გამოქვეყნებულია: 2023 წლის 16 დეკემბერს, 17:16

გადატრიალება, რომელზეც არ ვსაუბრობთ

ავტორი: შოშანა ზუბოვი

ანი გიორგაძის თარგმანი

ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის
საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად.

ორი ათწლეულის წინ, ამერიკის მთავრობამ კალიფორნიის ახალბედა ინტერნეტ კომპანიებს დემოკრატიის კარი ფართოდ გაუღო. მომდევნო წლებში, ამ კარს მიღმა თვალთვალის საზოგადოება აყვავდა – სოციალური ხედვა, რომელიც საზოგადოებრივი დაზვერვის სააგენტოებისა და კერძო ინტერნეტ კომპანიების ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ანალოგიური საჭიროებებიდან წარმოიშვა. ორივე მხარე ინფორმაციაზე ტოტალური წვდომის ოცნებით იყო მოჯადოებული. ოცი წლის შემდეგ, ბუხრიდან ცეცხლი გადმოვიდა, და 6 იანვარს[1], დემოკრატიის სახლს გადაბუგვით დაემუქრა.

ზუსტად 42 წელია ვიკვლევ ციფრული სამყაროს, როგორც ეკონომიკური ძალის აღზევებას, რომელსაც ინფორმაციულ ცივილიზაციად ტრანსფორმაციისაკენ მივყავართ. ბოლო ორი ათწლეულია, ვაკვირდები ამ მოულოდნელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ძმობის შედეგებს, როგორ გარდაიქმნენ ახალგაზრდა კომპანიები თვალთვალის იმპერიებად, რომლებიც აღჭურვილი არიან ქცევის მონიტორინგის, ანალიზის, ტარგეტინგის და პროგნოზირების გლობალური არქიტექტურით, რასაც მე თვალთვალის კაპიტალიზმს ვუწოდებ. თვალთვალის ფართო შესაძლებლობების წყალობით და მოგების მიზნით, ახალმა იმპერიებმა ფუნდამენტურად ანტიდემოკრატიული ეპისტემური გადატრიალება მოაწყვეს. ეს გულისხმობს ჩვენ შესახებ უპრეცედენტო ცოდნის კონცენტრირებას და არაანგარიშვალდებულ ძალაუფლებას, რომელიც ასეთი ცოდნის დაგროვების შედეგია.

ინფორმაციულ ცილივიზაციაში, საზოგადოებები ცოდნის საკითხებით არიან განსაზღვრული – როგორ არის ცოდნა განაწილებული, რას წარმოადგენს მის განაწილებაზე პასუხისმგებელი ძალა, და ძალაუფლება, რომელიც ამ ძალას იცავს. ვინ იცის? ვინ წყვეტს, ვინ იცის? ვინ წყვეტს, ვინ წყვეტს, ვინ იცის? თვალთვალის კაპიტალისტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასოდეს აგვირჩევია, ახლა ყველა ამ კითხვაზე ფლობენ პასუხებს. ეს არის ეპისტემური გადატრიალების არსი. ჩვენს პირად ინფორმაციაზე საკუთრების უფლების მითვისებით, ისინი იტაცებენ უფლებას, გადაწყვიტონ – ვის აქვს ცოდნა, და ამ ძალაუფლებრივ პოზიციას კრიტიკული ინფორმაციული სისტემების და ინფრასტრუქტურის კონტროლით იმყარებენ.

დონალდ ტრამპის პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა ამ ჩრდილოვანი გადატრიალების ტალღის ნაწილია. მის აღსრულებაში ორ ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ანტისოციალურ მედიას, ოდესღაც გათავისუფლების შემოქმედებად რომ ვაღიარებდით. ინაუგურაციის დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ “დემოკრატიამ გაიმარჯვა” და დემოკრატიულ საზოგადოებაში სიმართლისთვის კუთვნილი ადგილის დაბრუნებას დაგვპირდა. რეალურად, კი, დემოკრატია და სიმართლე უდიდესი საფრთხის ქვეშ რჩება მანამ, სანამ თვალთვალის კაპიტალიზმის მიერ მოწყობილ გადატრიალებას არ დავამარცხებთ.

ეპისტემური გადატრიალების ოთხი ეტაპი

პირველი ეტაპი ეპისტემური უფლებების მითვისებაა, რაც ყველა მომდევნო ეტაპისთვის ქმნის საფუძველს. თვალთვალის კაპიტალიზმი სათავეს იღებს აღმოჩენიდან, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ადამიანების ცხოვრებაზე, როგორც უფასო ნედლეულზე, რათა მოიპოვონ ქცევითი მონაცემები, რომელსაც კერძო საკუთრებად გამოაცხადებენ.

მეორე ეტაპი ეპისტემური უთანასწორობის მკვეთრი მატებით აღინიშნება, რაც გულისხმობს განსხვავებას იმას შორის, თუ რა შემიძლია ვიცოდე მე და რა შეიძლება იცოდნენ ჩემ შესახებ. მესამე ეტაპი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, წარმოადგენს ეპისტემურ ქაოსს, რომელიც გამოწვეულია მოგებაზე ორიენტირებული ალგორითმების გაძლიერებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და მიკროტარგეტინგით – დიდი ნაწილი დეზინფორმაციის კოორდინირებული სქემებით კეთდება. ამის ეფექტი იგრძნობა რეალურ სამყაროში, სადაც ანაწევრებენ საერთო რეალობას, წამლავენ სოციალურ დისკურსს, ახდენენ დემოკრატიული პოლიტიკის პარალიზებას და ხანდახან ძალადობასა და სიკვდილს იწვევენ.

მეოთხე ეტაპზე ეპისტემური დომინაციის ინსტიტუციონალიზება ხდება, რა დროსაც დემოკრატიულ მმართველობას კერძო თვალთვალის კაპიტალის გაანგარიშებული მმართველობა ანაცვლებს. მანქანებმა იციან, ხოლო სისტემები, რომლებიც თვალთვალის კაპიტალის ანტიდემოკრატიული ძალაუფლებით იმართებიან, გადაწყვეტილებებს იღებენ. თითოეული ეტაპი ეფუძნება წინას. დემოკრატიული საზოგადოების დასუსტებით, ეპისტემური დომინაციისთვის მზადდება საფუძველი – რაც ნათლად გამოჩნდა ამერიკის კაპიტოლიუმში შეჭრისას.

ჩვენ, ციფრულ საუკუნეში, ინფორმაციული ცივილიზაციის ფორმირების წლებში ვცხოვრობთ. ჩვენი დრო ინდუსტრიალიზაციის ადრეულ ეპოქას შეიძლება შევადაროთ, როცა კერძო მესაკუთრეების უფლება ყველაფერზე მაღლა იდგა. ამჟამინდელი მდგომარეობის მწარე სიმართლე იმაშია, რომ ამერიკას და სხვა ლიბერალური დემოკრატიების უმრავლესობას, მთელი ციფრული სამყაროს ფლობა და მართვა თვალთვალის კერძო კაპიტალის პოლიტიკური ეკონომიკისთვის აქვთ გადაცემული. დღეს, ამ უკანასკნელსა და დემოკრატიას შორის ბრძოლა მიმდინარეობს იმ ფუნდამენტური უფლებებისთვის და პრინციპებისთვის, რომლებითაც ამ საუკუნის სოციალური წესრიგი იქნება განსაზღვრული.

