უსაფრთხო უხმო და უხილავი:

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და საქართველოს უახლესი გარემოსდაცვითი ისტორია

რეცენზიის ავტორი: გიორგი ცინცაძე

პოსტ-საბჭოთა საქართველოს გარემოსდაცვით ისტორიაზე ბევრი არ დაწერილა, თუმცა რაც დაწერილა ხშირად არც ის აღწევს ქართულენოვან მკითხველამდე. „ნავთობის გზა: მოგზაურობა კასპიის ზღვიდან ლონდონის სიტიმდე“ (2013) ამ ჩრდილოვანი ბიბლიოთეკის ნაწილია. წიგნში, რომელიც ქართულად ჯერ არ თარგმნილა, ავტორები, ჯეიმს მერიოტი და მიკა მინიო-პალუელო, კილომეტრ-კილომეტრ მიუყვებიან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, კასპიის ზღვის საბადოებიდან ევროპის მეტროპოლიებში კონცენტრირებულ მომხმარებლებამდე. ავტორები ცდილობენ ფიზიკურად მიჰყვნენ მთელ გზას, რომელსაც ნავთობი მოპოვებიდან მოხმარებამდე გადის, და აღადგინონ სრული ისტორია, ნავთობსადენის ჩაფიქრებიდან მის ამოქმედებამდე.

გზადაგზა ავტორები ესაუბრებიან მშენებლობის თვითმხილველებს – მათ შორის მოსახლეობას, ვის მიწაზეც ნავთობსადენმა გაიარა – გარემოსდამცველებს, უფლებადამცველებს, სახელმწიფოებისა და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს. ხანდახან, იშვიათად, ნავთობსადენი თვალს ეფარება – მაგალითად ჯეიჰანში, სადაც ავტორებს საპორტო ტერმინალის ნახვის უფლებას არ აძლევენ, მაგრამ მთლიანობაში წიგნი ნავთობსადენის უპრეცედენტოდ სრულ სურათს ხატავს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარშემო წლების მანძილზე მიმდინარეობდა პოლიტიკური მარკეტინგის კამპანია სამივე მასპინძელ ქვეყანაში. „საუკუნის პროექტი“ უნდა გამხდარიყო რეგიონის ახალი იდენტობის საძირკველი – რეგიონის, რომელიც ღიაა ინვესტიციებისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელიც უსაფრთხო და თანამედროვეა. მისი ჩაფიქრებიდანვე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შესახებ ბევრი იწერებოდა დასავლურ პრესაში, როგორც პროფესიულ, ისე პოპულარულ გამოცემებში. ნავთობსადენი ჯეიმს ბონდის ფილმშიც კი მოხვდა – 1999 წელს გამოსულ სერიაში „მსოფლიოც არ არის საკმარისი“ სოფი მარსოს პერსონაჟი, ელექტრა, ნავთობსადენის მშენებლობაშია ჩართული, რომელმაც კავკასია უნდა გადაკვეთოს. ნავთობსადენი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროტოტიპია, სიუჟეტის ცენტრალურ ხაზის ნაწილია.

მაგრამ როლი ჰოლივუდში ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის წარმატება, ნაწილობრივ, სწორედ იმას უნდა მივაწეროთ, რომ მან თავისი ინფრასტრუქტურა ინერტულ ქსელად წარმოიდგინა, რომელიც ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილად იქცა. წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ წარმატებით მოახერხა მისი სხეულის საჯარო ცნობიერებიდან ამოშლა.[1] მიუხედავად მისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მნიშვნელობისა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი თითქმის უჩინარია. ნავთობსადენებს, გადამცემ ხაზებსა და სხვა ენერგოტრანზიტულ პროექტებს საქართველო მასპინძლობს, როგორც „ენერგეტიკული დერეფანი“ – მეტაფორა, რომელიც გარდამავალი, დიდწილად ცარიელი სივრცის ასოციაციას აღძრავს.

