მსოფლიო ეკონომიკური სისტემა: ცნების წარმოშობის შესახებ

თეოტონიო დოს სანტოსი

თარგმნა ლევან ილარიანმა

წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ცოტნე ცხვედიანმა

ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა: Journal of World-Systems Research, Vol. XI, Festschrift for Immanuel Wallerstein – Part I.

2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური მოძრაობა ,,თარგმნე ”, რომელში გაერთიანებული სტუდენტებიც ითხოვდნენ სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნას. მაშინ პროცესები სრულიად არასწორი გზით განვითარდა. სტუდენტებს, რომელთაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა სურდათ, უთხრეს, რომ ყველაფერში დამნაშავე კორუფცია იყო. მართლაც, როცა ქვეყანაში მთარგმნელებს მინიმალურ ხელფასზე უწევთ მუშაობა და ყველაფერს ბაზრის დაკვეთა განაგებს, რთულია საჭირო ლიტერატურის სათარგმნელად სახსრების მოძიება. მეცნიერებისთვის განკუთვნილ მცირე ფინანსებს პრივილეგირებული შარლატანები და პლაგიატები იგდებენ ხელში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი მხილებულია პლაგიატში.

საკითხის უფრო ფართოდ დაყენებას ცდილობდა სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეზე გამოქვეყნებულ მანიფესტში სტუდენტები წერდნენ უნივერსიტეტში დამკვიდრებულ იდეოლოგიაზე, რომელიც სტუდენტებს უზღუდავს განათლების მიღებას:

“ვაწყდებით მკაცრად იდეოლოგიზებულ გარემოს. წლებია, აქ ისწავლება მხოლოდ მეინსტრიმული ეკონომიკა, რომელიც, ძირითადად, ასოცირებულია ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიებთან, რაც სრულ თანხვედრაშია წინა და ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. შესაბამისად, არ არსებობს სულ მცირე შანსიც კი, რომ ქვეყნის განვითარების ახალ მოდელზე, შესაძლებლობებზე ფიქრი და მუშაობა დაიწყოს. ასეთ ვითარებაში კი უნივერსიტეტი კარგავს თავის უპირველეს ფუნქციას.”

საქართველოში აკადემია რჩება იზოლაციაში და მრავალი წლით ჩამორჩება მსოფლიოს სამეცნიერო პროცესს. ამის შესახებ კარგად იციან ჩვენი ქვეყნის პრივილეგირებულმა მოქალაქეებმა, რომელთაც განათლება დასავლეთში მიიღეს და თავიანთი შვილებიც საზღვარგარეთ გაუშვეს სასწავლებლად. მათ ნახეს, რომ აკადემია წარმოუდგენელია მარქსის თეორიის გარეშე. სხვა საქმე არის, როგორ ინტერპრეტაციას აძლევენ მეტროპოლიის ქვეყნებში მარქსის თეორიას და, ხშირად, როგორ ავულგარულებენ მას, მაგრამ ყველაზე უფრო ნეოლიბერალური უნივერსიტეტების სილაბუსებშიც შეხვდებით მარქსისტულ ლიტერატურას. თითქმის არავის უცდია სრულიად განედევნა მარქსის თეორია მეცნიერებიდან, ან პირდაპირ გაენადგურებინა წიგნები, როგორც ეს საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოხდა.

ანტიკომუნიზმის შედეგად, ქართული აკადემიური სივრციდან შეიძლება ითქვას, რომ გააძევეს ქართველი დიდი ისტორიკოსის სიმონ ყაუხჩიშვილის ნაშრომები, რადგან მისი კვლევები მარქსის მეთოდს ეყრდნობა. დღემდე ამტკიცებენ, რომ ქართველი მეცნიერები მარქსის ნაშრომებს მხოლოდ ფორმალურად და თავის გადასარჩენად უთითებდნენ თავიანთ გამოკვლევებში.

ქართულენოვანი მეცნიერება არ იცნობს თანამედროვეობის უდიდეს ისტორიკოსებს და ეკონომისტებს, რადგან ისინი სწორედ მარქსისტული მეთოდიდან აანალიზებენ საკითხს.

დიალექტიკური მეთოდის გარეშე ისტორია მხოლოდ საზარელი მოჩვენებებია, რომელსაც ხშირად გამოიხმობენ თანამედროვე ინტელექტუალები ერთმანეთის დასაზაფრად.

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საკითხის გასაგებად სრულიად არ არის საკმარისი მარქსის თეორიის ზედაპირული შესწავლა. ამის ნაცვლად, სმიტის, რიკარდოს, ჯ.ს. მილის და სხვათა ნაშრომებიდანაც უნდა გამოვყოთ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები კოლონიალიზმის და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკის შესახებ. თანამედროვე მეცნიერები, რომლებიც სმიტის, რიკარდოს და ჯ.ს. მილის მიმდევრებად თვლიან თავს, სწორედ ამას ვერ იაზრებენ. უფრო მეტიც, ისინი, ვინც თავს მარქსისტებად მიიჩნევენ, ხშირად ვერ იაზრებენ მსოფლიო ეკონომიკური სისტემის იდეას.

ამის მიზეზი ისაა, რომ კარლ მარქსს საკუთარი თეორიის ჩამოყალიბებისას მსოფლიო ეკონომიკისთვის არ მიუძღვნია განსაკუთრებული ნაშრომი.

ზედაპირული წაკითხვით, შეიძლება ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მარქსი სმიტისა და რიკარდოს მსგავს გზას აგრძელებს, იწყებს ეროვნული ეკონომიკიდან და შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკას იკვლევს. თუმცა, თუ უფრო ყურადღებით გავეცნობით მის ნაშრომებს, სხვაგვარ დასკვნებს გამოვიტანთ. „კაპიტალი“ იწყება საქონლის ანალიზით, რომელიც კონკრეტულად მსოფლიო ეკონომიკის იდეას არ მოიაზრებს, მაგრამ ამის მიუხედავად, საქონლის კატეგორიის შექმნით, მარქსი აჩვენებს, რომ ის ვაჭრობის კონტექსტში იწარმოება და საერთაშორისო ფენომენია.

მაშასადამე, საქონლის კატეგორიის ცენტრალურ ელემენტად მონიშვნით, რომლისგანაც კაპიტალისტური საწარმოო საშუალებებისთვის საფუძველმდებარე ეკონომიკური ურთიერთობები გამოყო, მარქსმა კაპიტალიზმი წარმოადგინა, როგორც მოცემული ისტორიული პროცესის შედეგი, რომელიც არ არის მხოლოდ ეროვნული პროცესი.

ამის მტკიცებულებას ჩვენ ვხედავთ კაპიტალის იმ თავში, რომელიც პრიმიტიულ დაგროვებას განმარტავს. ამავე დროს, მარქსმა კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ნათლად უჩვენა, რომ პრიმიტიულ დაგროვებას საფუძვლად დაედო მსოფლიო ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგება, რომელიც ეფუძნებოდა კოლონიურ საგადასახადო ვალდებულებებს და კოლონიურ ძარცვას, მონებით ვაჭრობას.

მარქსმა მსოფლიო ეკონომიკის იდეის ჩამოყალიბებისთვის მეთოდოლოგიური საფუძველი შექმნა, ხოლო ის ჩამოაყალიბა ფერნან ბროდელმა. უჩვენა, რომ კაპიტალიზმის საფუძველმდებარე ეკონომიკური ერთეულები არც ადგილობრივი და არც ეროვნული არ ყოფილა. განმარტა, რომ საქონლის ცნება ისეთი ფენომენის არსებობას მოიაზრებს, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკა.

სწორედ ისტორიკოსმა ფერნარ ბროდელმა და ეკონომიკის ისტორიის მკვლევარმა იმანუელ ვალერსტაინმა ჩამოაყალიბეს მსოფლიო სისტემური მიდგომა. ამ მიდგომის საფუძველზე მიმდინარეობს სწავლება თანამედროვე უნივერსიტეტებში.

”მაუწყებელი” მკითხველს სთავაზობს ბრაზილიელი ეკონომისტის, ‘’დამოკიდებულების თეორიის’’ ერთ-ერთი შემქმნელის, თეოტონიო დოს სანტოსის ტექსტს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური სისტემის გენეზისის მოკლე მიმოხილვაა. ტექსტი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სტუდენტებისთვის და ყველა მკითხველისთვის. ამავე დროს, ტექსტი არის ერთგვარი სილაბუსი,რომელიც დაინტერესებულმა ადამიანმა წასაკითხი და სათარგმნი ლიტერატურის ნუსხად შეიძლება გამოიყენოს.

თეოტონიო დოს სანტოსი 1958 წელს ჩაირიცხა მინას-ჟერაისის უნივერსიტეტში, აქედან მოყოლებული, მონაწილეობდა სტუდენტურ გაერთიანებაში და მოაწყო მარქსიზმის შემსწავლელი წრე, ხოლო შემდეგ, შეუერთდა რევოლუციურ მოძრაობას, რომელიც აერთიანებდა ანტისტალინურ მარქსისტულ ორგანიზაციებს. აქ საფუძველი ჩაეყარა ‘’დამოკიდებულების თეორიას’’, რომელიც მსოფლიოს სისტემების ანალიზის უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდა.