პანდემიურმა უბედურებამ და ტრამპისტულმა ავტოკრატიამ ეპისტემური გადატრიალების ეფექტები გააძლიერა. ანტისოციალური მედიის მკვლელი პოტენციალი 6 იანვრამდე ბევრად ადრე გამოაშკარავდა. გვაიძულებს თუ არა, ამ გადატრიალების და მისით გამოწვეული საფრთხეების შემჩნევა, ფიქრს იმ უსიამოვნო სიმართლეზე, რომელსაც ბოლო ორი ათწლეულია ჰორიზონტზე ვხედავთ? ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად. დემოკრატიული თვალთვალის საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. დარწმუნებული იყავით: ეს ჩვენი ინფორმაციული ცივილიზაციის სულისთვის ბრძოლაა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე ათწლეულში.

თვალთვალის უნიკალურობა

11 სექტემბრის ტრაგედიამ ვაშინგტონის ფოკუსი მკვეთრად შეცვალა და ის კონფიდენციალურობის შესახებ ფედერალურ კანონზე დებატებიდან, ტოტალური ინფორმირების მანიაზე გადაიტანა. ამან “სილიკონ ველის” თვალთვალის ინოვაციური პრაქტიკები ინტენსიური ინტერესის ობიექტად აქცია. როგორც “იელის სამართლის სკოლის” პროფესორმა, ჯეკ ბალკინმა, შენიშნა, დაზვერვის საზოგადოება იძულებული იქნება “ინფორმაციის შეგროვებისა და გენერირებისას კერძო საწარმოებს დაეყრდნოს”, რომ კონსტიტუციური, სამართლებრივი, ან მარეგულირებელი შეზღუდვები გადალახოს. დღეს ცენტრალური ეს დავაა. 2013 წლისთვის, CIA-ს ტექნოლოგიის მთავარმა ოფიცერმა ხაზი გაუსვა სააგენტოს მისიას, „შეაგროვოს და სამუდამოდ დაეუფლოს ყველაფერს“ და აღიარა, რომ ინტერნეტ კომპანიებმა, მათ შორის “გუგლმა”, “ფეისბუქმა”, “იუთუბმა”, “ტვიტერმა” და “ფიტბიტმა” და სატელეფონო კომპანიებმა ეს შესაძლებელი გახადეს. თვალთვალის კაპიტალიზმმა რევოლუციური ფესვები გაიდგა იმ დაუწერელ პოლიტიკურ დოქტრინაში, რომელიც გვერდს უვლის დემოკრატიულ პასუხისმგებლობას და ინტერნეტ კომპანიებს ადამიანების გამოცდილებების მოპარვისა და საკუთრების მონაცემებად გარდაქმნის ლიცენზიას ანიჭებს.

ახალგაზრდა ანტრეპრენიორებმა ყოველგვარი დემოკრატიული მანდატის გარეშე მიიღეს უსასრულო ინფორმაცია და არაანგარიშვალდებული ძალაუფლება. “გუგლის” დამფუძნებლებს, ლარი პეიჯს და სერგეი ბრინს, მსოფლიოს ინფორმაციის წარმოებაზე, ორგანიზაციასა და პრეზენტაციაზე სრული კონტროლი აქვთ. მარკ ცუკერბერგს აბსოლუტური კონტროლი აქვს იმაზე, თუ რა იქნება გლობალური კომუნიკაციისა და ახალი ამბების გაცნობის ძირითადი საშუალება, ისევე, როგორც მის ქსელებში დაფარულ ინფორმაციაზე. ზემოთხსენებული ჯგუფის წევრების რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო გლობალური მომხმარებლების საზოგადოება დინებას გაუაზრებლად მიჰყვებოდა.

მოპარვის ლიცენზიას თავისი ფასი მოჰყვა, რაც ხელმძღვანელებს არჩეული თანამდებობის პირებისა და მარეგულირებლების მუდმივ მფარველობას ავალდებულებდა, ასევე მომხმარებლების მუდმივ იგნორირებას, ან, სულ მცირე, მათი ჩუმი თანხმობის მიღებას. ბოლოს და ბოლოს, ეს პოლიტიკური დოქტრინა იყო, და მისი დაცვა პოლიტიკურ მანევრირებას, დაშოშმინებას, ჩართულობასა და ინვესტიციებს მოითხოვდა.

“გუგლი” ლიდერობდა იმით, რამაც შემდგომ ის მსოფლიოს უმდიდრეს ლობისტურ მანქანად გადააქცია. 2018 წელს თითქმის ნახევარმა სენატმა მიიღო შემოწირულობები “ფეისბუქისგან, “გუგლისგან” და “ამაზონისგან”. კომპანიები აგრძელებენ ხარჯების რეკორდების დამყარებას.

თვალთვალის უნიკალურობა ნიშნავს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ლიბერალურმა დემოკრატიებმა, დემოკრატიას თვალთვალი არჩიეს, როგორც სოციალური წესრიგის სახელმძღვანელო პრინციპი. ამ არასწორი გადაწყვეტილებით, დემოკრატიულმა მთავრობებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს საკუთარი უნარი, შეენარჩუნებინათ ადამიანების ნდობა. ამან თვალთვალის პრინციპი გააძლიერა.

ეპისტემური ქაოსის ეკონომიკა და პოლიტიკა

ეპისტემური ქაოსის ეკონომიკის გასაგებად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ თვალთვალის კაპიტალიზმის ოპერაციებს ფაქტებისადმი ფორმალური ინტერესი არ ამოძრავებს. ყველა მონაცემი თანაბრად სასურველია, მიუხედავად მათ შორის განსხვავებისა. მოპოვების ოპერაციები ციკლოპის ლოგიკით ხორციელდება, ხარბად მოიხმარს ყველაფერს, რასაც ხედავს და რადიკალურად გულგრილია მნიშვნელობის, ფაქტების და სიმართლის მიმართ.

ერთ-ერთ გამოჟონილ დოკუმენტში, “ფეისბუქის” აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ ბოსვორტი, სიმართლისა და მნიშვნელობის ზემოთხსენებულ მიზანმიმართულ უგულებელყოფას აღწერს: “ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს კარგი, თუ ისინი ამას პოზიტიურად გამოიყენებენ. იქნებ ვინმემ სიყვარული იპოვოს. … ეს შეიძლება იყოს ცუდი, თუ ისინი ამას ნეგატიურად გამოიყენებენ. … შესაძლოა ვინმე ტერორისტულ თავდასხმაში მოკვდეს. … მახინჯი სიმართლე ის არის, … რომ ყველაფერი, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად დავაკავშიროთ ადამიანები, თავისთავად კარგია.”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოთვალთვალე მომპოვებლისთვის კონტენტზე უარის თქმა იგივეა, რაც ქვანახშირის მომპოვებლისთვის კონტეინერის იმ მიზეზით დაწუნება, რომ ზედმეტად დასვრილია. სწორედ ამიტომ, კონტენტის მოდერაცია არის უკანასკნელი თავშესაფარი, “ექსონმობილის”[2] სტილის პიარის ოპერაცია სოციალური პასუხისმგებლობის სულისკვეთების საჩვენებლად. “ფეისბუქის” შემთხვევაში, მონაცემთა დახარისხება მომხმარებელების მიერ ქსელის დატოვების რისკის ან სანქციების ასარიდებლად ხდება. ორივეს მიზანი მონაცემთა ნაკადების გაზრდაა და არა შემცირება. მოპოვების იმპერატივი შერწყმულია რადიკალურ ინდიფერენტულობასთან – მისი მიზანია, შექმნას სისტემები, რომლებიც განუწყვეტლივ გაზრდის ჩართულობის მასშტაბს, მიუხედავად ჩართულობის მოტივაციისა.

