ვინ იღებს სარგებელს ან მოგებას ბუნების სავაჭრო საქონლად ქცევისაგან? ვინ უნდა აიტანოს ამ პროცესის შედეგები, როცა ბუნება არც თუ ისე მარტივად მოსათვინიერებელია და ეს დაუდევრობა კატასტროფით, ადამიანური მსხვერპლითა და საცხოვრებელი გარემოს განადგურებით სრულდება? ეს კითხვები 2021 წლის დასაწყისში ვარლამ გოლეთიანმა – იმ მოძრაობის ლიდერმა წამოჭრა, რომელიც რიონის ხეობას ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის (Namakhvani HPP) მშენებლობისგან იცავდა:
„როგორ ისარგებლა სახელმწიფომ ბოლო დროს აშენებული ჰესებისგან? ვინ აანაზღაურა შუახევი ჰესისა და დარიალი ჰესის აღდგენის ხარჯები დაზიანების შემდეგ? თუ ვამბობთ, რომ (ნამახვანჰესის) პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას სარგებელს მოუტანს, მაშინ რატომ არ გვაქვს საქართველოში ბოლო დროს აშენებული ჰესებით ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობის მაგალითები?“
გუმათი პროტესტის ახალ კერად იქცა. 14 აპრილს გზაზე რკინის კედელი აღიმართა და მოძრაობასთან დაკავშირებულ ყველა პირს ხეობაში შესვლა აეკრძალა. პარალელურად, საპოლიციო ძალები გამაგრდნენ რამდენიმე ლოკაციაზე ტვიშიდან – გუმათამდე, რათა სრულად ეკონტროლებინათ ტერიტორია. უკანონო აკრძალვითა და კედლით შეურაცხყოფილი აქტივისტები რამდენჯერმე ეცადნენ ბარიერების გადალახვას, მაგრამ უშედეგოდ.
რიონის ხეობის გადარჩენის მცდელობისას, მოძრაობა დაჟინებით ითხოვდა, რომ [1] ნაცვლად ჯებირებში მოქცევისა, მდინარეს დინება გაეგრძელებინა; [2] არ დაშვებულიყო მდინარის ფინანსურ აქტივად გარდაქმნა ან გასხვისება; [3] მდინარეზე ზრუნვისა და მისგან სარგებლის მიღების საკითხები ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას გადაეწყვიტა. მოძრაობის ძირითად მოთხოვნებს იმიტომ ვახსენებ, რომ ისინი რადიკალურად საწინააღმდეგოა ტრანსნაციონალური ინვესტორების, დეველოპერებისა და ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მიდგომისადმი მდინარეებისა და ბუნებრივი რესურსების მიმართ. მდინარე და გარემო მათ ესმით, როგორც: [1] განვითარების სახელით ასათვისებელი „რესურსი“; [2] ის, რასაც არ აქვს ღირებულება გარდაქმნამდე და ექსპლუატაციამდე, ამიტომ უნდა გაიყიდოს სიმბოლურ ფასად ან გასხვისდეს უფასოდ; [3] ის, რაც სრულად უნდა ეკუთვნოდეს საერთაშორისო კაპიტალს მოგებად ქცევის შემდეგ – მაშინ, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ბუნებისა და სასიცოცხლო გარემოს გაჩანაგება უნდა აიტანოს.
სხვა ადგილების მსგავსად, საქართველოშიც, მდინარეები აღარ არის უბრალოდ მტკნარი წყლების ბუნებრივი ნაკადები. ჰიდროენერგიის მისაღებად მდინარეების გამოყენება ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1920-იანი წლების ბოლოდან იწყება. მიმდინარე ისტორიულ მონაკვეთში, მდინარეები, როგორც ჰიდრორესურსები, სარფიან საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით, უკვე აშენებული, მშენებარე, ან ინვესტიციისათვის პოტენციურად იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა 250-მდე აღწევს (მეფარიშვილი, 2018). 2019 წლისთვის, საქართველოს მთავრობას უკვე გაფორმებული ჰქონდა 190-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმი კერძო კომპანიებთან, სხვადასხვა ზომის ჰესის ასაშენებლად (ჭიპაშვილი, 2021). თუ ამ მასშტაბით დაგეგმილი პროექტების მცირე ნაწილი მაინც განხორციელდა, საქართველოში გაგვიჭირდება ისეთი ხეობის პოვნა, სადაც მდინარე თავისუფლად იდინებს.
საქართველოს მთავრობები 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობენ სტრატეგიაზე, რომელსაც დღეს ვიცნობთ, როგორც „ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების“ პოლიტიკას. ევროკავშირი მხარს უჭერს მსგავს პოლიტიკას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ „ბუნებრივი რესურსებით ღარიბ“ სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ პერიფერიებშიც. ევროპული განვითარების ბანკები, როგორებიცაა EBRD და EIB, აქტიურად უჭერენ მხარს ბალკანეთსა და კავკასიაში ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას, რომელიც „მწვანე ენერგიაზე გადასვლის“ ხედვაშია მოქცეული (Barry & Gambino, 2021). იგივე ინსტიტუტები აფინანსებდნენ საქართველოს უმსხვილეს და სადავო ჰიდროენერგეტიკულ პროექტებსაც (მაგ. ნენსკრას, ხუდონისა და შუახევის ჰიდროელექტროსადგურებს). ევროკავშირმა და მისმა ენერგეტიკულმა გაერთიანებამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ენერგეტიკის სექტორში მთელი რიგი მარეგულირებელი და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმისა და 2021-2030 წლების ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის ჩამოყალიბებაში. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მთიან რეგიონებში გაიზარდა წინააღმდეგობის შემთხვევები როგორც კონკრეტული ჰიდროენერგეტიკული პროექტებისადმი, ისე, ზოგადად, ამ პოლიტიკის დანერგვის მიმართ. ზემოხსენებული მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ამ ბრძოლების უახლესი და ერთ-ერთი მძლავრი გამოვლინებაა, რომელსაც წინ ხანგრძლივი მობილიზაციის მაგალითები უძღოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა კიდეც კონკრეტული, მცირე თუ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შეჩერება.