1964 წელს ბრაზილიაში მომხდარმა ფაშისტურმა სამხედრო გადატრიალებამ და პოლიციის მხრიდან დევნამ, ის და მისი ბევრი თანამებრძოლი აიძულა ჩილეში წასულიყვნენ ემიგრაციაში. იგი ხელმძღვანელობდა ჩილეს უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრს. იქ თავი მოიყარეს სხვა ემიგრანტებმაც. მათ ჩილეს რევოლუციური მოძრაობის პროგრამის ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სალვადორ ალიენდეს უჭერდა მხარს.

1973 წელს ფაშისტურმა სამხედრო გადატრიალებამ დაამხო ალიენდეს მთავრობა და დოს სანტოსი ისევ დევნილი გახდა. გადავიდა მექსიკაში და ასწავლიდა მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში.

დოს სანტოსს მიანიჭეს საპატიო დოქტორის წოდება ბრაზილიის, პერუსა და არგენტინის მრავალ უნივერსიტეტში, სხვადასხვა ჯილდო გადასცეს ბრაზილიაში, ჩილეში, ვენესუელაში და პერუში. მისი წიგნები თარგმნილია 16 ენაზე.

1890 წელს დაბრუნდა ბრაზილიაში. თანამშრომლობდა იუნესკოსთან და მუშაობდა გაეროს უნივერსიტეტში. გარდაიცვალა 2018 წელს.

1. ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკები

პოლიტიკური ეკონომია ეროვნული ეკონომიკებისა და ერი-სახელმწიფოების დაფუძნების დროს წარმოიშვა. თეორიული ძალისხმევა, რომელიც საფუძვლად დაედო ეკონომიკის, როგორც მეცნიერების აღმასვლას, ეროვნული ეკონომიკის ანალიზის საზღვრებში იწარმოებოდა. მაგალითისთვის, კენემ უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკური წრებრუნვის ცნების შემოღებით. იკვლევდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და მიმოქცევის პროცესს, სამანქანო წარმოებასა და სხვა „არაპროდუქტიული“ საქმიანობებს. მან უარყო მერკანტილისტური დოქტრინები, რომლებიც, მათი ინგლისური, ფრანგული და ესპანური ვერსიების შესაბამისად, სიმდიდრის წყაროს ვაჭრობაში, სამანქანო წარმოებაში ან ოქროსა და ვერცხლში ხედავდნენ. ეს მიმართულება, რომელსაც კენე წარმოადგენდა, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ სიმდიდრის წარმოქმნა დამოკიდებული იყო სასოფლო სამეურნეო წარმოებაზე ან „პროდუქტიულ შრომაზე“ – რასაც ის პირველად წარმოებას უწოდებდა. შესაბამისად, ის წრებრუნვას, ვაჭრობასა და ფინანსურ სექტორს „არაპროდუქტიულ“, პროდუქტიულ შრომაზე დამოკიდებულ საქმიანობებად მიიჩნევდა.

კენეს მიერ დამკვიდრებული აზროვნების ეს ხაზი კლასიკოსმა ეკონომისტებმა სმიტმა და რიკარდომ გააღრმავეს, ეროვნული სიმდიდრის საფუძვლის შრომაში მონიშვნით, რითაც „პროდუქტიული შრომის“ ცნება გააფართოვეს, მასში სამანქანო წარმოების დამატებით. მათ ყურადღება განსაკუთრებით პროდუქტიულობის როლზე გაამახვილეს, რის მისაღწევადაც, იმ დროისთვის, შრომის დანაწილება მთავარ საშუალებად ესახებოდათ.

ბუნებრივია, რომ დროთა განმავლობაში, ეკონომიკური მეცნიერება იძულებული გახდა შესჭიდებოდა ეროვნულ ეკონომიკებსა და „გარე სამყაროს“ შორის არსებულ მიმართებებს, როგორც პრობლემას, რომელიც, ამა თუ იმ გზით, ეროვნული ეკონომიკური სისტემის თეორიულ გაშლას მოითხოვდა. ამ მიმართებების ანალიზისთვის, ადამ სმიტმა აბსოლუტური უპირატესობების თეორია განავითარა, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინა სპეციალიზაციის საჭიროება ეროვნული ეკონომიკის ისეთ სექტორებში, რომელთაგანაც პროდუქტიულობის უკეთესი სტანდარტის მიღწევა იყო მოსალოდნელი. თუკი საკითხს სიღრმისეულად მივყვებით, მას უფრო მეტად აინტერესებდა გავლენა, რომელსაც გარე ურთიერთმიმართებები ეროვნულ ეკონომიკაზე ახდენდნენ, ვიდრე საერთაშორისო ეკონომიკის ანალიზი, რომელსაც ის ზოგჯერ, კოლონიალისტურ პრობლემაზე საუბრისას ეხება.

მოგვიანებით, შეფარდებითი უპირატესობის თეორიის დაცვისას, რიკარდომ სპეციალიზაციის უფრო რადიკალური გზა შემოგვთავაზა. მან გვიჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას რომელიმე პროდუქტზე აბსოლუტური უპირატესობა არ გააჩნია, მისთვის უმჯობესია (და სხვა ქვეყნისთვის, რომელიც მას ჰყიდის ან მისგან ყიდულობს) თუ ხელს მიჰყოფს ისეთ პროდუქტებში სპეციალიზაციას, რომელსაც სხვა პროდუქტებთან შედარებით, უპირატესობის მოპოვება შეუძლია მაღალი პროდუქტიულობის ხარჯზე. შესაბამისად, გარკვეული თვალსაზრისით, იმ სექტორებში სპეციალიზაცია, რომელშიც უფრო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევაა შესაძლებელი, თითოეული ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებაა. ამდენად, ამ ქვეყნებს იმპორტის გზით შემოაქვთ ის პროდუქტები, რომლებშიც დაბალ პროდუქტიულობას აღწევენ, მაშინაც კი, თუკი ამ პროდუქტების ფასი საზღვარგარეთ ეროვნულ ფასებზე იაფი არ არის. აქ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანის მზარდი სპეციალიზაცია და მათ შორის გაცვლა, წარმოშობს უფრო მაღალ პროდუქტიულობას საერთო ჯამში და უპირატესობას თითოეული მათგანისთვის.

საერთაშორისო ეკონომიკის ეს ხედვა, რომელიც მას, როგორც გარე ფაქტორს, ეროვნული ეკონომიკის ლოგიკას უქვემდებარებს, კლასიკური ეკონომიკის თეორიული ძალისხმევის მამოძრავებლად იქცა, დაწყებული, იმით რასაც შემდგომში მარქსმა ვულგარული ეკონომიკა უწოდა, მომხმარებლის თვალსაზრისის ათვისების, უტილიტარისტული თეორიისა და ნეოკლასიკური სკოლის შექმნის ჩათვლით. მაქსიმალური წინსვლა, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს, არის იმ ფაქტორების რაოდენობრივი ზრდა, რომლებიც შეფარდებით უპირატესობებს ხსნიან, მაგრამ ანალიზის მიზანი ყოველთვის სპეციალიზაციის საფუძველზე რესურსების განაწილების ორიენტირება იქნება, რაც ყოველ ჯერზე, ეკონომიკური საქმიანობის მზარდი კომპლექსურობის ფონზე, კიდევ უფრო გართულდება. აქედან გამომდინარე, ანალიზის მიზანი ეროვნული ეკონომიკების ერთმანეთთან შედარება გახდება, მათ შორის შესაძლო გაცვლის საფუძველზე.

ფაქტორების დივერსიფიკაცია, რაც შეფარდებით უპირატესობებს განაპირობებს, წარმოების ფუნქციის საერთაშორისო გაცვლაში შემოტანით კომპლექსურ პროცესს გადის. ეს შრომა/კაპიტალის ურთიერთობის ანალიზში შემოტანას გულისხმობს. ამ „აღმოჩენაზე“ (დაგვიანებით, რადგან კაპიტალის ორგანული შედგენილობა მარქსისტული ანალიზის საგანი რამდენიმე დეკადით ადრე გახდა) პასუხისმგებლები იყვნენ ჰეკშერი და ოლინი, რომელთა თეორემაც არა მარტო იდეალური პირობების შესახებ აკეთებს დაშვებას, არამედ აფუძნებს საერთაშორისო ეკვილიბრიუმის ტენდენციას, სიტუაციისა, რომელიც, როგორც ჩანს, რეალურ ეკონომიკურ სისტემაში არ ვითარდება[1].

ამ სამყაროს დივერსიფიკაცია მაშინ დაიწყო, როდესაც ლეონტიევმა ამ დაშვებების ემპირიულად გამოცდა გადაწყვიტა[2], შედეგად, ის მოსწყდა მის „პარადოქსს“ როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციები შეფარდებითი უპირატესობის თეორიის დედუქციურ მიმართულებებს არ მიჰყვებოდა. ამ გარემოებამ ის აიძულა განმარტებები და ახალი ცნებები მოეძიებინა. ჰეკშერ-ოლინის თეორემის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალიზაცია capital intensive (ინდუსტრიები, რომლებიც საქონლისა თუ სერვისის წარმოებისათვის დიდი რაოდენობით ინვესტიციებს საჭიროებენ და აქედან გამომდინარე ფიქსირებული აქტივების მაღალი პროცენტი აქვთ) პროდუქტებშია მოსალოდნელი, რაც ასე უხვადაა ამ რეგიონში. თუმცა ლეონტიევმა აღმოაჩინა საექსპორტო დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, labour intensive (შრომის ფორმა, რომელსაც შედეგის მისაღწევად დიდი რაოდენობით სამუშაო ძალა ან ბევრი შრომა სჭირდება), განსაკუთრებით კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ამ რეგიონში უპირატესობით სარგებლობს. ამ შედეგების თანმდევი დებატები წარმოების ფუნქციის შიგნით მოაზრებული ფაქტორების რიცხობრივ ზრდაზე კონცენტრირდნენ, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეს გარკვეულ მაკრო-ეკონომიკურ ცვლადებს, რომლებიც იქამდე თეორიაში არ იყო გათვალისწინებული.