“ფეისბუქს” იმიტომ არ ვუტრიალებ, რომ ის ერთადერთი დამნაშავეა ეპისტემური ქაოსის შექმნაში, არამედ იმიტომ, რომ ის უდიდესი სოციალური მედიაკომპანიაა, ყველაზე მასშტაბური შედეგებით.

თვალთვალის ეკონომიკამ წარმოშვა მომპოვებელი ციკლოპები, რომლებმაც “ფეისბუქი” სარეკლამო მონსტრად და სიმართლის სიკვდილის ველად გადააქციეს. შემდეგ, პრეზიდენტი ამორალური მისტერ ტრამპი გახდა, რომელიც სიცრუის მასშტაბურად გავრცელების უფლებას მოითხოვდა. დესტრუქციული ეკონომიკა შერბილებულ პოლიტიკას შეერწყა, ყველაფერი უაღრესად გაუარესდა.

მთავარი ის არის, რომ დაშოშმინების პოლიტიკა, თვალთვალის ეკონომიკის შესახებ მახინჯი სიმართლის შელამაზებაზე, მოდიფიცირებაზე და აღმოფხვრაზე მეტს მოითხოვს. თვალთვალის კაპიტალიზმის ეკონომიკურმა იმპერატივებმა “ფეისბუქი” ფეთქებად საზოგადოებრივ ნივთიერებად გადააქცია. მისტერ ცუკერბერგს უკან დახევა და დამკვირვებლის როლში გადასვლა მოუწია.

2016 და 2017 წლებში წარმოდგენილმა შიდა კვლევამ მიზეზშედეგობრივი კავშირი აჩვენა “ფეისბუქის” ალგორითმულ მექანიზმებსა და ეპისტემურ ქაოსს შორის. ერთმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ განხეთქილების შემომტანი შინაარსი ალგორითმების წყალობით ვირუსულად ვრცელდებოდა, რამაც გერმანიაში ექსტრემისტული ჯგუფების ზრდას შეუწყო ხელი. აღმოჩნდა, რომ სარეკომენდაციო ინსტრუმენტებმა, “ექსტრემისტულ ჯგუფებში” გაწევრიანების მსურველთა 64%-ზე მოახდინეს გადამწყვეტი გავლენა – ამ დინამიკას მხოლოდ გერმანიაში არ ვხვდებით.

2018 წლის მარტში “კემბრიჯ ანალიტიკას” სკანდალმა “ფეისბუქს” ახლებურად მიაპყრო მსოფლიო ყურადღება. ამან რადიკალური ცვლილების სივრცე გააჩინა. საზოგადოებამ იმის გაცნობიერება დაიწყო, რომ “ფეისბუქის” პოლიტიკური სარეკლამო ბიზნესი კომპანიის დაქირავების საშუალებაა, მომხმარებლების მიკროტარგეტინგის, მოსახლეობით მანიპულირების და ეპისტემური ქაოსის დათესვის მიზნით. ამისთვის მთელი მანქანის კურსის სულ რამდენიმე გრადუსით ცვლილებაც საკმარისია. კომპანიამ წამოიწყო რამდენიმე მოკრძალებული ინიციატივა, რომლებიც მეტ გამჭვირვალობას, მიუკერძოებელი ფაქტჩეკერების უფრო მტკიცე სისტემას და „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ შეზღუდვის პოლიტიკას გულისხმობდა. ყველაფერთან ერთად, ცუკერბერგი დანებდა ტრამპის მოთხოვნას, გლობალურ ინფორმაციულ არხებთან შეუზღუდავ წვდომასთან დაკავშირებით.

ცუკერბერგმა უარი თქვა ოპერაციულ ცვლილებებზე, რომლებიც ეპისტემურ ქაოსს შეამცირებდა. პოლიტიკურმა თეთრმა სიამ 100 000-ზე მეტი ოფიციალური პირი და კანდიდატი გამოავლინა. მათი ანგარიშები გათავისუფლებული იყო ფაქტჩეკინგისგან, არადა შიდა კვლევის თანახმად, მომხმარებლებს პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ხშირად სჯერათ. 2019 წლის სექტემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური რეკლამები ფაქტჩეკინგს არ დაექვემდებარებოდა.

2018 წელს საკუთარი კრიტიკოსების დასამშვიდებლად, ცუკერბერგმა სამოქალაქო კომისიის აუდიტი დაიქირავა, რომელსაც “ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის” (ACLU) ყოფილი დირექტორი, ლორა მერფი ხელმძღვანელობდა. 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიში გულწრფელი საჩივარია, რომელიც დამსხვრეულ იმედებზე გვიყვება შემდეგი სიტყვებით – “გულდაწყვეტილი”, “იმედგაცრუებული”, “გაბრაზებული”, “შეშფოთებული”, “შემზარავი”.

ანგარიში სრულ ჰარმონიაშია ამერიკელების ტექნოლოგიური გიგანტებისადმი რწმენის თითქმის სრულ რღვევასთან. კითხვაზე, როგორ მოერგებოდა “ფეისბუქი” ბაიდენის შესაძლო გაპრეზიდენტებას, კომპანიის სპიკერმა, ნიკ კლეგმა, უპასუხა: „ჩვენ მოვერგებით იმ გარემოს, რომელშიც ვოპერირებთ“. და, ასეც მოხდა. 7 იანვარს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სენატს დემოკრატები გააკონტროლებდნენ, “ფეისბუქმა” გამოაცხადა, რომ ტრამპის ანგარიშს განუსაზღვრელი ვადით დაბლოკავდა. ჩვენ გვაჯერებენ, რომ ეპისტემური ქაოსის დესტრუქციული ეფექტები სანუკვარი სიტყვის თავისუფლების აუცილებელი საფასურია. არა. ისევე, როგორც ატმოსფეროში ნახშიროჟანგის კატასტროფული ზრდა არის წიაღისეულის წვის შედეგი, ეპისტემური ქაოისი თვალთვალის კაპიტალიზმის კომერციული ოპერაციების შედეგია, დამძიმებული პოლიტიკური ობლიგაციებით და ტოტალურ ინფორმაციაზე წვდომის ოცწლიანი ოცნებით, რომელიც ღამის კოშმარად გადაიქცა. შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა შავი ჭირი, რომელმაც ანტისოციალურ მედიაში გაჩენილი ცეცხლი, ტყის ხანძრად გადააქცია.

ეპისტემური ქაოისის და იდუმალი მიკროორგანიზმის შეხვედრა

ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის “ინფოდემია” გამოაცხადა. სოციალური მედია მითებით და ჭორებით აივსო. მარტისთვის, “ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორ ანდერსონის კიბოს ცენტრის” მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მცდარი სამედიცინო ინფორმაცია “საგანგაშო სიჩქარით ვრცელდებოდა სოციალურ მედიაში,” რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აგდებდა საფრთხეში.

