გამოქვეყნებულია: 2023 წლის 7 დეკემბერს, 13:13

ბოლო ადგილი

ალექსანდრა აროშვილი

2021 წლის მიწურულს, აჭარაში ჩემი კვლევითი პროექტის საველე სამუშაოზე ჩავედი. ქალთა შრომით მიგრაციაზე ამ დროისთვის უკვე გამოქვეყნებული მქონდა ორი ვრცელი ნაშრომი, რომლებიც უფრო მეტად მონოინდუსტრიული ქალაქებიდან ქალთა გადინებას უკავშირდებოდა – მათი გრძელვადიანი მიგრაციის სტრუქტურულ ფაქტორებს და ზრუნვის გლობალურ ბაზარზე მათი ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის შესწავლის გავლით საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო რესურსის – კვლავწარმოების ემოციური შრომის მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გამოკვეთას – გამოაშკარავებას იმისა, თუ რა როლს ასრულებს ქართული სამუშაო ძალა ყველაზე აქტიურად გლობალურ ეკონომიკაში.

მიტომ, შეიძლება ითქვას, მოცემული კვლევისთვის წინაპირობა შექმნა წინა კვლევებმა, რომლებიც აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალთა შრომითი მიგრაცია ეროვნული მასშტაბის პრობლემაა, საოცარი და უნიკალურია მიგრაციის თავისებურებები თითოეული რეგიონისთვის. ერთის მხრივ,90-იანი წლებიდან უწყვეტი ქალთა გარე შრომითი მიგრაცია ერთსა და იმავე სტრუქტურულ, საერთო სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს ეფუძნება – მაგალითად, იმას, რომ ქრონიკული და ხანგრძლივი უმუშევრობიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, ადგილობრივ ეკონომიკაში დასაქმება და გამომუშავებული ანაზღაურება არ არის საკმარისი ადამიანების ფიზიკური თუ სოციალური კვლავწარმოებისთვის – ოჯახების გამოკვებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯებისთვის, საცხოვრებლის ქონისა თუ შეძენისთვის და სხვა; თუმცა, საქართველოს ყველა რეგიონიდან ადამიანები სხვა ქვეყანაში მუშაობის გადაწყვეტილებას იმიტომაც იღებენ, რომ ფიზიკური კვლავწარმოებისთვის სრულიად არასაკმარისია, ასევე, არსებული სოციალური დახმარება და პენსიაც; რომ ეკომიგრანტებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისგან დაზარალებული ხალხისთვის არავითარი კომპენსაცია არ არსებობს; არ არსებობს ხელმისაწვდომი საბინაო პოლიტიკა თუ სხვა. საქართველოდან გრძელვადიან ემიგრანტთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ – შედარებით განვითარებულ ქვეყნებში ოჯახის დამხმარეებად, ძიძებად და მომვლელებად.

თუ მონოინდუსტრიული ქალაქების შემთხვევაში, ქალთა ქვეყნიდან გადინება პირდაპირ მიბმული იყო ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელ ცენტრალურ წარმოებაზე და ამ ქალაქებსა და მათ შემოგარენში ალტერნატიული სამუშაო ადგილების სრულ არარსებობაზე, კითხვები, რომელიც აჭარაში ჩასვლისას მქონდა, შემდეგნაირად ჟღერდა: რა ხდება იქ, სადაც 1. ალტერნატიული შრომის ბაზარი შედარებით განვითარებულია (მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მომსახურების სექტორი და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იგულისხმება); 2. სადაც სხვა სახელმწიფოსთან, რომელშიც მაღალია ქალთა გარე შრომითი მიგრაცია, სახმელეთო საზღვარი გვაქვს; 3. სადაც ყველაზე მეტად ხორცშესხმულია საქართველოს განვითარების პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკა, როგორც ნეოლიბერალური საქართველოს მიკრო-მოდელი?

ბათუმსა და მის შემოგარენში გატარებულმა კვირებმა, თურქეთში გრძელვადიან ემიგრანტებთან თუ ყოველდღიურ მიგრანტებთან სიღრმისეულმა, ემოციურმა საუბრებმა და უშუალოდ საზღვრის გამშვებ პუნქტან მუშაობამ დამარწმუნა, რომ აჭარიდან შრომითი მიგრაციის მოტივები შედარებით განსხვავებულია, უფრო მრავალფეროვანი და ატიპიურია შრომის ფორმებიც და სახმელეთო საზღვრის კვეთის გამოცდილებებიც.

მაშასადამე, წინამდებარე სტატია აჯამებს კვლევას, რომელიც ცდილობს, აჩვენოს როგორ იმალება მიგრანტთა ემოციური ისტორიების მიღმა სასტიკი პოლიტიკური და ეკონომიკური სიმართლე: როგორ ხდება მიგრაცია განვითარების იმ კონკრეტული ტიპის სტრუქტურული შედეგი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში, განსაკუთრებით კი ორი ათწლეულის განმავლობაში ხორციელდებ და რომ განვითარების ეს ტიპი განსაკუთრებით ქალთა მიგრაციას ასტიმულირებს, რაც სოციალური კვლავწარმოების მწვავე კრიზისს და საზოგადოებრივ ტრაგედიას იწვევს; რომ აჭარის რეგიონი, რომლიდანაც სახმელეთო საზღვრით ძირითადად ხორციელდება შრომითი მიგრაცია, თვალსაჩინო მიკრომოდელია საქართველოს ნეოლიბერალიზაციისა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციას, რადგან მათ ეკუთვნოდათ თავდაპირველი იდეა, გამეგრძელებინა ქალთა შრომითი მიგრაციის კვლევა ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო და მიგრაციის ატიპიური ფორმებით ყველაზე მწვავე, აჭარის რეგიონში.

სათაურის შესახებ

საქართველოსა და თურქეთის სახმელეთო საზღვარი სარფში, რომლის გავლაც ათასობით ემიგრანტს ათწლეულების განმავლობაში უწევს – ფიზიკური ადგილმონაცვლეობის ცხადად გამოხატული ადგილია, რომელთან დაკავშირებული ემოციური მეხსიერებაც, ცხადია არ არის დაკავშირებული მხოლოდ ერთი ადამიანის განცდებთან. კვლევის რესპოდენტებთან სიღრმისეულმა საუბრებმა დამარწმუნა, რომ ეს ადგილი აერთიანებს უამრავი ემიგრანტის იდენტურ განცდას. მეორე მხრივ, სათაური არ არის დაკავშირებული მხოლოდ საზღვრის ლოკაციასთან. ემიგრანტებთან საუბრებისას არაერთხელ მომიწია შეხება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და შემზარავ თემასთან – მიგრანტ ქალთა სიკვდილის საკითხთან სხვა ქვეყანაში: არც ისე ცოტაა შემთხვევები, როდესაც წლების ან ათწლეულების განმავლობაში ქვეყნიდან წასული ემიგრანტი საქართველოში ან მხოლოდ სიკვდილის წინ ბრუნდება, ან საერთოდ ვერ ასწრებს დაბრუნებას. ბოლო ადგილი ჩვენი თანამოქალაქეებისა და მათი ოჯახების ამ შემზარავი შიშისა თუ გამოცდილების სიმძიმის ხაზგასმისთვისაცაა.

პირველი რესპოდენტი, რომელსაც აჭარაში შევხვდი, 37 წლის ნაზი გეგეშიძე მიგრაციამდე სწორედ ქალაქ ტყიბულში ცხოვრობდა – ქალაქში, სადაც ახალი დასრულებული მქონდა იგივე საკითხზე მუშაობა და თავიდან ფეხებამდე მოცული ვიყავი იმ მდგომარეობის მწვავე ტკივილითა და შვების უკმარისობით, რაც იქ მცხოვრებ და იქიდან წასულ ქალებთან საუბრით განვიცადე. თურქეთში წასვლამდე ნაზი მეშახტე მეუღლეზე იყო ფინანსურად დამოკიდებული და ცხადია, შახტაში გამომუშავებული ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა – ისტორია, რომელიც იქამდე არაერთი ტყიბულელი ქალისგან მქონდა მოსმენილი. რვაწლიანი მიგრაციის გამოცდილების შემდეგ, ნაზი საქართველოში დაბრუნდა და ბათუმის შემოგარენში დასახლდა. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც აჭარაში დასახლება, მან სცადა, ჩემთვის საკუთარი განცდა აღეწერა რომელიც ამ ადგილთან აკავშირებდა. „აჭარა,“ – თქვა ნაზიმ – „იყო ბოლო ადგილი, საიდანაც მე საქართველოს ვტოვებდი“. მისი ეს ნათქვამი კვლევაზე მუშაობისას მრავალი მიმართულებით გახდა საკითხში ჩემთვის ინტელექტუალური თუ ემოციური ჩაღრმავების წყარო და საბოლოოდ, ნაშრომის სათაურად იქცა.