2021 წლის გაზაფხულზე, ამ ტიპის წინააღმდეგობამ, მართალია მცირე ხნით, თუმცა მაინც მოახერხა საქართველოს მთავრობისა და ჰიდრორესურსების ათვისების მხარდამჭერი საერთაშორისო აქტორების იძულება, შეეჩერებინათ არა მხოლოდ კონკრეტული ჰესების პროექტები, არამედ, ზოგადად, შეეცვალათ ენერგოპოლიტიკისადმი მიდგომაც – ყოველ შემთხვევაში, მაშინ, ეს ასე ჩანდა. მთავრობამ გარკვეულწილად აღიარა საკუთარი კომპეტენციის ლიმიტები მსხვილი ჰესების განხორციელების პროცესში. მან აღგვითქვა, რომ მსხვილი და სტრატეგიული ჰიდროენერგო პროექტები არ უნდა იყოს მხოლოდ უცხოური კერძო კომპანიების საკუთრებასა და მართვაში. მთავრობა დაგვპირდა, ასევე, სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებაში, განვითარებასა და მართვაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჰესების პროექტების მთავარმა დამფინანსებლებმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც (EBRD) შეცვალეს მათი აქტიური მხარდაჭერის პოლიტიკა ჰესების პროექტებისადმი, რომელიც „მწვანე ენერგიაზე გადასვლის“ ხედვას ეფუძნებოდა (Barry & Gambino, 2021). EBRD-ისა და EIB-ის საქართველოს შესახებ მომზადებულ საერთო ანგარიშში, ჰიდროენერგეტიკას ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭა იმ განახლებადი ენერგიების განვითარების სასარგებლოდ, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია (EIB & EBRD, 2021). ვაზილ ჰუდაკმა – ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების საკითხებში – განაცხადა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურების ეპოქა დასრულდა (თაქთაქიშვილი, 2021).
გუმათში რამდენჯერმე მობილიზდა წყლის ჭავლის მანქანა და სპეც. დანიშნულების რაზმი. აქტივისტები ელოდნენ დარბევას და გუმათიდან განდევნას, მაგრამ მკაცრად მშვიდობიანი პროტესტის ფორმებისა და ძალოვანებთან მუდმივი დიალოგის, ზოგჯერ კი მუდარის გამო, პროცესები სხვანაირად წარიმართა. მიუხედავად ამისა, ერთხელ პოლიციამ ძალის გამოყენებით მაინც დაშალა მშვიდობიანი აქცია ჰესის მშენებელ კომპანია „ენკას” ოფისთან.
თუმცა, ენერგეტიკული კრიზისისა და რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების სასოწარკვეთილი ძიების ფონზე, ევროკავშირმა არა მხოლოდ განაახლა, არამედ საფუძვლიანად გააძლიერა საქართველოში ჰიდრორესურსების ათვისების მხარდაჭერა. 2022 წლის მიწურულს, ევროკომისიამ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის, საქართველოს გავლით, წყალქვეშა ელექტროკაბელის დაფინანსება დაამტკიცა. კომისიის პრეზიდენტის თქმით, პროექტი დაეხმარება ევროკავშირსა და საქართველოს, შექმნან „სუფთა, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული საერთო მომავალი“ (ევროკომისია, 2022). ელექტროენერგიის გადამცემ პროექტში მოაზრებული 2.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია რომ გამართლებული იყოს, საქართველომ მეტი ელექტროენერგია უნდა აწარმოოს, რომელიც, შემდეგ, ამ კაბელით გადაიცემა. ვინაიდან ქვეყანა ამჟამად ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორია, საექსპორტო ელექტროენერგიას მისი წარმოების სიმძლავრეების არსებითი ზრდა დასჭირდება – სხვადასხვა, დიდი და მცირე ჰესის მშენებლობა. შესაბამისად, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ახალი ელექტროგადამცემი კაბელი „საუკუნის პროექტად“ გამოაცხადა და ამასთან, ენერგეტიკის სექტორში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი წინააღმდეგობების გამო წარსულში შეჩერებული დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განახლების პირობაც დადო.
