გამოქვეყნებულია: 2023 წლის 29 აგვისტოს, 10:47

1905 წლის აჯანყება ბათუმში და გაფიცულების დაპირისპირების მცდელობები

გიორგი ღვინჯილია

იმპერიალისტური ძალები დაპყრობილი ხალხის დასაპირისპირებლად ყოველთვის კულტურულ განსხვავებებს იყენებდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითი 1905 წელს, კავკასიაში აგორებული გაფიცვების ტალღაა, რომელიც შეიარაღებული აჯანყებით დასრულდა. რევოლუციის პარალელურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის გაღვივებული ეთნიკური და რელიგიური შუღლი დღემდე მძიმე დაღად აწევს რეგიონის მოსახლეობას. ბათუმის აჯანყება საპირისპირო მაგალითად წარმოგვიდგება, რომლის დროსაც ხალხმა იმპერიის უამრავი მცდელობის მიუხედავად მოახერხა გაფიცვის ერთიანობის შენარჩუნება.

***

1905 წელს ბათუმი მღელვარებამ მოიცვა. ეკონომიკური კრიზისით გაწამებულმა ამიერკავკასიის მოსახლეობამ სოლიდარობა გამოუცხადა პეტერბურგში 9 იანვარს დახვრეტილ აქციას. გურულმა გლეხებმა უარი თქვეს სამეფო ოჯახისთვის ლოცვაზე და ნიკოლოზ მეორის პორტრეტები გაანადგურეს. რეგიონში სახელმწიფო ინსტიტუტების ბოიკოტი დაიწყო, რასაც წლის ბოლოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა. გურიის ამბავმა ბათუმელების ყურადღება მიიპყრო: „ბათუმში რომ დავბრუნდი, გარეგნულად თითქოს მშვიდობა დამხვდა, ნამდვილ კი ჩუმი, მიმალული მღელვარება იყო და მზადება. გურიის ამბები ყველას ენაზე ეკერა. სხვანაირ ფუსფუსს შეამჩნევდა დაკვირვებული კაცი.“ – იხსენებს დავით კლდიაშვილი (კლდიაშვილი, 1984, გვ. 124).

25 იანვარს ბათუმში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა: „დილის ცხრა საათზე ქარხნებმა მისცეს სახანძრო განგაში, საყვირის ხმაზე ყველა ქარხნის მუშამ შეწყვიტა მუშაობა. 1 საათზე და 50 წუთზე ნიგოითიდან გამოსული მატარებელი ლიანდაგის დარაჯებმა გააჩერეს და განაცხადეს, რომ ლიანდაგი აყრილიაო. მატარებელი დაბრუნდა უკან. გაფიცული მუშები ქარხნების ეზოებში მართავდნენ სახელდახელო მიტინგებს, მუშა-ორატორები მუშებს მოუწოდებდნენ საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვისაკენ“ (ახვლედიანი, 1957, გვ. 174). გაფიცვის შედეგად ქალაქი სრულად პარალიზდა და გარე სამყაროს მოწყდა. ბათუმთან ერთად გაიფიცა სოხუმი, ჭიათურა, ქუთაისი და ფოთი, ხალხი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და სამხედრო რეპრესიების შეწყვეტას ითხოვდა (Suny, 1994, გვ. 166-167).

1903 წლის აღწერის მიხედვით ბათუმის მოსახლეობა 30 000 ადამიანს აღწევდა. ზრდითა და განვითარებით რეგიონში მისი კონკურენტი მხოლოდ ბაქო იყო. ქალაქში 7 224 რუსი, უკრაინელი და ბელარუსი, 6 684 ქართველი და 5 182 სომეხი ცხოვრობდა. ჭრელი იყო მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობაც – 1898 წელს აქ 15 495 მართლმადიდებელი, 6 150 გრიგორიანელი და 3 156 მუსლიმი ცხოვრობდა. „ბევრი არ არის ისეთი ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეროვნების ამდენ ადამიანს ნახავ ერთად – შავგვრემანი ირანელით დაწყებული, ქერათმიანი რუსით დამთავრებული“ -წერდა იტალიელი მოგზაური ლუიჯი ვილარი (ნერგაძე, 2021). „მუჰაჯირობის“[1] ტალღისა და ქალაქში სამსახურის მძებნელთა ნაკადის შემოსვლის შედეგად, მუსლიმები ბათუმში უმცირესობაში აღმოჩდნენ. თუმცა ისლამი ისევ უმრავლესობის რელიგია იყო აჭარაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა (ნიჟარაძე, 1961, გვ. 62). მეფის რეჟიმსა და მენავთობეებს ამ ჭრელი საზოგადოების გაერთიანებისა და რევოლუციურ მასად გადაქცევის საფრთხე დაუდგათ თვალწინ. მათი მთავარი იარაღი სამხედრო რეპრესიები და „დაყავი და იბატონე“-ს პრინციპით მოქმედება იყო.