მარტის ბოლოს “ვოშინგტონ პოსტი” იტყობინებოდა, რომ “ფეისბუქის” ფიდში გავრცელებული კონტენტის თითქმის 50% კოვიდ-19-თან იყო დაკავშირებული, “გავლენიანი მომხმარებლების” ძალიან მცირე რაოდენობა განსაზღვრავდა, თუ რას წაიკითხავდნენ მომხმარებლები. “როიტერსის ინტსტიტუტის” მიერ აპრილში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებდა, რომ მაღალი სტატუსის პოლიტიკოსები, ცნობადი სახეები და სხვა საზოგადო მოღვაწეები, კვლევისთვის წინასწარ შერჩეულ ჯგუფში, მცდარი ინფორმაციის 20%-ს აწარმოებდნენ, მათ იგივე ჯგუფში სოციალური მედიის ჩართულობის 69% მიიღეს.

“ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის” მიერ მაისში გამოქვეყნებულმა კვლევამ, 34 მემარჯვენე ექსტრემისტული ვებგვერდი გამოავლინა. გვერდები კოვიდთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ან კავშირში იყვნენ უკვე დამკვიდრებულ, ჯანდაცვის შესახებ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელ ჰაბებთან, რომლებმაც ახლა კოვიდ-19-ზე გადმოიტანეს ყურადღება. 2020 წლის იანვრიდან აპრილამდე, “ფეისბუქის” ზემოთხსენებულ ვებგვერდებთან მიბმულმა საჯარო პოსტებმა 80 მილიონი ინტერაქცია გამოიმუშავეს, მაშინ, როცა “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” (W.H.O) ვებგვერდმა – 6.2 მილიონი, “დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებმა” კი – 6.4 მილიონი.

აგვისტოში გამოქვეყნებულმა “ავააზის” კვლევამ გამოაშკარავა 82 ვებგვერდი, რომელმაც აპრილში, კოვიდთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, თითქმის ნახევარი მილიარდი ნახვა გამოიმუშავა. ათი ყველაზე პოპულარული ვებგვერდის კონტენტმა “ფეისბუქზე” დაახლოებით 300 მილიონი ნახვა მოიპოვა, ათმა წამყვანმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი – 70 მილიონი. “ფეისბუქის” კონტენტის მოდერაციის მოკრძალებული მცდელობები არ შეესაბამებოდა მის კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც ეპისტემური ქაოსისთვისაა შექმნილი.

ოქტომბერში “კოლუმბიის უნივერსიტეტის კატასტროფის ეროვნულმა ცენტრმა” დაითვალა კოვიდ-19-ით გამოწვეული გარდაცვალებები, რომელთა თავიდან არიდებაც იყო შესაძლებელი. ჯამში 217 000-ზე მეტი ამერიკელი იყო გარდაცვლილი. ტრაგიკული დასკვნის მიხედვით, 130 ათასი გარდაცვალების თავიდან არიდების შესაძლებლობა არსებობდა. მოყვანილი ოთხი ძირითადი მიზეზიდან, თითოეულის დეტალები, მაგალითად, “ნიღბის ტარების ვალდებულების ნაკლებობა” და “საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, ასახავს ეპისტემური ქაოსის ორგიას, რომელსაც ამერიკელი ბავშვები არიან შეტოვებული.

ეს ის სამყაროა, რომელშიც სასიკვდილო, იდუმალი მიკროორგანიზმი აყვავდა. ინფორმაციის საძიებლად “ფეისბუქს” მივმართეთ. ამის ნაცვლად, ეპისტემური ქაოსის სასიკვდილო მოგების სტრატეგიები შეგვრჩა ხელში.

ეპისტემური ტერორიზმი

1966 წელს, პიტერ ბერგერმა და თომას ლუკმანმა ფუნდამენტური მნიშვნელობის მოკლე ნაშრომი “რეალობის სოციალური კონსტრუქცია” გამოსცეს. მისი ცენტრალური მიგნება იმაში მდგომარეობს, რომ ”ყოველდღიური ცხოვრება”, რომელიც “რეალობის” სახით მოგვეცემა, უწყვეტად იწარმოება ჩვენ მიერ. სოციალური წესრიგის ეს მიმდინარე სასწაული „საღ აზრს“ ეყრდნობა, „ცოდნას, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში სხვებს ვუზიარებთ.”

დაფიქრდით საგზაო მოძრაობაზე: მსოფლიოში არ არსებობს პოლიციის ოფიცრების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ყოველი მანქანის წითელ შუქზე გაჩერება უზრუნველყოს. თუმცა, ყველა გზაჯვარედინზე ჩხუბი მაინც არ ხდება. ეს იმიტომ, რომ მოწესრიგებულ საზოგადოებებში, ყველა ვცნობთ წითელი და მწვანე შუქის ფუნქციას. ეს ნიშნავს, რომ საღ აზრზე დაყრდნობით, ჩვენ სხვებისგანაც იმავე ქმედებას ველით. კანონებს უბრალოდ კი არ ვემორჩილებით, არამედ ერთად ვქმნით წესრიგს. ჩვენი მონაპოვარი ისეთ სამყაროში ცხოვრებაა, სადაც დანიშნულების ადგილამდე მისვლა და სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება შეგვეძლება. და ეს იმიტომ, რომ ერთმანეთის საღ აზრს ვენდობით. ამის გარეშე ვერცერთი საზოგადოება ვერ იარსებებს.

“ყველა საზოგადოება ქაოსის წინააღმდეგ შექმნილი კონსტრუქციაა,” წერენ ბერგერი და ლუკმანი. ნორმები ჩვენი საღი აზრის შეჯამებებია, ხოლო ნორმის დარღვევა ტერორიზმის არსია. ის შემზარავია, რადგან უარყოფს ყველაზე უპირობო სოციალურ სიცხადეებს. ამ საკითხზე ფართოდ ციტირებად წიგნში – “პოლიტიკური ტერორიზმი” – ალექს შმიდი და ალბერტ იონგმანი წერენ, რომ ტერორისტული აქტი ქმნის აუდიტორიას. ყველა განიცდის შოკს, დეზორიენტაციას და შიშს. ჩვენი ინსტიტუციების ლეგიტიმურობა და სიმყარე აუცილებელია, რადგან ისინი ქაოსისგან გვიცავენ.

მეფეების სიკვდილი და დემოკრატიებში ძალაუფლების გადაცემა ის კრიტიკული მომენტებია, რომლებიც საზოგადოების დაუცველობას ზრდიან. ამ მომენტების მარეგულირებელი ნორმები და კანონები დამსახურებულად განიხილება მაქსიმალური ყურადღებით. ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა არჩევნების გაყალბების შესახებ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს, რომელიც, საბოლოოდ, ძალადობაში გადაიზარდა. მთავარი სამიზნე ამერიკული დემოკრატიის ყველაზე დაუცველი წერტილი და მისი ყველაზე ფუნდამენტური ნორმები იყო. ეს ეპისტემურ ტერორიზმად, ეპისტემური ქაოსის უკიდურეს გამოხატულებად კვალიფიცირდება. ცუკერბერგის გადაწყვეტილება, დროებით კონკრეტული მიზნისათვის ამუშავოს საკუთარი ეკონომიკური მანქანა, მას ამ თავდასხმის თანამონაწილედ აქცევს.

