დემოკრატია ევროპაში: მემარჯვენე პოპულიზმის გამოწვევა

ავტორი: შანტალ მუფი

გიორგი ხასაიას თარგმანი

ტექსტის PDF ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ

მიმდინარე თვეების განმავლობაში სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მზარდი წარმატება, წუხილის საგანი გახდა მათთვის, ვინც ცდილობს, განჭვრიტოს დემოკრატიული ინსტიტუტების მომავალი ევროპაში. მედიაში ხშირია დებატები მემარჯვენე პოპულიზმის მზარდ მიმზიდველობასთან დაკავშირებით. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს საკითხი დისკუსიის მთავარი საგანი გახდა, არ ნიშნავს, რომ მისი არსის გაგებაში რაიმე პროგრესია მიღწეული. ჩემი მიზანია, განვიხილო იმ სირთულეთა მიზეზები, რომლებიც პოპულიზმის ამ ახალი ფორმის წარმოშობის ძირისძირის მოხელთებისას გვხვდება. მე ვაპირებ დავიცვა თეზისი, რომ ეს სირთულეები მოდის იმ თეორიული ჩარჩოდან, რომელზეც დაშენებულია დემოკრატიული პოლიტიკური აზრის უმეტესი გამოვლინებები. ჩარჩოდან, რომელიც ხელს გვიშლის გავიგოთ პოპულისტური პოლიტიკის სპეციფიურობა. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, ჩემი არგუმენტი ის იქნება, რომ შეჯიბრებითი დემოკრატიის მოდელის მოძველება მთავარი მიზეზია ჩვენი ამჟამინდელი უღონობის, რომ გავიგოთ მემარჯვენე პოპულიზმის წარმოშობის მიზეზები და გავიაზროთ გამოწვევა, რომელსაც ის ევროპის მომავლისთვის წარმოადგენს.

ყველა თეორეტიკოსი, ვინც ულრიხ ბეკისა და ენტონი გიდენსის მსგავსად, აანონსებდა „მემარცხენეობისა და მემარჯვენეობის მიღმა“ კონსენსუალური პოლიტიკის დაღმასვლას, მოულოდნელად შეეჩეხნენ ახალ პოლიტიკურ მიჯნას, რომელიც რეალური გამოწვევაა მათი პოსტ-პოლიტიკური ხედვებისთვის. აკონსტრუირებს რა მთავარ დაპირისპირებას „ხალხსა“ და „ელიტებს“ შორის, მემარჯვენე პოპულიზმი არა მხოლოდ კონსენსუალურ ჩარჩოს ამსხვრევს, არამედ დომინანტი თეორიული პერსპექტივის ზედაპირულობასაც ამხელს. მართლაც, თუკი როგორც მე ვამბობ, მემარჯვენე პოპულიზმის მიმზიდველობა „პოლიტიკის დასასრულის“ ეპოქის სულის შედეგია, რომელიც ამჟამად პრევალირებს, მაშინ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს თეორეტიკოსთა უმეტესობის უუნარობა, ახსნას ის რაც ახლა ხდება.

ჩემი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ მემარჯვენე პოპულიზმი არ არის არქაული და ირაციონალური ძალების დაბრუნება, არც ანაქრონიზმი „პოსტ-კონვენციონალური“ იდენტობების დროში, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ მეტი მოდერნიზაციითა და „მესამე გზის“ პოლიტიკით, არამედ მემარჯვენე პოპულიზმი პოსტ-პოლიტიკური კონსენსუსის შედეგია. შესაძლო ალტერნატივების შესახებ ეფექტური დებატების არარსებობაა ის, რამაც ბევრ ქვეყანაში მიგვიყვანა იმ პოლიტიკური პარტიების წარმატებამდე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „ხალხის ხმას“ აჟღერებენ.

ლიბერალური კონცეფციის ნაკლოვანებები

ჩემი არგუმენტის მნიშვნელოვან ნაწილს ექნება თეორიული ხასიათი რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მემარჯვენე პოპულისტური დისკურსის აღზევების გასაგებად აუცილებელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რაციონალისტური და ინდივიდუალისტური პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ დემოკრატიული პოლიტიკური თეორიის ძირითად მიმართულებებს. პოლიტიკურის ანტაგონისტური განზომილების უარყოფის თანმდევია შეუძლებლობა, გავაცნობიეროთ ვნებების ცენტრალური როლი კოლექტიური იდენტობების კონსტიტუირებაში, ეს ყველაფერი კი პოლიტიკური თეორიის მიერ პოპულიზმის ფენომენის ვერგაგების საფუძველია.

ეს შეზღუდვები ახალი არ არის, მაგრამ ისინი გაძლიერდა ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებების ევოლუციის კვალდაკვალ და დომინანტი იდეოლოგიური ჩარჩოს გავლენით. ეს ჩარჩო ორი უმთავრესი ასპექტით არის წარმოდგენილი: ერთის მხრივ თავისუფალი ბაზარი და მეორეს მხრივ ადამიანის უფლებები. ერთად ისინი ქმნიან იმ შინაარსს, რაც დღეს არსებითად გაგებულია როგორც „დემოკრატია“. და რაც ძალიან უცნაურია, სახალხო სუვერენიტეტის ხსენება – რომელიც დემოკრატიული იდეალის ქვაკუთხედს წარმოადგენს, თითქმის გაქრა თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის განმარტებაში. სახალხო სუვერენიტეტის იდეა დღეს მოძველებულად მიიჩნევა, როგორც ადამიანის უფლებების განხორციელების შემაფერხებელი ფაქტორი.

