ჰომოფობია კაპიტალის სამსახურში

ჰომოფობია კაპიტალის სამსახურში

ავტორი: ლიკა ჯალაღანია

19 მაისი 2024

2024 წლის 25 მარტს “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების და ასევე, კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც სქესის მიხედვით განსაზღვრული ცნებების არგამოყენებისკენ, ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.[1] კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის აკრძალვასაც და შეიცავს დამატებით რეგულირებებს შვილად აყვანის წესთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საკონსტიტუციო და კონსტიტუციური კანონის ცვლილების საშუალებით ორ რამეზე მიგვანიშნებს. ერთი მხრივ, ხელისუფლება ამ ცვლილებას საქართველოსთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად წარმოაჩენს და წარმოსახული აპოკალიპტური საფრთხის თავიდან არიდება ერის შენარჩუნებისათვის სწორედ “დედა” კანონმა უნდა უზრუნველყოს. მეორე მხრივ, პროცედურულად საკონსტიტუციო ცვლილების ფორმატი საშუალებას იძლევა ცვლილებების საფუძველი და მასთან შეკავშირებული აფექტები საზოგადოებაში ბევრად მარტივად გავრცელდეს. რეალისტურად, რომ შევხედოთ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს, რაც ისედაც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს ეს მიზანი არც აქვს. მთავარი მიზანი, შიშების, შეთქმულების თეორიების, მითებისა და ცრურწმენების საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში გაჟონვაა, რომელსაც ეფექტურად ძალუძს არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გააღრმავოს და საკუთარ ხალხთან დისკურსული ომი აწარმოოს, ოღონდ არა საკუთარი, არამედ ისევ და ისევ, ხალხის ხელით – მართლაც, საკუთარ თავთან წინააღმდეგობა, ალბათ ყველაზე გამანადგურებელი ბრძოლაა, რადგან ის ყველა შემთხვევაში მარცხს განიცდის.

საკონსტიტუციო ცვლილებების აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოში ანტი-გენდერული მოძრაობებისა და “ოჯახური ღირებულებების” შესახებ რიტორიკის ანალოგია და ზუსტად მიჰყვება პოლიტიკური ჰომოფობიისა და მანიპულაციის აქამდე არაერთგზის ნაცად გზებს (Gelashvili, 2024). ბოლო ათწლეულია, ანტი-ევროპული ან მის ქვეშ წარმოქმნილი ანტი-გენდერული ნარატივები სხვადასხვა სიმძლავრით იკიდებს ფეხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გლობალური ჰომოფობიის სახით (Bosia and Weiss, 2013). ის თანაბრად ვრცელდება, ინდოეთში, ეგვიპტეში, უნგრეთში, ინდონეზიასა და უგანდაში, რისი არგუმენტირებისთვისაც ინიციატორი მთავრობები ხშირად იშველიებენ ანტი-იმპერიალისტურ და დეკოლონიურ არგუმენტებს.

როგორც ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში, რუსეთში წარმოქმნილი ჰომოფობიური დისკურსიც, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და აგრესიულია (Tsaturyan, 2024). ის შეზრდილია ანტი-დასავლურ (ან ანტი-ევროპულ) რიტორიკასთან და ეროვნული მიკუთვნებულობისა და სახელმწიფოს ლეგიტიმიზების პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ქვეშ ქვიარ სხეულების კონტროლი და რეგულირება კონტრჰეგემონურ, ანტი-იმპერიალისტურ პოლიტიკად წარმოგვიდგება. რუსული ჰომოფობია დასავლეთსა და რუსეთს შორის საზღვრის გავლების აქტია, რაც ამ უკანასკნელს მსოფლიოს ძალაუფრებრივ წესრიგში საკუთარი ადგილის განსაზღვრის გზის ნაწილად ესახება – გახდეს ტრანსნაციონალური კონსერვატიული ალიანსის ლიდერი (Edenborg, 2018). ცივილიზაციური ომი “გენდერსა” და “სექსუალობას” ბრძოლის ველად გადააქცევს, ხოლო დეკოლონიზაციასა და ანტი-იმპერიულ ნარატივს ახალი სამყაროს ავტოკრატიული იმპერიის შენებისთვის მოიხმობს.