ყოველდღიური რეალობა თავგადასავალია, რომელიც სახლში იწყება და მთავრდება. ყველაფერს პოლიცია ვერ გააკონტროლებს, მითუმეტეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჯანსაღი საზოგადოება ეყრდნობა კონსესუსს ნორმისა და გადახრის განსხვავების შესახებ. ჩვენ ვარღვევთ ნორმებს, მაგრამ ვიცით განსხვავება სახლსა და გარე სამყაროს შორის. ამ ნაცნობი განცდის გარეშე, ყველაფერი ინგრევა. დემოკრატები სისხლს სვამენ? რატომაც არა. ჰიდროქსიქლოროქვინი Covid-19-ის წინააღმდეგ? აქეთ მობრძანდით. კაპიტოლიუმს თავს დავესხათ და ტრამპი დავსვათ დიქტატორად? დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია. საღი აზრის განვითარებასთან ერთად, საზოგადოებაც იზრდება. ამისთვის საჭიროა სოციალური დისკურსის სანდო, გამჭვირვალე, ღირსეული ინსტიტუციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერ ვთანხმდებით. თუმცა, ჩვენ სრულიად საპირისპირო მოცემულობით ვართ დამძიმებულები, თითქმის 20 წელია მსოფლიოზე გაბატონდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუცია, რომელიც გასაქირავებელი ქაოსის მანქანასავით მუშაობს. ამ მანქანისთვის ნორმის დარღვევა შემოსავლის გასაღებია.

სოციალური მედიის, უკვე არც თუ ახალგაზრდა, მფლობელები თავიანთ ქაოსის მანქანას “პირველი შესწორებით” მინიჭებული უფლებების დამახინჯებული ინტერპრეტაციით იცავენ. სოციალური მედია არ არის საჯარო სივრცე, ის კერძოა და იმართება კომპიუტერული ოპერაციებითა და ეკონომიკური იმპერატივებით, რომლებსაც არ შეუძლიათ, და არც აინტერესებთ, ტყუილისა და სიმართლის, პროგრესისა და დესტრუქციის განსხვავება.

მათთვის, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება საკრალური უფლებაა, ფუნდამენტურია მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსის აზრი 1919 წლის საქმეში “აბრამსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ”. “საბოლოო სიკეთე იდეების თავისუფალი გაცვლით უფრო მარტივად მიიღწევა”, წერდა ის. “სიმართლის საუკეთესო გამოცდა აზრის ძალაა, რომლითაც კონკურენტულ ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს.” დაბინძურებული ინფორმაცია, რომელიც კერძო სივრცეში დომინირებს, ვერ დაწინაურდება იდეების სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პირობებში. ის გაყიდულ თამაშს იგებს. ასეთ თამაშში ვერანაირი დემოკრატია ვერ გადარჩება.

ჩვენი მგრძნობელობა საღი აზრის განადგურებისადმი ასახავს ახალგაზრდა ინფორმაციულ ცივილიზაციას, რომელმაც ჯერაც ვერ მოახერხა დემოკრატიაში დაფუძნება. თუ თვალთვალის ეკონომიკას არ შევაჩერებთ და არ გავაუქმებთ მოპარვის ლიცენზიას, რომელიც ანტისოციალურ ოპერაციას ლეგიტიმურს ხდის, გადატრიალება თანდათან გაძლიერდება და ახალ-ახალი კრიზისების წარმოებას გააგრძელებს. რა უნდა გაკეთდეს ახლა?

მესამე ათწლეულის სამი პრინციპი

მოდით, დავიწყოთ სააზროვნო ექსპერიმენტით: წარმოვიდგინოთ მე-20 საუკუნე ფედერალური კანონების გარეშე, რომლებიც არეგულირებს ბავშვთა შრომას ან აწესებს სტანდარტებს მშრომელთა ანაზღაურებისთვის, საათებისთვის და უსაფრთხოებისთვის; არანაირი პროფკავშირში გაწევრიანების, არანაირი გაფიცვის ან კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებები; არანაირი სამომხმარებლო უფლებები; და არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთა წყალობით, ინდუსტრიული საუკუნე დემოკრატიისთვის უფრო უსაფრთხო გახდება. სანაცვლოდ, თითოეულ კომპანიას შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რა უფლებებს აღიარებს, რა პოლიტიკას და პრაქტიკას გაატარებს და მოგებას როგორ გაანაწილებს.

საბედნიეროდ, არსებობდა უფლებები, კანონები და ინსტიტუციები, რომლებიც ხალხმა მსოფლიო დემოკრატიებში ათწლეულებით ადრე შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონებები დღემდე მნიშვნელოვნად რჩება, ისინი ეპისტემური გადატრიალებისგან და მისი ანტი-დემოკრატიული ეფექტებისგან ვერ გვიცავენ.

დეფიციტი უფრო მეტზეც მეტყველებს: შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს სხვა ლიბერალურმა დემოკრატიებმა ციფრული საუკუნისათვის ადეკვატური საერთო პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებისას კრახი განიცადეს. ხედვის, რომელიც განამტკიცებდა დემოკრატიულ ღირებულებებს, პრინციპებსა და მმართველობას. მაშინ, როცა ჩინელებმა შექმნეს და წარმოადგინეს ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა წყალობით მათი ავტორიტარული სისტემა უფრო წარმატებულია, ხოლო დასავლეთი კვლავ დაუცველი და ამბივალენტური რჩება.

ჩავარდნამ დატოვა სიცარიელე იქ, სადაც დემოკრატია უნდა ყოფილიყო, ამის სახიფათო შედეგი არის სწრაფვა კერძო სისტემებისკენ, რომლებიც თვალთვალსა და ქცევით კონტროლს დემოკრატიული მმართველობის მიღმა ახორციელებენ. ეს ეპისტემური გადატრიალების ბოლო ეტაპისკენ მიმავალი გზაა. შედეგად ჩვენი დემოკრატიები მოუმზადებლები ხვდებიან მესამე ათწლეულს, ახალი უფლებების, სამართლებრივი ჩარჩოების და ინსტიტუციური ფორმების გარეშე, რომლებიც საჭიროა დემოკრატიული საზოგადოების მისწრაფებებთან თავსებადი ციფრული მომავლისათვის. ჩვენ ინფორმაციული ცივილიზაციის პირველ დღეებში ვართ. მესამე ათწლეული ჩვენი შანსია, მივბაძოთ მე-20 საუკუნეში ჩვენი წინაპრების გამჭრიახობასა და მონდომებას, დემოკრატიული ციფრული სამყაროს საფუძვლების შესაქმნელად.

