როცა მდინარე გაყვითლდა

ავტორი: დევიდ ბეკონი


ადამიანები მექსიკის პატარა ქალაქებიდან ჰყვებიან ბრძოლაზე გლობალური კორპორაციებისა და სნეულებების წინააღმდეგ. მათ კარლოს ფუენტესის და კარლოს კასტანედას პერსონაჟების სახელები ჰქვიათ, ბედი კი ისეთივე აქვთ, როგორიც საქართველოს ინდუსტიული ქალაქების მკვიდრებს.

რეპორტაჟში, რომელიც 2016 წელს ‘The American Prospect’-ში გამოქვეყნდა, მწერალი და ფოტოჟურნალისიტი დევიდ ბეკონი აღწერს კანანეას სპილენძის მაღაროში შექმნილ ვითარებას მექსიკის რევოლუციიდან დღემდე. ავტორი, ადგილობრივთა და მკვლევართა მონათხრობზე დაყრდნობით, მკაფიოდ უჩვენებს სამთო ინდუსტრიაში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფის მიზეზს და შედეგებს.

2019 წელს ‘BBC News Mundo’-ს კორესპოდენტმა მექსიკაში ანა გაბრიელა როხასმა მოამზადა რეპორტაჟი, სადაც ყურადღებას ამახვილებს კომპანიის სრულ უპასუხისმგებლობაზე.

2020 წლის ნეომბერში ესპანური გაზეთის ‘El País’ რეპორტიორი ალმუდენა ბარაგანი ისევ ეწვია კატასტროფის არეალს. მისი თქმით, კორპორაცია დღემდე არაფერს აკეთებს კატასტროფის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

კორპორაცია მექსიკის მთავრობასთან არის გარიგებული და აგრძელებს რეგიონის განადგურებას. მძიმე ვითარების მიუხედავად, ადამიანები იძულებულნი არიან სცადონ ორგანიზება და იბრძოლონ გადარჩენისთვის, რადგან დამანგრეველ ექსპლუატაციასთან ერთად, კორპორაციების მოტანილი ეპიდემიები მათ სხვა გზას არ უტოვებს.

საყურადღებოა კარგად გავიაზროთ, თუ რა შედეგები მოიტანა კანანეაში ღია სამთო წესით სპილენძის მოპოვებამ, ასევე გამოცდილი მუშების სამსახურიდან გათავისუფლებამ და მათ ნაცვლად სამუშაოების კონტრაქტორებისთვის გადაბარებამ, რადგან მსგავს პროცესებს ვხედავთ დღეს ჭიათურაში, ზესტაფონში, კაზრეთში ტყიბულში.

მექსიკის საზღვრის ორივე მხარეს ადამიანები დღემდე აგრძელებენ ბრძოლას, ისინი იმედს აძლევენ სხვა მშრომელებს, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა წერტილში ცდილობენ ორგანიზებას. ამავდროულად, ელოდებიან ცნობებს შორეულ ქვეყნებში ჩაგრულთა გამარჯვებაზე, რომ გული გაიმაგრონ.

***

2014 წლის 6 აგვისტოს, შუადღეს, მართა აგუპირამ პირველად შენიშნა, რომ ტაჰიჩოპასთან, იქ, სადაც ბაკუნაჩი სონორას უერთდება, მდინარე გაყვითლდა.

„არავის გავუფრთხილებივართ, უბრალოდ დავინახეთ როგორ შეიცვალა მდინარემ ფერი და გაყვითლდა. ამას დაერთო საშინლად აუტანელი სუნი, თითქოს სპილენძის ან ქიმიკანტების ერთად. ყველა თევზი დაიხოცა, ხარი, რომელიც მდინარის წყალს სვამდა მაშინვე მოკვდა, სხვა ცხოველებსაც იგივე ბედი ეწიათ.“ – იხსენებს ის.

ტაჰიჩოპა პატარა მექსიკური ქალაქია 200 მაცხოვრებლით. იგი მდებარეობს ფერდობზე, სადაც ლა ელენიტას მთისწინეთი სონორას უდაბნოს მაღლობთან ჩამოდის და მას უსწორდება, არიზონას საზღვრიდან დაახლოებით 60 მილში. ქალაქის საძირკველი კი მდინარის ორივე ნაპირს მიუყვება, „ამიტომ, ადამიანებმა უნდა გაიარონ მოწამლული მდინარე ქალაქში მისასვლელად და თავადაც მოიწამლონ.“ – ამბობს მართა.

ტაჰიჩოპადან მდინარე სონორა ფართო მწვანე ველების გავლით, სამხრეთ-დასავლეთით ჩამოედინება. ყვითელმა წყალმა სხვა ქალაქებამდეც მიაღწია. ბანამიჩის შემდეგ ბავიაკორას და ბოლოს ურესს.

ლუზ აპოდაკა ქვემოდინების მომდევნო ქალაქში ცხოვრობს. მას სხვა ადგილობრივებივით უყვარდა მდინარის პირას მცენარეების შეგროვება. „მდინარეში შევედი“ – იხსენებს დანანებით. „იმ დღეს მდინარე მუქი ყავისფერი იყო, შოკოლადივით. მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, აქ ბანაობას ხომ მიჩვეულნი ვიყავით.“

შაბათ-კვირას აქ ოჯახებით მოემგზავრებოდნენ ჰერმოსილოდან, სონორას მთავარი ქალაქიდან, რომელიც 700 ათას მაცხოვრებელს იტევს და მდებარეობს შორს, მდინარის ორ დიდ წყალსაცავს შორის. სტუმრები მდინარის განაპირა რესტორნებში ატარებდნენ დროს და ქვიშაზე პინკნიკებს აწყობდნენ.

ლუზ აპოდაკა ამბობს, რომ მდინარეს უკვე ამიაკის სუნი ჰქონდა, ხოლო მისი სახე შეშუპებას იწყებდა. „შემდგომი ორი დღის განმავლობაში ჩემმა კანმა დაიწყო დასკდომა, მას შემდეგ სახეზე ლაქები მაქვს, ასევე მხრებზე და ფეხებზე… ხელის ფრჩხილები სულ დამძვრა, ვეღარ ვიძინებდი, რადგან მტანჯავდა სახის, მუხლების, ძვლების, ნერვების და საერთოდ, ყველაფრის ტკივილი.“

ის, რაც ამ ორმა ქალმა გამოსცადა, სონორასა და ბაკანუჩის მდინარეების ხეობების 20 ათას მცხოვრებთან ერთად, იყო მექსიკის ისტორიაში მომწამვლელი ნარჩენების ყველაზე დიდი გაჟონვის შედეგი.

***

სონორას უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი რეინა კასტრო თავის მოხსენებაში ამბობს: „მაღაროს ავზის გაუმართაობამ გამოიწვია, დაახლოებით, 40 ათასი კუბური მეტრი ნარჩენების (მათ შორის, მჟავა სპილენძის სუფატის) გაჟონვა’’.

‘CONAGUA’-მ, მექსიკის სააგენტომ, რომელიც წყლის ხარისხს აკონტროლებს, 9 აგვისტოს აღმოაჩინა წყალში მძიმე მეტალების მაღალი დონე, მათ შორის, ალუმინის, დარიშხანის, კადმიუმის, სპილენძის, ქრომის, რკინის, მანგანუმის, ნიკელისა და ვერცხლისწყლის.

მდინარის დაბინძურების შედეგად ადამიანები დაავადნენ, ადგილობრივი თემები გაღარიბდნენ, ხეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა.

საპასუხოდ, ადგილობრივებმა, მაღაროლებთან ერთად შექმნეს პოლიტიკური მოძრაობა და ერთად ჩაერთვნენ მექსიკის ისტორიაში უდიდეს გაფიცვაში. ამ გაერთიანებამ, კორპორატიული გიგანტების წინააღმდეგ, აშშ-მექსიკის საზღვრის ორივე მხარეს დაიწყო ბრძოლა.

***

ორივე მდინარე სათავეს ლა ელენიტაში იღებს, იქ, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კანანეას სპილენძის მაღარო მდებარეობს. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სპინლენძის მომპოვებელი კომპანიები მთებს აფეთქებდნენ. იმ დროისთვის, როცა გაჟონვა მოხდა, მაღაროელები უკვე შვიდ წლიან გაფიცვაში იყვნენ ჩართულები. ბრძოლაში, რომელიც 2007 წლის ივლისში დაიწყო. 2010 წლიდან მაღაროს შტრაიკბრეიხერები ამუშავებენ, ისინი ‘Groupo Mexico’-ს, გლობალური სამთამადნო კორპორაციის მფლობელებმა დაიქირავეს. ზოგიერთი მუშა აიყვანეს შვილობილ კომპანიაში, ბუენავისტა დელ კობრეში, რომელიც კანანეას მაღაროს ექვემდებარება, დანარჩენები კონტრაქტორებად მუშაობენ.

2014 წლის პირველ სექტემბერს, ინციდენტიდან სამი კვირის შემდეგ, ‘Groupo Mexico’ პრესასთან მიცემულ განცხადებაში მხოლოდ ტექნიკურ პერსონალს ადანაშაულებდა: „ჩვენ ვაანალიზებთ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, დაბინძურების მთავარი მიზეზი იყო მილის მჭიდის კონსტრუქციული გაუმართავობა Tinanjas 1-ის სისტემაში…რომლის უზრუნველყოფაც, ხელშეკრულებით დავალებული ჰქონდა რეგიონში ამ სპეციალობის კომპანიას ‘TECOVIFESA’-ს“. ასევე გამოაცხადეს, რომ მდინარის გასასუფთავებლად აგზავნიდნენ მუშებს და მოგვიანებით, მექსიკის მთავრობასთან ერთად, შეთანხმდნენ, დაეარსებინათ ფონდი, რათა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის გადაეცათ კომპენსაცია, რომელიც დაზიანების შედეგებს აუნაზღაურებდათ.

***

‘სექცია 65’-ის, მაღაროს, მეტალის ფოლადის და მოკავშირე მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, კომპანია წლების განმავლობაში კონტრაქტორებით ანაცვლებდა მაღაროს გამოცდილ მუშახელს. კანანეას მაღარო მოიცავს 13 ავზს, რომელშიც მილიონობით გალონი თხევადი ნარჩენი ჩაედინება ქვიდან მეტალის გამოყოფის შედეგად. ამ სამუშაოს შესრულება თავდაპირევლად კავშირის წევრების მოვალეობაში შედიოდა, სანამ კომპანია მათ კონტრაქტს შეუწყვეტდა. კონრაქტორების საკითხი კი, თავიდანვე, გაფიცვის ერთ-ერთი პრინციპული მიზეზი იყო.

დღეს ‘Groupo Mexico’ ფლობს მაღაროებს მექსიკაში, პერუში და შეერთებულ შტატებში. 2016 წლის პირველ მეოთხედში კორპორაციამ 406 მილიონ დოლარიანი მოგება ნახა, სრული შემოსავალი კი 1.9 მილიარდია წელიწადში. ლითონსა და ნედლეულზე, ჩინეთის ბაზრის მოთხოვნის დაქვეითების მიუხედავად, კომპანია მაინც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მაღაროა მსოფლიოში.

კომპანია თავდაპირველად იყო ‘ASCARO’-ს [ American Smelting and Refining Company], მექსიკური მხარე, რომელსაც 1899 წლიდან გუგენჰეაიმების ოჯახი ფლობდა. 1965 წლამდე ‘ASCARO’ მექსიკაში ფლობდა უამრავ მაღაროს. მოგვიანებით, მექსიკური კომპანიები ადგილობრივ ინვესტორებს მიჰყიდეს. მათ შორის იყო ჟორჟ ლარეა ორტეგა, მექსიკის „სპილენძის მეფე“. ახლა მისი შვილი გერმან ლარეა მოტა აკონტროლებს ‘Groupo Mexico’-ს.

***

მექსიკაში უმსხვილესი კანანეას მაღარო თავდაპირველად ეკუთვნოდა ამერიკელ პოლკოვნიკ უილიამ კ. გრინს. 1906 წელს მაღაროელები „მექსიკური საზღაურის“ გამო აჯანყდნენ – რაც გულისხმობდა იმას, რომ ამერიკელებს უხდიდნენ უფრო მეტს, ვიდრე მექსიკელ მუშებს. აჯანყების შემდეგ, არიზონადან წამოსულმა სადამსჯელო რაზმმა გადალახა საზღვარი მექსიკაში და გაფიცვა შეაჩერა. ეს ბრძოლა ითვლება მექსიკის რევოლუციის პირველ კონფლიქტად.

კანანეა მას შემდეგ ეკუთვნოდა ანაკონდას სპილენძის კომპანიას, რომელმაც უარი თქვა მოპოვების ძველ მეთოდზე და ღია სამთო სამუშაოები წამოიწყო. სწორედ, აქედან იწყება რეგიონის განადგურების პროცესი. ამ გადაწყვეტილებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანების ჯანმრთელობაზე, ტერიტორიის ეკოლოგიაზე.

ღია წესით დამუშავებისას, კომპანია მთებზე აფეთქებს უზარმაზარ ქვის ლოდებს, ამოღებულ წიაღისეულს ტვირთავენ მანქანებზე და მიაქვთ გადასამუშავებლად. იქ კი მადნის გადარჩევის პროცესი იწყება. მადანი პატარა ნაწილაკებად დამიწდება და დიდი ნარჩენები გადაიყრება. დაშლილი ქვა დამუშავდება და მჟავასთან ერთად გაიხსნება, რომლისგანაც ლითონი გამოიყოფა, ეს ყველაფერი ავზებში გროვდება. დიდი ელექტროდებით ლითონს მიღებული ხსნარისგან გამოაცალკევებენ, ხოლო ნარჩენები ავზით გადადის 13 გუბურაში. 2014 წლის გაჟონვა სწორედ ამ პროცესის შედეგად მოხდა ერთ-ერთი ავზიდან.

***

დღეს კანანეაში მაღაროელთა სახლებს სამთო ნარჩენების კოშკები ფარავს, ქალაქის ძველი ნაწილი მთლიანად ამ სანაგვეშია ჩაფლული. ცხელ, ქარიან ამინდში მტვერი გადამუშავებული ქვებიდან ადგილობრივთა კარ-მიდამოებში ხვდება. მაღაროელთა ოჯახები ამ მინერალების ნარჩენებს სუნთქავენ. კანანეას გარეუბნებში განთავსებული გიგანტური ავზები მიედინებიან სამხრეთ საზღვრების მაგისტრალზე, მდინარე სონორას დინების პარალელურად.

1980-იანი წლების ბოლოს პრეზიდენტ კარლოს სალინას დე გორტარის ადმინისტრაციამ კანენას მაღარო გაკოტრებულად გამოაცხადა და შემდეგ, 1990 წელს 475 მილიონ დოლარად მიჰყიდა ლარეას ოჯახის ‘Groupo Mexico’-ს. დღევანდელი შემოსავლებით ეს კომპანიის სამი თვის მოგებაა. 1988 წელს სალინასმა ლარეას, ასევე, მიჰყიდა მეზობლად მდებარე ნაკოზარის მაღარო.

1997 წელს ‘Groupo Mexcixo’-მ პენსილვანიაში დაარსებულ ‘Union Pacific’-თან თანამშრომლობით, 527 მილიონ დოლარად შეისყიდა მექსიკის მთავარი ჩრდილო-სამხრეთის სარკინიგზო მაგისტრალი და გააუქმა სამგზავრო მომსახურება. ორი წლის შემდეგ ‘Groupo Mexcixo’-მ თვით ‘ASCARO’-ც იყიდა, თავისი წინამორბედი, მშობელი კომპანია, 1.8 მილიარდ დოლარად, შესაბამისად, იგი აშშ-შიც უამრავი მაღაროებისა და საბადოების მფლობელი გახდა.

დღესდღეობით კორპორაციის დირექტორთა საბჭო დაკავშირებულია მექსიკის უამრავ ბანკთან თუ მედია კორპორაციასთან. მაგალითად, დირექტორი კლაუდიო იქს. გონსალეზ ლაპორტე ‘Kimberley Clark de Mexico’-ს საბჭოს თავმჯდომარეა. ასევე იყო ‘General Electric’-ის, ‘Kellogg’-ის, ‘Home Depot’-ის დირექტორი, მექსიკური მედია-გიგანტი ტელევიზიის მფლობელი და მექსიკის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი.

1990-იანი წლების ბოლოსთვის ‘Grupo Mexico’-სა და მშრომელებს შორის მწვავე დაპირისპირება არსებობდა. კომპანიამ, პირველ რიგში, მოგების გასაზრდელად შეამცირა ხელფასები. 1997 წელს სარკინიგზო მაგისტრალის თანამშრომლები გაიფიცნენ, მაგრამ დამარცხდნენ. 1998 წელს კანანეას მაღაროელები ისევ გაიფიცნენ. ამჯერად ისინი აპროტესტებდნენ მუშების სამსახურიდან გაშვებას, რომელთა ჩანაცვლებასაც კონტრაქტორების მიერ აყვანილი სამუშაო ძალით გეგმავდა კომპანია. ეს გაფიცვაც მარცხით დასრულდა, 1000-დან 800 მაღაროელი სამუშაოზე არ აღადგინეს.

მაღაროელები იბრძოდნენ იმ ხელფასისა და პირობების შესანარჩუნებლად, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ბრძოლით მიაღწიეს. 1950-იან 1960-იან წლებში მექსიკელ მაღაროელებს უკეთესი შრომითი დაცვის კანონმდებლობა ჰქონდათ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში დასაქმებულ მაღაროელებს, აკონტროლებდნენ სილიციუმის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ მტვერს, ჰქონდათ უკეთესი ხელფასი და ცხოვრობდნენ მთავრობისგან მიღებულ სახლებში.

მას შემდეგ, რაც 1998 წლის გაფიცვაში დამარცხდნენ, ‘Grupo Mexico’-მ გათიშა სავენტილაციო მილები თავისი ძირითადი საბადოს კონცენტრატორის შენობის სახურავზე, შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე მტვერი მუხლებამდე აღწევდა. ‘Grupo Mexico’-მ ასევე დახურა საავადმყოფო ‘Ronquillo’, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა მაღაროელებსა და მათ ოჯახებს. 80 წლის განმავლობაში, მაღარო პასუხისმგებელი იყო წყალმომარაგების სერვისზე ქალაქში, გაფიცვის შემდეგ, კომპანიამ, პრაქტიკულად განაცხადა, რომ ქალაქს თავისი თავი თვითონვე უნდა გადაერჩინა.

კომპანიამ ესეც არ იკმარა და სამსახურიდან დაითხოვა 135 თანამშრომელი, რომელიც პასუხიმგებელი იყო ავზებიდან ნარჩენების გადინების უსაფრთხოებაზე. მაშინ მაღაროელი რენე ენრიკე ლეონი შიშობდა, რომ მოხდებოდა გაჟონვა, სითხე კი მიაღწევდა მდინარე სონორას სათავეებს და ქვემო დინებას. „ეს იქნება ეკოლოგიური კატასტროფა“- წინასწარმეტყველებდა ის.

2006 წელს ‘Grupo Mexico’-ს ერთ-ერთ მაღაროში, ‘Pasta de Conchos’-ს ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში აფეთქება მოხდა, რამაც 65 მაღაროელი ჩაიყოლა მიწის ქვეშ. კომპანიამ და მთავრობამ სამაშველო ძალები მხოლოდ 6 დღის შემდეგ ჩართო. პროფკავშირის ხელმძღვანელმა ნაპოელონ გომეს ურუტიამ მთავრობა და კომპანია დაადანაშაულა „ინდუსტრიულ ჰომიციდში“, რის პასუხადაც, მთავრობამ მას ბრალი დასდო თაღლითობაში.

გომესი მექსიკიდან გაიქცა და კანადას შეაფარა თავი. იქ ფოლადის მუშების პროფკავშირის წარმომადგენლების დახმარებით ცხოვრობდა. რამდენიმე წლიანი გასაჩივრების შემდეგ, მექსიკის სასამართლომ მას ბრალი მოუხსნა, თუმცა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან მთავრობისგან ვერ მიიღო თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტიები.

***

ანტონიო ნავრეტე, რომელმაც კანანეაში 1985 წელს დაიწყო მუშაობა, ამბობს, რომ 2000-იანი წლების შუა ხანებში უსაფრთხოების ზომების არარსებობამ „წარმოშვა ფსიქოზური შიში. ერთხელ შეხვალ მაღაროში და არ იცი დაბრუნდები თუ არა უკან“. მანქანები არაა ტექნიკურად გამართული, არ არსებობს მტვრის ვენტილაციისთვის საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობა. უბედური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მუშები კარგავენ თითებს, ხელებს. მოჭარბებული პრობლემების ფონზე, მისთვის ცხადი იყო, რომ კომპანია თავად უბიძგებდათ გაფიცვისკენ:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, უნდა დაგვეწყო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიხოცებოდით.“

გაფიცვის პირველი სამი წლის განმავლობაში, მექსიკის შრომითი კანონმდებლობით კონკრეტული ობიექტისთვის ფუნქციონირება ლეგიტიმურად შეწყდა. კომპანიას ადანაშაულებდნენ ექსპლუატაციაში. თუმცა, შემდგომ პერიოდში მთავრობამ გაფიცვა გამოაცხადა არალეაგლურად, შედეგად, 2010 წელს ფედერალურმა ჯარისკაცებმა და პოლიციამ ქალაქი დაიკავა – კანანეას მაღარო კი გახსნეს. მიუხედავად ამისა, ‘სექცია 65’ აგრძელებდა გაფიცვის ღონისძიებების ორგანიზებას. კავშირი,ასევე, განაგრძობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს. ჯერ კიდევ 2009 წელს მაღაროელთა გაფიცვის კომიტეტმა გააფრთხილა ედუარდო ბურსი, სონორას გუბერნატორი, რომ

„შეიძლება მოხდეს გაჟონვა და გამოიწვიოს ძალიან სერიოზული შედეგები, რადგან 14 აპრილის შემდეგ კომპანიამ გაათავისუფლა სასწრაფო დახმარების პერსონალი და მათთან ერთად, პროფკავშირელი სამუშაო ძალა, რომელიც უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი’’. კომიტეტს პასუხი არ მიუღია.

ყველა გრძნობდა, რომ ტრაგედია გარდაუვალი იყო. ხუთი წლის შემდეგ პროგნოზირებული გაჟონვა საბოლოოდ მოხდა. გაფიცულთა კავშირის ლიდერმა ნავარეტემ ერთ დილას Facebook-ზე ნახა ბაკანუჩის ექიმის დახმარების თხოვნა, „ჩვენ მაშინვე წავედით“ იხსენებს ის,

„ქალაქელები, ბავშვებიც კი, ყველანი ტიროდნენ, არავინ იცოდა რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს, გილა, უზარმაზარი ხვლიკი და კოიოტებიც კი გაურბოდნენ საშიშროებას,“

მისი თქმით, გაფიცულები დაზარალებული ქალაქებისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო გახდნენ: “ჩვენ ყოველთვის გვეშინოდა, რომ მაღაროში არსებული მდგომარეობა გავლენას თემის ცხოვრებაზეც მოახდენდა. ამიტომ, ავიღეთ პასუხიმგებლობა, დავხმარებოდით მათ ორგანიზებაში, ჩვენ გვჭირდებოდა ძალების გაერთიანება“. სწორედ ეს იყო „მდინარე სონორას ფრონტის“ დაარსებისა და ბრძოლის დასაწყისი.

***

დღეს ფრონტს უძღვება მარკო ანტონიო გარსია, ფერმერი და ყოფილი პროფკავშირელი ბავიაკორას მაღაროდან. მისი ღრმად დაღარული სახე ასახავს მშრომელის ცხოვრებას ღრმა უდაბნოში.

გარსია ამბობს, რომ არამხოლოდ პირადი დანაკარგი აიძულებდა მას ჩართულიყო ბრძოლაში, არამედ „თუ არ გავიმარჯვებთ, რიო სონორას მოსახლეობა დაკარგავს უფრო მეტს, საკუთარ ღირსებას.“

„ფრონტის ორგანიზება თავის თავზე პირველად პროფკავშირულმა გაერთიანებამ ‘სექცია 65’-მა აიღო კანანეაში, მათ დაიწყეს მდინარის გასწვრივ ყველა ქალაქის მონახულება. „მათ თავიანთი პრობელმები ჰქონდათ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი მდინარესთან დაკავშირებით. თავდაპირველად, მოსახლეობის ნაწილი თვლიდა, რომ მაღაროელებმა მთელი ცხოვრება ამ ბრძოლაში გაატარეს, უშედეგოდ, თუმცა, სინამდვილეში, ისინი დიდ ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ისეთივე დიდში, როგორშიც ჩვენ და თუ გვინდოდა, რომ რიო სონორას მოსახლეობას მომავალი ჰქონოდა, უნდა გაგვეაზრებინა, რომ ეს ბრძოლა ჩვენს დარჩენილ ცხოვრებას მთლიანად მოიცავდა, რადგან მდინარის დაბინძურება სწორედ აქამდე გაგრძელდებოდა.“

პროტესტი პირველად ურესში დაიწყო, გაჟონვიდან ერთი თვის შემდეგ. „ჩვენ დავიწყეთ დემონსტრაციები და გადავკეტეთ გზატკეცილი“ ამბობს ლუპიტა პუმი. იგი ახლა ფრონტის წევრია.

„დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ დავიწყეთ სხვა ქალაქების მონახულება, რომელსაც მდინარე ჩაუყვება“. ვინაიდან ადგილობრივები უკვე ხვდებოდნენ ნავარეტეს და სხვა მაღაროელებს ‘სექცია 65’-დან, მან ახალი გეგმა დაისახა: „ჩვენ გადავწყვიტეთ ორგანიზებული დაბანაკება (ისეთივე როგორიც უოლ სტირტის ოკუპაცია იყო) მაგრამ ჩვენი მიზანი მიმართული იყო მაღაროსკენ“.

მართა აგუპირა იხსენებს, რომ მაშინ, როცა მაღაროელები ტაჰიჩოპაში ჩამოვიდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ პროტესტს შეერთებოდნენ – “მუნიციპალიტეტის პრეზიდენტი დაგვემუქრა, რომ მოვიდოდნენ ჯარისკაცები, შეიარაღებული ძალები და ჩაგვყრიდნენ ციხეში, მაგრამ რა გვქონდა დასაკარგი იმ დროს?“

2015 წლის 18 მარტს ავტობუსები და მანქანები მდინარის განაპირად ქარავანივით ჩამწკრივდნენ. ფედერალური და საშტატო პოლიციის ოფიცრები მაღაროს კარს იცავდნენ, ამიტომ ავტობუსებმა ასობით ფერმერი და გაფიცული მაღაროელი ქალაქგარეთ, იმ ქარხანაში ჩამოსვა, საიდანაც იტუმბება წყალი მაღაროში. რამდენიმე თვის განმავლობაში მათმა გაერთიანებამ შეძლო, შეეწყვიტა წყალმომარაგება მაღაროსთვის და შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაიშალა.

„იქ დიდხანს დავრჩით.“ იხსენებს ლუპიტა პუმი. მისი ქმარი ურესში დარჩა, რათა ბავშვებისთვის მიეხედა, ხოლო თავად ფრონტზე, სხვა ქალებთან ერთად, საპროტესტო მოძრაობის ხერხემლად იქცა. პუმმა დიდი ტატუ გაიკეთა ზურგზე, გაფიცულთა გაერთიანების სიმბოლო. „მაღაროელებს ჩვენთვის ყოველდღიური საკვები და მასალა მოჰქონდათ, რათა თავშესაფარი გვქონოდა. ჩვენ არ გვეშინოდა. შიში ჩემთვის ნიშნავს შემოიჭდო მკლავები მუხლებზე და არაფერი აკეთო. აქ ხმას ვიმაღლებდით, ხალხს ვაიძულებდით ჩვენთვის მოესმინა“.

***

2016 წლის აპრილში აშშ-ს ჯანდაცვის სპეციალისტების ჯგუფი, გარემოსდაცვითი და შრომითი აქტივისტები ეწვივნენ მდინარისპირა ქალაქებს. მათ დაადგინეს, რომ გაჟონვის გავლენა ჯერ კიდევ ძლიერი იყო. კადელბა ლომელი-ლოიბლი, ექთანი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდიდან, ჰერმოსილოში პრესკონფერენციაზე ამბობდა:

„ჩვენ ვიპოვეთ ბავშვები 4-10 წლამდე ასაკის შუალედში, მწვავე გამონაყარითა და მტკივნეული ანთებებით, რომლებიც ერთი წლის შემდეგაც კი არ ჩამცხრალა, ასევე ვნახეთ ხანდაზმული ადამიანები ღვიძლისა და თირკმელების გართულებული პრობლემებით.“

ლომელი-ლეიბლისა და მისი თანამშრომლების, ოლივია დე ბრის და გარეტ ბრაუნის მონაცემებით, გამოკვლეულ ადამიანთა 76% აღმოაჩნდა კანის პრობლემები, 78%-ს თვალის, ბევრ მათგანს თავის ან სახსრების ტკივილები აწუხებდათ ან თმა სცვიოდათ. ჯგუფი მიუთითებდა, რომ აუცილებელი იყოს ქალაქების მოსახელობის სრული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მთავრობისა და უნივერსიტეტების გამოგზავნილმა ჯგუფებმა ნიმუშები აიღეს, თუმცა კვლევის შედეგები ან რაიმე მოხსენება მათთვის არ წარუდგენიათ.

ბავიაკორაში ერთ-ერთმა ინტერვიუერმა მედიკოსს ოლივია დე ბრის განუცხადა, რომ მისი 13 წლის შვილიშვილი წყალში შევიდა გაჟონვის შემდეგ, მაშინ, როცა წყალი კვლავ ყვითელი იყო. მოგვიანებით, მას სახეზე დაზიანებები გაუჩნდა. ბავშვი გრძნობდა, თითქოს შიგნიდან ჭამდა რაღაც. მეხიკოში ჩატარებულმა ტესტებმა სისხლში აღმოაჩინა ტყვიისა და კადმიუმის მაღალი დონე,.მას ახლა აქვს ქრონიკული სინუსიტი და სიმსივნე სახეზე – ინტერვიუს ამ ეტაპზე რესპოდენტმა ტირილი დაიწყო.

რეინა ვალენზუელა, ურესიდან, ჰყვება: “ჩვენ ბავშვებს პრობლემები ჰქონდათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ წყალს ვსვამდით. ჩვენი წყალი ჭაბურღილიდან მოდის, ჭები მოიწამლა. როგორც ექიმებმა თქვეს, როცა ბანაობ ან წყალს სვამ, შხამი თავიდან ფეხებამდე გედება“. მის 11 წლის შვილს კვლავ აქვს გამონაყარი მთელ სხეულზე, რაც მძიმე მეტალების მავნე ზეგავლენის შედეგია.

ბავიაკორაში, ადგილობრივმა ფერმერმა ხესუს კორდობამ გაიხსენა: „გაჟონვის შემდეგ, თავდაპირველად, დიდი კასრებით მოიტანეს წყალი, თუმცა ახლა იძულებულები ვართ ვიყიდოთ. 20 ლიტრიანი კონტეინერი (5 გალონი) 13 პესო ღირს. კვირაში 6 ასეთ კონტეინერს ვიყენებთ, მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე. არ მჯერა რომ მდინარე ოდესმე პირვანდელ სახეს დაიბრუნებს’’.

დაბინძურების შემდეგ ‘Grupo Mexico’-მ ურესის კლინიკა დააფინანსა. მოსახლეობის ნაწილმა თქვა, რომ იქ მკურნალობას გადიოდნენ, თუმცა უმრავლესობა აცხადებდა, რომ არ ენდობოდნენ კომპანიას.

კლიმატის სამართალმცოდნე, ბრუკ ანდერსონი, თან ახლდა მედდას, იგი ამბობს, რომ მოსახლეობამ დაკარგა წლიური შემოსავალი, რადგან მათ აღარ აქვთ მოსავალი, აღარ შეუძლიათ მცენარეების დარგვა, მოყვანა, მორწყვა ან გაყიდვა. ასევე დაკარგეს ტურისტული სფეროდან მიღებული შემოსავალიც.

„ხალხი მოდიოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესაძენად, თუმცა ახლა აღარ მოდის, რადგან სჯერათ, რომ ახლა ისიც მოწამლულია“ – განმარტავს მართა აგუპირა. „როცა ჩვენი ლობიო ჰერმოსილოში ჩავიტანეთ, მისი ყიდვა არავის სურდა. აქ ოჯახები შიმშილობენ, რადგან საერთოდ აღარ აქვთ შემოსავალი.“

პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა გაჟონვიდან ერთი თვის შემდეგ, მაშინ, როცა დასავლეთ მექსიკას ოდილის დამანგრეველმა ქარიშხალმა გადაურა.

„როცა მდინარე ადიდდა, დატბორა მიწები. ამან გამოიწვია დაბინძურება მდინარის ორივე მხარეს, უზარმაზარ ფართობზე. წვიმებმა, ცხადია, მდინარე არ გაასუფთავა. ამას მხოლოდ ‘Grupo Mexico’ ამტკიცებდა. პირიქით, დაბინძურება კიდევ უფრო გაავრცელა. თუკი მიწას გათხრით, მის სიღრმეში ქიმიკანტების დალექვის შედეგად გაყვითლებულ ნარჩენებს აღმოაჩენთ. სრულიად დაჭკნა მინდვრები, მდელოებზეც მარტივად შეამჩნევთ ამ ყვითელ შხამს.“

***

პატარა თემის ცენტრში, ტაჰიჩოპას სამედიცინო კლინიკაში, პატარა კაბინეტში რამდენიმე შხამიანი წყლის ბოთლი იდგა, სკამზე კი მართა აგუპირა იჯდა. ლამაზი სახიდან თმები გადაიყარა და სულ მხრებზე დასცვივდა. „ადრე ხშირი თმა მქონდა“ – იხსენებს სევდიანად – „ახლა სულ მცვივა“.

სიღარიბემ ყველაფერი შეცვალა. ხალხი მასობრივად უჩინარდება მდინარისპირა ქალაქებიდან: „ადამიანები ტოვებენ საცხოვრებლებს, რათა სამუშაო სხვაგან იპოვონ. ასე რომ, ახლა მხოლოდ მოხუცები დარჩნენ’’. ამბობს აგუპირა. „მამაჩემი რჩება, რადგან უყვარს ეს ადგილი.”

ადამიანები მდინარისპირა ქალაქებიდან კანანეას მაღაროში საქმდებოდნენ. გაფიცულებიც და სხვა მაცხოვებელებიც ადასტურებენ, რომ კომპანია ახლა ადგილობრივებს აღარ დაიქირავებს მაღაროში, რადგან თვლის, რომ ადგილობრივი მუშები გაფიცულებს თანაუგრძნობენ და არსებობს საფრთხე, მათ რიგებს შეუერთდნენ. ამასობაში, რამდენიმე გაფიცული წავიდა შეერთებულ შტატებში, რათა ოჯახის სარჩენი ფული გამოიმუშავოს. ერთი გაფიცული, რომელმაც საკუთარი კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვა, ამბობს: „აქ შავ სიაში ვარ, მეორე მხრივ, აშშ-ში უბრალოდ ერთ-ერთი არალეგალი ვარ, რთულია ადამიანურობის შენარჩუნება, ვარსებობთ, სხვა გზა არაა“.

კანანეას გავლენა საზღვრებს პირდაპირი გაგებითაც კვეთს. სან პედრო სონორადან მდინარე ჩაედინება არიზონაში, სადაც იგი ხვდება მდინარე გილას და საბოლოოდ კოლორადოს. ესაა ერთადერთი მდინარე უდაბნოდან აშშ-მდე გადამფრენი ფრინველებისთვის, იაგუარებისთვის, კოატებისთვის და გადაშენების პირას მყოფი სხვა სახეობებისთვის.

მდინარე წყლით ამარაგებდა არიზონაში სიერა ვისტას და ფორტ ჰუაჩუკას. მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ ეს წყალი მოედინება ლას ნუტრიას და ელ საუზის მდინარეებიდან, მათი სათავეები კი კანანეასთან ახლოსაა.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხსენებით, 1974 წელს მაღაროდან ნარჩენების ნადენები ჩაიღვარა სან პედროში. 60 მილის მანძილზე დაიხოცნენ თევზები და ცხოველები. ‘E-Tech International’-ის თანამშრომლების, დიკ კემპის და ლორი სილვანის მოხსენებაში, რომლებიც მაღაროს 2014 წელს ეწვივნენ, წერია, რომ ორივე მდინარის, სონორასა და სან პედროს შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ მაღარომ დაიწყოს ავზების გაფართოება. ‘E-Tech International’ არაკომერციული ორგანიზაციაა, იგი უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას განვითარებადი პროექტებით, რომელიც გარემოზე ახდენს გავლენას. მათ განაცხადეს, რომ გაჟონვის შედეგად ამოღებულ სითხეში, ის ძველი მჟავური ჩამონადენიც აღმოაჩინეს, რომელიც წლების შემდეგ მიწაზე და წყლის ზედაპირზე დარჩა.

‘E-Tech International’- მა და სხვა ჯგუფებმა მოითხოვეს მდინარეების სონორასა და სან-პედროს სისტემატური მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ გაჟონვის შემდეგ, მართლაც, 27 ობიექტი შეამოწმა არსებულმა კვლევითმა ცენტრებმა, მოსახლეობა აცხადებს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც თანმიმდევრულად აგროვდებდა წყლის ნიმუშებს, იყო დოქტორი რეინა კასტრო.

ორივე მდინარის შემთხვევაში წყლის ნაკადზე გავლენას ახდენდა მაღაროს მიერ წყლის ამოტუმბვა. ‘Grupo Mexico’–ს 120 ჭაბურღილი აქვს. ქალაქს მხოლოდ 14. რაც წარმოება გაიზარდა, მაღაროში წყლის მოხმარება გაიზარდა. კასტროს შეფასებით, ”2000 წლის ათწლეულში, მაღარომ მოიხმარა 23 მილიონი კუბური მეტრი წყალი წელიწადში, ან 729 ლიტრი [თითქმის 200 გალონი] წამში, სან პედროსა და სონორას მდინარეებიდან”.

”მაგრამ წყალი ერს ეკუთვნის”, – აცხადებს ანტონიო გარსია. ”ჩვენ ყველას გვაქვს მასზე უფლება“.

ფრონტი დაუყოვნებლივ მოითხოვს მდინარე სონორას სრულ გაწმენდას, ჯანმრთელობის სრულყოფილ და გრძელვადიან მონიტორინგს, მდინარის მაცხოვრებლების მკურნალობასა და კომპენსაციას, ‘Grupo Mexico’-ს მიერ იმ შემოსავლისა და მოსავლის ანაზღაურებას, რომელიც მათ გამო დაკარგეს. კორპორაციამ ბიუჯეტიდან 110 მილიონი დოლარი გამოყო დასუფთავების ფონდისა და კომპენსაციისთვის, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ კომპენსაციის დიდი ნაწილი მსხვილმა ფერმერებმა და ბიზნესმენებმა გაინაწილეს, ხოლო მუშები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები კვლავაც უსახსროდ დარჩნენ.

კანანეას გაერთიანებას სურს, გაერთიანების წევრები თავიანთ სამუშაოს დაუბრუნდნენ, თუმცა ბევრ გაფიცულს ეჭვი ეპარება, რომ კომპანია მზადაა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს. 2016 წლის მაისის დასაწყისში ორი მუშა და ზედამხედველი დაიღუპა. სხვა მიზეზებთან ერთად, უბედური შემთხვევების გახშირებაზე გავლენას ახდენს გაზრდილი სამუშაო დრო. 2010 წლის შემდეგ კნანონი აღარ არეგულირებს სამუშაო საათებს. ძველი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოზე დღის მაქსიმალური ხანგრძლივობა 8 საათი იყო, რაც ახლა 12 საათამდე გაიზარდა.

30 ივნისს მექსიკის კონგრესის კომისიამ დაადანაშაულა ‘Grupo Mexico’ სამუშაო დღის 12 საათამდე გახანგრძლივებისთვის და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა ტოქსიკური გაჟონვის შედეგად მდინარე სონორასთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება. ასევე, აკისრებს პასუხისმგებლობას მაისის საბედისწერო უბედურ შემთხვევებზე მაღაროში.

სესილია სოტო გონსალესი, კონგრესის დეპუტატი დემოკრატიული რევოლუციის მემარცხენეთა პარტიიდან ‘La Jornada’-ს უცხადებს:

„დაზარალებულთა ოჯახები კანანეადან განსაკუთრებით იმან განარისხა, რომ, როგორც ყოველთვის, ‘Grupo Mexico’-მ ხელები დაიბანა, ხელისუფლებამ კვლავავ მიკერძოებულად იმოქმედა ავტორიტეტების საკეთილდღეოდ, არ იცავს უსაფრთხოებას, არ იცავს ბუნეავისტა დე კობრეს და კანანეას მაღაროელებს ექსპლოატაციისგან, სადაც ქმედითი ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, სამუშაო საათები დღეში 12 საათამდე გაიზარდა.“

რიო სონორას ფრონტს სოლიდარობა გამოუცხადეს მშრომებელებმა აშშ-დან. როცა კანანეას გაფიცვა დაიწყო 2007 წელს USW-ს (ფოლადის პროფკავშირების გაერთიანება აშშ-დან) წარმომადგენლემა მანი არმეტამ დახმარება გადასცა მაღაროელებს. მომდევნო წლებში კავშირი აგრძელებდა მექსიკელების მხარდაჭერას. ისინი ცდილობდნენ, პოლიტიკური ზეწოლა მოეხდინათ ობამას ადმინისტრაციაზე, რათა მექსიკის მთავრობასთან ეშუამდგომლათ.

აშშ-სა და მექსიკის გაერთიანებებმა ერთად შეიტანეს საჩივარი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში, რომლებიც ‘Grupo Mexico’-სა და ‘ASARCO’- ს საზღვრის ორივე მხარეს მუშაკთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

„ისეთი გიგანტური კომპანიები, როგორიცაა ‘Grupo Mexico’ და სხვა მულტინაციონალური კონგლომერანტები, რომლებიც აიძულებენ მუშებს დადუმდნენ, ზუსტად აჩვენებს იმას, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია საერთაშორისო სოლიდარობა მუშათა გაერთიანებებს შორის.“ – ამბობს ლეო ჟერარდი, ფოლადის პროფკავშირების პრეზიდენტი.

პროფკავშირები ორივე მხარეს აცხადებენ, რომ ისინი აპირებენსაბოლოოდ ერთი ორგანიზაციის ქვეშ გაერთიანდნენ. USW-ს ახლა მოლაპარაკებები აქვს ‘Grupo Mexico’– სთან, რადგან კომპანია ფლობს ‘ASARCO’ მაღაროებს შეერთებულ შტატებში. ამ დროისთვის კომპანია უარს ამბობს დათანხმდეს კონტრაქტს, ეს კი USW-ს 211 წევრს უსახსროდ დატოვებს. სოლიდარობის მოძრაობა, რომელიც საზღვრის ორივე მხარეზეა გაშლილი, დღემდე აგრძელებს ბრძოლას.

გაზიარება