თუმცა, ყოველი აქედან გამსვლელი მიგრანტისთვის, ეს ადგილი არამხოლოდ ბოლო ადგილია, სადაც მათი ქვეყანა მთავრდება, არამედ ეს შეიძლება იყოს ბოლო მდგომარეობაც, რადგან თავისა და ოჯახის გადასარჩენად დამკვიდრებული ეს მასობრივი, უკიდურესი და ემოციურად განსაკუთრებით დაუნდობელი მიგრაციის ფორმა – გამოღწევის შეუძლებლობით, არის სიცოცხლის შესაძლო ბოლო ადგილი, რაც ცოცხალ კოშმარად აღწევს ჩვენს ემიგრანტებსა და მათ ოჯახებს.

გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის, სიტყვები ბოლო ადგილი კვლევის დასასრულს ასევე ასოცირდა გლობალური ნეოლიბერალური უტოპიის თანამედროვე გამოხატულებებთან, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში ყველაზე რადიკალური და ექსპერიმენტული სახით ვითარდება და თანმომყოლ ტკივილებს, ადგილმონაცვლეობებს, დეზინტეგრაციებსა და ადამიანურ, სოციალურ, საზოგადოებრივ რღვევებს იწვევს, ცლის სიცოცხლისგან ქალაქებს და ანაცვლებს მას ცარიელი, უზარმაზარი შენობებით – უსიცოცხლო კაპიტალით ან ცლის სიცოცხლისგან სოფლებს და ანაცვლებს ბუნებრივ გარემოებს სახიფათო ინფრასტრუქტურული პროექტებით. ეს პრაქტიკა ანაწევრებს, ითვისებს ან საერთოდ განდევნის სიცოცხლეს.. შესაბამისად, ეს ადგილები უკვე სტრუქტურულად ხდება ტკივილის მაწარმოებელი ადგილები – ბოლო ადგილები, სადაც ჯერ კიდევ ფეთქავს სოციალური რეალობა.

აჭარა, როგორც ნეოლიბერალური საქართველოს მიკრომოდელი

ოდესღაც ციტრუსისა და ჩაის პლანტაციებით განთქმული, საქართველოს მდიდარი ზღვისპირა რეგიონი – აჭარა, 2000-იანი წლების შემდგომი ეკონომიკური გარდაქმნის შედეგად – ტურისტული და მომსახურების ზონად ქცევითა და მთავარ ქალაქში დაუსრულებელი სამშენებლო ბუმით, სათამაშო ბიზნესის აყვავებით, ცარიელი ცათამბჯენებითა და გამქრალი საჯარო სივრცეებით – განსაკუთრებით მტკივნეული სანახავია. საბჭოთა კავშირისთვის აჭარა ის სასაზღვრო რეგიონი იყო, რომელიც არამხოლოდ საქართველოს ჰყოფდა სხვა ქვეყნისგან, არამედ მთელ საბჭოთა კავშირს დანარჩენი სამყაროსგან. საინტერესოა, რომ ყველა ტიპის ციტრუსის 60-65% საბჭოთა რესპუბლიკებს სწორედ აჭარის რეგიონიდან მიეწოდებოდა (Pelkmans, 2006).

აჭარის ეკონომიკამ დაცემა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის პირველივე წლებიდან, ახალ ტურიზმს კი, რომელიც გვიანი 2000-იანების გარდაქმნებმა მოიტანა, ზურგს არავითარი რეალური ეკონომიკა არ უმაგრებს, არამედ ძირითადად ორ სექტორზე, დაურეგულირებელ მშენებლობის სექტორსა და დაბალანაზღაურებად მომსახურების სფეროზე დგას.[1] პრივატიზებისა და დერეგულირების რეფორმების პირველი ძლიერი ტალღის შემდეგ, ბათუმი ამ რეფორმების შემოქმედი ხელისუფლებისთვის თითით საჩვენებელი ქალაქი გახდა, როგორც წარმატებული გარდაქმნის მაგალითი. ეს ქალაქი უნდა გამხდარიყო ნეოლიბერალური აღმშენებლობის მაგალითი.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში მარეგულირებელი კანონმდებლობებისა და ინსტიტუტების აღდგენის ნება თითქოს იკვეთებოდა, განვითარების პოლიტიკის ძირითადი კონტურები არამხოლოდ იგივე დარჩა არამედ კიდევ უფრო დაიხვეწა. ბათუმში არა თუ შეწყდა დაურეგულირებელი მშენებლობები, არამედ უტოპიური ხასიათიც კი მიიღო, როცა ქალაქის ტერიტორიიდან სანაპირო ზოლის ისტორიულ ტერიტორიაზეც გავრცელდა. დღეს ბათუმი საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე ნეოლიბერალური ქალაქია, უკიდურესად მოწყვლადი სამუშაო ადგილებით, სადაც უმეტესწილად თურქული და რუსული კაპიტალი ტრიალებს[2], ადგილობრივი მოსახლეობა კი დაბალანაზღაურებად და სიცოცხლისთვის საშიშ სამშენებლო და მომსახურების სფეროშია ჩართული.

როცა წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი პირდაპირი ტერორი და რეპრესია გაჩერდა, ქვეყანა წლების განმავლობაში შეკავებული ან ჩახშული სოციალური უკმაყოფილების გამოხატვამ მოიცვა, მათ შორის მშრომელთა გაფიცვებმა თუ სოციალურად დაუცველთა ან უსახლკაროთა მიერ სხვადასხვა ტერიტორიების დაკავების შემთხვევებმა. სწორედ ამ დროს გაჩნდა აჭარაში, ბათუმის შემოგარენში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკაროთა უზარმაზარი თვითნებური დასახლება, რომელსაც მოსახლეებმა „ოცნების ქალაქი“ უწოდეს – ერთი მხრივ ახალი ხელისუფლებისადმი იმედის, მეორე მხრივ კი, ნახევრად ირონიულად, საცხოვრებლად უვარგისი პირობებისა და თვითნებური ბარაკების გამო. დღეს „ოცნების ქალაქი“ 1700 ოჯახს ითვლის, მსურველები კვლავ ბევრია, თუმცა დასახლებას გაზრდის შესაძლებლობა აღარ ეძლევა – მრავალრიცხოვანი, წლების განმავლობაში ჩატარებული მწვავე აქციების შედეგად, აჭარის მთავრობამ უარი თქვა „უკანონო“ ქალაქის დანგრევაზე და 600-მდე ოჯახს საცხოვრებლის აშენებასაც დაჰპირდა.

„ოცნების ქალაქი“ ნეოლიბერალური ბათუმის სარკედ იქცა – აჭარის რეალურ დედაქალაქად, რომელსაც თავი შეაფარა ხალხმა მთელი საქართველოდან. რომელიც ბათუმის ცათამბჯენების პარალელურად წარმოიშვა და უკიდურესი სოციალური უთანასწორობის გაღრმავების შედეგია. თუმცა „ოცნების ქალაქი“ გვაჩვენებს არამხოლოდ აჭარის, არამედ მთელი საქართველოს „ნეოლიბერალიზაციის“ შედეგებს: აქ შეხვდებით სოციალურად დაუცველებს, უსახლკაროებს, იპოთეკით და ბანკებისგან დაზარალებულებს, ეკომიგრანტებს, რომლებსაც ჰესებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობამ სახლი დაუზიანა ან საცხოვრებელი გარემო სიცოცხლისთვის საშიში/მატერიალური გადარჩენისთვის შეუსაბამო გახადა; ეკომიგრანტებს, რომლებიც მეწყერ და ზვავსაშიშ ზონებში ცხოვრობდნენ და შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გამო, უსახლკაროდ დარჩნენ, ვისაც ჯანდაცვის ხარჯების დაფარვის გამო მოუწია გავალიანება/სახლის დაკარგვა და სხვ; ერთი სიტყვით, საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც აღნიშნულმა განვითარების პოლიტიკამ დააზარალა და რომელთათვისაც საზღვართან ახლოს დასახლება – თურქეთში სამუშაოდ გადასვლისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობა იყო.