ქალაქში ხელსაყრელი ნიადაგი იყო ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის დასათესად. სომხების, ქართველებისა და მუსლიმების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზების მრავალი გზა არსებობდა: მსხვილი საწარმოების ნაწილი, რომლებშიც ქართველები მუშაობდნენ სომეხ კაპიტალისტებს ეკუთვნოდათ. ქართველები წლების განმავლობაში იბრძოდნენ ადგილობრვ თვითმმართველობაში მოსახვედრად, რომელიც ძირითადად მდიდარი სომხებითა და რუსებით იყო დაკომპლექტებული. მეორე მხრივ ქართული იდენტობის სიმბოლური წესრიგი ყოველთვის პატარა ქრისტიანი ერის, მუსლიმ დამპყრობლებთან ბრძოლის იდეაზე იყო დაფუძნებული. მაშინ, როდესაც რევოლუციონერები გაფიცვის გაღრმავების გზებზე მსჯელობდნენ, ბაქოში სომხების ჯგუფმა აზერბაიჯანელი მუშა მოკლა. მკვლელობას ხანგრძლივი სისხლისღვრა მოჰყვა, რომელიც ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარეობდა. ეკონომიკური კრიზისი, მეზობელი ერების ორმხრივი შუღლითა და უნდობლობით დამძიმდა – დაძაბულობა საქართველოსაც გადმოედო, თბილისის სომხურ და აზერბაიჯანულ უბნებში სანგრები გაითხარა, მოსახლეობამ ქალაქიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა დაიწყო. ვითარება დამძიმდა ბათუმშიც. კავკასიის გაფიცული და აჯანყებული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით წაკიდება პირველ რიგში ცარისტული რეჟიმისა და ადგილობრივი კაპიტალისტების ინტერესებში შედიოდა (Shafiyev, 2008).

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს რუსეთის ფინანსთა მინისტრი ვიტე მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა „ბიზნესმენებს“ – როტშილდებისა და ნობელების ოჯახები ყველა სამთავრობო კრებას ესწრებოდნენ და პირდაპირ მონაწილეობდნენ იმპერიის ეკონომიკის დაგეგმვაში. რუსეთი მსოფლიოს ბაზარზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევიდა კონკურენციაში და საბოლოოდ 1898-1901 წლებში ნავთობის მთავარ მიმწოდებლად გადაიქცა (Степанов, 2018). კავკასიიდან ნავთობის გადაზიდვისა და საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის საქმეს სამი ძირითადი მოთამაშე აკონტროლებდა, ეს როტშილდი, მანთაშევი და ნობელები იყვნენ (სიჭინავა, 1958, გვ. 137-138). სავაჭრო გაერთიანებებმა მთავრობისგან მკაცრი ზომების მიღება მოითხოვეს, თუმცა ამ ზომებმა არ გაჭრა. ბრიტანეთის და გერმანიის კონსულებმა ანონიმური წერილები მიიღეს, მათ სიკვდილით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში თუ უცხოური კომპანიები მუშათა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდნენ. გაფიცვა სწრაფად ვითარდებოდა – სავაჭრო ფირმების წარმომადგენელთა კრებამ უწესრიგობის გამო ბათუმში უცხოური გემების შემოსვლა შეაჩერა.