მსოფლიო ეკონომიკის თეორია აგრძელებს საგარეო ვაჭრობის ეროვნულ ეკონომიკაზე ზემოქმედების თეორიად არსებობას. ეკონომიკური თეორიის ეს შინაგანი ლიმიტირება მხოლოდ მაშინ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც, ამ ფენომენისა და მის შესახებ არსებული კვლევების არსებობიდან საუკუნის შემდეგ, კაპიტალისა და ბევრად უფრო მოგვიანებით, შრომის გადაადგილებას აღიარებენ.

აშკარაა, რომ ყველა მსგავსი თეორიული და ანალიტიკური ძალისხმევა უაღრესად შემზღუდველ დაშვებებზეა დაფუძნებული. მათგან პირველის თანახმად, ეკონომიკური ერთეულები საკუთარი არსით ეროვნულია. დაშვება, რომელიც სრულიად ეკონომიკის თეორიული ძალისხმევის საფუძველს წარმოადგენს. მეორეს თანახმად, ეს ეროვნული ეკონომიკური ერთეულები ურთიერთობაში შედიან სხვა ერთეულებთან და ფაქტობრივად მხოლოდ საქონელს ცვლიან ერთმანეთში. ამას მოჰყვება მესამე დაშვება, რომლის მიხედვითაც, ეს ეროვნული ეკონომიკები არ არიან ღია არც კაპიტალისა და შრომის გადაადგილებისთვის და არც ტექნოლოგიისთვის. შედეგად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ შეფარდებითი უპირატესობები, გარკვეული პროდუქტიულობის სტანდარტში, რომელიც ეროვნულ ეკონომიკებს შორის ცვალებადია, დიდწილად ფაქტორების გადანაწილებაზეა დამოკიდებული. არათუ კვლევა, არანაირი ფიქრიც კი არ დაიშვება ტექნოლოგიის შესაძლო გადატანაზე. როდესაც ტექნოლოგიური ცვლადი გამოჩნდა, ის აღიქვეს როგორც უნივერსალურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური აქტივი, თითქოს საპატენტო სამართალი და ტექნოლოგიური მონოპოლია, რაც თანამედროვე ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, არც არსებულიყოს.

ასევე მართალია ისიც, რომ ისეთ მნიშვნელოვან ეკონომისტებს, როგორიცაა, მაგალითად ჯ.ს. მილი, ყურადღება უკვე ჰქონდათ გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ სასაქონლო გაცვლის კომერციული ურთიერთობა საკუთარ თავში მოიაზრებდა შიდა ბაზრებს შორის არსებულ გადაკვეთის წერტილებს. ამ გაცვლის ანალიზსაც, შესაბამისად, უნდა მოეცვა შიდა ბაზრებისა და ეკონომიკების ანალიზიც. ანალიზის საფუძვლის გაფართოების მიუხედავად, ამ შეხედულებამ იმავე, ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთობის დონეზე გააგრძელა არსებობა, უფრო ზუსტად კი დახურული ეკონომიკური ერთეულების დონეზე, რომლებიც ერთმანეთზე არ დაიყვანება.

ჩვენი მხრიდან დროის დაკარგვად არ ღირს იმ მონეტარულ თეორიებს ჩავეძიოთ, რომლებიც საკუთარ თავში აგროვებენ უნიკალური თეორიული მოდელის ამ ახალ განზომილებას. ვალუტები შეისწავლება როგორც ეროვნული ვალუტები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული გაცვლითი ფასი, რომელიც დგინდება მათი სხვა ეროვნულ ვალუტებთან გაცვლის შედეგად. ეს შეხედულება სწორედ იმ ისტორიულ პერიოდში განვითარდა, როდესაც დოლარმა, ბრეტონ ვუდსის შეთანხმების დახმარებით, საკუთარი თავი მსოფლიოს ვალუტად გადაიქცია და სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კაპიტალის გადაადგილება მთელ მსოფლიოს მოედო, რასაც საერთაშორისო ფინანსური სისტემის გლობალიზაცია მოჰყვა.

ამ კონკრეტული ფენომენების ანალიზი ან თეორიის ზღვარზე კეთდებოდა, ან ცალკეულად, როგორც თითოეული ქვეყნის შიდა ეკონომიკური პოლიტიკები. აქედან გამომდინარე, უარყოფილი იყო ნებისმიერი ფენომენი, რომელიც შეიძლებოდა გაგებულიყო, როგორც საერთაშორისო ეკონომიკა, რომელიც განსხვავდება ეროვნულ ეკონომიკებს შორის არსებული ურთიერთობებისგან, გლობალური ეკონომიკა, რომელიც შეიძლება გაანალიზდეს თავისთავად.

ეს თეორიული და მეთოდოლოგიური სცენარი ვერ გადაურჩებოდა საერთაშორისო ეკონომიკის ევოლუციას, რამდენადაც ყველა დაშვება რომელსაც ის ეფუძნებოდა, მსოფლიო კაპიტალისტური ეკონომიკის განვითარებასთან ერთად დაიმსხვრა. უკვე მაშინ, როდესაც ეს თეორიული მოდელი დგინდებოდა, კაცობრიობის ისტორიული გამოცდილებისგან მისი სიშორე აშკარა იყო. მერკანტილისტებმა, რომელთა წინააღმდეგაც კლასიკური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო მიმართული, მე-15, მე-16 და მე-17 საუკუნის ევროპის რეალობა გამოხატეს, რომელშიც ევროპის აღმავალი ერების ეკონომიკურმა ძალამ საკუთარი თავი საერთაშორისო ვაჭრობასთან დამაკავშირებელ სტრატეგიებად დაადგინა.

მერკანტილიზმმა ყურადღება გაამახვილა მაშინ აღმავალი ეროვნული ეკონომიკების პოზიციაზე მსოფლიო ვაჭრობის შიგნით, რამდენადაც ეს, თეორიული თვალსაზრისით, სავაჭრო კაპიტალის მაშინ არსებული ჰეგემონური ინტერესების გამოხატულება იყო. ეროვნულ განზომილებაზე მსგავსმა გადართვამ ამ ეროვნული სტრუქტურების მსოფლიო ეკონომიკის მზარდი მრავალმხრივობის ნაწილად გადააზრებისთვის რეალური ბარიერი შექმნა. მსგავსი ძალაუფლება საკუთარ თავს მონოპოლიის, ფინანსური კაპიტალის, ერი-სახელმწიფოების, მოგვიანებით კი მულტინაციონალური, ტრანსნაციონალური და გლობალური კორპორაციების საშუალებით აფუძნებდა.

ისტორია გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ვაჭრობა წინ უსწრებს თანამედროვე ეროვნულ ეკონომიკებს და უფრო მეტიც, მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ პორტუგალიური და ესპანური ეროვნული ეკონომიკების შექმნის შესახებ იმ საზღვაო აღმოჩენების პროცესის გარეშე, რომელთა საფუძველზეც ეს ეკონომიკები აშენდნენ. აბსურდულია მათ საერთაშორისო ვაჭრობისგან დამოუკიდებლად დაფუძნებაზე მსჯელობა, რამდენადაც ეს ეროვნული ეკონომიკები მავრების წინააღმდეგ ომისა და საზღვაო თუ ნავიგაციური აღმოჩენების შედეგად მიღწეული ექსპანსიის შთამომავლები არიან. ამდენად, ეროვნული ეკონომიკის, როგორც საკუთარ თავში ჩაკეტილისა და საერთაშორისო ვაჭრობისგან თავისუფალი სფეროს აღქმა აშკარად უსაფუძვლო დაშვება და იდეოლოგიური ძალადობაა, მაგრამ ეს არის მოსაზრება, რომელზეც მე-18 საუკუნეში შეთანხმდნენ, როდესაც ინგლისმა საკუთარი თავის კონსოლიდირება მოახერხა სამანქანო წარმოებასა და ინდუსტრიულ ეკონომიკაში. ეს ეროვნული ეკონომიკის ისეთი კონსოლიდაცია იყო, რომ ინგლისს საერთაშორისო დონეზე ჰეგემონიური პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.

სინამდვილეში, ინგლისის სიმდიდრე და ეროვნული სახელმწიფო ძალაუფლება, შეუძლებელი იქნებოდა მინას ჟერაისში აღმოჩენილი ოქროს (რასაც პიერ ვილარი (1974) შთამბეჭდავად აანალიზებს თავის ისტორიულ კვლევაში ოქროსა და ვალუტის შესახებ) საერთაშორისო ზეგავლენისა და მისი, ჯერ კიდევ სუსტი, აზიური ექსპანსიის გარეშე. ისევე როგორც, ინგლისსა და პორტუგალიას შორის მეთუენის ხელშეკრულების საშუალებით (რამაც შესაძლებელი გახადა უზარმაზარი რაოდენობის დამატებითი ღირებულების გადაზიდვა პორტუგალიის კოლონიებიდან, ინგლისური საქონლის შესაძენად) დამყარებული ჰეგემონიური ურთიერთობის გარეშე[3]. და ბოლოს, მონებით ვაჭრობის გარეშე, რაც პრიმიტიული დაგროვების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და რამაც ინგლისური ეროვნული ეკონომიკა შეინარჩუნა.