საზღვარი და მობილობა

წიგნში „Defending The Border“ მათის პელკმანსი სოფელ სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე საბჭოთა პერიოდში გადაჭიმულ უზარმაზარ ბილბორდს აღწერს, წარწერით „მთელი საბჭოთა კავშირი იცავს საზღვარს!“. წარწერა საზღვრის მთელ იდეოლოგიურ სულისკვეთებას იტევს: ერთი მხრივ იმას, რომ ეს არის არა უბრალოდ ორ სახელმწიფოს შორის, არამედ საბჭოთა კავშირისა და დანარჩენი სამყაროს საზღვარიც – კომუნიზმისა და კაპიტალიზმის საზღვარი, რომელსაც, როგორ პელკმანსი შენიშნავს, საბჭოთა მოქალაქეები კაპიტალისტური სამყაროს ბოროტებისგან უნდა დაეცვა. თუმცა, იქვე, ის ავითარებს მოსაზრებას, რომ ეს განაცხადი ირიბად სხვა სოციალურ დაყოფებსაც მალავდა, როგორიც იყო საზღვარი სახელმწიფო ათეიზმსა (ან მართლმადიდებლობას) და ისლამს შორის; ევროპასა და აზიას შორის.

საბჭოთა კავშირამდეც, რელიგიური, კულტურული თუ გეოპოლიტიკური მიჯნა სარფის საზღვარზე ისტორიულად ყოველთვის სცდებოდა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სახმელეთო საზღვარს, რაც რეგიონს ისტორიულად ტვირთავდა დამატებითი კულტურული ნიშნებითა თუ ეკონომიკური ფუნქციით. არც მიგრაციაა ისტორიული აჭარისთვის ახალი ფენომენი – საუკუნეების განმავლობაში ის სხვადასხვა სახით ხორციელდებოდა, მათ შორის გეოპოლიტიკური (სამხედრო, ეკონომიკური) გარემოებებით, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აჭარიდან მიგრაციის დღევანდელი მასშტაბი და ფორმები განსხვავებულია და ნაკლებად უკავშირდება იქამდე არსებულ ზოგად ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ტენდენციებს, რაც ქმნიდა ან შლიდა საზღვარს და ასტიმულირებდა აჭარიდან თურქეთში ადამიანთა მობილობას.

საზღვრისპირა ეკონომიკებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მოსაზღვრე ქვეყნებს სოციალურ და ეკონომიკურ პარამეტრებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია, მთელ მსოფლიოში ახასიათებს საზღვრისპირა შრომითი მიგრანტებისა თუ საზღვართან ახლოს მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებული დაუცველობა, პროსტიტუციის, კონტრაბანდის, კრიმინალის მაღალი დონე. ამ დაუცველობას, არასტაბილურობასა და საზღვრის ფიქტიურობას თავიდან ბოლომდე პასუხობს საზღვრის დღევანდელი იერსახე. საბჭოთა ბილბორდი, რომელიც სახელმწიფოს ურყევ, ძლიერ იდეოლოგიურ ნარატივზე და დამცავ ფუნქციაზე მიანიშნებდა, ჩანაცვლებულია თანამედროვე გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერ ჰერმანის კონსტრუქციით, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტთან ერთად, წარმოადგენს პარამეტრული დიზაინის პრინციპით შექმნილ კონსტრუქციას. ერთი შეხედვით ციფრული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ამორფულობის, არამყარობისა და ცვალებადობის იდეის ალგორითმულ არქიტექტურაში გამოყენება საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და საჯარო ობიექტებში კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მმართველობას უკავშირდება და საქართველოს ნეოლიბერალიზაციის მკაფიო, სერიული ესთეტიკური რეპრეზენტაციაა. მეიერი ავტორია ასევე საქართველოში არსებული სხვა მონუმენტებისა, რომლებიც სწორედ სტრატეგიულ – სავაჭრო, ადმინისტრაციულ და საჯარო ობიექტებს მოიცავს – როგორიცაა საბაჟო (სარფი), პორტი (ანაკლია), აეროპორტები (ქუთაისი და მესტია) რკინიგზის სადგური (ახალქალაქი); და ასევე, სტრატეგიულ საჯარო და ადმინისტრაციულ დაწესებულებებს, როგორიცაა პოლიციის შენობა და იუსტიციის სახლი (მესტია). სტრატეგიული ობიექტების ამგვარ ესთეტიზაციას მყარი იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა და სრულად პასუხობდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას დაბადებული, უტოპიური ნეოლიბერალური სივრცეების წარმოშობას. ისინი ძირითადად უკავშირდება ადგილებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებისა და საქონლის მობილობასთან: თითოეული ეს ობიექტი ერთგვარი მატერიალიზაციაა თავისუფალი ფორმების იდეოლოგიისა და ექსპერიმენტული სტრუქტურების, სადაც გამოთვლითი ძალაუფლება შრომის, ვაჭრობისა და სივრცის მენეჯმენტის თვითორგანიზებისთვის გამოიყენება (Aslanishvili and Gambino, 2018).

ანაკლიაში აღმართულ 31 მეტრის სიმაღლის თეთრი მეტალის გამოთვლილ კომპოზიციაზე, რომელიც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მონუმენტის მსგავსი პრინციპით შექმნილი მონუმენტია, ავტორი, მეიერი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ეს არის ზღვის გაყინული შხეფები, ან განგაშის სირენა. ზოგი ამბობს, რომ შორიდან ის ერეგირებულ მიკი მაუსს გავს, მე ნამდვილად არ მაინტერესებს. ნებისმიერი მნიშვნელობა ან ასოციაცია შეიძლება სწორი იყოს, ან არა“. მეიერის ეს განმარტება ცინიკურად პასუხობს ქართველ შრომით მიგრანტთათვის ბოლო ადგილისუწყვეტ თარგმნადობასა და ამ უწყვეტი თარგმნადობის სასტიკ, დეჰუმანურ ხასიათს – ყოველგვარი სიმყარისა და მნიშვნელობისაგან დაცლილ, არასტაბილურ და მოწყვლად, ცვალებად, პლაზმურ რეალობას, რომელიც ადამიანებს ამ მონუმენტთან მისვლასა და მისი გავლით ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.

სწორედ ამ ცვალებადი, უწყვეტად თარგმნადი და მოწყვლადი რეალობის საპასუხოდ; მისი დამძიმების კვალდაკვალ, ქართველებმა თურქეთში დასაქმების სხვადასხვა კერები აღმოაჩინეს, რომლებიც დღეს ქართული სამუშაო ძალისთვის მნიშვნელოვანი შრომითი ბაზრებია საკუთარი კონკრეტული სექტორებით. ქართული სამუშაო ძალის ათვისებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თურქეთის საერთო შრომის ბაზარში, საქართველოს მოქალაქეები კი უფრო და უფრო მეტად ტოვებენ სოფლებს, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს და საზღვართან ახლოს, ხშირად ბარაკებში სახლდებიან საზღვარს მიღმა დასაქმების ყოველდღიური შესაძლებლობისთვის.

ქალთა შრომითი მიგრაცია აჭარიდან თურქეთში

2020 წლის მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანაა მიგრანტთა გადმორიცხვებზე მშპ-ს 13.3%-ით და მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს, რომელშიც მას წინ უსწრებს მხოლოდ სომალი, გამბია, ტაჯიკეთი, ჰაიტი, ჰონდურასი და მსგავსი განვითარებადი ქვეყნები. მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს საქართველო მე-16 ადგილზეა, ასევე, ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით – 13,05%-ით მსოფლიოში (IMF, 2021), რაც კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებს გარე მიგრაციას და კიდევ უფრო ართულებს უკვე წასულ მიგრანტთა უკან დაბრუნების შესაძლებლობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული უკანასკნელი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის (2014) მიხედვით, თურქეთი რიგით მესამე ქვეყანაა, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი იმყოფება. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2017 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს ბინადრობის ნებართვას ფლობდა 18,511 საქართველოს მოქალაქე, საიდანაც უმრავლესობა შრომითი ან მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები იყო, 2,477 შემთხვევა კი ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ ნებართვას უკავშირდებოდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანიის შემდეგ საქართველო რიგით მეორე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც თურქეთში ყველაზე ხშირად შედიან.

თურქეთში აჭარიდან გადამსვლელ ქალთა ისტორიები საფუძველს უყრის მტკიცებას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და განსაკუთრებით, მისი განვითარების მიმდინარე ფაზაში, მოქალაქეების მიგრაცია, როგორც გრძელვადიანი, ისე საზღვრისპირა და ყოველდღიური, არა ადამიანების ინდივიდუალური გადაწყვეტილება ან უბრალოდ გლობალური მობილობის შედეგად წარმოქმნილი დასაქმების ალტერნატიული საშუალებაა, როგორც ამას საქართველოს მთავრობა აფორმულირებს,[3]არამედ სპეციფიკური და შეუქცევადი შედეგია საქართველოს განვითარების პოლიტიკისა, რომლის თვალსაჩინო მოდელიც, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ სასაზღვრო აჭარის რეგიონია.

