რამდენად სხვისია სხვისი ტკივილი?

რამდენად სხვისია სხვისი ტკივილი?

ხილვადობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

ავტორი: ქრისტინე ჭელიძე

22 ნოემბერი 2026

სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

 

შეკითხვა

სქროლვა. დღის განმავლობაში უთვალავი ამბავი გადის ჩვენ თვალწინ. ნაწილი წამით ჩნდება და ქრება; ზოგზე უფრო დიდხანს ვჩერდებით, ვისმენთ, ვკითხულობთ. ზოგ ამბავს საერთოდ ვერ ვხედავთ, ზოგს – გადაჭარბებული, ცოტა დამთრგუნველი დოზითაც. დღის ბოლოს კი, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, დოფამინიც კი აღარ არის, მხოლოდ – კორტიზოლი.  ამგვარ უწყვეტ ნაკადში, თითქოს ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, რას დავაკვირდეთ და რა უინტერესოა ჩვენთვის. თუმცა ეს არჩევანიც, სინამდვილეში, უკვე წინასწარ ორგანიზებულ სივრცეში კეთდება. ამიტომ ყურადღება მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა აღარაა. ის პოლიტიკურ მნიშვნელობასაც იძენს.

არახალი კრიტიკაა, რომ ამ უწყვეტი საინფორმაციო ნაკადის მთავარი თავისებურება ისიც არის, რომ ყველაფერი ერთმანეთის გვერდით, ყოველგვარი დახარისხების გარეშე  ხდება: ფისოების ვიდეო, მეგობრის ფოტო, რესტორნის რეკლამა, პოლიტიკური მოვლენები, ომის კადრები, ფემიციდი, გენოციდი, კონცერტის ანონსი და ისევ – მეგობრის ლამაზი ულუფა. ერთი ამბავი მეორეს რამდენიმე წამში ცვლის და სრულიად განსხვავებული მასშტაბისა და ტრაგიზმის მოვლენები, ძველი თუ ახალი, ერთსა და იმავე ციფრულ ზედაპირზე, ერთნაირი ზედაპირულობით თავსდება. შეიძლება, სწორედ ამიტომ არის ხილვადობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: ყველაფერი, რაც ჩვენამდე აღწევს, არც თანაბრად ხილულია და არც თანაბარ დამოკიდებულებას იწვევს ჩვენში.

ზოგი ამბავი „შორეულია“, თუმცა პოლიტიკურად მძაფრი და ფუნდამენტური, რაც მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: რა უნდა იყოს ჩვენთვის უფრო ღირებული – ის, რაც უშუალოდ ჩვენს ირგვლივ ხდება და ჩვენს პოლიტიკურ გარემოს პირდაპირ ეხება, თუ ისიც, რაც ათასობით კილომეტრის მოშორებით ვითარდება და თითქოს ჩვენს ცხოვრებასთან უშუალო კავშირი არ აქვს? რატომ გვიჩნდება შორეულ ტრაგედიაზე საუბრის, გაზიარების ან რაიმე ფორმით რეაგირების საჭიროება მაშინ, როდესაც მოვლენაში თავად არ ვმონაწილეობთ და მის განვითარებაზე გავლენის რეალური ბერკეტი არ გაგვაჩნია? მარტივად რომ ვთქვათ – „რა აზრი აქვს?!“ მით უმეტეს, როდესაც, ერთი შეხედვით, ის ჩვენს უსაფრთხოებას, სოციალურ მდგომარეობასა თუ ყოველდღიურ გამოცდილებას არ ეხება? მაგრამ იქნებ თავად ეს კითხვაც არასწორია? აუცილებელია თუ არა, სხვისი ტკივილი უშუალოდ ჩვენს ინტერესებთან იკვეთებოდეს, რომ მას ჩვენთვის ფასი და მნიშვნელობა ჰქონდეს?

ამ წინააღმდეგობის გასააზრებლად, ესსეში განხილულია ორი რადიკალურად განსხვავებული, თუმცა ერთი და იმავე გლობალური ძალაუფლების კონსტრუქციის მქონე კრიზისი – პალესტინა და სუდანი. მათი შერჩევა იმითაა განპირობებული, რომ ისინი თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში „შორეული ტანჯვის“ ორ საპირისპირო პოლუსს წარმოადგენენ. პალესტინის შემთხვევა ჭარბი, რეალურ დროში მიმდინარე ხილვადობისა და მორალური უძლურების პარადოქსს გვაჩვენებს, ხოლო სუდანი საინფორმაციო სიცარიელისა და წინასწარ ნორმალიზებული ძალადობის იმ უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, სადაც გამოსახულების არარსებობა ან სიმწირე, მორალური ვალდებულების გაქრობას უდრის. ვფიქრობდი, ერთ-ერთი მაგალითი უკრაინა ყოფილიყო – ქვეყანა, სადაც 2022 წელს რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი დღემდე გრძელდება. თუმცა საქართველოსთვის უკრაინა „შორეული ტანჯვის“ მაგალითი ნაკლებადაა: რუსეთის იმპერიული ძალადობის საერთო გამოცდილება, ოკუპაცია და საკუთარი პოლიტიკური დაუცველობა უკრაინის ტრაგედიას ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებასთან, მოლოდინებთან თუ შიშებთან ბევრად ახლოს აყენებს. თუ დავაკვირდებით, ეს განსხვავებაც ფუნდამენტურია – ზოგი ომი ჩვენთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია, ზოგი კი – აბსტრაქტული და შორეული. ამ „შორეულობას“ კი მხოლოდ ფიზიკური კილომეტრები ნამდვილად არ განსაზღვრავს.

ამავდროულად, ეს ტექსტი იმის ერთგვარი მცდელობაცაა, რომ უარი თქვას იმ ყოვლისმომცველ ზედაპირულობასა და „ერთ წუთში ჩატეულ კონტენტზე“, რასაც თანამედროვე სოციალური ქსელები წარმოქმნიან. საინფორმაციო სივრცის ამ პასიური ინერციის დასაძლევად, აუცილებელი მგონია მოვლენების მიღმა არსებული ისტორიული და სამართლებრივი ფაქტების გაცოცხლება – მოკლედ, თუმცა კონტექსტის აღსაქმელად საკმარისი სიზუსტით. ამ ორი უმძიმესი ამბის ერთგვარი ურთიერთდაპირისპირებით შევეცდებით გავიგოთ, თუ რას ნიშნავს იცოდე სხვისი ტკივილის შესახებ მაშინ, როდესაც ამის შესაცვლელად საკმარისი ძალა არ გაგაჩნია.

 

პასუხი (მცდელობა)

ზოგი ცოდნა ტვირთივითაა – პასუხისმგებლობის, უძლურებისა და იმ რეალობასთან თანაცხოვრების ტვირთი, რომლის შეცვლაც, სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არ შეგვიძლია. ამ უხერხულ და უსიამო სივრცეში – ცოდნასა და უძლურებას, თანაგრძნობასა და მოქმედებას, სიტყვასა და მის შესაძლო უშედეგობას შორის მოძრაობდა ეს ტექსტიც და ალბათ, ვმოძრაობთ ჩვენც. რაც უფრო მეტს ვხედავთ, მით უფრო რთულდება იმის განსაზღვრა, თუ რას გვავალდებულებს ის.

საქართველოს პერსპექტივიდან ამაზე ფიქრი კიდევ უფრო კომპლექსურია – ქვეყანა ერთდროულად ცხოვრობს, როგორც გარე იმპერიული საფრთხისა და ოკუპაციის, ასევე შიდა ავტორიტარული კონსოლიდაციის პირობებში. ასეთ გარემოში, ბუნებრივია, რომ ყურადღება სწორედ საკუთარი საზოგადოების საფრთხეებსა და მომავალს მიემართებოდეს. მაგრამ საკუთარი დაუცველობა, სხვისი დაუცველობის დანახვისგან ხომ არ გვათავისუფლებს? შეიძლება პირიქითაც იყოს – როცა კარგად იცი, რას ნიშნავს ძალაუფლების წინაშე მარტო დარჩენა, სხვისი ტკივილიც ნაკლებად „სხვისი“ ხდება. და საერთოდაც, სად მთავრდება „ჩვენი“ ტკივილი და სად იწყება „სხვისი“, თუ ორივეს, ხშირად, ერთი და იგივე ძალაუფლებრივი ლოგიკა კვებავს?

აქვს თუ არა საერთოდ რამეს აზრი მთელ ამ ძალაუფლებრივ კონსტრუქციებში? ამ კითხვაზე პასუხს მუდმივად ვეძებ საკუთარი თავისთვის და შეიძლება, პრობლემა ნაწილობრივ ისიც იყოს, რომ მნიშვნელობას მხოლოდ იმ მოქმედებას ვანიჭებთ, რომლის შედეგიც გარანტირებულია. პოლიტიკურ ცხოვრებაში კი ასეთი სიცხადე იშვიათია – ჩვენ არ ვიცით რომელი წინააღმდეგობა გადარჩება, რომელი სიტყვა დარჩება, რომელი სოლიდარობა შეიძენს ძალას და რომელი უკვალოდ გაქრება. შეიძლება წინააღმდეგობა დიდხანს გაგრძელდეს ხელშესახები ცვლილების გარეშე, მობილიზაცია დაიღალოს, დაიშალოს, ან სულაც – დამარცხდეს.

ზოგჯერ მარცხის აღიარებაც აუცილებელია – შეიძლება კონკრეტული ბრძოლა მართლაც წავაგოთ, ჩვენ პირადად ვერასდროს ვიხილოთ ის, რისთვისაც ვიბრძოდით და ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ამის შესაძლებლობაც დასრულდა. ამიტომ აზრის ძიება გარანტირებულ წარმატებაში თავიდანვე ძალიან ვიწრო საზომია. ალტერნატივის წარმოსახვა კი ნამდვილად უალტერნატივო – მარცხი შეიძლება რეალური და მძიმე ფაქტი იყოს, მაგრამ არასდროს იქცეს საბოლოო შედეგად. იქნებ, იმედიც, თუ მასზე საერთოდ ვისაუბრებთ, სწორედ ამ გაურკვევლობის ატანასა და განსხვავების შენარჩუნებაში იყოს – არა მყისიერი გამარჯვების რწმენაში, არამედ უარს იმაზე, რომ აწმყოში მარცხმა მომავლის შესაძლებლობაც წინასწარ გააუქმოს. რადგან ზოგჯერ მკაფიო საზომი მხოლოდ ის რჩება, რას არ ვთანხმდებით იქცეს ნორმად, გარდაუვალობად ან დასრულებულ და გაფორმებულ ფაქტად. პასუხისმგებლობაც, ყველაზე მკაფიოდ, ამგვარი გაურკვევლობის შიგნით იგრძნობა – იქ, სადაც შედეგს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ უარს ვამბობთ ძალადობა ბუნებრივ, უხმო, უსახელო მდგომარეობად მივიღოთ, შინ თუ გარეთ.

***

ოქტომბერში ერთ ვებინარს დავესწარი, სადაც ჯუდიტ ბატლერი თურქ აქტივისტთან ერთად თურქეთში ლგბტ+ ადამიანებზე მიმდინარე რეპრესიებს განიხილავდა: 2026 წლის სექტემბერში თურქეთში ქვეყნის მასშტაბით ლგბტ+ ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე განხორციელებული რეიდების შედეგად, სულ მცირე 116 ადამიანი დააკავეს; 83 მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, ხოლო ასობით სოციალური მედიის ანგარიში და არაერთი ვებგვერდი დაიბლოკა ან შეიზღუდა. თავად ოპერაციას „Ailem Güvende“ – ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა“ – ეწოდა (Amnesty International, 2026b). ეს რეპრესია ცარიელ რიტორიკულ სივრცეში არ წარმოშობილა. ჯერ კიდევ 2021 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობდა, რომ ლგბტ „არ არსებობს“ (Reuters, 2021). ზუსტად მსგავსი ლოგიკა და რიტორიკა 2023 წლის მარტში, პარიზში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა გამოიყენა და თქვა, რომ „პალესტინელები არ არსებობენ, რადგან არ არსებობს პალესტინელი ხალხი, როგორც ასეთი“ (The Times of Israel., 2023).

ადამიანთა ჯგუფის არსებობის უარყოფა ერთი შეხედვით იმდენად აბსურდულია, რომ სერიოზულ პოლიტიკურ განცხადებადაც კი ძნელად აღიქმება. თუმცა ასეთი რიტორიკა მხოლოდ ფაქტობრივი რეალობის უარყოფა არ არის. ის საჯარო სივრციდან ადამიანების სიმბოლური წაშლის მცდელობაა. თუ რომელიმე ჯგუფი ენაში საერთოდ „არ არსებობს“, უფრო მარტივი ხდება მისი პოლიტიკური სუბიექტობის, უფლებებისა და დაცვის საჭიროების უარყოფაც. ამის შემდეგ მათი მოთხოვნები კარგავს ლეგიტიმურობას, ტკივილი – პოლიტიკურობას, ხოლო მათ მიმართ ჩადენილი ძალადობა უფრო მარტივად ექცევა გამართლებისა და ნორმალიზების ენაში. ამგვარი ენა იშვიათად ჩერდება მხოლოდ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფზე. ის ზოგად რიტორიკად იქცევა, რაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ძალაუფლებისთვის არასასურველ ჯგუფზე შეიძლება განზოგადდეს. ეს არის ზღვარი – სადამდე შეუძლია ძალაუფლებას გაბედოს ადამიანებზე დომინირება.

რეაგირების მნიშვნელობაც აქ უფრო მკაფიო ხდება, თუნდაც მისი უშუალო შედეგი არ ჩანდეს. თუ მოძალადე ასე გამალებით ცდილობს ადამიანების სხეულებთან ერთად მათი გამოცდილების, მოთხოვნებისა და პოლიტიკური არსებობის წაშლას, მაშინ ყურადღების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობაა. დანახვა, დასახელება, დოკუმენტირება, ინფორმაციის გავრცელება და იმ ხმების გაძლიერება, რომელთა ჩახშობასაც ცდილობენ, უშუალოდ ძალადობას შეიძლება ვერ აჩერებს, მაგრამ მას უსათუოდ შეუძლია შეზღუდოს ძალაუფლების შესაძლებლობა, საკუთარი აღწერა რეალობის ერთადერთ ვერსიად აქციოს.

და კი, სხვისი ტკივილი, მართლაც სხვისია. ჩვენი ტკივილიც – ვიღაცისთვის სხვისი. პოლიტიკური და ეთიკური ნორმები კი, რომლებიც ამ ტკივილის მნიშვნელობას განსაზღვრავენ – საერთო.