სმიტი და რიკარდო თეორიულად შეისწავლიდნენ ინგლისის მიერ მარცვლეულის იმპორტის გაზრდის შედეგებს. ამან, ინგლისს საშუალება მისცა ქვეყნის შიგნით შრომითი დანახარჯები შეემცირებინა ტრადიციული სოფლის მეურნეობის განადგურების ხარჯზე. შედეგად, სასოფლო სამეურნეო შრომითი ძალა გამოთავისუფლდა მზარდი ინდუსტრიებისთვის.

საბოლოოდ კი, კოლონიალიზმის ფენომენი ასევე არსებითი ნაწილი იყო ისეთი ქვეყნების ეროვნული ერთგვაროვნებისთვის, როგორებიცაა: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, ინგლისი და საფრანგეთი. კაპიტალის დაგროვების ევროპული ცენტრები, რომლებიც არსებითად კოლონიზატორი ეკონომიკები იყვნენ და კოლონიალისტური ვაჭრობა ამ ეკონომიკების კაპიტალისტური დაგროვებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ წყაროს წარმოადგენდა. მე ასევე გირჩევდით ფერნან ბროდელის წიგნის მატერიალური ცივილიზაცია, ეკონომიკა და კაპიტალიზმი, XV-XVIII ს.ს. (Civilisation matérielle, économie et capitalisme, XVe-XVIIIe siècle) მესამე თავის სიღრმისეულ წაკითხვას, ისევე როგორც პიერ ვილარის Or et monnaie dans l’histoire 1450 e 1920-ს.

ვიტორინო მაგალაეს გოდინიოს წიგნში Os Descobrimentos da Economia Mundial, აღმოჩენების ისტორია პორტუგალიის ეკონომიკურ ისტორიასთანაა დაწყვილებული (რაც, სხვათა შორის, მას ისეთმა დიდებულმა პორტუგალიელმა ისტორიკოსმა დაასწრო როგორიც იყო ანტონიო სერჟიო). მე ასევე გთავაზობთ გავითვალისწინოთ იმანუელ ვალერსტაინის წიგნი (1974), „თანამედროვე მსოფლიო სისტემა I: კაპიტალისტური სასოფლო მეურნეობა და ევროპული მსოფლიო ეკონომიკის საფუძვლები XVI საუკუნეში“. ყველა ეს კვლევა ამტკიცებს თეზისს, რომლის მიხედვითაც ეროვნული ეკონომიკები მსოფლიო ეკონომიკისგან მომდინარეობს, ანდა, როგორც ვალერსტაინის შემთხვევაში, მსოფლიო ევროპული ეკონომიკისგან, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური სისტემის საფუძვლად გადაიქცა.

აქ ჩვენს მიზანს არა ისტორიული ანალიზის დახვეწა წარმოადგენს, არამედ მეთოდოლოგიური საკითხები. თეზისი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ეკონომიკები საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენდა, აშკარა ისტორიული და მეთოდოლოგიური ძალადობა იყო, რომელმაც მას შემდეგ დაიწყო გაქრობა, რაც მე-18 საუკუნეში ეროვნულმა ეკონომიკებმა ზემოხსენებული მსოფლიო ეკონომიკისგან გარკვეული ხარისხის დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყეს. დამოუკიდებლობის ხსენებით მე არ ვგულისხმობ გამოყოფას ანდა მისგან გასვლას, არამედ მსოფლიო ეკონომიკის შიგნით მათ მეტად და მეტად განმსაზღვრელ როლს. ინდუსტრიული რევოლუცია დიდი ტექნოლოგიური ნახტომი იყო იმისთვის, რათა ეროვნულ ეკონომიკები ჰეგემონიურები გამხდარიყვნენ, მათი შიდა პროდუქტიულობის გამო.

ადამ სმიტის თეორიული ძალისხმევა ლოგიკური ჩანს. ერის სიმდიდრის საფუძველი მისი სისტემის პროდუქტიულობაშია. ის ეროვნული სისტემები, რომლებიც პროდუქტიულობის მაღალ დონეს აღწევენ, შრომის დანაწილებისა და სამანქანო წარმოების ათვისების ხარჯზე, ძლიერი ერი-სახელმწიფოს ჰეგემონიის დამყარებას ახერხებენ, ჰეგემონიურ ინდუსტრიულ ბურჟუაზიასთან ერთად.

თუმცა, ჩვენ ვნახავთ განსხვავებულ თეორიულ ტრადიციებსაც, რომლებიც ეკონომიკური განვითარების საფუძვლებს სხვაგან პოულობენ. აქ ნაციტირები ავტორების – სმიტის, რიკარდოს, ჯ.ს. მილისა და სხვა – ნაშრომებიდან უნდა გამოვყოთ ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები მათი თანამედროვე კოლონიალისტური ფენომენისა და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკის შესახებ, რომლებსაც ამ თეორიების მიმდევრების მხრიდან საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. ჩვენ აქ ყურადღების ცენტრში გამოგვყავს ისინი, ვინც ამ თეორისტების ნაშრომებს განსხვავებულად კითხულობენ. თეორიული შრომის ალტერნატიული კრებული, რომელშიც მსოფლიო ეკონომიკის ნაწილები და მსოფლიო ეკონომიკური სისტემის იდეა არ არის წაშლილი და უარყოფილი.

როგორც ჩანს, კარლ მარქსს საკუთარი თეორიის ჩამოყალიბებისას განსაკუთრებული ძალისხმევა მსოფლიო ვაჭრობისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის, როგორც მისი არსებითი ნაწილისთვის, არ მიუძღვნია. მარქსის თავდაპირველმა წაკითხვამ იმაზეც კი შეიძლება მიგვანიშნოს, რომ ის სმიტისა და რიკარდოს მსგავს გზას დაადგებოდა, დაიწყებდა ეროვნული ეკონომიკიდან და შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკას გაანალიზებდა, მის ნაადრევ სიკვდილს რომ არ შეეშალა ხელი. თუმცა, უფრო დეტალური ანალიზი სხვაგვარი წაკითხვის საშუალებას გვაძლევს. „კაპიტალი“ იწყება საქონლის ანალიზით, რომელიც კონკრეტულად მსოფლიო ეკონომიკის იდეას არ მოიაზრებს. ამის მიუხედავად, საქონლის კატეგორიის შექმნით, მარქსი აჩვენებს, რომ ის ვაჭრობის კონტექსტში იწარმოება და არსებითად ტომთაშორისი, თემთაშორისი, საერთაშორისო ფენომენია. ასე რომ, როდესაც მარქსი, ამ კაპიტალისტური სისტემის შემთხვევაში, საქონლის კატეგორიას მოცემული ეკონომიკური სისტემის განმსაზღვრელ ნაწილად აფუძნებს, ის ამ სისტემას ადგილს უფრო ფართო კონტექსტში უძებნის, ვიდრე ადგილობრივი ერთეულებია, იმპერიულიც და ეროვნულიც.

მარქსს მსოფლიო ეკონომიკის კატეგორიის საკითხი არ წამოუყენებია. ეს, მოგვიანებით და ბრწყინვალედ ფერნან ბროდელმა (1979a, b და c; 1987 a და b) მოახერხა. ბროდელმა აჩვენა, რომ კაპიტალიზმის საფუძველმდებარე ეკონომიკური ერთეულები არც ადგილობრივი და არც ეროვნული არ ყოფილა, არამედ რეგიონული ეკონომიკური ერთეულები, რომლებიც საკუთარ თავში რამდენიმე ადგილობრივ რეალობას მოიცავდა და რომლებიც ერთმანეთს ურთიერთმიმართებების (ძირითადად კომერციული) სისტემით უკავშირდებოდნენ, შედეგად, მსოფლიო ეკონომიკის განმსაზღვრელ ნაწილებად ფუძნდებოდნენ. ეს გვიჩვენებს, რომ საქონლის ცნება დაახლოებით ისეთი ფენომენის არსებობას მოიაზრებს, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკა. რაც, ბოლოს და ბოლოს, საშუალებას გვაძლევს მოვნიშნოთ შედარებით მნიშვნელოვანი რეგიონი, სადაც სასაქონლო გაცვლა, სხვადასხვა ნაწილებს შორის, გარკვეული შრომის დანაწილების ხარჯზე ხდება, რაც მათ შედარებით სისტემურ ურთიერთობას ამყარებინებს.

ეკონომიკის ისტორიის თანამედროვე კონტექსტში, საქონლის კატეგორიის გადააზრებით, ჩვენ გვსურს ხელახლა დავადასტუროთ მარქსის მეთოდოლოგიური ძალისხმევის, დიდი მეთოდოლოგიური და თეორიული შედეგების ძალა, რადგან საქონლის კატეგორიის ცენტრალურ ელემენტად მონიშვნით, რომლისგანაც კაპიტალისტური საწარმოო საშუალებებისთვის საფუძველმდებარე ეკონომიკური ურთიერთობები გამოყო, მარქსმა კაპიტალიზმი წარმოადგინა, როგორც მოცემული ისტორიული პროცესის შედეგი, რომელიც არანაირად არ არის, ექსკლუზიურად, მხოლოდ ეროვნული პროცესი.