მიუხედავად ქართველების დიდი რაოდენობით თურქეთში კონცენტრირებისა ათწლეულების განმავლობაში, საქართველო არ იკვლევს თურქეთში ქართული სამუშაო ძალის შრომით ბაზარს, არც ცალკე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შეუსწავლია თუნდაც მხოლოდ ის ძირითადი პროვინციები, რომლებიც საზღვართან ახლოსაა და ძირითადად ასაქმებს ქართველებს. ამ დროს, თურქეთში ქართველთა დასაქმების საკმაოდ დიდი ჯაჭვია აწყობილი, თავისი მოთხოვნა-მიწოდების სისტემით. თურქეთის თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით სპეციალურად მოწყობილ ოფისებს, რომლებიც ქართველებს სამუშაოს პოვნაში ეხმარებიან. ძირითადად, ეს ოფისები ოჯახში მომუშავეებს ასაქმებენ, ასევე ასაქმებენ ფაბრიკებშიც და ამაში გარკვეულ თანხას იღებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ოფისები თავად ქართველებისაა ან მასში შუამავლებად ქართველები მუშაობენ.

ძირითადი პოზიციები, რომლებზეც თურქეთში ქართველები არიან დასაქმებულები, ესაა ჩაისა და თხილის მკრეფავები, ავადმყოფის მომვლელები და ძიძები, მტვირთავი მუშები და ფაბრიკების მუშები და სხვ. ჩაისა და თხილზე თანაბრად მუშაობენ როგორც ქალები, ისე კაცები, ასევე, ფაბრიკის მუშებად. მტვირთავი მუშები ძირითადად კაცები არიან, ხოლო ავადმყოფის მომვლელები და ძიძები – ქალები. მსხვილ დამსაქმებლად ითვლება, ასევე, სამშენებლო სექტორი.

ჩაი და თხილი

ჩაის კრეფა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამუშაოა, რაც თურქეთში ქართველი სამუშაო ძალის შრომის ბაზარზე გვხვდება – გულისხმობს გაუსაძლის, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ შრომას, მათ შორის, კონკრეტულად ქალთათვის განსაკუთრებულ დატვირთვას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სეზონური სამუშაოა თურქეთში გადამსვლელი ქართველი ქალებისთვის,

ჩაის კრეფის სეზონი თურქეთში ძირითადად მარტიდან იწყება და ძირითადად ქართველები მუშაობენ. სამუშაოდ წასვლა მარტიდანვე შეიძლება, ოღონდ ჯერ სასუქს, აზოტს აძლევენ ჩაის. პირველი „ზბორი“ მაისში იწყება, მეორე ივნისი-ივლისის თვეებში, მესამე კი აგვისტოში. მეოთხე „ზბორი“ სექტემბერშია, როცა უკვე საკმაოდ ცივა. ჩაიში მუშაობა ამინდს არ ცნობს – რაც არ უნდა ხდებოდეს – ქარიშხალი, თაკარა მზე, სეტყვა, თოვლი, წვიმა -კრეფა არ ჩერდება.

თითო „ზბორზე“ ჩაის კრეფის მაქსიმალური ხანგრძლივობა 20-25 დღეა, ზოგიერთ „ზბორზე“ 15-20 დღე. აღსანიშნავია, რომ კრეფის დღიური ხანგრძლივობა 11-დან 12 საათამდეა, შუადღის 1 საათიანი შესვენებით , როცა მკრეფავებს საჭმელს აჭმევენ. საჭმელი, ძირითადად იქვე, პლანტაციებში რიგდება, რადგან პლანტაციები უზარმაზარია, კილომეტრობით გაწელილი, სახლები კი, რომელსაც პლანტაცია ეკუთვნის, შორსაა. 20-25 დღე გადაბმულად 11-12 საათიანი მუშაობის ციკლი ნებისმიერ ამინდში, გარდა იმისა, რომ დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, გულისხმობს, ასევე, ამ პერიოდში პერმანენტულ უძილობასაც, ვინაიდან ამ 24 საათში, რომელშიც 11-12 საათი უშუალოდ კრეფას ეთმობა, ასევე შედის სახლიდან საზღვრამდე მიღწევის, საზღვარზე გადასვლის რიგში ჩადგომის, საზღვრიდან პლანტაციამდე მგზავრობის დროც – თურქეთის სხვადასხვა პროვინციებსა და დასახლებებში, რომლებიც, ზოგი საზღვრიდან ახლოსაა, ზოგი შორს, შემდეგ კი უკან იგივე გზის გამოვლის დროც. საქართველოს მიმართულებით საზღვრის კვეთა იქამდე უნდა მოასწრო, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ მოძრაობს. სახლში მოსულ ჩაის მკრეფავს, რომელთა დიდი ნაწილი, ქალია, ცხადია, სახლის და საოჯახო საქმეებიც ხვდება – ბავშვებისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება, რეცხვა – ასევე, თავის მოწესრიგება, მათ შორის, დამღლელი ფიზიკური შრომის შემდეგ შხაპის მიღება, რისი საშუალებაც სამუშაოს დასრულების შემდეგ ხშირად არც ეძლევათ ადგილზე, სამუშაო ტანსაცმლის გარეცხვა, მაქსიმუმ 1-2 საათით ძილი და კვლავ ფეხზე ადგომა საზღვარზე გადასასვლელად და ჩაის საკრეფად – ასეთია ციკლი შეუსვენებლად, 20-25 დღის მანძილზე გადაბმულად.

თითო სეზონზე გამომუშავებული თანხა ჩაის მკრეფავთა უმრავლესობისთვის მთელი წლის შემოსავალი იყო, სულ მცირე, 2020 წლამდე. პანდემიამდე, რესპოდენტები ამ საერთო თანხად 1500 ლარამდე ასახელებდნენ. ვინც ჩაის სეზონს თხილის სეზონსაც უმატებს, დამატებით გამოიმუშავებს და ამის შემდეგ უკვე ზამთარში, საქართველოში, მანდარინის კრეფაც შეიძლება. თხილი ჩაისთან შედარებით ნაკლებად მძიმე საკრეფია, მაგრამ ცვლებისა და პირობების თვალსაზრისით არანაკლებ შრომატევადი. ჩაის მკრეფავები ძირითადად ქალები არიან.

თხილის სეზონი აგვისტოში იწყება, ძირითადად ახალგაზრდა ბიჭები დადიანო, ამბობენ ჩაის მკრეფავი ქალები. თხილში გადახდილი ანაზღაურება უფრო დაბალია და ამიტომ, უმრავლესობა იგივე დროს ჩაის კრეფას ვამჯობინებთო. თუ ორივეს ასწრებ, მძიმე შრომისა და საზღვრის კვეთა-გადმოკვეთის ყოველდღიური, უწყვეტი, უძილო ციკლი ხშირად 30-40 დღემდეც კი გრძელდება.

დალი ხოზრევანიძე ხულოში, სხალთაში ცხოვრობდა. ქმრის დაღუპვის შემდეგ ორი ბავშვი დარჩა, რომელთათვისაც განათლება უნდა მიეცა. მიწის ნაკვეთი იმდენი არ ჰქონდა, რომ კარტოფილი მოეყვანა, ჩამოეტანა და გაეყიდა. სოფლიდან წამოვიდა და 2012 წელს, „ოცნების ქალაქში“ დასახლდა. ბარაკის სახლად გადაქცევის ერთადერთი შანსი ჩაიში მუშაობა იყო, ოცნების ქალაქი კი საუკეთესო ადგილი ამისთვის – საზღვარი იყო ახლოს. დღეს დალის სახლი უკვე აქვს – მართალია „უკანონო დასახლებაში“, მაგრამ სახლი ერთადერთია, რაც გააჩნია. სამაგიეროდ, აღარ აქვს არავითარი შემოსავალი, რადგან მძიმე შრომამ ჯანმრთელობა დაუზიანა და სამუშაოდ წასვლა აღარ შეუძლია.

