ტრავმა, შფოთი და მონატრება: პანკისიდან მიგრაცია საზღვარგარეთ

მარიამ შალვაშვილი[1]

გამოქვეყნებულია: 2023 წლის 20 ნოემბერს, 20:09

ფოტო 1. სოფელ დუისის ძველი მეჩეთი, 2021 წელი. ავტორის ფოტო

გზა პანკისისკენ

პანკისისკენ მიმავალი გზა თბილისი-ახმეტის სამარშრუტო მიკროავტობუსში იწყება. სამარშრუტოების მძღოლებს კახელი მგზავრების უმეტესობა კარგად იცნობს. მიკროავტობუსში მგზავრობას ფონად გასდევს მძღოლის მიერ შერჩეული სიმღერები კახეთზე, სამშობლოზე, სიყვარულზე. არაერთხელ მომისმენია სიმღერა პანკისზეც, რომელიც პანკისის უსაზღვრო სიყვარულსა და ხეობის ძლიერ მონატრებაზე გვიყვება. როგორც სიმღერიდან ჩანს, ავტორს პანკისის დატოვება მოუწია და ის ხეობაში დაბრუნებაზე ოცნებობს:

„მომენატრება სამშობლო,

ჩამოთოვლილი მთებია,

ჩაბნელებული ხევები,

უსწორმასწორო გზებია.

შენს მთებზე გალაღებული

რუსეთში დავიარები,

რუსეთის ველზედ გავცვალე

პანკისის ტურფა მთა-ველი.“[2]

2023 წლის გაზაფხულზე პანკისისკენ ერთ-ერთი ასეთი მგზავრობისას შუა ხნის ქისტი ქალი მძღოლს გომბორში ღანძილის საყიდლად გაჩერებას სთხოვს. მოთუშული ან მოხარშული ღანძილი პანკისში და ზოგადად, კახეთში საყვარელი კერძია. მძღოლი მიკროავტობუსს გზის პირას მსხდომი ორი ქალის გვერდით აჩერებს, რომლებსაც ცელოფნებში ღანძილი ულაგიათ. გამყიდველები ერთ კილოგრამს თხუთმეტ ლარად აფასებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძვირადღირებული ღანძილი ორმოცდაათი ან ასი ლარიდან ძალიან გაიაფდა და მალე გამოილევა. ფასის გაგონებაზე მიკროავტობუსში მგზავრების დაღლილობა აღფრთოვანებით იცვლება, ტრანსპორტიდან სხვა ქალებიც ჩადიან და სიხარულით სათითაოდ ყიდულობენ სეზონზე თითქმის უკვე მოლეულ ღანძილს.

გზას ვაგრძელებთ. მიკროავტობუსში ღანძილის მძაფრი, ნივრისმაგვარი სურნელი ტრიალებს. ეს მცენარე, ასევე ცნობილია, როგორც ველური ნიორი და ნივრისებრი არომატი აქვს. ამ სუნზე პანკისში ჰყვებიან ხოლმე, რომ როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნები ან ქისტები ღანძილს ამზადებენ, ის ხარშვისას კიდევ უფრო ძლიერ არომატს უშვებს და საცხოვრებელ კორპუსებში მძაფრ სუნს აყენებს. „სხვა მაცხოვრებლები იმის ძიებას იწყებენ, საიდან მოდის ეს საშინელი სუნი. ვერაფრით გაუგიათ რა არის,“ ღიმილით მიყვება ერთ-ერთი ქისტი დიასახლისი პანკისის სოფელ დუისში. პანკისში ისიც ხშირად მომისმენია, თუ როგორ მიაგნეს ევროპაში მიგრანტმა ქისტებმა სკანდინავიის ტყეში ღანძილს, რომელსაც დასავლეთ ევროპელები საკვებად დიდად არ იყენებენ და ძნელი საშოვნელია. სიცილით ახსენებენ იმასაც, რომ სკანდინავიელებს ადგილობრივი იმიგრაციის სააგენტოსთვის საჩივარი მიუწერიათ, თავშესაფრის მაძიებლებს საკვებით სათანადოდ არ უზრუნველყოფთ და იძულებულები არიან, ბალახი ჭამონო.