ამის მტკიცებულებას ჩვენ წავაწყდებით „კაპიტალის“ იმ თავებში, რომლებიც მან პრიმიტიულ დაგროვებას მიუძღვნა. დაგროვებას, რომელიც საფუძვლად უდევს კაპიტალისტური საწარმოო საშუალებების დამკვიდრებას და მას საკუთარ ლოგიკას უქვემდებარებს. მისთვის, ასეთი პრიმიტიული დაგროვება იქამდე გლეხების განმგებლობაში მყოფი სათემო მიწების ექსპროპრიაციის შედეგად დასაკუთრებული რესურსების ხარჯზე მიიღწევა, მოვაჭრეთა კაპიტალის საშუალებით, რაც დიდი სიმდიდრის კონცენტრირების საშუალებას იძლეოდა. პრიმიტიულ დაგროვებას საფუძვლად ასევე ედო მსოფლიო ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგება, რომლის უზარმაზარი ზრდა და მაღალი პროდუქტიულობა კაპიტალს დიდი განძის მომარაგების საშუალებას აძლევდა. კოლონიურ საგადასახადო ვალდებულებებთან ერთად არსებული მკვეთრი და მარტივი ძარცვა , სხვა ეკონომიკური სისტემების მიერ მოპოვებული სიმდიდრის ექსპროპრიაციის ხარჯზე, ასევე უზარმაზარი კაპიტალის კონცენტრაციის საშუალებას იძლეოდა.

კოლონიალური ვაჭრობის გარდა, რომელიც, ღირებულების კანონის თანახმად, ღირებულებასა და გაცვლას ეფუძნებოდა, ასევე, ველური სავაჭრო ურთიერთობები მიმდინარეობდა, კულტურული და ცივილიზაციური განსხვავებების ექსპროპრიაციის საფუძველზე. ეს ყველაფერი ევროპას დაურეგულირებელი ფასებით წარმოქმნილი უზარმაზარი მოგების მიღების საშუალებას აძლევდა. უფრო მეტიც, არსებობდა მონებით ვაჭრობაც, ამ ისტორიული პერიოდისთვის სიმდიდრის ერთ-ერთი უდიდესი წყარო, რაზეც მარქსი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას. აქედან გამომდინარე, „კაპიტალში“ მსოფლიო ეკონომიკის კონტექსტში მიღებული კაპიტალის დამატებითი ღირებულება თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკის ფუნდამენტია.

სავაჭრო ურთიერთობების მის ჰეგემონიურ სახედ, სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებად გარდაქმნის შესაძლებლობა, არა მხოლოდ ადგილობრივი სივრცეების, არამედ ეროვნული ბაზრების შექმნითაც, მხოლოდ თანამედროვე მსოფლიო ვაჭრობის კონტექსტშია შესაძლებელი.

მარქსის მიერ ათვისებული ეს ისტორიული და ლოგიკური პოზიცია, რომელსაც საკუთარი მეთოდოლოგიური დიალექტიკური ხედვის დასასაბუთებლად იყენებს, მის კლასიკური პოლიტ-ეკონომიური სააზროვნო სისტემის ჩარჩოებში მოთავსების საშუალებას არ გვაძლევს. მსგავსი თეორიული შეკვეცა მხოლოდ ისეთი გამრუდებული კითხვისას არის შესაძლებელი, თუკი სრულებით არ გავითვალისწინებთ მის მეთოდოლოგიურ მრავალფეროვნებას, მის ჰეგელიანურსა და დიალექტიკურ ხედვებს და თუკი მხოლოდ მარქსის მიერ დამუშავებულ ცნებებზე ვკონცენტრირდებით, რომელთა უმრავლესობაც, სინამდვილეში, კლასიკური პოლიტიკური ეკონომიიდან მომდინარეობს. ისტორიული და ლოგიკური დამუშავება სრულებით სცდება კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის სფეროს იმ დონეზე, რომ ასეთი შეზღუდული მეთოდოლოგიური განათლებით აღჭურვილი ეკონომისტებისთვის მარქსის გაგება შეუძლებელი ხდება. იმის მტკიცებულებად, რომ მარქსის მხოლოდ კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის ჩარჩოებში წაკითხვა არასწორი იქნებოდა, ისიც გამოდგება, რომ მარქსის მიმდევრები და მოსწავლეები ბუნებრივად მიდიან კაპიტალიზმის, როგორც მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ანალიზის გაძლიერებისკენ.

ამ თეორიული მიმართულებით ინტელექტუალური ძალისხმევის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს, თავდაპირველად 1904 წელს დაბეჭდილი ჰილფერდინგის (1981) წიგნი „ფინანსური კაპიტალი“. ეკონომიკური კონცენტრაციის ფენომენისა და თანამედროვე მონოპოლიების შექმნის ანალიზისას, მან აჩვენა საბანკო სისტემის ინდუსტრიულ სექტორზე ჰეგემონია, რასაც უნდა გამოეწვია ფინანსური კაპიტალის შექმნა. ჰილფერდინგი ასევე გვიჩვენებს, რომ კაპიტალიზმი ახალ ეტაპზე გადადიოდა, რომელშიც სავაჭრო ურთიერთობების შინაარსი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფასების სისტემა და კომერციული გაცვლა უფრო და უფრო ექვემდებარებოდა ფინანსური კაპიტალის ჰეგემონიას. მონოპოლიის საფუძველზე, მან სრულიად ეკონომიკას თავს მოახვია ფასების მართვისა და გლობალური საინვესტიციო გადაწყვეტილებების ლოგიკა, რომლის მიხედვითაც, საშუალო მოგება თითოეული განშტოებისა და სექტორის ინტერესებზე მაღლა დგებოდა. ამ ცვლილებების ორ მთავარ შედეგს პროტექციონიზმი და კოლონიალისტური პოლიტიკა წარმოადგენს, რასაც მის ანალიზში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასე რომ, როგორც ვხედავთ, მისმა მარქსისტულმა განათლებამ მას გლობალური ხედვის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა და არ შეუზღუდავს ერების სამყაროზე თეორიული მსჯელობის საფუძვლად გამოყენებით.

როზა ლუქსემბურგის (1976) 1913 წლის ცნობილი წიგნი „კაპიტალის დაგროვება“ ასევე გვთავაზობს გარკვეულ თვალსაზრისს კაპიტალისტური კვლავწარმოების იმპერიალისტურ კონტექსტში გააზრების მიმართულებით. მარქსი „კაპიტალის“ მეორე ტომში შესაძლოა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თითქოს ის ეროვნულ დონეზე, დახურული სისტემით იზღუდავს თავს, როდესაც კვლავწარმოების პროცესის განხილვისას კენეს მსგავსი სქემიდან ამოდის და აყალიბებს ეროვნულ ციკლს, რომელშიც კაპიტალი, ეროვნულ კონტექსტში, საკუთარ თავს კვლავ-აწარმოებს. როზა ლუქსემბურგი ცდილობს გვაჩვენოს, რამდენად რთულია მარქსისტული სქემაში ეროვნული კონტექსტის დონეზე შეზღუდვა.

(არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „კაპიტალის“ მეორე ტომი დაუსრულებელი ნაშრომია და მარქსი შემდგომ ტომებში 5 დიდი საკითხისთვის – შემოსავალი, ხელფასები, სახელმწიფო, საერთაშორისო ვაჭრობა და მსოფლიო ეკონომიკა – აპირებდა ყურადღების დათმობას, რაც „კაპიტალის“ საფუძვლის, პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის თავდაპირველ პროგრამაში შედიოდა. „კაპიტალის“ მეთოდოლოგიაში, ყოველი ახალი თეორიული საფეხური საკუთარ თავში მოიცავს მის წინამდებარე ანალიზს, აბსტრაჰირების ახალ დონეზე, რაც, თავის მხრივ, იქამდე შესწავლილ ყველა ცნებას ხელახლა განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ანალიტიკურ დონეზე, წინა ტომებში არსებული მრავალი ცნება და კანონი ხელახლა განისაზღვრებოდა).

ლუქსემბურგი იკვლევს კვლავწარმოების პროცესს იმ ტექნოლოგიური ცვლილების ფონზე, რომელიც მარქსმა კაპიტალის მზარდი ორგანული შემადგენლობის გაგებით გაანალიზა. ის კვლავწარმოების პროცესს იკვლევს წინარე-კაპიტალისტური ეკონომიკების ფონზე, რომლებიც მოიაზრება როგორც კოლონიალისტური ეკონომიკები ანდა როგორც ეკონომიკები, რომლებიც მსოფლიო დონეზე გაფართოვდა და მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა შექმნა. იგი აანალიზებს გარეგანი ეკონომიკების, სამხედრო და სახელმწიფო ინტერვენციების დანახარჯებს, რომელიც ფუნდამენტურ როლს ასრულებს წმინდად კაპიტალისტური მოძრაობისთვის. შედეგად, ეს კაპიტალის რეალური მოძრაობის, კაპიტალისტური კვლავწარმოებისა და დაგროვების ერთ-ერთი ამხსნელი ელემენტი ხდება. როზა ლუქსემბურგი გვაიძულებს გავიაზროთ კაპიტალიზმი, როგორც მსოფლიო სისტემა იმისათვის, რომ ჩავწვდეთ მისი ევოლუციისა და თეორიული მოძრაობის სწორ კონცეფციას.