აქედან გამომდინარე, გარდაუვალი თუ არა, სავარაუდოა, რომ მომავალ წლებში კვლავ ვიხილოთ დაპირისპირება მდინარეების, ხეობების და ზოგადად, საარსებო გარემოს საკითხებზე. იმის გასაგებად, თუ რა საფრთხეებს მოიტანს სადავო ჰესების პროექტები მომავალში, გადამწყვეტია გასული ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ ჰესებთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესწავლა და საქართველოს ყოფილი თუ მოქმედი მთავრობების; ასევე, პროცესში ჩართული საერთაშორისო აქტორების მიდგომის გამომჟღავნება. ცხადია, ამ დიდი ამოცანის მიღწევა შეუძლებელია წინამდებარე, მოკლე წერილის ფარგლებში. ჩემი მიზანია თვალსაჩინო გავხადო გლობალური განვითარების კონტექსტი, რომლიდანაც ამოიზრდება მოქმედი და სამომავლო „ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების“ პოლიტიკა საქართველოში. მიმაჩნია, რომ ეს ამოცანა გახსნის შესაძლებლობას, გამოვიტანოთ გაკვეთილი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გლობალური განვითარების ჰეგემონიური მიდგომების გარშემო დაგროვილი ცოდნიდან. ამასთან, ვფიქრობ, რომ საქართველოს ბრძოლის კონტექსტუალიზაცია კითხვებს გააჩენს ქვეყანაში არსებული სადავო ენერგოპოლიტიკის გაბატონებული ინტერპრეტაციებისადმიც: ერთი მხრივ, ეს გულისხმობს კორუმპირებული ხელისუფლების პრობლემას, მეორე მხრივ კი კომპრომისული ბალანსის აქტს „ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროებასა და გარემოს თუ სოციალურ უკუეფექტებს შორის“ (German, 2021, გვ. 12). ამგვარი მიდგომა ახდენს პრობლემის ლოკალიზებას და, ამავდროულად, წარმოშობს ენერგეტიკული თუ ეკონომიკური საჭიროებების თავიდან განსაზღვრის, რებალანსირების შესაძლებლობას სოციალურ/გარემოსდაცვით უკუეფექტებთან მი- მართებით. მოცემულ ტექსტში ვეცდები გაჩვენოთ, რომ გლობალური განვითარების დღევანდელი კონტექსტი შეუძლებელს ხდის, მსგავსმა აქტებმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მომგებიანად აქციოს იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც მათი ზემოქმედების ქვეშ ექცევიან, რადგან შეუძლებელია, ასე მარტივად შეიცვალოს ის, რასაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისგან გლობალური ფინანსური კაპიტალი და ტრანსნაციონალური ფინანსური ინსტიტუტები ელიან – შეუძლებელია, მათი მოთხოვნები შესაბამისობაში მოვიდეს სოციალური თუ გარემოსდაცვითი სამართლიანობის მოთხოვნებთან.
ფინანსური მოპოვება და ბუნების გაიაფება, როგორც თანამედროვე კაპიტალიზმის ნორმა
ნამახვანჰესისადმი წინააღმდეგობა უკვე არა მხოლოდ რამდენიმე წელიწადს, არამედ ათწლეულებსაც ითვლის, რადგან პროექტის ძველი, სხვადასხვა ვერსიის წინააღმდეგ პროტესტი ჯერ კიდევ გვიან საბჭოთა პერიოდიდან იწყება. როდესაც 2021 წლის იანვარ-თებერვალში მთავრობასა და სამშენებლო კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული, გასაიდუმლოებული ხელშეკრულება გასაჯაროვდა და გამოაშკარავდა ინფორმაცია მიწის გასხვისების შესახებ, კარვებში საპასუხო, უწყვეტი პროტესტი წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროს, ყველა ჩვენგანი ჩაერთო ამ წინააღმდეგობაში და ეროვნული თუ საერთაშორისო აუდიტორიის მასშტაბით გავიაზრეთ დადებული ხელშეკრულების არსი. არაერთმა ჩვენგანმა ამ შეთანხმებაში მოგების პრივატიზაცია და რისკების სოციალიზაცია ამოიკითხა, რეალურად კი ხელშეკრულების შინაარსი ამ დასკვნებზე ბევრად უარესი გამოდგა. შეთანხმების თანახმად, რიონის ხეობის 50 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე არსებულ მიწებს, რომელთა უმეტესობაც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, მთავრობა 99 წლით – სიმბოლურ ფასად ან, პრაქტიკულად, უფასოდ გადასცემდა კერძო კომპანიას. ის თმობდა, ასევე, მდინარე რიონის აუზსა და კალაპოტს, დამატებით კი კომპანიას ჰპირდებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე მდინარეების კალაპოტებსაც გადასცემდა. სახელმწიფო კერძო კომპანიას ნებისმიერ შესაძლო რისკს უზღვევდა – აძლევდა გარანტიას, რომ საკუთარ თავზე აიღებდა პოლიტიკურ და ეკოლოგიურ რისკებს და 15 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიას დადგენილ ტარიფად (აშშ დოლარში) შეისყიდდა, მაშინაც კი, თუ კომპანია დაგეგმილი რაოდენობის ელექტროენერგიას ვერ აწარმოებდა. ბუნებრივი რესურსების ამ მასშტაბით გაღებისა და ფისკალური რისკების მიუხედავად, სახელმწიფო არ ხდებოდა ჰიდროელექტროსადგურის მეწილე, ისევე როგორც მას არ რჩებოდა არცერთი სხვა მექანიზმი სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმოების განაწილებისა და მოხმარების რეგულირებისთვის. ვიხსენებ, თუ როგორ ვუხსნიდი ამ სიტუაციას მეგობრებს, ოჯახსა და კოლეგებს; როგორ გამუდმებით მესმოდა ერთი და იგივე კითხვა: „რატომ აკეთებენ ამას? რა სარგებელს იღებენ ამგვარი პროექტიდან?“. მართლაც, რთული სათქმელია, თუ რატომ უნდა მოაწეროს ვინმემ, საღი გონებით, ხელი ასეთ შეთანხმებას. საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის შეთანხმება არ იყო ყველაზე ცუდი – როგორც ჩანს, წარსულში მთავრობას გაცილებით უარესი ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტებთან დაკავშირებით. გახარიას განცხადების დასტური ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის საქმეა. ნენსკრას პროექტი, ნამახვანჰესის მსგავსად, ინვესტორის ინტერესებს იცავდა ადგილობრივი ბუნებისა და მოსახლეობის საარსებო წყაროებისა თუ სახელმწიფოს ფისკალური სტაბილურობისადმი საფრთხეების შექმნის ხარჯზე (კოჩლაძე, 2021).