სინამდვილეში, პანკისის ყოველდღიურობა ღანძილის სუნზე მეტად სწორედ საქართველოდან მიგრაციისა და უკან დეპორტაციის ამბებითა და მოლოდინით არის გაჟღენთილი. დუისში ერთ-ერთი ჩემი მეგობარი საუბარში ახსენებს, რომ მის ქუჩაზე ხუთი სახლი სრულიად დაცლილია. ამ სახლებში ამჟამად აღარავინ ცხოვრობს, რადგან ოჯახები მიგრაციაში არიან. როგორც ბევრი ადგილობრივი ჰყვება, თითქმის ოჯახი არ დარჩა, რომ ერთი ან ორი წევრი მაინც არ ჰყავდეს საზღვარგარეთ. ხოლო პანკისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები წუხან, რომ მათ კლასებში ბავშვების რაოდენობა განახევრებულია, რადგან ქისტები ოჯახებიანად მიდიან საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის საძებნელად. ერთ-ერთი მშობელი მიამბობს, „ოცდათოთხმეტი ბავშვიდან ცხრამეტი იყო ბოლო ზარზე, სხვა ყველა წასულია. წელიწადში რამდენიმე ბავშვი მიდის საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად. ასეა პატარების კლასებშიც. ჩემი პატარა შვილი რვა წლისაა. მის სკოლაში მაგ ასაკის ბავშვების რაოდენობა ორმოციდან ოცამდეა დასული. […] ახლა ბოლო ზარისთვის მანქანა გვჭირდებოდა. ამხელა სანათესაო მყავს: და-ძმები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, მაგრამ ერთი ახლობელიც კი ვერ გავიხსენე, ვინც ახლა ხეობაშია და მანქანაც ჰყავს – ყველა საზღვარგარეთაა წასული.“

ეს სტატიაც პანკისიდან საზღვარგარეთ მიგრაციის ისტორიებსა და მიზეზებს ეხება. აშკარაა, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ ლეგალურად თუ არალეგალურად ემიგრირებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იმატებს. მსგავსი დინამიკა შეინიშნება პანკისშიც, თუმცა საინტერესოა, რომ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით პანკისიდან მიგრაცია კიდევ უფრო მაღალია. სტატიის მიზანია, საქართველოდან მიგრაციის ზოგად ეკონომიკურ საფუძვლებთან ერთად გამოყოს ის დამატებითი მოტივები, რასაც ქისტები პანკისის დატოვების მიზეზად ასახელებენ.

ფოტო 2. სოფელი დუისი, 2021 წელი. ავტორის ფოტო

მიგრაციის ხილული შედეგები ხეობაში

ბოლო წლებში პანკისის სოფლებში მოსახლეობის ემიგრაციამ აშკარა ცვლილებები მოიტანა – პანკისის სოფლები სწრაფად ცარიელდება. ხეობიდან გადინება ძალიან მარტივი შესამჩნევია სოფლებში გავლისას, რადგან პანკისში ადამიანების რაოდენობა თვალსაჩინოდ შემცირებულია. უფრო და უფრო ცოტა ადამიანს ნახავთ ადგილობრივების თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სივრცეებშიც, როგორიცაა ფანჩატურები თუ უბანსა და რიყეზე მოწყობილი ჩამოსაჯდომი ადგილები. ამ მხრივ, განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდების გადინება პანკისიდან. ბოლო ოთხი წელია, თითქმის ყოველ მეორე თვეს ვიგებ მორიგი ქისტი ნაცნობის, მეგობრის ან აქტივისტის შესახებ, რომელმაც საქართველო დატოვა.

ხეობაში მეორე აშკარა ცვლილება კი ბოლო წლებში დიდი რაოდენობით ახალი მშენებლობებია, რაც ეკონომიკურად გაჭირვებულ რეგიონში რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. მიგრანტები თანხას სახლში გზავნიან, რომ უკეთესი საცხოვრებლები მოიწყონ ან პანკისში დარჩენილი ახლობლების პირობები გააუმჯობესონ. მეტიც, ბოლო წლებში ხეობაში ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, ტურიზმთან, მცირე მეწარმეობის გრანტებთან, სოციალურ დახმარებასთან და პენსიასთან ერთად, უცხოეთიდან გზავნილები გახდა. ბევრი ქისტი ფიქრობს, რომ უცხოეთიდან გზავნილებს ადგილობრივ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

ახალი მშენებლობები იმის მანიშნებელიც არის, რომ მიგრანტები საზღვარგარეთ რესურსებს იკლებენ, რათა პანკისში შექმნან სათანადო საცხოვრებელი გარემო. ამიტომ აშკარაა, რომ მიგრაციაში მყოფი ქისტები საქართველოს საზღვრებს გარეთ სამუდამოდ დარჩენას არ აპირებენ და დოვლათის დაგროვების შემდეგ მშობლიურ პანკისში დაბრუნება სურთ. ამას ადასტურებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქისტებთან ინტერვიუებიც. ჩემთან ყველა ინტერვიუში ქისტები ამბობენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ საზღვარგარეთ მუდმივად დარჩენა და მიგრაცია მათთვის დროებითი გამოსავალია. მათი უმრავლესობის მიზანია ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში კი იმ პოლიტიკურ გარემოს გარიდება, რომელიც მათ მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებს ან პოლიტიკური წნეხის ქვეშ ამყოფებს.

