საბერძნეთი: მასობრივი გამოსვლები სამართლისა და სიმართლისთვის

საბერძნეთი: მასობრივი გამოსვლები სამართლისა და სიმართლისთვის

ლეგიტიმაციის შეუქცევადი კრიზისი და „ახალი, რომელიც ჯერ ვერ იბადება“

ავტორი: პანაგიოტის სოტირისი [1]

გიორგი ღვინჯილიას თარგმანი

12 მაისი 2025

28 თებერვალს, საბერძნეთში მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი მიტინგები შედგა. საყოველთაო გაფიცვაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, საბერძნეთის სოფლებსა და ქალაქებში დიდი მიტინგები ორგანიზდა, პარალელურად მანიფესტაციები გაიმართა საზღვარგარეთაც, ადამიანები თითქმის ყველა იმ ქალაქში შეიკრიბნენ სადაც ბერძნული ემიგრაცია ცხოვრობს. ათენში გიგანტური დემონსტრაცია იყო, რომელშიც 400 000-დან 800 000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ხალხი თანხმდება, რომ ეს ყველაზე დიდი მიტინგი იყო საბერძნეთის ისტორიაში. ეს მოჰყვა პროტესტის კიდევ ერთ დღეს, 26 იანვარს, საბერძნეთის მასშტაბით 2010-იანების შემდეგ ყველაზე დიდი დემონსტრაციები ორგანიზდა.

 

იმისათვის, რომ პროტესტების ეს ტალღა გავიგოთ აუცილებელია გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი მოვლენები. 2023 წლის 28 თებერვალს, სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო და ათენისაკენ მიმავალი სატვირთო მატარებლები ერთმანეთს ტემპეის ხეობის რეგიონში შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებელი 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო სატვირთო თითქმის 90კმ/სთ-ით. შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა, ბევრი მათგანი სტუდენტი იყო, რომლებიც თესალონიკში ბრუნდებოდნენ. ეს მრავალი წლის განმავლობაში საბერძნეთში მომხდარი ყველაზე შემზარავი სარკინიგზო კატასტროფა იყო. ადამიანების უმრავლესობა შეჯახების შედეგად დაიღუპა, თუმცა ისინი ვინც გადარჩნენ შემდგომმა ხანძარმა იმსხვერპლა, რომელიც ჯერ კიდევ დასადგენი მიზეზით – დიდი ალბათობით ფეთქებადი ჰიდროკარბონებით იყო გამოწვეული. სავარაუდოდ ეს ნივთიერებები სატვირთო მატარებლით გადაჰქონდათ, თუმცა ისინი არცერთ ჩამონათვალში არ ჰქონდათ აღწერილი.

 

ტრაგედიის უშუალო მიზეზი ორი მატარებელი ერთ ხაზზე, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა იყო, რადგან ლარისას სარკინიგზო სადგურის უფროსმა გადამრთველის სწორად დაყენება ვერ მოახერხა. რეალური მიზეზი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფა იყო – ბიუჯეტის შეკვეცა, მომსახურე პერსონალის სწრაფად შემცირება და სამგზავრო და გადამზიდი სატრანსპორტო სერვისების პრივატიზება. დღესდღეობით საბერძნეთს ევროკავშირში ერთ კილომეტრ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ყველაზე ნაკლები დასაქმებული ჰყავს, ქვეყანა ასევე ლიდერობს ერთ კილომეტრზე დახარჯული თანხის სიმცირით.  რკინიგზის ის ნაწილი, სადაც ტრაგედია მოხდა „ბრმა მონაკვეთი“ იყო – აქ არ ფუნქციონირებდა დისტანციური მართვის სისტემა, რომელიც გადასცემს ინფორმაციას მატარებლების მდებარეობის შესახებ. European Train Control System (ECTS), რომელსაც ინციდენტის თავიდან აცილება შეეძლო არ მუშაობდა, უკვე მრავალი წელია რაც სისტემის დაუსრულებელი მშენებლობა მიმდინარეობს. სადგურის უფროსი, რომელმაც ტრაგიკული შეცდომა დაუშვა და გადამრთველი სწორ მდგომარეობაში არ დააბრუნა, საკუთარ პოსტზე მარტო იყო, ის ზეწოლის ქვეშ მუშაობდა, მორიგეობისას უამრავი კომუნიკაციის გამართვა უწევდა და სამსახურში ცოტა ხნის წინ აიყვანეს. რაც უფრო საგანგაშოა, ლიანდაგთან დაკავშირებული დაუსრულებელი პრობლემების გამო, მემანქანეებს მუდმივად საპირისპირო ხაზზე აგზავნიდნენ. ეს მდგომარეობა ხსნის რატომ იფიქრა სამგზავრო მატარებლის მემანქანემ, რომ ხაზზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა პრობლემას არ წარმოადგენდა.

 

 

ახალი დემოკრატიის (მმართველი პარტიის სახელი) მხრიდან მყისიერი რეაქციისა და ნარატივის კონტროლის მცდელობის მიზანი იყო მტკიცება, რომ ტრაგედია მხოლოდ „ადამიანურ შეცდომას“ უნდა დაჰბრალებოდა, კერძოდ  სადგურის უფროსს. მთავრობამ უარი განაცხადა პასუხისმგებლობა აეღო სამუშაოების შეფერხებაზე, რომლებიც დისტანციური მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემების შეკეთებას ისახავდა მიზნად. უფრო უარესი, მათ საკუთარ პრესაში სადგურის უფროსის ჩანაწერები გაავრცელეს. მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ჩანაწერები იმგვარად იყო დამონტაჟებული რომ „ადამიანური შეცდომის“ ვერსია კიდევ უფრო გამყარებულიყო.

 

ტრანსპორტის მინისტრმა კოსტას კარამანლისმა (რომელიც საბერძნეთის დიდი პოლიტიკური დინასტიიდან არის), ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე დამამცირებელი უწოდა რკინიგზის უსაფრთხოების კრიტიკას. ეს იმის მიუხედავად, რომ რკინიგზის პროფკავშირები მუდმივად საუბრობდნენ საფრთხეებზე, რომლებიც რკინგიზის მუშაობის პრინციპებით იყო გამოწვეული. ის მინისტრობიდან გადადგა, თუმცა ახალი დემოკრატიის საარჩევნო სიაში მოხვდა და თავიდან აირჩიეს.

 

სტუდენტების მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღის მიუხედავად ახალმა დემოკრატიამ 2023 წლის არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. პარტიამ 40.56% მიიღო და კომფორტული საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, სირიზას მხოლოდ 17.83%-მა დაუჭირა მხარი. საბოლოოდ ალექსის ციპრასი გადადგა, სირიზა ღრმა კრიზისში ჩავარდა.

 

ამავდროულად ტრაგედიის გამოძიება სამართლის პაროდიად გადაიქცა. შემთხვევის ადგილი რამდენიმე დღეში მოასწორეს, რაც იმით აიხსნა, რომ ამწეების მუშაობისათვის მყარი ნიადაგი იყო საჭირო, სამხილები განადგურდა. გაკვეთებისას მხოლოდ აღწერა მოხდა, სიკვდილის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების დასადგენად სიღრმისეული კვლევები არ ჩატარებულა, შეგროვებული ბიოლოგიური მასალა მალე განადგურდა.

 

უფრო მეტიც, თავდაპირველი გამოძიება უსაფუძვლო თეორიაზე იყო დაფუძნებული-თითქოს უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთები, რომლებიც დაცვის კამერების ჩანაწერებში დაფიქსირდა სილიკონის ზეთების აალების შედეგად გაჩნდა. ეს ზეთები ელექტრონული ლოკომოტივების ტრანსფორმერებშია. მდგომარეობა იმით გაუარესდა, რომ ავიაციისა და სარკინიგზო ინციდენტებისა და სატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტო (HARSIA) მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მუშაობა ტრაგედიიდან რამდენიმე თვეში დაიწყო, სააგენტოს არ ჰქონია საშუალება გამოეკვლია შემთხვევის ადგილი მის თავდაპირველ მდგომარეობაში.

 

თუმცა, ამავდროულად, მსხვერპლების ოჯახის წევრთა ასოციაციამ დიდი ბრძოლა წამოიწყო რეალური მიზეზების დღის შუქზე გამოსატანად, ოჯახები სიმართლესა და სამართალს ითხოვდნენ. მიცოტაკისის მთავრობამ, იგრძნო რომ რეალური საფრთხე ემუქრებოდა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცინიკური უარყოფა არჩია. თავიდან აირიდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მთავრობის იმ წევრებისათვის, რომლებიც სისტემის მართვაში იყვნენ ჩართულები. ამავდროულად ამოტივტივება ახალმა კითხვებმა დაიწყო. ნიადაგის ნიმუშებში ჰიდროკარბონები აღმოაჩინეს, კერძოდ კი ქსილენი. ამან გააჩინა კითხვები, ხომ არ გადაჰქონდა სატვირთო მატარებელს უცნობი და აღურიცხავი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერება. დიდი ალბათობით ეს საღებავის გამათხელებლები იყო, რომლებსაც ხშირად საწვავს ურევენ, იმისათვის რომ უკანონო დამატებითი მოგება ნახონ და საწვავის გადასახადს აარიდონ თავი. იმ ფაქტმა, რომ მატარებლის დატვირთვის ვიდეოჩანაწერი ვერსად იპოვეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. შემთხვევის ადგილის მოსწორებისა და სამხილების განადგურების შესახებ იურიდიული გამოკვლევა და საბრალდებო დასკვნა სერიოზული დაგვიანებით შედგა. პარლამენტის საგამოძიებო კომისია პაროდია იყო, ახალი დემოკრატიის უმრავლესობამ უარყო საკვანძო მოწმეების ჩვენებები და გამოსცა რეზოლუცია, რომელმაც მთავრობა გაამართლა. ევროპის პროკურორის ოფისი – რომელსაც 23 ეჭვმიტანილის საქმე წარუდგინეს, მათ შორის 18 საჯარო მოხელის – ამბობდა, რომ ბერძენი თანამდებობის პირები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.

 

 

საბერძნეთის მთავრობა ცდილობდა ორი წლით ადრე მომხდარი მოსმენების სკანდალისას გამოყენებული მეთოდოლოგიის ამუშავებას. 2022 წელს  საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ პასოკის (სიდიდით მეორე პარტია) ლიდერს ნიკოს ანდრულაკისს, ჟურნალისტებს, ახალი დემოკრატიის მთავრობის მინისტრებს, ბიზნესმენებს, მაღალი რანგის მოსამართლეებსა და სამხედრო ოფიცრებს ისრაელის მიერ შექმნილი არალეგალური სადაზვერვო მოწყობილობის გამოყენებით უსმენდნენ – მანამდე ზოგიერთი ამ პირთაგან ეროვნული დაზვერვის „ლეგალური“ მოსმენის სამიზნეც იყო.  არსებობდა უამრავი სამხილი, რომ მოსმენები პრემიერ მინისტრის ოფისთან იყო კოორდინირებული, თუმცა მთავრობამ და სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ ნებისმიერი ბრალდება უარყვეს, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან გადაცდომა არ მომხდარა.

 

ამ დროის განმავლობაში, ტემპეის ტრაგედია საზოგადოების მობილიზაციის გამომწვევ მოვლენად იქცა. 2024 წლის 11 ოქტომბერს ათენში დიდი კონცერტი ჩატარდა, რომელსაც 50 000 ადამიანი დაესწრო და ასი ათასობით ადამიანმა უყურა ინტერნეტის და ტელევიზიის გამოყენებით. საზოგადოება სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვდა. ამის მიუხედავად, მთავრობა ისევ უარს ამბობდა ნებისმიერი პასუხისმგებლობის აღებაზე.

 

გარდამტეხი მომენტი 2025 წლის იანვარში დადგა. მსხვერპლების ოჯახების მიერ დაქირავებულმა ექსპერტების ჯგუფმა საგამოძიებო მასალები წარმოადგინა, ამ მასალებისგან ვიდეო გაკეთდა, რომელიც ინტერნეტში ატვირთეს, ამასთან ერთად ვიდეოში ცეცხლოვანი ბურთის დეტალური ანალიზი და ცეცხლის გავრცელების პროცესი იყო ნაჩვენები. ერთ-ერთი სამხილი აუდიოჩანაწერი იყო, რომელიც 112-ის სასწრაფო ხაზთან დაკავშირებული აიფონიდან ამოიღეს. ამ ჩანაწერებმა ნათელი გახადეს, რომ ავარიის შემდეგ იყვნენ გადარჩენილი ადამიანები, რომლებიც ხანძრისგან გარდაიცვალნენ, რადგან ცეცხლმა ჟანგბადი შთანთქა. „ჟანგბადი არ მაქვს“ ისმის ერთ-ერთი მსხვერპლის სიტყვები. „ჩვენ მოვკვდებით…მარტი მიყვარხარ“, ამბობს სტუდენტის ხმა. ეს ეწინააღმდეგება მთავრობის განცხადებას, რომ ყველა ვინც აალებად ნივთიერებაზე საუბრობს „კონსპირაციის თეორიების“ გავრცელებაშია ჩართული.

 

 

ეს გარდამტეხი წერტილი იყო. პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაკლებობას, სამხილების დამალვის მცდელობაც დაემატა.

 

მსხვერპლთა ოჯახების ასოციაციამ გადაწყვიტა მიტინგი 2025 წლის 26 იანვარს მოეწვია. მიმართვა 22 იანვარს გავრცელდა. ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ მოწოდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 70%-ზე მეტს სჯეროდა, რომ მთავრობა სამხილებს მალავდა. მთელს საბერძნეთში მიტინგები დაიწყო.

 

მთავრობამ ბრალდებებს ბერძნული სასამართლო სისტემის მხარდაჭერით უპასუხა. ამავდროულად დაღუპულთა ოჯახის წევრების გაშავების კამპანია წამოიწყო, მთავრობა ისევ ცდილობდა საზოგადოების „შეთქმულების თეორიების“ გავლენის ქვეშ ყოფნაში დადანაშაულებას. საბოლოოდ ისინი შეჯერდნენ რიტორიკაზე, რომლის მიხედვითაც მიტინგები შეთქმულების ნაწილი იყო, რომელსაც „ქაოსი“ და ქვეყნის „დესტაბილიზაცია“ უნდა მოჰყოლოდა. ამან არ იმუშავა, მიტინგების წინააღმდეგ დაწყებული პრევენციული საბოტაჟი ჩავარდა.

 

HARSIA-ს გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა. ანგარიშში რკინიგზის სისტემაა აღწერილი, რომელიც ფინანსების უკიდურესი სიმცირით, თანამშრომლების ნაკლებობით და უსაფრთხოების მექანიზმების არარსებობით არის დამძიმებული. ანგარიში აჩვენებს, როგორ გაართულა სამხილების განადგურებამ ინციდენტისას მომხდარი მოვლენების რეალური რეკონსტრუქცია. აქვე ახსნილია რატომ იყო ცეცხლოვანი ბურთი გამოწვეული არა სილიკონის ზეთით, არამედ ჰიდროკარბონებით, რომლებიც მატარებელში იყო.

 

28 თებერვალს საბერძნეთში წარმოუდგენელი სურათი დაიხატა. ათენის, სალონიკის და ქვეყნის ყველა სოფლისა და ქალაქის ქუჩები ხალხით აივსო. ეს რეალური საყოველთაო გაფიცვა იყო, მაღაზიების უმრავლესობა დაიკეტა, ადამიანები რომლებიც ძირითადად თავს იკავებდნენ ამგვარი შეკრებებისგან გრძნობდნენ, რომ მორალური პასუხისმგებლობა ჰქონდათ ხალხთან ერთად ყოფილიყვნენ. პროფკავშირებმა, სტუდენტთა გაერთიანებებმა, მოსწავლეთა მშობლების ასოციაციებმა, მაღაზიის მესაკუთრეთა ასოციაციებმა, მუნიციპალიტეტებმა და სპორტულმა კლუბებმა მოწოდება გაავრცელეს და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს. დემონსტრაციების მასშტაბთან ერთად, იყო თავბრუდამხვევი განცდა- „მეც იქ უნდა ვიყო“, ყველა გრძნობდა მიტინგზე მისვლის აუცილებლობას. ისტორია სწორედ ამ განცდამ შექმნა.

 

ეს იყო მიტინგები, რომლებმაც ძლიერი ზიანი მიაყენეს მთავრობას. დიახ, ეს არ იყო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული გამოსვლები, ეს არც „პრო-ოპოზიციური“ გამოსვლები იყო. თუმცა ეს იყო მიტინგები სამართლიანობისათვის, საჯარო სიკეთისთვის, საჯარო ტრანსპორტისთვის, რკინიგზის პრივატიზაციისა და მთავრობის მხრიდან სამხილების დაფარვის წინააღმდეგ. ეს ხსნის, რატომ აირჩია საბოლოოდ მთავრობამ ძალმომრეობის გზა.  ეს რეპრესიის ხატის შესაქმნელად და ხალხის დასაშინებლად მოხდა.

 

ეს რეპრესიები არ აკნინებს ხალხის ქუჩაში გამოსვლის მნიშვნელობას. მოდით თავი არ მოვიტყუოთ-დემონსტრაციები და მიტინგები მოდური არ არის. ბერძნული საზოგადოება ფრაგმენტირებული და ინდივიდუალიზებულია. „არ წახვიდე, აურზაური იქნება“ – ეს ხშირად გვესმის და ამის ბევრ ადამიანს სჯერა. ამის გარდა, მთავრობამ და მისმა „მეგობრულმა მედიამ“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი კითხულობს მკაფიოდ განაცხადა: მიტინგები „შეთქმულთა გეგმაა“, რომლის ამოცანაც „მთავრობის დამხობაა“.

 

 

ამის მიუხედავად, ხალხი აქციებზე უპრეცედენტო რაოდენობით მივიდა, მასამ კოლექტიური მოქმედებისათვის შექმნილი ყველა დაბრკოლება გადალახა. ისინი აქციებზე გამოვიდნენ, რადგან არ სჯერათ იმისი, რასაც „მთავრობის მენეჯმენტად“ ასაღებენ.

 

ეს მიტინგზე მოსვლით არ შემოიფარგლება, ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება, რომ ამ მიტინგებზე იყო. ამ გამოცდილებამ დიდი კვალი დატოვა საზოგადოებაზე. ადამიანები იგრძნობენ, რომ ამ დღეს ისტორიის ნაწილი იყვნენ და ეს მათ აიძულებს ახლებურად იაზროვნონ.

 

რატომ ხდება ეს საბერძნეთში? ქვეყანა ნეოლიბერალური „სტაბილურობის“ ნიმუშად არის გამოცხადებული. ყველაფრის შემდეგ, ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ხმების 40%-ზეა დაფუძნებული, არის ის რაზეც ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების უმრავლესობა ოცნებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობამ არა მხოლოდ ტემპის ტრაგედია და მოსმენების სკანდალი გადაიტანა, არამედ პანდემიის დროს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგები აჩვენა.

 

ამასთანავე საბერძნეთი ღრმა სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისშია. ევროზონის სხვა ქვეყნებზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ეს ზრდა მოხმარებაზე, ტურიზმსა და უძრავ ქონებაზეა დაფუძნებული და არა მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორებზე. ხელფასების ნომინალური ზრდის მიუხედავად, მსყიდველობითი უნარის მიხედვით ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შემოსავლების ქვეყანაა ევროპაში, ამან ცხოვრების ღირებულების კრიზისი გამოიწვია. სიტუაციას საცხოვრებლის კრიზისის მზარდი ნიშნები ამძიმებს, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში როგორიც ათენია, რომელიც Airbnb-ს და მზარდი უძრავი ქონების სპეკულაციისგან იტანჯება, საგულისხმოა სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, ჯანდაცვა არასათანადოდ ფინანსდება, სისტემას კადრები არ ყოფნის და მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ეს ყველაფერი აძლიერებდა დაუცველობისა და უკმაყოფილების ღრმა გრძნობას, რაც ნათლად ჩანს უკანასკნელ თვეებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. პრობლემა იმაშია, რომ ლეგიტიმაციის მზარდი კრიზისის მიუხედავად ეს უკმაყოფილება პოლიტიკურ გასავალს, ან ალტერნატივას ვერ პოულობს. შედეგად, საბერძნეთის პოლიტიკური ლანდშაფტის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველი ახალი დემოკრატიის პარტიას ყველაზე ძლიერი ბაზა ჰყავს, თუმცა ის მინორიტარულია და ბოლო დროს ისეთ ადამიანებამდე შევიწროვდა, რომლებსაც სჯერათ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და სასამართლო სისტემას ენდობიან. აქამდე მიცოტაკისის მთავრობის ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ ოპოზიცია ფრაგმენტირებულია და ცუდ ფორმაში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე ახალი დემოკრატია ხმების 30%-ზე ნაკლებს აიღებს, პასოკი 14%-ს, სირიზა 6-7%-ს, კომუნისტური პარტია 9%-ის ირგვლივ იტრიალებს, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიებს ჯამურად 15-20% ექნებათ.

 

ტემპეის ტრაგედია სწორედ ამ სოციალურ და პოლიტიკურ ლანდშაფტში მოხდა. მოხდა გააზრება, რომ მთავრობა არა მხოლოდ პასუხისმგებელია იმ პოლიტიკაზე, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, არამედ გამოძიების გაყალბებაზეც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, ნეოლიბერალური პოლიტიკის ამდენი დეკადის მიუხედავად, ისევ არსებობს ღრმად ფესვგადგმული რწმენა, რომ სახელმწიფოს ისევ შეუძლია ზოგიერთი საბაზისო სერვისის უზრუნველყოფა, ისეთის როგორიც რკინიგზის უსაფრთხოებაა. გამოძიების გაყალბების მცდელობების შემდეგ სწორედ ეს რწმენა გაიბზარა. მოსმენების სკანდალთან შედარებით, სადაც მთავრობას  გავრცელებული აზრი უწყობდა ხელს, თითქოს ძალაუფლებაში მყოფები ყველგან ასე იქცევიან, ამჯერად მათი ქცევა ფუნდამენტური საზოგადოებრივი ხელშეკრულების მიმართ უპასუხისმგებლობად იქნა აღქმული. განცდას ისიც აძლიერებდა, რომ ამ ბრძოლას სათავეში მსხვერპლების მშობლები ედგნენ და ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს სიტუაცია ტრადიციულ პოლიტიკურ თამაშს ცდება. უფრო მეტიც, სამართლიანობის, სიმართლის და „ჟანგბადის“ ამ მოთხოვნამ შექმნა წინააღმდეგობის გაწევისა და მიტინგებზე გაერთიანების სივრცე ადამიანებისათვის.

 

 

სწორედ ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ ახალი დემოკრატიის მთავრობა რეალურ უმცირესობაშია. რადგან დღეს უმრავლესობა, რომელიც მის წინააღმდეგაა უბრალო სტატისტიკას აღარ წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგაც მთავრობა ისევ „სტაბილურობის დამცველად“ წარმოაჩენდა საკუთარ თავს. ეს უმრავლესობა მასობრივ პროტესტებში ხორცშესხმულ რეალობად იქცა.

 

სხვა სიტყვებით, საბერძნეთის მთავრობას აღარ შეუძლია თქვას, რომ ის წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ალტერნატივას ქაოსისა და გატეხილი ოპოზიციის წინააღმდეგ. არა იმიტომ რომ ოპოზიცია ფრაგმენტირებული და არაეფექტური არ არის, არამედ რადგან დემონსტრაციები აჩვენებს, რომ უმრავლესობას რაღაც სხვა უნდა. მოვიდა დრო უმრავლესობამ ღიად და მკაფიოდ განაცხადოს, რომ ეს მთავრობა აღარ უნდა. ეს შეუქცევადად დაკარგული რეალური ლეგიტიმაციის სიტუაციაა.

 

მიცოტაკისის მთავრობა განაგრძობს საპარლამენტო უმრავლესობით მართვას. სავარაუდოდ ის უნდობლობის ვოტუმსსაც გაუძლებს. თუ პროტესტები გაგრძელდება მთავრობა რეპრესიებს გააძლიერებს. მიცოტაკისი სარგებელს მიიღებს ოპოზიციის პრობლემური მდგომარეობიდან. ის ეცდება საზოგადოებას სტრატეგიული „დათმობები“ შესთავაზოს. პრემიერ მინისტრმა უკვე თქვა, რომ 2027 წლისათვის რკინიგზა მთლიანად მოდერნიზებული და დაცული იქნება. მთავრობას აქვს იმედი, რომ ხალხი ისევ ყოველდღიურ საზრუნავს დაუბრუნდება (თუმცა, რა თქმა უნდა უკმაყოფილება სწორედ ყოველდღიურმა საზრუნავმა გააძლიერა). სავარაუდოდ განტევების ვაცებსაც შემოგვთავაზებენ, მაგალითად პარლამენტის მხრიდან მოხდება იმ მინისტრის საქმიანობის გამოძიება, რომელიც ინციდენტის ადგილის მოსწორებაზე იყო პასუხისმგებელი.

 

მივიღებთ ძალიან სუსტი რეალური ლეგიტიმაციის მქონე მთავრობას, ხოლო საზოგადოება, განსაკუთრებით კი მისი ახალგაზრდა ნაწილი სულ უფრო ხშირად დასვამს კითხვას „რა უფლება გაქვთ რამე გადამიწყვიტოთ?“. სავარაუდოა, რომ მთავრობის საკანონმდებლო შემოთავაზებები  ქუჩაში ბევრად დიდ წინააღმდეგობას შეხვდება, მიტინგში მონაწილე ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ რეალური ძალაუფლება აქვს.

 

სახიფათო კი ის არის, რომ მთავრობას უკან დასახევი გზები აღარ აქვს. ისინი ეცდებიან არ უპასუხონ სიღრმისეული ცვლილების მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებიდან მოდის. ეს „დააჩქარებს მთავრობის მუშაობას“ იმ მიმართულებით, რომელსაც ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს და ამავე ხალხის თვალში თავისებურ გადატრიალებად გამოჩნდება. მთავრობამ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ ეს „დროის ყიდვის“ გზაა, თუმცა პრაქტიკულად ეს მხოლოდ ლეგიტიმაციის კრიზისს გაამწვავებს და პოლიტიკური სისტემის ბნელ მხარეს კიდევ უფრო აშკარას გახდის.

 

საბერძნეთის პოლიტიკური სისტემა დღევანდელი მოწყობითა და სტრუქტურით (რომელმაც ფორმა მემორანდას ერაში შეიძინა და კიდევ უფრო აგრესიულად 2019 წლის შემდეგ გაიშალა)  საკუთარ ლიმიტს აღწევს, ნათელია რომ სისტემა „სტრუქტურულად“ არაადეკვატურია, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ვიწრო კაპიტალისტური ინტერესების მსახურების გარდა. ამ სისტემას არ შეუძლია საზოგადოების შთაგონება და მისი შემოქმედებითი ძალების მობილიზება, მას არ შეუძლია შემოგვთავაზოს მომავალი, რომელიც აწმყოს ძალდატანებით რეპროდუქციისაგან განსხვავებული იქნება. თუ გრამშის დავესესხებით ეს მართლაც ძველის სიკვდილია.

 

რაც ნიშნავს, რომ დღევანდელი მთავრობისათვის ძალაუფლების  შენარჩუნება, იქამდე სანამ „ახალი არ დაიბადება“, მიგვიყვანს უამრავ „ავადმყოფურ მოვლენამდე“. ყველაფრის შემდეგ, რას ნიშნავს მთავრობის უარი დაადგინოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები, ან ყოველგვარი საჯარო განხილვის ჯიუტი უარყოფა?

 

 

ის ფაქტორი, რომელიც ყველაფერს ცვლის ხალხის ქუჩებში დაბრუნებაა – სამართლის, სიმართლის, „დემოკრატიის ჟანგბადისა“ და უშიშრად ცხოვრების მოთხოვნით. აქ მართლაც რთული კითხვები ჩნდება, თუ შევხედავთ ოპოზიციას და მემარცხენეობის მდგომარეობას (როგორც არ უნდა განვმარტოთ ის). სირიზამ (და გარკვეული აზრით, ახალმა მემარცხენეებმა) დაქვემდებარებული მასების უდიდესი ნაწილის ნდობა დაკარგეს და ვერ ახერხებენ საზოგადოებისთვის მართვის ალტერნატიული სტრატეგიის შეთავაზებას. პასოკი ვერ იძლევა რეალურ ალტერნატივას, მეტიც მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კომფორტულად იგრძნობდა თავს ახალ დემოკრატიასთან ალიანში თუ არჩევნებს გამარჯვებული არ ეყოლებოდა. კომუნისტური პარტია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მობილიზაციაში, მიუთითებს ცვლილებების აუცილებლობაზე „ანტიკაპიტალისტური და ანტიმონოპოლიური მიმართულებით“, თუმცა ამავდროულად მართვის არანაირი სტრატეგია არ აქვს. რადიკალური ანტიკაპიტალისტური მემარცხენეობა ბევრად უფრო ფრაგმენტირებულია და სერიოზულ სტრატეგიულ დისკუსიას არ აწარმოებს.

 

თუმცა პოლიტიკა ყოველთვის ექსპერიმენტული პროცესია. თუ ვინმეს უნდა ექსპერიმენტის ჩატარება და იმის გარკვევა თუ როგორ „ითარგმნება“ ეს სამართლიანობისა და სიმართლის მოთხოვნა ჰეგემონურ პრაქტიკაში, ამის საშუალებას უპრეცედენტო სახალხო მობილიზაცია აძლევს. აქ მასების „რეპრეზენტაციაზე“ მნიშვნელოვანი მათგან სწავლის პროცესია.

 

რთული ნაწილი სწორედ აქ იწყება. თუმცა როდის ყოფილა ცვლილება მარტივი?

 

შენიშვნა:

[1] ჟურნალისტი ათენიდან, რომელიც საბერძნეთის ღია უნივერსიტეტში ასწავლის. სოტირისი, ჟურნალისტორიული მატერიალიზმისსარედაქციო საბჭოს წევრია.