ჩვენ თანამედროვე დემოკრატიის წმინდად ლიბერალური ინტერპრეტაციის ტრიუმფის მოწმეები ვართ. ბევრი ლიბერალის აზრით, დემოკრატია მეორადია ლიბერალურ პრინციპებთან მიმართებით და მისი მიზანი ამ პრინციპების დაცვით უნდა შემოიფარგლოს. თუმცა, ვიზიარებ რა მოსაზრებას, რომ ლიბერალიზმი და დემოკრატია განსხვავებული ღირებულებებია, არ მიმაჩნია რომ ურთიერთობა რომელიც მათ შორის არსებობს, უნდა დაიყვანებოდეს ინსტრუმენტალიზაციამდე სქემით: მიზანი/საშუალება, როგორც ეს ბევრ ლიბერალს სურს. ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიის თანამედროვე ფორმის არსებითი შემადგენელია, მაგრამ ის არ უნდა იყოს ერთადერთი კრიტერიუმი დემოკრატიული პოლიტიკის განსასჯელად. ეფექტური დემოკრატიული მონაწილეობის გარეშე, რომელიც საერთო ცხოვრებას შეეხება, ვერანაირი დემოკრატია ვერ იქნება.

ლიბერალური კონცეფცია ასევე გამოტოვებს მნიშვნელოვან სიმბოლურ როლს, რომელსაც სახალხო სუვერენულობის დემოკრატიული კონცეფცია ასრულებდა. თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ლეგიტიმურობა ემყარება სახალხო სუვერენულობის იდეას, ხოლო ვისაც სჯერა, რომ მისი უკუგდება შეიძლება, ფუნდამენტურად ცდება. დემოკრატიის დეფიციტი, რომელიც მრავალნაირად ამჟღავნებს თავს დემოკრატიულ საზოგადოებებებში, იმ ფაქტის შედეგია, რომ ხალხის განცდით, აღარ არსებობს რეალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მისაღებად. ზოგიერთ ქვეყანაში ეს დემოკრატიული დეფიციტი მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების აღმოცენების საფუძველი გახდა, რომლებიც იჩემებენ, რომ წარმოადგენენ ხალხს და იცავენ იმ უფლებებს, რომელიც პოლიტიკურმა ელიტებმა ჩამოართვეს ხალხს. აღნიშვნის ღირსია, რომ ისინი ერთადერთნი არიან პარტიებს შორის, რომლებიც სახალხო სუვერენულობის საკითხს დღის წესრიგში აბრუნებენ, რაც საეჭვოდაა მიჩნეული ტრადიციული დემოკრატიული პარტიების მხრიდან.

პოლიტიკის დასარული?

სახალხო სუვერენულობის იდეის გაძევება ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებებიდან, შეადგენს პირველ ელემენტს, რომელიც მნიშვნელოვანია მემარჯვენე-პოპულიზმის მიმდინარე აღზევების გასაგებად და ჩვენ უკვე ვხედავთ როგორ არის ეს დაკავშირებული ლიბერალურ კონსენსუსთან, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე პოლიტიკურ თეორიაში. არსებობს გასაოცარი გადაკვეთა მოწინავე ინდუსტრიულ საზოგადოებებში მოქალაქეებისთვის შეთავაზებულ ქმედითი ალტერნატივების ნაკლებობასა და დემოკრატიასა და ლიბერალიზმს შორის არსებულ ურთიერთობაზე ადეკვატური თეორიულ დაკვირვების ნაკლებობას შორის.

ეს კი ჩემი აზრით, კარგად ხსნის, რატომ გახდა ასეთი რთული არსებული ლიბერალური ჰეგემონიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დავფიქრდეთ მაგალითად იმაზე, თუ როგორ გადაკეთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმეტესობა ამა თუ იმ ფორმით „მესამე გზის“ იდეოლოგიურ მიმდევრად. დღეისათვის, პოლიტიკური დისკურსის მთავარი ტერმინებია „კარგი მართვა“ და „არაპარტიზანული დემოკრატია“.

პოლიტიკის კონფლიქტური განზომილება მიჩნეულია წარსულის გადმონაშთად, ხოლო დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ნებადართულია, წარმოადგენს კონსენსუალურ, სრულად დეპოლიტიზებული დემოკრატიას. „პოლიტიკა მოწინააღმდეგის გარეშე“ კონსენსუალურად შეთანხმებულია ადამიანის უფლებების შესახებ დისკურსთან. ადამიანის უფლებების სუბვერსიული პოტენციალი ნეიტრალიზებულია ნეოლიბერალური დოგმის შესაბამისად მათი არტიკულაციით. ადამიანის უფლებები დაყვანილია მორალური ჩარჩოს წარმოებამდე, რომელიც არსებულ პოლიტიკას იმის დასადასტურებლად სჭირდება, რომ წარმოადგენს საერთო ინტერესებს პარტიზანული ფრაქციების მიღმა.