ცარიზმი და კაპიტალისტები მუშების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირებას ცდილობდნენ, ხოლო აჯანყებული ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გურიისა და ბათუმის ალიანსში მთიანი აჭარის მუსლიმების ჩართვა იყო. მუსლიმები იმპერიის შედარებით კონსერვატიულ და პოლიტიკურად პასიურ ნაწილად ითვლებოდნენ. მათი აჯანყებიდან გათიშვის მიზნით კოლონიურ ადმინისტრაციაში დიდი მუშაობა იყო გაჩაღებული. პოლკოვნიკი სლავოჩინსკი მთავარ საფრთხედ გურულების „ლაყბობას“ აცხადებდა. ბათუმსა და გურიას შორის მოსახლეობის ცირკულაცია რევოლუციური პროპაგანდის გავრცელებას უწყობდა ხელს: „…მთავრობის საწინააღმედგო პროპაგანდა გურიის მხრიდან ცდილობს შეიჭრას აჭარაში, მოგახსენებთ, რომ ჩვენს განკარგულებაში არსებული ცნობების მიხედვით, იაილებზე და ჭვანა-ღორჯომის ხეობებში ჩნდებოდნენ ვიღაც ბნელი პიროვნებები, რომლებიც ურჩევდნენ მცხოვრებლებს არ გადაეხადათ გადასახადები და საერთოდ არევ-დარევა შეჰქონდათ მოსახლეობაში, თუმცაღა, ყოველგვარი მოჭორილი საუბარი მოსახლეობაში სწარმოებს, განსაკუთრებით ქვემო აჭარის მოსახლეობას შორის, სადაც კრამოლის[2] ბუდეს წარმოადგენს სოფლის მწერლების – ისევ გურულების უაზრო ლაყბობა“ (ახვლედიანი, 1957, გვ. 169).

იმპერიალიზმის აგენტებმა ბათუმში ანონიმური პროკლამაციები გავრცელება დაიწყეს, რომლებშიც მუსლიმებს ქრისტიანებისადმი უნდობლობისაკენ მოუწოდებდნენ, პროკლამაციის ავტორები დაუფარავად თესავდნენ სიძულვილს მოსახლეობაში, რომელსაც დაპირისპირებამდე ისედაც ერთი ნაბიჯი აკლდა: „უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მეზობელი სომხები და ქართველები, ბოროტმოქმედთა წაქეზებით ცდილობენ სახელმწიფო წყობის დამხობას. ამ მიზნით გაერთიანებულებმა ასევე დაიწყეს მუსლიმების მიმართ მტრობის გამოვლენა, ასე მოხდა ბაქოში, ელიზავეტპოლის გუბერნიაში, ერევნის შემოგარენში სადაც უდანაშაულო მუსლიმები გაწყვიტეს, მათი ღირსება და სინდისი შეარცხვინეს. […] ძმებო მუსლიმებო, ჩვენ გირჩევთ შორს დაიჭიროთ თავი სომხებისა და ქართველებისაგან და მათი „ერთობისგან“, შესაძლოა თქვენ (ჩვენსავით) კარგად არ იცნობთ ამ ერებს. პირისპირ ისინი საყვარელი ამხანაგები არიან, მაგრამ გულებში ბოროტებას ატარებენ. შეხედეთ რას ამბობს ყურანი ასეთ ადამიანებზე: „მართლმორწმუნენო შორს დადექით ორპირი ადამიანებისგან, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარი თავისათვის არსებობენ. თუ რომელიმე თქვენგანი მათთან დამეგობრდება, მათი მსგავსი გახდება…“” (ყუფარაძე, 1925). ყველაფერთან ერთად პროკალამაცია ამბობდა, რომ ნახიჩევანში მომხდარი სასაკლაოს დროს, სომხებს ქართველებისაგან შემდგარი 400 კაციანი რაზმი ეხმარებოდა.

ქართველ მუსლიმებს შორის მოქმედი პროგრესული ელემენტები, პროპაგანდას კონტრპროპაგანდით უპირისპირდებოდნენ, ბათუმში საპასუხო პროკლამაცია გავრცელდა: „ამ სიმხეცეზე პასუხისმგებლები რუსეთის მეფე და ოსმალეთის სულთანი არიან. ეს მეფისა და სულთანის მიმდევრები არიან. ისინი ჯილდოების მოლოდინში მოქმედებენ, პირადი ინტერესებისა და პირადი შურისძიების ინტერესებით, მათ ისევ ისეთი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ვინც პოგრომებსა და სიმხეცეზე წაგაქეზათ არაფერი დაუკარგავთ, პირიქით ჯილდოები დაიმსახურეს მეფისა და სულთანისგან. […] დაემორჩილო ტირანს ნიშნავს თავად გადაიქცე ტირანად. ეს მძიმე შედეგებამდე მიგიყვანთ როგორც ამქვეყნიურ, ისე იმქვეყნიურ ცხოვრებაში. არ მიხვიდე მათ დასახმარებლად, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის და არ აღდგე ტირანიის წინააღმდეგ, ტირანიის გადარჩენას ნიშნავს, რაც მიუღებელია როგორც შარიათისათვის, ასევე კაცთმოყვარეობის წესებისთვის“ (ყუფარაძე, 1925).