პანკისში აუცილებლად მოისმენთ დეპორტაციის ამბებსაც. ხშირად ის ადამიანები, ვინც ევროპის ქვეყნებში საბოლოო უარს იღებენ თავშესაფრის მიღებაზე, პანკისში ბრუნდებიან და სხვა გზების ძიებას იწყებენ, რომ კვლავ წავიდნენ საზღვარგარეთ. საქართველოში დეპორტირებულ ქისტ ბავშვებს, რომლებიც გერმანულ, ფრანგულ, სკანდინავიურ სკოლებს და ამ ენებზე განათლებას იყვნენ მიჩვეულები, განსაკუთრებით უჭირთ განათლების სისტემას შეგუება და ქართულად განათლების მიღება. პანკისში, ძირითადად, განათლება ქართულ ენაზეა. ბავშვები არა მხოლოდ განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემას უნდა მოერგონ, არამედ სწრაფად ისწავლონ ქართული და უამრავი სხვა საგანი ქართულ ენაზე. როგორც მშობლები ამბობენ, ისინი ხედავენ, თუ როგორ აისახება ეს ბავშვების მოსწრების დონეზე. ეს ბავშვები ხანდახან დამატებით ერთ ან ორ წელს ხარჯავენ, რომ თანატოლებს დაეწიონ.

ფოტო 3. ფისოები და საზაფხულო სუფრა უცხოეთიდან ჩამოსული ქისტებისთვის სოფელ დუისის ერთ-ერთი სახლის ეზოში, 2023 წელი. ავტორის ფოტო

საქართველოდან მიგრაცია საზღვარგარეთ

ზოგადად, საქართველოდან მიგრაცია ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. მაღალი მიგრაციის დონით მხოლოდ პანკისი არ გამოირჩევა, არამედ ზოგადად, საქართველოდან მიგრაციის მაჩვენებელი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. 2016-2020 წლების მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე მაღალი მიგრაციის მაჩვენებელი მოცემულ ხუთ წელში 2019 წელს დაფიქსირდა, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებამდე[3]. ამ ხუთი წლის მანძილზე მიგრაცია განსაკუთრებით მაღალი იყო ევროპის ქვეყნებში. თუმცა მას შემდეგ, რაც 2021 წელს კოვიდ პანდემიის შეზღუდვები შემცირდა, ხელახლა მკვეთრად მოიმატა საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელმა.[4]

ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში, 2021 წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 183%-ით იყო გაზრდილი[5]. იმავე სააგენტოს სტატისტიკა მიუთითებს, რომ 2022-2023 წლებში ყოველთვიურად, სულ მცირე, 1551 საქართველოს მოქალაქე მიმართავს ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით. ამ ორი წლის მანძილზე ხშირად საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელი ახალი აპლიკანტების რიცხვი თვეში 2000 ადამიანსაც აღემატებოდა.[6] 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 28 803 ადამიანმა მოითხოვა, 2023 წელს ივნისის თვის ჩათვლით კი 14 048 საქართველოს მოქალაქემ[7]. ბოლო რამდენიმე წელია, უფრო და უფრო ხშირად ვისმენთ მძიმე ისტორიებს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები ირლანდიისა[8] თუ ამერიკის[9] საზღვრის გადაკვეთას ზღვის, ჯუნგლების თუ უდაბნოების გავლით, გაუსაძლის სიცხესა და სიცივეში, შუამავალი პირების დახმარებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებიდან მიგრაციის მიზეზებს შორის განსაკუთრებით იკვეთება ეკონომიკური გარემოებები. 2019-2023 წლებში სხვადასხვა კვლევის ფარგლებში ქვემო ქართლის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას ისინი ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად დასაქმებას მისახელებდნენ. მე და ჩემი მკვლევარი კოლეგები ხშირად ვაკვირდებოდით, რომ ზაფხულის პერიოდში საქართველოს ბევრ რეგიონში ზოგიერთი სოფელი თითქმის სრულიად იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, რადგან ისინი რამდენიმეთვიან სეზონურ სამუშაოებზე მიდიან თურქეთსა და ევროპაში. ზაფხულში სოფლიდან ხანდახან საზღვარგარეთ ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეებიც კი გადიან, რომ მათ მთელი წლის სწავლის, საჭმლის, ტანსაცმლის და სხვა ხარჯებისთვის ფული შეაგროვონ. სეზონურ მუშაობაში ჩართულები არიან პანკისელებიც. ის ადამიანები, რომლებსაც პანკისის დატოვება დიდი ხნით არ სურთ, სხვადასხვა ქვეყნებში სამ-სამი თვით მიდიან და დროებით სამსახურს პოულობენ.