ნეოლიბერალური ჰეგემონიის შედეგად, სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მთლიანად გაქრა პოლიტიკური ლანდშაფტიდან. ტრადიციული დემოკრატიული პარტიები პოლიტიკური გზით ვერ აგვარებენ საზოგადოებრივ პრობლემებს და ეს კარგად ხსნის იურიდიული სფეროს გაზრდილ როლს, როგორც ერთადერთ სფეროს სოციალური კონფლიქტების გამოსახატად. დღეს, დემოკრატიული პოლიტიკური საჯარო სფეროს ნაკლებობის პირობებში, სადაც პოლიტიკურ კონფრონტაციას უნდა ქონდეს ადგილი, ადამიანების თანაცხოვრების ორგანიზებაზე და სოციალური ურთიერთობების რეგულაციაზე პასუხისმგებელად სამართლებრივი სისტემა იქცა. პოლიტიკური ლანდშაფტის ჩანაცვლებას სამართლებრივით, როგორც ადგილით, სადაც კონფლიქტები არ არსებობს, ან გადაწყვეტილია, ძალიან ცუდი შედეგები აქვს დემოკრატიის მუშაობისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ეს თანხვედრაშია დომინანტურ თვალსაზრისთან, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ „მოიუკერძოებელი“ გადაწყვეტილებები სოციალური კონფლიქტებისთვის, მაგრამ სწორედ აქ იმალება პრობლემა – პოლიტიკაში არ არსებობს მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები და ჩვენ სწორედ ამ ილუზიაში ვცხოვრობთ – საზოგადოებაში, საიდანაც პოლიტიკური ანტაგონიზმი ამოშანთულია, რაც შეუძლებელს ხდის, პოლიტიკური ვნებების ტრადიციული დემოკრატიული პარტიების არხში დატევას.

ჩემი თვალთახედვით, ტრადიციული პარტიების უღონობა, შეიმუშაონ ქმედითი ალტერნატივები, ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს მემარჯვენე პოპულიზმის ყვავილობისთვის. მემარჯვენე პოპულისტური პარტიები ერთადერთნი არიან, ვინც ცდილობს ვნებების მობილიზაციას და ქმნის იდენტიფიკაციის კოლექტიურ ფორმებს. იმათგან განსხვავებით, ვინც ფიქრობს, რომ პოლიტიკა შეიძლება დაიყვანებოდეს ინდივიდუალურ მოტივაციებამდე და რომ მისი მთავარი მამოძრავებელი პირადი ინტერესია, მემარჯვენე პოპულისტებს კარგად ესმით, რომ პოლიტიკა ყოველთვის ორგანიზდება „ჩვენ“-ის ირგვლივ „მათ“ წინააღმდეგ და რომ ეს გულისხმობს კოლექტიური იდენტობის შექმნას. სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი დისკურსის ძლიერი მიმზიდველობა, რადგან ის აწარმოებს იდენტიფიკაციის კოლექტიურ ფორმებს „ხალხის“ გარშემო.

ამას უნდა მივამატოთ ფაქტი, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიები უმეტეს ქვეყნებში „მოდერნიზაციის“ დროშის ქვეშ საკუთარი თავის იდენტიფიცერებას მეტნაკლებად საშუალო კლასთან ახდენდნენ და შესაბამისად აღარ წარმოადგენდნენ სხვა ფენების ინტერესებს, რომელთა მოთხოვნები იდენტიფიცირდა როგორც „არქაული“ ან „რეტროგრადული“ . ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს სულ უფრო მზარდი გაუცხოება იმ ჯგუფების, რომლებიც თავს პროცესიდან გარიცხულად გრძნობენ „განათლებული“ ელიტების მიერ. მოქალაქეობის ეფექტური განხორციელების კონტექსტში, რომელშიც დომინანტი დისკურსი აცხადებს, რომ არ არსებობს ნეოლიბერალური გლობალიზაციის ალტერნატივა და რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მისი წესები და დავემორჩილოთ მის დიქტატს, გასაკვირი არაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მშრომელია მიდრეკილი, მოუსმინოს მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ალტერნატივები არსებობს და რომ ისინი ძალაუფლებას ხალხს დაუბრუნებენ, რომ ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რახან დემოკრატიულმა პოლიტიკამ დაკარგა დისკუსიის ფორმირების უნარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი საერთო ცხოვრება და რახან მისი ფუნქცია შემოიფარგლება იმითი, რომ შექმნას პირობები ბაზრის შეუფერხებელი მუშაობისთვის, ამან ნიადაგი მოუმწიფა ნიჭიერ დემაგოგებს, რომ სახალხო უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენონ.

ამიტომ ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოებების აჟამინდელი მდგომარეობა ხელსაყრელია მემარჯვენე პოპულიზმის განვითარებისთვის. სახალხო სუვერენიტეტის იდეის იგნორირება თანხვედრაშია იდეასთან, რომ არ არსებობს არსებული წესრიგის ალტერნატივა. ამას კი თავისი წვლილი შეაქვს ანტიპოლიტიკური კლიმატის შექმნაში და მმართველი ელიტების წინააღმდეგ სახალხო რეაქციების წასაქეზებლად. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მემარჯვენე პოპულისტური პარტიების წარმატება დიდწილად გაპირობებულია ფაქტით, რომ ისინი ხალხს აძლევენ იმედს, რწმენას, რომ რომ სხვაგვარად შესაძლებელია. რა თქმა უნდა ეს ილუზორული იმედია, ყალბ ნიადაგზე და გამორიცხვის ყალბ მექანიზმზე დაფუძნებული, რომელშიც ქსენოფობია როგორც წესი, მთავარ როლს თამაშობს. მაგრამ რახან ისინი არიან ერთადერთნი, ვინც პოლიტიკურ ვნებებს სადინარს აძლევს, მათი პრეტენზია, რომ ალტერნატივის შეთავაზება შეუძლიათ, მაცდურია და მათი მიმზიდველობა – მზარდი. ადეკვატური პასუხის ქონა გადაუდებლად ითხოვს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პირობების მოხელთებას, რომლითაც აიხსნებოდა მათი გაჩენა. და ეს ითხოვს სხვაგვარ თეორიულ მიდგომას, რომელიც არ უარყოფს პოლიტიკურის ანტაგონისტურ განზომილებას.

