ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება და ადამიანური მეხსიერების ათვლა ომით იწყება. ჯერ ხუთი წლისაც არ ვიყავი, საძინებელში უზარმაზარსარკიანი კარადის წინ რომ ვთამაშობდი და დედაჩემის შეკივლებამ დამაფეთა:
– ვაიმეეე, მესამე მსოფლიო ომი იწყება!
ბუნებრივია, საერთოდ არ მესმოდა ამ წინადადების მნიშვნელობა, მაგრამ სანაცვლოდ მშობლის ხმაში შიშის ცნობა შემეძლო და მაშინვე მისაღები ოთახისკენ გავქანდი, საიდანაც ხმა მომესმა. დედაჩემს სახლის ლაგება შეეწყვიტა, გაცვეთილი ცოცხი იატაკზე მიეგდო და ტელევიზორისთვის ხმის აწევას ცდილობდა. საინფორმაციო გადაცემა გადიოდა, რომელშიც ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობას ვერ ვიგებდი, თუმცა კარგად აღვიქვამდი კადრებს: როგორ ასდის მაღალ შენობას კვამლი, რა დროსაც მის გვერდით მდგომ მეორე ასეთივე შენობას თვითმფრინავი ასკდება. იმ თამაშებს ჰგავდა, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა ბავშვობის იმ პერიოდში: დაშლა, დამტვრევა, ცეცხლის გაჩენა. თუმცა დედაჩემს იმაზე მძაფრი რეაქციები ჰქონდა ამის ნახვისას, ვიდრე მაშინ, როცა მე ნაწილ-ნაწილ ვანადგურებდი სათამაშოებს. კიდევ ერთხელ შეკივლა, როცა ახლო კადრებით აჩვენეს, როგორ ცვიოდა მაღალი შენობიდან პატარ-პატარა რაღაცები. მეც დავსერიოზულდი და ხმა აღარ ამომიღია.
მსგავს სცენას აღწერს არუნდატი როი თავის მეორე რომანში „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“: ერთ-ერთი მთავარი გმირი, სახელად ანჯუმი, თავის შვილობილს აბანავებს, რა დროსაც ჰიჯრების საერთო საცხოვრებელში ჩოჩქოლი ატყდება. ანჯუმიც მაშინვე იმ ოთახში ჩაირბენს, სადაც ტელევიზორის წინ შეკრებილა ყველა გაფაციცებით:
„ხვაბგაჰის ჩვეულებრივ ძალიან ხმაურიანი საზოგადოება სავსებით დამუნჯებული უყურებდა, როგორ ჩამოიქცა ის უზარმაზარი შენობები ქვიშის კოშკებივით და გარშემო ყველაფერი ბოლმა და თეთრმა მტვერმა როგორ დაფარა. მაგრამ ამერიკული მტვერი ინდურ მტვერს სულაც არ ჰგავდა, რაღაცნაირად სუფთა და ძალიან უცხოური ეჩვენებოდათ. შენობის ფანჯრებიდან ადამიანთა ციცქნა სხეულები მჭვარტლის ფტილებივით ფარფატით ცვიოდნენ მიწაზე“.[1]
ეს კადრები ყველას გვინახავს, იმათაც, ვინც ამ მოვლენის დროს ჯერ თვითონ არ იყო მოვლენილი ქვეყანაზე, რადგან ყოველ წელს გვახსენებენ და ხელახლა გვაჩვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ამაზე სასტიკი და მასშტაბური დანაშაულებიც ახსოვს, ქვეყანა, რომლის მიწაზეც პირველად მოხდა მსგავსი შეტევა გარე ძალების ჩარევით, თავად კი მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებაზე ფლობს გავლენას, რა თქმა უნდა, ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბოროტმოქმედება უახლეს ისტორიაში, რაც კიდევ რომ არ განმეორდეს, სხვა ქვეყნები და ხალხები უნდა გაკონტროლდნენ, პოტენციურ საფრთხედ მოინიშნონ, დაისაჯონ.
არუნდატი როი შემდეგ იმ მოვლენების აღწერას აგრძელებს, რაზეც საინფორმაციო გადაცემები ნაკლებად გვიყვებოდნენ და ახლა ხომ საერთოდ აღარავის ახსოვს: როგორ გამოჩნდნენ ინდოეთში ავღანელი ლტოლვილები, რომლებიც იმ ბომბებს გამოექცნენ, მათ ქვეყანაში სადამსჯელოდ რომ ჩამოყარეს, არადა ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ბინ ლადენი უსაფრთხოდ იმალებოდა. ან როგორ აფეთქდა ისლამოფობიის პანდემია, მათ შორის ინდოეთში და როგორ იქცა ყველა მუსლიმი ტერორისტად, რომელიც „ცივილიზებულ სამყაროს უქმნის საფრთხეს“.