დალის, ისევე როგორც ყველა მკრეფავს, არაერთხელ უცდია ადგილობრივ ეკონომიკაში დასაქმება ამ მძიმე შრომის თავიდან ასარიდებლად და უმუშავია კიდეც, თუმცა,როგორც ამბობს, სამუშაო ადგილები აჭარაში ან იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ აზრი არ აქვს; ან თან დაბალანაზღაურებადია და თან ჯანმრთელობისთვის საზიანო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დალი საზოგადოებრივ ავტობუსებში მუშაობდა კონდუქტორად და ხელვაჩაურთან, ფოლადის ქარხანაშიც. თურქეთში მომვლელადაც უმუშავია, მაგრამ ვერ გაძლო. 150 კგ წონის ქალი მყავდა მოსავლელი, ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდაო. როგორც ამბობს, ამ წონას ვერ ერეოდა და ბოლოს ისევ მძიმე ფიზიკური, სეზონური შრომა ამჯობინა ჩაიში, სანამ შეეძლო.

„დილის სამზე ვდგებოდი. ვიწყებდი ჩაცმას. ფეხზე თბილად უნდა მცმოდა – გაზაფხულზეც სიცივე იყო. აქედან მიმქონდა სამუშაო ტანსაცმელ ჩემოდნით, ჩაის საკრეფ მახა და იაღმურებს ვეძახდით, თურქული სიტყვაა – საწვიმარიც, 20 კილო ტვირთი. გავიდოდი ტრასაზე, ჩამოივლიდა მარშუტკა, ჩავიდოდი ბავშვთასთან, ამოივლიდა სარფის მარშუტკა – დავჯდებოდი იმაზე, გავუყვებოდით სარფისკენ და სარფთან რომ მივიდოდი, იქ რიგი იდგა უშველებელი. რამდენჯერ გულიც წამსვლია. საზღვარზე თუ გადახვიდოდი, ჩაის მეპატრონე დაგხვდებოდა და პლანტაციებში წაგიყვანდა. მეორე დღეს, დილის 7-ზე რომ გავიდოდით საკრეფად, საღამოს 6-მდე ვკრეფდით. კაცი რომ ვერ წევს, ისეთ ტომრებს ვწევდით ჩვენ, ქალები. 30-40 კილო ჩაი, ჩატკეპნილი – გამქონდა ნაპირის ბოლოში. ქალები ვცლიდით, ქალები ვტვირთავდით ყველა დაავადმყოფდა, ვინც იქ მუშაობდა.

მეოთხე ზბორიც მაქვს ნაკრეფი. ხელებზე გვათოვდა. მეპატრონეს შევეცოდეთ და ცხელი რძე აადუღა და იქ ჩამოგვიტანა, დალიეთ, თქვენი ცოდვა მერე მე მომეკითხებაო. იქ ტანს ვერ ვიბანდითჩქარ-ჩქარა იცვამ, რომ ავტობუსს მოუსწრო, აბა ტაქსით თუ წამოხვედი, ის ფული აღარც დაგრჩება, რასაც შრომობ. რომ მოდიხარ იქიდან და ავტობუსში ადიხარ, შეურაცხყოფას გაყენებენ, რადგან ნამუშევარი ხარ და გადავლება ვერ მოასწარი. ფუი-ფუი, იძახიან და შენ გრცხვენია და შეურაცხყოფილი ხარ.

მოვაღწევდი სახლში, რა თქმა უნდა, სახლის საქმეებიც მხვდებოდა. ვიბანავებდი, ტანსაცმელი უნდა გაგერეცხა ჭუჭყიანი, საჭმელს გავაკეთებდი და სამისკენ ისევ წავიდოდი. გადაბმულად დავდიოდი. დიდი-დიდი დამეძინა ზუსტად 2 საათი წარმოიდგინე, უძინარი ადამიანი რომ დაბრუნდები და ისევ ჩაიში წახვალ. ასე გადაბმულად მივლია 10-15 დღე.“

34 წლის შორენა ასამბაძეც მარტოხელა დედაა ქედადან. 8 წლის წინ, ჩაიზე სამუშაოდ სასიარულოდ, ისიც „ოცნების ქალაქში“ დასახლდა. ბავშვს ვერავის უტოვებდა, ამიტომ გადაწყვიტა ადგილობრივი მონაზვნისთვის სასულიერო გიმნაზიაში დროებით მიენდო აღსაზრდელად – იქამდე, დაახლოებით იგივე გზა შორენას დედამ გაიარა, რომელიც ახლაც თურქეთშია. შორენაც, სხვა ქალებივით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა საქართველოში ცდილობდა დასაქმებას. უმუშავია მიმტანად, დამლაგებლად, მაგრამ მთელი დღე ბავშვის დატოვება და გარეთ ყოფნა დღეში 5-6 ლარად, არ უღირდა.

წვიმა, მზე, თოვლი… მეოთხე ზბორი მეც მიკრეფია თოვლში, და მახსოვს დილით, როცა ვკრეფდი, ყინულები ეხრაჭუნებოდა მახას, ხელები მეყინებოდა და იმ ერთ-ორ კაპიკზე ვფიქრობდი ბავშვისთვის, რისი შოვნის შანსიც საქართველოში არ იყო. რა თქმა უნდა, არ მახსენდება კარგად, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ფიქრობ, კიდევ კარგი, იმ მომენტში ეს მაინც იყო, ამის საშუალება და კიდევ კარგი, ჯერ კიდევ არის.

ჯანმრთელობაზე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს და განსაკუთრებით ქალისთვის, თვითონ თურქი კაცები არ ამუშავებენ ქალებს და უკვირდათ ჩვენ როგორ ვმუშაობდით. ყველა ასაკის ქალი დადის საკრეფად. პატარა გოგოებიც და ჩაის და თხილს კრეფენ, აგერ ჩემი ძმის შვილები, პატარა გოგოები, ობლები არიან და იმიტომ, რომ დედას შეეხიდონ, მიდიან და თავისი სასკოლო ნივთების და ჩასაცმელის საყიდლად თხილს კრეფენ, მოსწავლეები. კანონით არ შეიძლება, რა თქმა უნდა, არანაირად, რომ ამ ასაკის ბავშვებმა იშრომონ, მაგრამ მაშინ რამე უნდა მისცე სახელმწიფომ ასეთ ხელმოკლე ოჯახებს ისეთი, რომ ეს არ მოუწიო. თვითონ დედაც ცალი თირკმლით მუშაობს და იმდენს ვერ ახერხებს, არ შეიძლება გადატვირთვა – გამოდის, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს ხალხს.

ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა – საკვერცხე, საშვილოსნო, ყველაფერზე პრობლემა. იმიტომ, რომ სიცხეა თუ წვიმს, მაინც სველი ხარ შენ იქ. ფეხი მქონდა სულ სველი, ჩამოვდიოდი და მერე სულ ექიმთან დავდიოდი, იქიდან ჩამოტანილი ფულით ნახევარს მაგაში ვხარჯავდი რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. ხერხემალზე გამიჩნდა პრობლემა, თიაქარი გამიჩნდა სიმძიმეებისგან და ასე შემდეგ“.

შორენას მონაყოლის შემდეგ, ბავშვების ჩაიში და თხილში მუშაობის შემთხვევებით დავინტერესდი. „ბათუმელების“ სტატიის მიხედვით, პანდემიამდე, თხილსა და ჩაიზე მშობლებთან ერთად საზღვრის მიღმა ასობით ბავშვი მუშაობდა.

ირმა მჟავანაძე სოციალურად დაუცველია, მეუღლესთან, სამ შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს „ოცნების ქალაქის“ ბლოკისგან აშენებულ პატარა ბინაში. აქ დასახლება მისი შვილის დიაგნოზმა განაპირობა. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 9 წლის დათასთვის სოფელში არავითარი პირობა არ იყო – მხოლოდ კერძო ფსიქოლოგების სერვისები იყო ბათუმში, რომლებიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ბავშვს კი ყოველდღიური თერაპია სჭირდებოდა. ამჟამად, დათა უფასო პროგრამაშია ჩართული, მის ყოველდღიურად სატარებლად კი ოჯახს ბათუმთან ახლოს ყოფნა სჭირდება.

„გადაბმულად ჩაიზე მიმუშავია 20-25 დღე. ამინდის მიუხედავად – წვიმა, ქარი, რომ გლეჯს ყველაფერს, ხე რომ არ მოგლიჯოს და არ დაგეცეს, ამის რომ გეშინია მუშაობისას – მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ის 20-25 დღე რაც არ უნდა მოხდეს, მუშაობ. სპეცტანსაცმელს ან რამეს არ გაძლევენ არაფერს, არსად. შენ თვითონ უნდა გქონდეს. საჭრელიც. დილით 6 საათზე ნახევრად მძინარე საზღვარზე გავიდოდით, რიგი, ჭყლეტა. მერე გადავიდოდით, ვიმუშავებდით და საღამოს ანალოგიურად გადმოსვლაზე, უკვე ნამუშევარზე, დაღლილ დაქანცული, რიგში და ჭყლეტვაში ვიდექით.

