კაპიტალიზმის “კეთილი” ზღაპრები მასწავლებლებისთვის და არა მხოლოდ

კაპიტალიზმის “კეთილი” ზღაპრები მასწავლებლებისთვის და არა მხოლოდ

ავტორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მზეო შველიძე

6 ოქტომბერი 2022

პედაგოგების უმეტესობა, რომლებსაც ვიცნობ, ემოციურად მიჯაჭვულია საკუთარ საქმიანობას, ენთუზიაზმით მუშაობს და შეუძლია ქანცგაწყვეტამდე ისწავლოს, რომ შემდეგ სხვას ასწავლოს. ისინი ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი იდეოლოგიისგან და პოლიტიკური ხედვაც არ ჰქონდეთ, რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, უდავოა, ასეთი მიგნება დროებით, მაგრამ მაინც ზრდის მათთვის პროფესიაში ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობას.

ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლებს, რომლებიც მიჯაჭვულნი არ არიან საკუთარ საქმიანობას, ბევრად უფრო მეტი პოტენციალი აქვს რაღაც ღირებულის შექმნის, რადგან ემოციურად ჯანმრთელები და გონებაფხიზელები არიან, მუშაობენ მხოლოდ იმდენს, რამდენსაც შრომითი ხელშეკრულება ავალდებულებთ და დამსაქმებელს, უფლებას არ აძლევენ ენთუზიაზმი გადააქციოს ექსპლუატაციის საშუალებად. ასეთ მასწავლებლებს პროფესიაში დარჩენის შესაძლებლობები წლიდან წლამდე უმცირდებათ, რადგან მათი აბსოლუტური რესურსის გამოყენების პოტენციალს დამსაქმებელი ვერ ხედავს…

ველური კაპიტალიზმი, ელიტური მმართველობა, ძალაუფლება, რომელსაც ბიზნესი და სახელმწიფო თანაბრად ინაწილებს, შრომით ურთიერთობებსაც თავისუფალი ბაზრის ნაწილად აქცევს, მასწავლებლებს კი, რომელთა რიგებში ხშირად ყველაზე მოწყვლადი სოციალური კლასის წარმომადგენლები არიან, იმ ზღაპრების დაზეპირება უწევთ, რომლებიც შემდეგ თაობებს სიტყვა-სიტყვით უნდა გადასცენ.

ვინაიდან მე უფრო მეორე კატეგორიის მასწავლებლის რიგს ვეკუთვნი თავს უფლებას მივცემ, ამ „კეთილი“ ზღაპრების შესახებ გიამბოთ .

ზღაპარი N1: თუ შენ ძალიან ბევრს მუშაობ, შეგიძლია შეძლო შეუძლებელი და აიხდინო ყველა ოცნება, ვერ შეძელი ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზარმაცი ხარ საკმარისად არ მოინდომე და სამწუხაროდ არ გაგიმართლა.

თქვენ გასწავლიან, რომ თუ საკუთარ ადამიანურ რესურს ბოლომდე გამოიყენებთ, ბეჯითად იმუშავებთ, 24/7-ზე და ერთი კვირას საქმეებს ერთ დღეში გაუთენებელი ღამეების ხარჯზე გააკეთებთ, ამით უფრო წარმატებულები გახდებით, უფრო სწრაფად, შესაძლოა, ელვის სისწრაფით აიხდენთ ოცნებებს და გექნებათ უზრუნველყოფილი მომავალი, ეს დაახლოებით იგივეა, რაც ლათინოსმა ემიგრანტმა, რომელსაც არაფერი გააჩნდა აიხდინოს ამერიკული ოცნება. გადის დრო გაუთენებელ ღამეებს კიდევ ღამეები ემატება და ხვდებით, როგორ გტკივდებათ ჯერ თვალები, შემდეგ წელი, მხრები, თავი, სახსრები და საერთოდ ყველაფერი, რაც შეიძლება მშრომელს სტკიოდეს. სულ მალე აღმოაჩენთ, რომ ანაზღაურებას, რომელსაც გიხდიან ოცნებების ასრულება კი არა მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არ შეუძლია. დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე თქვენ შრომობთ დაუზარებლად და მაინც, ისევ იქ ხართ, სადაც იყავით უსარგებლოდ გრძნობთ თავს, თქვენს თავში ხედავთ პრობლემას, იქნებ საკმარისად ბევრი არ იშრომეთ, იქნებ რაღაც დააკელით იქნებ მოტივაცია გაკლდათ ან მიზანდასახულობა. ვერაფერს ცვლით, ეს შრომა კი რომელსაც გასწევთ, თქვენს ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას ანადგურებს, ასე ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ გკლავთ სისტემა, ასეთ დროს დროულია იმის გააზრება, რომ თქვენი ოცნებები არ ხდება, ჯანმრთელობა კი ნადგურდება, ხომ მთავარი ისაა, რომ პირდაპირპროპორციულად იზრდება თქვენი დამსაქმებლის შემოსავლებიც, სახელმწიფოს თქვენი შრომითი უფლებების დასაცავად შემოთავაზებები არ აქვს, რადგან თქვენ ზღაპრის მთავარი გმირები არ ხართ, ერთადერთი კი რასაც ის გთავაზობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტია, ხომ უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას და მერე ისევ სისტემას დაუბრუნდეთ, თქვენი შრომითი რესურსი ხომ სისტემის ფილტრია, ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებულისთვის…

ზღაპარი N2: აუცილებლად უნდა გქონდეს ის უნარ–ჩვევები, რომელიც დასაქმებულს შესაძლოა მომავალ ლიდერს სჭირდება, როცა განათლებას იღებ უნდა იფიქრო როგორ აქცევ შენს ცოდნას მზარდ ანაზღაურებად, უნდა იყო პროდუქტიული და მოთხოვნა–მიწოდების პრინციპიც არ დაგავიწყდეს. ეს გზაა შენი წარმატებისთვის და მატერიალური კეთილდღეობისთვის.

 

თქვენი განათლების სისტემა ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ უნარ-ჩვევებსა და ნეიროტიპურ ქცევებზე, რომლებიც ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეთ გამომუშავებული ეს თქვენი შეფასების კრიტერიუმებია და ასევე წარმატების მაჩვენებლებიც. სკოლაში ძალიან ბევრს გესაუბრებიან ლიდერობის შესახებ, თუ ხედავენ, რომ ყველა ეს უნარ-ჩვევები უკვე გაქვს უფრო მეტს მუშაობენ თქვენზე. გიყვებიან სამოტივაციო ისტორიებს რომლის ბოლოს ნიჭიერი მოტივირებული და მიზანდასახული ადამიანი აუცილებლად ხდება წარმატებული, მაღალშემოსავლიანი და თან ცნობილი, სინამდვილეში, ეს ადამიანები ერთეულები არიან სამყაროს მშრომელების მთელი მოსახლეობიდან, სისტემა სოციალური იერარქიის შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ იძლევა თუ მას მოერგებით. თუ სისტემის მანკიერ მხარეებს და ზღაპრულ თეორიებს მარტივად არჩევთ იმ რეალობისგან, რომელშიც ცხოვრობთ ესე იგი თქვენ ის უნარ-ჩვევები არ გაქვთ, რომელიც თანამედროვე სამყაროში ყველას უნდა ჰქონდეს. ესე იგი მეტი გაქვთ სამუშაო, აუცილებლად უნდა გაიაროთ მეტი ტრენინგი, ჩაეწეროთ კურსებზე, მეტი იკითხოთ და დაუჯეროთ კარიერული წინსვლის სპეციალისტებს. პრობლემა ხომ თქვენ თავად ხართ განვითარება კი, არა სამყაროს, არამედ თქვენ გჭირდებათ…

ზღაპარი N3: ბაზარი ყველაფერს არეგულირებს ის უხილავი ხელია, რომელიც გეხმარებათ თქვენ შეგიძლიათ ბევრი არ იფიქროთ უბრალოდ მიჰყევით დღის წესრიგს ეს გზა აუცილებლად მიგიყვანთ კეთილდღეობამდე თქვენი მიზანიც ხომ ეს არის. რუტინა აუცილებელია თქვენი დახმარება კი პირველ რიგში თავად უნდა შეძლოთ სახელმწიფოს დახმარება არ უნდა დაგჭირდეთ იმუშავეთ იმუშავეთ და იმუშავეთ და იმუშავეთ ოღონდ ისე არა როგორც კომუნისტებმა, აქ ხომ თქვენ სამუშაო ძალა არ ხართ, ადამიანური რესურსი ხართ და ძალიან დიდი განსხვავებაა…

მოთხოვნა და მიწოდება ადგენს ფასებს ბაზრებზე ისე, რომ შეიძლება ემსახურებოდეს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს, შენი როგორც დასაქმებულის ან პოტენციური დასაქმებულის ხელფასიც დამოკიდებულია ბაზრის ფასებზე არა იმაზე არა რა ღირს პროდუქტი, რომელსაც ყიდი, შენი შრომა რა ღირს.

ეს რაციონალური აზროვნებაა და თანაბრად უზრუნველყოფს ბიზნესის, სახელმწიფოსა და დასაქმებულის ინტერესის დაცვას. ადამიანური რესურსი მნიშვნელოვანია, კადრის ხელფასი კი დამოკიდებული მის განათლებაზე, ფიზიკური შრომა და ინტელექტუალური რესურსი თანაბრად ვერ შეფასდება. მეეზოვეს ვერ ექნება იგივე ხელფასი, რაც გამომგონებელს აქვთ, თუმცა მეეზოვესა და მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეთ იგივე, რადგან არც ერთი არ არის ბაზრის პრესტიჟული პროფესია. როცა დასაქმებულის მინიმალური ხელფასი და საათობრივი ანაზღაურებაც არ რეგულირდება სახელმწიფოს მხრიდან ან რეგულირება უბრალოდ წარწერაა თეთრ ფურცელზე, გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი კი არ არსებობს, ცხადი ხდება, რა ამუშავებს კაპიტალიზმს . ბიზნესისა და სახელმწიფოს საერთო ინტერესი ისაა, რომ მაქსიმალური მოგება მინიმალური დანახარჯით მოიპოვოს – იაფი მუშახელის ხარჯზე. მათ ხარჯზე, ვისაც განვითარებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც, ისევ თავის თავში ხედავენ პრობლემას, მეოცნებეები, რომლებიც კეთილდღეობის სურვილით არიან შეპყრობილნი და რომლებიც განწირულნი არიან ქრონიკული დეპრესიისთვის, შფოთვისა და არასრულფასოვნების კომპლექსისთვის.

კაპიტალიზმი, როგორც თანამედროვე სამყაროს იდეოლოგიურ-ეკონომიკური სისტემა არა მხოლოდ კლავს დასაქმებულს, არამედ ანადგურებს მის ფიზიკურ და მენტალური ჯანმრთელობას თუ ამ ზღაპრებს მოუსმენთ, რომლებსაც ასე დარწმუნებით გიყვებიან გამოდის, რომ სისტემა ძალიან კარგად მუშაობს და კიდევ დიდხანს იმუშავებს, იქამდე. სანამ თქვენ იმ ზღაპრების გჯერათ რომლის მთავარი გმირებიც თავად არ ხართ.