აშკარაა, რომ რუსეთი მრავალი ტიპის ომშია ჩართული, და ეს მისთვის ცივილიზაციური მნიშვნელობისაა. ის მყარად ინარჩუნებს დასავლეთთან გამიჯვნის იმგვარ რიტორიკას, სადაც საკუთარ თავს ოჯახის ღირებულებების დარაჯ “წმინდა” სამშობლოდ წარმოგვიდგენს, ხოლო დასავლეთს ამორალურ იმპერიად, სწორედ ამიტომ, ამ საკითხის მკვლევრების მიხედვით, რუსული ჰომოფობია, სინამდვილეში გეოპოლიტიკური ჰომოფობიაა (Edenborg, 2018).

საქართველოს, როგორც იმპერიების ჩრდილქვეშ მყოფ, პერიფერიულ ქვეყანას მძლავრი პარტნიორები სჭირდება, რათა შიდა და საგარეო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებს გაუმკლავდეს. მმართველობის დასაწყისში ასეთ პარტნიორად “ქართული ოცნება” ევროკავშირს ინარჩუნებს. მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ის აქტიურად იწყებს საერთაშორისო მოთხოვნების შესრულებას ჰომოფობიასთან ბრძოლის მიზნებისთვის, და ერთმანეთის მიყოლებით ქმნის ანტი-დისკრიმინაციულ და ლგბტ უფლებების დაცვისათვის გამიზნული კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში ლგბტ ჯგუფის უფლებების დაცვისათვის შესაბამის მექანიზმებს, და კეთილდღეობის სახელმწიფოს სახასიათო ელემენტებსაც კი, მაგალითად. საყოველთაო ჯანდაცვის ინიცირების გზით. ზემონახსენები ცვლილებები კი დასავლურ დღის წესრიგში ჩაწერისათვის გამოსაყენებელი კარგი ინსტრუმენტია.

თუმცა, ზემოაღნიშნულის პარალელურად, ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უშვებს ჭანჭიკებს თავისუფალი ბაზრის მიმოქცევისთვის, და ეკონომიკური თავისუფლების სლოგანების ქვეშ, სულ უფრო უწყობს ხელს კაპიტალის ერთეული ადამიანების ხელში აკუმულაციას. ამიტომ, მმართველობის დასაწყისში სექსუალური უფლებების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯები შეგვიძლია გავიგოთ, როგორც კამუფლაჟი, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი დასავლეთისათვის მისაღებად აქციოს. ცხადია ეს ინტერესებიც თავიდანვე არ იყო ეკონომიკური რაციონალობისგან თავისუფალი და ის ყოველთვის ატარებდა სურვილებისა და ინტერესების ქვე-კატეგორიებს.

ზოგადადაც, მკაცრი ნეოლიბერალური გეზი, პერიფერიული პოსტ-საბჭოთა ეკონომიკის საკვაძნო მახასიათებლად იქცა. არახალია, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი კონსერვატიზმიც, თუმცა, პარადოქსი, საქართველოს კონტექსტში, არა კონსერვატიზმში, არამედ ნეოკონსერვატიულ შემობრუნებაშია.

მცირე ინტელექტუალური კავშირიდან გამომდინარე, ნეოლიბერალურ და ნეოკონსერვატიულ მიდგომებს აუხსნელი ურთიერთობა აქვთ. როგორც სოციოლოგი მეილნდა კუპერი (2017) აღნიშნავს, ნეოკონსერვატრებისგან განსხვავებით, ნეოლიბერალიზმის ინტერესი „ოჯახური ღირებულებების“ გაძლიერებაში მეტად გასაკვირია. თუმცა, კუპერის აზრით, ნეოლიბერალიზმს ასევე შეიძლება სჭირდებოდეს ნუკლეარული ოჯახის „მდგრადობის“ შენარჩუნება, როგორც კაპიტალიზმს, რათა სახელმწიფოს არარსებობა დააზღვიოს და ინდივიდების სოციო-ეკონომიკურ გარანტად დარჩეს (Cooper, 2017).

კუპერის მიდგომა, დაინახოს ერთი შეხედვით შეუკავშირებლის შეკავშირება, დაფიქრებას ნამდვილად იმსახურებს. მითუმეტეს, თუ ნენსი ფრეიზერსაც გავიხსენებთ, რომელმაც ჯუდიტ ბატლერთან ცხარე დისკუსიაში უკვე გვითხრა, რომ ნეილიბერალიზმს აღარ სჭირდება სექსუალობების რეგულირება, ჰეტერონორმატიულობების გამყარება და ნუკლეარული ოჯახების შენარჩუნება სოციალური რეპროდუქციისთვის (Fraser, 1997).