ჩაიში მუშაობა რამდენიმე წლის წინ ირმას დედამ, 57 წლის დარიკო დიასამიძემაც სცადა, 20 დღე იმუშავა და ინსულტი მიიღო, რის გამოც, მეორედ წასვლაზე აღარ უფიქრია. კითხვაზე, თუ რამდენი სეზონი შეიძლება მუშაობა ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანდეს, დარიკო პასუხობს, რომ არცერთი.

ჯანმრთელობა გერყევა ერთ დღეზე თუნდაც, ან ორ დღეზე. ვისაც სხვა გამოსავალი აქვს, არც კი უნდა გაიფიქროს ამაზე. წავედი, ვიმუშავე, 20 დღე ვიმუშავე, მეტი ვერა. ვკრეფდით 6 საათიდან 6 საათამდე. 12 საათი, 11 საათი. შუადღეზე გვქონდა შესვენება და ისიც რა – ჩაიში მოგიტანენ პურს და წვენებს, ადგილზე, სადაც მუშაობ. ჩრდილში ხომ ვერ შეისვენებ, რომ ადამიანურად ჭამო. ოჯახები ერთად დადიან, ნაცნობებიც – იქ ვინც გაიცნო ერთმანეთი მაგ მუშაობაში, ისინიც ერთად დადიან. რომ მოკრეფ იმ ჩაის, გატანა უნდა. მარტო ვერ გააკეთებ, ძაან ძნელია. ბევრი ათრევს კიდეც, იმიტო რო სხვა გზა არაა.. მაგის მერე, ბავშვ რომ ავიყვან ხელში, ეგ აღარ შემიძლია. სხვა სამუშაო, კიდევ აქ არ არის. რამე თუ გამოჩნდება ზოგჯერ – ან დარბაზში მრეცხავად წავსულვარ, ან დამლაგებლად – ეგეთები არის, მაგრამ იშვიათად – თვეში ერთხელაც არ არი.“

გარემოვაჭრეობა, სიგარეტი და „ტავარი“

მათთვის, ვისაც ჩვილი ბავშვების დატოვება და 20-25 წლის განმავლობაში ჩაის საკრეფად წასვლა არ შეეძლო, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების ან ასაკის გამო ფიზიკურად მუშაობა აღარ შეეძლო და ვეღარც გრძელვადიან მიგრაციაში წავიდოდა მომვლელად, საზღვარზე გადასვლით მცირე შემოსავლის შოვნა სიგარეტით ვაჭრობით შეიძლებოდა. რესპოდენტთა მონაყოლით, პანდემიამდე სიგარეტის გადატანაში უამრავი ქალი იყო ჩართული – მათ შორის ორსულებიც და ძალიან მოხუცებიც, რაც ისედაც მოწყვლადი საზღვრისპირა მიგრაციის პრაქტიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი, სარისკო და ატიპიური შრომითი საქმიანობაა.

ოფიციალურად, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 2 ბლოკი სიგარეტის გადატანაა დაშვებული, მაშინ როცა ქალები დღეში 6-7 ბლოკის წაღებას რისკავდნენ. ამის შეუმჩნევლად გაკეთებისთვის, ისინი კოლოფებს სხეულზე, სკოჩით იმაგრებდნენ. ხშირ შემთხვევაში, გადატანა საზღვარზე ჩამორთმევით ან უკვე თურქეთის ტერიტორიაზე დაკავებით სრულდებოდა. როგორც ამბობენ, პანდემიის შემდეგ გაზრდილი ინფლაციისა და ფასების გათვალისწინებით, სიგარეტის გადატანით ნაშოვნი დღეში მაქსიმუმ 10-15 ლარი აღარ ღირს საზღვარზე რიგში დგომისა და ამხელა რისკზე წასვლისთვის, მაშინ როცა იქამდე ამ 10 ლარით ოჯახისთვის სადილის გაკეთება რამდენჯერმე შეეძლოთ. თუ 10 ლარზე მეტის- 13 ან 15 ლარის შოვნა უნდოდათ, სიგარეტი საზღვრიდან კიდევ უფრო შორს უნდა წაეღოთ და შეიძლებოდა მეორე დღეს უკან ვეღარც დაბრუნებულიყვნენ.

28 წლის ნანა ბერიძე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. შუახევიდან წამოსვლა ჰესისა და გვირაბების მშენებლობების გამო მოუწია, რადგან სამშენებლო სამუშაოებმა სოფელი დააზიანა და ნანას სახლიც, ბევრი სხვა სახლის მსგავსად, ავარიული, საცხოვრებლად უვარგისი და სიცოცხლისთვის საშიში გახადა. 5-6 თვის ორსული ქმართან ერთად „ოცნების ქალაქში“ ჩამოვიდა. პირობები გაუსაძლისი იყო, სახლი ჯერ არ ჰქონდათ, ნანას მეუღლე ზოგჯერ ძველ საბურავებს წვავდა გასათბობად, შემდეგ პატარა ფიცრული ჩადგეს და დღეს უკვე პატარა სახლი აქვთ. ჩაიში ნანას ერთხელ აქვს ნამუშევარი და როგორც ამბობს, ამის შემდეგ თირკმელი დაეხურა. თანაც, ვინაიდან ჩვილი ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა, ჩაიში ხშირად ვერ ივლიდა. ამ პირობებში, ზოგჯერ სიგარეტების გადატანა ნანასთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო. დანარჩენებივით, ვისაც სიგარეტი გადაჰქონდა, ნანაც დაუჭერიათ, როცა ბავშვი მძინარე ყავდა დატოვებული.

სიგარეტები გადაჰქონდა 33 წლის იზოლდა ბერიძესაც, რომელიც, ასევე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედაა.

„რვა თვის ორსულიც დავდიოდი სიგარეტების გადასატანად, რიგებში, ჭყლეტვებში, წვალებაში. არ გეგონოთ, ეს გამონაკლისი იყოს ან ცოტა ადამიანს გადაჰქონდა სიგარეტი, ასე დადიოდა მთელი საქართველო, იმხელა რიგები იყო. თუ წაგართმევდნენ, გადასვლა დაგრჩებოდა ტყუილად. შეიძლება მთელი დღეც ყოფილიყავი რიგში მაგისთვის და მთელი დღე დაგეკარგა. საერთოდ, როცა არაფერი არ არის, მერე იგონებს ასეთ სამუშაოებს ხალხი.

30 წლის თეონა აბაშიძე კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი, სამი შვილის დედაა, რომელიც ნანას მსგავსად, ეკომიგრანტად ითვლება. მისი სახლიც შუახევში იყო და ჰესის მშენებლობის სამუშაოებისას მიმდინარე აფეთქებებმა დააზიანა.

„ინვალიდ დედას, თვითონ მოსავლელს ვუტოვებდი ბავშვებს, რომ წავსულიყავი და პურის ფული მომეტანა სახლში. ხან ჩაიში, ხან სიგარეტებზე. ჩემი ქმარი „პაკრიშკებში“ ათენებდა ღამეს 10 ლარისთვის, მეტს არ აძლევდნენ – მეორადი „პაკრიშკები“ რომ იყიდება, იმათი ყარაული იყო. ერთხელ, ბავშვს დაბადების დღე ქონდა და, ნუ, ტორტი რომ მეყიდა, წავედით სიგარეტის გადასატანად. მოვყევით ავარიაში. მარშუტკა გადატრიალდა, რომელშიც 18 კაცი ვიყავით, საზღვრის იქით, თურქეთის მხარეს. ერთი თვე გაუნძრევლად ვიწექი, ვერ ვმოძრაობდი… გადამატრიალებდნენ, გადმომატრიალებდნენ. ვერც ტორტი ვიყიდე, ვერაფერი..“

სიგარეტების გარდა, საზღვარზე ზოგს მცირე რაოდენობის ხილი, ბოსტნეული ან თაფლიც გადაუტანია გასაყიდად, ან, როგორც ეძახიან „ტავარი“ შემოუტანია. ტავარის შემოტანა, სიგარეტის გადატანის მსგავსად, ლიმიტირებულია და თვეში ერთჯერადად შეგიძლია – თუ მესაზღვრემ მეორედაც გიპოვნა, 1 თვე არაფრის შემოტანის უფლება აღარ გაქვს. სიგარეტისა და „ტავარის“ გადატანისას საზღვარზე ატანილ დამცირებაზე შორენა ასამბაძეც საუბრობს.