მემარჯვენე პოპულისტური პარტიების აღზევებაზე აქამდე არსებული პასუხები სამწუხაროდ, სრულიად არაადეკვატურია, რადგან ისინი ძირითადად მხოლოდ მორალურ დაგმობას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ამგვარი რეაქცია სრულ თანხვედრაშია გაბატონებულ პოსტ-პოლიტიკურ პერსპექტივასთან და ასეც იყო მოსალოდნელი. იმის გათვალისწინებით, რომ თითქოსდა პოლიტიკა „არაწინააღმდეგობრივი“ გახდა, საზღვარი მათსა და ჩვენს შორის, როგორც პოლიტიკის მაკონსტიტუირებელი, მხოლოდ მორალურ რეგისტრში შეიძლება გაივლოს. ის ემსახურება „კარგი დემოკრატების“ გამიჯვნას „ბოროტ მემარჯვენე ექსტრემისტებისგან“, როგორც მორალური ჭირისგან, რომელიც პოლიტიკური შებრძოლების ნაცვლად, მორალურად უნდა დაიგმოს, შესაბამისად, არ გვაქვს მცდელობები, მისი წარმოშობის გასაგებად, რადგან თავად ამალგამა, რომელზეც დაფუძნებულია ცნება „მემარჯვენე ექსტრემიზმი“, ამას შეუძლებელს ხდის. მეტიც, თავად მემ გაგების მცდელობები საეჭვოდაა მიჩნეული და აღქმულია როგორც მორალურად მიუღებელი ქცევისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. ამიტომაა, რომ მორალური დაგმობა და „სანიტარული კორდონის“ დაწესება ხშირად ერთადერთი პასუხია მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობების აღზევებაზე. ასეთი სტრატეგია რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიულია, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ პარტიების წარმატება დაკავშირებულია ანტიელიტურ რიტორიკასთან. ამიტომ მათი გამორიცხვა მმართველი ელიტების მიერ, მხოლოდ აძლიერებს მემარჯვენე პოპულისტების ოპოზიციურ იმიჯს.

მემარჯვენე პოპულიზმი ავსტრიაში

ახლა მე მსურს, ჩემი არგუმენტების ილუსტრაცია ავტრიის მაგალითზე, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო,ა რადგან ის შესაძლებლობას იძლევა მიმოვიხილო ჩემი თეზისის ორი ასპექტი – კონსენსუალური პოლიტიკის შედეგები, ისევე, როგორც მორალისტური პასუხის არაადეკვატურობა მემარჯვენე პოპულიზმთან მიმართებაში.

იმისთვის, რომ გავიგოთ Freiheiliche Partei Österreichs (FPÖ) (ავსტრიის თავისუფლების პარტია ) – ს წარმატება, აუცილებელია პოლიტიკის იმ ტიპის გაგება, რომელიც პრევალირებდა ავსტრიაში მეორე ავსტრიული რესპუბლიკიდან მოყოლებული. როცა ავსტრია ხელახლა დაფუძნდა 1945 წელს, სამმა არსებულმა პარტიამ Sozialistische Partei Österreichs (SPÖ) (ავსტრიის სოციალისტური პარტია), Österreichische Volkspartei (ÖVP) (ავსტრიის სახალხო პარტია) და Kommunistische Partei Österreichs (KPÖ) (ავსტრიის კომუნისტური პარტია), გადაწყვიტეს კოალიციურად ემართათ ქვეყანა, იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ კონფლიქტი, რომელსაც ადგილი ქონდა პირველი რესპუბლიკის დროს და რომელიც 1934 წლის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. KPÖ-ს მალევე დაატოვებინეს კოალიცია ცივი ომის გავლენით და კოალიცია შეიკრა SPÖ-ს და ÖVP-ს კავშირით. ეს პარტიები წარმოადგენდნენ ქრისტიანულ-კონსერვატულ და სოციალისტურ ბანაკებს, რომელთა გარშემოც ჰაბსბურგების მონარქიის დაცემის შემდგომ ავსტრიული საზოგადოება ორგანიზდა.

მათ შეიმუშავეს თანამშრომლობის ფორმა, რომლის გავლითაც ახერხებდნენ თავიანთი კონტროლის დაწესებას ქვეყნის ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებზე. „პროპორზ სისტემის“ წყალობით ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ბანკებში, ჰოსპიტლებში, სკოლებსა და ნაციონალიზებულ ინდუსტრიებში შესაბამისმა ელიტებმა გაინაწილეს. გარდა ამისა, სოციალური და ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებამ უზრუნველყო თანამშრომლობა ორგანიზაციებს შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ დასაქმებულებს და დამსაქმებლებს, იმისთვის, რომ ყოფილიყო მისაღები კომპრომისები და ამდენად, თავიდან აეცილებინათ ინდუსტრიული კონფლიქტები და გაფიცვები.

ცხადია, ასეთმა კონსენსუსის პოლიტიკამ ითამაშა გადამწყვეტი როლი პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და როცა 1955 წელს, მოკავშირეობითი ოკუპაციის 10 წლის თავზე ავსტრიამ მოიპოვა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამასთან ერთად დაიბრუნა თავდაჯერებულობა და განვითარება. მაგრამ საქმე ის არის, რომ – 1966 წლიდან 1983 წლამდე პერიოდის გამოკლებით – SPÖ-ს და ÖVP-ს დიდი კოალიციის შექმნით პოლიტიკური სისტემის ბლოკირება მოხდა. რადგან ძალიან ცოტა სივრცე რჩებოდა ისეთი ბრძოლისთვის, რომელიც თავად სისტემის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული.