ქართველი ახალგაზრდების შესახებ ჩატარებული ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების ის ნაწილი, ვინც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იყო წასული, უმეტესად იქ მუშაობის მიზნით იმყოფებოდა (62%). სოფლებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. სოფლიდან ახალგაზრდები, ძირითადად, საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან (82%) და არა სასწავლებლად (18%).[10] ამ მონაცემებსა და სხვა დაკვირვებებზე დაფუძნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობები ბევრად უფრო შეზღუდულია და მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ სწორედ ფინანსური მიზეზების გამო მიდის.

ფოტო 4. ხედი სოფელი დუისის ერთ-ერთი სახლიდან, 2023 წელი. ავტორის ფოტო

შესაძლებლობების სიმწირე რეგიონებში

რეგიონებში მუდამ ისმის კრიტიკა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანები ახერხებენ უნივერსიტეტებში ჩაბარებას, სწავლასა და დიპლომის მიღებას (რაც რეგიონებში მცხოვრებთათვის ბევრად უფრო ძნელად ხელმისაწვდომია), ქალაქებიდან უკან დაბრუნებისას მათ მაინც თითქმის არანაირი შესაძლებლობები არ ხვდებათ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში, ბაღების, სკოლებისა და მუნიციპალიტეტების მმართველობის გარდა, თითქმის არანაირი სხვა სამსახური და ფულადი შემოსავლის წყარო არ არსებობს.[11] ის სამსახურები, რაც რეგიონების ცენტრალურ ქალაქებსა და დაბებში მოიპოვება, იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ ტრანსპორტის სიმწირის პირობებში ადამიანებს სოფლიდან სამსახურში მისასვლელად ხელფასის ნახევარი ან მეტიც შეიძლება დაეხარჯოთ. ამასთან, პანკისი იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც მცირემიწიანობისა და მთიანი გეოგრაფიის გამო სოფლის მეურნეობის დიდი წარმოებები ვერ იმუშავებს.

პანკისში ახალგაზრდა დედა, მარიამი,[12] 2022 წლის გაზაფხულზე მეუბნებოდა: „ყოველ კვირას ვფიქრობ, საიდან მოვიტანო პამპერსის ფული, ბავშვის ფაფების ფული. ჩემი ხელფასი არაფერში გვყოფნის, ჩემი ქმარი აქ მყარ სამსახურს ვერ შოულობს. დროებით როცა დადის გერმანიაში სამუშაოდ, ის ფული ოდნავ თუ გაგწვდება. […] ქალაქში რომ ბინა გვქონდეს, იქ მაინც ვიმუშავებდით უფრო მაღალ ხელფასზე, მაგრამ ახლა ისე არის ბინის ქირა გაძვირებული, როგორ შეიძლება თან იქირავო და თან ეგ ფული რამეში გეყოს.“ ცოლ-ქმარს უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა იმის გამო, რომ სხვა გამოსავალი ვერ ნახეს, ამ საუბრიდან რამდენიმე თვეში ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ბავშვთან ერთად თავშესაფრის მაძიებლებად გაემგზავრნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ.

2022 წელს თურქეთში მყოფ ქისტ აქტივისტთან, ფატიმასთან და სკანდინავიის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრებ მუჰამედთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების მიღების მიუხედავად, მათთვის ხეობაში რთული იყო ადეკვატური ანაზღაურების მქონე სამსახურის პოვნა. მათ სურდათ, პანკისის ხეობისთვის და მთლიანად, საქართველოსთვის სასარგებლო საქმის კეთება, თუმცა რეგიონებში ადეკვატურად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა გაუჭირდათ და ამიტომ საზღვარგარეთ წასვლა ამჯობინეს. ფატიმას თქმით, რეგიონის ცენტრში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ის ხედავდა, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენდა. რეგიონში არსებული პირობები და შესაძლებლობები არ იყო ადეკვატურად მორგებული იმ ადამიანებს, ვინც თბილისში განათლების მიღებაში რესურსები ჩადო და რეგიონის განვითარებაში სურდა წვლილის შეტანა.

ქისტების ყოველდღიურობაზე დაკვირვება იმასაც აჩვენებს, რომ დღიური, ფიზიკური სამუშაოც კი დაბალანაზღაურებადია. ის მოსახლეები, ვინც უმაღლეს განათლებას ვერ იღებენ, ასევე დაბალანაზღაურებად შრომაში არიან ჩართულები ან საერთოდ ვერ საქმდებიან. აშკარაა, რომ რეგიონებში არ არსებობს ადეკვატური სამსახურები და დაუფასებელია როგორც უმაღლესდამთავრებული, ასევე საშუალო განათლების მქონე ადამიანების შრომა და მათ ერთნაირად უჭირთ სოფლებსა და დაბებში ფეხის მოკიდება და ადგილზე ფინანსური ანაზღაურების გზების პოვნა.