ლენინის გამოკვლევები იმავე მიმართულებით მიმდინარეობს (1979). 1916 წელს გამოცემულ წიგნში „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უკანასკნელი სტადია“ ის ჰილფერდინგისა და ჰობსონის ნაშრომებს აერთიანებს, რათა შექმნას საკუთარი თეორია იმპერიალიზმის, როგორც კაპიტალიზმის ახალი ფაზის შესახებ, რომელიც გვიანდელ XIX საუკუნეში იწყება (ზოგჯერ დასაწყისის თარიღად 1895 წელს ახსენებს). მისთვის, როგორც ეს წიგნის სათაურიდანაც ჩანს, ფინანსურ კაპიტალსა და კაპიტალის ექსპორტზე დაფუძნებული მონოპოლისტური სისტემა, რაც ჰობსონისთვის ტიპური პრობლემაა, კაპიტალიზმის უმაღლეს სტადიას წარმოადგენს. მოგვიანებით, ახალ განზომილებაში გააანალიზებს ამ ახალი სტადიის საკვანძო ელემენტებს, როდესაც სახელმწიფოს ჩარევისა და სახელმწიფო მონოპოლისტური კაპიტალის დაფუძნების საკითხებს შემოიტანს განსახილველად. ეს ახალი ფაზა ხასიათდება მონოპოლიით, მონოპოლიური მეწარმეობით, კაპიტალის მოძრაობებითა და სახელმწიფოს მოქმედებების მნიშვნელოვნებით, რაც, მსოფლიო დონეზე, სახელმწიფოებსა თუ სახელმწიფოთაშორისი ალიანსების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ახალი ტიპის წინააღმდეგობებს წარმოშობს და წარმოქმნის კაპიტალისტური სისტემის ახალ ფაზას, რაც, შედეგად, მსოფლიო სისტემად წარმოგვიდგება. იმავე ხედვას იზიარებს ბუხარინიც (1979), ლენინის მოსწავლე, ისევე როგორც ტროცკი (1971), რომელიც 1905 წლის რუსეთის რევოლუციის პროცესს ასევე მსოფლიო სისტემის შიგნით ხედავს, იგი მუდმივი გარდაქმნის პროცესშია და ვიღებთ პერმანენტულ რევოლუციას. ეს აზრი ტროცკის პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად გადაიქცევა და 1930 წელს ამავე სათაურით აქვეყნებს წიგნს. (იხილეთ ტროცკი 1979).

ბუხარინი, მსოფლიო სისტემის თეორიის განვრცობისას, მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, როდესაც თანამედროვე კაპიტალისტური მსოფლიო ეკონომიკისათვის ერი-სახელმწიფოების შიგნით შრომის საერთაშორისო დანაწილებას უსვამს ხაზს. ასეთი ეკონომიკა, სინამდვილეში, მის საერთაშორისო ბუნებასა და ეროვნულ საფუძველს შორის არსებულ წინააღმდეგობას ეფუძნება, რომლებიც ერთმანეთზე თანაბრად არიან დამოკიდებული. რაც უფრო მეტად ძლიერდება ეროვნული ეკონომიკები, მით უფრო ძლიერდება მათი საერთაშორისო ინტერესები და უფრო მეტად ღრმავდება ამ საერთაშორისო ეკონომიკებზე მისი თანადამოკიდებულება.

სწორედ მარქსის, ჰილფერდინგის, ჰობსონის, როზა ლუქსემბურგის, კაუცკის, ლენინის, ბუხარინის, ტროცკისა და სხვათა ინტერნაციონალისტური თვალთახედვა დაედო საფუძვლად პირველ და მეორე მშრომელთა ინტერნაციონალს და რასაც, ასევე დაეყრდნო ლენინის მესამე ინტერნაციონალი, საიდანაც 21 განაცხადი მოითხოვდა მსოფლიო პარტიასთან აფილირებას, რომელსაც ეროვნული სესიები ჰქონდა. პარადოქსულია, რომ მესამე ინტერნაციონალის ეს ზეეროვნული კონცეფცია კაუცკის მიერ 1913 წელს ჩამოყალიბებული ულტრა-იმპერიალისტური კონცეფციით იყო შთაგონებული. ამ თეზისის თანახმად, რასაც ლენინი და ბუხარინი განსაკუთრებული ხაზგასმით ებრძოდნენ, კაპიტალიზმი გარდაიქმნებოდა უნიკალურ მსოფლიო ეკონომიკად რომელშიც უნიკალური სახელმწიფოს მიერ შეზღუდული უნიკალური მონოპოლიები გაბატონდებოდნენ. ლენინი და ბუხარინი ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ იქამდე, სანამ ასეთი უნიკალური ეკონომიკა წარმოიქმნებოდა, კაპიტალისტური დაგროვების შინაგანი წინააღმდეგობები ეროვნულსა და საერთაშორისო დონეზე რევოლუციებსა და დაპირისპირებებს წარმოშობდა. გარკვეული თვალსაზრისით, ლენინმა და ბუხარინმა არა მხოლოდ ისეთი იმპერიალისტთაშორისი ომები გააანალიზეს, როგორიცაა პირველი მსოფლიო ომი, რომელიც თავად ნახეს და მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც მოელოდნენ, არამედ დიდი ანტი-კოლონიალისტური და ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლები. სხვათა შორის, გარდაქმნისას, მესამე ინტერნაციონალის გავლენა უფრო ეფექტური სწორედ იმ საზოგადოებებში იყო, სადაც სწორედ ეს ეროვნული საკითხი არსებითად წამოიჭრა.

ჩვენ ასევე შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ სხვადასხვა მარქსისტული სკოლების განვითარება, რომლებიც, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო დონეზე მიმოიფანტნენ და იმპერიალისტური ფენომენის მათი თანამედროვე მსოფლიოს მაკონსტრუირებელ ფაქტორად განსაზღვრას მოითხოვდნენ. ლენინისტურ ტრადიციაში, კომუნისტური ინტერნაციონალის კონგრესები წინ უსწრებდა ეროვნული რეალობის ნებისმიერ ანალიზს. მსოფლიო კონიუნქტურა, რომელიც გლობალური სტრატეგიისა და ტაქტიკის, ეროვნულთან ერთად, საერთაშორისო დონეზე განსაზღვრასაც დაიწყებდა**. აქედან გამომდინარე, ინტერპრეტაციული ხაზი უფრო სუბსტანციური გახდა მას შემდეგ, რაც ევგენიო ვარგას დიდებული მეთაურობით, საბჭოთა კავშირში მსოფლიო ეკონომიკების ინსტიტუტი შეიქმნა. თანამედროვე იდეოლოგიური ბრძოლის გასაგებად აუცილებელი ორი ფუნდამენტური თეორია სწორედ ამ ინსტიტუტში წარმოიშვა: კაპიტალიზმის ზოგადი კრიზისის თეორია, რომელიც 1917 წელს, რუსეთის რევოლუციასთან ერთად უნდა დაწყებულიყო და მონოპოლისტი სახელმწიფო კაპიტალიზმის თეორია, რომელიც სახელმწიფოს გავლენის ზრდას მოელოდა, როგორც მონოპოლისტური კაპიტალის დამყარებული ჰეგემონიისთვის აუცილებელ ტრენდს.

ტროცკისტული ტრადიცია მეოთხე ინტერნაციონალში საერთაშორისო კონიუნქტურის ანალიზის იმავე მეთოდს მიჰყვებოდა, რომელიც წინ უსწრებდა ეროვნული სცენარების ანალიზს და აქედან გამომდინარე ქმნიდა პოლიტიკური პროგრამის ფრაქციულ სადავო მოდელსა და კონიუნქტურულ ანგარიშს, რაც მსოფლიო მემარცხენეობაში ცნობილი გახდა. საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის კომუნისტურ პარტიებს შორის დებატებიც ამავე სტილში მიმდინარეობდა და მსოფლიო ეკონომიკური ტრენდების განხილვას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭებოდა. მსგავსი დაპირისპირება თავიდანვე მოიაზრებდა იუგოსლავიური პარტიის მხრიდან ცივი ომის წინააღმდეგ ყოფნას, რაც, საბოლოოდ, მესამე გზის ფორმულირებით დამთავრდა, ამას ტიტოს მხრიდან ბანდუნგის კონფერენციაში მონაწილეობა და მიუმხრობლობის დოქტრინის ფორმულირება მოჰყვა[4].

იგივე მოხდა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის დროსაც, რამაც თავისი დაღი დაასვა 60-იანებს და 70-იანების დიდ ნაწილს. ჩინელების მხრიდან კრიტიკა უკვე გვიან 50-იანებში დაიწყო, როდესაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მშვიდობიანი თანაარსებობის თეზისში გამოხატულ იუგოსლავიურ რევიზიონიზმს შეუტია. ეს თეზისი საბოლოოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ აითვისა. ამის შემდეგ, კრიტიკა იმ დონეზე გაფართოვდა, რომ საკუთარ თავში მოიცვა სოფლის მიერ ქალაქების დაპყრობის იდეა, რაც საერთაშორისო დონეზე აგრარული ქვეყნების მიერ ინდუსტრიული სახელმწიფოების დაპყრობას გულისხმობდა. ამ დოქტრინიდან მოდის ჩრდილო-ამერიკულ იმპერიალიზმსა და საბჭოთა ჰეგემონიის ძიებას შორის ალიანსის თეზისი (ამ თეზისმა ისეთი განვითარება პოვა, რომ ეს უკანასკნელი მთავარ მტრადაც კი მოიაზრებოდა).