2019 წელს, ერთი შეხედვით, ადგილობრივ კონტექსტთან არაფრით დაკავშირებულმა ტერორისტულმა აქტმა უჩვეულო მიზეზით გამოიწვია დაინტერესება საქართველოში: ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე მეჩეთებში მუსლიმებზე თავდასხმის ადგილას ნაპოვნ იარაღზე სხვადასხვა ენაზე შესრულებულ წარწერებს შორის ქართული ტექსტიც აღმოჩნდა – „დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი“. არადა ეს შემთხვევა, პირველ რიგში, თავისი სიმძიმით უნდა იქცევდეს ყურადღებას: ანდერს ბრეივიკის იდეოლოგიით – რომელიც ეკოფაშისტური, ისლამოფობიური და თეთრი რასის უპირატესობაზეა დამყარებული – შთაგონებულმა ავსტრალიელმა ბრენდონ ჰარისონ ტარანტმა პარასკევის ლოცვისას მეჩეთში ცეცხლი გაუხსნა მორწმუნეებს, რა დროსაც 51 ადამიანი დაიღუპა და 89 დაშავდა. ცხადია, ეს არ იყო რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მიმართ სიძულვილით განპირობებული პირველი ტერორისტული აქტი, თუმცა ეს იყო პირველი ულტრამემარჯვენე ტერორისტული აქტი, რომელიც დამნაშავემ სოციალური მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გაუშვა: ბრენდონ ჰარისონ ტარანტმა თავისი ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა რასაც აპირებდა და შემდეგ 17 წუთის განმავლობაში Live-ში გადასცემდა დანაშაულის მთელ პროცესს, რომელსაც 200-მდე ადამიანი უყურებდა, თუმცა არცერთ მათგანს არ დაურეკავს პოლიციაში და არც ფეისბუქისთვის მიუმართავს საჩივრით.
„ქრაისთჩარჩის მასობრივი ხოცვა სოციალური მედიისთვის იყო გამიზნული, რათა ფეისბუქსა და სხვა პლატფორმებზე უსწრაფესად გავრცელებულიყო. მაქსიმალურ აუდიტორიას რომ მისწვდომოდა, ტერორისტმა 8chan-ზე დაანონსა, რომ თავდასხმას პირდაპირ ეთერში გადასცემდა, ტვიტერზე კი ამ აქტზე მინიშნებებს აქვეყნებდა. ამის შემდეგ ჩაფხუტზე დამაგრებული GoPro კამერით ტერორისტმა ფეისბუქზე გაშვებულ პირდაპირ ეთერში მაყურებლისთვის ვიდეოთამაშის სიმულაცია შექმნა, თითქოს მთავარი მოთამაშის პერსპექტივით უყურებდე მოვლენებს. სწორი ფოკუსით კადრში ჩანდა მისი იარაღები, რომლებზეც თეთრი საღებავით ფაშისტური სიმბოლოები, მასობრივი მკვლელების სახელები, სერბეთის ომის დამნაშავეები და ხოცვა-ჟლეტის ადგილები იყო დაჯღაბნილი. მთელ თავდასხმას, მათ შორის მეჩეთებს შორის მანქანით გავლილ გზას, საუნდტრეკად გაჰყვებოდა საბრძოლო მუსიკა და ფაშისტური ჰიმნები. მასობრივი ხოცვა-ჟლეტის პირდაპირ ეთერში გადაცემა შეიძლება შოკისმომგვრელია, მაგრამ არც ისე ორიგინალური (სხვებსაც დაუპირებიათ მანამდე იგივე); არც „ტერორიზმი, როგორც თეატრის“ იდეაა ახალი, რადგან ეს ფენომენი ფეისბუქის შექმნამდე ათწლეულებით ადრეც დაფიქსირებულა. თუმცა, საყურადღებო ისაა, რომ სოციალური მედია კიდევ უფრო ამარტივებს მსგავსი ტერორისტული მიზნების მიღწევას და ყველა შესაძლო განზრახვის განხორციელებას“,[3] – ვკითხულობთ ამ საუკუნეში მემარჯვენე ტერორიზმის ფორმაცვალებაზე მომზადებულ ერთ-ერთ კვლევაში.