თუმცა ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ნეოკონსერვატიზმისა და ნეოლიბერალიზმის უცაბედი ქორწინების ახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ დავუშვებთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას იდეოლოგია გააჩნია და მისი პრინციპებით ან მისი ერთგულებით მოქმედებს. მაგრამ, ვფიქრობ, განსაკუთრებულ დაკვირვებას არ საჭიროებს იმის დანახვა, რომ სინამდვილეში “ქართულ ოცნებას” იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნია.

ქვეყანაში, სადაც მიგრაცია წახალისებულია, რთულია ვისაუბროთ სოციალური რეპროდუქციის მოთხოვნის ნორმატიულობაზე და მითუმეტეს, მის კულტურულ საფუძვლებზე. მიგრირებული სამუშაო ძალა ყოველთვის შეიძლება ჩანაცვლდეს გლობალური მესამე სამყაროს მუშახელით, ან თუნდაც ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობით. შესაძლოა ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოს კონტექსტში ჩვენ გვაქვს არა ბიოპოლიტიკა, სოციალური რეპროდუქციის ნორმატივი, ან “ოჯახური ღირებულებებისკენ” ნეოკონსერვატიული შემობრუნება, არამედ ყველაფერი ზემოდასახელებულის მიმიკრია, მიმსგავსება და პერფორმანსი, ზუსტად ისე, როგორც მანამდე, პრო-ლგბტ კანონმდებლობა წარმოადგენდა კამუფლაჟს.

მაშასადამე, თუ ეს აგრესიული ჰომოფობიური გეზი არც “მხოლოდ კულტურულია”, არც ბიოპოლიტიკის ნაწილია, რომელიც ნუკლეარული ოჯახის შენარჩუნებას თვითგადარჩენისთვის იყენებს, და არც ნეოკონსერვატიულ-იდეოლოგიურია, მაშინ რა არის ის?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პარტნიორული ურთიერთობების გადალაგების დინამიკას უნდა დავაკვირდეთ. “ქართული ოცნების” მმართველობის პირველ წლებში ევროკავშირთან თანამშრომლობას და მის გაღრმავებას უკანა კარიდან ნელ-ნელა მოჰყვა ანტი-დასავლური რიტორიკა და რუსეთის შესახებ ნარატივის შერბილება, რაც მალევე დაგვირგვინდა ევროკავშირთან პარტნიორობის განზრახი დაზიანების არაერთი ფაქტით (Gabritichdze, 2023). ევროკავშირისთვის და მის მიერ შემოთავაზებული მხარდაჭერისთვის ხელის კვრა, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ლიდერის მხრიდან მათ წარმომადგენლთა შეურაცხყოფით, მათი ფინანსური მხარდაჭერის უარყოფით, შეთანხმებების დარღვევით, უცხოური გავლენის შესახებ აგენტების კანონის ინიცირებით (Jones and Sabanadze, 2023) თუ ქვეყნის “სუვერენულობაზე” ხაზგასმით, დროში ემთხვევა არამხოლოდ რუსეთისაკენ შებრუნებას, არამედ მესამე ძალის, ჩინეთის გამოჩენას საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაზე (ივანიაძე, 2023).

წლებთან ერთად, რაც უფრო სააშკარაოზე გამოდის “ქართული ოცნების” ავტოკრატიული მისწრაფება და ერთეულების ხელში მოქცეული კაპიტალი, ის სულ უფრო მეტად საჭიროებს ქვეყნის შემობრუნებას იქ, სადაც ფინანსური კაპიტალი შეძლებს თავისუფალ მოძრაობას, ყოველგვარი “გამჭვირვალობის”, მდგრადი განვითარების პრინციპების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული მონაწილეობის თუ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე. ამის ცალსახა მაგალითია ე.წ. “ოფშორების შესახებ კანონის” ინიცირება და დამტკიცებაც, ყოველგვარი პოლიტიკური მსჯელობის გარეშე. ამგვარი პარტნიორობისთვის კი ჩინეთი მართლაც სასურველია, რომელსაც კავკასიაში თავისი კონკრეტული ეკონომიკური ინტერესის მიღმა, როგორიცაა შუა დერეფნის გამოყენება, “ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა თუ პოლიტიკური რეფორმების მხრივ ვითარება არ აინტერესებს” (ივანიაძე, 2023).

საგარეო ურთიერთობების დინამიკის ცვლილების ფონზე, როგორ სწრაფადაც მოახდინა ხელისუფლებამ ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაწერა ევროკავშირისთვის, ისე ერთი ხელის მოსმით მოიცვა ერთ საკანონმდებლო რეფორმაში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ტრანს სხეულების რეგულირება თუ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანების დევნა, რასაც თავად რუსეთშიც კი, თითქმის 10 წელი დასჭირდა (Tsaturyan, 2024).