ცხადია, მაშინაც როცა მარტონი მართავდნენ, ეს ორი პარტია ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირებს სოციალური პარტნიორობის გავლით. ამან შექმნა პირობები, რომელმაც ნიჭიერ დემაგოგს, იორგ ჰეიდერს საშუალება მიცა, გამოეხატა უკმაყოფილების სხვადასხვა ფორმები მმართველი კოალიციისა და მისი ბიუროკრატიული მანქანის წინააღმდეგ „დემოკრატიისა“ და „თავისუფლების“ სახელით.

1986 წელს როცა იორგ ჰეიდერმა კონტროლი დაამყარა ავსტრიის თავისუფლების პარტიაზე (FPÖ), პარტია გაქრობის პირას იდგა. FPÖ, რომელმაც 1956 წელს „დამოუკიდებელთა ლიგა“ ჩაანაცვლა (შექმნილი 1949 წელს), ავსტრიული პოლიტიკური სტრუქტურის მესამე კომპონენტის მემკვიდრე იყო – გერმანული ნაციონალ-ლიბერალური ბანაკის, რომელიც მხარს უჭერდა ნაციონალ-სოციალიზმს და ამდენად, ომის შემდეგ მარგინალიზდა. 1960 წლიდან FPÖ ცდილობდა თავი ეჩვენებინა, როგორც ცენტრისტულ მესამე პარტიას ლიბერალური, პროგრესული პარტიის იმიჯის კულტივირებით. თუმცა ამან კრახი განიცადა SPÖ-სთან 1983-1986 წლებში კოალიციაში შესვლის გამო და მისი ელექტორალური მხარდაჭერა 1%-სა და 2%-ს შორის გაიჭედა. ამდენად, სიტუაცია კრიტიკული იყო და შიდაპარტიულმა კამათებმა კულმინაციას 1986 წელს ინსბრუკის კონფერენციაზე მიაღწია, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნორბერტ შტეგერი გადააყენეს. ვითარება სწრაფად შეიცვალა იორგ ჰეიდერის გალიდერებასთან ერთად, რომელმაც დრამატულად შეცვალა პარტიის ორიენტაცია და იქიდან მოყოლებული FPÖ-მ ელექტორალური მხარდაჭერის აღმავლობა განიცადა.

დროებითი წარუმატებლობების მიუხედავად, მისი ელექტორალური მხარდაჭერა განუხრელად იზრდებოდა 1999 წლის ნოემბრის არჩევნებამდე, როცა ქვეყანაში მეორე პარტია გახდა ხმების 27%-თ და ÖVP-ს გაუსწრო. ხანგრძლივი დისკუსიების მიუხედავად, ÖVP და SPÖ ხელახალი კოალიციის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ და ახალი კოალიციური მთავრობა ÖVP-მ FPÖ-მ შექმნეს 2000 წლის თებერვალში. ეს ალიანსი მკაცრად დაიგმო ავსტრიაში და მის გარეთაც და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საპასუხოდ მთელი რიგი ზომები მიიღეს, რომელთა მიზანი ახალი მთავრობის იზოლაცია იყო. თუმცა, ახალმა კოალიციამ მოახერხა გაეძლო ამ წინააღმდეგობისთვის და როცა ის 2002 წლის სექტემბერში დაიშალა, ეს შიდა დაპირისპირებების გამო მოხდა და არა გარედან ზეწოლის გამო. ამ მოვლენებს მოგვიანებით დავუბრუნდები, მაგრამ მანამდე იორგ ჰეიდერის ლიდერობით FPÖ-ს აღმასვლაზე უნდა ვთქვათ.

იორგ ჰეიდერის სტრატეგია

როგორც კი ლიდერი გახდა, იორგ ჰაიდერმა FPÖ საპროტესტო პარტიად აქცია „დიდი კოალიციის“ წინააღმდეგ. ის აქტიურად იყენებდა სახალხო სუვერენულობისა და არჩევანის თავისუფლების საკითხებს იმისთვის, რომ სადინარი მიეცა მზარდი წინააღმდეგობისთვის ბიუროკრატიული და ავტორიტარული გზის მიმართ, რომლითაც ქვეყანა იმართებოდა კონსოლიდირებული ელიტების მიერ. თავდაპირველად მისი კამპანიები მიმართული იყო ფედერალური მთავრობის მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო კორუფციაში, ჭარბ პოლიტიკურ პატრონაჟში და პასუხისმგებელი იყო მზარდ უმუშევრობაზე. ის ადვოკატირებას უწევდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების პრივატიზებას, დაბალ გადასახადებს და რეგულაციების შემცირებას ბიზნესზე და ინდივიდებზე. 1990 წლიდან მოყოლებული, ვენაში ფედერალური საპარლამენტო კამპანიიდან დაწყებული, ემიგრაციის თემა ცენტრალური გახდა და პარტიის დისკურსმა აშკარად პოპულისტური ხასიათი მიიღო. სწორედ ამ მომენტიდან პარტიამ, რომელიც თავს წარმოადგენდა როგორც „პატარა ადამიანის“ ხმას „ელიტების“ წინააღმდეგ, SPÖ-ზე გულაცრუებული მუშათა კლასის მოხიბლვა დაიწყო.

მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც დამოკიდებულებების ამ ცვლილებაზე საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, არის კაპიტალიზმის პოსტ-ფორდისტულ ფორმაზე გადასვლის გავლენა მუშათა კლასის კომპოზიციასა და ორგანიზაციის ფორმებზე. მისი შედეგი იყო მშრომელებსა და SPÖ-ს შორის არსებული ტრადიციული კავშირების ეროზია. მანამდე არსებული „კვაზი-კლიენტელიზმის“ ფორმები დასუსტდა იმდენად, რამდენადაც მშრომელებმა დაკარგეს ბევრი სარგებელი, რომელსაც კონსორციუმის სიტემისგან იღებდნენ. იმავდროულად, რადგან SPÖ-მ ფრანც ვრანიცკის ლიდერობით პოლიტიკური ცენტრისკენ გადაინაცვლა – დაირქვეს რა სოციალ-დემოკრატები და საშუალო კლასზე ორინეტირდნენ – გაჩნდა სივრცე, რომ მშრომელები იორგ ჰაიდერის პოპულისტურ რიტორიკას მიეზიდა.

გარდა იმისა, რომ სადინარი უპოვა პოლიტიკური სისტემის მიმართ არსებული უკმაყოფილების გამოხატვას, FPÖ ასევე ასრულებდა ყველა იმ მზარდი შიშისა და შფოთვის სადინარის როლს, რომელიც გლობალიზაციის პროცესით იყო გამოწვეული. ყველა სახის წყენის და უკმაყოფილების ქსენოფობური დისკურსით არტიკულირებით, პარტია საკუთარ თავს წარმოადგენდა როგორც „ხალხის“ ინტერესების დამცველი როგორც არამზრუნველი პოლიტიკური ელიტის, ისე უცხოელების წინააღმდეგ, რომლებსაც წარმოადგენდა როგორც „შრომისმოყვარე ავსტრიელებისთვის“ სამუშაო ადგილების წამრთმევს და საფრთხეს მათი ტრადიციული ცხოვრების წესისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ყოველდღიური გაზეთის Kronen Zeitung-ს მიერ (რომელსაც 3 მილიონი ავსტრიელი კითხულობს) ჰეიდერის მიმართ გამოჩენილმა უპირობო მხარდაჭერამ თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა FPÖ-ს ამომრჩევლების რაოდენობის ზრდაში.

იორგ ჰაიდერის დისკურსული სტრატეგია შედგებოდა წყალგამყოფის კონსტრუირებისგან „ჩვენსა“ (ყველა კარგ ავსტრიელს, მშრომელებს, ეროვნული ფასეულობების დამცველებსა) და „მათ“ (ხელისუფლებაში მყოფ პარტიებს, პროფკავშირების ბიუროკრატებს, უცხოელებს, მემარცხენე არტისტებსა და ინტელექტუალებს) შორის, რომლებიც ყველანი თავისებურად, მონაწილეობდნენ პოლიტიკური დებატების ჩახშობაში. თავის წიგნში თავისუფლება, რომელსაც მე ვგულისხმობ (1993), ჰეიდერი წერს: „ მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა ხელში ჩაიგდო საჯარო აზრის ფორმირება და ინდივიდუალური აზრი უგულებელყოფილია. საზოგადოების ფართო ნაციონალიზაციისა და სახელმწიფოს სოციალიზაციის დიალექტიკურმა პროცესმა შეცვლა სახელმწიფოს საზოგადოებისგან კლასიკური გამიჯვნა. მოქალაქეების იდეები და მოსაზრებები პირდაპირ აღარ გამოიხატება, არამედ უზურპირებულია ინსტიტუციების, ინტერესთა ჯგუფებისა და პარტიების მიერ. მათსა და სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს ძალაუფლებრივი თამაშები, რაც ტოვებს ძალიან ცოტა ადგილს ინდივიდუალური თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის“.

მისი აზრით, ერთერთი მთავარი საკითხი, რომელზეც სახალხო აზრი უგულებელყოფილია, ემიგრაცია და მულტიკულტურალიზმია. ის დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ემიგრანტს მიიღებს: „კითხვა ისაა, ვინ უნდა გადაწყვიტოს, რა გზით წავალთ? ჩემი აზრით, ხალხმა. ვისაც ხალხის, როგორც უმაღლესი სუვერენის როლში ეჭვი შეაქვს, თავად დემოკრატიის არსში შეაქვს ეჭვი. ხალხს აქვს უფლება, არა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ იაროს არჩევნებზე, არამედ ქონდეს ხმა ყველა იმ საკითხზეც, რომელიც გადამწყვეტია მათი ქვეყნის მომავლისთვის“.

ავსტრიაში და მის გარეთ გამართულ ცხარე დებატებში, რომელიც FPÖ-ს ბუნებას ეხებოდა, ბევრი ადამიანი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ის უნდა დახასიათდეს როგორც მემარჯვენე-ექსტრემისტული, ან სულაც ნეო-ნაცისტური. ეჭვგარეშეა, რომ FPÖ-ს რიტორიკის ზოგიერთი ასპექტი მიზნად ისახავდა მესამე რეიხის ნოსტალგიის გამოხმობას – მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ავსტრიის სიტუაციის სპეციფიურობა და ბევრი ავსტრიელის რთული დამოკიდებულება თავიანთ წარსულთან. მეტიც, ნაცისტური ოჯახიდან გამოსულ ჰეიდერს ძალიან ორაზროვანი დამოკიდებულებები აქვს ნაცისტურ დანაშაულებებთან, რომელთა შემცირებასაც ცდილობს. მაგრამ სერიოზული შეცდომა იქნებოდა ამ ელემენტისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება და FPÖ-ს წარმატების მთლიანად მასზე ჩამოკიდება. ეს ნოსტალგიური ნაწილი მიემართება ელექტორატის მხოლოდ მცირე ფრაქციას და თუმცა ამის უარყოფა შეუძლებელია, ნაცისტურ წლებთან ნოსტალგიური დამოკიდებულება არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს პარტიის იდეოლოგიაში. იმის მტკიცება, რომ იორგ ჰეიდერი და მისი პარტია „ნეო-ნაცისტები„ არიან, ნიშნავს მემარჯვენე პოლიტიკის ამ ახალი ფორმის სრულ ვერგაგებას. ეს სუფთა სინდისს შეუნარჩუნებს მხოლოდ იმათ, ვინც უარყოფს FPÖ-სთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას, მაგრამ ეს ვერ დაგვეხმარება მათი წარმატების მიზეზების მოხელთებაში და ბევრი მშრომელისა და ახალგაზრდა ადამიანისთვის მათი მიმზიდველობის გაგებაში.