დღეს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ ის იშვიათად თუ იპყრობს ყურადღებას. ცოტა მკითხველი თუ მოახერხებს რუკაზე ნავთობსადენის მარშრუტის მოხაზვას. ნავთობსადენი საქართველოს საავტომობილო გზებს მხოლოდ რამდენიმე და ნაკლებად დატვირთულ წერტილში კვეთს – მაგალითად გზაზე ტაბაწყურისკენ, სადაც ტბისკენ მიმავალ მანქანებსა და მგზავრებს პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფი, „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ ამოწმებს. ნავთობსადენი მარშრუტის უდიდეს ნაწილზე მიწისქვეშაა, მინიმუმ ერთი მეტრის სიღრმეზე. გარდა ტუმბო-სადგურებისა, ის არ გამოსცემს შესამჩნევ ხმას. პროექტის განვითარებისას მხარდამჭერები იმეორებდნენ, რომ ნავთობსადენი იქნებოდა „უსაფრთხო, უხმო და უხილავი.“

საავტომობილო უღელტეხილს ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე სპეციალური, “სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი” აკონტროლებს.

უხილავობის მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქართველოს წიაღისეული საწვავის გლობალური ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. ამოქმედებიდან 2022 წლის ჩათვლით ნავთობსადენმა 4 მილიარდი ბარელი, ანუ 530 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა. ნავთობსადენი გლობალური მიმოქცევის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაწილს, ერთ პროცენტს ემსახურება, მაგრამ რეგიონის ამ ნაწილში ის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის საკვანძო ნაწილია, როგორც ენერგეტიკულად, ისე ფინანსურად.

გაზსადენებისა და ნავთობსადენების ქსელში იკითხება ამბავი, რომელიც საქართველოს უახლეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და გეოპოლიტიკურ ისტორიას ირეკლავს. ამიტომ წიგნი საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ იმ მკვლევრებისა და მკითხველებისთვის, ვისაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აინტერესებს, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაიგოს როგორ ყალიბდებოდა ძალაუფლებრივი სტრუქტურები ახლადდამოუკიდებელ სამხრეთ კავკასიაში, რა როლს ასრულებს ეს რეგიონი წიაღისეული საწვავის გლობალურ მიმოქცევაში, როგორ შემოვიდა მულტინაციონალური კაპიტალი პოსტ-საბჭოთა სივრცეში და როგორ შეიკრა ადგილობრივი კოალიციები მის მხარდასაჭერად, ისევე როგორც მის წინააღმდეგ.

გარემოსდამცვითი ისტორიის გადმოსახედიდან ნავთობის გზა საინტერესოა იმიტომ, რომ წიგნი ნათელს ჰფენს გლობალური ეკონომიკის კონკრეტულ ლანდშაფტებში დამიწების მტკივნეულ და ძალადობრივ სოციო-ეკოლოგიურ პროცესს. ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის გადმოსახედიდან კი წიგნი ღირებულია იმიტომ, რომ ის უღრმავდება იმას, თუ როგორ ხდება ბუნებრივი რესურსი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორ ქმნის და ზღუდავს გეოგრაფია და ლანდშაფტი პოლიტიკურ შესაძლებლობებს.

***

ერთი შეხედვით ნავთობსადენი მხოლოდ ორგანზომილებიანი ობიექტია, წრფე საწყის და დანიშნულების წერტილებს შორის, თუმცა ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობის გზა აღწერს, მრავალგანოზმილებიანი, ცოცხალი აქტორია. წიგნის შერეული მეთოდოლოგია, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის, სამართლებრივი შეფასების, გარემოსდაცვითი ისტორიის და სამოგზაურო ლიტერატურის მეთოდებს აერთიანებს, თავისთავად ეწინააღმდეგება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრიმიტიულ აღქმას, და მისი ალტერნატივის საფუძველს ეძებს.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ალიევი, შევარდნაძე და სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები გაზსადენებითა და ნავთობსადენებით ქარგავდნენ რეგიონის ახალ გეოპოლიტიკურ ქსოვილს, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეექმნა. პარალელურად, მულტინაციონალური ნავთობკომპანიები ცდილობდნენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაფართოებას და იქ ახალი საბადოების განვითარებას. ამავდროულად, დასავლეთში არსებობდა სურვილი ჩამოყალიბებულიყო ისეთი ენერგეტიკული ქსელი, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლიდა და მასზე დამოკიდებულებას შეამცირებდა. აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის კომპლექსი კასპიის ზღვაში – და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც მას ემსახურება – ინტერესთა ამ გადაკვეთაზე განსაკუთრებით მიმზიდველ პროექტან იქცა.