ამ მანევრირების ასეთმა ცხადმა “ტრიუკებმა” უნდა მიგვითითოს, რომ ჰომოფობია არა იდეოლოგიური ნეოკონსერვატიული ბრუნია, არამედ საკუთარი თავის გადაკეთება ბაზრის ინტერესებისთვის. “ქართული ოცნება” იქცევა, როგორც რიგითი ვაჭარი, რომელსაც შეუძლია ყველა სიტუაციაში გაყიდოს საკუთარი სხეული და ის ყველა მყიდველის ინტერესებს მოარგოს, იქნება ეს დერეგულაციური პოლიტიკა, გარემოს დაცვის სტანდარტების მოშლა, ოფშორული შავი ბაზრისთვის გზის გაკვალვა თუ ნეოკონსერვატორობა ნეოკონსერვატორების გულის მოსაგებად. ამიტომ, ამ კონკრეტულ კონტექსტში, ქართული ოცნებას შეუძლია იყოს ყველაფერი და არაფერი, იმის მიხედვით თუ რას და როდის ყიდის.

სწორედ ამიტომ, ჰომოფობიის საგაზაფხულო კულტივაცია ერთი მხრივ, წარმოადგენს, არა უბრალოდ ყურადღების გადატანისათვის საჭირო “ტრიუკს”, არამედ შავი ბაზრის და კაპიტალის ხელშეუხებლობისთვის აუცილებლად შესასრულებელ ერთ-ერთ წინაპირობას, რათა მისი ალიანსი დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენილ “წმინდა” ცივილიზაციასთან უფრო ცხადად გამოჩნდეს. მეორე მხრივ, კი ჰომოფობია საჭიროა ამ ალიანსში ჩაწერის და ანტი-დასავლური კურსის გასამართლებლად. ამრიგად, დღეს სახეზე გვაქვს არა უბრალოდ პოლიტიკური, არამედ გეოპოლიტიკური ჰომოფობიის ეკონომიკური განზომილება, რომელიც საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალის სამსახურშია.

ერთეულების ხელში აკუმულირებული კაპიტალის დასაცავად კი დღეს მმართველ ხელისუფლებას ავტოკრატია ჰაერივით სჭირდება. მაგრამ ავტოკრატიისთვის მმართველმა საზოგადოებაში გამოგონილი „სიმართლის“ შესახებ რწმენა უნდა შექმნას, თუმცა ერთადერთი რაც მას გამოსდის, სინამდვილეში, საკუთარი თავის შესახებ სიმართლის წარმოებაა.

[1] ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა, იხ: https://www.radiotavisupleba.ge/a/32889834.html

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ივანიაძე, მ. (2023). საქართველოს სახიფათო პარტნიორობა ჩინეთთან. რონდელის ფონდი.

Bosia M.J and Weiss M.L., (2013). Political Homophobia in Comparative Perspective. In Weiss M.L., Bosia M.J., eds. 2013. Global Homophobia: States, Movements, and the Politics of Oppression. Urbana: University of Illinois Press.

Cooper, M. (2017). Family Values: Between Neoliberalism and the New Social Conservatism. Zone Books. https://doi.org/10.2307/j.ctt1qft0n6

Edenborg, E. (2018). ” Homophobia as Geopolitics: ’Traditional Values’ and the Negotiation of Russia’s Place in the World”. In J. Mulholland–N. Montagna – E. Sanders-McDonagh (Eds.) Gendering Nationalism: Intersections of Nation, Gender and Sexuality. London: Palgrave

Fraser, N. (1997). Heterosexism, Misrecognition and Capitalism: A response to Judith Butler. Social Text, Volume 0, Issue 52/53, Queer Transexions of Race, Nation and Gender (Autumn-Winter, 1997), 279-289.

Gabritchidze, N. (2023). Foreign agent bill threatens to kill Georgia’s EU hopes. Eurasianet.

Gelashvili, T. (2024). Perspectives: Unpacking the Georgian government’s understanding of “pseudo-liberal ideology. Georgian Dream Co-opting far-rights ideas. Eurasianet.

Jones, S. and Sabanadze, N. (2023). Perspectives: Elections Are Not Enough: Georgia Needs a New Model of Democracy. Eurasianet.

Tsaturyan, A. (2024). Visualizing the Emergence of Political Homophobia: Anti-LGBTQ+ and Anti-Ukrainian Sentiment in Russian Public Opinion. Socius, 10. https://doi.org/10.1177/23780231241234622