დემოკრატია ისეთ ალყაშია, რომლის გარღვევაც მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია. თუ ეპისტემური გადატრიალების დამარცხება გვინდა, ჩვენი მთავარი გმირი დემოკრატია უნდა იყოს. მე გთავაზობთ სამ პრინციპს, რომლებიც სახელმძღვანელოდ გამოგვადგება:

დემოკრატიული კანონის უზენაესობა

ციფრულმა სამყარომ დემოკრატიის სახლში უნდა იცხოვროს, არა როგორც შემოჭრილმა დამნაშავემ, არამედ როგორც ოჯახის წევრმა, რომელიც საერთო კანონებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით ვითარდება. ბოლო დროს დემოკრატიის მძინარე გოლიათი ამოძრავდა, ამერიკასა და ევროპაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სამართლებრივი ინიციატივები გამოჩნდა. 2019-დან 2020 წლამდე, შეერთებული შტატების კონგრესში ხუთი საყოველთაო კანონი წარადგინეს, 15 დაკავშირებული კანონპროექტი და ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო წინადადება, თითოეულს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვალთვალის კაპიტალიზმისთვის. კალიფორნიელები მიესალმნენ კონფიდენციალურობის კანონს. 2020 წელს კონგრესის ანტიმონოპოლიური, კომერციული და ადმინისტრაციული სამართლის ქვეკომიტეტმა “ტექნოლოგიური გიგანტების” წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმის სიღრმისეული ანალიზი გამოაქვეყნა. ოქტომბერში იუსტიციის დეპარტამენტმა, რომელსაც 11 შტატი შეუერთდა, “გუგლის” წინააღმდეგ ფედერალური ანტიმონოპოლიური საქმის წარმოება წამოიწყო, სამძებრო სისტემის მონოპოლიის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. დეკემბრისთვის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ “ფეისბუქის” წინააღმდეგ, ანტიკონკურენტული ქმედებების გამო, ისტორიული სარჩელი შეიტანა, რომელსაც 48 გენერალური პროკურორის სარჩელიც დაემატა. ამას სწრაფად მოჰყვა 38 გენერალური პროკურორის სარჩელი, რომელიც “გუგლის” ძირითად საძიებო სისტემას, კონკურენტების დაბლოკვისა და საკუთარი სერვისების პრივილეგირების საშუალებად განიხილავდა.

ანტიმონოპოლიური დავები ორი მიზეზით არის მნიშვნელოვანი: ისინი გვანიშნებენ, რომ დემოკრატია ისევ ჩართულია პროცესებში, ეს ლეგიტიმაციას აძლევს მეტ რეგულაციებს, ბაზარზე გაბატონებული კომპანიების წინააღმდეგ. მაგრამ, როდესაც საქმე ეპისტემური ქაოსის დამარცხებას ეხება, ანტიმონოპოლიური პარადიგმა ეფექტურობას კარგავს. ეს მარტივად იხსნება. ანტიმონოპოლიური კანონების გამოხმობა ძალაუფლებას “მოოქროვილი საუკუნის”[3] მსგავს მონოპოლიებს უბრუნებს. როგორც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ჩემპიონმა, ტიმ ვუმ, “თაიმსში” განმარტა, „ფეისბუქის სტრატეგია ჰგავდა ჯონ როკფელერის “სტანდარტ ოილის” სტრატეგიას 1880-იან წლებში. ორივე კომპანიამ ზედმიწევნით შეისწავლა ბაზრის ჰორიზონტები, მოძებნა პოტენციური კონკურენტები, და შემდეგ იყიდა, ან დამარხა ისინი.” მან განმარტა, რომ შერმანის ანტიმონოპოლიური აქტის წყალობით, “1890 წელს კონგრესმა სწორედ ეს ბიზნეს მოდელი აკრძალა”.

მართალია, რომ “ფეისბუქი”, “გუგლი” და “ამაზონი” დაუნდობელი კაპიტალისტები და დაუნდობელი თვალთვალის კაპიტალისტები არიან, თუმცა, ექსკლუზიური შედარება “სტანდარტ ოილის” სტილის მონოპოლიულ ძალაუფლებასთან ორ პრობლემას წარმოშობს. პირველი, ანტიმონოპოლიურმა ბრძოლამ ისეთ წარმატებას ვერ მიაღწია, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში მომუშავე პროკურორების დროსაც კი, მიუხედავად მათი მიზნისა, დაესრულებინათ ეკონომიკური ძალაუფლების უსამართლო გადანაწილება. 1911 წელს უზენაესი სამამართლოს გადაწყვეტილებამ “სტანდარტ ოილი” 34 კომპანიად დაანაწევრა. კომპანიების საერთო ღირებულება ორიგინალის ღირებულებაზე დიდი აღმოჩნდა. ამ 34-დან ყველაზე დიდს, “სტანდარტ ოილს”, მთელი ინფრასტრუქტურის და მასშტაბის ყველა უპირატესობა დარჩა. მან სწრაფად დაიწყო შერწყმისა და შესყიდვების პროცესი, რის შედეგადაც იმპერიები თავიდან შეიქმნა – “ექსონი და “მობილი” (შემდგომ, “ექსონმობილი”), “ამოკო” და “შევრონი”.

ანტიმონოპოლიური კანონის მეორე, და ბევრად დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ანტიკონკურენტულ პრაქტიკებთან დაპირისპირება, თვალთვალის კაპიტალიზმის წინააღმდეგ ეს ძალისხმევა არაფრით არ აღემატება 1911 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც წიაღისეული საწვავის წარმოებას და მოხმარებას მიემართებოდა. იმის ნაცვლად, რომ “ფეისბუქი”, “ამაზონი” ან “გუგლი” მე-19 საუკუნის პრიზმიდან შევაფასოთ, “სტანდარტ ოილის” შემთხვევის რეინტერპრეტაცია ჩვენი საუკუნის პერსპექტივიდან გვჭირდება.

კიდევ ერთი სააზროვნო ექსპერიმენტი: წარმოიდგინეთ, რომ 1911 წელს ამერიკა კლიმატის ცვლილების მეცნიერებას იცნობდა. თუ სასამართლოს მიერ “სტანდარტ ოილის” დაშლის გადაწყვეტილება მხოლოდ ანტიკონკურენტული პრაქტიკების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და გვერდს აუვლიდა ბევრად ფუნდამენტურ საკითხს, წიაღისეული საწვავის მოპოვება, გადამუშავება, გაყიდვა და მოხმარება პლანეტას გაანადგურებდა. თუ მოცემული ეპოქის იურისტები და კანონმდებლები გვერდს აუვილდნენ ამ ფაქტებს, ჩვენ მათ მოქმედებებს ამერიკის ისტორიის ლაქად შევაფასებდით.

ნამდვილად, სასამართლო გადაწყვეტილებამ უგულებელყო ბევრად დიდი საფრთხეები, რომლებიც ამერიკელ მშრომელებსა და მოხმარებლებს ექმნებოდათ. ამერიკული სამართლის ისტორიკოსი, ლოურენს ფრიდმანი, “შერმანის ანტიმონოპოლიურ აქტს” აღწერს, როგორც “რაღაც თაღლითობის მაგვარს”, რომელმაც მიაღწია მცირედს, მაგრამ საკმარისს, რომ “პოლიტიკური ნება” დაეკმაყოფილებინა. ის განმარტავს, რომ კონგრესს “უნდა ეპასუხა მოქმედებისაკენ მოწოდებაზე – რაღაც მოქმედებით, ნებისმიერი მოქმედებით – მონოპოლიების წინააღმდეგ”, ხოლო მათი პასუხი ეს აქტი იყო. მაშინაც და ახლაც, ხალხი გიგანტურ მკვლელს ითხოვდა.