მოძრაობის მიერ დაორგანიზებული შეკრებები უპრეცედენტობით გამოირჩეოდა. აქციებისთვის ძირითადი ლოკაცია ქუთაისი და გუმათი იყო, სადაც გვერდიგვერდ მშვიდობიანად იდგნენ ერთმანეთისგან რადიკალურად გასხვავებული ადამიანები. მიუხედავად პოლარიზებისა და იდეოლოგიური ნიშნით მუდმივი ომისა, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო სივრცე, სადაც ადამიანები, როგორც ბანერზე წერია, „სიყვარულით, სიმართლით, სიკეთით” ერთად ცდილობდნენ გამარჯვებას.
მთავარი სათქმელი, რის გადმოცემასაც ამ ტექსტით ვცდილობ, შემდეგია: მსგავსი შეთანხმებები, რომლებიც პარადოქსულად, აღმაშფოთებლად და ირაციონალურად გვეჩვენება, სინამდვილეში მართლაც ასეთია. დიახ, გეოგრაფიული და ისტორიული თვალსაზრისით, ისინი არ წარმოადგენს ნორმიდან გადახრას ან დევიაციას; არამედ, ეს ნორმაა არა მხოლოდ ქართულ კონტექსტში, არამედ მთლიანად გლობალური აღმოსავლეთისა და სამხრეთის პერიფერიულ სახელმწიფოებში. მსგავსი შემთხვევები გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა კაპიტალიზმი, როგორც მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის, არამედ ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში. საქართველოს მთიან რეგიონებში მდებარე ხეობების მსგავს ადგილებს, ისტორიულად, ცენტრალური მნიშვნელობა აქვს კაპიტალიზმისა და მისი საზღვრების გაფართოებისთვის ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან. ამ პერიოდიდან, ადამიანური შრომა და ბუნებრივი გარემო უფასურდება, როგორც საწვავი კაპიტალის დაგროვებისთვის.
„კაპიტალიზმს არა მხოლოდ გააჩნია საზღვრები; არამედ ის მხოლოდ ამ საზღვრების მეშვეობით ცოცხლობს, ფართოვდება ერთი ადგილიდან – მეორისკენ, გარდაქმნის სოციო-ეკოლოგიურ ურთიერთობებს, აწარმოებს უფრო და უფრო მეტ საქონელსა და მომსახურებას, რაც გაცვლის მზარდი ფორმების მეშვეობით ცირკულირებს. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს საზღვრები ძალაუფლების განხორციელების არეალებია, და არა მხოლოდ – ეკონომიკური ძალაუფლების. სახელმწიფოები და იმპერიები იყენებენ ძალადობას საზღვრების გავლით, კულტურასა და ცოდნას – ბუნების დაბალ ფასად მობილიზებისთვის. სწორედ გაიაფებაა ის, რაც თანამედროვე ისტორიაში საზღვრებს ცენტრალურ როლს ანიჭებს და შესაძლებელს ხდის კაპიტალიზმის ექსპანსიური ბაზრების არსებობას“ (Patel & Moore, 2020).
კაპიტალიზმი ბუნებას, ფულს, შრომას, ზრუნვას, საკვებს, ენერგიასა და სიცოცხლეს საუკუნეების განმავლობაში აიაფებდა, რამაც 21-ე საუკუნის დასაწყისში გარემოს შეუქცევადი ზიანი და კლიმატის კატასტროფა გამოიწვია (Patel & Moore, 2020). პრინციპში, კაპიტალიზმის მთელი ეს დესტრუქციული ისტორია პარადოქსულად, აღმაშფოთებლად და არაგონივრულად ჟღერს (და არის კიდეც). თუმცა, ის სისტემური და განმეორებადია; მისი თითოეული გამოვლინება კი უნდა განიხილებოდეს არა როგორც გამონაკლისი, არამედ როგორც იმ გაცილებით ფართო, ურთიერთდაკავშირებული ბრძოლის ნაწილი, რაც სიცოცხლის ქსელს იცავს. გარდა ამისა, საჭიროა გავიაზროთ, რომ კაპიტალიზმი კონკრეტულ ფორმებს იძენს კონკრეტულ დროსა და ადგილებში. არსებობს მოსაზრება, რომ მიმდინარე ისტორიულ მომენტში – პირველ რიგში, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, გლობალური განვითარების ახალი რეჟიმი ჩნდება, რომელიც ორიენტირებულია ფართომასშტაბიან ტრანსნაციონალურ ინფრასტრუქტურებზე, როგორც კაპიტალისტური დაგროვების მექანიზმზე (Schindler, 2019; Schindler & Kanai, 2021). გასაკვირი არ არის, რომ ისეთ პერიფერიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მზარდია ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი წინააღმდეგობა, რადგან მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით კი გლობალურ აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ფინანსური კაპიტალის სამიზნე სწორედ ამგვარი პროექტებია.
