კონსპირაციების უნივერსალური გასაღები

კონსპირაციების უნივერსალური გასაღები

ავტორი: რობინ იასინ-კასაბი

ნათია ქარჩილაძის თარგმანი

7 ივლისი 2025

მინდა მჯეროდეს, რომ კონსპირაციული თეორიები განსაკუთრებით გავრცელებულია ქვეყნების და მსოფლიოს პერიფერიებში და არა ყველგან. იქნებ, იზოლაცია სოფლის მოსახლეობას საშუალოზე მეტად პარანოიდულს ხდის, ან უფრო მოწყვლადს ალგორითმის მახეში გასაბმელად. მაგრამ როცა სამყაროს ვაკვირდები – როგორც ქალაქებს, ისე სოფლებს, როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს – ვერ ვპოულობ ვერცერთ ადგილს, რომელიც ამ წყევლისგან თავისუფალია. რადგან კვლავაც ვცხოვრობთ კონსპირაციების ეპოქაში. ისინი განსაზღვრავენ როგორც ჩვენს მაღალი დონის პოლიტიკას, ისე პოპულარულ კულტურასაც.

 

ტერორიზმთან გლობალური ომი – რომელმაც ათობით კონფლიქტი გადააქცია მარტივ, კონტექსტს მოკლებულ და განზოგადებულ ნარატივად, სადაც კეთილ მებრძოლებს ბოროტი შეთქმულები ებრძვიან – რაღაც შუალედური იყო კონსპირაციულ თეორიასა და სლოგანს შორის. ასე დაიწყო ჩვენი საუკუნე.

 

ოცი ათწლეულის შემდეგ, დონალდ ტრამპმა თამამად წარმართა სოციალური მედიის ეპოქის პირველი პოსტსიმართლის პრეზიდენტობა.  თავდაპირველად მისი გადასვლა უძრავი ქონებიდან და რეალითი შოუდან რეალურ პოლიტიკაში უკავშირდებოდა დაუსაბუთებელ რწმენას, თითქოს ბარაკ ობამა შეერთებულ შტატებში არ იყო დაბადებული და, შესაბამისად, არ ჰქონდა პრეზიდენტობის უფლება. ტრამპის მტკიცებით, ამ საიდუმლოს განზრახ მალავდნენ მანიპულატორი ლიბერალი ელიტები.

 

პოპულისტური სცენარის შესაბამისად, ტრამპმა – უკიდურესად მდიდარმა და პრივილეგირებულმა კაცმა – თავი წარმოაჩინა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა და მსხვერპლმა, ზუსტად ისე, როგორც თავად ხალხია, სხვადასხვა ბოროტი დაჯგუფებების, განსაკუთრებით კი „ყალბი ახალი ამბების“ მედიის მსხვერპლად. ამ გზით მან გააუვნებელყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის სიმართლის გამჟღავნების პოტენციალი – მან სიმართლეს უბრალოდ „ყალბი“ უწოდა, ხოლო საკუთარ ტყუილებს – „სიმართლე“, მაშინაც კი, როცა ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

 

ტრამპის ყველაზე დიდი კონსპირაციული თეორია, რაც დემოკრატიისთვის ყველაზე დამაზიანებელი აღმოჩნდა, იყო მტკიცება, თითქოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დემოკრატებმა გააყალბეს, ჩრდილოვან „Deep State“-ის ძალებთან თანამშრომლობით. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელების 53%-ს ამ ტყუილის სჯერა. ეს მილიონობით ადამიანია, მათგან ბევრი კი შეიარაღებულია. ამის სრული შედეგები ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.

 

„დიდი ჩანაცვლების თეორიის“ ევროპული ვერსია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ეგრეთ წოდებულ მუსლიმურ დემოგრაფიულ საფრთხეზე. უნგრეთის ავტორიტარი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამ საფრთხეს ხშირად ახსენებს, და ეს საკითხი აქტიურად ფიგურირებდა  საფრანგეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებშიც – არამხოლოდ ორ, აშკარად ულტრამემარჯვენე კანდიდატის კამპანიაში, არამედ ცენტრისტულ-მემარჯვენე ვალერი პეკრესის დღის წესრიგშიც, რომელიც ცდილობდა კონკურენცია გაეწია ულტრამემარჯვენე ძალებისთვის.