ფოტო 5. მიმდინარე მშენებლობები სოფელ დუისში, 2023 წელი. ავტორის ფოტო

მიგრაციის პოლიტიკური მიზეზები

2022 წლის შემოდგომაზე თორმეტამდე ქისტ ახალგაზრდას გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ახლობლის ოჯახში შევხვდი. ისინი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდნენ. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ საქართველოდან რამდენიმე თვის ჩამოსული იყო და მათი პანკისის დატოვების მოტივაცია, დიდწილად, ეკონომიკურმა ფაქტორებმა განსაზღვრა. რამდენიმე მათგანს უმაღლესი განათლება და მაგისტრის ხარისხიც აქვს, მაგრამ ევროპაში ამჟამად ფიზიკურად მუშაობენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნიდნენ: „ერთ დღეში რასაც საქართველოში გამოვიმუშავებ, აქ ერთ-ორ საათში მაძლევენ. იქ დღეში ორმოცდაათი ლარიც რომ მომცენ, რაში უნდა გეყოს. აქ მაგ თანხას ბევრად ნაკლებ დროში, ნაკლები შრომით გამოვიმუშავებ.“ ამ მიზეზებთან ერთად, ისინი ახსენებდნენ საქართველოდან წასვლის პოლიტიკურ ფაქტორებსაც – ინტერვიუების დროს გამოიკვეთა, რომ ბევრი მათგანი პანკისში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა.

მკვლევარები,[13] უფლებადამცველები[14] და ადგილობრივები[15] წლებია საუბრობენ, რომ პანკისის მიმართ პოლიტიკა უსაფრთხოების მზერას ემყარება. პანკისის ხეობაში ყველაზე აქტიურად სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს, რომელიც პანკისის შიდა ქსოვილშიც ერევა და ქისტების მოქალაქეობის მიღების პროცესებსა და მათ მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის საკითხებსაც აკონტროლებს. ეს ხედვა უსაფრთხოების ცნებას ძალიან ვიწრო გაგებით უყურებს. უსაფრთხოების ეს პრიზმა უმცირესობებს, განსაკუთრებით კი მუსლიმებს, საფრთხედ მონიშნავს. მასზე დაფუძნებული პოლიტიკა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი არ ცდილობს (რომელიც მოქალაქეების მოსახლეობის განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ეკონომიკურ მდგრადობას და სხვა სოციალური უსაფრთხოების ასპექტებსაც მოიცავდა), არამედ ის თავს მოსახლეობისგან იცავს. ეს პოლიტიკა განსაკუთრებით აკონტროლებს მუსლიმ ჯგუფებს და ხშირად მათ მოქალაქეობრივ წინააღმდეგობას ან პროტესტს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ხედავს.