გაფიცულ ბათუმში საალყო მდგომარეობა გამოცხადდა, მუშებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ ქალაქში კაზაკთა რაზმები შეიყვანეს. მოსახლეობის სომხური, მუსლიმური და ქრისტიანული ნაწილების ნებისმიერი დაპირისპირება რეჟიმის გარდაუვალ გამარჯვებას გამოიწვევდა.

ბაქოს მოვლენებიდან ერთ კვირაში მეფის განკარგულება გამოიცა. მოსახლეობას „მმართველობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით“ საკუთარი პრობლემების ადმინისტრაციისათვის მოხსენების უფლება ეძლეოდა. რევოლუციიდან გათიშვის მიზნით საზოგადოებრივ ჯგუფებს პეტიციების შედგენის უფლება დართეს – უკმაყოფილება „კალაპოტში“ უნდა ყოფილიყო მოქცეული. აპრილში მუსლიმებს რელიგიური იერარქების არჩევის უფლება მიენიჭათ (Исхаков, 2007, გვ. 125-132).

მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირების დიდი ნაწილი კოლონიურ რეჟიმთან თანამშრომლობდა. ქართულ ეკლესიას ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი) ედგა სათავეში, რომელმაც აპრილში კაზაკთა რაზმის გამოყენებით დაარბია ავტოკეფალიის მოთხოვნით შეკრებილი სამღვდელობა. სასულიერო განათლება რუსულად იწარმოებოდა – სემინარიები სწავლების პროცესით უკმაყოფილო რევოლუციონერების სამჭედლოდ გადაიქცა. რუსეთთან შემოერთების შემდეგ მუსლიმი სასულიერო პირები ჯერ ოსმალეთში გადაცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, ხოლო საბოლოოდ ცარიზმის მსახურებად იქცნენ და რევოლუციურ ბრძოლაში მონაწილეობას ცოდვად აცხადებდნენ. შექმნილი მდგომარეობა ხალხის რელიგიური ინსტიტუტებისაგან გაუცხოვებას იწვევდა, ადამიანები ცხოვრების აზრს რევოლუციურ მოძრაობასთან შეერთებასა და უსამართლობასთან ბრძოლაში პოულობდნენ.

ბათუმელი მშრომელეიბის ლიდერები აქტიურად ცდილობდნენ დაპირისპირების თავიდან არიდებას. ბაქოში გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად და მხარეების შესარიგებლად ბათუმში მიტინგები გაიმართა. აზიზიეს მეჩეთსა და სომხურ ეკლესიაში გამართულ შეკრებებზე ერთმანეთს ქრისტიანი და მუსლიმი გამომსვლელები ენაცვლებოდნენ, ისინი მოსახლეობას ეროვნული სოლიდარობისა და ცარიზმთან ერთიანი ფრონტით ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ. მომიტინგეებს მემედ აბაშიძემ მიმართა, რომელიც განსაკუთრებული ავროტიტეტით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობაში. პროვოკაციის შედეგად მიტინგი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დავით კლდიაშვილი ასე იხსენებს მომხდარს: „უეცრად შეიქმნა განაპირაზე ჩოჩქოლი, ყვირილი, ხმაურობა, რომელიც თანდათან მძლავდებოდა, გაისმა საშინელი წივილი-კივილი. […] გავარდა ბატარეა ბურუნტაბიეზე ზარბაზანი: იგრიალა მეორედ, მესამედ; ზარბაზნები ახმაურდნენ მთებზე; ეს ნიშანი იყო – ჯარებს ეცნობებოდა, რომ ქალაქში არეულობა დაიწყო და გამოსულიყო დანიშნული ადგილების დასაკავებლად. ცხენოსანი ყაზახები თავმოძულებული ჯინით დაქროდნენ ქუჩებში. ნავსადგურთან ატყდა სროლა. როგორც შემდეგ გამოირკვა, აქ მოკლულ იქნა თერთმეტი ქალი და მამაკაცი“ (კლდიაშვილი, 1984, გვ. 140).

