრო მოქმედებას თუ შეუძლია დასავლეთის რასიზმთან და ნეოკოლონიალიზმთან გამკლავება. პოლიტიკური ცნობიერება ამ ორი იმპერიალური გამოვლინების შესახებ კი ერთნაირად აუცილებელია საზღვრის ორივე მხარეს, იმისათვის, რომ ბრძოლა არ გადაიქცეს შეჯიბრად ჩაგრულთა შორის მეტად ჩაგრულის და იმპერიულ ძალათა შორის მეტად იმპერიულის გამოსავლენად.

სიმართლე ბინარული არაა და ის „დასავლეთისა“ და „აღმოსავლეთის“ მიღმაა. მისი კარტოგრაფირება რომ შეგვეძლოს დაემსგავსებოდა ბადეს, რომელიც ჩაგვრის ერთ წერტილს მეორესთან გაბმული ძაფებით აკავშირებს. ნებისმიერი განმათავისუფლებელი ბრძოლის საქმე კი ამ ბადის ქსოვა და მოვლაა; ყოველი წერტილის გულისყურით მოსმენა, გათვალისწინება და მხარდაჭერა ისე, რომ ყოველი იმპერიალური პოლიტიკის მიმართ ბრძოლა იყოს შეუვალი, ხოლო მათ მიერ ჩაგრული ხალხის მიმართ სოლიდარობა – უპირობო. როგორც ამას თავად ილია აღნიშნავს, ეს არ უნდა იქცეს დავალებად მათთვის, ვისაც დღეს, უკრაინაში, ომის ყოველდღიურობასთან შერკინება უწევს საკუთარი საცხოვრისის, სამეზობლოს თუ უფრო შორეული მიწების დასაცავად, იარაღით თუ იარაღის გარეშე. ის მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება შეიქმნას სოლიდარობით და იმ რეალობებთან ახლოს მყოფობით, რომლებიც დღეს უკრაინაში და ევროპის საზღვრების მისადგომებთან კონცენტრირდება :

“ჩემი აზრით, ხიდების გადება სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფს შორის შესაძლებელია და აუცილებელია. თუმცა ეს არც ისე მარტივია, იმდენად რამდენადაც, ყველა ჩაგრული ჯგუფი თავისი შეხედულებებითაა დატვირთული. კოლექტივს, რომლის წევრიც მე ვარ, არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ამ სიტუაციაზე რაიმე გავლენა იქონიოს. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ აღმოსავლეთ ევროპის ლიბერტარიანელების საომარ-პოლიტიკურ სტრუქტურირებაზე და ნაკლებად გვაქვს შეხება დევნილების პრობლემებთან, იმდენად რამდენადაც თავად რეგიონის შიგნით ვიმყოფებით. მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფთა შორის სოლიდარობის იდეას. მხოლოდ, ჩემის აზრით, ამ “ხიდების გადების” საქმე, ობიექტურად, უფრო მეტად იმ ამხანაგებზეა დამოკიდებული, რომლებიც ლტოლვილებთან ერთად მუშაობენ. ამასთან, უკრაინელ ლტოლვილებს შორის იმყოფება არაერთი ჩვენი აქტიური თანამოაზრე.”

შენიშვნები:

[1] A little bit about our platoon – Telegraph

[2] იხ: https://www.theguardian.com/world/video/2022/feb/28/footage-shared-on-social-media-appears-to-show-discrimination-as-people-flee-ukraine-video

https://www.aljazeera.com/news/2022/3/2/people-of-colour-struggle-to-escape-russian-invasion-of-ukraine

https://www.aljazeera.com/news/2022/3/2/more-racism-at-ukrainian-borders

[3] ფრანგული დამოუკიდებელი მედია პლატფორმის Bastamag-ის გამოძიების შედეგები იხ:

https://basta.media/controle-aux-frontieres-migrants-exiles-Calais-Briancon-couts-de-la-repression-bunkerisation-militarisation-Darmanin

[4] ამ ტერმინით აღნიშნავენ მიგრაციაში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ან ითხოვენ სატრანზიტო ქვეყნის ვიზას იმისათვის, რომ მიაღწიონ დანიშნულების ქვეყანას

[5] Push Back თავისთავად არალეგალურია იმდენად, რამდენაც ეს გულისხმობს ჟენევის კონვენციისა და „ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის“ „non-refoulement“ – ის პრინციპის შელახვას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია თავშესაფრის მომთხოვნელი ადამიანის იმ ქვეყანაში მიბრუნება, სადაც მას საფრთხე ემუქრება

[6] Another migrant body found near Poland-Belarus border – InfoMigrants

[7] https://www.facebook.com/grupagranica/photos/a.275317827730153/379740347287900/

[8] https://www.facebook.com/watch/?v=2172140866286671

[9] ქართული მიგრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: https://platforma.ge/?p=4134&fbclid=IwAR1miDUcucCIQ82OlWdG6WirdIFmOnoEHapSaMKafOk3RUglgFSYKntTvxs

დამატებითი ინფორმაციებისთვის:

Telegram, Facebook

https://t.me/gnimperialpride

https://t.me/theblackheadquarter

https://t.me/naroborona

Немного о нашем взводе – Telegraph

https://www.facebook.com/nobordersteam/

https://t.me/no_borders_team

სტატიები

უკრაინაში მემარცხენე მობილიზაციის შესახებ

“Defensive war as an act of popular resistance…”: Exclusive Interview with an Anarchist Fighter of the Territorial Defense Forces of Ukraine (militantwire.com)

https://commons.com.ua/en/zapiski-zi-lvova/

Четыре месяца в антиавторитарном взводе в Украине | Автономное Действие – анархисты, либертарные коммунисты, антифа (avtonom.org)

პოლონეთის საზღვარზე მყოფი აქტივისტების შესახებ

https://fr.crimethinc.com/2022/03/07/war-in-ukraine-ten-lessons-from-syria-syrian-exiles-on-how-their-experience-can-inform-resistance-to-the-invasion

პოდკასტები / რადიო

https://radioblackout.org/podcast/74255/

https://anchor.fm/ypt-tiger-bloc-podcast/episodes/20—Solidarity-Collectives—Ukraine-Russia-War-e1nvgcq

დამატებითი საიტები:

https://operation-solidarity.org/

https://abc-belarus.org/?lang=en

გაზიარება