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის საბადოების ათვისება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაისში დაიწყო. ოთხმოციანი წლების მიწურულს საბადოების კომპლექსმა დასავლური ნავთობკომპანიების ყურადღებაც მიიქცია. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ყარაბაღის ომის, გადატრიალებებისა და გადატირალების მცდელობების პარალელურად, ნავთობკომპანიების კონსორციუმი BP-ს ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს აწარმოებდა აზერბაიჯანულ მხარესთან საბადოების ათვისების უფლების მოსაპოვებლად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იქ მოპოვებული ნავთობის სარეალიზაციოდ შეიქმნა.

ელჩიბეის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ნავთობკომპანიები შიშობდნენ, რომ ჰეიდარ ალიევი უფრო კონსერვატიული, უფრო „საბჭოთა“ და, შესაბამისად, მათთვის უფრო არაკომფორტული ლიდერი იქნება. მაგრამ ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ალიევს შეეძლო მათთვის მნიშვნელოვანი სტაბილურობა მოეტანა. როგორც ავტორები ხსნიან, „რთული სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები, „სოკარის“ წარმომადგენლები და სახალხო მოძრაობები მონაწილეობდნენ, აშკარა გახდა, რომ ინვესტორისთვის ძალაუფლების კონცენტრაცია უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ამიერიდან მათ იცოდნენ, ვის უნდა მოლაპარაკებოდნენ – ჰეიდარ ალიევს.“

ამავდროულად, ნავთობკომპანიებთან მოლაპარაკებამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა ალიევისთვის. „ალიევის პრიორიტეტი აზერბაიჯანის პოლიტიკურ ალიანსებში გაბმა იყო, რაც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა და სომხეთთან მიმდინარე ომის დასრულებას შეუწყობდა ხელს. ამ პროცეში ალიევი ნავთობომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტს და საგარეო ვიზიტებს იყენებდა.“ ამაში მას BP ეხმარებოდა: 1994 წლის თებერვალში BP-ის შუამდგომლობისა და წნეხის შედეგად, ალიევი შეხვდა ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ჯონ მეიჯორს და საგარეო საქმეთა მდივანს, დუგლას ჰურდს. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თანამშრომლობისა და მეგობრობის დეკლარაციაც. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მარგარეტ ტეტჩერიც, რომელიც იმ დროისთვის ფორმალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას აღარ ფლობდა, მაგრამ ტოტემურ ფიგურად რჩებოდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რაც მას იქ მინიმუმ არანაკლებ წონას ანიჭებდა.

ბრიტანული და ამერიკული მთავრობები მზად იყვნენ კასპიის ზღვის საბადოების ათვისებისა და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენებისთვის მხარი დაეჭირათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პირვანდელი გეგმებისგან განსხვავებით ახალი ნავთობსადენი არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ საქართველოსა და თურქეთზე გაივლიდა. მაღალმთიანი საქართველოს გავლა უფრო ძვირი იქნებოდა, მაგრამ, BP-ის მოთხოვნებზე პასუხად, ამერიკულმა და ბრიტანულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა კომპანიას იაფი კრედიტი შესთავაზეს.

ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ასეთ გადაკვეთაზე შეთანხმდა და გაფორმდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საერთაშორისო ხელშეკრულება. BP-იმ ეფექტურად ისარგებლა გეოპოლიტიკური ვითარებით და პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებით საკვანძო ფინანსური სახსრები მოიზიდა, აზერბაიჯანის და საქართველოს პოსტ-საბჭოთა მთავრობებმა კი ბუნებრივი რესურსები და გეოგრაფია ადგილობრივი და საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებაში გამოიყენეს.

პროექტის პოლიტიკური და ეკონომიკური წონა – მის უკან მობილიზებული ინტერესის მასშტაბი – ნათლად გამოვლინდა იმ უთანხმოების კონტექსტში, რომელიც პროექტის გარემოსდაცვითმა ნაწილმა გამოიწვია. 1990-იანი წლების მიწურულს, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ მღვრიე პოლიტიკურ გარემოში, მინერალური წყლის ჩამომსხმელი მულტინაციონალური კომპანია, BP-ის ანონიმური ინჟინრები და ქართველი გარემოსდამცველები მწვავე უთანხმოების ერთ მხარეს აღმოჩნდნენ როცა გაირკვა, რომ ნავთობსადენს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უნდა გაევლო.

