ჩანაწერები სერბეთის სტუდენტური მოძრაობის შესახებ:

ჩანაწერები სერბეთის სტუდენტური მოძრაობის შესახებ:

ეს კორუფცია არ არის, ეს პერიფერიულობაა, ხოლო ევროკავშირი მისი უშუალო თანამონაწილეა

ავტორი: სვეტლანა რიბარევიჩი

გიორგი ღვინჯილიას თარგმანი

24 ივნისი 2025

სხვა შემთხვევების მსგავსად, რომელთაგან ყველაზე ცნობილი უნგრეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მაგალითებია, სერბეთში მიმდინარე მოვლენები მომიტინგეების ანტი-კორუფციული მოთხოვნებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე კონცენტრირებით შუქდება. დაბნეული დასავლური – ხშირად ლიბერალური – გონება ვერ იაზრებს, რატომ ირჩევს ასეთი უქონელი ხალხი კიდევ ერთ სტრონგმენს (strongman)[i], რომლის კორუმპირებული მმართველობაც მათვე აზიანებს. ხშირად, ასეთი ანალიტიკოსები საკუთარი მსჯელობის შეფუთვას ბალკანეთში დემოკრატიული ტრადიციებისა და კანონის უზენაესობის თანდაყოლილი სისუსტით ცდილობენ. რეგიონი მისი ძლიერი პოლიტიკური ხატებით ბუნდოვან მაგალითად რჩება, თუნდაც მაშინ როდესაც მასზე პირდაპირ არ საუბრობენ. უკიდურეს შემთხვევაში, უბრალოდ ამბობენ, რომ ადგილობრივი პოლიტიკური კულტურა შინაგანად სტრონგმენებისადმია მიდრეკილი. რა შეიძლება გაკეთდეს – ამბობენ ისინი და თავს იმხნევებენ – როდესაც ადგილობრივები ჯიუტად ირჩევენ ფიგურებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ისევ ხალხის წინააღმდეგ იმოქმედებენ. უკვე დეკადებია ეს ექსპერტები ლოკალურ სოციოპოლიტიკურ პირობებს „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის“ ნორმატიული საზომით აფასებენ, ისინი ოხრავენ ლიბერალური დემოკრატიის გავრცელების შედეგების შეფასებისას. რატომღაც ეს ბალკანელი ხალხი ისევ ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე პოლიტიკის სტანდარტებს.

 

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ასეთი ჩარჩო იშვიათად იღებს მხედველობაში ეკონომიკურ დამოკიდებულებას ევროპის ბირთვსა და პერიფერიას შორის. ბალკანური პოლიტიკის პერიფერიული პოზიცია მტკივნეულად შესამჩნევ ფაქტორად რჩება. ევროკავშირის ლიდერები ჯიუტად უგულებელყოფენ აშკარად გაყალბებულ არჩევნებს,  სერბეთის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, ეკოლოგიური სტანდარტების ფეხქვეშ გათელვას და რაც ყველაზე ხილულია, მუშახელის განგრძობითი ემიგრაციის ტალღას, რომელზეც ცენტრის ეკონომიკებია დამოკიდებული – პერიფერიული მდგომარეობა ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხოვრებას განსაზღვრავს.

 

დასავლური მედია: სასარგებლო იდიოტები თუ გამიზნული პროპაგანდისტები?

 

ქვეყანაში, რომელიც კანონის უზენაესობისთვის იბრძვის, ადამიანები მთავრობისგან გათავისუფლებას ცდილობენ, რომელიც დიდი ხანია რაც ავტორიტარულად მიიჩნევა (…) მკვლევრების, საერთაშორისო დამკვირვებლების და ადვოკატირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიხედვით, სერბეთში კანონის უზენაესობა დაცული არ არის. მას ანადგურებს პოლიტიკური ჩარევები, გაყალბებული არჩევნები და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებული სხვადასხვა შეზღუდვები. (ინგრიდ გერცამა გარდიანისთვის, 30 იანვარი, 2025)

1 ნოემბერს ბეტონის უზარმაზარი ნაგებობის ჩამოშლამ ფართო ანტი-კორუფციულ მოძრაობასა და თვეების განმავლობაში გაგრძელებულ სტუდენტურ პროტესტებს დაუდო საფუძველი. სერბეთში ბევრს სჯერა, რომ ჩამოშლის მიზეზი სისტემური კორუფცია იყო იმ პროექტებში, რომლებშიც ჩინური კომპანიები იყვნენ ჩართული. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ქრთამის აღებას დაუდევრობა მოჰყვა,  რეკონსტრუქციისას არასათანადო ზედამხედველობას და არსებული უსაფრთხოების რეგულაციების უპატივცემლობას ჰქონდა ადგილი. საკითხი უფრო ფართო უკმაყოფილების სიმბოლოდ გადაიქცა, რომელიც სერბეთში კანონის უზენაესობას შეეხება. (გევინ ბლექბერნი ეურონიუსისთვის, 1 თებერვალი, 2025)

 

როგორც ამ ციტატებიდან ჩანს სერბეთის სტუდენტური მოძრაობის გაშუქება ევროპულ მედიაში, ეყრდნობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არგუმენტებს. პატარა ბალკანური ერი ისტორიული ტვირთით –  „განუვითარებლობის პოლიტიკური კულტურით“ – კორუმპირებულ მთავრობას ებრძვის, რომელმაც ადამიანები შეიწირა. კარგი იქნებოდა სერბეთის ევროპეიზაცია დროულად რომ მოხერხებულიყო! ევროპის მთავარმა პროკურორმა ლორა კოვეშიმ პირობა დადო (მხოლოდ) ევროკავშირის სახსრების პოტენციური არამიზნობრივი ხარჯვა გამოეძიებინა, ამასთანავე პროკურორმა ნომინალურად მხარი დაუჭირა სტუდენტურ პროტესტს და მიმართვებში კორუფციასთან ბრძოლაზე ისაუბრა.

 

დასავლური მედია განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, რომ კომპანიები რომლებმაც სადგურის შეკეთების პროცესში მიიღეს მონაწილეობა ჩინური და უნგრული ქვეკონტრაქტორები იყვნენ – ეს ბიზნესის ჩრდილოვან ბუნებაზე მიუთითებს, გამოძიება ამით სრულდება. იშვიათად ახსენებენ, რომ ტენდერში „სტარტინგმა“ გაიმარჯვა, უკიდურესად მომგებიანმა სამშენებლო კომპანიამ, რომელიც კანონს მიღმა მუშაობით არის ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ იცოდა მოსალოდნელი პოტენციურად სერიოზული პრობლემების შესახებ.

 

სინამდვილეში, ევროპული მედია ცდილობს მკაცრი შეფასებები არ გამოიყენოს და  ხშირად უბრალოდ სტუდენტებს ციტირებს, რომლებიც ასეთ შინაარსს გადმოსცემს. თავის მხრივ სტუდენტები მოჯადოებული არიან იმ გზავნილებით, რომლებიც ევროპის ცენტრის ეკონომიკებიდან მოდის. მოვლენების მსგავსი რეპრეზენტაცია მხოლოდ ინტელექტუალური სიზარმაცის შედეგი არ არის, ის ნიღბავს იმ სისტემურ პირობებს, რომლებმაც ნოვი სადის ტრაგედია და შემდგომი პროტესტი გამოიწვიეს, საკითხის ასე დაყენებით ჩნდება პოტენციალი დაისვას უფრო ფართო და ბასრი კითხვები ევროპული პროექტის ბუნების შესახებ. ეს არის კითხვები პერიფერიულობის გავლენის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე და უფრო ფართოდ, ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობებზე ევროპის შიგნით.  მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში ეს კითხვები მონოპოლიზებული იყო მემარჯვენეებისა და ულტრამემარჯვენეების მიერ. ამასთანავე, როდესაც ვიქტორ ორბანი აკრიტიკებს „ბრიუსელს“, მის სიტყვებს უგულებელყოფენ როგორც პოპულიზმს, რომელსაც არალიბერალიზმში აქვს ფესვები გადგმული. ორბანის დისკურსს არ აღიქვამენ, როგორც იდეოლოგიას, რომელიც ევროკავშირის მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის გამოცდილებით საზრდოობს. შესაძლოა ეს სისტემური პირობები ხილულია ფართო გაგებით მემარცხენეებისათვის, თუმცა ლიბერალური მეინსტრიმი მათ ნამდვილად ვერ ამჩნევს, ეს მეინსტრიმი ისევ ჯიუტად დგას ევროპული პროექტის ნორმატიული აღქმის სადარაჯოზე. სერბეთის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ წარმოებულ ნარატივს ისევ ლიბერალიზმის გაბატონებული ჩარჩო განსაზღვრავს.

 

დემოკრატია და ეკონომიკური დამოკიდებულებები: მათი გადაჯაჭვულობის აღიარება ცენტრსა და პერიფერიაში

 

ამ პერსპექტივის დაცვისას დასავლეთის ექსპერტები მარტო არ არიან. სერბეთში ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ნოვი სადის ტრაგედია „მხოლოდ აქ შეიძლება მომხდარიყო“, „ეს მხოლოდ ჩვენ შეიძლება დაგვმართოდა“. მათთვის ეს საკუთარი არსით ლოკალური პრობლემაა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა მხოლოდ თავად შეიძლება დაეკისროთ. ე.წ. „მეორე სერბეთი“ (druga Srbija) – კერძოდ, ლიბერალი და პროევროპელი ინტელექტუალები და ინტელიგენცია – ისევ ელოდება დახმარებას ევროპული სტრუქტურებიდან და ინტერვენციებს, რომლებიც ვუჩიჩს საკუთარ ადგილს მიუჩენდნენ. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც უფროსების ტრავმის ეთნონაციონალისტურმა განსაზღვრებამ მიიზიდა, სხვადასხვა ჰეგემონიებთან წინააღმდეგობაში მხოლოდ ავტოქთონური ენის გამოყენება შეუძლიათ, სხვა ენები არც არსებობს. ასეთ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ მათმა წინაპრებმა ოსმალეთის და ჰაბსბურგების იმპერიები დაამხეს, ისინი იუგოსლავიის ექსპერიმენტს დასაბამიდანვე ფუჭად აღიქვამენ, თუმცა სჯერათ, რომ ბოლოს ეს ექსპერიმენტი ვატიკანიდან მართულმა ხორვატებმა გაანადგურეს ვერაგი გარე ძალების დახმარებით. ეს ტოვებს სერბეთის რელიგიურ საზოგადოებას ერთ სიმბოლოიან, კვაზი ისტორიულ მოვლენად, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ღირებულებები, რომელთა გამოყენებითაც საკუთარი პერიფერიული მდგომარეობის დაძლევას მოახერხებდა.

 

მემარცხენე დისკურსი, რომელსაც ამ მდგომარეობის უფრო სისტემურად, ანალიტიკურად და რაც მთავარია ნაკლებად ესენციალისტურად აღწერა შეუძლია, ხშირად გვხვდება აღმავალ რეგიონულ მედია გამოცემებში, თუმცა შედარებით მარგინალურად რჩება ევროპასა და გლობალურ საჯარო სივრცეში. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივი ოპოზიციის ლიბერალური ელიტა ისევ იცავს წარმოდგენებს ევროკავშირისა და ფართო გაგებით დასავლეთის შესახებ. ამავდროულად, პოპულისტურმა მემარჯვენეობამ დიდი ხანია აითვისა პერიფერიის ეკონომიკური მდგრადობის ენა, ის იყენებს ბალკანელი გლეხების კომუნების (zadruga) კულტურულ ხატებს, ან ნომინალურად ჰორიზონტალურ და დემოკრატიულ, თუნდაც არა ლიბერალურ, მოქალაქეთა ასამბლეებს (zborovi). ამგვარად დასავლური მედიის გაშუქება ვერ იხელთებს ცენტრისა და პერიფერიის დამოკიდებულებებს, ამ დამოკიდებულებების პრობლემატიზაციას არც ადგილობრივი აქტორები ეწევიან. ამგვარად პრობლემები ლოკალური გარემოსთვის სპეციფიკურად დამახასიათებელი კორუფციით იხსნება.

 

სერბეთის სტუდენტური მოძრაობა უნდა გადახალისდეს, პროტესტის მონაწილეებისა და მთლიანად სერბეთის მოსახლეობის წინააღმდეგ მზარდი ძალადობის ფონზე ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმედ იქცა. ამ გადახალისების მიზნით აუცილებელია ხაზი გავუსვათ კავშირს დემოკრატიასა და ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებებს შორის. აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირის ბირთვის ეკონომიკები სარგებლობენ და უბრალოდ დამოკიდებულები არიან „სტაბილოკრატიაზე“ საკუთარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. გერმანიისა და ევროკავშირის ცენტრის სხვა ეკონომიკების სამუშაო ძალის მუდმივად შესავსებად, აუცილებელია ტვინების და კუნთების გადინების შენარჩუნება ისეთი ადგილებიდან, როგორიც სერბეთი და ფართო გაგებით პოსტიუგოსლავური სივრცეა. გერმანიისა და ცენტრის სხვა ეკონომიკების ინვესტიციებისათვის ისეთ ადგილებში, სადაც იაფი მუშახელი და ინფრასტრუქტურაა ხელმისაწვდომი, მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა ადგილზე „სტაბილური“ პირობები უნდა უზრუნველყონ. ამის კარგი მაგალითი ანგელა მერკელის მხრიდან ორბანისადმი დამოკიდებულების შემსუბუქება იყო, რამაც გერმანიის ავტო ინდუსტრიის ზრდის შესაძლებლობა გააჩინა. ადგილობრივი გარემოს ექსპლუატაციის სარგებელი ჩინურმა ელიტებმა და ჩინეთის ბანკმაც გაიაზრეს, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სტანდარტებთან მიმართებაში. მაგალითად უნგრეთში, ეს ელემენტების ქარხნების სიტუაციაში გამოჩნდა, ხოლო სერბეთში ცუდი რეპუტაციის მქონე ლინგლონგის საბურავების ქარხანაში, რომელიც ყველაფერთან ერთად ფოლკსვაგენის საბურავებს აწარმოებს. რად ღირს ევროპელი პოლიტიკოსების პანიკა ჩინეთის საინვესტიციო სტრატეგიებისა და დემოკრატიის შეზღუდვის გამო, როდესაც ისინი ზუსტად იმავეს აკეთებენ საკუთარ სამეზობლოსა და შიდა პერიფერიაში. ისინი ინარჩუნებენ  პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც საბოლოოდ მუშათა კლასს კლავს.

 

„სტაბილოკრატიაში“ ინვესტირება განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან ნაკლებად დარეგულირებულ შრომის პირობებთან და შრომისა და ინფრასტრუქტურის დაბალ ფასებთან ერთად, ლოკალური კონტექსტი შედარებით უხილავია ეკონომიკური ცენტრის საზოგადოებებისათვის. ეს პერიფერიების მნიშვნელოვანი საკითხების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის შედეგია, ისევე როგორც მედიის მიერ ლოკალური ტრაგედიების არასწორად წარმოდგენის, თითქოს ეს ტრაგედიები ადგილობრივი კორუმპირებული მთავრობების ბრალი იყოს. ოფიციალური დისკურსი, რომელიც ხშირად მთლიანად კონცენტრირდება დემოკრატიულ ნორმებზე, დემოკრატიულ პროცესზე და კანონის უზენაესობაზე გვერდს უვლის ეკონომიკურ დამოკიდებულებებს, რომლებიც სერბეთის მსგავს ქვეყნებს აზიანებს. ადგილობრივი ავტოკრატები და მათი მაფიოზური კლანები, იშვიათად აწყდებიან რეალურ პრობლემებს. ხშირად პირიქითაც ხდება, ეს პრობლემები მათ აზიანებს ვინც ავტოკრატებს ებრძვის, ამის მაგალითი უნგრული უნივერსიტეტების ერასმუსიდან მოკვეთაა.

 

რა მოხდებოდა, თუ ის, რასაც ევროკავშირი კანონის უზენაესობას უწოდებს, სერბეთში რეალურად დამყარდებოდა? მისცემდა ეს დაჩაგრულ საზოგადოებას მეტ ძალაუფლებას და შეუქმნიდა საფრთხეს ექსპლუატაციურ ხელშეკრულებებს, რომლებზეც სერბეთში გაკეთებული ინვესტიციებია დამოკიდებული? მოახდენდა გავლენას ევროკავშირის საკვანძო ეკონომიკების ზრდაზე? არის თუ არა დემოკრატიული პროცესები პერიფერიაში საფრთხე კაპიტალისთვის, რადგან ეს პროცესები საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და ექსპლუატირებულ ფენებს აძლიერებს?

 

პერსპექტივები „ქვევიდან“

 

თუმცა ექსპლუატირებულები გულუბრყვილოები არ არიან. ხშირად ადამიანებს გააზრებული აქვთ ეს დამოკიდებულებები, მათ შრომითი მიგრაციის გამოცდილება აქვთ, ასევე საკუთარ სივრცეში წარმოების გადატანის მავნე შედეგები გამოუცდიათ  – როგორც რიო ტინტოს და ლინგლონგის შემთხვევებში – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ისინი აცნობიერებენ პოლიტიკურ ჩიხს რომელშიც აღმოჩნდნენ. ვის შეიძლება მიმართონ? საკუთარ ავტოკრატ ლიდერებს, რომლებმაც ღიად თუ დაფარულად ყველაფერი გააკეთეს რაც ხელეწიფებოდათ იმისათვის, რომ ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაეგდოთ? თუ ევროკავშირის ცენტრის ქვეყნებს, რომელთა ელიტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათი დამორჩილებით ესარგებლათ?

 

იმ მშრომელებს რომლებიც არ დაშანტაჟებულან, გარიყულან, გაღარიბებულან ან ქვეყნიდან არ გადახვეწილან, შეუძლიათ სერბეთში მტვირთავებად მუშაობა გააგრძელონ და იმედი ჰქონდეთ, რომ დილით სამსახურისკენ მიმავალ გზაზე სადგურის სახურავი თავზე არ დაემხობათ. სხვები მადლობას უნდა იხდიდნენ შესაძლებლობისათვის, რომელსაც დასაქმების სააგენტოები სთავაზობენ – შრომითი მიგრაცია გერმანიაში, ავსტრიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მადლიერები უნდა იყვნენ, რომ უკეთესი, თეთრი და ქრისტიანი მიგრანტები არიან.

 

სხვა საკითხებთან ერთად, სტუდენტურმა მოძრაობამ ნოვი სადის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა – ისინი მოითხოვენ დოკუმენტების გასაჯაროებას, რომლებიც სადგურზე ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება – ასევე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებას, რომელთა დროსაც სტუდენტებს პოლიციის თანამშრომლები და მთავრობის მფარველობაში მყოფი ბანდიტები ესხმოდნენ. მოგვიანებით სტუდენტებმა 15 მარტის ინციდენტის გამოძიება მოითხოვეს, რომლის დროსაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ დიდი ალბათობით ხმოვანი იარაღი იყო გამოყენებული.

 

სტუდენტური მოძრაობის კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემის ნება არ არსებობს, ეს ნათლად არის გამოხატული ევროკავშირის გაფართოების კომისარის მარტა კოსის ღია წერილში. გამოითქვა წუხილი, ხაზი გაესვა საკვანძო დემოკრატიულ ღირებულებებს, ჰაერში კიდევ ერთხელ გაიელვეს ევროკავშირის წევრობის საკითხთან დაკავშირებულმა მათრახმა და თაფლაკვერმა. თუმცა რეალური შედეგები იმ ავტოკრატისათვის, რომელიც სასტიკად არღვევს სერბეთის მოქალაქეთა უფლებებს ჰორიზონტზეც კი არ ჩანს, არ ჩანან არც სუბიექტები ევროკავშირის ცენტრის ქვეყნებიდან, რომლებიც საკუთარ პასუხისმგებლობას იგრძნობდნენ. პირიქით, ევროპიდან წამოსული განცხადებების შემდეგ ბურთი სერბეთის მოსახლეობის მოედანზე გადადის, ევროპაში კარგად იციან, რომ ასეთმა მიდგომამ  შესაძლოა მეტი მსხვერპლი მოიტანოს – არა ვუჩიჩის მხარეს, არამედ განგრძობით პერიფერიაში, რომლიდანაც ევროკავშირი პირდაპირ სარგებელს იღებს. დროა გავაცნობიეროთ, რომ ამგვარი მიდგომით, ევროკავშირი აღარ შეიძლება რუსეთზე, ჩინეთზე ან ამერიკაზე უკეთესად მივიჩნიოთ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ხალხებისთვის.

 

ძლიერად შერისხულმა „მემარჯვენეობამ“ და „მემარცხენეობამ“ – რომლებიც ევროპაში და მის მიღმა ლიბერალური მეინსტრიმის ხარჯზე ფართოვდებიან – იციან, რომ ევროკავშირსა და მის კანდიდატ სახელმწიფოებში მეორე კლასის მოქალაქეობა არსებობს. მემარჯვენეობა პირდაპირ სარგებლობს იმ ფაქტით, რომ ლიბერალურ მეინსტრიმს არ შეუძლია ევროპის საზოგადოებრივი ხელშეკრულების შეცვლა. სხვა სიტყვებით – საერთაშორისო და კონტინენტურ დონეზე მიმდინარე უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით – ევროკავშირის ლიბერალური  მოწყობა (როგორც გაერთიანება და როგორც ცალკეული სახელმწიფოები) მის არსებობას საფრთხეს უქმნის. პოტენციური საფრთხე ექმნება მშვიდობასაც თუ ევროკავშირი არ აჩვენებს მზაობას გაითვალისწინოს საკუთარი პერიფერიების პოლიტიკური და ეკონომიკური საჭიროებები. სერბეთის მოქალაქეებს ევროპის სოციალური კონტრაქტის შეცვლის შეუძლებლობა სიცოცხლის ფასად უჯდებათ, ისევე როგორც ევროპული პერიფერიის დანარჩენ ხალხებს, რომლებიც ღირსებასა და ჯანმრთელობას კარგავენ (ევროკავშირში და მის გარეთ). ამ ყველაფრის შედეგად შესაძლოა არა მხოლოდ ცენტრსა და პერიფერიას შორის გაჩენილი ეკონომიკური დაძაბულობა მივიღოთ, არამედ წესრიგის საბოლოო და სრული ეროზია – ნომინალურად ლიბერალური ინსტიტუციების, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებობს (პარლამენტები, კონსტიტუციები, კანონმდებლობა). თეორიულად ეს ჩარჩო შექმნილია იმისათვის, რომ ემსახუროს და დაიცვას მოქალაქეები ავტოკრატიისა და ბაზრისაგან. სხვა სიტყვებით, სასწორზე არა მხოლოდ ევროკავშირი დევს, არამედ ფართო გაგებით ლიბერალური სახელმწიფო.

 

დასკვნა: ევროპის ახალი საზოგადოებრივი ხელშეკრულებისკენ?

 

ზევით ჩამოთვლილი ყველა მიზეზიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ „დემოკრატია-კორუფციის“ ჩარჩო ვერ აღიქვამს ეკონომიკურ დამოკიდებულებას, მჯერა რომ აუცილებელია მემარცხენეობამ ევროპის საზოგადოებრივი ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვოს, ამ პროცესში წევრი და არაწევრი სახელმწიფოები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული, უნდა გაჩნდეს ხედვა ევროპის ახალი, უფრო ჰორიზონტალური მოწყობისთვის. ტრაგედია რომელიც მოხდა სერბეთში და მცირე მასშტაბით ყოველდღიურად ხდება ევროპის სხვა პერიფერიებში, აჩვენებს რა შეიძლება მოხდეს თუ ეს დამოკიდებულებები არ გადაიხედა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხედვა არ უნდა ემსახურებოდეს ევროპული ციხესიმაგრის მშენებლობას, ახალი ხედვა გაფართოებული ევროკავშირის თვითკმარობას უნდა აძლიერებდეს, გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებები უნდა შემცირდეს ისე, რომ ცენტრისა და პერიფერიის იერარქიული ურთიერთობები შეიცვალოს, თუნდაც ყველაზე რადიკალური ეკონომიკური ტრანსფორმაციების ხარჯზე. შეჯამებისთვის სხვადასხვა სავარაუდო შედეგს განვიხილავ, მჯერა რომ ეს საკითხები უფრო ფართო განხილვის საგანი გახდება მემარცხენეებს შორის.

 

უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ დღეს როგორც არასდროს უნდა ვისწრაფოდეთ ურთიერთდახმარებისკენ, ინტერ-ევროპული ურთიერთობები ჩვენი საერთო მომავლისათვის აუცილებელი მიზნების გაჯანსაღებას და რადიკალურ გადახედვას საჭიროებს. თუ ევროკავშირი ჭეშმარიტად  პოლიტიკური პროექტი იქნება და არა უთანასწორო ეკონომიკური ერთობა, მაშინ გარემოებები, რომლებიც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს აწარმოებს უნდა გაქრეს. იმისათვის, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევების მზარდ საფრთხეებთან გამკლავების ძალა გაჩნდეს, შიდა უთანასწორობები ყველა მიმართულებით უნდა მოიშალოს. ეს მოიცავს ფორმალური და არაფორმალური ექსტრაქტივიზმის ყველა სახის და არსებული უთანასწორობის ექსპლუატაციის შეზღუდვას, განსაკუთრებით კი შრომისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით. ევროპის აღმოსავლეთისა და სამხრეთისადმი ცუდად შენიღბული ნეოკოლონიური დამოკიდებულება უნდა დასრულდეს.

 

როგორც ვამტკიცებდი, საწყისი წერტილი დემოკრატიის, ეკონომიკური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება უნდა იყოს. დემოკრატია თავიდან უნდა განიმარტოს, ის საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს მოსახლეობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმყარეს, ელექტორალური ციკლის პრინციპები ასეთი დემოკრატიის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს. სხვა სიტყვებით, დემოკრატიის შეფასების კრიტერიუმები მშრომელთა უფლებებისა და ინდივიდის ეკონომიკური კეთილდღეობის ირგვლივ უნდა კონცენტრირდეს. ძალაში უნდა დარჩეს სტანდარტული პოლიტიკური კრიტერიუმებიც, ისეთები როგორიც თავისუფალი მედია, გამოხატვის, შეკრების და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებაა. ამ ცვლილებებისათვის ელექტორალური ციკლების რიცხვი უნდა შემცირდეს, ხოლო ზომები, რომლებიც მოსახლეობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმყარეზეა მომართული უნდა გაძლიერდეს. მუდმივი ჩართულობა უფრო და უფრო უაზრო ელექტორალურ პოლიტიკაში ასუსტებს პოლიტიკურ სისტემას და მოსახლეობის ყურადღება ფუნდამენტური პრობლემებიდან გადააქვს.

 

უფრო მეტიც,  ახალ მოწყობას გააძლიერებდა დასავლეთ ბალკანეთის, ისევე როგორც მოლდოვას და საქართველოს სასწრაფო მიღება ევროკავშირში. მათი ბუფერულ ზონებად დატოვება მხოლოდ კიდევ ერთ, უკრაინის მსგავს კონფლიქტს მოიტანს, თუმცა ეკონომიკური ინტეგრაცია თანაბარი პირობებით უნდა მოხდეს. იმის გააზრებით, რომ ევროკავშირი იმაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე წინა საუკუნის ფრანკო-გერმანული მშვიდობისა და ეკონომიკის განვითარების პროექტი იყო, მემარცხენეობამ უნდა განიხილოს ცენტრალიზებული, ზენაციონალური ერთობის იდეა, რომელიც ეკონომიკის დიდ ნაწილში საკუთარ შრომასა და რესურსებზე იქნება დამოკიდებული. ფუნდამენტური პირობების ცვლილების გარეშე, რომლებიც ქმნიან გამოწვევებს ევროპის კონტინენტზე – კერძოდ, ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც ფესვგადგმულია უთანასწორობასა და დემოკრატიული პროცესების კორუმპირებადობაში – მისი ცენტრიც და პერიფერიაც იმ აქტორების კეთილი ნების ამარა რჩება, რომლებიც საკუთარ თავებს დიდ ძალებად წარმოიდგენენ და ამ ერთობის დაყოფა და გაქრობა შეუძლიათ.

 

ის რაც ამჟამად სერბეთში ხდება და პოლიტიკური ჩიხი, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, პერიფერიულობის საკითხის კიდევ ერთი ტრაგიკული ვარიაციაა. თუმცა ფაქტია, ვუჩიჩის პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსად ყველანაირი ლეგიტიმაცია არჩევნებმაც დაკარგეს,  პროტესტში ჩართული სტუდენტები წარმომადგენლობითი დემოკრატიის დასასრულს ააშკარავებენ, რადგან პერიფერიულ კონტექსტში მისი ლიმიტები დაინახეს.  ყველაფერი ერთად გვაჩვენებს, რომ პრობლემის გადაჭრა ლოკალური ვერ იქნება. ამის ნაცვლად ის უნდა გადაიზარდოს ტრანსნაციონალურ და მეტიც ტრანსპერიფერიულ სოლიდარობებში და საბოლოოდ ისეთი მოთხოვნების ფორმულირებით დასრულდეს, რომლებიც სისტემურ კონდიციებს შეცვლის. თუ მილენკო იერგოვიჩის სიტყვებს გავიმეორებთ თუ სახურავი ნოვი სადის ხალხს დაემხო, ის ყველა ჩვენგანს დაეცემა თავზე.

 

 

შენიშვნა:

[i] სტრონგმენებს ძირითადად ნაციონალისტ ლიდერებს უწოდებენ, რომლებიც ცდილობენ ხალხის წარმომადგენლები იყვნენ და საკუთარ თავს ელიტებს უპირისპირებენ. ხშირად ისინი საკუთარი თავის ირგვლივ პიროვნების კულტს ქმნიან და მოღვაწეობას ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკას უძღვნიან.