მათ მიმართეს კანონს, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც ძალაუფლების დაბალანსება შეეძლო. მაგრამ კანონმდებლებს ათწლეულები დასჭირდათ, რომ საბოლოოდ მიწვდომოდნენ ზიანის რეალურ წყაროებს, მშრომელებისთვის და მომხმარებლებისთვის ახალი უფლებების შემუშავებით. “შრომითი ურთიერთობების ეროვნული აქტი”, რომელიც პროფკავშირის შექმნის უფლების გარანტირებასთან ერთად, დამსაქმებლის ქმედებებსაც არეგულირებდა, მხოლოდ 1935 წელს მიიღეს. ეს “შერმანის ანტიმონოპოლიური აქტიდან” 45 წლის შემდეგ მოხდა. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი 45 წელი, ეპისტემური გადატრიალებით გამოწვეული ზიანისა და მისი მიზეზების აღმოსაფხვრელად, არც – 20, ან – 10.

შესაძლოა, არსებობდეს ლოგიკური ანტიმონოპოლიური მსჯელობა, რომლითაც დიდი ტექნოლოგიური იმპერიების დანაწევრება დასაბუთდება, მაგრამ თვალთვალის კაპიტალიზმში “ფეისბუქის” დაშლა, “ექსონის”, “შევრონის” და “მობილის” ეკვივალენტებად, ვერ დაგვიცავს თვალთვალის კაპიტალიზმის საფრთხეებისგან. ჩვენი ეპოქა მეტს მოითხოვს.

ახალი პირობები ახალ უფლებებს მოითხოვს

ახალი სამართლებრივი უფლებები ცხოვრების ცვალებადი გარემოებების საპასუხოდ კრისტალიზდება. მოსამართლე ლუის ბრენდისის თავდადება კონფიდენციალურობის უფლებებისათვის, ფოტოგრაფიის გავრცელებით იყო მოტივირებული, ფოტოაპარატის უნარით მიეტაცებინა ის, რაც სხვისი პირადია.

დემოკრატიული ინფორმაციული ცივილიზაცია ეპისტემურ უფლებათა ახალი დებულებების გარეშე ვერ განვითარდება, ეს უფლებები თვალთვალის ეკონომიკის მიერ წახალისებული ფართომასშტაბიანი შემოჭრისა და ქურდობისგან დაგვიცავდა. თანამედროვე ეპოქაში, დემოკრატიული საზოგადოებები პერსონალურ გამოცდილებას, უმეტესად ინდივიდისაგან განუყოფელ და ხელშეუხებელ მოცემულობად განიხილავდნენ. აქედან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილების შესახებ ცოდნის უფლება ფუნდამენტურად მიიჩნეოდა, ის ჩრდილივით გვქონდა მომაგრებული. თითოეული ჩვენგანი წყვეტს, როგორ გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, ვისთან და რა მიზნით.

1967 წელს მოსამართლე უილიამ დაგლასი ამტკიცებდა, რომ “უფლებათა ბილის” ავტორებს სჯეროდათ, რომ “ინდივიდს უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს მისთვის სასურველი დრო და გარემო, საკუთარი საიდუმლოებების სხვებისთვის გაზიარებისთვის, ასევე განსაზღვროს გაზიარების მოცულობა.” ეს “ამორჩევის თავისუფლება” საკუთარი თავის ცნობის ფუნდამენტური ეპისტემური უფლებაა, კონფიდენციალურობა ამაზე დაყრდნობით განისაზღვრება.

მაგალითად, როგორც ასეთი უფლებების ბუნებრივი მატარებელი, არ ვაძლევ ამაზონის” სახის ამოცნობის ტექნოლოგიას უფლებას, იცოდეს და გამოიყენოს ჩემი შიში ტარგეტინგისა და ქცევითი პროგნოზებისათვის, რაც სხვების კომერციული მიზნებისთვის იქნება სასარგებლო. გარდა იმისა, რომ ჩემი გრძნობები უბრალოდ არ იყიდება, ისინი გაყიდვადიც არ არის, რადგან ჩემგან განუყოფელია. მე არ ვაძლევ “ამაზონს” ჩემს შიშს, მაგრამ მათ ის მაინც მიაქვთ, როგორც მორიგი მონაცემი იმ ტრილიონ მონაცემს შორის, რომელსაც მანქანა დღეში გადაამუშავებს.

ჩვენი ფუნდამენტური ეპისტემური უფლებები კანონით განსაზღვრული არ არის, რადგან სისტემატური საფრთხის ქვეშ არასოდეს აღმოჩენილან, ჩვენ არ გვჭირდება კანონები ადგომის ან დაჯდომის ან დამთქნარების უფლებების დასაცავად. თუმცა, თვალთვალის კაპიტალისტების განაცხადის მიხედვით, მათ ყველაფრის ცოდნის უფლება აქვთ. ასე იბადება ახალი ეპოქა, რომელიც თვალთვალის დაუწერელი დოქტრინით არის დაცული. ოდესღაც ბუნებრივად მიჩნეული უფლება, ჩვენს შესახებ არსებული ცოდნის და მისი გავრცელების შესახებ, კანონით უნდა განისაზღვროს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ იყოს დაცული.

უპრეცედენტო ზიანი უპრეცედენტო გადაჭრებს მოითხოვს

როგორც ცხოვრების ახალი პირობები საჭიროებს ახალ უფლებებს, ეპისტემური გადატრიალებით გამოწვეული ზიანიც მიზანმიმართულ გადაჭრის გზებს მოითხოვს. სამართალი ასე ვითარდება, იზრდება და ადაპტირდება ერთი ეპოქიდან მეორეზე. როდესაც საქმე თვალთვალის კაპიტალიზმის მიერ დაწესებულ ახალ წესებს ეხება, კანონის და რეგულაციის შესახებ დისკუსიების უმრავლესობა ყურადღებას შედეგებზე ამახვილებს, მათ შორის არგუმენტებზე მონაცემების კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და პორტაბელურობის შესახებ, ან იმ სქემებზე, რომელთა გამოყენებითაც მონაცემების გაცემაზე ჩვენს თანხმობას მინიმალური თანხების სანაცვლოდ ყიდულობენ. რაც შედეგებია და არა – პრობლემის სათავე. ჩვენ ვებრძვით შედეგებს, როდესაც კონტენტის მონიტორინგსა და გაფილტვრაზე ვკამათობთ, ან როდესაც კანონმდებლები და მოქალაქეები ურჩ აღმასრულებლებს ფეხებს უბაკუნებენ.

კომპანიებსაც სწორედ ეს სურთ, რომ შედეგებზე მსჯელობით ვიყოთ დაკავებულები – იმდენად ჩავიკარგოთ საკუთრების კონტრაქტის დეტალებში, რომ დაგვავიწყდეს რეალური პრობლემა – მათ მიერ ჩვენს საკუთრებაზე განაცხადის იმთავითვე არალეგიტიმურობა.