ჩაიზე რიგში რომ ვიდექი, სულ სხვა ქალებს ვუყურებდი, სიგარეტები გადააქვთ, ტავარი გადააქვთ. საშინელი დამცირების და შევიწროვების ამტანი ხდებიან, და გული გიკვდება, რომ ყველაფერს იტანენ ეს ჩვენი ქართველი ქალები, დედები – ჯერ აქაურებისგან, მერე თურქებისგან ლანძღვას, რომ ეს აკრძალულია და რატომ გადმოგაქვთ, ზოგს ართმევენ და ადეპორტებდნენ – მე მინახავს ბევრი დედა, მოხუცი, ასაკიანი ქალი, რომელიც ტირის – იმით, რაც თქვენ წამართვით, ჩემი შვილების და შვილიშვილებისთვს პური უნდა მიმეტანა ამ საღამოსო, რომ ამბობს. ელემენტარული, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს – ეს ასაკიანი ქალები, ეს დედები არ უნდა გახადოს იძულებული, ეს ლანძღვა აიტანონ. მოხუცი ქალები მინახავს, რომლებსაც გადაქონდა მსხალი, ვაშლი.. ჩვენი საუკეთესო სოფლის ხილი გადააქვთ და თურქეთში ყიდიან – აქ კიდევ, ჩვენ იქიდან შემოტანილს ვჭამთ. რატომ? – რომ ვუყურებდი ამ მოხუცებს, მეტირებოდა და გული მტკიოდა – ის ბებიები ფეჩის ძირში უნდა ისხდნენ, თბილ კერასთან და შვილიშვილები უნდა ეხუტებოდნენ, მაშინ, როცა იმ დონემდე გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, რომ იარონ თურქეთში და ზიდონ სიგარეტი.

გარემოვაჭრეობა ან თურქულ მაღაზიებში საზღვარს მიღმა მუშაობა თურქეთში საზღვრისპირა მიგრაციის კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა, რომელსაც აჭარელი თუ აჭარაში სხვა კუთხეებიდან ჩამოსული ქალები მიმართავენ. საზღვრისპირა მიგრაციის ზემოთჩამოთვლილი ფორმების მსგავსად, ისიც საზღვრის ყოველდღიურ კვეთას გულისხმობს. გარემოვაჭრეები და მაღაზიებში მომუშავეები აჭარელ საზღვრისპირა მიგრანტთა ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც საკუთარი მოთხოვნებით ორგანიზება მოახერხა. პანდემიისას, საზღვრის ჩაკეტვის გამო, მათ სამუშაო დაკარგეს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება არ შეეხოთ, რადგან ვერ ამტკიცებდნენ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ, რის გამოც მათ რამდენიმე ხმაურიანი აქცია მოაწყვეს[4]. აქციების ყველა მონაწილე ქალი იყო. საბოლოოდ, მათ მოახერხეს იმის ჩვენება, რომ დასაქმების ეს ფორმა რეალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარს მიღმა ხორციელდებოდა და სახელმწიფომ მათ კუთვნილი დახმარება მიაწოდა.

ზრუნვის სექტორი, როგორც ბოლო ადგილი

უკვე ათწლეულებია, თურქეთის თითქმის ყველა ქალაქსა და პროვინციაში, ოჯახებში ძიძებად, მოხუცების ან ავადმყოფების მომვლელებად, ზოგჯერ ცხოველების მომვლელებადაც – ქართველი ქალები მუშაობენ. ზრუნვის სამუშაო ყველა ზემოთჩამოთვლილი სამუშაოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგან, პირველ რიგში, ის გულისხმობს გრძელვადიან, უწყვეტ მიგრაციას, რომელიც საკუთარ ოჯახსა და ქვეყანას თვეობით, წლობით წყვეტს ადამიანს. მეორე მხრივ კი, თავად ამ სამუშაოს სპეციფიკაა განსხვავებული და ატიპიური შრომის ტრადიციული გაგებისაგან, რომელიც ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომის დანაწილებას ეფუძნება. ეს სამუშაო, პირველ რიგში, ემოციური და კომპლექსური ფსიქოსოციალური გამოცდილების შემცველი შრომაა განსაკუთრებულ მენტალურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოცდილებებსა და მდგომარეობებს (აროშვილი, 2020).

ზრუნვის სექტორში ქალთა გრძელვადიანი მიგრაციის მიზეზები, როგორც წესი, ქალების უცაბედი მარჩენალად გახდომა ხდება – როდესაც ისინი კარგავენ მეუღლეებს, უავადდებათ ისინი, ან უმუშევრები ჰყავთ, ოჯახი კი ვინმემ უნდა არჩინოს; თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე, უცაბედი გაღარიბებაც, რისი რისკებიც საქართველოში ძალიან მაღალია – უსახლკაროდ დარჩენა, ჯანდაცვის ხარჯები, ბანკის ვალები… ფინანსური და სოციალური ვალდებულებები, რომელთა დარეგულირებაც შეუძლებელი ხდება ადგილობრივ ვალუტაში გამომუშავებული ანაზღაურებით. ამ დროს, ერთადერთი, რაც გასაყიდი რჩება, არის ემოციური რესურსი, ზრუნვის შრომა, რომელსაც ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებზე, საკუთარ ახლობლებზე ხარჯავს.

რუსა მემიაძე 56 წლისაა. თურქეთში, ანკარაში 2006 წლის შემდეგ, უკვე 17 წელია იმყოფება. მეუღლე 1993 წელს დაკარგა და მარტოხელა დედა გახდა, თუმცა, ემიგრაციაში წასვლა არ უფიქრია, სანამ, 2006 წელს 3000$-მდე ვალი არ დაედო. ვალის დაფარვის შემდეგ, თურქეთში მუშაობა მაინც გააგრძელა, რადგან ოჯახს არ ჰქონდა საკუთარი სახლი. რუსას შვილები დღეს უკვე დიდები არიან, თუმცა, ჯერ მაინც არ შეუძლია მშვიდად საქართველოში დაბრუნება. როგორც ამბობს, მართალია საჭმლის ფულის გაგზავნა აღარ უწევს შვილებისთვის, მაგრამ სხვა რამეებში ეხმარება.

სხვა გრძელვადიანი ემიგრანტების მსგავსად, რუსას ბათუმიდან ზუმის პლატფორმით ვესაუბრე. მიუხედავად დისტანციისა და ფიზიკურ სივრცეში შეხვედრის შეუძლებლობისა, ეს საუბრები განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის – დავიწყებული ქართული ენა, შვილებთან და შვილიშვილებთან მხოლოდ ინტერნეტით კონტაქტის სისასტიკე, გაჭირვებით, ტკივილით, ცრემლებით საუბარი.

არვიცი, მე რომ დავჯდე, ახლა ბათუმში რომ ვიყო შენთან ერთად, დავჯდე და ყველაფერი მოგიყვე, კარგი დიდი რომანი დაიწერება. საერთოდ, თითო ემიგრანტს თითო წიგნი აქვს დასაწერი. 15 წელია აქ ვარ. ტელეფონს ხელს ვერ მოკიდებ, ვინმეს ვერ დაელაპარაკები. 3-4 წლის წინ დედა დამეღუპა, მამა დამეღუპა, ძმა ავად გამიხდა, ვირუსის გამო ვერ ჩამოვედი და ვერ ვნახე, ტირილშიც ვერ ჩავედი – ეს ძალიან ძნელია. გლოვა არ არის ჩვენთვის, სიხარული არ არის ჩვენთვის – ქორწილი… მარტო მუშაობ. ძმა რომ მომიკვდა, პატრონმა უფლება არ მომცა, რომ ცრემლი ჩამომეგდო, ვიმალებოდი და ისე ვტიროდი. ყველაზე ემოციური ისაა, რომ იშრომე, იწვალე, თავი გადადე, გაქვს სახლი უკვე საქართველოში, მაგრამ შეიძლება, ვერც იცხოვრო იქ, ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან, ვერც საჭმელი გააკეთო შენს გემოზე, ვერც ჭიქით წყალი დალიო, ისე მოკვდე, არ გეღირსოს არაფერი შენ ქვეყანაში და საკუთარ სახლში.