ასეთი პრეტენზიული თეორიული ფორმულირებები ხშირად უფრო გადაუდებელ ინტერესებსა და პოლიტიკების ნიადაგზე არსებულ კონფლიქტებს ფარავდა. ეს პოლიტიკურ და ანალიტიკურ სიხისტეს იწვევდა, რასაც უკიდურესად უარყოფითი შედეგი ჰქონდა იმ მილიტარისტების მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომლებიც ამ საკითხებს უმკლავდებოდნენ. თუმცა, ინტელიგენციასთან, დიპლომატიურ, ანდა აკადემიურ სქემებთან ასოცირებული საერთაშორისო იდეოლოგიური ბრძოლის აპარატის ფორმულირებები, რომლებიც ყოველთვის არც უფრო გახსნილი და არც უფრო წარმატებული იყო, არანაკლებ სექტანტური და ამბიციური გახდა. სინამდვილეში, ერთა ლიგის შექმნის შემდეგ, საერთაშორისო კვლევების ტრადიცია საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზისთვის აუცილებელ მოთხოვნად იქცა. კიდევ ერთხელ, მარქსისტულ აზრს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ წინასწარ მოელოდა იმ თემებსა და თვალთახედვებს, რომლებიც მოგვიანებით დარჩენილ თეორიულ და დოქტრინულ სწავლებებში განზოგადდა.

თუმცა, მარქსისტულ ტრადიციაში უფრო დიფერენცირებული თეორიული მაგალითებიც არსებობს. როზა ლუქსემბურგის მიმდევრები დაჟინებით უსვამდნენ ხაზს მსოფლიო პრობლემატიკას. მათ შორის, ჩვენს ყურადღებას ყველაზე მეტად ფრიც სტერნბერგის (1926) ნამუშევრები იმსახურებს. მის მიერ იმპერიალიზმის ანალიზი ზედმიწევნით მიჰყვებოდა არასაკმარისი მოხმარების თეზისს, რომელიც სათავეს როზა ლუქსემბურგის ნაშრომებში იღებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილ წიგნებში ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამხედრო დანახარჯებს. თეზისი, რომლითაც ის საკუთარ, იმ დროისთვის უკვე საკმაოდ დავიწყებულ, ლუქსემბურგისტულ წარსულს უკავშირდება. გროსმანი (1927-1979) განსაკუთრებულ ყურადღებას დაგროვებისა და კვლავწარმოების პროცესებს უთმობს. იმავეს აკეთებენ მოსკოვსკა (1943-1981), პოლ სვიზი (1938) და პოლ ბარანი (1957). ისინი დიდწილად არასაკმარისი მოხმარების ტრადიციას მიჰყვებიან, თუმცა საერთაშორისო ვაჭრობის როლის უარყოფის გარეშე. თუმცა მათ ბევრჯერ სცადეს მათი მიკრო-ეკონომიკური კონტექსტიდან ამოსვლის საფუძველზე ანალიზი, რომელშიც მონოპოლისტური მეწარმეობის ფუნქციონირება ცენტრალურ პოზიციას იჭერს. ეს თეორიული ტრადიცია, საერთაშორისო მეწარმეობის თანამედროვე ანალიზისთვის, აუცილებელ პრეცედენტად რჩებოდა, რაც ამ ავტორების მიერ მიღწეული შედეგების დამსახურებაა, რომლებიც მიკრო ეკონომიკურ და დიდი კაპიტალის მოძრაობებს საერთაშორისო დონეზე აკავშირებდნენ.

ომის შემდგომ საფრანგეთში საკმაოდ უჩვეულო მარქსისტული ტენდენციები გამოჩნდა. ისინი რაციონალიზმითა და ტრადიციონალიზმით მონიშნულ ინტელექტუალურ გარემოში განვითარდნენ, თუმცა საკუთარ თავში ატარებდნენ ძალიან ძლიერ ახალ ეგზისტენციალისტურ ელემენტს. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ჯგუფი, რომელიც ტექნოლოგიისა და შრომის სოციოლოგიაზე მორგებული თვალთახედვის განვითარების მიუხედავად, მათი მარქსისტული თეორიული საწყისების გავლენით, საკუთარ ანალიზს მსოფლიო ეკონომიკის დონეზე ავრცელებს. ჟორჟ ფრიდმანი და პიერ ნავილი ამ ტრადიციის საუკეთესო წარმომადგენლებს შორის არიან. მეორე მხრივ, ისეთი ჟურნალები, როგორიცაა Argument [5] ან Socialisme ou Barbarie [6] სრულებით პლანეტარულ ფილოსოფიურ თვალთახედვას გვთავაზობენ, რომელზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ცვლილებები მედიაში და ახალი პოპულარული კულტურის ანალიზი. ამ სექტორებს ხშირად ტროცკიზმის განშტოებებად მიიჩნევდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ლუქსემბურგის გავლენას განიცდიან.

არსებობენ ავტორები, რომლებიც იუგოსლავიური გამოცდილების გავლენას განიცდიან და ახლოს არიან იმ სოციოლოგიურ სააზროვნო ტრადიციასთან, რომელიც მარქსის, ვებერისა და დიურკემის გაერთიანებას ცდილობს და, შესაბამისად, ისტორიული ინტერპრეტაციის საკუთარ ხაზს მიჰყვება. სწორედ ამ სამყაროში შეგვიძლია ჟორჟ გურვიჩი და მის გარშემო მყოფი იმ დიდი სოციოლოგების, ანთროპოლოგებისა და ეკონომისტების ჯგუფი მოვათავსოთ, რომლებიც “Revue Française de Sociologie-ში’’[7] , ისეთ გლობალურ თვალთახედვას ეძებდნენ, რომელიც, ამავდროულად, ინდუსტრიულ ფაზაში მყოფი საზოგადოებების ტიპოლოგიის ჩამოყალიბებასაც შეძლებდა.

ეკონომიკის უფრო სპეციფიკურ დარგში ფრანსუა პერო განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს. მან აღადგინა მსოფლიო ეკონომიკის ის ხედვა, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების საფუძველს წარმოადგენს. მას საკუთარი თავი მხოლოდ მაკროეკონომიკური გეგმით არ შეუზღუდავს. ის ასევე ცდილობდა ეპოვა თანამედროვე მაკრო-ეკონომიკური დონის თავისებურებები, როდესაც, ომის შემდგომ ათწლეულებში მიკროსა და მაკროს შორის არსებული განსხვავებების იდეა ფართოდ გავრცელდა. ეკონომიკურმა თეორიამ სოციოლოგიურ თეორიაში შეღწევა დაიწყო, ეს მოახერხა ფიზიკის ევოლუციის გავლენით ატომიდან ბირთვულ დონემდე. ქმნის მიკრო დონეს, რის კვლავწარმოებასაც ჰენრი მენდრასი მიკრო-ეკონომიკური და მიკრო-სოციოლოგიური ანალიზის სივრცეების შექმნით ცდილობს.

მსგავსი ევოლუცია საკმაოდ მდიდარია თეორიული წინსვლების დანატოვარის თვალსაზრისით. ფერნან ბროდელი, უდავოდ, სწორედ ამ ველში ავითარებს საკუთარ ნამუშევრებს. ის 60-იანებსა და 70-იანებში ცნობილი გახდა, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი წიგნით „მატერიალური ცივილიზაცია: ეკონომიკა და კაპიტალიზმი“. თუმცა, ეს ტრადიცია მარქსიზმისგან დამოუკიდებლად, ზოგჯერ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილადაც კი შეგვიძლია აღვიქვათ, მაგრამ, ამავდროულად, ის მასთან კამათში და მასთან მიმართებით საკუთარი, განსაკუთრებული გზებით არის აგებული, რამდენადაც აკრიტიკებს სტალინიზმს, ტროცკიზმს, ლუქსემბურგიზმსა და ზოგადად მარქსიზმს, როგორც ასეთს. ეს ყველაფერი ხელახლა ადასტურებს, რომ ეკონომიკური, სოციოლოგიური და პოლიტიკური რეალობების თეორიული ანალიზისთვის აგება აუცილებელია, სადაც მსოფლიო ეკონომიკის ფენომენი არის წარმოდგენილი და იგი ეროვნული ეკონომიკების იდეის ჭეშმარიტად დიალექტიკური პრეცედენტია.