შეიძლება ვთქვათ, რომ Ausgrenzung-ის (გამორიცხვის) სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებდა FPÖ-ს პერმანენტულ გამორიცხვას ხელისუფლებიდან, რომელსაც ორი მთავარი პარტია ახორციელებდა, ბოლო დეკადების განმავლობაში საპირისპირო შედეგით – FPÖ-ს შესამჩნევი ზრდით დასრულდა. SPÖ -სა ÖVP-ს მიერ საკონონმდებლო ორგანოს ბოლო ორ შეკრებაზე FPÖ-სთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობის უარყოფამ, FPÖ-ს პოლიტიკური ელიტის მსხვერპლად აღქმას შეუწყო ხელი და მისი პოპულისტური მიმზიდველობა გაზარდა. ეს წარმოჩინდა, როგორც დავითის ბრძოლა გოლიათის წინააღმდეგ, როგორც „პატარა ადამიანის“ დასაცავად ძლევამოსილ ელიტებთან დაპირისპირება.

აშკარაა, რომ ავსტრიული პოლიტიკა მოჯადოებულ წრეში მოექცა. ერთის მხრივ, კონსენსუალური პოლიტიკის შედეგად შესაძლო ალტერნატივების შესახებ რეალური დემოკრატიული დისკუსიის ნაკლებობამ ხელი შეუწყო FPÖ-ს წარმატებას, მეორეს მხრივ ამ წარმატებამ განაპირობა კოალიციის მუდმივობა, რომლის არსებობა მართლდებოდა იმითი, რომ უნდა შეეკავებინა ჰეიდერის ხელისუფლებაში მოსვლა. ამ სიტუაციის უარყოფითი შედეგები გაღრმავდა მთავრობის მცდელობებით, FPÖ-ს პროგრესი შეეჩერებინა უსაფრთხოებისა და ემიგრაციის სფეროებში სხვადასხვა პოლიტიკის გატარებით, რომლებსაც მანამდე FPÖ ადვოკატირებდა.

უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველთა დაბრუნების ამ მცდელობას თან ახლდა იორგ ჰეიდერის ქსენოფობიის მორალური დაგმობა და მისი როგორც „ნაცისტის“ დემონიზაცია. ცხადია, ასეთმა ფარისევლურმა პოზიციამ შეუძლებელი გახადა FPÖ-სთვის რაიმე ზიანის მიყენება. მაგრამ იორგ ჰეიდერის აღზევებაზე მორალისტური პასუხი ძალიან მოსახერხებელი იყო მმართველი პარტიებისთვის, რადგან ის თვითკრიტიკულობის აუცილებლობისგან აზღვევდა მათ და ამ წარმატების გამო პასუხისმგებლობას არიდებდა.

მორალიზმის ჩიხი

მორალის მაღალი სამრეკლოდან პოზიციონირება ყოველთვის მაცდურია, მაგრამ ის ვერ აწარმოებს პოლიტიკურ სტრატეგიას და ვერ ამცირებს მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობების მიმზიდველობას. ამ თვალსაზრისით ავსტრიის მაგალითი ძალიან გამოსადეგია და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის რეაქცია ÖVP-სა FPÖ-ს კოალიციურ მმართველობაზე, მცდარი სტრატეგიის მაგალითია. ჩვენ მოწმენი გავხდით მორალური აღშფოთების, რომელმაც საფრანგეთისა და ბელგიის თამადობით – შიშობდნენ რა მსგავსი ალიანსების შესაძლებლობაზე თავისთან – მიგვიყვანა ორმხრივ ზომებამდე ახალი ავსტრიული მთავრობის წინააღმდეგ. ევროპული ღირებულებების დაცვისა და ქსენოფობიასა და რასიზმთან ბრძოლის სახელით – რომელთა დაგმობაც სხვებთან უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მათთან ბრძოლა – დანარჩენმა 14-მა ევროპულმა მთავრობამაც დაგმო ახალი კოალიცია, მანამდე სანამ ის რაიმე მიუღებელს ჩაიდენდა. ყველა დემოკრატმა საკუთარ მოვალეობად ჩათვალა დაეგმო ხელისუფლებაში მოსული სავარაუდოდ „ნაცისტური“ პარტია და განგაშის ზარი შემოეკრა „შავი ჭირის“ დაბრუნების წინააღმდეგ.

აშკარაა, რომ მთელ ამ ამბავს უარყოფითი გავლენა ჰქონდა ევროკავშირისთვის. ამ მოვლენამ აღაშფოთა მცირე ერები, მაგალითად დანიელები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა რომელიმე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის მიმართ. და როგორც ევროპული რეაქციის ნაკლებობამ აჩვენა ბერლუსკონის, უმბერტო ბოსისა (ლეგა ნორტე) და ჯანფრანკო ფინის (ალიანზა ნაციონალე) უფრო საშიში კოალიციის მიმართ, მართლებიც აღმოჩნდნენ.

