ლაშა მიდასი, ანუ რას იტყოდა პატიოსანი მეწარმე

ლაშა მიდასი, ანუ რას იტყოდა პატიოსანი მეწარმე

ავტორი: დავით გალაშვილი

20 ნოემბერი 2026

ლაშა პაპაშვილმა არისტოტელეს „პოლიტიკის“ კითხვა მოითავა და დაამთქნარა. განსაკუთრებით ისეთ ადგილებს ინიშნავდა, რომლებიც მოახლოებული ინტერვიუსთვის გამოადგებოდა. ჩვევად აქვს, ყველა ხმაურიანი განცხადების წინ დიდ თეორეტიკოსს დაეყრდნოს. წიგნში მონების ამბავზე დიდხანს შეჩერდა. შემდეგ ტელეფონი აიღო და HandsOnly Ltd.-ში დარეკა. ას მონას ითხოვდა ინდოეთიდან. კომპანიის წარმომადგენელს ეუბნებოდა, მონები ისე შეფუთეთ, გადამზიდავმა მოცულობითი წონა არ გადამხდევინოსო. არ უყვარდა ჰაერში ფულის ყრა. ინტერვიუს დრო რომ დადგა, ნეტარი სახე მიიღო და ასე თქვა: „საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდაო“.

ამ ინტერვიუს ვკითხულობ და ვერ ვიგებ, ვის დავუჯერო: ბურჟუაზიული იდეოლოგიის საყვარელ მეცნიერებას თუ ნეოარისტოტელიანელ პაპაშვილს. სტატისტიკა ამბობს, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.8% იყო, სოფლად კი ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ნეოარისტოტელიანელი პაპაშვილი ამბობს, რომ სოფელში მუშები არ გვყოფნის. სტატისტიკა დასძენს, რომ სოფლის მეურნეობა ყველაზე დაბალანაზღაურებად დარგებს შორისაა. პაპაშვილს კი თვალი ინდოეთისკენ გაურბის.

ორივე მართალია, ოღონდ თავისებურად. სტატისტიკის ენაზე „უმუშევარი“ ისაა, ვისაც სამუშაო არა აქვს. პაპაშვილს კიდე დაუჟინებია, „უმუშევრებს“ განა სამუშაო არ აქვთ, უბრალოდ, ხელფასის მოთხოვნის ცუდი ზნე დასჩემდათო.

მოკლედ, ვიფიქრე, ინტერვიუერმა პაპაშვილის ნალაპარაკები ალბათ მაგრად დაამახინჯა. რამდენიმე წლის წინ არისტოტელეს თანამედროვე კომენტატორებით დავინტერესდი და იქ ვინმე პაპაშვილი ვნახე, რომელიც ამბობდა: „ვთვლი, რომ არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწაო“. ხოდა, ვეღარ გავიგე: ან ეს სხვა პაპაშვილია და არა ის, ვისაც ინდოეთიდან მონების ჩამოყვანა სურს, ან ინტერვიუერს ნაღდად რაღაც ეშლება-მეთქი.

გადავწყვიტე, თვითონ წავსულიყავი და სიმართლე გამერკვია. დიდ პატივს ვცემ ქართველ ფილოსოფოსებს, და პაპაშვილიც არ იყო გამონაკლისი: ნეოარისტოტელიანელი, ჩვენი მიწის მოდარაჯე. ისიც გავიგე, რომ „მართლმადიდებლობის მუზეუმის“ აშენება გადაუწყვიტავს. ამიტომ ბოდბეში წავედი. მუზეუმი არ დამხვდა, ანუ დამხვდა, ოღონდ ისეთი, როგორიც ქართული ფილოსოფიის უმეტესი პროექტებია: დაწყებული და მიტოვებული.

პაპაშვილი იქ არ იყო. სამაგიეროდ, ახალი რამ გავიგე: ჩვენს ნეოარისტოტელიანელს ფერმაც ჰქონია. არ ეყო ქართული მიწის დარაჯობა და მართლმადიდებლობის მუზეუმის შენება, თურმე რძესა და ყველსაც არ გვაკლებს. ასეთი კაცია: ერის სულზეც ზრუნავს და კუჭზეც.

ასე რომ, ყვარლის ბაგისკენ ავიღე გეზი. ადგილობრივები მიამბობდნენ, იქ მეფე მიდასის ხელობას მისდევენ, ოღონდ ცოტა უცნაურსო: მიდასი, რასაც შეეხებოდა, ოქროდ აქცევდა, ყვარელში კი პაპაშვილი მძღნერს აქცევს ოქროდო.

გუნებაში ავწონ-დავწონე: აბა, რანაირად შეიძლება კაცი მძღნერს ოქროდ აქცევდეს და მაინც რაიმის დეფიციტზე ლაპარაკობდეს? ბოლოს და ბოლოს, ინდოელი მუშა რად უნდა, მთელ ინდოეთს იყიდის-მეთქი. ამასობაში პაპაშვილსაც მოვკარი თვალი. მძიმედ მოაბოტებდა: იმ დღეს ასი ტონა ოქრო მოეგროვებინა და საკმაოდ დაღლილიყო. ინტერვიუ ვთხოვე, მაგრამ ხელი ჩაიქნია და ჩაიარა. მეწყინა, მაგრამ არ დავნებდი. გადავწყვიტე, ფრანგი ფილოსოფოსის, ალთიუსერის, მსგავსად ერთ პატიოსან მეწარმეს მეც წარმოვისახავ და იმასთან ჩავწერ ინტერვიუს-მეთქი.

ჩემი წარმოსახვითი მეწარმე ფერმის ჭიშკართან დამიხვდა. სამუშაო ხალათი ეცვა.

— ინდოეთიდან მართლა აპირებთ მონების ჩამოყვანას? — ვკითხე მორიდებით.

თავი გააქნია და ერთხანს ხმას არ იღებდა. მეც შვებით ამოვისუნთქე, თვალს ვუკრავდი.

მაგრამ, თითქოს, რაღაც გაახსენდაო, ხმას აუწია: იმპროტული რძე იაფია. მუშას ხელფასს თუ მივცემ, დავეცემი, ჩემთან ერთად ქართული რძე, ქართული სუფრა და, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ერიც გაქრებაო. ამიტომ ერთი პარტია მონები მართლაც შეუკვეთია, პატრიოტული გრძნობით.

ცოტა დავიბენი, თუმცა მაშინვე მომაყარა: ქართველი ბუნებით ზარმაცია და საჭმელ-სასმელს ბევრს ითხოვსო. თურმე ამ სენის განსაკურნებლად მის მეგობარ ხუცესს არისტოტელეს კითხვა ურჩევია. უთქვამს, მანდ ნახავ რეცეპტს, რითაც ჩვენებურ გლეხსაც შეაფუცხუნებ და თან ისეთ რამეს იშოვი, რომ სულ მუქთად იმუშავებს და ხმასაც არ ამოიღებსო.

ხუცესს ვინმე მალთუსის წიგნებიც მიუცია ჩვენი მეწარმისთვის. ისიც ისე დააცხრა მალთუსს, როგორც მანამდე არისტოტელეს. მალთუსიდან ერთი ჭკვიანური ადგილი ამოიკითხა: თითქოს ხალხი საკვებზე სწრაფად მრავლდება. აქედან დასკვნაც თავისით გამოდიოდა: ღარიბს ხელფასი თუ მიეცი, გაძღება, გამრავლდება, მისი შვილები კი ისევ შიმშილს წააწყდებიან და ბოლოს ყველა ერთიანად ამოწყდება. ღარიბს, მალთუსის თქმით, თავშეკავება სჭირდება. მეწარმემ, თავის მხრივ, რჩევა გააფართოვა: თავშეკავება ჭამაშიც, სმაშიც და, რა თქმა უნდა, ხელფასის მოთხოვნაშიც.

თუმცა ჩვენი მეწარმე მალთუსზე ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. თუ ინგლისელი ჰუმანისტი ზედმეტი ხალხის წამლად ომს, შიმშილსა და ეპიდემიას თვლიდა, მეწარმემ ამ სიას ემიგრაციაც დაუმატა. ეს უფრო ჰუმანურიც იყო და უფრო მომგებიანიც: ხალხი თავისით მიდის, თანაც საკუთარი ფულით, მის ადგილას კი მონები უკვე შეკვეთილი ჰყავს. ომი ძვირია, ეპიდემია ხმაურიანი, შიმშილი კი ტელევიზიით ცუდად გამოიყურება. ემიგრაცია მშვიდია და, რაც მთავარია, შემოსავლიანი.

ინტერვიუ ამით დასრულდა და ახლა ჩემს თავზე მომივიდა გული. ვიფიქრე, მეც სხვა ინტერვიუერებს დავემსგავსე, კარგსა და ცუდს ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევ-მეთქი. შეუძლებელია, ეს ჩემი წარმოსახვითი მეწარმე პაპაშვილი იყოს. ჩემი მეწარმეც გვარიანი ფილოსოფოსი გამოდგა, მაგრამ პაპაშვილი მხოლოდ მიწიერი სიბრძნით არ კმაყოფილდება: იმქვეყნადაც იმზადებს ადგილს და სულზეც ფიქრობს.

როგორც იქნა, წარმოსახვიდან გამოვერკვიე და ყვარლის ბაგის ჭიშკართან ისევ ჩემს ნეოარისტოტელიანელს წავაწყდი. ოქროს ახალ პარტიას ალაგებდა. ოქროს რატომღაც ოხშივარი ასდიოდა, სუნიც ოქროსი არ ჰქონდა. ვიფიქრე, ეს კაცი ფილოსოფოსიც ყოფილა, პატრიოტიც და ჯადოქარიც-მეთქი. ჩემ თვალწინ ოქრო ახალ ქიმიურ თვისებას იძენდა. კაცს, რომელსაც საგნის არსის გამოცვლა შეუძლია, რა ხელი აქვს მონებთან?

ამ ფიქრებში გართული პაპაშვილს კიდევ უფრო მივუახლოვდი და ის დამემართა, რასაც ფილოსოფიის ისტორია კოპერნიკსა და კანტს მიაწერს: დოგმატური თვლემიდან გამოვფხიზლდი. ოქრო არ იყო. მძღნერი იყო. ჩვეულებრივი, თბილი მძღნერი, რომელსაც პაპაშვილი მთელ ქვეყანას ოქროდ ასაღებდა.

ყვარლიდან პირში მძღნერგამოვლებული წამოვედი. ერთი რამ მაინც მამხნევებდა: მუშახელი შეიძლება გვაკლდეს, მაგრამ, პაპაშვილის ქვეყანაში, მძღნერი იმდენია, იმპორტი არასოდეს დაგვჭირდება.