ბოლო წლებში მომხდარმა ორმა მოვლენამ ქისტების ყოველდღიურობა განსაკუთრებით დაამძიმა და უსაფრთხოების პოლიტიკა კიდევ უფრო გააშიშვლა. 2017 წელს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობამ ბევრ ადგილობრივში სპეცოპერაციების ძველი ტრავმები გააღვიძა. ბოლო ასეთი შემზარავი სპეცოპერაცია 2012 წელს ლაფანყურში მოხდა. 2017 წლამდე ქისტების დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ თემისთვის ამგვარი ტრავმული გამოცდილებები წარსულში მოიტოვეს და ხეობამ საბოლოოდ შეძლო, თავი დაეხსნა სპეცოპერაციებისგან. თუმცა 2017 წელს ეს წარმოდგენა დაიმსხვრა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გარემოებები უფლებადამცველებისთვის დღემდე საეჭვოა და სამართალდამცავების მხრიდან უფლების გადაჭარბების ვარაუდებს აჩენს.[16] რადგან ხეობაშიც თავიდანვე ყველა თემირლანის უდანაშაულობაში იყო დარწმუნებული, ბევრ ადგილობრივს გაუჩნდა შფოთი, რომ შემდეგი სამიზნე შესაძლოა უმიზეზოდ ის გახდეს, თუმცა საკუთარ უდანაშაულობას ვერაფრით დაამტკიცებს. „ნებისმიერ დროს სახელმწიფომ შეიძლება ტერორისტი დაგიძახოს და […] მერე აღარავინ მოგისმენს. თუ ვინმე მოგისმენს, ამას ისევ შენს წინააღმდეგ გამოიყენებს,“ მითხრა საუბრისას ახალგაზრდა მამაკაცმა 2021 წელს. გერმანიის ქალაქში თავშესაფრის მაძიებელი ქისტები იხსენებენ, რომ მათ თბილისშიც და ხეობაშიც პოლიცია აჩერებდა და ამოწმებდა. ისინი ხშირად გრძნობდნენ შფოთს, რომ მუდმივად დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა პანკისში მორიგი ჰესის აშენების წინააღმდეგობას უკავშირდება. 2019 წლის აპრილში პანკისის ქისტი მოსახლეობის ჰესების წინააღმდეგ არსებული წინააღმდეგობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსახლეობამ დაინახა, თუ როგორ შემოვიდა ხეობაში ჯავშანტექნიკა, რომელიც მოსახლეობის დასაცავად კი არ იყო მობილიზებული, არამედ, ჰესისთვის საჭირო სამშენებლო მასალების მოსახლეობისგან დასაცავად. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხელისუფლებამ და კომპანიამ ახალი ჰესის მშენებლობა არ შეუთანხმა. ქისტები წინა წლის მანძილზე რეგულარულად აპროტესტებდნენ ახალი ჰესის ხეობაში მშენებლობას და აჩერებდნენ მის მშენებლობას. როგორც ქისტები ჰყვებიან, სამართალდამცველებისა და ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით მობილიზებამ ადგილობრივებში ძველი ტრავმები გააღვიძა და მათ ის მრავალი სპეცოპერაცია გაახსენა, რომელიც პანკისში ჩატარებულა. ამ უსამართლობის განცდებმა და აფექტებმა ერთად მოიყარა თავი და პანკისის მოსახლეობა ჯავშანტექნიკას შიშველი ხელებით შეეწინააღმდეგა.

ჰესების მშენებლობა დღემდე შეჩერებულია, თუმცა ის ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჰესების წინააღმდეგობის პროცესებში, დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ ხელისუფლების, კომპანიისა და კომპანიის ერთეული ადგილობრივი თანამშრომელის მხრიდან. გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქისტები მიყვებოდნენ, რომ პოლიცია თავად იყო დაინტერესებული, კერძო კომპანიას ჰესი აეშენებინა. ერთ-ერთმა ქისტმა ახსენა, რომ „[საქართველოში] პოლიტიკა დიდი ქონების მქონეთა დამცველია.“ სამართალდამცავები კომპანიის ინტერესებს იცავდნენ და არა საკუთარი მოქალაქეების. მეტიც, სწორედ პოლიციელები უმტკიცებდნენ მოსახლეობას, რომ ჰესის აშენება სასარგებლო იქნებოდა ხეობისთვის, რაც მათ კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ეს პოლიტიკური ფაქტორები ასევე იქცა ბევრი ქისტი ახალგაზრდისთვის პანკისის დატოვების მიზეზად.

სამწუხაროდ, ქისტების მიერ ჰესებთან წინააღმდეგობამ საქართველოს მოსახლეობაშიც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ ნამახვანის ჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას ბევრად მეტი ადამიანი შეუერთდა იმ მოტივით, რომ ნამახვანის მოძრაობის მონაწილეები საკუთარი სამშობლოს, მიწის და გარემოს დაცვას ცდილობდნენ. თუმცა უმეტესობის თვალში ქისტების წინააღმდეგობა „პროგრესთან და განვითარებასთან დაპირისპირების“ მაგალითად დარჩა. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს საქართველოს სრულუფლებიან წევრებად და მოქალაქეებად არ აღიქვამს. ხშირად, სახელმწიფოს მსგავსად, დომინანტური ჯგუფი მათ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ხედავს, რომელსაც დომინანტი, მართლმადიდებელი, ქართველი უმრავლესობა საკუთარ მიწაზე ცხოვრების „უფლებას აძლევს“. ეს წარმოდგენები ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნაწილია. ამასთან, მოდერნულ პარადიგმაში მუსლიმი საზოგადოებები და ჯგუფები ცივილიზაციური იერარქიის დაბალ საფეხურზე მოინიშნება. ეს პრობლემური ხედვები სხვადასხვა არადომინანტური ჯგუფის ტრავმატულ გამოცდილებებს იწვევს და საზოგადოებაში ინტეგრაციას აზიანებს.