მართალია, “საკუთარი” ომიც გამომივლია და მახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, თუმცა ომის მთელი საშინელება ყველაზე მძიმედ პირველად უკრაინით აღვიქვი. თან მაშინ ჟურნალისტად ვმუშაობდი და იძულებული ვიყავი, არათუ ყოველდღიურად გავცნობოდი ყველა სიახლეს, არამედ ეს ზღვა ინფორმაცია გამეანალიზებინა და მეწერა კიდეც ამაზე. ჩემ გარშემო უსწრაფესად გაჩნდა მილიონი არხი, წყარო და საშუალება, საიდანაც ადამიანები უწყვეტად იღებდნენ ყველანაირ ინფორმაციას იქამდე, სანამ უძლურების, სიბრალულის და შიშის უკიდეგანო შეგრძნებით პარალიზებულები არ ხდებოდნენ. მახსოვს, როგორ მივიღე პირველად განზრახ მსგავსი გადაწყვეტილება, რომ უარი მეთქვა ამგვარ დამოკიდებულებაზე, შემეზღუდა “ჭარბი ინფორმაციის მოხმარება” და მნიშვნელოვანი ცნობები მხოლოდ უკრაინის სოლიდარობის აქციებზე შემხვედრ ახლობელებთან საუბრებში ან დღეში მხოლოდ ერთხელ შემოწმებული ერთი კონკრეტული საინფორმაციო საშუალებით მიმეღო. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით აკი კაურისმიაკის ფილმის “ჩამოცვენილი ფოთლები“ იმ სცენამაც გამახსენა, რომელშიც მთავარი გმირები რომანტიკული სიმყუდროვის შექმნას ცდილობენ, მაგრამ რადიოში შესაფერისი მუსიკის ნაცვლად ომის მძიმე ქრონიკების მოსმენა უწევთ და ისინიც იძულებული არიან, რადიო გათიშონ.
თუმცა, ყველას როდი მოუნდა რადიოს გათიშვა. სოციალურმა მედიამ შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანები სულ უფრო ეშხში შესულიყვნენ და ომისთვის სპორტული ინტერესით ედევნებინათ თვალი: გაჩნდნენ მილიტარისტული ექსპერტები, რომლებიც აანალიზებდნენ საბრძოლო ტაქტიკებსა თუ ტექნიკებს და ამა თუ იმ მხარის ძლიერ და სუსტ მხარეეზეც ისე მსჯელობდა ბევრი, როგორც სამაგიდო თამაშზე ან საფეხბურთო მატჩზე. მილატრისტული ესთეტიკა თავისი სამოყვარულო ფიზიკური გადამზადების კურსებით თუ კამუფლაჟის პრინტიანი ტანსაცმლით ტრენდული გახდა.
უკრაინის შემდეგ, ომის შესახებ წამლეკავი ზღვა ინფორმაციის, კიდევ ერთხელ, შემოჭრა ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამაკვირვებდა, რაც მოხდა კიდეც ღაზის სექტორის შემთხვევაშიც, თუმცა ამჯერად ერთი მნიშვნელოვანი გარემოება შეიცვალა: თუ უკრაინას თავიდანვე თითქმის ყველა უპირობოდ უჭერდა მხარს, ყოველ შემთხვევაში, ყველა მეინსტრიმული მედია ამ პოზიციას აშუქებდა, პალესტინელების შემთხვევაში სოლიდარობის გამონახვა გაცილებით გართულდა. განსაკუთრებით საქართველოში იმდენად მცირე იყო პროპალესტინური განწყობა, რომ უდანაშაულო ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამო თავს ლამის მარგინალად აღვიქვამდი. რა თქმა უნდა, ამაზე დიდი გავლენა იქონია 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმამ: ისრაელმა ეს შემთხვევა თავისი მრავალწლიანი გეგმის – პალესტინელების ეთნიკური წმენდის და გენოციდის გასამართლებლად გამოიყენა. რომ აღარაფერი ვთქვათ არაპირდაპირ წყაროებზე, არსებობს უამრავი მტკიცებულება, თუ როგორ არეკლამებდა ისრაელის ხელისუფლება სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე ცალკეულ კადრებს, რათა „7 ოქტომბრის საშინელებები“ მაქსიმალურად ბევრს ენახა. ამის გამო პალესტინელებს და ყველას, ვინც იცოდა ისტორიული კონტექსტის შესახებ, მოუწია ჯერ ის ემტკიცებინა, რომ ისრაელთან პალესტინელების უთანასწორო ურთიერთობა 7 ოქტომბრით არ დაწყებულა, და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონოდა სულ მცირედის – თანაგრძნობის მოლოდინი.