6 წლის უკან ვიყავი ჩამოსული ოჯახის სანახავად, დროებით, და ვეცადე, მანდ მომეძებნა სამსახური. დავჯექი, ავიღე კომპიუტერი, ვუყურებ ვაკანსიებს – დავრეკავ – 18 წლიდან 39 წლამდე, მეუბნებიან. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ წავიდე, 56 წლის ქალი სამსახურს ვერ ვიშოვი, გამორიცხულია. ამიტომ ველოდებით ემიგრანტები, იმას, რომ დავბერდეთ, დაბერება გვინდა, იმისთვის, რომ წავიდეთ სახლში. 65 წლის ქალები არიან აქ, ჯერ კიდევ მუშაობენ ოჯახებში, 70-იც მინახავს.“

თურქეთში იმყოფება 47 წლის ირმა ხალვაშიც, ხელვაჩაურიდან. ირმა სამი შვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებიაა. უკვე 10 წელია, რაც ემიგრაციაშია და ამ 10 წლის განმავლობაში 10-12 სხვადასხვა ოჯახში უმუშავია. ოჯახში საქართველოშიც უმუშავია, ასევე სასტუმროში, მაღაზიაში, სუპერმარკეტში… როგორც ამბობს, ყველა სფეროში, მაგრამ არსად მისი შრომა არ დაფასებულა, არც მისი, და არც არავისი, ვისაც იცნობს.

ემიგრანტობის მთავარი ემოციური გამოცდილება ისაა, რომ ხარ უცხო მიწაზე, ღამდება და შენ არ იცი შენი შვილები რას აკეთებენ საქართველოში (ტირის). ის, რომ სხვა ხალხს ვემსახურები, მაგაზე ნამდვილად არ მაქვს ემოციური რეაქცია და იცით რატომ? იმიტომ, რომ აქ ფასდება ჩვენი შრომა.“

ლამარა ლატაური თურქეთში 12 წლის წინ წავიდა, ისიც ვალების დასაფარად. ვალებს დღემდე ფარავს, თუმცა, შემდეგ ბავშვების განათლების ხარჯებიც გამოჩნდა, ერთ საჭიროებას მეორე მოჰყვა, როგორც ამბობს და ლამარაც ემიგრაციაში დარჩა.

„მოხუცს ვუვლი ორს, ცოლ-ქმარს. ქალი საერთოდ არ არის ამქვეყნად და კაცი ძალიან მოხუცია. ეს ძალიან მძიმე შრომაა. ქალი ვერც ლაპარაკობს, ხელით ვაჭმევ, ხელით დამყავს. მე რომ არ ავაყენო, არ იცის რომ უნდა ადგეს, მე რომ არ დავსვა, არ იცის რომ უნდა დაჯდეს. ჩემთვის დრო საერთოდ არ მრჩება, საერთოდ, იმიტომ, რომ ყოველ წუთას ამათ უნდათ ყურადღებათოთო ბავშვებივით არიან. ანაზღაურება, რომელსაც ვიღებ აქ, ასაერთოდ არ შეესაბამება იმ შრომას, რომელსაც მე აქ ვწევ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. იმედია, რაც მაძლებინებს ამ მდგომარეობაში მარტო. იმედი იმის, რომ დავბრუნდები, იმედი იმის, რომ ძლიერი ვიქნები და უცხო მიწაზე არ მომიწევს სიკვდილი.

75 წლის ქალი მუშაობს აქ. 75 წლის ქალი, ჯოხით ხელში, და სხვას უვლის. 68 წლის ქალი მუშაობს ინვალიდი. თვითონ რომ არის მოსავლელი და სხვას უვლის. ძლივს დადის. ვუთხარი, ადექი, წადი სახლში, შვილი არა გყავს? შვილი გამოუშვი და წადი სახლში, მეთქი. ერთი შვილი დამეღუპა, მეორე ავადმყოფი მყავსო. მთავარი კითხვა ისაა, როდემდე უნდა ვიყოთ ასე. საქართველოს თუ ეშველება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გვეშველება ჩვენც“

ის ემიგრანტები, რომლებმაც საქართველოში გრძელვადიანი მიგრაციიდან დაბრუნება მოახერხეს, ძირითადად, ოჯახური ტრაგედიების ან რაიმე სხვა უეცარი მიზეზის გამო, დღეს დამლაგებლებად, მეეზოვედ, გამყიდვლებად მუშაობენ. რეინტეგრაციისა და მხარდაჭერის პოლიტიკის ნაცვლად, სახელმწიფო მათ ისევ მხოლოდ ველურ, დაბალანაზღაურებად და უსამართლო ადგილობრივ შრომის ბაზარს სთავაზობს. დაბრუნებულ ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ემოციური გამოწვევაა, ასევე, იმ ბავშვების დატოვება, რომელთა ძიძებადაც მუშაობდნენ და ვის მიმართაც განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდათ. ქართველი ქალების მიერ თურქ ბავშვებში ჩადებულ კოლექტიურ ამაგს, ნაზი გეგეშიძე გარკვეულწილად იმ კულტურულ და ემოციურ ინვესტიციად მიიჩნევს, რომელსაც, მისი აზრით, ოდესმე, აუცილებლად მოყვება უკუკავშირი.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ქართველი დედები – ვინც ამ ბავშვებს ვზრდიდით, და თურქეთში ბავშვები ქართველი ქალების გაზრდილია – მარტო მე იმდენი მაქვს გაკეთებული იმ ბავშვებისთვის, და სხვებსაც შეიძლება რამდენიმე წელი ვერ გაგვიხსენონ, მაგრამ ის ბავშვები იმ ჩვენს ამაგს სხვანაირად დააფასებენ და ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასიკეთოდ შემოტრიალდება. იქ სულ სხვა საქართველოა – ის ქართველი დედები სულ სხვანაირად ზრდიან იმ თურქ ბავშვებსაც – ყველაფერს რომ ინარჩუნებ, ყველაფერს, რაც აქ აღარ არის – ტრადიციებს, რწმენას, თვითმყოფადობას, და რომ დგახარ შენს ადგილას მყარად, და რომ შენ სათქმელს ვაჟკაცურად ლაპარაკობ. ამიტომ ამ დედებს, ემიგრანტებს მე ვხედავ, როგორც ჩვენი მოქალაქეების ყველაზე აქტიურ ნაწილს, რომელიც აქ პოლიტიკურად სჭირდება ქვეყანას.

როცა თურქეთში მივდიოდი, ყველაზე დიდ სევდას ვტოვებდი ბოლო კარებში – სარფი იყო ბოლო ადგილი, ბოლო კარი, და ის სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ტკივილის ადგილი. ამიტომაც ჩამოვედი აჭარაში საცხოვრებლად – მინდა აქ დავფუძნდე, ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ აჭარა იყო ბოლო ადგილი, საიდანაც მე საქართველოს ვტოვებდი.

სტატია მომზადებულია 2021 წელს ჩატარებული კვლევის „ბოლო ადგილი“ მიხედვით, რომელიც გაზეთ „ბათუმელებთან“ თანამშრომლობით, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. სტატია ასახავს 2022 წლამდე განვითარებულ მოვლენებს და არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა აჭარიდან თურქეთში საზღვრისპირა მიგრაციის ფორმები ან ბათუმის ლოკალური ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ.

ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წელს აჭარის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე მსხვილ სფეროებს წარმოადგენდა მშენებლობა – 20%, უძრავი ქონების სექტორი – 14%, მომსახურების (განთავსება და კვება) -10% და ვაჭრობის -10% სექტორები. ჯამში, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორი შეადგენს აჭარის მშპ-ს 34%-ს, ხოლო ვაჭრობისა და მომსახურების სექტორი აჭარის მშპ-ს 20%-ს.

[2] აჭარის მთავრობის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ყველაზე მაღალი წილით 46%- შეიქმნა თურქული საწარმოები. აღსანიშნავია, რომ რუსული კაპიტალის მონაწილეობა იზრდება უძრავი ქონების სექტორშიც, რომელიც აჭარის მშპ-ს 14%-ს შეადგენს.

[3] გარე შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ერთადერთ სახელწმიფო სტრატეგიაში, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ შეიმუშავა, არ გვხვდება საქართველოდან გარე შრომითი მიგრაციის საგანგაშო მასშტაბზე საუბარი, არამედ გამოყენებულია ფორმულირება „სხვა ქვეყნების მსგავსად“, რაც ირიბად იწვევს განწყობას, რომ ეს ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფენომენია და საქართველოს ამ მხრივ არ აქვს განსაკუთრებული და საგანგაშო მახასიათებლები არ აქვს. მიგრაციის ფაქტორების განხილვისას კი „სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები“ მხოლოდ ზოგადად ნახსენებია, მის გვერდით კი გვხვდება ფორმულირებები, როგორიცაა „ინდივიდუალური გადაწყვეტილება“ და „თანამედროვე მზარდი გლობალური მობილობის შესაძლებლობები“.

[4] თურქეთში დასაქმებული ქართველი ქალების აქცია ბათუმში, 2020 წლის მაისში;
აქცია 2020 წლის ივნისში ქართული ოცნების ოფისთან;
აქცია 2020 წლის ივნისში სარფში;
აქცია 2020 წლის ივლისში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და სხვ.

გაზიარება