ფოტო 6. პანკისის მთების ხედი რიყედან, 2023 წელი. ავტორის ფოტო

უკან, პანკისში

როდესაც ახმეტიდან მანქანა სოფელ მატანში აუხვევს და იქიდან პანკისის თოვლიანი მთები გამოჩნდება, შეუძლებელია არ იგრძნო, თუ როგორ მოგნატრებია პანკისის ხეობა. 2023 წლის გაზაფხულია და ქედებზე თოვლი ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. მზის ჩასვლისას დათოვლილ მთებს ვარდისფერი შეფერილობა დაკრავს და უცხო მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სოფელ დუისში შესვლისას ველოსიპედებზე ამხედრებული ბავშვები ან ცხენებზე მოჯირითე ახალგაზრდები ჩაგიქროლებენ, ბავშვებთან ერთად მიმავალ ქალებს დაინახავ, სკამზე ჩამომსხდარ მოხუცებს მოკრავ თვალს, რომლებიც გამეტებით ერთმანეთში ბჭობენ. თუ რიყისკენ გადაუხვევ, ალაზნის ხმას შორიდანაც გაიგონებ.

რთული გასაგები სულაც არ არის, თუ რატომ ოცნებობენ ქისტები მომავალში ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნებაზე. ქისტები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ საქართველო და პანკისის ხეობა მათი სამშობლოა[17]. როდესაც ჩემი რესპონდენტები და მეგობრები ჰესების წინააღმდეგობას იხსენებდნენ, ისინი ხშირად იმეორებდნენ, რომ ვერ დაუშვებენ პანკისის ხეობაში ეკოლოგიურ ცვლილებას ან მის განადგურებას, შვილებისთვის მოწამლული ბუნების გადაბარებას. ეს გარემო და მთლიანი ხეობა ქისტებისთვის უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებს და მათი იდენტობის ნაწილიც არის. ამ სენტიმენტების მიუხედავად, ქისტების უმეტესობას ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები საყვარელ ადგილს სწყვეტს და წლობით უცხოეთში მიგრაციას აიძულებს.

ფოტო 7. ხინკლის მზადების პროცესი, 2022 წელი. ავტორის ფოტო

ბიბლიოგრაფია

[1] სტატია დიდწილად ეყრდნობა 2020-2023 წლებში ჩატარებულ საველე კვლევას, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელდა.

[2] სიმღერის მოსმენა შესაძლებელია იუთუბ გვერდზე.

https://www.youtube.com/watch?v=VDVs0-t3gcA&ab_channel=PankiseliDuiseli

სიმღერის შემსრულებელის სახელი ჩემმა ინფორმანტებმა არ იციან, მაგრამ ის ქისტი არ არის, ქართველია. დიდი ალბათობით, ის პანკისის სოფელ ყვარელწყალიდან არის. ეს სოფელი შერეულია – ქისტებით და ქართველებით არის დასახლებული. პანკისი დასახლებული იყო ოსებით, ქისტებითა და ქართველებით. აქ ისევ მოსახლეობენ ქართველები და ქისტები, თუმცა ბოლო ათწლეულებია, სოფლები ოსებისგან თითქმის სრულიად დაიცალა, ისინი, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. დღეს ხეობაში ქართველების რაოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე ქისტების.

[3] მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, საქართველოს მიგრაციის პროფილი (თბილისი: 2021), 11.

https://migration.commission.ge/files/mmp21_geo_web5b.pdf

[4] საქსტატი, მოსახლეობა და დემოგრაფია (2022).

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia

საქსტატი, მიგრაცია: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით, 2022 წელი (2022).

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia

[5] European Union Agency for Asylum (EUAA), Georgia as a Country of Origin: Migration Drivers Report (2022), 2-4.

https://euaa.europa.eu/sites/default/files/publications/2022-08/2022_08_MDR_Georgia_Origin_EN_new.pdf

[6] European Union Agency for Asylum (EUAA), Latest Asylum Trends – August 2023 (2023), applications.

https://euaa.europa.eu/latest-asylum-trends-asylum

[7] European Union Agency for Asylum (EUAA), Latest Asylum Trends – Midterm Review (2023), applications.

https://euaa.europa.eu/latest-asylum-trends-midterm-review

[8] ნასტასია არაბული, „კატათაგვობანას თამაში სიკვდილის გზაზე – ქართველი მიგრანტების ისტორიები ირლანდიიდან“ (რადიო თავისუფლება, თბილისი: 2023).

https://www.radiotavisupleba.ge/z/22947

[9] დათო ქოქოშვილი, „ჯუნგლები, გვამები, ნარკოკარტელი – როგორ ჩავედი ამერიკაში“ (ნეტგაზეთი, თბილისი: 2022).

https://netgazeti.ge/life/642307/

ეკა ქევანიშვილი, „რატომ წავედი საქართველოდან“ (რადიო თავისუფლება, თბილისი: 2023).

https://www.radiotavisupleba.ge/a/რატომ-წავედი-საქართველოდან/32263747.html

ნასტასია არაბული, „ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” – როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში“ (რადიო თავისუფლება, თბილისი: 2023).