 

ფრანგების 67% აცხადებს, რომ „დიდი ჩანაცვლების“ შიში აქვს.

ბოსნიელ-სერბმა გენერალმა რატკო მლადიჩმა ბოსნიელი მუსლიმების გენოციდი იმით გაამართლა, რომ, მისი თქმით, ისლამური სამყარო შეიარაღებულია – თუ არა ბირთვული ბომბით, მაშინ – დემოგრაფიული „ბომბით“.

მიანმაში ბირმელი ბუდისტი ეთნიკური წმენდების მომწყობები თავიანთ როჰინჯა მსხვერპლებს – ღარიბ ფერმერებსა და მეთევზეებს – წარმოაჩენენ, როგორც ორგანიზებული დემოგრაფიული საფრთხის დამრტყმელ ძალას, რომელმაც უკვე გაანადგურა ბუდიზმი აზიის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის პაკისტანსა და ავღანეთში.

ინდოეთში ინდუისტი ნაციონალისტები მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის სასიყვარულო ურთიერთობებს განიხილავენ, როგორც „სიყვარულის ჯიჰადის“ კონსპირაციას – თითქოს მუსლიმები ასე ცდილობენ, დაიმორჩილონ ინდოეთი არამილიტარისტული გზით.

 

მსოფლმხედველობა, რომელიც საკუთარ თავს „ანტიიმპერიალისტურად“ მოიხსენიებს – როგორც ამას  მემარცხენეები აცხადებენ, მაგალითად ჯერემი კორბინი ან ნოამ ჩომსკი – თავდაპირველად განსაზღვრავს  ბოროტმოქმედებს, ე.წ. „ცუდ“ სახელმწიფოებს: აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, ისრაელს, საუდის არაბეთს. შემდეგ კი, მარტივი ბინარული ლოგიკით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება ამ „ცუდებს“ ან მათი მხრიდან დევნას განიცდის, ავტომატურად მიიჩნევა „კარგად“. პირველი ჯგუფი იმპერიალისტებად განიხილება (ან, საუდის არაბეთის შემთხვევაში, იმპერიალისტების იარაღად), ხოლო მეორე – შესაბამისად, ანტიიმპერიალისტებად.

 

მსოფლიო არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც ეს სქემა გვთავაზობს და მით უმეტეს, დღესაც არ არის ასე. მემარცხენეები, რომლებიც ყოველი პრობლემის წყაროდ ამერიკულ იმპერიალიზმს შემოფარგლავენ, ვერასდროს შეძლებენ, მაგალითად, იმის გააზრებას, რომ ირანი ერთდროულად გვევლინება დასავლური იმპერიალიზმის ისტორიულ მსხვერპლად და თან თანამედროვე იმპერიალისტად (სირიაში, ერაყში, ლიბანში და იემენში).

 

ანალოგიურად,  1990-იან წლებში მათ ვერ შეძლეს  გაეგოთ (ან არ სურდათ ეღიარებინათ), რომ ბოსნიელებისა და კოსოვოელებისთვის უშუალო საფრთხე ნატო კი არა, სერბული ფაშიზმი იყო. ჯერემი კორბინმა კოსოვოელი სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობა და სოფლების გადაწვა ცინიკურად მოიხსენია, როგორც „გენოციდი, რომელიც რეალურად არასდროს მომხდარა“.

 

სერბეთის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა და მისმა მოკავშირეებმა თითქმის 58 ათასი მუსლიმი მოკლეს ბოსნიაში და 11 ათასზე მეტი – კოსოვოში. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, სამუდამოდ გაენადგურებინათ მუსლიმთა არსებობა ბალკანეთში.

 

ამ თვითგამოცხადებული ანტიიმპერიალისტებისთვის ყველაფერი, რაც არ ჯდება აქტიური ამერიკელი მჩაგვრელისა და პასიური „მესამე სამყაროს“ მსხვერპლის ჩარჩოში, უბრალოდ გაუგებარია და, შესაბამისად, ან უნდა იგნორირდეს, ან გადაკეთდეს ისე, რომ არსებულ ნარატივს მოერგოს, საჭიროების შემთხვევაში – გენოციდის უარყოფის ფასადაც კი.