უფრო მეტიც, მორალური დაგმობის ამ სტრატეგიას არ აღმოაჩნდა მოსალოდნელი ეფექტი მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების ზრდის შესაჩერებლად. ამას მოწმობს პროგრესის პარტიის შედეგი ნორვეგიაში 2000 წლის სექტემბერს (14.6%), ხალხის პარტიის შედეგი დანიაში 2001 წლის ნოემბერში (12%), პიმ ფორტეინის სიის მიღწევა ნიდერლანდებში 2002 წლის მაისში (26%), რომ არაფერი ვთქვათ ლე პენის 18%-ზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 2002 წლის 5 მაისს.

მემარჯვენე პოპულიზმი რა თქმა უნდა, წარმოადგენს რეალურ გამოწვევას დემოკრატიული ღირებულებებისთვის, რომელიც ევროპის პოლიტიკური იდენტობის საფუძველში დევს. ამიტომაა გადაუდებელი ამოცანა, ვიპოვოთ ადეკვატური გზა მისი მზარდი მიმზიდველობის შესაჩერებლად. მაგრამ ამისთვის საჭიროა გავიგოთ ამ წარმატების მიზეზები და მოვიფიქროთ ნამდვილად პოლიტიკური პასუხი იმ პრობლემებზე, რომლებსაც ის ქმნის. დავიწყოთ იმით, რომ აუცილებელია გავიაზროთ, რომ რამოდენიმე დეკადის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ხალხის მონაწილეობის გარეშე და შესაძლო ალტერნატივების დასახვის გარეშე. ამიტომ მოულოდნელი არ არის, რომ იმედგაცრუების გრძნობა აქვს ყველას, ვინც ამ ცვლილებებით ხეირი ვერ ნახა, ან ვინც გრძნობს, რომ ეს ცვლილებები ემუქრება მათი მომავლის პერსპექტივას. სანამ ტრადიციული პარტიები ამ საკითხებით არ არიან დაკავებულები იმ არგუმენტით, რომ რომ ეს ევოლუცია საჭიროა და რომ არ არსებობს გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის ალტერნატივა, როგორც ჩანს მემარჯვენე პოპულისტური პარტიები ზრდას განაგრძობენ. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორალური დაგმობა არ არის ის, რაც მათ გააქრობს. ამას შეიძლება, საპირისპირო შედეგიც ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მათი მიმზიდველობა დაიკლებს, როცა ხელისუფლების ნაწილი გახდებიან, რადგან ისინი მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს ყვავილობენ. ეს აშკარაა FPÖ-ს მაგალითზეც, რომელსაც ავსტრიის კოალიციურ მთავრობაში ყოფნამ ამომრჩეველი მკვეთრად შეუმცირა. 1999 წლის ნოემბრის არჩევნების 27%-ს ნაცვლად 2002 წლის ნოემბრის არჩევნებში მათ ხმების მხოლოდ 10% მიიღეს. მსგავსი რამ, ოღონდ ბევრად სწრაფად დაემართა ცენტრისტულ მემარჯვენე კოალიციას ნიდერლანდებში (პიმ ფორტეინის სია), რომელიც ხელისუფლებაში მოსვლიდან 100 დღეზე ნაკლებ დროში დაიშალა შიდაპარტიული გარჩევების გამო.

ეჭვგარეშეა, ეს აჩვენებს მსგავსი მოძრაობების ლიმიტებს. თუმცა ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე დემოკრატიულ პოლიტიკაში არსებული პრობლემები, რომლებმაც მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებამდე მიგვიყვანა, თავისით არ გაქრება. თუ სერიოზული ძალისხმევა არ იქნება გაწეული დემოკრატიის დეფიციტის შესავსებად, რომელიც „პოსტ-პოლიტიკური“ ეპოქისთვისაა დამახასიათებელი (და რომელიც ნეოლიბერალურმა ჰეგემონიამ მოიტანა) და თუ არ დასრულდა მზარდი უთანასწორობა, რომელიც მან შექმნა, უკმაყოფილების და აღშფოთების სხვადასხვა ფორმები გარდაუვალად შენარჩუნდება. უფრო მეტიც, არსებობს საფრთხე, რომ ისინი უფრო მეტად ძალადობრივ ფორმებს მიიღებს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ გადაუდებლად უნდა მოხდეს ევროპის მასშტაბით განხილვა, რა შეიძლება იყოს გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის ალტერნატივა. განხორციელებული სხვა პოლიტიკური პროექტის ფარგლებში. ისეთი გლობალიზაციური პროცესის ფარგლებში, რომელიც მიზნად დაისახავს უთანასწორობის მკვეთრ შემცირებას და რომელიც ექსკლუზიურად საშუალო კლასის კეთილდღეობაზე ფოკუსირების ნაცვლად, ყველაზე დაუცველი ჯგუფების საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ამიტომაც, ევროპის სოციალური ფორუმის მსგავსი ინიციატივები, რომელიც 2002 წლის ნოემბერში ფლორენციაში ჩატარდა და რომლის მიზანიც იყო ევროპული ესტაფეტის შექმნა პორტო ალეგრის (ბრაზილია) მსოფლიო სოციალური ფორუმისთვის, მისასალმებელია. ეს არის ის, საიდანაც როგორც ევროპელებს შეგვიძლია მუშაობის დაწყება ქმედითი პოლიტიკური პასუხის შესამუშავებლად მემარჯვენე პოპულიზმის წინააღმდეგ.

გაზიარება