https://www.radiotavisupleba.ge/a/როგორ-ცვლის-მიგრაცია-დემოგრაფიულ-სურათს-საქართველოში/32508683.html

[10] Rati Shubladze, David Sichinava & Tamar Khoshtaria, Youth Study Generation of Independent Georgia: In Between Hopes and Uncertainties (Friedrich-Ebert-Stiftung South Caucasus (FES), Tbilisi: 2023), 8.

https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/20611.pdf

[11] ხშირად ჟღერდება კრიტიკა იმის შესახებ, რომ სოფლის მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა უნდა იყოს. საქართველოს სოფლებში ბევრ ოჯახს შიდა მეურნეობა აქვს, თუმცა სასოფლო სამეურნეო პროდუქტს ბევრი მათგანი არ ყიდის და მხოლოდ ოჯახისთვის იყენებს. ამის მიზეზი რამდენიმეა. მაგალითად, ამის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია სოფლების დიდ ნაწილში ოჯახების საკუთრებაში არსებული მიწების სიმწირე. მიწის სიმწირეს იწვევს სოფლების გეოგრაფიაც – ბევრი ქართული სოფელი მთა-გორიანია. თუმცა 2019-2023 წლებში ქვემო ქართლში ჩატარებული ვიზიტების დროს ჩანდა, რომ სოფლების მიწების უმეტესი ნაწილი ერთი ან რამდენიმე ადამიანის ხელშია. ისინი ხშირად სოფლის მაცხოვრებლები არც არიან და ბევრ შემთხვევაში საეჭვოა ის გარემოებები, თუ როგორ მოახერხეს მათ ამხელა მიწების დაუფლება. სოფლების საჭიროებების კვლევებისას მოსახლეობა ეჭვის ქვეშ აყენებდა აუქციონების გამჭვირვალობას, რომლის საშუალებითაც მათ რეგიონებში ბევრი ადამიანი დაეუფლა მიწებს. მაგალითად, წალკაში რამდენიმე სოფელში აცხადებდნენ, რომ სოფლის მიწების აუქციონის გამოცხადების შესახებ მოსახლეობას არაფერი სმენია და მიწები ჩუმად გაიყიდა ბიზნესმენებზე. ეს ტენდენცია სხვა რეგიონებშიც არის შესამჩნევი.

ამ მიზეზების გარდა, რეგიონებში თითქმის არ არსებობს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ძირითადი რესურსები და ინფრასტრუქტურა (მაგალითად, ბევრ რეგიონში სარწყავი სისტემა არ არსებობს ან დაზიანებულია), თუ არ ჩავთვლით მცირე პროგრამებს: სესხებს, გრანტებსა და მცირე, ქველმოქმედების სახის აქციებს. ეს პროგრამები ფრაგმენტულია და ჩამოყალიბებული, დაგეგმილი პოლიტიკის სახეს არ ატარებს. ამასთან, ბევრ სოფლის მაცხოვრებელს აქვს პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა. იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეგიონებში პროდუქტს გასაყიდად აწარმოებენ, დიდი შესანახი მაცივრების არარსებობის და არასათანადო სარეალიზაციო ქსელების გამო, ბევრი პროდუქტი სოფლის მაცხოვრებლებს გაყიდვამდე უფუჭდებათ მაშინ, როდესაც ქვეყნის სხვა ქალაქებში ქსელურ მარკეტებში იგივე სახის პროდუქცია დეფიციტის გამო ძვირია. ეს პრობლემები საქართველოს სოფლებში ათწლეულების მანძილზე არსებობს, თუმცა პოლიტიკა მათ გეგმიურ მოგვარებაზე და ძირეულ ცვლილებებზე არ არის მიმართული.

[12] სტატიაში ნახსენები ყველა ინფორმანტის სახელი შეცვლილია

[13] მაია ბარქაია და ბარბარე ჯანელიძე, უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში (EMC, თბილისი: 2018).

[14] სოფო აფრიამაშვილი, „პანკისელების ბრძოლა მოქალაქეობისთვის“ (TDI, Netgazeti, თბილისი: 2023).

https://netgazeti.ge/law/691813/

[15] მარიამ შალვაშვილი, „დომინანტური მზერა პანკისი“ (EMC, თბილისი: 2019).

https://socialjustice.org.ge/ka/products/dominanturi-mzera-pankisi

[16] EMC, “მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ფინალური შეფასება“ (EMC, თბილისი: 2020).

https://socialjustice.org.ge/ka/products/machalikashvilis-sitsotskhlis-khelqofis-sakmis-finaluri-shefaseba-emc

[17] ქისტების დიდი ნაწილი საქართველოს და ჩეჩნეთს ერთნაირად მიიჩნევს საკუთარ სამშობლოდ.

გაზიარება