პროვოკაციები არ სრულდებოდა. მემედ აბაშიძეს განსაკუთრებული როლის შესრულება უწევდა ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების პროცესში. მოგვიანებით აბაშიძე ასეთ ისტორიას იხსენებს: „ერთხელ სახლში ყოფნისას დილით ადრე გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ჩემი ნახვა სომხებს უნდოდათ. მე მისაღებში შემოსვლა შევთავაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ასამდე ადამიანი იყო, კაცები, ქალები და ბავშვები, რადგან მისაღებში ვერ დაეტეოდნენ გარეთ მელოდებოდნენ. მე ავდექი, სწრაფად მოვწესრიგდი და მათ სანახავად გავედი. მოსულთა რიგებიდან გამოვიდა ერთი მოხუცი და მითხრა, რომ დღეს ღამე მათი სახლები წითელი საღებავებით მონიშნეს და მუსლიმები მათ დახოცვას აპირებენ, სახლებს წითელი საღებავებით თურქეთში ნიშნავენ, მათ დაცვა და დახმარება მთხოვეს. როდესაც მოხუცი საუბრობდა, ქალები და ბავშვები ტიროდნენ. ამ სცენით აღშფოთებულმა და ანერვიულებულმა ვუთხარი, რომ აქ არც თურქეთია და არც აზერბაიჯანი და სანამ ცოცხლები ვართ, ასეთი ნომერი არ გავა. […] მაშინვე რევოლუციურ ორგანიზაციებში გავემართე, რომ მათთან მეთათბირა, აღმოჩნდა, რომ ყველა უკვე შეკრებილი იყო და მელოდებოდნენ. გავარკვიეთ, რომ ეს პროვოკაცია მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი. სომხების სახლები პოლიციის აგენტებმა მონიშნეს, ეს გუბერნატორი ფონ-პარკაუს საიდუმლო ბრძანებით გააკეთეს“ (ვ.გურული, 1996).

ისტორიას ბათუმის პოლიციის უფროსი ჩიქოვანის მოხსენება შემორჩა: „ებრაელთა დარბევის შემდეგ, რომელსაც მთავრობას აბრალებდნენ, საჭირო იყო მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარიყო ასეთივე დაჯახება, რომ ხალხს ეთქვა: „აქ ნაცია არაფერ შუაშია, არამედ მთავარია რელიგიური განსხვავებაო“ (სიჭინავა, 1958, გვ. 236).

გაფიცვები და გამოსვლები გრძელდებოდა. პირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ ადმინისტრაციამ ქართველი მუსლიმებისა და ქრისტიანების გადაკიდება სცადა. 5 მაისს ბათუმში ხოჯა მოკლეს, რომელსაც განსაკუთრებული ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მკვლელობა ქრისტიანებმა ჩაიდინეს. დამნაშავეების დასასჯელად ათასამდე შეიარაღებული მუსლიმი დაიძრა, რომლებმაც მდინარე აჭარისწყალთან მოიყარეს თავი. მათთან სასაუბროდ ისევ მემედ აბაშიძე გაემართა. დაძაბული მოლაპარაკების მსვლელობისას აბაშიძე ამტკიცებდა, რომ მკვლელობა ცარიზმის აგენტებმა ჩაიდინეს, იმისათვის, რომ ქართველი ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინათ (გოგოლიშვილი, 2020, გვ. 40). მოგვიანებით აბაშიძე სიტყვით გამოვიდა თბილისში გამართულ კრებაზე, რომელსაც ქართული ინტელიგენციისა და კავკასიელი მუსლიმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: „ბათუმშიც სცადეს ორი სარწმუნოების ერის – ქართველი მაჰმადიანებისა და ქართველი ქრისტიანების გადაკიდება, მაგრამ ამაოდ […] ჩვენ გვეშინოდა უმთავრესად სარწმუნოებრივი შუღლისა და ამიტომ მთელი ჩვენი ძალ-ღონე მოვიკრიბეთ, რამდენჯერმე ხალხი შევკრიბეთ, მოველაპარაკეთ, თვალი ავუხილეთ და ჩვენდა საბედნიეროდ, ხიფათი თავიდან ავიცილეთ. ჩვენ ქართველები ვართ და ამით ვამაყობთ…“ (აბაშიძე, 1998, გვ. 395).