რა უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს შეუძლია ეპისტემური გადატრიალების უპრეცედენტო ზიანის აღმოფხვრა? პირველ რიგში, მიწოდების საწყისებთან უნდა დავბრუნდეთ, და კომერციული თვალთვალის მიერ წარმოებული მონაცემთა შეგროვების ოპერაციები შევაჩეროთ. მოპარვის ლიცენზიას სასწაულების ჩადენა შეუძლია, თვალთვალის სტრატეგიების გამოყენებით, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ადამიანური გამოცდილებები – ჩემი შიში, ვიღაცის დიალოგი საუზმისას, პარკში გასეირნება – მონაცემთა ოქროს მარაგებად იქცევა. ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც შეაფერხებდნენ და უკანონოდ ცნობდნენ ადამიანური გამოცდილების ფართომასშტაბიან მოპოვებას.

კანონები, რომლებიც მონაცემთა შეგროვებას შეაჩერებს, თვალთვალის კაპიტალიზმის არალეგიტიმურ მიწოდების ჯაჭვს გაწყვეტს. ალგორითმები მიკროტარგეტინგითა და მანიპულაციებით ქმნიან რეკომენდაციებს. ყოველ წამს შექმნილი მილიონობით ქცევის პროგნოზი ვერ იარსებებდა იმ ტრილიონობით მონაცემის გარეშე, რომლებსაც ყოველდღიურად აგროვებენ. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომლებიც მონაცემთა შეგროვებას, ფუნდამენტურ უფლებებსა და მონაცემთა გამოყენების საჯარო ინტერესებს დააკავშირებს, ადამიანებისა და ჯგუფების ნამდვილ საჭიროებებს. მონაცემები აღარ უნდა წარმოადგენდნენ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოების საშუალებას. მესამე, ჩვენ უნდა გავანადგუროთ ფინანსური სტიმულები, რომლებიც თვალთვალის ეკონომიკას ამდიდრებენ. ჩვენ შეგვიძლია ავკრძალოთ კომერციული პრაქტიკა, რომელიც იძულებით ქმნის მოთხოვნას მონაცემთა ხარბ შეგროვებაზე. დემოკრატიულმა საზოგადოებებმა უკანონოდ გამოაცხადეს ბაზრები, სადაც ადამიანების ორგანოებით და ბავშვებით ვაჭრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზრები მთელ ეკონომიკას ასაზრდოებდნენ.

ეს პრინციპები დემოკრატიულ ქმედებებზე გავლენას უკვე ახდენენ. “ფეისბუქის” წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალური მედიისა და სტრიმერი კომპანიების შესწავლა დაიწყო, იმ მიზნით, რომ გამოევლინა შიდა ოპერაციები და “სიღრმისეულად შეესწავლა მათი მანქანები.” კომისიის სამი წევრი, განცხადებით დაუპირისპირდა “ჩვენი პირადი ცხოვრების თვალთვალისა და მონეტიზაციის შესაძლებლობის მქონე” ტექნოლოგიურ კომპანიებს. მათი სიტყვებით “ინდუსტრია სახიფათოდ ბუნდოვანი რჩება.”

ევროკავშირში და ბრიტანეთში შემოთავაზებული ინოვაციური სამართლებრივი წინადადებების მიღების შემთხვევაში, სამი პრინციპის ინსტიტუციონალიზება დაიწყება. ევროკავშირის ჩარჩო შეძლებდა დემოკრატიული მმართველობის დამყარებას უმსხვილესი პლატფორმების შიდა ოპერაციების შავ ყუთებზე, მათ შორის ყოვლისმომცველ აუდიტსა და აღსრულების უფლებამოსილებაზე. ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა კიბერსაზღვრებს აღარ შეუშინდება, რადგან კანონმდებლები დაჟინებით მოითხოვენ „უსაფრთხო, პროგნოზირებად და სანდო ონლაინ გარემოს“. ბრიტანეთში კანონპროექტი ონლაინ ზიანის შესახებ დააწესებს სამართლებრივი „ზრუნვის მოვალეობას“, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს პასუხისმგებლობას დააკისრებს მიყენებული საზოგადოებრივი ზიანისთვის და ახალ, ფართო აღსრულების უფლებამოსილებებს მოიცავს.

ორი წინადადება, რომელიც ხშირად მოსამართლე ბრენდისს მიეწერება, კონგრესის ქვეკომიტეტის შთამბეჭდავ ანტიმონოპოლიურ ანგარიშში არის გამოქვეყნებული. „ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს დემოკრატია, ან რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირებული სიმდიდრე, მაგრამ არა ორივე ერთად“. ბრენდისის პერიოდისთვის აქტუალური განცხადება რჩება მწვავე კომენტარად წარსულის კაპიტალიზმზე, რომელსაც ვიცნობთ, მაგრამ ის არ ეხება ახალ კაპიტალიზმს, რომელიც გვიცნობს. თუ დემოკრატია გააუქმებს მოპარვის ლიცენზიას და დაემუქრება კომერციული თვალთვალის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ოპერაციებს, ეპისტემური ქაოსი დასუსტდება და, საბოლოოდ, თავად დემოკრატიის გარდაქმნას გამოიწვევს. ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, შეგვიძლია გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინფორმაციული ცივილიზაცია, დასაკარგი დრო არ არსებობს.

შოშანა ზუბოვი არის “ჰარვარდის ბიზნეს სკოლის” დამსახურებული პროფესორი და “თვალთვალის კაპიტალიზმის ეპოქის” ავტორი.

ბიბლიოგრაფია

[1] 2021 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. წინა დღეს ისინი ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა მოეთხოვათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების უარყოფა კონგრესისგან. შეჭრის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა – ათი. ეს არის მეორე შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მას შემდეგ, რაც 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომის დროს ბრიტანეთის ჯარმა 1814 წელს გადაწვა ვაშინგტონი, როდესაც კაპიტოლიუმში შეჭრა მოხდა.

[2] მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მულტინაციონალური ნავთობის და გაზის კორპორაცია, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ სკანდალში გახვეულა და აქვს მიმდინარე საქმეები სასამართლოში.

[3] მარკ ტვენის მიერ შექმნილი ტერმინი, ისტორიკოსები “მოოქროვილ ეპოქას” ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის 1877-დან 1900 წლამდე გაგრძელებულ პერიოდს უწოდებენ. ქვეყანას სარეკორდო ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, აშშ-მ შემოსავლებით ევროპის ყველა სახელმწიფოს გაასწრო, ქვეყანაში მილიონობით ევროპელი მიგრანტი შემოვიდა.

გადატრიალება, რომელზეც არ ვსაუბრობთ

ავტორი: შოშანა ზუბოვი

ანი გიორგაძის თარგმანი

ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად.

მაგალითად, როგორც ასეთი უფლებების ბუნებრივი მატარებელი, არ ვაძლევ “ამაზონის” სახის ამოცნობის ტექნოლოგიას უფლებას, იცოდეს და გამოიყენოს ჩემი შიში ტარგეტინგისა და ქცევითი პროგნოზებისათვის, რაც სხვების კომერციული მიზნებისთვის იქნება სასარგებლო. გარდა იმისა, რომ ჩემი გრძნობები უბრალოდ არ იყიდება, ისინი გაყიდვადიც არ არის, რადგან ჩემგან განუყოფელია. მე არ ვაძლევ “ამაზონს” ჩემს შიშს, მაგრამ მათ ის მაინც მიაქვთ, როგორც მორიგი მონაცემი იმ ტრილიონ მონაცემს შორის, რომელსაც მანქანა დღეში გადაამუშავებს.

გაზიარება