„თქვენ რომ „ევიანის“ წყლის მომხმარებელი იყოთ და შეიტყოთ, რომ მის რეზერვუარებზე ნავთობსადენმა უნდა გაიაროს,“ ხსნიდა ჟაკ ფლერი, ბორჯომის წყლის ჩამოსხმის ლიცენზიის მაშინდელი მფლობელი, „როგორი რეაქცია გექნებოდათ? თქვენ „ევიანს“ სხვა ბრენდს არჩევდით. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა გაჟონვა, ბორჯომის ექსპორტი თვალშისაცემად შემცირდება.“ ბორჯომის ხეობაზე გამავალი მარშრუტი მკვეთრად განსხვავებული მიზეზებით, მაგრამ არანაკლებ მიუღებელი იყო გარემოსდამცველებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინ ერთობლივი და ხანგრძლივი კამპანია აწარმოეს ნავთობსადენის პროექტის წინააღმდეგ. მათ ნავთობსადენის მფლობელის, BP-ის ანონიმური ინჟინრებიც შეუერთდნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ საკვანძო სამშენებლო მასალა, რომლის გამოყენებაც იგეგმებოდა, გამოუცდელი და, შესაბამისად, არასანდო იყო.

მაგრამ არც ლონდონში გამართული აქციები, არც ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობა, არც კლიმატის ცვლილების მოხმობა და არც სამართლებრივი ბრძოლა მაშინ ნავთობსადენის მშენებლობის შესაჩერებლად ან პროექტის არსებითი ცვლილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნავთობის გზა დეტალურად აღწერს იმ მრავალფეროვან სტრატეგიებსა და ტაქტიკებს, მათ შორის ძალადობრივს, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ნავთობსადენის კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენეს ადგილობრივი აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვების წინააღმდეგ. ნავთობსადენი ზედმეტად დიდი, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად ზედმეტად მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმისთვის, რომ მისი განხორციელება სოციალური თუ ეკოლოგიური არგუმენტებით შეფერხებულიყო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საინტერესოა იმ სამართლებრივი ინოვაციების გამოც, რომელსაც მისი ხელშეკრულება შეიცავს. მასზე საუბრისას, სამართლის ერთი მკვლევარი წერს, რომ „სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც BP-ის ქვეშ არსებულმა კონსორციუმმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისთვის შეათანხმა […] ახალი ფურცელია საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების გზით რეგულაციისგან თავის დაღწევის და ადგილობრივი სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების ისტორიაში.“[2]

შეთანხმების ერთი განსაკუთრებით საგანგაშო ნაწილი „სტაბილიზაციის მუხლია“, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს კომპენსაცია თუ მასპინძელი ქვეყანა ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს.[3] ასეთ მუხლს, განსაკუთრებით ისეთი ფართო ვერსიის შემთხვევაში, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელშეკრულებაში გვხვდება, შეუძლია მასპინძელ ქვეყანაში სოციალური და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დახვეწა შეაფერხოს, ან სულაც შეაჩეროს, რადგან ის ახალ რეგულაციებს მნიშვნელოვან საფასურს აკისრებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ამოქმედებიდან მრავალი წლის შემდეგ სტაბილიზაციის მუხლი საკამათო საკითხი გახდა ნამახვანჰესის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში. ეს ეპიზოდიც, როგორც ამ წიგნის ბევრი სხვა ეპიზოდი, დღეს მიმდინარე პროცესებს ეხმაურება – მოვლენებისა და საკითხების ეს რეზონანსი წიგნის რელევანტურობას ახანგრძლივებს, დღევანდელობამდე და მის მიღმაც.

სქოლიო

[1] დღეს მწვანე მოძრაობები ცდილობენ ამ ინფრასტრუქტურის ხელახლა და პოლიტიკურად განსხეულებას. (იხილეთ, მაგალითად, ანდრეას მალმის „როგორ ავაფეთქოთ ნავთობსადენი“ (2021).)

[2] Hildyard, Nicholas, and Greg Muttitt. “Turbo-charging investor sovereignty: investment agreements and corporate colonialism.” London: The Corner House (2006).