1905 წლის გაფიცვებისა და მათში დაპირისპირების შეტანის მცდელობების ისტორია გვაჩვენებს, როგორ ცდილობდა კოლონიური რეჟიმი კულტურული განსხვავებების გამოყენებას და იმპერიალიზმთან ბრძოლის ეთნიკურ დაპირისპირებად გადაქცევას. ხაზი უნდა გაესვას, რომ ასეთი შუღლის წახალისება არა უბრალოდ რუსული, არამედ ზოგადად იმპერიალიზმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია.

ბათუმის გაფიცვა გაღრმავდა და საბოლოოდ შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა, რომელშიც საზოგადოების ყველა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. ქალაქში მოქმედმა ჯგუფებმა მრავალი დაძაბულობის განმუხტვა მოახერხეს და უდიდესი საფრთხე აარიდეს ქვეყანას. ამ გონივრული ქმედებების გარეშე აჭარა ეთნიკური და რელიგიური შუღლის კიდევ ერთ კერად გადაიქცეოდა რეგიონში.

ავტორის შენიშვნები:

[1] რეგიონის რუსეთთან შემოერთებასა და „რუსიფიკაციის“ ტალღის გაძლიერებას მუსლიმი ქართველების სამშობლოდან მასიური მიგრაცია მოყვა. მხოლოდ აჭარიდან 1880-იან წელბში გადასახლებულთა რიცხვი 22-დან 25 ათასამდე მერყეობდა. სხვა მონაცემების მიხედვით რიცხვი 38 ათასს აღწევდა (ჯანელიძე, 2021);

[2] ბუნტი, ამბოხება.

ბიბლიოგრაფია

Shafiyev, F. (2008). Armenia-Azerbaijan conflict: roots. Massacres of 1905-1906. World of Diplomacy, 14-29.

Suny, R. G. (1994). The making of the Georgian nation. Bloomington and Indianapolis: Indiana University Press.

Исхаков, С. (2007). Первая русская революция и мусульмане Российской империи. Москва: Издательство «Социально-политическая мысль».

Степанов, В. (2018). НЕФТЯНАЯ ПОЛИТИКА С.Ю. ВИТТЕ В ЗАКАВКАЗЬЕ (1892–1903 гг.). ВТЭ №2,, 136-145.

აბაშიძე, მ. (1998). თხზულებანი. თბილისი: გამომცემლობა “სახალხო წიგნი”.

ახვლედიანი, ხ. (1957). სახალხოგანმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში. ბათუმი: სახელმწიფო გამომცემლობა ბათუმი.

გოგოლიშვილი, ო. (2020). ბათუმის ოლქი 1900-1921 წლებში. ბათუმი: გამომცემლობა აჭარა.

ვ.გურული, ა. (1996). მემედბეგ აბაშიძე: დოკუმენტები და მასალები (1917-1923). თბილისი: გამომცემლობა “სამშობლო”.

ვარდოსანიძე, ს. (2014). სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე. თბილისი: გამომცემლობა “ნათლისმცემელი”.

კლდიაშვილი, დ. (1984). ჩემი ცხოვრების გზაზე. ბათუმი: გამომცმემლობა ‘საბჭოთა აჭარა”.

ნერგაძე, თ. (2021). იტალიელი დიპლომატი ბათუმზე: საერთო შფოთის მიუხედავად ხალხი სეირნობს და „კარმენს“ უსმენს. ნეტგაზეთი.

ნიჟარაძე, ნ. (1961). საბჭოთა აჭარა: ეკონომიკურგეოგრაფიული დახასიათება. ბათუმი: სახელმწიფო გამომცემლობა ბათუმი.

ოქუაშვილი, ა. (2017). ჩემი მოგონებები. თბილისი: “შენ დემოკრატიისთვის”.

სიჭინავა, ვ. (1958). ბათუმის ისტორიიდან. ბათუმი: სახელმწიფო გამომცემლობა ბათუმი.

ყუფარაძე, ს. (1925). 1905 წელი ბარიკადები ბათომში. ბათომი: სტამბა გამომცემლობა “ფუხარა”.

ჯანელიძე, ო. (2021). კავკასიელთა მუჰაჯირობა. რუსეთის ექსპანსია საქართველოში.

გაზიარება