განვითარებისადმი ამ ახალ მიდგომას ზოგჯერ „ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებულ განვითარებას“ უწოდებენ (Schindler & Kanai, 2021), ზოგჯერ კი „უოლ სტრიტის კონსენსუსს“ (Gabor, 2021). ამ ახალ რეჟიმს ახასიათებს ინვესტიციები მსხვილ პროექტებში, უზარმაზარი ინფრასტრუქტურული სქემების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ (BRI). იმის გასაგებად, თუ რა არის მასში ახალი, ამგვარი ინფრასტრუქტურული განვითარება (პოსტ) ვაშინგტონის კონსენსუსს უნდა შევადაროთ – მიდგომას, რომელიც იქამდე, 1990-იანი წლებიდან იყო დომინანტური საერთაშორისო განვითარების პეიზაჟში.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ (პოსტ)ვაშინგტონის კონსენსუსი განვითარების შედარებით არასივრცითი პარადიგმაა, რომელიც უფრო მეტად „ინსტიტუტების სწორ დანერგვაზე“ იყო ფოკუსირებული (კოლოდკო, 1999). ის გვპირდებოდა, რომ ბაზრის გამაძლიერებელი ინსტიტუტები მოიტანდა ზრდას, კეთილდღეობასა და განვითარებას. (პოსტ)ვაშინგტონის კონსენსუსმა იმასაც მიაღწია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოებმა და რეგიონებმა საზღვრები გახსნეს კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისთვის: თავიანთი ბაზრები – საქონლის თავისუფალი მოძრაობისთვის, ბუნება და ინდუსტრიები კი გასხვისებისთვის. ამის საპირისპიროდ, ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული განვითარება განიხილება, როგორც სივრცითი გეგმარების დაბრუნება. ის გვპირდება, რომ ეკონომიკურ ზრდას „ტერიტორიის სწორად მოწყობა“ მოიტანს. მეორე მხრივ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ აშშ-ს ჰეგემონიის დროს, (პოსტ)ვაშინგტონის კონსენსუსს სათავეში დიდი დასავლური სახელმწიფოები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ჩაუდგნენ. სოციალისტური ბლოკის დაშლამ ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა. ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული განვითარების გაძლიერება, როგორც ამბობენ, ჰეგემონიური ძალების, აშშ-ს და ჩინეთის მეტოქეობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ძალა კონკურენციას უწევს ერთმანეთს, ყველა სხვა მხრიდან უკვე არსებობს გარკვეული კონსენსუსი ტრანსნაციონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაფუძნებული დაგროვების უპირატესობაზე. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ თუ (პოსტ) ვაშინგტონის კონსენსუსის ჩარჩოში დაგროვება ჩამორთმევის გზით ხდება (ჰარვი, 2004), ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული განვითარება ან უოლ სტრიტის კონსენსუსი რისკების შემცირებით გზით მუშაობს (Gabor, 2021). მე მჯერა, რომ ეს მესამე ასპექტი, საქართველოშიც და სხვაგანაც, ყველაზე აქტუალურია – სოციალური და გარემოსდაცვითი ბრძოლების ჭრილში. ამიტომ, ვეცდები ეს პროცესი, რამდენადაც შემიძლია, გასაგები ტერმინებით ავხსნა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალიზმის მთავარი გამოწვევა ახალი საზღვრების იდენტიფიცირება, იაფ შრომასა და ბუნებაზე წვდომა და ჭარბი კაპიტალის პროდუქტიული ინვესტირებაა. (პოსტ)ვაშინგტონის კონსენსუსის ფარგლებში, 1970-იანი და განსაკუთრებით, 1990-იანი წლებიდან, კაპიტალმა მოახერხა, მოეძებნა ამ ტიპის საინვესტიციო შესაძლებლობები იქამდე არსებული მობილობის ხელისშემშლელი ბარიერების მოშლით სხვადასხვა სივრცესა თუ სექტორში. (პოსტ)ვაშინგტონის კონსენსუსისთვის დამახასიათებელი, ჩამორთმევის გზით დაგროვების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება პრივატიზაციის პროცესისთვის საჭირო სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული რესურსებისა და ინფრასტრუქტურების მოძიება იყო. ამ კუთხით, საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური რეჟიმების ჩამოშლა ხელსაყრელი შესაძლებლობა აღმოჩნდა (პოსტ)ვაშინგტონის კონსენსუსისთვის, რათა აღმოსავლეთში საკუთარი წესებით შესულიყო და დაგროვება ჩამორთმევის გზით განეხორციელებინა. კაპიტალი დაიძრა აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით და მეტიც, დასავლეთისა და ჩრდილოეთის საზოგადოებებისკენაც კი. დაიწყო საჯარო ინფრასტრუქტურის ან, უფრო ზოგადად, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს პრივატიზაცია. გახშირდა მიწის მიტაცებისა და სხვა, მსგავსი ტიპის პრაქტიკები; საზოგადოებრივი წყალმომარაგება და სატრანსპორტო სისტემები, საბინაო ფონდები თუ სხვა ინფრასტრუქტურები მოგების მაძიებელ საწარმოებად გარდაიქმნა. საზოგადოებრივი კეთილდღეობის კერძო საკუთრებად, შემდეგ კი კერძო მოგებად გარდაქმნა, საარსებო საშუალებების განადგურებასა და საზოგადოებებისათვის აუცილებელ რესურსებსა თუ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუქმებასთან ერთად, სწორედ ის პროცესია, რასაც ჩამორთმევას ვუწოდებთ.
ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული განვითარების (უოლ სტრიტის კონსენსუსის) პირობებში, პრივატიზაცია ფინანსური კაპიტალის ინვესტირებისთვის არასაკმარისი წინაპირობაა. გასხვისება ბუნებრივი რესურსების ან საჯარო ინფრასტრუქტურების პრივატიზებისა და მოგებისთვის გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა, ის არ იძლევა მოგების გარანტიას. სინამდვილეში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კერძო კომპანიებს ყოფილი საჯარო ინფრასტრუქტურებიდან სარგებლის მიღება მუდმივად უჭირდათ – მაშინაც კი, როცა მათ ამ სარგებლის მიღება მოახერხეს, რისკი ისევ მათსა და მათ უკან არსებული ფინანსური კაპიტალის მხარეს იყო. მეორე მხრივ, ყველა ბიზნესი მომგებიანი არ არის და ყველა ინვესტიცია ყოველთვის ვერ მოგვცემს მაღალი მოგების გარანტიას. განვითარება რისკების შემცირებით – რაც ამ ახალ პარადიგმას ახასიათებს, ინვესტორებისა და საწარმოებისთვის ბაზარზე არსებული რისკების აღმოფხვრას გულისხმობს.