ავტორის შენიშვნა:

** შესაძლოა, მსოფლიო კონიუნქტურის ანალიზის პირველი მცდელობა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე, ერთა ლიგაში იყო. მესამე ინტერნაციონალმა თუ კომუნისტური ინტერნაციონალის კონგრესებმა მსოფლიო კონიუნქტურის შესახებ რამდენიმე კვლევა შექმნეს. პირველი კონგრესისას Tesis sobre la Situación Internacional y la Política de la Entente, მეორე კონგრესისას შეიქმნა მანიფესტი El Mundo Capitalista y la Internacional Comunista (Pasado y Presente 43-1a parte), მესამე კონგრესი გაიხსნა Tesis sobre la Situación Mundial y la Tarea de la Internacional Comunista-თი. მეოთხე კონგრესი, ვერსალის ზავის შესახებ რეზოლუციის გარდა, წარმოგვიდგენს საერთაშორისო კომუნისტური ტაქტიკების შესახებ რეზოლუციას, რაც კაპიტალიზმის დაღმასვლის პერიოდის, საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციის, კაპიტალის განვითარების, საერთაშორისო ფაშიზმისა და ახალი პაციფისტური ილუზიების შესაძლოობის შესახებ თავს შეადგენს (Pasado y Presente, n. 47, მეორე ნაწილი). საერთაშორისო სიტუაციის შესახებ ტრადიციული თავის გარდა, რომელიც კომუნისტური ტაქტიკების შესახებ რეზოლუციების დასაწყისს წარმოადგენს, მეხუთე კონგრესმა შეადგინა ანგარიში Sobre la Situación Económica Mundial. მეექვსე კონგრესი უკვე გარკვეულ ფორმებს იძენს და იქცევა კლასიკურ ანგარიშად Tese Sobre a Situação e as Tarefas da Internacional Comunista, რომელიც მსოფლიო ეკონომიკისა და მისი ტექნიკების შესახებ თავით იწყება, რასაც მოჰყვება იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ ბრძოლის თეზისი, შემდეგ კი წარმოდგენილია რევოლუციური მოძრაობისა და კოლონიალურ ქვეყნებთან მესამე ინტერნაციონალის ურთიერთობის მაკონსოლიდირებელი კოლონიები და ნახევრად კოლონიები(Pasado y Presente, n.66). კონგრესის ანგარიშები საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ბუხარინის ნაშრომს „საერთაშორისო სიტუაცია და კომუნისტური ინტერნაციონალის ამოცანა“ (Pasado y Presente, n.67).

რენე დრეიფუსი (1987) უფრო მეტი სიზუსტით აღწერს საერთაშორისო სამეწარმეო სფეროში კვლევითი ინსტიტუტებისა და საჯარო პოლიტიკების ფორმულირების პროცესს, რომელიც, შემთხვევით, სწორედ იმ დროს იწყება, როდესაც კომუნისტური ინტერნაციონალი, 1919 წლის მაისში, მრგვალი მაგიდის ჯგუფებით, რომლისგანაც წარმოიშვა საგარეო ურთიერთობების საბჭო, მორგან ჯგუფის უდავო ლიდერობით, რომელიც საკუთარ თავს 30 წლით უკან, როკფელერ ჯგუფთან აბრუნებს. ასევე, ორგანიზებული მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ჰუგო ასმანისა და სხვათა წიგნში (1998).

რედაქტორის შენიშვნები:

[1]. ეს საკითხი ბევრად ადრე შეისწავლეს რუდოლფ ჰილფერდინგმა და როზა ლუქსემბურგმა. დოს სანტოსი მიიჩნევს, რომ ‘’ჰეკშერ-ოლინის თეორემა’’ მომდინარეობს მცდარი დაშვებიდან, თითქოს საქონლის გაცვლა (ექსპორტი და იმპორტი) ნებისმიერ ორ ეკონომიკას შორის არის ორმხრივად მომგებიანი პროცესი.

[2]. ვასილი ლეონტიევმა შეისწავლა 1947 წლის მონაცემები აშშ-ს საგარეო ვაჭრობის შესახებ (მოგვიანებით მან დაამატა 1951 და 1967 წლების) და აღმოაჩინა, რომ ეს მონაცემები მთლიანად უარყოფს “ჰეკშერ-ოლინის თეორემას’’, რომელიც უბრალოდ არ ითვალისწინებს პოლიტიკურ ფაქტორებს: სახელმწიფო სუბსიდირებას ამერიკელი ფერმერებისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე სამყაროს ძარცვისგან მიღებულ სიმდიდრეს მეტროპოლიისთვის.

[3]. მეთუენის ხელშეკრულება (1703) – სავაჭრო ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და პორტუგალიას შორის. შეთანხმება ითვალისწინებდა პორტუგალიური ბაზრისთვის იაფფასიანი ინგლისური ქსოვილის მიწოდებას პორტუგალიური ღვინის სანაცვლოდ. ამ შეთანხმებამ მთლიანად გაანადგურა პორტუგალიის ინდუსტრია და შეაჩერა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

[4]. ბანდუნგის კონფერენცია – აზიისა და აფრიკის 29 ქვეყნის კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1955 წლის 18-24 აპრილს ბანდუნგში (ინდონეზია). კონფერენციის მიზანი იყო აფრო-აზიის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის დამყარება, ასევე დასავლეთის ქვეყნების კოლონიალური და ნეოკოლონიალური პოლიტიკის წინააღდეგ ერთობლივი ბრძოლა.

[5]. Argument – ფრანგული ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა 1956-1962 წლებში. ჟურნალის უპირისპირდებოდა სტალინიზმს და ატარებდა მარქსისტულ პოზიციებს, რომლის წარმომადგენლები იყვნენ: ლუკაჩი, კორში, მარკუზე.

[6]. Socialisme ou Barbarie – ფრანგული მარქსისტული და ანტისტალინისტური ჟურნალი. გამოიცემოდა 19491967 წლებში. სახელი მომდინარეობს როზა ლუქსემბურგისგან. ჟურნალი საბჭოთა კავშირს განიხილავდა, როგორც სახელმწიფო კაპიტალიზმს.

[7]. Revue Française de Sociologie – ფრანგული სოციოლოგიური ჟურნალი, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე გამოიცემა. ჟურნალი დაარსა ჟან სტეტცელმა.

ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა: Journal of World-Systems Research, Vol. XI, Festschrift for Immanuel Wallerstein – Part I.

2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური მოძრაობა ,,თარგმნე ”, რომელში გაერთიანებული სტუდენტებიც ითხოვდნენ სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნას. მაშინ პროცესები სრულიად არასწორი გზით განვითარდა. სტუდენტებს, რომელთაც თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა სურდათ, უთხრეს, რომ ყველაფერში დამნაშავე კორუფცია იყო. მართლაც, როცა ქვეყანაში მთარგმნელებს მინიმალურ ხელფასზე უწევთ მუშაობა და ყველაფერს ბაზრის დაკვეთა განაგებს, რთულია საჭირო ლიტერატურის სათარგმნელად სახსრების მოძიება. მეცნიერებისთვის განკუთვნილ მცირე ფინანსებს პრივილეგირებული შარლატანები და პლაგიატები იგდებენ ხელში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი მხილებულია პლაგიატში.

საკითხის უფრო ფართოდ დაყენებას ცდილობდა სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეზე გამოქვეყნებულ მანიფესტში სტუდენტები წერდნენ უნივერსიტეტში დამკვიდრებულ იდეოლოგიაზე, რომელიც სტუდენტებს უზღუდავს განათლების მიღებას:

“ვაწყდებით მკაცრად იდეოლოგიზებულ არემოს. წლებია, აქ ისწავლება მხოლოდ მეინსტრიმული ეკონომიკა, რომელიც, ძირითადად, ასოცირებულია ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიებთან, რაც სრულ თანხვედრაშია წინა და ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. შესაბამისად, არ არსებობს სულ მცირე შანსიც კი, რომ ქვეყნის განვითარების ახალ მოდელზე, შესაძლებლობებზე ფიქრი და მუშაობა დაიწყოს. ასეთ ვითარებაში კი უნივერსიტეტი კარგავს თავის უპირველეს ფუნქციას.”

** შესაძლოა, მსოფლიო კონიუნქტურის ანალიზის პირველი მცდელობა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე, ერთა ლიგაში იყო. მესამე ინტერნაციონალმა თუ კომუნისტური ინტერნაციონალის კონგრესებმა მსოფლიო კონიუნქტურის შესახებ რამდენიმე კვლევა შექმნეს. პირველი კონგრესისას Tesis sobre la Situación Internacional y la Política de la Entente, მეორე კონგრესისას შეიქმნა მანიფესტი El Mundo Capitalista y la Internacional Comunista (Pasado y Presente 43-1a parte), მესამე კონგრესი გაიხსნა Tesis sobre la Situación Mundial y la Tarea de la Internacional Comunista-თი. მეოთხე კონგრესი, ვერსალის ზავის შესახებ რეზოლუციის გარდა, წარმოგვიდგენს საერთაშორისო კომუნისტური ტაქტიკების შესახებ რეზოლუციას, რაც კაპიტალიზმის დაღმასვლის პერიოდის, საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციის, კაპიტალის განვითარების, საერთაშორისო ფაშიზმისა და ახალი პაციფისტური ილუზიების შესაძლოობის შესახებ თავს შეადგენს (Pasado y Presente, n. 47, მეორე ნაწილი). საერთაშორისო სიტუაციის შესახებ ტრადიციული თავის გარდა, რომელიც კომუნისტური ტაქტიკების შესახებ რეზოლუციების დასაწყისს წარმოადგენს, მეხუთე კონგრესმა შეადგინა ანგარიში Sobre la Situación Económica Mundial. მეექვსე კონგრესი უკვე გარკვეულ ფორმებს იძენს და იქცევა კლასიკურ ანგარიშად Tese Sobre a Situação e as Tarefas da Internacional Comunista, რომელიც მსოფლიო ეკონომიკისა და მისი ტექნიკების შესახებ თავით იწყება, რასაც მოჰყვება იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ ბრძოლის თეზისი, შემდეგ კი წარმოდგენილია რევოლუციური მოძრაობისა და კოლონიალურ ქვეყნებთან მესამე ინტერნაციონალის ურთიერთობის მაკონსოლიდირებელი კოლონიები და ნახევრად კოლონიები (Pasado y Presente, n.66). კონგრესის ანგარიშები საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ბუხარინის ნაშრომს „საერთაშორისო სიტუაცია და კომუნისტური ინტერნაციონალის ამოცანა“ (Pasado y Presente, n.67).

გაზიარება