 

რაკი ამერიკულ იმპერიას აღიქვამენ, როგორც ყველა მითოლოგიის გასაღებს, მათ ვერ აღიარეს სირიასა და ლიბიაში მომხდარი სახალხო რევოლუციები – ურჩევნიათ, ეს მოვლენები დასავლეთის მიერ ორგანიზებულ „რეჟიმების შეცვლის“ ოპერაციებად წარმოსახონ. მათ თვალები დახუჭეს მტკიცებულებებზე და ყურები დაიხშეს სირიელი და ლიბიელი ხალხის ხმების გაგონებაზე. მიუთითეს, თითქოს ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელები და ლიბიელები ან საერთოდ არ არსებობდნენ, ან თუ არსებობდნენ, მხოლოდ უცხოელების  იარაღს წარმოადგენდნენ შეთქმულების გეგმის განსახორციელებლად.

 

აგენტობის უარყოფა რასისტულია და აშკარად აბსურდული – განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები ტყვიების წინაშე დგანან. ამაზე მინიშნება იმას ნიშნავს, თითქოს ეს ჩამორჩენილი სულელები იმდენად უიმედოდ იმყოფებიან გონიერი ამერიკელების გავლენის ქვეშ, რომ მზად არიან სიკვდილის რისკზე კვლავ და კვლავ წასასვლელად მხოლოდ იმიტომ, რომ CIA-მ როგორღაც მათზე ზეგავლენა მოახდინა.

 

დიდი ბრიტანეთის მოძრაობა „შეაჩერე ომი“ არასდროს გამოსულა ასადის მიერ გამოყენებული კასეტური ბომბების ან ქიმიური იარაღის წინააღმდეგ, არც ირანის მიერ მოწყობილი შიმშილის ალყების ან რუსეთის მიერ ქალაქების მიწასთან გასწორების წინააღმდეგ – მაგრამ აქტიურად აპროტესტებდა ნებისმიერ დასავლურ ქმედებას ასადის წინააღმდეგ. მაშინ სკანდირებდნენ: „არ შეეხოთ სირიას!“

 

ამ ტიპის მემარცხენეები, როგორც წესი, იზიარებდნენ ფაშისტების ძირითად ნარატივს სირიის შესახებ: ყველა ოპოზიციონერი საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებული ჯიჰადისტია; არაბულ რეჟიმს აქვს სუვერენული უფლება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივად იმოქმედოს; „ასადს არაფერი დაუშავებია“; სავარაუდო მსხვერპლები კი „კრიზისის მონაწილეები“ არიან.

 

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პაკისტანელმა მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეოჩანაწერი, სადაც რუსეთის მთავარი დიპლომატი, სერგეი ლავროვი, მუქარანარევი რიტორიკით გამოდის:

„თუ ვერ იძინებთ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის გამო,“ – ამბობს ლავროვი, – „გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დასამშვიდებლად: ჯერ წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება აფრიკაში. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება ახლო აღმოსავლეთში. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა არის პალესტინა. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი არის შეერთებული შტატები.“

აქ ნაგულისხმევია განსაკუთრებულად უცნაური ლოგიკა. ლავროვი თითქოს ამბობს: „დიახ, მე მკვლელი ვარ, მაგრამ აი იქ ისიც მკვლელია.“ და მისი წარმოსახვითი აუდიტორია თანხმობით უქნევს თავს, უღიმის და მხარზე გამამხნევებლად ურტყამს ხელს.

 

მისი ნაგულისხმევი აუდიტორია, რომელიც რეალურად არსებობს და ძალიან დიდია – არცერთი წამით არ ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთი ამჟამად კლავს მშვიდობიან მოსახლეობას სირიაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს; ან იმაზე, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები, რომელიც რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფებაა – ამჟამად კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას ლიბიაში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ანუ სწორედ აფრიკაში.

 

მისი ირიბი აუდიტორია – რომელიც რეალური და უზარმაზარია – იმ ლოგიკას მიჰყვება, რომ არ უნდა ვიდავოთ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, რადგან 2003 წელს ამერიკა შეიჭრა ერაყში. უნდა დავივიწყოთ უკრაინელების უფლებები.

 

და აი რა ხდება, როცა ამ ლოგიკას მივყვებით:

არ უნდა გავაპროტესტოთ ერაყის ოკუპაცია, რადგან რუსებმა გაანადგურეს ჩეჩნეთი.

არ უნდა ვილაპარაკოთ ჩეჩნეთზე, რადგან ამერიკელებმა მოახდინეს ინტერვენცია ცენტრალურ ამერიკაში.

არ უნდა ვილაპარაკოთ ცენტრალურ ამერიკაზე, რადგან რუსეთმა დაიპყრო ავღანეთი.

არ უნდა ვილაპარაკოთ ავღანეთზე, რადგან ამერიკელებმა დაბომბეს ვიეტნამი.

და ასე უსასრულოდ.

დაივიწყეთ ყველას უფლებები. უბრალოდ ჭადრაკის თამაშზე ისაუბრეთ.

 

ლავროვი ასეთ განცხადებებს აკეთებს იმიტომ, რომ კარგად იცის – ეს ეფექტური სტრატეგიაა. მას კარგად ესმის თავისი აუდიტორია, ბინარული აზროვნების ძალა და ადამიანური სურვილი, სამყარო „კარგებად“ და „ცუდებად“ დაყოს.

 

მაგალითად, ქემი სება – ფრანგ-ბენინელი პანაფრიკანისტი – უკრაინაში შეჭრას ასე აღწერს: პუტინს „სურს, თავისი ქვეყანა დაიბრუნოს. მის ხელებზე კი არ არის მონობისა და კოლონიზაციის სისხლის კვალი.“

 

ეს ნათლად გამოხატავს ცოდნის არქონას რუსეთში მონობის (ან ბატონყმობის) ხანგრძლივი ისტორიის შესახებ, ისევე როგორც იმ ფაქტის მიმართ, რომ რუსული სახელმწიფო საუკუნეების განმავლობაში მუდმივად ფართოვდებოდა, რათა შეეთვისებინა კავკასიისა და ცენტრალური აზიის მუსლიმური მიწები, ასევე ციმბირისა და აღმოსავლეთ აზიის ბუდისტური და ანიმისტური ტერიტორიები.

 

ეს აჩვენებს უცოდინარობას იმ მრავალი გენოციდის შესახებაც, რომელიც რუსულმა იმპერიალიზმმა არარუსი ხალხების წინააღმდეგ ჩაიდინა – და განსაკუთრებით კი ჰოლოდომორის შესახებ, როდესაც 1930-იან წლებში, მოსკოვის ბრძანებით, ოთხი მილიონი უკრაინელი გლეხი შიმშილით დაიხოცა.

 

„ანტიიმპერიალისტებს“ უყვართ იმის შეხსენება, რომ ყირიმი ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. მაგრამ არ ახსენებენ, რომ მანამდე ყირიმი თათრებს – მუსლიმ ხალხს – ეკუთვნოდათ, რომლებიც სტალინის იმპერიალისტური ტერორის შედეგად, მშობლიური მიწიდან მასობრივად გადაასახლეს.

 

2022 წლის დემოკრატიის აღქმის ინდექსის (Democracy Perception Index) მიხედვით, ეგვიპტელები, საუდელები, მაროკოელებსიდა პაკისტანელები რუსეთს მთლიანობაში დადებითად აფასებენ  და ეს არა მხოლოდ უკრაინის გადაწვის შემდეგ, არამედ მას შემდეგაც, რაც რუსეთმა მუსლიმთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო სირიაში, ჩეჩნეთსა და ავღანეთში.

 

ეს მუსლიმური სამყაროს სოლიდარობის იდეას, მსოფლიო მუსლიმური ერთობის, „უმმას“[1] ფარგლებში, აბსურდულ ხუმრობად აქცევს.

 

 

მთარგმნელის შენიშვნა:

[1] Umma (არაბულად: أمة) ნიშნავს მსოფლიო მუსლიმურ საზოგადოებას – ანუ იმ იდეალურ ერთობას, რომელიც აერთიანებს ყველა მუსლიმს მორწმუნეობით, რწმენითა და სოლიდარობით, მიუხედავად მათი ეთნიკური, ეროვნული თუ გეოგრაფიული განსხვავებებისა.