პრივატიზაციის წინა ტალღების წყალობით, გაიაფდა ბუნებაც – განვითარების მიმდინარე პარადიგმის ფარგლებში, გაიაფების ახალი ფორმები წარმოიშვა. (ადგილობრივ) ხელისუფლებებს, ახლა უკვე არა მხოლოდ მათი რესურსების დაბალ ფასად დათმობა, არამედ განვითარების პროექტებში მონაწილეობაც ევალებათ, ეგრეთწოდებული კერძო-საჯარო პარტნიორობის გავლით (Hildyard, 2016). ამგვარი პარტნიორობის ფარგლებში, ბუნებისა და ინფრასტრუქტურის გაიაფება განიხილება, როგორც ინვესტიციაში სახელმწიფოს როლი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ პროექტებში დებს ბუნებას და ხშირად, კაპიტალს, აქტივები და მოგება კერძო საკუთრებასა და მართვაში რჩება. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ შესაძლო რისკზე პასუხისმგებლობის აღება და მოგების გარანტირება გარიგების ნაწილი და ინვესტირებისთვის აუცილებელი პირობაა. ამ თვალსაზრისით, განვითარების ახალ კონტექსტში არა მხოლოდ საზოგადოებრივი ან ადგილობრივი საკუთრება გამოიყენება მოგების მისაღებად, ხდება არა მხოლოდ გარემოს დაბინძურების სოციალიზაცია ან მძიმე შრომითი ექსპლუატაცია, არამედ, ასევე, ეს პროცესი უზრუნველყოფს მოგებასა და შემოსავალს პერიფერიული სახელმწიფოების ბუნების გაძვირებითა და მათი ფისკალური შესაძლებლობების მობილიზების ხარჯზე. ჩვენ ინვესტორებს მოგების ამოღებისა და კრედიტორებს გასტუმრების შესაძლებლობას კი არ ვთავაზობთ, არამედ მათ ამ მოგებისა და ანაზღაურების გარანტიას ვაძლევთ ნებისმიერი მასშტაბის სოციალური და გარემოსდაცვითი ზიანის ფასად.
რა იქნება შემდეგ მდინარეებისა და დანარჩენი ბუნებისთვის ბრძოლაში?
კონკრეტულად ამ ისტორიულ მონაკვეთში, რომელშიც ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ექსპლუატაცია მიბმულია ფინანსურ მოპოვებასთან დეველოპმენტალისტური, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელით (Hildyard, 2016), ნებისმიერი ბრძოლა, რომელიც სიცოცხლის ქსელს იცავს, ამ ექსპლუატაციისა და მოპოვების გლობალურ და სისტემურ ხასიათს უნდა დაუპირისპირდეს. გასაკვირი არ არის, მაგრამ აღმაშფოთებელია, როდესაც ადგილობრივი მთავრობები მონურ და კოლონიალურ გარიგებებს დებენ ტრანსნაციონალურ დეველოპერულ კომპანიებთან და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოფილი სოციალისტური აღმოსავლეთი და გლობალური სამხრეთი სავსეა ამ ტიპის ბრძოლებით ბუნებრივი რესურსებისთვის სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის წინააღმდეგ. საქართველოს მსგავსად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბოსნია-ჰერცეგოვინიდან – სერბეთამდე და რუმინეთამდე, მძვინვარებს ბრძოლა წყლის რესურსების ექსპლუატაციისა და ათვისების პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც „მწვანე გადასვლის“ სახელითაა ცნობილი და რომელსაც ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობები ვერ ხედავენ საჭიროებას, დათმონ საკუთარი სასიცოცხლო სივრცეები განვითარების იმ პროექტებისთვის, რომლებსაც „მწვანე განვითარების“ სახელით სარგებელი მხოლოდ გლობალური ფინანსური კაპიტალისთვის მოაქვთ, ძალაუფლების კარგად ნაცნობი თუ ახლად აღმოცენებული ცენტრებისთვის, იქნება ეს ძველი დასავლური ჰეგემონური აქტორები თუ იმგვარი სწრაფად აღმავალი ეკონომიკა, როგორიც ჩინეთია. როგორც არგენტინაში, ბოლივიასა და ჩილეში აცხადებენ წყლისა და ლითიუმისთვის ბრძოლისას:
„იმ საზოგადოებებს, რომლებიც თაობების განმავლობაში უწყვეტად სახლობდნენ თავიანთ ეკოსისტემებში და ტერიტორიებზე, ვერ დაარწმუნებთ, რომ კლიმატის ცვლილებაზე პასუხი ანდების მთებში მლაშე ვაკეების ეკოსისტემების განადგურებაა. კლიმატის ცვლილება არ გამოუწვევია აქ მოსახლეთა საქმიანობას, შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტას რომ მათი ცხოვრების სტილი, ტრადიციები, კულტურა, სულიერება, ადათ-წესები და სოციალური ურთიერთობები შეეწიროს, ერთი სიტყვით, შეეწიროს მათი არსებობა, უსამართლობა იქნება. ჩვენ სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ [კლიმატის კრიზისიდან], რომელიც არ გულისხმობს სიცოცხლის მდგრადი ფორმების მსხვერპლშეწირვას“ (Liu, 2021).
