ეკოლოგიური პოლიტიკა მუშათა კლასისთვის

ავტორი: მეთ ტ. ჰუბერი

გიორგი ხასაიას თარგმანი

ეკოლოგიური კრიზისის გადაჭრა ითხოვს მასობრივ მოძრაობას, რომელიც გიგანტურ ინდუსტრიებს დაუპირისპირდება. გარემოსდაცვითი პოლიტიკის პროფესიონალ-მენეჯერთა კლასზე დაფუძნებას და მომხმარებლობის მთავარ პრობლემად მოაზრებას მცირე შანსი აქვს, მუშათა კლასი მიიზიდოს. ამ სტატიაში წარმოდგენილია ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია მუშათა კლასის ინტერესების გარშემო.

კლიმატური და ეკოლოგიური კრიზისი შემზარავია და ძალიან ცოტა დრო გვაქვს მის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთი თაობის განმავლობაში (1988 წლიდან), ჩვენ მოვახერხეთ მავნე ნივთიერებების ისტორიული მაჩვენებლის ნახევრის გამოყოფა. იმავე პერიოდში ატმოსფეროში ნახშირბადის შემცველობა 350 ნაწილიდან მილიონზე (ppm) 410-მდე გაიზარდა და ბოლო 800 000 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (ისტორიული პრეინდუსტრიული საშუალო დონე დაახლ. 278 იყო). ადამიანთა ცივილიზაცია კლიმატური სტაბილურობის 12 000 წლიან იშვიათ პერიოდში გაჩნდა. სტაბილურობის ეს პერიოდი სწრაფად იწურება.

კლიმატის ცვლილების შესახებ სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში ამბობს, რომ ჩვენ მხოლოდ 12 წელი გვაქვს იმისთვის, რომ რადიკალურად შევამციროთ მავნე ნივთიერებების გამოყოფა, რათა თავი ავარიდოთ 1.5 C დათბობას – დონეს, რომელიც დრამატულად გაზრდის ექსტრემალური სუპერშტორმების, გვალვების, ტყეთა ხანძრებისა და მომაკვდინებელი სიცხის ინტენსივობას, რომ არაფერი ვთქვათ ზღვის დონის მატებაზე. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ნალექების შეცვლილი ხასიათი მომდევნო ოცი წლის განმავლობაში საფრთხეს შეუქმნის მარცვლეული კულტურების წარმოებას, როგორებიცაა ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი. სამი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, უკვე 2070 წლისთვის, ნახევარ მილიარდ ადამიანს ელის „სიცხის ტალღები, რომელიც 6 საათის განმავლობაში მოკლავს ჯანმრთელ ადამიანებსაც, მაშინაც კი თუ ისინი ჩრდილში იქნებიან“.

არ არის აუცილებელი, სოციალისტი იყო, რომ მიხვდე, აუცილებელი ცვლილებებისთვის საჭირო მცირე დრო გარდაუვალს გახდის თვისებრივ რევოლუციას. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში კატეგორიულად ამბობს, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავატაროთ „სწრაფი, შორსმიმავალი და უპრეცენდტო ცვლილებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“. კლიმატის შემსწავლელმა ცნობილმა მეცნიერმა კევინ ანდერსონმა თქვა „.. თუ თქვენ შეხედავთ რიცხვებს, რომელიც ანგარიშშია მოყვანილი, რიცხვებს, რომელსაც მეცნიერება წარადგენს, მიხვდებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სრულ რევოლუციაზე ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში. და ეს სვამს ფუნდამენტურ კითხვებს იმაზე, თუ როგორც ვმართავთ ჩვენს ეკონომიკას“.

რადიკალური კლიმატის მოძრაობა დიდი ხნის მანძილზე გაერთიანებული იყო ლოზუნგის გარშემო „სისტემის ცვლილება და არა კლიმატის ცვლილება“. ამ მოძრაობას კარგად ესმის, რომ კაპიტალიზმი მთავარი ბარიერია კლიმატის კრიზისის დაძლევის გზაზე. თუმცა, ხანდახან ცნება „სისტემის ცვლილება“ ბუნდოვნად გამოიყურება. კლიმატის კრიზისის დილემა არ გულისხმობს უბრალოდ ერთი სისტემის მეორეთი მარტივ ჩანაცვლებას – ის ითხოვს კონფრონტაციას მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი კაპიტალის სექტორებთან. ეს მოიცავს დაახლოებით 100 კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 1988 წლიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების 71%-ზე. წიაღისეული საწვავის ინდუსტრია და კაპიტალის სხვა ნახშირბად-ინტენსიური სექტორები (ფოლადი, ქიმიური წარმოება, ცემენტი და ა.შ.), ხელებს არ ჩამოყრიან და არ მშვიდად არ დაუშვებენ რევოლუციურ ცვლილებებს, რომელიც მათ ბიზნესს უსარგებლოს გახდის.

სხვა მსგავსი ბრძოლების მსგავსად, ამ კონფრონტაციასაც დაჭირდება მაღალორგანიზებული სოციალური მოძრაობა, რომელსაც მასობრივი მხარდაჭერა გაუმაგრებს ზურგს, რომ შეძლოს და მოდრიკოს კაპიტალი და სახელმწიფო საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად. ნაომი კლაინის თქმით, ეს „შეუფერებელი დროა“, რადგან ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწორედ კაპიტალია ის, ვინც მოიპოვა უზარმაზარი ძალაუფლება ისეთი გამოწვევების გასანეიტრალებლად, როგორიცაა მარეგულირებელი სახელმწიფო, პროგრესული საგადასახადო სტრუქტურა და სიცოცხლისუნარიანი პროფკავშირები. თუმცა, მე19-ე და მე-20-ე საუკუნის ისტორია აჩვენებს, რომ კაპიტალის ძალაუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ორგანიზებული მუშათა კლასის მოძრაობებისგან მოდიოდა, რომლებიც ეყრდნობოდნენ იმას, რასაც ადანერ უსმანი „გაწყვეტის შესაძლებლობას“ უწოდებს – გაფიცვებს და პროფკავშირულ ორგანიზებას. სწორედ მუშათა კლასია ის, ვინც არა მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას შეადგენს, არამედ ფლობს სტრატეგიულ მოქმედების ბერკეტს, რომელსაც შეუძლია კაპიტალის მოგების ნაკადი შიგნიდან გაწყვიტოს.

თუმცა სწორედ აქ იმალება მთავარი დილემა. მოძრაობა, რომელიც თავის თავზე აიღებს აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას, არა მხოლოდ ზომით უნდა იყოს დიდი, არამედ არსებითად უნდა ეყრდნობოდეს მუშათა კლასს. არსებული ფორმით კი, გარემოს დაცვით პოლიტიკას მცირე შანსი აქვს, ამ მიმართულებით რამე გამოუვიდეს. მისი იდეოლოგიური და სტრატეგიული ორიენტაცია ირეკლავს იმის მსოფლხედვას, რასაც ბარბარა და ჯონ ერენრაიხები „პროფესიონალ მენეჯერიალურ კლასს“ ეძახდნენ და რომელიც თავის საფუძველში საგანმანათლებლო ცენზს და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ „ცოდნას“ ათავსებს. ეს არ არის უბრალოდ იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ამ ცნობიერებას ატარებენ. საშუალო კლასის გარემოსდაცვითი პოლიტიკა ხშირად მუშათა კლასის ინტერესების საწინააღმდგოა.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თავის თეორიას ის აფუძნებს „ეკოლოგიური კვალის“ იდეაზე, რომელიც მომხმარებლებს და მშრომელებს ადანაშაულებს ეკოლოგიურ დეგრადაციაში. ეს მიდგომა იჩემებს, რომ ჩვენ მარტივად უნდა ვიცხოვროთ და „ნაკლები მოვიხმაროთ“. ეს რეკომენდაციები ნაკლებსავარაუდოა მუშათა კლასს მოეწონოს, რომლის ცხოვრების სტანდარტი თითქმის ორი თაობაა სტაგნაციას განიცდის. ემანსიპატორული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძიებისას, რადიკალი სწავლულები წარმოიდგენენ მას როგორც საარსებო საშუალებების მოპოვებისთვის ბრძოლას ისეთ „სახმარ ღირებულებებთან“ მიმართებით, როგორებიცაა მიწა, რეასურსები და თავად სხეული. პროფესიონალ – მენეჯერიალური კლასი გვერდს უვლის საკითხს, როგორ შეიძლება ასეთმა პოლიტიკამ დააინტერესოს ათობით მილიონი მშრომელი, რომლებსაც „სახმარი ღირებულების“ ფორმით პირდაპირ არ მიუწვდებათ ხელი ბუნებაზე.

ამ ესეში მე ვისაუბრებ მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკის აუცილებლობაზე, რომლის მიზანია მშრომელთა მასობრივი მობილიზაცია კრიზისის პირველწყაროსთან – კაპიტალთან დაპირისპირებისთვის. იმისთვის, რომ ასეთი პოლიტიკა განხორციელდეს, საჭიროა მშრომელთა მასების დაინტერესება, რომლებსაც არ გააჩნიათ გადარჩენის ეკოლოგიური საშუალებები გარდა ფულზე და საქონელზე წვდომისა. ეს პოლიტიკა ეყრდნობა ორ ძირითად მიმართულებას. პირველი: ის ეკოლოგიური კრიზისის გამო კლასობრივი პასუხისმგებლობის განსხვავებულ ისტორიას ყვება, იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულოს „ყოველი ჩვენგანი“ – მომხმარებლები, ის ფოკუსირდება კაპიტალისტების კლასზე. ამგვარ პოლიტიკას შეუძლია სადინარი მოუძებნოს მშრომელების ისედაც არსებულ უკმაყოფილებას და ბრაზს ბოსებისა და მთლიანად მდიდრების მიმართ, რათა დამატებითი არგუმენტი მისცეს მათ, თუ რატომ ხდიან ეს ანტაგონისტები მათ ცხოვრებას უარესს.

მეორე: ის სთავაზობს პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც პირდაპირ ეხება მუშათა კლასის მატერიალურ ინტერესს. არც ისე რთულია, ეკოლოგიურად სასარგებლო პოლიტიკის ჩაშენება უკვე არსებულ მოძრაობებში, რომლებიც საბაზისო საჭიროებების განსაქონლებისთვის იბრძვიან, როგორებიცაა „ჯანდაცვა ყველას“და „საცხოვრებელი ყველას“. კლიმატის კრიზისი მუშათა კლასისთვის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფეროებს მიეკუთვნება, როგორიცაა საკვები, ენერგია და ტრანსპორტი. ამიტომ მიზანი უნდა იყოს მეცნიერულად დადასტურებული აუცილებლობის გამოყენება მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად, რათა ეს მნიშვნელოვანი სფეროები საზოგადო საკუთრებად იქცეს, რათა მოხდეს მათი ერთდროული დეკარბონიზაცია და განსაქონლება. ახალი მწვანე შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორსაა, სწორედ ამას ცდილობს.

ის გვთავაზობს გადაწყვეტას არა მხოლოდ პრობლემის დონეზე – სურს რა ენერგეტიკული და ეკონომიკური სისტემის რევოლუციონირება – არამედ ასევე სთავაზობს კონკრეტულ სიკეთეებს მუშათა კლასის მასებს (მაგ. გარანტირებულ ფედერალურ სამუშაოს). არსებობს პროფკავშირებსა და წიაღისეულის მუშებს შორის ანტიეკოლოგიზმთან დაკავშირებული წუხილი, თუმცა მუშათა კლასის ეკოლოგიზმი უკეთ შეესაბამება მზარდ საბრძოლო განწყობებს ზრუნვის სექტორებში, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება. ამ კამპანიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის წინააღმდეგ და „შეთანხმებაზე საერთო სიკეთისთვის“, ასევე შეიძლება გააფართოონ საზოგადოების პასუხი ეკოლოგიურ კოლაფსზე.

ნაწილი პირველი: ცხოვრების წესიდან საარსებო წყარომდე: გარემოს დაცვის ლიმიტები

არსებულ გარემოსდაცვით მოძრაობაში საშუალო კლასის პროფესიონალები დომინირებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბუმის განმავლობაში, ეს კლასი მრავალრიცხოვანი გახდა უმაღლესი განათლების ფართოდ გავრცელებასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მუშათა კლასის ბრძოლისა და 1930-ანებსა და 1940-ანებში პროფკავშირების გამარჯვებების შედეგი იყო. ამ ისტორიულ პირობებში ჩნდება ის, რასაც მე „ცხოვრების წესის ეკოლოგიზმს“ ვუწოდებ და რომელიც ამბობს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს ინდივიდუალური სამომხმარებლო არჩევანის გავლით. ამ მოსაზრებას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ის მომდინარეობს შფოთვიდან მასობრივი მოხმარების ფორმების შესახებ, სადაც საშუალო კლასის დაცულობა გაიგივებულია კერძო სახლისა და მანქანის ქონასთან, ხორცის ჭამასთან და რესურს და ენერგოინტენსიურ საქონელთა მთელ კრებულთან.