[3] TATAR, Samet. “‘The Stabilization Clause’of The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline Agreements: A Legal Review.” Necmettin Erbakan Üniversitesi Hukuk Fakültesi Dergisi 5, no. 2 (2022): 465-481.

უსაფრთხო უხმო და უხილავი:

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და საქართველოს უახლესი გარემოსდაცვითი ისტორია

რეცენზიის ავტორი: გიორგი ცინცაძე

პოსტ-საბჭოთა საქართველოს გარემოსდაცვით ისტორიაზე ბევრი არ დაწერილა, თუმცა რაც დაწერილა ხშირად არც ის აღწევს ქართულენოვან მკითხველამდე. „ნავთობის გზა: მოგზაურობა კასპიის ზღვიდან ლონდონის სიტიმდე“ (2013) ამ ჩრდილოვანი ბიბლიოთეკის ნაწილია. წიგნში, რომელიც ქართულად ჯერ არ თარგმნილა, ავტორები, ჯეიმს მერიოტი და მიკა მინიო-პალუელო, კილომეტრ-კილომეტრ მიუყვებიან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, კასპიის ზღვის საბადოებიდან ევროპის მეტროპოლიებში კონცენტრირებულ მომხმარებლებამდე. ავტორები ცდილობენ ფიზიკურად მიჰყვნენ მთელ გზას, რომელსაც ნავთობი მოპოვებიდან მოხმარებამდე გადის, და აღადგინონ სრული ისტორია, ნავთობსადენის ჩაფიქრებიდან მის ამოქმედებამდე.

გზადაგზა ავტორები ესაუბრებიან მშენებლობის თვითმხილველებს – მათ შორის მოსახლეობას, ვის მიწაზეც ნავთობსადენმა გაიარა – გარემოსდამცველებს, უფლებადამცველებს, სახელმწიფოებისა და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს. ხანდახან, იშვიათად, ნავთობსადენი თვალს ეფარება – მაგალითად ჯეიჰანში, სადაც ავტორებს საპორტო ტერმინალის ნახვის უფლებას არ აძლევენ, მაგრამ მთლიანობაში წიგნი ნავთობსადენის უპრეცედენტოდ სრულ სურათს ხატავს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარშემო წლების მანძილზე მიმდინარეობდა პოლიტიკური მარკეტინგის კამპანია სამივე მასპინძელ ქვეყანაში. „საუკუნის პროექტი“ უნდა გამხდარიყო რეგიონის ახალი იდენტობის საძირკველი – რეგიონის, რომელიც ღიაა ინვესტიციებისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელიც უსაფრთხო და თანამედროვეა. მისი ჩაფიქრებიდანვე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შესახებ ბევრი იწერებოდა დასავლურ პრესაში, როგორც პროფესიულ, ისე პოპულარულ გამოცემებში. ნავთობსადენი ჯეიმს ბონდის ფილმშიც კი მოხვდა – 1999 წელს გამოსულ სერიაში „მსოფლიოც არ არის საკმარისი“ სოფი მარსოს პერსონაჟი, ელექტრა, ნავთობსადენის მშენებლობაშია ჩართული, რომელმაც კავკასია უნდა გადაკვეთოს. ნავთობსადენი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროტოტიპია, სიუჟეტის ცენტრალურ ხაზის ნაწილია.

მაგრამ როლი ჰოლივუდში ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის წარმატება, ნაწილობრივ, სწორედ იმას უნდა მივაწეროთ, რომ მან თავისი ინფრასტრუქტურა ინერტულ ქსელად წარმოიდგინა, რომელიც ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილად იქცა. წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ წარმატებით მოახერხა მისი სხეულის საჯარო ცნობიერებიდან ამოშლა.[1] მიუხედავად მისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მნიშვნელობისა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი თითქმის უჩინარია. ნავთობსადენებს, გადამცემ ხაზებსა და სხვა ენერგოტრანზიტულ პროექტებს საქართველო მასპინძლობს, როგორც „ენერგეტიკული დერეფანი“ – მეტაფორა, რომელიც გარდამავალი, დიდწილად ცარიელი სივრცის ასოციაციას აღძრავს.

დღეს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ ის იშვიათად თუ იპყრობს ყურადღებას. ცოტა მკითხველი თუ მოახერხებს რუკაზე ნავთობსადენის მარშრუტის მოხაზვას. ნავთობსადენი საქართველოს საავტომობილო გზებს მხოლოდ რამდენიმე და ნაკლებად დატვირთულ წერტილში კვეთს – მაგალითად გზაზე ტაბაწყურისკენ, სადაც ტბისკენ მიმავალ მანქანებსა და მგზავრებს პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფი, „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ ამოწმებს. ნავთობსადენი მარშრუტის უდიდეს ნაწილზე მიწისქვეშაა, მინიმუმ ერთი მეტრის სიღრმეზე. გარდა ტუმბო-სადგურებისა, ის არ გამოსცემს შესამჩნევ ხმას. პროექტის განვითარებისას მხარდამჭერები იმეორებდნენ, რომ ნავთობსადენი იქნებოდა „უსაფრთხო, უხმო და უხილავი.“

საავტომობილო უღელტეხილს ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე სპეციალური, “სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი” აკონტროლებს.

უხილავობის მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქართველოს წიაღისეული საწვავის გლობალური ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. ამოქმედებიდან 2022 წლის ჩათვლით ნავთობსადენმა 4 მილიარდი ბარელი, ანუ 530 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა. ნავთობსადენი გლობალური მიმოქცევის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაწილს, ერთ პროცენტს ემსახურება, მაგრამ რეგიონის ამ ნაწილში ის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის საკვანძო ნაწილია, როგორც ენერგეტიკულად, ისე ფინანსურად.

გაზსადენებისა და ნავთობსადენების ქსელში იკითხება ამბავი, რომელიც საქართველოს უახლეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და გეოპოლიტიკურ ისტორიას ირეკლავს. ამიტომ წიგნი საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ იმ მკვლევრებისა და მკითხველებისთვის, ვისაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აინტერესებს, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაიგოს როგორ ყალიბდებოდა ძალაუფლებრივი სტრუქტურები ახლადდამოუკიდებელ სამხრეთ კავკასიაში, რა როლს ასრულებს ეს რეგიონი წიაღისეული საწვავის გლობალურ მიმოქცევაში, როგორ შემოვიდა მულტინაციონალური კაპიტალი პოსტ-საბჭოთა სივრცეში და როგორ შეიკრა ადგილობრივი კოალიციები მის მხარდასაჭერად, ისევე როგორც მის წინააღმდეგ.

გარემოსდამცვითი ისტორიის გადმოსახედიდან ნავთობის გზა საინტერესოა იმიტომ, რომ წიგნი ნათელს ჰფენს გლობალური ეკონომიკის კონკრეტულ ლანდშაფტებში დამიწების მტკივნეულ და ძალადობრივ სოციო-ეკოლოგიურ პროცესს. ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის გადმოსახედიდან კი წიგნი ღირებულია იმიტომ, რომ ის უღრმავდება იმას, თუ როგორ ხდება ბუნებრივი რესურსი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორ ქმნის და ზღუდავს გეოგრაფია და ლანდშაფტი პოლიტიკურ შესაძლებლობებს.

***

ერთი შეხედვით ნავთობსადენი მხოლოდ ორგანზომილებიანი ობიექტია, წრფე საწყის და დანიშნულების წერტილებს შორის, თუმცა ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობის გზა აღწერს, მრავალგანოზმილებიანი, ცოცხალი აქტორია. წიგნის შერეული მეთოდოლოგია, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის, სამართლებრივი შეფასების, გარემოსდაცვითი ისტორიის და სამოგზაურო ლიტერატურის მეთოდებს აერთიანებს, თავისთავად ეწინააღმდეგება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პრიმიტიულ აღქმას, და მისი ალტერნატივის საფუძველს ეძებს.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ალიევი, შევარდნაძე და სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები გაზსადენებითა და ნავთობსადენებით ქარგავდნენ რეგიონის ახალ გეოპოლიტიკურ ქსოვილს, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეექმნა. პარალელურად, მულტინაციონალური ნავთობკომპანიები ცდილობდნენ პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაფართოებას და იქ ახალი საბადოების განვითარებას. ამავდროულად, დასავლეთში არსებობდა სურვილი ჩამოყალიბებულიყო ისეთი ენერგეტიკული ქსელი, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლიდა და მასზე დამოკიდებულებას შეამცირებდა. აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის კომპლექსი კასპიის ზღვაში – და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც მას ემსახურება – ინტერესთა ამ გადაკვეთაზე განსაკუთრებით მიმზიდველ პროექტან იქცა.

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის საბადოების ათვისება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაისში დაიწყო. ოთხმოციანი წლების მიწურულს საბადოების კომპლექსმა დასავლური ნავთობკომპანიების ყურადღებაც მიიქცია. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ყარაბაღის ომის, გადატრიალებებისა და გადატირალების მცდელობების პარალელურად, ნავთობკომპანიების კონსორციუმი BP-ს ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს აწარმოებდა აზერბაიჯანულ მხარესთან საბადოების ათვისების უფლების მოსაპოვებლად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იქ მოპოვებული ნავთობის სარეალიზაციოდ შეიქმნა.

ელჩიბეის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ნავთობკომპანიები შიშობდნენ, რომ ჰეიდარ ალიევი უფრო კონსერვატიული, უფრო „საბჭოთა“ და, შესაბამისად, მათთვის უფრო არაკომფორტული ლიდერი იქნება. მაგრამ ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ალიევს შეეძლო მათთვის მნიშვნელოვანი სტაბილურობა მოეტანა. როგორც ავტორები ხსნიან, „რთული სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები, „სოკარის“ წარმომადგენლები და სახალხო მოძრაობები მონაწილეობდნენ, აშკარა გახდა, რომ ინვესტორისთვის ძალაუფლების კონცენტრაცია უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ამიერიდან მათ იცოდნენ, ვის უნდა მოლაპარაკებოდნენ – ჰეიდარ ალიევს.“

ამავდროულად, ნავთობკომპანიებთან მოლაპარაკებამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა ალიევისთვის. „ალიევის პრიორიტეტი აზერბაიჯანის პოლიტიკურ ალიანსებში გაბმა იყო, რაც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა და სომხეთთან მიმდინარე ომის დასრულებას შეუწყობდა ხელს. ამ პროცეში ალიევი ნავთობომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტს და საგარეო ვიზიტებს იყენებდა.“ ამაში მას BP ეხმარებოდა: 1994 წლის თებერვალში BP-ის შუამდგომლობისა და წნეხის შედეგად, ალიევი შეხვდა ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ჯონ მეიჯორს და საგარეო საქმეთა მდივანს, დუგლას ჰურდს. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა თანამშრომლობისა და მეგობრობის დეკლარაციაც. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა მარგარეტ ტეტჩერიც, რომელიც იმ დროისთვის ფორმალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას აღარ ფლობდა, მაგრამ ტოტემურ ფიგურად რჩებოდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რაც მას იქ მინიმუმ არანაკლებ წონას ანიჭებდა.

ბრიტანული და ამერიკული მთავრობები მზად იყვნენ კასპიის ზღვის საბადოების ათვისებისა და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენებისთვის მხარი დაეჭირათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პირვანდელი გეგმებისგან განსხვავებით ახალი ნავთობსადენი არა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ საქართველოსა და თურქეთზე გაივლიდა. მაღალმთიანი საქართველოს გავლა უფრო ძვირი იქნებოდა, მაგრამ, BP-ის მოთხოვნებზე პასუხად, ამერიკულმა და ბრიტანულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა კომპანიას იაფი კრედიტი შესთავაზეს.

ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ასეთ გადაკვეთაზე შეთანხმდა და გაფორმდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საერთაშორისო ხელშეკრულება. BP-იმ ეფექტურად ისარგებლა გეოპოლიტიკური ვითარებით და პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებით საკვანძო ფინანსური სახსრები მოიზიდა, აზერბაიჯანის და საქართველოს პოსტ-საბჭოთა მთავრობებმა კი ბუნებრივი რესურსები და გეოგრაფია ადგილობრივი და საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებაში გამოიყენეს.

პროექტის პოლიტიკური და ეკონომიკური წონა – მის უკან მობილიზებული ინტერესის მასშტაბი – ნათლად გამოვლინდა იმ უთანხმოების კონტექსტში, რომელიც პროექტის გარემოსდაცვითმა ნაწილმა გამოიწვია. 1990-იანი წლების მიწურულს, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ მღვრიე პოლიტიკურ გარემოში, მინერალური წყლის ჩამომსხმელი მულტინაციონალური კომპანია, BP-ის ანონიმური ინჟინრები და ქართველი გარემოსდამცველები მწვავე უთანხმოების ერთ მხარეს აღმოჩნდნენ როცა გაირკვა, რომ ნავთობსადენს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უნდა გაევლო.

„თქვენ რომ „ევიანის“ წყლის მომხმარებელი იყოთ და შეიტყოთ, რომ მის რეზერვუარებზე ნავთობსადენმა უნდა გაიაროს,“ ხსნიდა ჟაკ ფლერი, ბორჯომის წყლის ჩამოსხმის ლიცენზიის მაშინდელი მფლობელი, „როგორი რეაქცია გექნებოდათ? თქვენ „ევიანს“ სხვა ბრენდს არჩევდით. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა გაჟონვა, ბორჯომის ექსპორტი თვალშისაცემად შემცირდება.“ ბორჯომის ხეობაზე გამავალი მარშრუტი მკვეთრად განსხვავებული მიზეზებით, მაგრამ არანაკლებ მიუღებელი იყო გარემოსდამცველებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინ ერთობლივი და ხანგრძლივი კამპანია აწარმოეს ნავთობსადენის პროექტის წინააღმდეგ. მათ ნავთობსადენის მფლობელის, BP-ის ანონიმური ინჟინრებიც შეუერთდნენ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ საკვანძო სამშენებლო მასალა, რომლის გამოყენებაც იგეგმებოდა, გამოუცდელი და, შესაბამისად, არასანდო იყო.

მაგრამ არც ლონდონში გამართული აქციები, არც ადგილობრივი ეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობა, არც კლიმატის ცვლილების მოხმობა და არც სამართლებრივი ბრძოლა მაშინ ნავთობსადენის მშენებლობის შესაჩერებლად ან პროექტის არსებითი ცვლილებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნავთობის გზა დეტალურად აღწერს იმ მრავალფეროვან სტრატეგიებსა და ტაქტიკებს, მათ შორის ძალადობრივს, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ნავთობსადენის კრიტიკის ჩასახშობად გამოიყენეს ადგილობრივი აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვების წინააღმდეგ. ნავთობსადენი ზედმეტად დიდი, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად ზედმეტად მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმისთვის, რომ მისი განხორციელება სოციალური თუ ეკოლოგიური არგუმენტებით შეფერხებულიყო.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საინტერესოა იმ სამართლებრივი ინოვაციების გამოც, რომელსაც მისი ხელშეკრულება შეიცავს. მასზე საუბრისას, სამართლის ერთი მკვლევარი წერს, რომ „სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც BP-ის ქვეშ არსებულმა კონსორციუმმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისთვის შეათანხმა […] ახალი ფურცელია საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების გზით რეგულაციისგან თავის დაღწევის და ადგილობრივი სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების ისტორიაში.“ [2]

შეთანხმების ერთი განსაკუთრებით საგანგაშო ნაწილი „სტაბილიზაციის მუხლია“, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს კომპენსაცია თუ მასპინძელი ქვეყანა ისეთ საკანონმდებლო ცვლილებას მიიღებს, რომელიც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს. [3] ასეთ მუხლს, განსაკუთრებით ისეთი ფართო ვერსიის შემთხვევაში, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელშეკრულებაში გვხვდება, შეუძლია მასპინძელ ქვეყანაში სოციალური და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დახვეწა შეაფერხოს, ან სულაც შეაჩეროს, რადგან ის ახალ რეგულაციებს მნიშვნელოვან საფასურს აკისრებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ამოქმედებიდან მრავალი წლის შემდეგ სტაბილიზაციის მუხლი საკამათო საკითხი გახდა ნამახვანჰესის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში. ეს ეპიზოდიც, როგორც ამ წიგნის ბევრი სხვა ეპიზოდი, დღეს მიმდინარე პროცესებს ეხმაურება – მოვლენებისა და საკითხების ეს რეზონანსი წიგნის რელევანტურობას ახანგრძლივებს, დღევანდელობამდე და მის მიღმაც.

გაზიარება