ბრძოლა რიონის ხეობის დასაცავად წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძლავრი გამოვლინებაა, რომელიც ამჟღავნებს გლობალური განვითარების რეჟიმის მეთოდებს და არღვევს ყალბ ბინარულობას, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ენერგეტიკულ თუ ეკონომიკურ საჭიროებებსა და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკოლოგიურ საზრუნავს შორის. ის გვაჩვენებს, რომ ამ საკითხს არ აქვს ორი მხარე, რომ არ არსებობს ეკოლოგიური ზიანის საპირწონე არავითარი ეკონომიკური არგუმენტი და შესაბამისად, არ არსებობს მარტივი დამაბალანსებელი მოქმედება ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს შორის, რამაც, შესაძლოა, მისაღებად აქციოს ისეთი ფუნდამენტურად უსამართლო და მოხვეჭაზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა „ნამახვანჰესი“.
პერიფერიული სახელმწიფოების ეკონომიკები სარგებელს ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტებისგან არ იღებენ, თუმცა, ამ პატარა ქვეყნებს ევალებათ ბუნებრივი რესურსებისა და ფისკალური შესაძლებლობების მობილიზება გლობალური ფინანსური კაპიტალის ინტერესების სასარგებლოდ. თანამედროვე, შეუქცევადი კლიმატური კატასტროფის კონტექსტში, საცხოვრებელი გარემოს დასაცავად წარმართულ თითოეულ ბრძოლას ლოკალური, რეგიონული, ეროვნული და მართლაც პლანეტარული მნიშვნელობა აქვს. ერი-სახელმწიფოების ყველაზე მნიშვნელოვან აქტორებად აღქმა ბუნების გაიაფებისა და ექსპლუატაციის პოლიტიკაზე ფიქრისას, არა მხოლოდ იმ გლობალური ძალების დანახვისგან გვაშორებს, რომლებიც ამგვარი, ექსტრაქტივისტული ინფრასტრუქტურული პროექტების სულისჩამდგმელნი არიან, არამედ, ასევე, ბუნდოვანს ხდის ტრანსლოკალური სოლიდარობის შესაძლებლობებს სიცოცხლის ქსელის დაცვისათვის ბრძოლაში.
განსხვავებული არ იყო თბილისში ჩატარებული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციაც, სადაც მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, მკაცრად განსაზღვრული წესების წყალობით მოძრაობამ შეძლო 23 მაისიდან 26 მაისამდე საკუთარ სივრცეში მშვიდობის შენარჩუნება. საგულისხმოა, რომ რეგიონში დაწყებულ საპროტესტო ტალღას დედაქალაქი საკმაოდ გულგრილად შეხვდა. ადვილად შეიმჩნეოდა გადაკეტილი გზების გამო უკმაყოფილება და უნდობლობა, რასაც ქალაქის მაცხოვრებლები პერიფერიიდან ჩამოსულ ადამიანებს უცხადებდნენ.
თბილისში დიდი ხნით დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ხეობაში უკანონო მშენებლობა გრძელდებოდა. პროცესის დროებით შეჩერება მხოლოდ სამშენებლო მოედნებზე მოულოდნელი გამოჩენით ხერხდებოდა. ამ დროს ყველა მუშა, რომელთა სრული უმრავლესობა თურქეთის მოქალაქე იყო, აქტივისტებსა და მათთან კომუნიკაციას გაურბოდა. კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც მოძრაობამ მშენებლობის შესაჩერებლად გამოიყენა, ხეობაში შემავალი გზების ჩაკეტვა იყო, რის მერეც, კერძო კომპანიამ, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, შეწყვიტა საქმიანობა.
2021 წლის 28 ივნისისთვის ხეობაში მშნებლობა უკვე გაჩერებული იყო. „ენკამ” დაიწყო აბარგება და არბიტრაჟისთვის მზადება, თუმცა მათი უკანონო საქმიანობის კვალი ტერიტორიას დღემდე ემჩნევა. უმოწყალოდ გაჩეხილი ტყეები და დაფლეთილი ფერდობები, რომლებიც კიდევ უფრო მეწყერსაშიში გახდა, აქტივისტების საზეიმო განწყობას აუფერულებდა.
შენიშვნები
1 მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც განსაკუთრებით აქტიური 2020-2022 წლებში იყო, ჰიდროელექტროსადგურის პროექტის წინააღმდეგ მოძრაობის ყველაზე მასშტაბური მაგალითია საქართველოში. მოძრაობამ წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს მთიანი რეგიონების, რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის დასავლეთ ნაწილში დაგეგმილი ორკაშხლიანი პროექტის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობას. ჯამში 433 მგვტ სიმძლავრის პროექტს თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებდა. 2022 წლის დასაწყისში, წინააღმდეგობის ფონზე, კომპანიამ პროექტი შეაჩერა.
2 „შუახევი ჰესი“ მთიან აჭარაში მდებარე 178 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია. მშენებლობა 2017 წლისთვის დასრულდა, თუმცა, ექსპლუატაციაში შესვლიდან მალევე, დერივაციული გვირაბები მნიშვნელოვნად დაზიანდა. სადგურმა მუშაობა 2020 წლისთვის განაახლა და მისი შეკეთების ხარჯებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო შეადგინა. არსებობს ეჭვი, რომ ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს მოუწია. ამასთან, ქართულმა სახელმწიფომ არავითარი კომპენსაცია არ გასცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვისი საარსებო გარემოც პროექტმა მძიმედ დააზიანა. პროექტის განხორციელების შედეგად, რამდენიმე სოფელმა დაკარგა სასმელ წყალზე წვდომა და ვეღარ აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. რეგიონში გააქტიურებულია, ასევე, სეისმური პროცესები. „შუახევი ჰესის“ მიმდებარე სოფლებში პროტესტი დღემდე გრძელდება (ლორთქიფანიძე, 2019). დარიალის ხეობაში 108 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. 2014 წელს, ჰესი წყალდიდობამ და მეწყერმა დააზიანა, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ, სადგური 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა, იმავე წელს, EBRD-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ თავის დროზე, პროექტის მშენებლობა საჭირო კვლევებისა და ნებართვების გარეშე დაიწყო. შედეგად, ჰესის მშენებლობის დამფინანსებელი EBRD თავისივე სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დარღვევაზე აღმოჩნდა პასუხისმგებელი (mtisambebi.ge, 2017).