ცხოვრების წესის ეკოლოგიზმი როგორც ასეთი, თანამედროვე ცხოვრების წესებს – ან როგორც თავად უწოდებს „ჩვენი ცხოვრების წესი“ – ეკოლოგიური პრობლემების მთავარ მიზეზად განიხილავს. ცხოვრების წესის ეკოლოგიზმი მთავარ დამნაშავედ მომხმარებლობას ასახელებს – ხოლო საზოგადოების უმეტესეობას სამომხმარებლო საგნები ფიზიკური გადარჩენისთვის ჭირდება – რაც უზრუნველყოფილი ადამიანების ვიწრო წრეს მიემართება, რომლებიც არა მხოლოდ საშუალო კლასის მეტნაკლებად კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობენ, არამედ იმავდროულად დანაშაულის გრძნობასაც განიცდიან ამის გამო. ხოლო ნეოლიბერალიზმის პირობებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოხმარების გამო სირცხვილის გრძნობას კი არ განიცდის, არამედ პირიქით – შეზღუდული აქვს წვდომა საბაზისო საჭიროებებზე.

ცხოვრების წესის ეკოლოგიზმი ქმნის აკადემიურ წრეებში დომინანტი ეკოლოგიური პოლიტიკის რადიკალურ ალტერნატიულ ვერსიას. აკადემიის ეს ნაწილი იზიარებს ცხოვრების წესის ეკოლოგიზმის ამ მოსაზრებას, რომ თანამედროვე „მომხმარებლური ცხოვრების წესები“ არსებითად აზიანებენ გარემოს. ამდენად, რადიკალი ეკოლოგი სწავლულები საზოგადოების კიდეზე ეძებენ რადიკალური ეკოლოგიურო პოლიტიკის დასაყრდენს. ეს არის ის, რასაც მე „სარჩოს ეკოლოგიზმს“ ვუწოდებ და რასაც ხშირად „ღარიბების ეკოლოგიზმად“ მოიხსენიებენ. სამეცნიერო აზრის ეს ფორმა ამტკიცებს, რომ ეკოლოგიური მობილიზაციის მთავარი საფუძველი არის გარემოსთან თანაცხოვრების ცხოვრების უშუალო გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით მე შევეხები ორ მთავარ საკითხს.

პირველი – პოლიტიკური ეკოლოგია ეძებს ბრძოლის მაგალითებს, რომელშიც მკაფიოდ გამოხატულია პირდაპირი დამოკიდებულება მიწაზე ან რესურსებზე – როგორც საარსებო საშუალებებზე და რომელიც გავრცელებულია გლეხებში, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობასა თუ სხვა მარგინალიზებულ საზოგადოებებში (მაგალითად, გლობალურ სამხრეთში). როგორც წესი, პოლიტიკური ეკოლოგია ამ ტიპის ანტი-მოდერნული არსებობის წესის რომანტიზებას ახდენს.

მეორე – ეკოლოგიური სამართლიანობა ფოკუსირებულია დაბინძურებისა და ტოქსიკური ნარჩენების არათანაბრობაზე, როგორც სასიკვდილო საფრთხეზე რასობრივი თვალსაზრისით მარგინალიზებული საზოგადოებებისთვის (როგორც წესი გლობალურ სამხრეთში). ეკოლოგიური სამართლიანობის დისკურსი კრიტიკულადაა განწყობილი მეინსტრიმული ეკოლოგიზმის ფოკუსის მიმართ, რომელიც ველური ფლორის და ფაუნის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და სანაცვლოდ ნათელს ფენს ფაქტს, რომ ღარიბი და რასობრივად მარგინალიზებული საზოგადოებებისთვის „გარემო“ გადარჩენის საკითხია. თუმცა, ისინი ვინც პირდაპირ იბრძვიან მკვიდრი მოსახლეობის მოწამვლის წინააღმდეგ, მთლიანობაში, ხშირად საზოგადოების კიდეზე იმყოფებიან და არა მის ცენტრში.

ამგვარი ბრძოლები (მაგ. უმიწო მუშების მოძრაობა ბრაზილიაში ან სუფთა წყლისთვის მებრძოლები ფლინტში, მიჩიგანი) ცხადია, გადარჩენის საკითხია მასში ჩართულთათვის. თუმცა სტრატეგიული კითხვა, თუ როგორ უნდა ითარგმნოს ლოკალური სასიცოცხლო წუხილები ფართო მასობრივ ეკოლოგისტურ მოძრაობაში, რომელიც კაპიტალის შეჩერებას შეძლებს, კვლავაც პასუხგაუცემელია.

სარჩოს ეკოლოგიზმი ხშირად განხილულია როგორც ცხოვრების წესის ეკოლოგიზმის საპირისპირო, თუმცა მისი აკადემიური ფოკუსი სწორედ ამ უკანასკნელიდან მომდინარეობს. სწორედ მასობრივი მოხმარების საზოგადოებით უკმაყოფილებაა ის, რაც რადიკალური სწავლულის მზერას საზოგადოების კიდისკენ მიმართავს – „ნამდვილი“ ეკოლოგიური ბრძოლის ძიებაში. სარჩოს ეკოლოგიზმი ცხადია, პოლიტიკის ბევრად მიმზიდველი ფორმაა, რომლის ფესვებიც სპეციფიური ჯგუფების მატერიალური ინტერესიდან ამოიზრდება. აფეტიშებს რა პირდაპირ ცოცხალ ურთიერთობას იმასთან, რაც აღქმულია, როგორც ნამდვილი ბუნებრივი გარემო (მიწა, რესურსები, დაბინძურება), მას გამორჩება მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორც შეიძლება შეიქმნას ეკოლოგიური პოლიტიკა საზოგადოების უმრავლესობისთვის, რომელიც უკვე მოშორებულია მიწას და მისი გადარჩენა ფულსა და საქონელზეა დამოკიდებული.

ცხოვრების სტილის ეკოლოგიზმის მცდარობა

ცხოვრების სტილის ეკოლოგიზმი ცხოვრებას სერიოზულად უყურებს. ეკოლოგია სიცოცხლის შესახებ მეცნიერებაა – მის ყველა გამოვლინებაში. იმისთვის, რომ ეპოვათ ეკოლოგიური პრობლემების კავშირი მომხმარებლურ ცხოვრების წესთან, ეკოლოგისტებმა შეიმუშავეს რთული ტექნიკური მექანიზმები. მათ საფუძველში დევს მთავარი იდეა, რომ ყოველი ორგანიზმი, იქნება ეს ბაქტერია თუ ადამიანი, გავლენას ახდენს პლანეტაზე. ჩვენ ყველანი დამოკიდებული ვართ ბუნების პროდუქტებსა და რესურსებზე, რათა ნედლი მასალა გვქონდეს და შემდეგ ნარჩენები შთაინთქას.

გავლენა, რომელიც გარემოზე გვაქვს, დაკავშირებულია ბუნების „რაოდენობასთან“, რომელსაც ჩვენ „მივითვისებთ“ ან მოვიხმართ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სამომხმარებლო სქემები. ეს არის „ეკოლოგიური კვალის“ ანალიზის შესავლის ტექსტი და ყოველ წელიწადს ათასობით სტუდენტი და გარემოს დამცველი აქტივისტი გაივლის „ეკოლოგიური კვალის“ ქვიზს, რათა დაიზუთხოს, რამდენი პლანეტა დედამიწა დაჭირდება იმას, რომ 7-ზე მეტი მილიარდი ადამიანის გამოკვება და გაძლება შეძლოს (ხშირად სახელდება გამაოგნებელი რიცხვი – 3.5 პლანეტა). ამგვარი ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილმა გლობალური ჩრდილოეთის მომხმარებლებმა ისწავლეს, რომ ისინი თავიანთი „პრივილეგირებულობით“ და თანამონაწილეობით პასუხისმგებლები არიან გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისზე. ეს ციტატა კარგად აჩვენებს ამ ტიპის ეკოლოგისტურ ხედვას: ადამიანები არიან ისეთივე ორგანიზმები, როგორც ნებისმიერი სხვა. ყოველ ორგანიზმს აქვს გაზომვადი გავლენა ეკოსისტემაზე. დათვები ჭამენ თევზს და ადამიანებიც ჭამენ თევზს და გავლენა ეკოსისტემაზე ორივე შემთხვევაში ერთია. ეკოლოგიური კვალის ანალიზი გარემოზე გავლენას მოხმარებასთან აკავშირებს. ეკოლოგიური მსოფლმხედველობის შიგნით ამას მნიშვნელობა აქვს. ბოლოსდაბოლოს, ყველა ეკოლოგისტმა იცის, რომ ეკოსისტემა მწარმოებლებისგან და მომხმარებლებისგან შედგება, რომელიც განსხვავდება კაპიტალისტური ეკონომიკის მწარმოებლებისა და მომხმარებლებისგან. ეკოლოგიური მწარმოებლები არიან მცენარეები, რომლებიც იყენებენ მზის ენერგიას და წყალს იმისთვის, რომ აწარმოონ ორგანული მცენარეული მასალა, რომელიც ნებისმიერი კვების ჯაჭვის საფუძველია. მაგრამ მთავარ ზემოქმედებას ეკოლოგიური მომხმარებლები ახდენენ. ესენი არიან ცხოველები და სხვა სახეობები, რომლებიც მოიხმარენ მცენარეებს და ცხოველებს, რომლებიც მოიხმარენ სხვა ცხოველებს და ა.შ. მომხმარებლები – არსებობს მრავალი დონე პირველადი, მეორადი და ა.შ. მომხმარებლების – ეკოლოგიური ცვლილებების მთავარი აქტორები არიან სისტემაში, რომელშიც მწარმოებლები ინერტულები და პასიურები არიან.

ეკოლოგიური კვალი აღრიცხავს მონაცემებს შენი ეკონომიკური სამომხმარებლო აქტივობების შესახებ (ენერგია, საკვები, საცხოვრებელი და სხვა აქტივობები, რომლებიც შენს ყოველდღიურ მოხმარებას ქმნიან) და გაძლევს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამხელა ეკოლოგიური სივრცე – ან „ექვივალენტური ბიოლოგიურად პროდუქტიული არეალი“ – არის საჭირო ამ მოხმარებისთვის. ეს გასაგებს ხდის უთანასწორობას, რომელიც შემოსავლისა და მოხმარების დონეზე გვხვდება: აშშ მოიხმარს 9.6 ჰექტარს ერთ სულ მოსახლეზე, მაშინ, როცა ინდოეთი 1 ჰექტარს მოიხმარს. ეკოლოგიური კვალის ეს ანალიზი ბოლო ხანებში ჩანაცვლდა „ნახშირბადის ნაკვალევის“ ანალიზით. ამდენად, იმის ნაცვლად, რომ გაზომონ გარემოზე შენი ზეგავლენა „სივრცითი“ თვალსაზრისით, მოდური გახდა მისი გაზომვა ფუნტებში (ან ტონებში) – ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფის მოცულობის მიხედვით (საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მომხმარებელი გამოყოფს 37 000 ფუნტს წელიწადში).

ამას კი მივყავართ „პროგრესულ“ ანალიზთან ეკოლოგიური კვალის უთანასწორობის შესახებ, მდიდარ და ღარიბ მომხმარებლებს შორის. 2015 წელს ოქსფამმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „ნახშირბადის ექსტრემალური უთანასწორობა“ , რომელიც ამბობდა, რომ პლანეტის მოსახლეობის 10% პასუხისმგებელია გამოყოფილი მავნე ნივთიერებების 50%-ზე , მაშინ როცა ყველაზე ღარიბი 50% პასუხისმგებელია მავნე ნივთიერებების მხოლოდ 10%-ზე. რეზიუმეში ნათქვამია, რომ ანგარიშში „შედარებულია ღარიბი და მდიდარი მოქალაქეების საშუალო მოხმარების კვალი რიგ ქვეყნებში“. ემისიები ისევ მიბმულია „ცხოვრების წესთან“ – ჩვენი ცხოვრების წესი აგენერირებს ემისიებს, რაც ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. კვლევა ამტკიცებს, რომ მავნე ნივთიერებების (ემისიების) 64% „მოხმარების“ დამსახურებაა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ბუნდოვნად მიეწერება „მთავრობებს, ინვესტიციებს (მაგ. ინფრასტრუქტურაში) და საერთაშორისო ტრანსპორტს“.

მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა მომხმარებლის „კვალი“ მხოლოდ მისი? ადამიანსა და სხვა ორგანიზმებს შორის განსხვავება ისაა, რომ არცერთ სხვა ორგანიზმს არ აქვს მონოპოლიზებული წარმოების საშუალებები და არ აიძულებს სხვა ორგანიზმებს ფულისთვის იმუშავონ. თუ ჩვენ ვიპოვით დათვს, რომელსაც პრივატიზებული აქვს თევზის წარმოების საშუალებები და აიძულებს სხვა დათვებს, მისთვის იმუშაონ, ჩვენ მაშინვე დავასკვნით, რომ ეკოსისტემაში რაღაც ცუდად მიდის. მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანის ექსკლუზივია. ადამიანები აორგანიზებენ რესურსებზე წვდომას (და მოხმარებას) კონტროლისა და გამორიცხვის კლასობრივი სისტემის მეშვეობით.

ეკოლოგიური კვალის ანალიზი არ არის განსაზღვრული მხოლოდ ეკოლოგიური ხედვით, რომ „ყველა ადამიანი უბრალოდ მომხმარებელი ორგანიზმია“ , არამედ უფრო ფართო ჰეგემონური ეკონომიკური თეორიით, რომელიც გვარწმუნებს, რომ სწორედ მომხმარებელია ის, ვინც ამოძრავებს ეკონომიკას თავისი არჩევანით და გადაწყვეტილებებით. მომხმარებლის სუვერენულობის თეორია ამბობს, რომ მწარმოებელი იმყოფება მომხმარებლის მოთხოვნების ტყვეობაში და ის უბრალოდ პასუხობს ამ უკანასკნელის მოთხოვნებს – რაც ფაქტობრივად მცდარია, რადგან პირიქით, წარმოება ზღუდავს მოხმარების არჩევანს. მოხმარების დიდი ნაწილი (მაგ. მანქანა) უბრალოდ „არჩევანი“ კი არ არის, არამედ აუცილებლობა სოციალური კვლავწარმოებისთვის (მაგ. სამსახურში მისვლა). უფრო მეტიც, როცა ჩვენ ვირჩევთ საქონელს, ჩვენ ვირჩევთ იმას, რომელთა წარმოებაც მომგებიანია. „ეკოლოგიურად მდგრადი“ საქონლის პრობლემა ისაა, რომ ის როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს.

კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, შემდეგია: ვის აქვს რეალური ძალაუფლება და ვინ აკონტროლებს საზოგადოების ეკონომიკურ რესურსებს? სამომხმარებლო სუვერენულობის თეორია გვეუბნება, რომ მომხმარებლის მხრიდან მჯობინება (ან უპირატესობის მინიჭება) არის ის, რაც ამოძრავებს წარმოებას – ძალაუფლება დიფუზიურია და გაბნეულია ინდივიდუალურ მომხმარებლებს შორის. მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური ძალაუფლება დიფუზიური კი არ არის, არამედ კონცენტრირებულია იმათ ხელში, ვინც წარმოებისთვის საჭირო რესურსებს აკონტროლებს.

ეკოლოგიური კვალის ანალიზის მთავარი მიგნება ის არის, რომ სამომხმარებლო არჩევანი, ანუ ცხოვრების წესი არის ის, რაც ეკოლოგიურ კრიზისს იწვევს. დასკვნა მარტივია: ნაკლები უნდა მოვიხმაროთ. ზემოთ ნახსენები წიგნი ასე იტყვის: „ჩვენ ვცხოვრობთ კუმშვად სამყაროში. გარდაუვალი დასკვნა ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხარისხიანი ცხოვრება ნაკლები საშუალებებით“. მაშინ, როცა ეკოლოგიური კვალის ანალიზის მთავარი ფოკუსი ისაა, რომ გამოავლინოს მოხმარების ფარული როლი ეკოლოგიურ პრობლემებში, სხვა სწავლულები ეკოლოგიური პოლიტიკის უფრო ავთენტურ საფუძველს, ბუნებრივ გარემოსთან უშუალო ცოცხალი ურთიერთობის ქონაში ხედავენ.

სარჩოს ეკოლოგიზმი და მარგინალიზებული საზოგადოებები

ეკოლოგიური კვალის იდეოლოგიამ მატერიალური მიზნების პოლიტიკა მიუღებელი გახადა მათთვის, ვინც საარსებო საშუალებებს ფულის ან საქონლის მეშვეობით მოიპოვებს. რახან მომხმარებლური ცხოვრების წესი ეკოლოგიური კვალის დატოვებასთან ასოცირდა, მეტი მოხმარება მეტ ეკოლოგიურ ზიანს გაუტოლდა. ამ ლოგიკით კი, ნებისმიერი კლასობრივი მოთხოვნა, მაგ. უკეთესი ხელფასი, უფრო მეტ „ეკოლოგიურ კვალს“ ნიშნავს. ეკოლოგიური პოლიტიკა ლიმიტების პოლიტიკად იქცა. ამგვარად, ეკოლოგიური პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა ურთიერთობები, რომელიც შეიძლება აიგოს მხოლოდ სახმარი ღირებულების ველზე, რომელიც გამოყოფილია კაპიტალისტური ურთიერთობებისგან. ეს კარგად ხსნის „ცოტა მშვენიერიას“ სტილის ეკოლოგიური პოლიტიკის აღმასვლას 1970-ანებში, რომელიც აფეტიშებდა ყველაფერ ლოკალურს, მცირე ზომისას და კოოპერატიულ შრომით ურთიერთობებს, ტექნოლოგიების მინიმალური გამოყენებით. პოლიტიკის ეს ფორმა პირდებოდა იმას, რასაც ერიკ ოლინ-რაიტი „კაპიტალიზმიდან გაქცევას“ უწოდებდა, ანუ პროექტს რომლის მიზანია „ჩვენი საკუთარი ალტერნატივის შექმნა, რომელშიც ვიცხოვრებთ და გავიფურჩქნებით“. ავთენტური ეკოლოგიური პოლიტიკა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მასობრივი მოხმარების საზოგადოებისგან განცალკევებით.

რადიკალური სწავლულები ეკოლოგიურ პოლიტიკის შესაძლებლობას მხოლოდ სახმარი ღირებულების ველზე ხედავენ – მათთვის მთავარია ისინი, ვინც საარსებო საშუალებებს ბუნებასთან უშუალო შეხებით მოიპოვებს, ან ისინი, ვისი სამუშაო ძალაც, როგორც სახმარი ღირებულება – სხეულებრივი ჯანმრთელობა – დაბინძურების მსხვერპლი გახდა. ამდენად, აკადემიურ სივრცეში ეკოლოგიური პოლიტიკისადმი ორი ყველაზე პოპულარული მიდგომაა პოლიტიკური ეკოლოგია და ეკოლოგიური სამართლიანობა.

პოლიტიკური ეკოლოგიის ქვედისციპლინა გაჩნდა 1970-ან და 1980-ან წლებში, როგორც აგრარული კვლევების მარქსისტული განშტოება. ის ცდილობდა სოფლის ღარიბი მოსახლეობის ( გლეხები, მკვიდრი მოსახლეობა და ა.შ.) ბრძოლა მიწისთვის, რესურსებისთვის და ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის წინააღმდეგ, მარქსისტული პოლიტეკონომიის ფარგლებში მოეხელთებინა. პირს ბლეიკისა და ჰაროლდ ბრუკფილდის მიწის დეგრადაცია და საზოგადოება , ცდილობდა გაეანალიზებინა „უწყვეტად ცვალებადი დიალექტიკური ურთიერთობა საზოგადოებასა და მიწასთან დაკავშირებულ რესურსებს შორის და ასევე კლასების და ჯგუფების შიგნით მთლიან საზოგადოებაში“. მათი ანალიზის ამოსავალი წერტილი იყო „მიწის მენეჯერის“ კატეგორია – როგორც წესი გლეხური შინამეურნეობა, რომელსაც გარკვეული კონტროლი აქვს „სახმარ ღირებულებაზე“, როგორიცაა მიწა და სხვა ბუნებრივი საარსებო საშუალებები. ამ მიდგომის ემბლემატური მაგალითია წიგნის ერთერთი ტომი სახელწოდებით გამათავისუფლებელი ეკოლოგია (რედაქტორები: რიჩარდ პიტი და მაიკლ ვატი), რომლის 1996 წლის გამოცემას მოყვა 2004 წლის ახალი მასალებით გამდიდრებული გამოცემა. ყველა ახალი მასალა (თუ შემთხვევა) ფოკუსირებული იყო ლოკალურ ბრძოლებზე მიწისა და რესურსებისთვის: ნიადაგის დეგრადაცია ბოლივიაში, გაუტყევება მადაგასკარში, „ჩიპკო“ („ხის ჩახუტების“) მოძრაობა ინდოეთში. ამ მიდგომის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კრიტიკული დამოკიდებულება იმპერიული ეკოლოგიზმის მიმართ, რომელიც ცდილობს პირველყოფილი ბუნების იდეის თავს მოხვევას ისე, რომ აძევებს მკვიდრ მოსახლეობას. მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ გაუტყევება და ნიადაგის ეროზია გლეხების ბრალი კი არ არის, არამედ გამოწვეულია მარგინალიზაციის უფრო ფართო პროცესებით, რომელიც გლობალური სასაქონლო ნაკადებისა და სახელმწიფო კონტროლის ფორმების შედეგია.

ამ ნაშრომის ყურადღების ცენტრში ექცევა ადგილობრივი საზოგადოებები, რომლებიც საარსებო საშუალებებს უშუალოდ მიწისგან იღებენ. ითვალისწინებს რა გლობალური ნეოლიბერალური კაპიტალიზმის დინამიკას, ამ მიდგომის მთავარი მიგნებები ფოკუსირებულია ადგილობრივი საზოგადოებებისთვის მათი ტრადიციული, სასიცოცხლო სტრატეგიებისგან მოწყვეტაზე. მარქსი ამ პროცესს აღწერდა, როგორც „პირვანდელ დაგროვებას“, რაც დევიდ ჰარვიმ გაამდიდრა ტერმინით „დაგროვება ჩამორთმევით“ – სწავლულთა ახალი ტალღა ფოკუსირდა ჩამორთმევის სხვადასხვაგვარ შემთხვევებზე მიწაზე დაფუძნებულ კულტურებსა და საზოგადოებებში მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიმართულების ეკოლოგიური კვლევები გულისხმობს ადგილობრივ მკვიდრთა და კულტურათა შესწავლას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ გლეხებისა და სხვა ტრადიციული საზოგადოებების ჩათრევას (ან შეწოვას) გლობალური კაპიტალიზმის სასაქონლო სისტემაში. თუმცა, რახან კაპიტალიზმის არსებობა თავისთავად გულისხმობს ფაქტს, რომ ადამიანთა უმრავლესობას უკვე ჩამორთმეული აქვს წვდომა წარმოების საშუალებებზე, ამგვარი სამეცნიერო მიდგომა გლობალური ეკონომიკის პერიფერიას ვერ სცდება.

მეორე, ძალიან პოპულარული რადიკალური აკადემიური ლიტერატურა ეკოლოგიურ სამართლიანობაზეა. ეკოლოგიური სამართლიანობა ასევე ამტკიცებს, რომ ბუნებრივ გარემოსთან უშუალო, ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილება – ამ შემთხვევაში ტოქსიკური ნარჩენებისა და დაბინძურების გავლენა სხეულებზე- ეკოლოგიური ბრძოლის მთავარი საფუძველია. სახმარი ღირებულება ამ შემთხვევაში წყალთან და ჰაერთან ერთად, მოიცავს სხეულის სამუშაო ძალას. ინდუსტრიულ საზოგადოებებში ინფრასტრუქტურა და ინდუსტრიის ნარჩენები თავსდება მარგინალიზებულ საზოგადოებებში, ხშირად კანის ფერის მიხედვით. ეკოლოგიური სამართლიანობა უსამართლობას განიხილავს რასობრივი და კლასობრივი საკითხებისა და მათ დასაძლევად საჭირო ბრძოლების გადაკვეთაზე.

ამოიზარდა რა სამოქალაქო უფლებების მოძრაობიდან, ეკოლოგიური სამართლიანობა ცდილობს, ებრძოლოს ტოქსიკური ნარჩენების რასისტულად მოტივირებულ არათანაბარ განაწილებას შეერთებული შტატების მასშტაბით. 1983 წელს უორენ ქანთრის (ჩრდ.კაროლინა) შავკანიანმა მაცხოვრებლებმა გამოიყენეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტაქტიკა მიკროსქემების ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელის მათ სიახლოვეს მოწყობის წინააღმდეგ. 1987 წელს, ქრისტეს გაერთიანებული ეკლესიის რასობრივი სამართლიანობის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ტოქსიკური ნარჩენები და რასა აშშ-ში, რომელიც აჩვენებდა ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელების განლაგების დამთხვევებს შავკანიანთა განსახლების ადგილებთან. 1991 წელს, მკვიდრმა მოსახლეობამ, აფრიკელ ამერიკელ ლიდერთა ერთობამ და სხვებმა მოიწვიეს ფერადკანიანთა პირველი ეკოლოგიური სამიტი, რომელზეც დაანონსდა „ფერადკანიანი ადამიანების ნაციონალური და ინტერნაციონალური მოძრაობის შექმნა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს აოხრებას და მიწის წართმევას და აღადგენს ჩვენს სულიერ ურთიერთკავშირს მშობელ პლანეტა დედამიწასთან“. 1994 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეკოლოგიური სამართლიანობა უნდა ეპოვათ „უმცირესობებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას“.

ხშირად, ამ ისტორიული ნარატივით ხსნიან ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის პოპულარობის ზრდას. თუმცა ქვემოთ ეჭვს შევიტან ამ მოძრაობის წარმატებულობაში. ძირითადი პოლიტიკური ფოკუსი კეთდება იმაზე, რომ სწორედ ეს მარგინალიზებული საზოგადოებები უნდა ჩაუდგნენ სათავეში ეკოლოგიურ მოძრაობას მათი მომწამვლელი კორპორაციების წინააღმდეგ; რომ სწორედ მათი უშუალო მატერიალური გამოცდილება უზრუნველყოფს მათთვის ამ განსაკუთრებულ პოლიტიკურ სტატუსს. იმდენად, რამდენადაც ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობა დაედო საფუძვლად კლიმატის მოძრაობას, კლიმატის მოძრაობაც ასევე სახავს მარგინალიზებულ „ფრონტის ხაზზე“ მყოფ საზოგადოებებს კლიმატისთვის ბრძოლაში მთავარ აქტორებად. ისევე, როგორც პოლიტიკური ეკოლოგიის შემთხვევაში, აქაც მთავარი აქტორები არიან გლეხები, მკვიდრი მოსახლეობა და სხვა საზოგადოებები, რომლებსაც კლიმატის ცვლილების გამო ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრებათ (მაგ. სანაპიროს მეთევზეები, ფერმერები, რომლებსაც გვალვები ემუქრება და სხვ.). მაგრამ როგორ უნდა აშენოს სოლიდარობა ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობამ მოსახლეობის უმეტესობასთან ერთად, რომლებიც უკვე სრულად არიან ჩართულები მასობრივი მოხმარების საზოგადოებაში, მაგრამ ტოქსიკური მოწამვლის რაიმე ცხადი საფრთხე არ ემუქრებათ?

ეკოლოგიზმის ლიმიტები

ეკოლოგისტური მოძრაობების აღმასვლა მემარცხენეების ისტორიულ მარცხს ემთხვევა. დროა, ვიკითხოთ, არსებული ეკოლოგიური პოლიტიკა ამ მარცხის სიმპტომი ხომ არ არის. პირველი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ჩაკირულია ეკოლოგიური კრიზისის გამო კლასობრივი პასუხისმგებლობის გაგებაში. ეკოლოგიური კვალის ანალიზის შესაბამისი ეკოლოგიური პოლიტიკა, ყველა მომხმარებელს ადანაშაულებს ეკოლოგიური კრიზისის გამო. რთულია უყურო, როგორ იმარჯვებს პოლიტიკური სტრატეგია, თუ მის მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს მოხმარების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას იმ კლასისთვის, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ხელფასის სტაგნაციას ებრძვის. როგორ უნდა მიიზიდოს მშომელები ამგვარმა პოლიტიკამ, თუ მათ მიმართ მისი მთავარი დაპირება უფრო მეტი ეკონომიაა? ეკოლოგიური კვალი წარმოადგენს ანალიზს, სადაც ყველა სახის ზეგავლენას ბუნებაზე შეიძლება მივდიოთ უკან, ორგანიზმებამდე (ადამიანებამდე), რომლებიც არსებობისთვის საჭირო საშუალებებს ბუნებრივი რესურსებისგან იღებს. აკისრებს რა მომხმარებლებს სრულ პასუხისმგებლობას მათი სამომხმარებვლო ზეგავლენის გამო, ეს ხედვა გვერდს უვლის კაპიტალის კრიტიკულ როლს, რომელიც აკონტროლებს საქონლის რაოდენობასაც და სახეობასაც, რომლითაც ბაზარი სავსეა.

საწვავი, რომელიც თქვენს ავზში ასხია, ურიცხვი რაოდენობის ადამიანთა ხელში გაივლის, რომლებიც სარგებელს ელიან – ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიური კონსულტანტები, მწარმოებელი კომპანიები, მბურღავი კომპანიები, მილსადენის მწარმოებელი კომპანიები, გაზგასამართი სადგურების ოპერატორები – მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც მხოლოდ შენ გამოდიხარ, რომელმაც ახლა მანქანა დაქოქე და მავნე ნივთიერებები გამოაფრქვიე? როცა მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ჯაჭვზე, რომელშიც თითოეულ საქონელს ყავს თავისი მომხმარებელი და ის, ვინც ამითი მოგებას ნახულობს. მთავარი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ მათ, ვინც პროდუქციის წარმოებისგან მოგებას ნახულობს და არა ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ საჭიროებებს იკმაყოფილებენ. ეს არის არა მორალური, არამედ ობიექტური შეფასება იმის, თუ ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას სასაქონლო ჯაჭვში. ცხადია, ჩვენ სრულად არ უგულებელვყოფთ იმ შეძლებული მომხმარებლების პასუხისმგებლობას, რომლებიც ყიდულობენ მანქანებს, რომელიც ცოტას წვავს, სტეიკს კვირაში ორჯერ ჭამენ და ბევრს დაფრინავენ. მაგრამ რატომ ვფოკუსირდებით მხოლოდ მათ მოხმარებაზე, როგორც პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის მთავარ ველზე? პირველ რიგში კარგი იქნებოდა გვეკითხა, როგორ გახდნენ ეს მომხმარებლებლები ასეთი შეძლებულები. რატომ არ არის მათი შრომითი საქმიანობა ასეთივე პოლიტიკური კრიტიკისა და წუხილის საგანი?

ავიღოთ კლიმატის ცვლილების პრობლემა. რიჩარდ ჰიდის ნაშრომი აჩვენებს, რომ ისტორიული ემისიების 63% ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული, მოდის 90 კერძო და სახელმწიფო კორპორაციაზე – რასაც ის „ნახშირბადის მთავრებს“ უწოდებს – კაპიტალისტების კლასზე, რომელიც მოიპოვებს წიაღისეულ საწვავს და და ყიდის მას მოგებისთვის. მაგრამ კლიმატის ცვლილებაში კაპიტალისტების პასუხისმგებლობა ბევრად დიდია. არსებობს ინდუსტრიული კაპიტალი, რომელიც დამოკიდებულია წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე – ცემენტი (გლობალური ემისიების 7%-ზეა პასუხისმგებელი), ფოლადი, ქიმიური წარმოება და სხვა ნახშირბად-ინტენსიური წარმოების ფორმები. ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინდუსტრიული სექტორი მოიხმარს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საბინაო, კომერციული და ტრანსპორტის სექტორები ერთად აღებული. ხოლო თუ ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად გამოყოფილ მავნე ნივთიერებებსაც მივათვლით, ინდუსტრიული სექტორი ყველა სხვას უსწრებს (სოფლის მეურნების ჩათვლით) და მასზე გლობალური ემისიების 31% მოდის.

ბევრი სოციალური კრიტიკოსი ამხელა ყურადღებას ქარხნებისა და ინდუსტრიული „წარმოების წერტილების“ მიმართ, უიმედოდ ორთოდოქსულად ჩათვლიდა, მაგრამ კლიმატის ცვლილებასა და სხვა ეკოლოგიურ პრობლემებში მათ ლომის წილი აქვთ. მეორე ნაკლოვანება აკადემიის მხრიდან ცხოვრების წესის პოლიტიკიდან სარჩოს ეკოლოგიაზე ყურადღების გადატანა და მისთვის პრივილეგიების მინიჭებაა. ეს ნაკლებად ეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და უფრო იმას ეხება, თუ ვინ სად ხედავს ავთენტურ ეკოლოგიურ ბრძოლას. აქ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური ფოკუსი მარგინალურზე, რომელიც ვერ შექმნის უფრო ფართოდ დაფუძნებულ მოძრაობას. პოლიტიკური ეკოლოგია ფოკუსირებულია გლეხების და ადგილობრივ მკვიდრთა მიერ ჩამორთმევის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლებზე სოფლად. ნებისმიერი ღირსეული ადამიანი მხარს უჭერს ამ ბრძოლებს სამართლიანობისა და თვითგამორკვევისთვის და ჩვენ ვერ დავაკნინებთ ამ ბრძოლების მნიშვნელობას. ჩემი კითხვა ის არის, როგორ შეუძლია ამ ბრძოლებს ისეთი სოციალური ძალაუფლების შექმნა, რომელიც შეაჩერებდა ჩამორთმევასა და დაბინძურებაზე მთავარ პასუხისმგებელს – კაპიტალს. კაპიტალიზმის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა უკვე დაშორებულია ცხოვრების ბუნებრივ პირობებს, ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან დაშორებული, სისტემისთვის მარგინალებად რჩებიან. ბუნებრივი რესურსებისგან საარსებო საშუალებების უშუალოდ მიმღებთა ეკოლოგიური პოლიტიკის მთავარ საყრდენად მონიშვნით, ძალიან იზღუდება ის პოლიტიკური ბაზისი, რომელზეც ეკოლოგიური მოძრაობა უნდა დაშენდეს.

სრულიად ლეგიტიმურია სტრატეგიული შეკითხვის დასმა ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის წარმატებულობის შესახებ. საინტერესო იქნება, დავაკვირდეთ ზოგიერთი, მოძრაობაში ჩართული მკვლევრის რეფლექსიას ამ საკითხზე. კლინტონის ისტორიული განკარგულების გამოცემის შემდეგ, ბენჯამინ გოლდმანი – ტოქსიკური ნარჩენებისა და რასის შესახებ ანგარიშის მონაცემების ანალიტიკოსი – ამბობდა, რომ ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის რეალური ძალა ჰგავდა „ქინქლს სპილოს ზურგზე“. მან განაახლა 1987 წლის მონაცემები და დაასკვნა, რომ „საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, ამჟამად აშშ-ს ფერადკანიანი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი რაოდენობა ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ტოქსიკური ნარჩენების გადამუშავების კომერციული დაწესებულებებია, ვიდრე ათწლეულების წინ“. 25 წლის შემდეგ, პულიდო, კოჰლი და კოტონი იგივე დასკვნამდე მივიდნენ და ფრთხილად ალაპარაკდნენ ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის ჩავარდნაზე. მათი კატეგორიული მტკიცებით „ღარიბთა და ფერადკანიანთა დასახლებები კვლავაც სრულიად დაუცველები არიან ეკოლოგიური ზიანის მიმართ“.

გოლდმანისთვის ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაბამ გამოტოვა პოლიტიკური მარცხის უფრო ფართო კონტექსტი: „მაშინ როცა პროგრესული ძალები ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის გაჩენას ზეიმობდნენ, ჩვენ მოწმენი ვიყავით უთანასწორობის ყველაზე ძლიერი გაღრმავების პერიოდის და საბოლოო ჯამში ტრანსნაციონალური კაპიტალიზმის ტრიუმფის, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი ძალაუფლება, შანსები და გლობალური თავისუფლებები“. გოლდმანი ასკვნის, რომ კორპორატიული ძალაუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობამ უნდა „გააფართოვოს მისი სახალხო შემადგენელი და მოიცვას მეტი სხვადასხვა ინტერესი“. თუმცა, ბევრი მემარცხენესთვის, ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის მიმზიდველობა სწორედ ისაა, რომ ის წარმოადგენს ღატაკთა და მაგინალიზებულთა ბრძოლას კაპიტალისტურ საზოგადოებაში. კვლავ გავიმეორებ, რომ ეს ბრძოლები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი არ უნდა უგულებელვყოთ. მაგრამ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სამართლიანობისთვის ბრძოლამ გაიმარჯვოს, მან უნდა იპოვოს გზა უფრო ფართო ეკოლოგიური მოძრაობის შესაქმნელად, რომელსაც შეეძლება მოერიოს კორპორაციებს – ეკოლოგიური პრობლემების მთავარ შემოქმედებს. ჩვენ მიდრეკილები ვართ, მსგავსი ბრძოლების მორალური სისწორე დავადასტუროთ, მაგრამ იშვიათად ვსვამთ სტრატეგიულ კითხვას, როგორ უნდა შეძლონ მათ ისეთი ძალაუფლების შექმნა, რომ არსებული სიტუაცია დაძლიონ. პულიდო და სხვები აყენებენ სახელმწიფოს საკითხს. სახელმწიფო ცარიელი სიტყვებით პასუხობს ეკოლოგიურ წუხილს, ხოლო საქმით ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების რეალურ მოქმედებას, რომელმაც ხალხის ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს. ისინი უფრო კონფრონტაციულ სტრატეგიას ემხრობიან: სახელმწიფოში მოწინააღმდეგე უნდა დავინახოთ და არა პარტნიორი. არავითარი პატივისცემა, აღიარება და ჩართულობა. ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ როგორც დამბინძურებლებს, ასევე მათ მფარველ სახელმწიფო დაწესებულებებს. სახელმწიფოს ნეოლიბერალური მიტაცების (და ტრამპის) პირობებში ეს ცხადია, სწორი სტრატეგიაა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობამ უნდა იფიქროს უფრო ფართო სტრატეგიაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სახალხო მემარცხენე ხელისუფლებას სახელმწიფოს შიგნით. ხოლო ასეთ პოლიტიკას დაჭირდება, რომ გაცდეს მარგინალობას და მოიცვას ის, რასაც გოლდმანი „სხვადასხვა ინტერესებს“ უწოდებს. რომ შევაჯამოთ, ცხოვრების წესის ეკოლოგიზმიც და მისი განშტოება სარჩოს ეკოლოგიზმიც გაჩნდა მაშინ, როცა კაპიტალის მიერ გარემოსთვის ზიანის მიყენება ფართოვდებოდა და ეკოლოგიური კრიზისი ღრმავდებოდა. მათი პოლიტიკური სტრატეგიები არაეფექტურია. ჩვენ ახლა დავუბრუნდებით ამ არაეფექტურობის დიაგნოსტირებას უფრო მკაფიო ისტორიული და კლასობრივი ტერმინებით.

ნაწილი 2. „გადაჭარბება“: ეკოლოგიზმის კლასობრივი საფუძველი

ეკოლოგიური მოძრაობა გაჩნდა 1960-ან და 1970-ან წლებში, კრიზისისა და რესტრუქტურიზაციის პერიოდში. თუ ადრე ანტიკაპიტალიზმი ისტორიულად ებრძოდა უთანასწორობასა და სიღარიბეს, 1970-ანი წლებისთვის როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე კომენტატორები შეთანხმდნენ, რომ კაპიტალიზმი წააწყდა ახალ პრობლემას: სიჭარბეს. ჩვენ უბრალოდ ზედმეტად ბევრი რამ გვქონდა. მოხმარების დონის ზრდა – მუშათა კლასის გამარჯვებების შედეგი – პრობლემა გახდა. 70-ანების შუაში, ახალგაზრდა ალან გრინსპანი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური კრიზისი სათავეს იღებდა „ამბიციური“ სოციალური მოლოდინებიდან: „მთავრობებმა ამოცანად დაისახეს სოციალური უთანასწორობის შემცირება შინ და გარეთ და ცხოვრების მუდმივად მზარდი სტანდარტის დამკვიდრება. მორალური და სოციალური გამართლებულობის მიუხედავად, ეს ამოცანები ეკონომიკური თვალსაზრისით ზედმეტად ამბიციური აღმოჩნდა – მისაღწევი მიზნის ნაწილშიც და იმ მოლოდინების თვალსაზრისითად, რომელიც ხალხში გააჩინეს“. გრინსპანი მოუწოდებდა, რომ ხალხს ეს მოლოდინები უნდა შეეცვალა „უფრო რეალისტურით“ , რომლის თანახმადაც „ შემოსავლის დონე დაიკლებდა, ხოლო ცხოვრების სტანდარტის შესაძლო ზრდა შემცირდებოდა“. საზოგადოებას „გადაჭარბებული“ მოლოდინი შეექმნა. გამოსავალი? – მკაცრი ეკონომია. განსხვავებული პოლიტიკური პერსპექტივიდან, „ახალი მემარცხენეების“ დიდმა ნაწილმა თავისი კრიტიკა ასევე მიმართა მომხმარებელი საზოგადოების მიმართ (მაგალითად, ჰერბერტ მარკუზე, გი დებორი). გი დებორი ამტკიცებდა რომ საქონელმა „შეძლო სოციალური ცხოვრების სრული კოლონიზაცია“. კრიტიკული თეორეტიკოსის უილიამ ლეისის თქმით, მომხმარებლური ცხოვრების წესი არ აკმაყოფილებდა ფუნდამენტურ ადამიანურ საჭიროებებს: „ეს წყობა აყალიბებს ცხოვრების წესს, რომელიც დამოკიდებულია მატერიალური სიკეთეების უსასრულოდ მზარდ მოხმარებაზე და რომელშიც ინდივიდებს არასწორად ესმით საკუთარი საჭიროებების ბუნება“. კრისტოფერ ლეში დაცინოდა ამერიკულ „მოხმარების კულტს“ და „საქონლის პროპაგანდას“, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ე.წ. „საგონებელში ჩავარდნილის სიტყვაზე“, რომელშიც მან თქვა, რომ ამერიკელები „მიდრეკილები არიან საკუთარ სურვილებს დამორჩილებისა და მოხმარებისკენ“. ბევრი იზიარებს, რომ ამ სიტყვამ, რომელიც ამერიკელებს მასშატბის შემცირებისკენ მოუწოდებდა, ნიადაგი მოუმზადა რეიგანის მოსვლას.

სიჭარბის ეს კრიტიკა დაემთხვა იმ დროს, როცა ამერიკელი მშრომელების მდგომარეობა უარესდებოდა. როგორც ისტორიკოსი დენიელ ჰოროვიცი ამბობს, „ამერიკელთა უმეტესობამ გამოცადა (1970-ანებში) ეკონომიკური ტკივილი. ამერიკული ოჯახების უმეტესობამ თავის თავზე გამოცადა რეალური შემოსავლის შემცირება“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებდა, რომ გაძვირებული ცხოვრება ნომერ პირველი პრობლემა გახდა ამერიკელებისთვის. იმ დროს, როცა მუშათა კლასი იბრძოდა საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან მას ეუბნებოდნენ, რომ მათ უკვე ზედმეტად ბევრი ქონდათ. როცა მთელი ქვეყნის გრინსპანებმა გაიმარჯვეს, საღი აზრი გახდა ის, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს ნაკლები დანახარჯით“. შემცირების დრო დადგა – მთავრობის ხარჯების, პროფკავშირებისგან მიღებული ხეირისა და ოჯახების ბიუჯეტის. სიჭარბისა და ჭარბმოხმარების კრიტიკა სრულყოფილად დაემთხვა ეკოლოგიური მოძრაობის აღმასვლას. გრინსპანის მსგავსად, რომის კლუბის 1972 წლის ზრდის ლიმიტები აანონსებდა ახალ რეალობას, რომელსაც საზოგადოება უნდა დაჰყოლოდა: „ადამიანი იძულებულია ანგარიში გაუწიოს მისი პლანეტის შეზღუდულ შესაძლებლობებს“.

პოლ ერლიხი თავიდან უხეში მალთუზიანიზმის მესაყვირე იყო (მაგ. წიგნი პოპულაციის ბომბი), თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ, 1974 წელს მან და მისმა ცოლმა გამოაქვეყნეს წიგნი სახელწოდებით სიჭარბის (ან სიუხვის) დასასრული, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ მასობრივი მოხმარების საზოგადოებამ გადაამეტა მის მატერიალურ ბაზისს. ერთერთი ყველაზე პოპულარული ტექსტი იყო უილიამ კატონის გადაჭარბება, რომელიც ხსნიდა, რომ ადამიანის მიერ რესურსების გამოყენებამ გადააჭარბა დედამიწის შესაძლებლობებს და რომ მასობრივი კვდომა გარდაუვალია.

ეკოლოგისტური პოლიტიკა აყვავდა და გაფართოვდა ნეოლიბერალური შეზღუდვების პერიოდში. ის ჩაეწერა იმაში, რასაც ლეი ფილიპსი „მკაცრი ეკონომიის ეკოლოგიას“ უწოდებს – ლიმიტების, მოხმარების შემცირების , ზეგავლენის შემცირების პოლიტიკას – შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე. სწორედ ეს არის კონტექსტი, საიდანაც იღებს სათავეს კლასისა და ეკოლოგიური პოლიტიკის უცნაური განცალკევება. „ახალმა სოციალურმა მოძრაობამ“, ეკოლოგიზმმა, უარყო პოლიტიკა, რომელიც მატერიალური ინტერესებიდან ამოდის, როგორც მომხმარებელი საზოგადოების ფუყე მატერიალიზმი. თუ კლასობრივი პოლიტიკა ყოველთვის გულისხმობდა ხედვას ზრდადი საერთო სიკეთის შესახებ, ეკოლოგიური პოლიტიკა მომჭირნეობის პოლიტიკად იქცა. ანდრე გორცმა ჩამოაყალიბა მომჭირნეობაზე დაფუძნებული ეკოსოციალისტური მოსაზრება: „ერთადერთი გზა, რომ უკეთესად ვიხოვროთ, არის ის, რომ ვაწარმოოთ ნაკლები, მოვიხმაროთ ნაკლები, ვიმუშავოთ ნაკლები, ვიცხოვროთ სხვაგვარად“. წლების განმავლობაში კლასს და ეკოლოგიურ პოლიტიკას მუდმივად აპირისპირებდნენ „ სამუშაო ადგილები ეკოლოგიის წინააღმდეგ“ ტიპის დებატებში. სწორედ მუშათა კლასის წარმომადგენელი ტყის მჭრელები ეწინააღმდეგებოდნენ კოპლებიანი ბუების დაცვას ანდა ორაგულის გამრავლებას მდინარე კოლუმბიაში. როგორც რიჩარდ უაიტი ამბობს, მანქანაზე გასაკრავი სტიკერი „ეკოლოგისტი ხარ თუ შრომობ რომ იცხოვრო?“ სოფლის მუშათა კლასში გახდა პოპულარული.

არა მხოლოდ მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ მტრულად განწყობილები ეკოლოგიზმის მიმართ, არამედ პირიქითაც – მწვანე პოლიტიკის მიმდევრები ასევე ადანაშაულებდნენ პრივილეგირებულ მშრომელებს მოხმარებაში. რუდოლფ ბარომ, გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრმა პირდაპირ განაცხადა: „მუშათა კლასი აქ (დასავლეთში), არის ყველაზე მდიდარი დაბალი კლასი მსოფლიოში… უნდა ვთქვა, რომ მეტროპოლიის მუშათა კლასი არის ყველაზე უარესი ექსპლუატატორთა კლასი მსოფლიოში“. ბევრი ეკო-მემარცხენე დღესაც მოუწოდებს მომჭირნეობის პოლიტიკისკენ. 2018 წელს ნიუ ლეფთ რევიუმ გამოაქვეყნა ტროი ვეტესის წერილი, რომელიც მკაცრი ეკონომიისკენ მოუწოდებდა – ან როგორც თავად ავტორი იტყოდა „ეგალიტარული ეკო-ეკონომიისკენ“ , რომლის მიზანია თანაბრად გაანაწილოს ცოტა. წერილი ასევე მოუწოდებდა პლანეტის ნახევრის ველურ ბუნებად გადაქცევისკენ – ეს იდეა ავტორმა სოციობიოლოგ ე.ო. ვილსონისგან ისესხა – უნივერსალური ვეგანიზმისკენ და პლანეტის ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის ნორმირების აბსტრაქტული იდეისკენ. ეკო-მემარცხენეების ალბათ ერთერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება „შემცირების“ (ან ანტი-ზრდის) პროგრამაა, რომელიც ერთერთ ბოლო კრებულში განმარტებულია, როგორც „ წარმოებისა და მოხმარების სამართლიანი შემცირება, რომელიც თავის მხრივ შეამცირებს საზოგადოების მხრიდან ენერგიისა და ნედლეულის მოხმარებას“. შემცირების მომხრეები ირწმუნებიან, რომ ეს არ არის „მცირედით დაკმაყოფილების“ პოლიტიკა, არამედ ისინი მოუწოდებენ მცირედის გადანაწილებისკენ და არამატერიალური რესურსების – დროის და ურთიერთობების გაზრდისკენ.

ამ პროგრამის გატაცებას მატერიალური წარმოების ეფექტურობითა და მშპს ზრდით – რომელიც თავის მხრივ სტატისტიკური კოსტრუქტია იმის დასაფარად, ვინ იღებს სარგებელს კაპიტალისტური ეკონომიკის ზრდით – მხედველობიდან გამორჩება ის, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებებში ადამიანების სრულ უმრავლესობას მატერიალური დანაკლისი აქვს. უმრავლესობისთვის ნეოლიბერალური პერიოდის გამოცდილება გულისხმობს ხელფასების სტაგნაციას, მზარდ გავალიანებას, დასაქმების გარანტიის შემცირებას და უფრო ხანგრძლივ სამუშაო დღეს. მთელი პოლიტიკური პროგრამის შემცირებაზე ფოკუსირებით, ამ პროგრამას მცირე შანსი აქვს ნეოლიბერალური მკაცრი ეკონომიით შეჭირვებული მშრომელების სრული უმრავლესობის საჭიროებებზე ილაპარაკოს. კლასობრივი ანალიზი საზოგადოებას ჯამურად კი არ უნდა განიხილავდეს (და არა იმას, მას ეკონომიკური ზრდა ჭირდება თუ შემცირება), არამედ კონფლიქტური კლასების გავლით, სადაც ცოტას აქვს ძალიან ბევრი და ბევრს აქვს ძალიან ცოტა. რას აჩვენებს ეკოლოგიისა და მცირედის პოლიტიკის ურთიერთკავშირი? ზოგიერთის აზრით, მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე წარმოიშვა სპეციფიკური კლასობრივი ფორმაციიდან, რომელიც ზემოთ ვახსენე – „პროფესიონალ-მენეჯერიალური კლასი“ და რომელსაც შემდეგში სიმარტივისთვის პროფესიონალთა კლასს ვუწოდებ. ეს კლასი მკვეთრად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, უმაღლესი განათლების დრამატულ გაფართოვებასთან ერთად. სწორედ რადიკალური სწავლულები, ბუნების მეცნიერები, არამომგებიანი მენეჯერები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიონალები არიან ისინი, ვინც თანამედროვე ცხოვრების წესს ადანაშაულებენ ეკოლოგიურ კრიზისში. ბედის ირონიით, სწორედ მათი მეტნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრება ბადებს დანაშაულის განცდას, რომ ეკოლოგიური კრიზისი „ყველა ჩვენგანის“ ბრალია .

პროფესიონალთა კლასი: ცოდნა ეკოლოგიური კრიზისის შესახებ

1976 წელს ბარბარა და ჯონ ერენრაიხების მიერ შემოთავაზებული წინააღმდეგობრივი კონცეპტი „პროფესიონალ-მენეჯერიალური კლასი“ წარმოადგენდა მცდელობას, მხედველობიდან არ გამორჩენოდათ ე.წ. თეთრსაყელოიანთა დრამატული მატება მზარდად პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში. ერთი მხრივ ისინი ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ „საშუალო კლასის რადიკალიზმის“ როლი „ახალი მემარცხენე“ პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც იმ დროს თვალსაჩინო იყო. მათი აზრით „უმაღლესი განათლების არნახულმა გაფართოვებამ“ შექმნა „ხელფასზე მომუშავეთა ახალი სტრატა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელი იყო მარქსისტებისთვის“. მათ სათავე დაუდეს დებატებს მარქსისტებს შორის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი „ცოდნის მშრომელების“ კლასობრივი მიკუთვნებულობის თეორეტიზება. ფაქტმა, რომ ისინი არ ფლობენ წარმოების საშუალებებს და ხელფასით ან გამომუშავებული ფულით ცხოვრობენ, ანდრე გორცს და სერჟ მალეს ათქმევინა, რომ ისინი „ახალი მუშათა კლასია“. ნიკოს პულანზასი მათ „ახალ წვრილ ბურჟუაზიას“ უწოდებდა, რჩებოდა რა ფიზიკურ და გონებრივ შრომას შორის ტრადიციული დაყოფის ერთგული. ერიკ ოლინ რაიტი ფიქრობდა, რომ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ ბევრი პროფესიული საქმიანობის „წინააღმდეგობრივ კლასობრივ მიკუთვნებულობას“, იმის მიუხედავად, როგორ მოვახერხებთ მათ თეორეტიზებას, მთავარი ის არის, რომ პროფესიონალთა კლასი საზოგადოების უმცირესობაა. კიმ მუდის დათვლით აშშ-ში პროფესიონალები დასაქმებული მოსახლეობის 22% შეადგენენ (კიდევ 14%-ს ის „მენეჯერთა“ კლასს მიაკუთვნებს). მისი მტკიცებით მთლიანად მუშათა კლასი მოსახლეობის 63%-ა. ჩემი მიზანი არ არის ამ თეორიული დებატების საბოლოო გადაწყვეტა. ჩემი მიზანია ხაზი გავუსვა ცოდნისა და უფრო ფართოდ, განათლების მნიშვნელობას პროფესიონალთა კლასის ცხოვრებისთვის. პულანზასი ამ საკითხს სწორედ განათლების და „კარიერის“ შექმნის თვალსაზრისით უყურებდა: „განათლების დონეების როლი ბევრად მნიშვნელოვანია ახალი წვრილი ბურჟუაზიის შიგნით ცირკულაციისთვის (აგენტების წინ წასაწევად, მათი კარიერისთვის და ა.შ.) , ვიდრე მუშათა კლასისთვის“. განათლების ცენზის ცენტრალურობა ნიშნავს, რომ პროფესიონალთა კლასი არა მხოლოდ ეწერება „მერიტოკრატიის“ მითში, არამედ გარემოზე გავლენის ინდივიდუალიზებულ შესაძლებლობასაც ამაღლებს. იქნება ეს „კარიერული“ წინსვლა, თუ შენი ნახშირბადის კვალის ვირტუოზულად შემცირება. განათლების ცენზი და დონე მხოლოდ პროფესიონალთა კლასის ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის როდია ცენტრალური, არამედ ასევე უზრუნველყოფს „საშუალო კლასის“ ცხოვრების ბილეთს – მანქანით, სახლით, შვილებით და ფინანსური დაცულობით. ესწრაფვის რა საშუალო კლასის დაცულობის ამ ბანალურ ასპექტებს, პროფესიონალთა კლასი იმავდროულად მათგან შეურაცხყოფილი და დამცირებულია. სწორედ ელიტური განათლების წყალობით, პროფესინალთა კლასის ბევრი წარმომადგენელი იწყებს ფიქრს გაუცხოებასა და განადგურებაზე, რომელიც მასობრივი მოხმარების საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. დანაშაულის ეს შინაგანი განცდა ხშირად უდევს საფუძვლად პროფესიონალთა კლასის პოლიტიკას.

ეკოლოგიური პოლიტიკა სწორედ პროფესიონალთა კლასიდან იღებს სათავეს. 1960 წლისთვის ეკოლოგიურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა არა მხოლოდ სპეციფიური პოლიტიკა ეკოლოგიური კრიზისის წინააღმდეგ, არამედ კრიტიკის წესიც, რომელმაც ბრძოლის ცენტრში ცოდნა და მეცნიერება მოათავსა. დღეს კლიმატური პოლიტიკა სწორედ ასეა წარმოდგენილი – როგორც ბრძოლა მათ შორის ვისაც „სჯერა“ (ან სწამს) მეცნიერების და ვინც მეცნიერებას „უარყოფს“. ამის ისტორიული ფესვები აქვს, რამდენადაც ეკოლოგიური მოძრაობა სამეცნიერო ცოდნას ყოველთვის ათავსებდა ეკოლოგიური პოლიტიკის შუაგულში. 1972 წელს ჟურნალმა ეკოლოგისტმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გადარჩენის გეგმა“, რომელმაც გამოაცხადა ახალი სპეციფიკური პოლიტიკის შესახებ, რომელიც დაეფუძნებოდა ცენზის მქონე ავტორიტეტებს: “ეს დოკუმენტი შეიმუშავა ადამიანების მცირე ჯგუფმა, რომელთაგან უკლებლივ ყველა პროფესიონალურადაა ჩართული გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესწავლაში“. უფრო ცნობილი ზრდის ლიმიტები პოლიტიკის იგივე ხედვას ავითარებდა – მხოლოდ მკვლევართა გუნდს შეუძლია შეისწავლოს და შესაბამისად, იცოდეს ეკოლოგიური კრიზისის ნამდვილი მასშტაბი. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ადამიანის რთული მდგომარეობის მიზეზი ის არის, რომ მას შეუძლია პრობლემის აღქმა, მაგრამ არსებითი ცოდნის და უნარების მიუხედავად, მას არ ესმის ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზები, მნიშვნელობა და მისი მრავალი კომპონენტის ურთიერთკავშირი და შესაბამისად, სათანადო რეაგირებაც არ შეუძლია“.

ამგვარი ეკოლოგიური ცოდნის სისტემის ცენტრალური პრინციპი არის რელატიური ანალიზი, ანდა მტკიცება, რომ (როგორც ბარი კომონერი იტყოდა) „ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია“. თუ ადრე ეკოლოგიური კვლევები მიზნად მხოლოდ იმას ისახავდა, რომ არა-ადამიანურ ორგანიზმებს შორის კავშირი შეესწავლა, ეკოლოგიური მოძრაობა დაეფუძნა მტკიცებას, რომ ადამიანები უნდა შევისწავლოთ მათ ღრმა ურთიერთკავშირში ბუნების სამყაროსთან. 1970-ანების კლასიკური ეკოლოგიური ტექსტი, უილიამ ოპულსის ეკოლოგია და უკმარობის პოლიტიკა კარგად გადმოსცემს „ჩვენი ცხოვრების წესის“ ეკოლოგიური კრიტიკის არსს: „…იმის გამო, რომ ადამიანმა არ იცის, როგორც მუშაობს ბუნება, მისი მოქმედება განსაკუთრებულად დამანგრეველია… ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბუნებასთან თანამშრომლობა და მივიღოთ საბაზისო ეკოლოგიური კომპრომისები ბუნების დაცვასა და წარმოებას შორის… ეს კი აუცილებლად მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში… ეკოლოგიურ ლიმიტებთან დაკავშირებით ძირითადი გზავნილი შემდეგი უნდა იყოს: ბიოსფეროს შეუძლია მხოლოდ იმდენის მიღება, რამოდენიც მოცემაც შეუძლია და ეს შეიძლება იმაზე ცოტა იყოს, ვიდრე ჩვენ გვსურს… ჩვენ რომ გვცოდნოდა ბიოსფეროზე ჩვენი ზეგავლენის სიღრმის შესახებ, მაშინ გვექნებოდა იმის ცოდნაც, რომ საჭიროა ლიმიტები“. „ჩვენს ცხოვრებაზე“ ფოკუსით ცხადი ხდება, მისი აზრით რას მიემართება ლიმიტები: მომხმარებლურ ცხოვრების წესს.

რელატიურობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას შეეძლო, ადვილად მიემართა უკმაყოფილება დამნაშავეებისკენ კაპიტალისტების კლასში, რომლებიც აკონტროლებენ წარმოების პროცესს. ანალიზის ასეთი ფორმა მიგვიყვანდა კონფლიქტზე დამყარებულ პოლიტიკამდე და კაპიტალისტებსა და საზოგადოებას შორის ანტაგონიზმამდე ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ცოდნა, რომელიც ასოცირებულია „ურთიერთდამოკიდებულების“ ეკოლოგიასთან, ამ მიმართულებით არ მოძრაობს. რელატიურ ეკოლოგიურ ცოდნას პირდაპირ მივყავართ ეკოლოგიური ნაკვალევის ანალიზამდე, რომელიც ზემოთ განვიხილე. ეს შემობრუნება ცხოვრების წესისა და დანაშაულის გრძნობისკენ, კარგად ეხამება ბიზნესის მცდელობებს, შეარბილოს ეკოლოგიური მოძრაობის შედარებით რადიკალური გამოვლინებები.

სუფთა ჰაერისა და წყლის აქტების გამო რეგულაციების გამოწვევის წინაშე მდგარმა კორპორაციებმა – და ასევე ხალხში ფართოდ გავრცელებული აზრის გამო, რომ ეკოლოგიურ კრიზისს ბიზნესი იწვევს – დაიწყეს მასობრივი კამპანიები საკუთარი იმიჯის „გასამწვანებლად“. ისტორიკოსი ჯო კონლი ამბობს, ამ კამპანიების მიზანი იყო ერთის მხრივ გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ კრიტიკის არეკვლა და ახალი ეკოლოგიური კანონების მიღების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ ეკოლოგიურად შეგნებულ (ან ეკოლოგიური ცნობიერების მქონე) მომხმარებლებს შორის ბაზრის გაფართოვება.

უფრო მეტიც, ზოგი კორპორაცია აქტიურად ავრცელებდა აზრს, რომ ეკოლოგიის დაცვა ინდივიდუალური მომხმარებლების პასუხისმგებლობაა და არა ინდუსტრიის. მაგ. მომხმარებლის პირადი პასუხისმგებლობის ალბათ ყველაზე ნათელი გამოხატულებაა გადამუშავება. ისტორიკოსი ტედ შტეინბერგი ყვება, როგორ ჩააგდეს ნაციონალური კანონი ბოთლების შესახებ ინდუსტრიულმა ჯგუფებმა მაგ. ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიებმა ალუმინისა და პლასტიკატის მწარმოებლებთან ერთად. ისინი ამჯობინებდნენ საჯარო მუნიციპალურ გადამუშავების პროგრამებს, რომელიც ნარჩენების დახარისხებისას ცალკეულ შინამეურნეობებს აკისრებს პასუხისმგებლობას. უფრო უარესი – ისინი აქტიურად პროპაგირებდნენ აზრს, რომ ინდივიდუალური მომხმარებლები თავად არიან დაბინძურების მთავარი წყარო. მას მოყავს ციტატა ამერიკის პლასტიკატის საბჭოს განცხადებიდან: „თუ მე ვყიდულობ პროდუქტს, მე დამბინძურებელი ვარ. მე პასუხისმგებელი უნდა ვიყო პარკის უტილიზაციაზე“. ეს არის „ეკოლოგიური კვალის“ ლოგიკა, პლასტიკატის ბოთლებზე გადატანილი. პულანზასი ამტკიცებდა, რომ პროფესიონალთა კლასს – ან „ახალ წვრილ ბურჟუაზიას“ – შეუძლია იმოძრაოს ბურჟუაზიულ და პროლეტარულ პოზიციებს შორის. „ამ წვრილბურჯუაზიულ ჯგუფებს შეუძლიათ იქანაონ კონოინქტურის მიხედვით, ხანდახან დროის მოკლე მონაკვეთშიც, პროლეტარულიდან ბურჟუაზიულ პოზიციაზე და პირიქით“. მე ვაჩვენებდი, რომ პროფესიონალთა კლასის დიდი ნაწილი ადაპტირებდა იმ სტრატეგიებს, რომლებიც შეესაბამება ათწლეულების განმავლობაში კაპიტალის დაჟინებულ სწრაფვას მკაცრი ეკონომიისკენ. მაგრამ პულანზასი ამტკიცებს, რომ „ეს პოზიცია არ უნდა გავიგოთ, როგორც წვრილი ბურჟუაზიის ბუნებრივი ან არსებითი თვისება, არამედ ეს დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე კლასობრივ ბრძოლაში“. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეკოლოგიური პოლიტიკა მუშათა კლასის პერსპექტივიდან, სოციალისტური პოლიტიკის აღორძინებისა და მუშათა კლასის ბრძოლის აღმავლობის პერიოდში?

ნაწილი3. მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკა

იმისთვის, რომ ეკოლოგიური მოძრაობა გასცდეს პროფესიონალთა კლასს და მუშათა კლასში იპოვოს დასაყრდენი, ის უნდა დაემშვიდობოს ეკონომიის იდეას, სირცხვილს (შერცხვენას) და ინდივიდუალურ გადაწყვეტებს. მან აღარ უნდა დაუთმოს ამხელა ყურადღება სამეცნიერო ცოდნასაც (მის მიმართ ნდობას და უნდობლობას). ის უნდა მობილიზდეს ეკოლოგიურად სასიკეთო პოლიტიკის ირგვლივ, რომელიც გაითვალისწინებს მუშათა კლასის უმეტესობის მატერიალურ ინტერესებს, რომელიც ჩაფლულია სახელფასო სტაგნაციაში, ვალსა და დაუცველ შრომაში. მუშათა კლასის ეკოლოგიური პროგრამა უნდა ფოკუსირდეს ანტი-ეკონომიურ პოლიტიკაზე. ადამიანი ეკოლოგიური არსებაა, რომელსაც გააჩნია საბაზისო საჭიროებები, საკუთარი ცხოვრების კვლავწარმოებისთვის (საკვები, ენერგია, საცხოვრებელი, ჯანდაცვა, სიყვარული, მოცალეობა). ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროლეტარიატი დამოკიდებულია ფულსა და საქონელზე, (ხოლო უზარმაზარ მასებს არც მიუწვდებათ ხელი მათზე) რაც მას მუდმივად სტრესში აცხოვრებს. ნაცვლად იმისა, რომ ეს საჭიროებები დავინახოთ, როგორც „ნაკვალევის“ წყარო, რომელიც უნდა შემცირდეს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანთა უმეტესობას სჭირდება მეტი ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებზე. იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს პოლიტიკურად, ჩვენ უნდა ავუხსნათ, როგორც შეიძლება ადამიანური საჭიროებები ერთმანეთს კვეთდეს ეკოლოგიური პრინციპის გავლით.

ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, მოძრაობა განთიადი და „ახალი კონსენსუსის“ მსგავსი მემარცხენე ორგანიზაციები გაერთიანდნენ „ახალი მწვანე შეთანხმების“ გარშემო, რომელიც ამგვარი მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკის შექმნას ცდილობს. ოკაზიო კორტესისა და სენატორ ედ მარკის მიერ შეთავაზებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ მუშათა კლასის ინტერესებს და უთანასწორობას ათავსებს პრობლემის ცენტრში. რეზოლუცია ითვალისწინებს ყველა ტექნიკურ პირობას, რაც დეკარბონიზაციის პროგრამას სჭირდება, მაგრამ ამერიკელ ხალხს ასევე სთავაზობს „ სამუშაოს ოჯახისთვის სამყოფი შემოსავლით, ადეკვატური საოჯახო და სამედიცინო შვებულებით, ანაზღაურებული შვებულებით და საპენსიო უზრუნველყოფით“.

ბევრმა ცენტრისტმა ლიბერალმა გააკრიტიკა ახალი მწვანე შეთანხმება იმიტომ, რომ ის მეტ ყურადღებას უთმობს ფართო მოთხოვნებს, მაგალითად „ჯანდაცვა ყველასთვის“ და გარანტირებული ფედერალური სამუშაო, მაშინ როცა, მათი აზრით, უნდა ფოკუსირდეს კლიმატსა და დეკარბონიზაციაზე. ეს უხეში შეცდომაა. ამოცანა სწორედ ის არის, რომ ხალხის მასებმა უნდა შეძლონ წერტილების შეკავშირება რათა ვიპოვოთ გადაწყვეტა ყველა ჩვენი – კლიმატის, ჯანდაცვის და საცხოვრებლის – კრიზისისთვის, რაც ითხოვს მასობრივი სოციალური ძალაუფლების შექმნას ინდუსტრიებთან დასაპირისპირებლად, რომლებიც ამ კრიზისიდან მოგებას ნახულობენ. ამ თვალსაზრისით „ახალი მწვანე შეთანხმების“ ხედვა კარგია, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ მიზნების მიღწევას შეძლებდა. ახალი მწვანე შეთანხმების მოთხოვნები საჭიროებს მასიურ კონცესიებს კაპიტალის მხრიდან. იმისთვის, რომ ამ კონცესიებს მივაღწიოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ მუშათა კლასი როგორც სოციალური ძალაუფლების მთავარი ბაზისი და მოვახერხოთ ამ ძალაუფლების ჩამოყალიბება ორი მთავარი მიმართულებით: პირველი – მუშათა კლასის ძალაუფლების ყველაზე ცხადი წყარო ის ფაქტია, რომ ისინი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ (თუ მათ ფორმალური სამუშაო ძალის გარდა ზრუნვის მშრომელებსაც მივათვლით). მემარცხენეები უკვე სწავლობენ, რომ სახალხო მასობრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საჭიროა მათ შევთავაზოთ საბაზისო საჭიროებების განსაქონლებაზე დაფუძნებული პროგრამა. ბევრი რადიკალური ეკოლოგიური მოაზროვნე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნების გასაქონლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ან კაპიტალის ცირკულაციაში მისი ინტეგრაციის პრევენციას. მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკა ამის საპირისპიროზე უნდა ფოკუსირდეს: უბრალოდ ბაზარში ბუნების ინტეგრირებისთვის შეწინააღმდეგების ნაცვლად, ჩვენ ბაზრიდან უნდა გამოვიბრძოლოთ ის, რაც ხალხს სჭირდება. ნაცვლად იმათზე ფოკუსირებისა, ვინც ბუნებასთან უშუალო „სახმარი ღირებულების“ გავლით ურთიერთობს, ამ პოლიტიკამ მუშათა კლასის საქონელზე დამოკიდებულება დაუცველობისა და ექსპლუატაციის მთავარ წყაროდ უნდა ჩათვალოს. ბოლო ხანებში გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში სოციალისტური ელექტორალური პოლიტიკის აღმასვლამ აჩვენა, რომ ხალხის საბაზისო საჭიროებებზე აქცენტის გაკეთებამ შეიძლება, ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვოს უთანასწორობით და პრეკარულობით დატანჯულ საზოგადოებებში.

უფასო საჯარო საცხოვრებლის პროგრამებს შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლის პრაქტიკის დანერგვაც, რომელიც აწარმოებს იაფ გათბობას და ელექტროენერგიას მაცხოვრებლებისთვის. უფასო საჯარო ტრანსპორტს შეუძლია შეცვალოს ავტომობილებზე და ტრანსპორტის სხვა პრივატიზებულ ფორმებზე დამოკიდებულება. არ არსებობს ეთიკური მიზეზი, რატომ შეიძლება ყველანი ვთანხმდებოდეთ, რომ „ჯანდაცვა ადამიანის უფლებაა“, ხოლო საკვები და ენერგია – არა. ამით ჩვენ დავუპირისპირდებით ინდუსტრიებს, მთავარ დამნაშავეებს ეკოლოგიურ კრიზისში. მეტიც, განსაქონლების ეს პროგრამა არ გამორიცხავს ტრადიციულ ეკოლოგიურ მოძრაობებს, რომელთა მიზანი ველური ბუნების ან „ღია სივრცის“ რეზერვაცია ან შენახვაა. ეს არის სოციალური ცხოვრების კონსტრუირებისა და გაფართოვების პოლიტიკა, რომელშიც კაპიტალი არ არის დაშვებული. ახალი მწვანე შეთანხმებისა და გარანტირებული ფედერალური სამუშაოს კომბინაცია სოციალური საჭიროებების განსაქონლებასთან, ასევე უნდა მოიცავდეს ტრადიციულ მემარცხენე მოთხოვნას სამუშაო კვირის შემცირებაზე, რადგან სამუშაო საათების ჯამური რაოდენობა შეიძლება განაწილდეს მშრომელების უფრო მცირე რაოდენობაზე, ხოლო საბაზისო საჭიროებები უბრალოდ უფრო იაფი იქნება.

განსაქონლებაზე დაფუძნებული ახალი მწვანე შეთანხმება ასევე გამოიწვევს საზოგადოებრივი კონტროლის დამყარებას რესურსებზე. ამ პროგრამის ეკოლოგიურად ყველაზე სასარგებლო ნაწილი ის არის, რომ მისი მიზანია ეს ინდუსტრიები კერძოდან საჯარო საკუთრებად იქცეს, რომ ეკოლოგიური მიზნები დომინირებდეს მოგებაზე. კლიმატის ცვლილების პირობებში ერთერთი მთავარი სექტორი, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლის ველი შეიძლება გახდეს, ელექტროენერგიაა. დეკარბონიზაციის გეგმა მოითხოვს პროგრამას, რომელიც დამყარებული იქნება მოთხოვნაზე „ელექტროენერგია ყველას“, ტრანსპორტის, საცხოვრებლის და კომერციული გათბობის ჩათვლით. აშშ-სთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ელექტროენერგიის სექტორის „გამწვანებას“, რომელიც 62.95%-თ წიაღისეული საწვავით გამომუშავდება (ძირითადად ბუნებრივი აირით და ქვანახშირით), არამედ ელექტრო გენერაციის მასიურ გაფართოვებასაც სხვა სექტორების მხრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ პროგრამის განხორციელებას ასევე დაჭირდება კერძო მფლობელობაში არსებული კომუნალური მომსახურების გამობრძოლება. ერთერთი ანგარიშის მიხედვით ეს ინდუსტრია მოიცავს მხოლოდ 199 კერძო კომპანიას (მთლიანი რაოდენობის 9%-ს), მაგრამ ისინი ემსახურებიან ელექტროენერგიის მომხმარებელთა 75%-ს. მკვეთრი დეკარბონიზაცია საჭიროებს ამ კომპანიების საჯარო საკუთრებაში დაბრუნებას და ისინი ამას უბრძოლველად არ დათმობენ.

მისი „ბუნებრივი მონოპოლიის“ სტატუსის გამო ელექტროენერგიის სექტორი უკვე ექვემდებარება ინტენსიურ საჯარო რეგულაციებსა და კონტროლს. ეს სექტორი უფრო გახსნილია პოლიტიკური კონფლიქტისთვის, ვიდრე სხვები. მეტიც, რამდენადაც ელექტროენერგია აბსოლუტურად ცენტრალურია სოციალური კვლავწარმოებისთვის – და რამდენადაც უკვე არსებობს კომუნალური მომსახურების კომპანიების მიმართ მუშათა კლასის უკმაყოფილება შეუსაბამოდ მაღალი ტარიფებისა და გათიშვების გამო – აუცილებელია მასობრივი კამპანიების წარმოება, რომელიც მოითხოვს როგორც ელექტროენერგიის დეკარბონიზაციას, ასევე მის გაიაფებას, ან სულაც უფასოდ მიწოდებას შინამეურნეობებისთვის. მაშინ როცა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო პოლიტიკა აბსტრაქტულად ჟღერს – განიხილავს რა გლობალური ტემპერატურის მატებას და ატმოსფეროს დაბინძურებას – მშრომელთა უმეტესობისთვის უფასო ელექტროენერგია ბევრად ადვილად გასაგები იქნებოდა. ნებისმიერი განსაქონლებისა და განსაზოგადოების პროგრამა აჩენს კითხვას, ვინ „გადაიხდის“ ამისთვის. ძველი ახალი შეთანხმების მსგავსად, პასუხი ფოკუსირებული უნდა იყოს კორპორაციებზე და მდიდრებზე. ეს კი მოითხოვს ანტაგონისტურ პოლიტიკას, რომელიც გასაგებს გახდის, ვინ არის პასუხისმგებელი ეკოლოგიური კრიზისის გამო და მუშათა კლასს არ ადანაშაულებს მოხმარებაში. მან სადინარი უნდა უპოვოს მდიდრების მიმართ უკვე არსებულ კლასობრივ ბრაზს ეკოლოგიური კრიზისის გამოწვევისთვის. ნეოლიბერალური ორთოდოქსიის საპირისპიროდ, მდიდრების დაბეგვრის იდეა პოპულარია მუშათა კლასში. პოლიტიკის მეცნიერის სპენსერ პისტონის ცოტა ხნის წინანდელი კვლევა კარგად აჩვენებს საზოგადოების მაღალ მხარდაჭერას „მდიდრების მიმართ აღშფოთებაზე“ დამყარებული პოლიტიკის მიმართ. ალექსანდრია ოკაზიო-კორტესის მიერ მდიდრების უფრო მაღალი გადასახადით დაბეგვრის მოწოდების პასუხად, ეს კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელების 76% და რესპუბლიკელების უმეტესობა მხარს უჭერს მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებას.

მუშათა კლასის ძალაუფლების მეორე, მთავარი წყარო არა მხოლოდ მათ რიცხოვნობაში, არამედ სამუშაო ადგილზე მათ სტრატეგიულ ლოკაციაშია, რომელიც უზრუნველყოფს კერძო მოგებას და საჯარო სოციალურ რეპროდუქციას. მუშათა კლასს აქვს შესაძლებლობა, გაიტანოს საკუთარი სამუშაო ძალა და შრომა კაპიტალიდან, გაფიცვებისა და წყვეტის გამომწვევი პოლიტიკის სხვა ფორმების მეშვეობით. მასობრივ წყვეტის გამომწვევ მოქმედებებს შეუძლია, ღრმა კრიზისი შექმნას, რომლის დროსაც კაპიტალი იძულებული იქნება დაასკვნას, რომ „მისი ბოლო მტკივნეული არჩევანი მშრომელთა მიერ საცხოვრებლად ვარგისი კლიმატის მოთხოვნის დაკმაყოფილება და სიღარიბის დასრულებაა ახალი მწვანე შეთანხმების გავლით“. ეკოლოგიურმა პოლიტიკამ დიდი ხანია, იცის წყვეტის გამომწვევი მოქმედებების ძალის შესახებ, მაგრამ როგორც წესი გააქვს ის სამუშაო ადგილიდან იმგვარად, რომ ეს ეწინააღმდეგება მშრომელთა ინტერესებს. ედვარდ ებბის რომანში (The Monkey Wrench Gang) ნაჩვენებია აქტივისტები, რომლებიც შახტებისკენ მიმავალ გზებზე წვებიან და შლიან ეკოლოგიური განადგურების მანქანებს. დედამიწა უპირველეს ყოვლისა -მ შექმნა ხეებზე ჯდომის ტაქტიკა ხანდაზმული ტყეების ჩეხვის შესაჩერებლად. ის, რასაც ნაომი კლაინი „ბლოკადიას“ უწოდებს, აღწერს აქტივისტებს, რომლებიც ბლოკირებას უწევენ ნავთობისა და გაზის მილებისა და სხვა წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურის გაფართოვებას, როგორიცაა ქვანახშირის თბოელექტროსადგურები. თუმცა, პირდაპირი ეკო-მოქმედების არსებული არმია წყვეტის ან ჩაშლის მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობებს იყენებს. ისინი აქა-იქ ახერხებენ ნავთობსადენის ან საწვავით სავსე ვაგონების ბლოკირებას, მარამ მნიშვნელოვან ზიანს ვერ აყენებს საწვავი წიაღისეულის კომპლექსს კაპიტალისტური კვლავწარმოების შუაგულში. ყველაზე შთამაგონებელ და წარმატებულ მაგალითად მოძრაობა #nodapl (ნავთობსადენის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა დაკოტაში) უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ტრამპის არჩევის შემდეგ დაკოტას მილსადენი ატარებს ნავთობს და ხანდახან ღვრის კიდეც.

შეძლებს თუ არა ეკოლოგიური პოლიტიკა, მიიზიდოს მშრომელები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, შიგნიდან გააჩერონ კაპიტალიზმი? შევძლებთ თუ არა შევქმნათ ის, რასაც შონ სვინი „ეკოლოგიურ პროფკავშირს“ უწოდებს და რომელშიც მშრომელები თავიანთ ბრძოლას მმართველების წინააღმდეგ ეკოლოგიურ ბრძოლად განიხილავენ? ეს უნდა დაიწყოს ბოსების მხრიდან მშრომელების და ბუნების ექსპლუატაციის ფორმების ერთმანეთთან დაკავშირებით. ეს კავშირი უფრო გამოკვეთილი იყო 1960-ნების ეკოლოგიური მოძრაობისთვის. ტონი მაზოკის ნავთობის, ქიმიური და ატომური წარმოების მუშების პროფკავშირმა შეძლო შეექმნა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ადმინისტრაცია, რომელსაც იგივე მიზანი ქონდა, რაც ეკოლოგიური დაცვის სააგენტოს – დაეცვა სიცოცხლე ინდუსტრიული კაპიტალისტებისგან. კონორ კილპატრიკის თქმით „მაზოკი ხედავდა, რომ ის ქიმიური ნივთიერებები, რაც მისი პროფკავშირის წევრებს წამლავდა, ასევე გარეთაც ხვდებოდა – ჰაერის, ნიადაგის და წყლის გავლით“. მართალია დასუსტებულები არიან, მაგრამ პროფკავშირები კვლავ იბრძვიან ამ საკითხებისთვის. ფოლადის მუშების გაერთიანების 2015 წლის გაფიცვა მნიშვნელოვანწილად სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იყო ფოკუსირებული.

ბევრს საუბრობენ ანტიეკოლოგიურ განწყობებზე სამშენებებლო კომპანიებში და საწვავი წიაღისეულის ინდუსტრიაში დასაქმებული მუშების პროფკავშირებში. ზოგიერთმა პროფკავშირმა მხარი დაუჭირა კეისტოუნისა და დაკოტას მილსადენების პროექტებს, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს გამო. ეკოლოგიურ ბრძოლაში ხშირად შრომა და კაპიტალი მოკავშირეობენ აქტივისტების წინააღმდეგ. თუმცა, სამშენებლო სფეროს მუშები და მეშახტეები მთელი მუშათა კლასის მხოლოდ მცირე ნაწილია. უკეთესი ხომ არ იქნება, გავიხედოთ ეკოლოგიურად ყველაზე დამაბინძურებელი და დამანგრეველი სექტორების მიღმა, მშრომელთა მებრძოლი წინააღმდეგობის საპოვნელად, რომელიც ჩაეწერება უფრო ფართო ეკოლოგიურ პოლიტიკაში. ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ პირდაპირ მოქმედებაზე სოფლის და რეგიონის რესურსების ამოღების და მითვისების წინააღმდეგ (სადაც მშომელთა მოძრაობა ძალიან სუსტია). როგორც ზემოთ ვთქვით, არსებობს პოლიტიკური ეკოლოგიის სწავლულთა მიერ დამკვიდრებული ტენდენცია, რომ „ნამდვილი“ ეკოლოგიური ბრძოლა მხოლოდ სოფელსა და რეგიონში ხდება, სადაც რესურსები მოიპოვება ან სადაც „ნამდვილ“ ბუნებრივ ლანდშაფტებს საფრთხე ემუქრება. მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკა ასევე ეფექტურად უნდა ყალიბდებოდეს იმ ინდუსტრიებშიც, რომლებსაც ძალიან მცირე ზეგავლენა აქვთ ეკოლოგიაზე. ჯეინ მაკკალვიმ დამაჯერებლად აჩვენა, რომ ჯანდაცვა და განათლება სტრატეგიული სამიზნე უნდა იყოს მუშათა კლასის ახალი მოძრაობისთვის. ეს სფეროები წარმოადგენს სოციალური რეპროდუქციის საფუძველს ბევრ საზოგადოებაში და მეტალის ქარხნებისგან განსხვავებით მათი ოფშორებში გადატანა შეუძლებელია. ალისა ბატისტონის თქმით ეს „სოციალური რეპროდუქციის“ ან „ზრუნვის“ სექტორები არ აბინძურებენ გარემოს და ნაკლები ზიანი მოაქვთ მისთვის. ამ სფეროების გაფართოვება ცენტრალური უნდა იყოს პოლიტიკური ეკოლოგიისთვის, რომელიც ფოკუსირდება „ზრუნვაზე“ – ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით (ეკოსისტემისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა სისტემების ჩათვლით). მნიშვნელოვანია ბრძოლა საჯარო სექტორებში, რაც გადამწყვეტი იქნება განსაქონლების პროგრამისთვის, რომელიც ზემოთ განვიხილე. ბოლო წლის განმავლობაში მაკკალვის რჩევა რეალური გახდა 1986 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გაფიცვების ტალღით – თითქმის ყველა მათგანი განათლების სფეროში მოხდა. ამ სტატიაში ჩემს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესაბამისად, ეს გაფიცვები მკაცრი ეკონომიისა წინააღმდეგაა მიმართული და მშრომელთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითხოვს. მაგ. დასავლეთ ვირჯინიის მასწავლებელთა გაფიცვამ გააჩერა სოციალური რეპროდუქციის ცენტრალური ინსტიტუცია (სკოლები) მატერიალური მოთხოვნების მისაღწევად – მათ შორისაა საწვავი წიაღისეულის ინდუსტრიის დაბეგვრა უკეთესი სკოლებისთვის. მაგრამ ეს გაფიცვებიც ძირითადად ეხება ცხოვრების გაუმჯობესებას სამუშაო ადგილის გარეთ (ან მიღმა). მასწავლებლების გაფიცვა აღიწერა, როგორც „შეთანხმება საერთო სიკეთისთვის“, რომლის მოთხოვნებში არტიკულირებულია მუშათა კლასის ძალაუფლების გავლით საზოგადოების გაუმჯობესების ფართო ხედვა. ლოს-ანჯელესის მასწავლებელთა გაერთიანების გაფიცვა არა მხოლოდ უკეთ დაფინანსებულ სკოლებს ითხოვდა, არამედ უფრო მეტ მწვანე სივრცესაც სკოლების ეზოებში. ამგვარი ანტი-ეკონომიური პოლიტიკა, რომელიც აგებულია საერთო სიკეთის იდეის გარშემო, ადვილად შეიძლება იქცეს ფართო მწვანე პროგრამად, რომელიც დაეფუძნება პროფკავშირულ სამუშაო ადგილებს საჯარო მწვანე ინფრასტრუქტურის, საბინაო პოლიტიკის და იმ საჯარო ტრანსპორტის შესაქმნელად, რომელზეც ზევით ვილაპარაკე. საჯარო ტრანსპორტის პროფკავშირები და კომუნალური სფეროს მშრომელები ამავე პრინციპით უნდა ორგანიზდნენ. ეკოლოგიური ძალაუფლების შექმნამ მუშათა კლასზე დაყრდნობით – რომელიც საზოგადოების უმრავლესობაა და რომლის შრომაც მთელ სისტემას ამუშავებს – უზარმაზარ გამოწვევას შეუქმნის კაპიტალის ბატონობას ცხოვრებაზე და პლანეტაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვება უნდა დაიწყოს იმის ხაზგასმით, რომ მომჭირნეობა უნდა გამოიჩინონ და მსხვერპლი უნდა გაიღონ მდიდრებმა და კორპორაციებმა და არა დანარჩენებმა.

დასკვნა

1960-ან და 1970-ანი წლების კრიზისებსა და ტრანსფორმაციებში, ორი მთავარი ძვრა მოხდა. პირველი – კრიზისის საბაბად გამოყენებით, ნეოლიბერალური ძალები გაერთიანდნენ რათა დაემტკიცებინათ, რომ საზოგადოების მოლოდინი ომისშემდგომ „უხვ“ ეკონომიკაზე რეალობას აცდა და საჭირო იყო მკაცრი ეკონომია სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად და პროფკავშირების ძალაუფლების შესამცირებლად. მეორე – „ახალი მემარცხენეების“ რიგები შეავსეს პროფესიონალთა კლასის ახლადგამომცხვარმა წევრებმა (რომლებიც თავის მხრივ ომისშემდგომ პერიოდში არნახულად გაფართოებული უმაღლესი განათლების ნაყოფი იყვნენ). ეს მემარცხენეები ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილები „სიუხვისა“ და მომხმარებელი საზოგადოების მიმართ. ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა ეკოლოგიურ მოძრაობაში, რომელიც თითქმის მთლიანად შედგებოდა ამ პროფესიონალთა კლასისგან, რომელიც იყენებდა სამეცნიერო მოდელებს ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ სოციალური „სიუხვე“ და მოხმარება უნდა შეზღუდულიყო ლიმიტების პოლიტიკითა და ეკონომიით. ამ პერსპექტივის კვინტესენციური მეთოდი ეკოლოგიური კვალის გარშემო ტრიალებს და ამტკიცებს, რომ მომხმარებელია ის, ვინც ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მართავს და შესაბამისად, ეკოლოგიური დეგრადაციის უკან დგას. ამ პერიოდში თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად ჩაითვალა ის, რომ ეკოლოგიური პოლიტიკა კლასობრივი პოლიტიკასგან განსხვავდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკოლოგიური პოლიტიკა ნიშნავდა მომჭირნეობას, ხოლო კლასობრივი – ხელგაშლილობას.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალთა კლასის ზოგიერთი სწავლული უფრო რადიკალურ ეკოლოგიას მატერიალურ ინტერესებში ხედავდა, ამგვარი პოლიტიკის გაფორმება მაინც მხოლოდ მარგინალიზებულ საზოგადოებებზე დაყრდნობით ქონდა წარმოდგენილი, რომლებიც სარჩოს უშუალოდ ბუნებისგან მოიპოვებენ, ან უშუალოდ არიან დაბინძურების მსხვერპლი.

ამავე პერიოდში კაპიტალი მხოლოდ უფრო მეტად იკრებდა ძალას და ეკოლოგიური კრიზისი მხოლოდ ღრმავდებოდა. თუმცა, ბერნი სანდერსის კამპანიასთან, სხვა ელექტორალურ გამარჯვებებთან, გაფიცვებისა და მუშათა კლასის ბრძოლის მატებასთან ერთად, მემარცხენეები კვლავ იკრებენ ძალას პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „წინააღმდეგობის“ ენიდან ის საბოლოოდ გადავიდა ძალაუფლების მოპოვების ენაზე. ეფექტური ეკოლოგიური პოლიტიკა არ არის რაღაც, რაც შეიძლება არამომგებიანი ორგანიზაციების ან ანალიტიკური ცენტრების აქტივისტების მიერ შეიძლება დაპროექტდეს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენს ირგვლივ არსებული მოძრაობიდან. ყველა შემთხვევაში, როცა ჩვენ ვერთიანდებით პროფკავშირების გარშემო, ქირის ფასის კონტროლის მოთხოვნით, უკეთესი ჯანდაცვისთვის თუ ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად, კაპიტალი ამის გასაჩერებლად იბრძვის. როგორც მარქსი ამბობდა, „კაპიტალი არაფრად აგდებს მუშის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, სანამ საზოგადოება არ აიძულებს ასე მოიქცეს“. კაპიტალი ასევე არაფრად აგდებს სიცოცხლის არცერთ ფორმას და პლანეტას კატასტოფას უქადის. ჩვენ უნდა შევქმნათ სოციალური ძალა, რომელიც მას შეაჩერებს.

გაზიარება