ჩვენ, ერთიანი ძალებით, ვეწინააღმდეგებით თურქულ ოკუპაციას და ვიცავთ ქალთა რევოლუციას.
უკრაინის ომის ჩრდილქვეშ, თურქეთის ახალი თავდასხმა საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის დემოკრატიულ, ავტონომიურ თვითმმართველობას. მიზნის მისაღწევად, თურქეთი შანტაჟის ბინძურ პოლიტიკას მიმართავს. ფინეთისა და შვედეთის განაცხადი ნატოს წევრობაზე იქცა ინსტრუმენტალიზების საგნად, რათა თურქეთმა მორიგი საოკუპაციო ოპერაცია დაბრკოლების გარეშე განახორციელოს. თურქეთი და მისი დაქირავებული ჯიჰადისტი ჯარისკაცები სამხედრო თავდასხმით კვლავ ემუქრებიან ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის მოსახლეობას. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას მთელს რეგიონში.
იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება, დღევანდელი პერიოდი სტრატეგიული ეტაპია. თურქეთს სურს კიდევ ერთი ომი ტერიტორიების გაფართოებისთვის. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, AKP[2]-ის ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების მხარდაჭერა სამხედრო გამარჯვებით მოიპოვოს. ამასთან, იგი მიზნად ისახავს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თავზე, მეორე რესპუბლიკის გამოცხადებას. თურქეთი ცდილობს, რომ სირია და ჩრდილოეთ ერაყი, რომელიც ‘’ეროვნული ფიცის’’ [3] მიხედვით თურქეთის კუთვნილებაა, გააკონტროლოს სამხედრო ოკუპაციის გზით.
ამ მიზანს ემსახურება ჩრდილოეთ სირიაში აფრინის[4], სერეკანიესა[5] და ელ-ბაბის[6] ოკუპაცია, ასევე სამხრეთ ქურთისტანში (ჩრდილოეთ ერაყში) შეჭრა.
სამხრეთ ქურთების პარტია KDP[7] ამ პოლიტიკას უწყობს ხელს, როცა თურქეთის არმიას მხარს უჭერს PKK[8]-ის პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლისას. ამ კონტექსტში, დღის წესრიგში დგება შორსმიმავალი გეგმა, რომ განადგურდეს ქურთი ხალხის თვითგამორკვევის პროცესი და ყველანაირი დემოკრატიული ძალა რეგიონში.
თურქეთის სახელმწიფოს ძალადობამ არნახულ დონეს მიაღწია. ამ ყველაფერს ცხადყოფს მიზანმიმართული მკვლელობები, საჰაერო დარტყმები და სამხედრო საოკუპაციო თავდასხმები ქურთი ხალხის წინააღმდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, იეზიდების სამშობლოში, სინჯარში[9] და ჩრდილოეთ ერაყში, ლტოლვილთა ბანაკ მახმურში[10]. თავდასხმებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, თურქეთი უწოდებს „თავდაცვას“. აცხადებს, რომ მის ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე ემუქრება. თუმცა ეს არ არის სიმართლე.
თურქეთი აწარმოებს აგრესიულ ომს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიაში დემოკრატიული თვითმმართველობის წინააღმდეგ. რადგან სწორედ ეს, თვითმმართველი და დემოკრატიული ძალები ეღობება მას ნეო-ოსმალეთის იმპერიის დაარსების გზაზე. ქალთა რევოლუცია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიაში, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა თვითმმართველობის დემოკრატიული სისტემა, უმთავრესად, ქალთა გათავისუფლებით, ეკალია თურქეთის სახელმწიფოს გვერდში. ბოლო ათი წლის განმავლობაში იქ ჩამოყალიბდა სახალხო დემოკრატიული სტრუქტურები და შეიქმნა ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმები. წელს როჟავას რევოლუციის მეათე წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენ ქალთა რევოლუციისთვისაც მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ დემოკრატიული მიღწევები. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიაში შექმნილი სოციალური მოდელი ერთგვარი ალტერნატივაა, პატრიარქატისა და კაპიტალიზმის მიერ შექმნილი სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. თურქეთის სახელმწიფო ახლა ყველანაირად ცდილობს თავიდან აირიდოს ალტერნატიული მოდელი. ამ მიზეზით, ქალები, რომლებიც პოლიტიკურად ან სოციალურად აქტიურები არიან, პიონერულ როლს ასრულებენ საზოგადოებაში და ხშირად, თავდასხმის სამიზნე ხდებიან.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული, თვითმმართველი სტრუქტურების განადგურებისთვის წამოწყებულ თავდასხმებს სინჯარზე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ თვითმმართველობაზე, მახმურში სახალხოდ ორგანიზებულ ლტოლვილთა ბანკზე, თუ სამხრეთ ქურთისტანში, მედიის თავდაცვის ტერიტორიაზე[11]. ჩვენ ვერ გავჩუმდებით უნივერსალური და დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლისას.
საზოგადოებრივმა ძალებმა უნდა მოახდინონ გავლენა პოლიტიკაზე და არა პირიქით. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ქალს და დემოკრატიულ ძალას, დაუპირისპირდნენ ომს, გამოიჩინონ სოლიდარობა, განახორციელონ პოლიტიკური ზეწოლა და დაიცვან ქალთა რევოლუცია!
ჩვენ მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თურქეთმა თავდასხმები რეგიონზე.
ომი ჩრდილოეთ სირიის წინააღმდეგ უნდა აღიკვეთოს ყველა შესაძლო ძალით.
თურქეთმა და მისმა ჯიჰადისტმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა სრულად გაიყვანონ ძალები ჩრდილოეთ სირიის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის დემოკრატიული თვითმმართველობა საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას აღიარებული.