3 წყარო: http://bit.ly/2WVE5xU
გამოყენებული ლიტერატურა
Barry, A., & Gambino, E. (2021). Unsustainable transition? Hydropower and the post-Covid recovery in Georgia. OpenDemocracy.https://www.opendemocracy.net/en/odr/unsustainable-transition-hydropower-and-post-covid-recovery-georgia/ Chipashvili, D. (2021, September 20). How much water should stay in the river? (რამდენი წყალი უნდა დარჩეს მდინარეში?). Green Alternative. https://greenalt.org/blogs/ramdeni-wyali-unda-darches-mdinareshi/
European Commission. (2022, December 17). Statement by President von der Leyen at the signing ceremony of the Memorandum of Understanding for the development of the Black Sea Energy submarine cable [Https://neighbour- hood-enlargement.ec.europa.eu/]. European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations. https://neighbour- hood-enlargement.ec.europa.eu/news/statement-president-von-der-leyen-signing-ceremony-memorandum-understand- ing-development-black-sea-2022-12-17_en
Gabor, D. (2021). The Wall Street Consensus. Development and Change, 52(3), 429–459. https://doi.org/10.1111/dech.12645 Harvey, D. (2004). The “New” Imperialism: Accumulation by Dispossession. Socialist Register, 40. https://socialistregister.com/ index.php/srv/article/view/5811
Hildyard, N. (2016). Licensed larceny: Infrastructure, financial extraction and the Global South (pp. xiii, 124 Seiten : ; Diagramme, Karten.). University Press.
Kanai, J. M., & Schindler, S. (2022). Infrastructure-led development and the peri-urban question: Furthering crossover compari- sons. Urban Studies, 59(8), 1597–1617. https://doi.org/10.1177/00420980211064158
Kochladze, M. (2021, September 17). The never ending saga of the Nenskra HPP. Bankwatch. https://bankwatch.org/blog/the- never-ending-saga-of-the-nenskra-hpp
Kolodko, G. W. (1999). Transition to a market economy and sustained growth. Implications for the post-Washington consensus. Communist and Post-Communist Studies, 32(3), 233–261. https://doi.org/10.1016/S0967-067X(99)00011-2
Liu, S. (2021, July 20). ‘Green’ Extractivism and the Limits of Energy Transitions: Lithium, Sacrifice, and Maldevelopment in the Americas. Georgetown Journal of International Affairs. https://gjia.georgetown.edu/2021/07/20/green-extractiv- ism-and-the-limits-of-energy-transitions-lithium-sacrifice-and-maldevelopment-in-the-americas/
Lortkiphanidze, E. (2019, April 25). Why doesn’t Shuakhevi HPP work after two years of its completion? რატომ არ მუშაობს 2 წლის წინ დასრულებული „შუახევიჰესი“ დღემდე? Radio Tavisupleba. https://www.radiotavisupleba.ge/a/შუახევიჰესი—რა- შედეგი-აქვს-ამ-ეტაპზე-საქართველოს/29903670.html
Mepharishvili, M. (2018, April 20). A map of planned hydropower plants in Georgia საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა.
NETGAZETI.ge. https://netgazeti.ge/news/269621/
Mtisambebi.ge. (2017). EBRD board confirms that Dariali HPP was built with severe EBRD–ის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა, რომ დარიალი ჰესი დარღვევებით აშენდა. https://mtisambebi.ge/news/ecology/item/466-ebrd%E2%80%93is-direqtor- ta-sabchom-daadastura,-rom-dariali-besi-dargvevebit-ashenda?fb_comment_id=1119870034783469_1120927594677713
Patel, R., & Moore, J. W. (2020). A history of the world in seven cheap things: A guide to capitalism, nature, and the future of the planet. Verso Books.
Rekhviashvili, L. (2021, March 15). A Louder Periphery: Guardians of the Rioni Valley against the “Namakhvani Hydroelectric Power Plant (HPP).” Lefteast. https://lefteast.org/a-louder-periphery-guardians-of-the-rioni-valley-against-the-namakhvani- hydroelectric-power-plant-hpp/
Rekhviashvili, L. (2022). Struggle for Rioni Valley in between civil and political society terrains: Contested infrastructures and development politics. Heinrich Boell Foundation South Caucasus Regional Office. https://ge.boell.org/sites/default/ files/2022-12/rioni_valley_struggle.pdf
Schindler, S., & Kanai, J. M. (2021). Getting the territory right: Infrastructure-led development and the re-emergence of spatial planning strategies. Regional Studies, 55(1), 40–51. https://doi.org/10.1080/00343404.2019.1661984
Taktakishvili, N. (2021, October 28). Hudak Might Not Know, Even Small HPPs Were Protested In Georgia—Energy Expert. Busi- ness Media Georgia. https://bm.ge/en/article/safosto-da-saamanato-sferos-shemosavali-96-mln-laramde-gaizarda/94161
იხილეთ პუბლიკაციის ბმული: