I – ზოგადი მიმოხილვა
სახელოვნებო სფეროში დასაქმება მნიშვნელოვან მსხვერპლს მოითხოვს – უფლებების, შემოსავლის, სტაბილურობისა და ფსიქიკური სიმშვიდის მსხვერპლს. სრულ უმრავლესობას, ვისაც კულტურის სფეროში უწევს მუშაობა, “დიადი იდეების გამო” არაერთხელ უთქვამს უარი ზემოჩამოთვლილ საჭიროებებზე. ცხადია, უუფლებობა და არასტაბილურობა პირადი არჩევანი ვერ იქნება; შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში კაბალური პირობები ნორმაა, რომლის მიღებაც “არტისტად” ნათლობის განუყოფელი რიტუალია.
დღესდღეობით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად ორმაგად დამძიმდა თეატრისა და კინოს სფეროში დასაქმებული მსახიობების მდგომარეობა. ძალიან ბევრ ადამიანს შეეზღუდა რესურსებზე წვდომა, ისევე როგორც, გამოხატვის თავისუფლება. „რეპრესირებულ” დროში სახელმწიფო რესურსისგან გამოთიშული პროფესიონალების დიდი ნაწილი კერძო სექტორის იმედად დარჩა, რაც ძირითადად გულისხმობს სერიალების, რეკლამების და იშვიათად, კინოგადაღებების პროცესში მონაწილეობას.
ამ ჩამოთვლილთაგან, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სარეკლამო სააგენტოების შრომის ეთიკა და სტანდარტი. ზოგადი დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორი კულტურის ინდუსტრიაში ისეთივე ლოგიკით მუშაობს, როგორც სხვა ნებისმიერი დამსაქმებელი ინდუსტრიულ, მომსახურების თუ მოპოვებით სფეროში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჭიათურელ მაღაროელს „ჯორჯიან მანგანეზი“ უწევს ექსპლუატაციას, ან კრუპიეს „ევოლუშენ გეიმინგი“, ჩვენს შემთხვევაში არტისტს „ჭამენ“ სარეკლამო კომპანიები, კრეატიული პროდაქშენები და სააგენტოები.
“გილდიის” კვლევის მიხედვით, სახელოვნებო და მომიჯნავე სექტორში დასაქმებულთა 50% თავიანთ სფეროში არსებულ ძირითად პრობლემად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს, 29% ზეგანაკვეთურ შრომას და სამუშაო დროის განაწილებას მიიჩნევს. ამავდროულად, დასაქმებულები მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ არასტაბილურ ანაზღაურებას.
იქ სადაც სახელმწიფო ცენზურა ვერ სწვდება, პირდაპირი მოქმედებით მუშაობას იწყებს კაპიტალის ინტერესები და საქმეში ერთვება კორპორაციული ცენზურისა და თვითცენზურის სხვადასხვა მექანიზმები. ასე მაგალითად, სულ ახლახან ვიხილეთ, როგორ მოხსნეს სერიალ „ბოლო სეზონის“ მსახიობები როლებიდან, მათივე განცხადებით, „კრისტალბეთთან“ დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული კომენტარის გამო. ეს შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები მაშინვე დავიწყებას მიეცემა, როგორც კი სპონსორის ინტერესი იჩენს თავს.
არც შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებებია კარგ მდგომარეობაში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას თვეებით დაგვიანებული ჰონორარები წარმოადგენს. ამ პრობლემის მოგვარებას მსახიობები პირადი კომუნიკაციის საშუალებით ცდილობენ, თუმცა ხშირად სააგენტოებისგან არაკეთილსინდისიერ ქმედებებს აწყდებიან (გილდია, 2023).
“ათობით მსახიობი მახსენდება, ჩემს ჩათვლით, რომლებიც რეკლამის გადაღების დროს მოუტყუებიათ და კუთვნილი ხელფასის 5%-იც არ გადაუხდიათ. ხშირად ამასთან ბრძოლაც არ გვიცდია, რადგან ის მცირე ხელფასიც ჩვენთვის ბევრს წყვეტდა.” – ნატალია ჯუღელი, მსახიობი.
ის, რაზეც ნატალია ჯუღელი საუბრობს, სარეკლამო ინდუსტრიაში გავრცელებული პრობლემაა – პროდაქშენები, მარკეტერები, „პიარშიკები“, კორპორაციული სარეკლამო სტრატეგიები, ბეთინგ-კამპანიები და “კასტინგ დირექტორები“ – ეს დიდი და საკმაოდ ძლიერი ქსელი აქტიურად სარგებლობს ქართველ მსახიობთა სოციალური მოწყვლადობით და მიზერული რესურსების გაღებით ახერხებს დიდ მოგებებზე გასვლას. სახეზეა როგორც სოციალური ჩაგვრა, ისე სუფთად სამოქალაქო უუფლებობა – ერთი მხრივ „ხელფასების ქურდობა“ და მძიმე სამუშაო პირობები, ხოლო მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა.
საკითხი საკმაოდ ვრცელია და გაგვიჭირდება სრულად წარმოვაჩინოთ პრობლემატიკა. ამიტომ ამ სტატიაში შევეხებით სოციალური უფლებების შეზღუდვის ერთ კონკრეტულ მიმართულებას, კერძოდ, შრომის ანაზღაურების მოდელებს. სტატია ეყრდნობა გილდიის შრომითი დავების პრაქტიკას, თვისებრივ მეთოდს, კერძოდ, მსახიობებთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მათ ანალიზს.
როგორც მოგეხსენებათ, რეკლამასა თუ კინოში შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე გარკვეული შეთანხმებები იდება. ეს შეთანხმებები პირველ ეტაპზე ეხება ანაზღაურების საერთო მოცულობასა და სამუშაო დროის პერიოდულობას. თუ თქვენ მსახიობი ბრძანდებით და კასტინგის შემდეგ, ან სპეციალური მიწვევით, მოლაპარაკების პროცესში აღმოჩნდებით, პირველ რიგში ამას მოისმენთ: გადაღებები იქნება X დღის განმავლობაში, ხოლო დღიური ანაზღაურება იქნება Y. ეს არის მთავარი პირობა, რომლის მიხედვითაც მსახიობი წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა კონკრეტულ პროექტში. სარეკლამო კომპანიები სახელფასოდ გასაცემ თანხებს ხშირად ზოგავენ გადაღების საერთო დღეების რაოდენობის შემცირებითა და დღიური სამუშაო ნორმის გაზრდით, თუმცა ეს ჩვენი მსჯელობის ძირითადი საკითხი არ არის.
ხელფასისა და პროექტის საერთო პერიოდთან ერთად, მნიშვნელოვანი პირობა შეიძლება იყოს სამუშაო დღის განაკვეთი. დამეთანხმებით, დიდი სხვაობაა როდესაც დღეში 400 ლარს გიხდიან, ეს „სამუშაო დღე“ ნორმირებულად 8 საათი იქნება, „სტანდარტულად“ 12 თუ კაბალურად 16. შესაბამისად, კონტრაქტში გაწერილი უნდა იყოს რა ხდება მაშინ, როდესაც სამუშაო დრო შეთანხმებულს გადასცდება და რა სახით გაიცემა დამატებითი ანაზღაურება. (შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო კვირის დრო არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს)
სამუშაო დროსთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დამატებით ვალდებულებებს იღებს დამსაქმებელი ხელფასთან ერთად. მაგალითად, კვება (მისი რაოდენობა) და დაზღვევა. აუცილებელია შევთანხმდეთ დასვენების დღეებსა და საათებზე, ასევე როლის მნიშვნელობაზე და ა.შ.
ეს ჩამონათვალი ნამდვილად საკმაოდ ვრცელია და მიუთითებს სფეროში ზოგადად არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, თუმცა ამ სტატიაში კონკრეტულად უნდა გაგიმხილოთ, რაზე შეთანხმება არის განსაკუთრებით აუცილებელი და სავალდებულო.
II – კონტრაქტის ვადა/გამოსახულების გამოყენების წესი
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მსახიობები სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობისას გარკვეული სახის პრობლემებსა და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებებს აწყდებიან. ხშირად, დასაქმებულებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ჰონორარის, რეკლამის ხასიათისა და ფორმის შესახებ. ასევე, არ უთანხმდებიან სარეკლამო კადრის სხვადასხვა ფორმით გამოყენებაზე.
მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსახიობსა და სააგენტოს შორის დადებული შეთანხმება მხოლოდ სარეკლამო რგოლში მონაწილეობით შემოიფარგლება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ სარეკლამო რგოლიდან ამოჭრილი მსახიობის კადრი ბანერზეა გამოტანილი, რაც, როგორც კანონის, ასევე ურთიერთშეთანხმების უხეში დარღვევაა.
ამგვარი უფლების მოსაპოვებლად, წესით და რიგით, კონტრაქტში დამატებითი დათქმა და ხელფასს მიღმა არსებული ჰონორარი უნდა განისაზღვროს. თუმცა, მსახიობებმა ხშირად არც კი იციან „buyout“-ის შესახებ. “ბაიაუთი” არის გამოსყიდვის საფასური, მსახიობის გამოსახულების გამოყენების უფლება კონკრეტულ რეკლამაში, რომელიც დღიურ ჰონორარს მიღმა დამატებით უნდა ანაზღაურდეს. მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო დამკვეთები ამ თანხას ადგილობრივ შუამავლებს თითქმის ყოველთვის უხდიან, საქართველოში ამ თანხას მსახიობებს ხშირად უმალავენ.
“მახსენდება შემთხვევა, როდესაც უცხოური რეკლამის “ბაიაუთები” საჯაროდ იდო არაქართულ ვებსაიტებზე, თუმცა საქართველოში ამ თანხის სულ მცირე ნაწილს სთავაზობდნენ მსახიობებს. გასათვალისწინებელი ისაა, რომ უცხოელი დამკვეთის მიერ მსახიობისთვის განკუთვნილი “ბაიაუთი” არ შეადგენს ე.წ. წარმოებისთვის გამოყოფილ თანხას, ესე იგი, ხშირ შემთხვევაში, არალეგალური სქემით, მსახიობის გარდა დამკვეთის უფლებებსაც არღვევდნენ”– ნატალია ჯუღელი, მსახიობი.
ციტატაში ნახსენებ პრობლემაზე არაერთი მსახიობი საუბრობს, ეს კი გამოწვეულია ერთი მხრივ მონიტორინგის სისტემის არარსებობით, ხოლო მეორეს მხრივ, თავად დასაქმებულების არაინფორმირებულობით. ე.წ ბაიაუთის და ალტერნატიული დათქმების შესახებ სახელოვნებო შრომით ბაზარზე ბევრი არაფერია ცნობილი, რაც საბოლოოდ დამსაქმებლებს უადვილებს დამატებითი ხარჯებისგან თავის არიდების პროცესს.
როგორც აღინიშნა, დასაქმებულებს ამგვარი საკითხების მოგვიანებით გასაჩივრება უჭირთ, რადგან ამან შეიძლება სამომავლო დისკრიმინაცია გამოიწვიოს. გილდიის ერთ-ერთ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უცხოელი დამკვეთის შემთხვევაში, ხშირია ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაც, რის გამოც ქართული სააგენტოები თავს უფლებას აძლევენ, განსაზღვრულ ჰონორარზე ბევრად ნაკლები თანხა შესთავაზონ მსახიობს, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი თავად დაიტოვონ.
მსახიობთა გაძარცვის სქემის ძირითადი ძრავა იურიდიულ კაზუისტიკაში, კერძოდ კონტრაქტის პირობებში იმალება. საქართველოში, განსაკუთრებით კი, სახელოვნებო სფეროში კონტრაქტზე ხელის მოწერა არაფორმალური ურთიერთობებითა და ნდობით არის ნასაზრდოები, რაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებელთა ინტერესების მაქსიმალურ მოგებაზე და მინიმალურ დანახარჯზე აისახება, ხოლო დასაქმებული რჩება მინიმალური ანაზღაურებისა და კეთილი სიტყვების ამარა.
ამ სტატიაში სწორედ შრომითი კონტრაქტის სამ ძირითად ფორმას განვიხილავთ, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარი უფლებების დაცვაში: ფიქსირებული ანაზღაურება, ე.წ. საავტორო ანაზღაურება (როიალთი) და გამოსყიდვის საფასური (ბაიაუთი)
- ფიქსირებული ხელფასი ის სტანდარტული პირობაა, რომელსაც ყველა ვიცნობთ. თქვენ ხელფასს იღებთ შრომის საათების მიხედვით. ასეთ დროს აუცილებელია იცოდეთ, რომ ანაზღაურების ნაწილი, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ხშირად ითვალისწინებს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ სამუშაო დროის ანაზღაურებას. ქართული კანონმდებლობა კი ითვალისწინებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას გაზრდილი ტარიფით.
- ე.წ. როიალთი ნიშნავს ანაზღაურების მოდელს, როდესაც პროდუქტის სამომავლო გამოყენებისას ან მისი შემოსავლიანობიდან გამომდინარე, განგრძობითად გერიცხებათ ჰონორარი. აღნიშნულ მოდელს, როგორც წესი, იყენებენ ხელფასთან ერთად და სამართლებრივ ენაზე ამას ქონებრივი უფლებების შენარჩუნება შეგვიძლია ვუწოდოთ.
- რაც შეეხება ე.წ. ბაიაუთს, აქ ყველაფერი საპირისპიროდ არის. ამ შემთხვევაში, თქვენი სახის გამოყენების უფლება ამ კონკრეტული რეკლამისთვის წინასწარ არის გამოსყიდული. მაგალითად, რეკლამის ერთდღიან გადაღებაში მიიღეთ 3000 ლარი. ამის დამატებით, საერთაშორისო ბრენდები ხშირად ბაიაუთისთვისაც გამოყოფენ თანხას და ხელფასს მინიმუმ გაორმაგებულ ჰონორარს ამატებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში ეს საეჭვოდ იშვიათად ხდება. ასეთ დროს აუცილებელია გახსოვდეთ, რომ კონტრაქტს სჭირდება ვადის ჩამკეტი, რათა გამოსყიდვას უვადო ხასიათი არ ჰქონდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო პროდაქშენი გამოყოფს გარკვეულ თანხას ბაიაუთის ან როიალთის გადასახდელად, თუმცა ადგილობრივი სააგენტოები და კომპანიები ამ თანხას მსახიობებს ჰპარავენ.
მსახიობებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ეს რამდენიმე პირობა, რომელთა გარეშე შედგენილი კონტრაქტის შემდეგში გამოსწორება თითქმის შეუძლებელი ხდება. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებულები ამგვარი რისკებისგან დაცული არიან, რასაც ძლიერი პროფკავშირები, სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლები და ჯანსაღი სახელმწიფო ინსტიტუტები განაპირობებს, მსახიობი მარიკა ხუნდაძე რამდენიმე წელია ბრიტანეთში ცხოვრობს და მუშაობს, ის სწორედ შრომითი სტანდარტის ამგვარ სხვაობაზე საუბრობს:
“ნამუშევარი მაქვს რამდენიმე სარეკლამო პროექტზე ინგლისში, რადგანაც აგენტი მყავს წარმომადგენლად რომელიც მოლაპარაკებებს და ლეგალურ მხარეს აგვარებს, რეკლამის “ბაიაუთიდან” იღებს 20%-ს. კოტრაქტის ფორმა სხვადასხვანაირია, ორჯერ მქონდა კონტრაქტი სადაც დამქირავებელ კომპანიას გადაუხდია მთლიანად “ბაიაუთის” რაოდენობა ჩემთვის და დამატებით აგენტის 20%. ყველა პროექტი რაზეც კასტინგზე გავსულვარ თუ მიმუშავია – კონტრაქტის დეტალები თავიდანვე ხდება ჩემთვის ცნობილი.” – მარიკა ხუნდაძე, მსახიობი.
ბევრი რესპოდენტი აღნიშნავს ევროპული და ქართული გამოცდილებების ამგვარად სევდიან სხვაობას, დაწყებული ანაზღაურების ოდენობიდან, დამთავრებული ზოგადი მოპყრობითა და დამოკიდებულებით. სტატიის ფარგლებში პროდუსერსა და რეჟისორს იან პონს ჯუელსაც ვესაუბრეთ, მას საქართველოში მუშაობის გამოცდიელბაც აქვს და ეს უფლებრივი კონტრასტი აწუხებს:
“გაოცებული დავრჩი, როდესაც ბევრ ქართველ მსახიობს ვესაუბრე, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა არის buyout-ი, მათ დიდ ნაწილს ამგვარი ანაზღაურება არასდროს აუღია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვეთის მხრიდან ეს თანხები სააგენტოებისთვის გადახდილი იყო. იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება.”
სარეკლამო ბიზნესში ქართველ პროდიუსერთა და აგენტთა კლასი მსახიობის პროფესიას მეტად „აგდებულად“ უყურებს, მათ ხშირად ახსენებენ რომ ბაზარზე უამრავი მსახიობია და „თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე“. იან პონს ჯუელის თქმით პროდიუსერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არა მსახიობის გამოყენება, არამედ მათი გაძლიერება უნდა იყოს, რაც პროდუქტის საბოლოო ხარისხზე აისახება.
“საქართველო გამორჩეულია თავისი ლოკაციებით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, წარმოუდგენელი სამსახიობო ნიჭით, რამაც თავდაპირველად გადაღებებისთვის ამ ქვეყანაში მომიზიდა. გადასაღებ მოედანზე მსახიობებს ყველაზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ, თან ყველაზე დიდი სირთულეების გადალახვა უწევთ ამ ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად. ჩვენი, პროდიუსერების, ვალია, მოვუსმინოთ მათ და ვიმუშაოთ უკეთესი პირობების შესაქმნელად.” – იან პონს ჯუელი, პროდიუსერი
სავარაუდოდ, არანაკლებ უუფლებო მდგომარეობაში არიან სარეკლამო სააგენტოში დასაქმებული სხვა პროფესიის წარმომადგენლები – ქოფირაითერები, ოფისში მომუშავენი, ვიზაჟისტები თუ მხატვრები, თუმცა ამის შეფასებას სამომავლოდ გადავდებ.
III – რეკომენდაცია – ნუ გააჩუქებ შენს უფლებებს!
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის საწყისად შეიძლება სარეკლამო სააგენტოებში წერილობითი ხელშეკრულების პრაქტიკის არარსებობა მივიჩნიოთ, რადგან მსახიობსა და სააგენტოებს შორის შეთანხმება, ძირითადად, ზეპირად იდება, რაც მათ კიდევ უფრო მეტი თვითნებობისკენ უბიძგებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მსახიობმა მოითხოვოს წერილობითი ხელშეკრულების დადება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.
გარდა შრომის კოდექსში არსებული ზოგადი დაცვის მექანიზმებისა, რომლებიც კერძო სექტორში დასაქმებულებს იცავს, არსებობს ასევე რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. ამასთან, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს:
➾ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;
➾ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო უფლებების დარღვევის შედეგად;
➾კომპენსაცია არანაკლებ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობის.
რჩევები:
1. ყოველთვის მოითხოვე ვადის ჩაწერა: თუ “ბაიაუთს” გიხდიან, ეს უფლება დროში შეზღუდული უნდა იყოს. (მაგ. 6 თვე ან 1 წელი).
2. ვადის ამოწურვა: პერიოდის გასვლის შემდეგ, დამკვეთმა უნდა გადაგიხადოს თავიდან (Renewal), ან შეწყვიტოს მასალის ჩვენება.
3. დააკვირდი მედიას: გარკვევით უნდა ეწეროს, სად ტრიალებს მასალა (მხოლოდ სოც. ქსელში თუ ტელევიზიაშიც).
4. ექსკლუზივი = მეტი ფული: თუ კონტრაქტი გიკრძალავს სხვა ბრენდებთან მუშაობას, ეს პოტენციური შემოსავლის დაკარგვაა. “ბაიაუთის” თანხა ასეთ დროს რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს.
5. ფრთხილად ტერმინებთან: არასოდეს მოაწერო ხელი პუნქტს „In Perpetuity“ (სამუდამოდ).
6. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ გილდიას და გაწევრიანდით პროფკავშირში.
აღნიშნული საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხელოვნების სფეროში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას. ცხადია, ამ უფლებების რეალიზებაში მხოლოდ ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ვერ იქნება გადამწყვეტი. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეთოდური და თანმიმდევრული მიდგომა, რასაც პოლიტიკური ნება ჭირდება. აგრეთვე, საჭიროა ძლიერი პროფკავშირული ორგანიზაციები. დღესდღეობით ეს უკანასკნელიც სულს ღაფავს: 3-4 წლის წინ “გილდია,” რომელიც ყოველდღიურად ძლიერდებოდა, დღეს ფაქტობრივად დახურვის რისკის წინაშე დგას, რაც განპირობებულია ახალი კანონმდებლობითა და საწევროების გადახდის დაბალი კულტურით.
“ჩემი მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილებით შემიძლია ერთი რამის თქმა, რომ აუცილებელია საერთო ბაზის შექმნა, სადაც ჩვენი უფლებები იქნება დაცული. “გილდია” არის შესაძლებლობა, რომელიც ადრე არ გვქონდა, რომ თავი დაგვეცვა. სანამ ერთიანი ბაზა არ შეიქმნება, მანამდე ისევ იმ რეალობასთან ვიქნებით პირისპირ და მოგვიწევს ამით ცხოვრება, სადაც ნივთს უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე ადამიანს.” – ნატო მურვანიძე, მსახიობი.
ამ სტატიას ორი ადრესატი ჰყავს: საზოგადოება, რომელმაც უნდა იცოდეს, რა პირობებში უწევთ მუშაობა სარეკლამო და მომიჯნავე ინდუსტრიებში დასაქმებულებს და მსახიობები, რომლებმაც უნდა იცოდნენ ის ძირითადი ხერხები, რითაც შეიძლება თავი დაიცვან. ამგვარმა დაკვირვებამ სამომავლოდ შესაძლებელია გამოააშკარაოს არამხოლოდ ის კომპანიები რომლებიც უხეშად არღვევენ შრომით უფლებებს, არამედ ის გამონაკლისებიც, რომლებიც გარკვეული პატიოსნებით გამოირჩევიან.
IV – შეჯამება – The theft in the Key Light
თანდათანობით სარეკლამო ინდუსტრია პროგრესული სწავლულობის მანტიას ისხამს. ეს კარგად ჩანს პოდკასტების ბუმში, ან კამპანიებში 26 მაისის შესახებ სადაც ჩვენ გვასწავლიან ინდივიდუალური განვითარების, ფილოსოფიური აზროვნებისა და პოლიტიკური თავისუფლების საწყისებს, როდესაც ამ სანახაობას ვუყურებთ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დროის „ქოუჩები“ უამრავი ნიჭიერი ადამიანის სიღარიბეზე დგანან.
გადასაღები მოედანი მკაცრად იერარქიული ადგილია, სადაც სანახაობის მანქანა წამიერი ილუზიის შესაქმნელად ითვისებს შემსრულებლის სიცოცხლის საათებს, აქცევს მას რეკვიზიტად და აუცხოებს საკუთარი შრომისგან. შესწვდება მშენებლობაზე დასაქმებული კვალიფიციური მუშა ბინას ხედით ტბაზე? ან გასწვდება ცნობილი მსახიობის ჯამაგირი სახლს პრესტიჟულ უბანში? – რა თქმა უნდა არა. როდესაც კაპიტალისტთა კლასი ერთიანია და მენეჯერთა კლასის დახმარებით გვმართავს, ჩვენი ერთადერთი პასუხი გაერთიანება უნდა იყოს, ამ პროცესში თქვენ სუბიექტი ხართ, თქვენ მოქმედებთ, თქვენ ირჩევთ როლს დიდი ცვლილებების მისაღწევად.
შენიშვნები
გილდია. (2023). “მსახიობთა, ჟურნალისტთა და სხვა თავისუფალი პროფესიის მქონე ადამიანთა შრომითი და სოციალური პირობების კვლევა.”