როგორც სხვა ბევრი რამ თანამედროვე სამყაროში, ისრაელ-პალესტინის საკითხიც საინფორმაციო ომის ასპარეზად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს და მის მოკავშირე ბევრ დასავლურ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შემზადებული მათთვის მომგებიანი წინასწარგანწყობა: ისტორიულად ჩაგრული ებრაელები (ჰოლოკოსტის გამო დანაშაულის გრძნობა) ექსტრიმისტი და ველური არაბების („ღაზაში გეებს სახურავიდან აგდებენ“) წინააღმდეგ; ბევრისთვის მოულოდნელად, მალევე გამოჩნდა, რომ ისრაელი ამ ომს მაინც აგებდა. სწორედ ამის გამო ისრაელმა მკაცრად დაიწყო იმის კონტროლი, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა ინტერნეტში: ყველაფერი, რაც ისრაელის პოზიციებს არ ამყარებდა, „ანტისემიტურად“ და „პროტერორისტულად“ შეირაცხა. ასევე ისრაელის სასამართლომ მედიას აუკრძალა ღაზის სექტორში შესვლა და თავისუფლად ინფორმაციის მოპოვება, რაც ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვით[4] აიხსნა და მხოლოდ ისრაელის ჯარისკაცებთან ერთად გადაადგილების და მკაცრად შეზღუდული ინფორმაციის გაშუქების უფლება მიეცათ.
ასე დარჩა ღაზის სექტორში, მანამდე ღია ციხედ ცნობილ, ბოლო პერიოდში კი ბავშვების სასაფლაოდ შეფასებულ მიწაზე, 2 მილიონზე მეტი პალესტინელი ყველანაირი მხარდაჭერის გარშე, მხოლოდ თავიანთი გამბედაობისა და გამძლეობის იმედად. ისტორიის ფურცლებს მრავალი გენოციდი ახსოვს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობამ და პალესტინელების გაუტეხლობამ ეს აქცია ყველაზე დეტალურად აღბეჭდილ დანაშაულად კაცობრიობის წინაშე, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს.
რამდენადაც სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, იმდენად ყველასთვის ცნობილია, რომ თუ გინდა, შენი ხმა არ ჩაიკარგოს, კონკრეტული წესებით უნდა ითამაშო, უფრო ზუსტად კი, სოციალური მედიის ტრენდებს მოერგო. თავიდან ჩვენს ფიდზე ხშირად ხვდებოდა დოკუმენტური კადრები ღაზის სექტორიდან: როგორ იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები, როგორ ესროდნენ ქუჩაში შეუიარაღაბელ მოსახლეობას, როგორ ეკიდა ცეცხლი ხალხს დაბომბილ საავადმყოფოებში, როგორ ითხოვდნენ შველას მოშიმშილე ბავშვები და ა.შ. თავიდან ამ ყველაფერს ახლდა შოკი და შიში, თუმცა მალევე ტიკტოკის თუ ინსტაგრამის მომხმამარებელს აღარ უნდოდა ამის ნახვა, რაც იმით ახსნა ბევრმა, რომ „მძიმე კადრები უბრალოდ ცუდად მოქმედებს“. ამიტომ გავაგრძელეთ სქროლვა უფრო სასიამოვნო რამისთვის თვალის შესავლებად: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტები, კნუტების თამაში… სწორედ ამის გამო და ალბათ, იმიტომაც, რომ თავადაც შეენარჩუნებინათ კავშირი ყოველდღიურობასთან, პალესტინელებმა სოციალური მედიის ტრენდებით დაიწყეს თავიანთი გასაჭირის მოყოლა, რომლისთვისაც დანარჩენ სამყაროს უბრალოდ თვალის არიდება უნდოდა.
უკვე მსოფლიოში აღიარებული ისეთი ჟურნალისტების გარდა, როგორებიც ბისან ოუდა, პლესტია ალაქადი და მოთაზ აზაიზა არიან, რიგითმა პალესტინელებმა, რომლებსაც ინტერნეტსა და ელექტროენერგიაზე ხანგამოშვებით მაინც მიუწვდებოდათ ხელი, სოციალური მედიის ტრენდების შესაბამისად აღუწერენ თავიანთ ყოველდღიურობას დანარჩენ მსოფლიოს, რათა როგორმე ყურადღება მიიპყრონ. ჰამადა შაქურამ ისრაელის მიერ ყველანაირი ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადის დროს მოშიმშილე ბავშვებისთვის საჭმლის მომზადება დაიწყო და ამის შესახებ ვიდეობს ისე აქვეყნებდა, როგორც სხვა ჩვეულებრივი შეფები აკეთებენ ხოლმე. 11 წლის რენადაც შეზღუდული ინგრედიენტებით აზიარებს ისეთ რეცეპტებს, რომლებიც ზოგადად ინტერნეტის მომხმარებლებს უყვართ – მარტივი და სწრაფი. იმ განსხვავებით, რომ ღაზის ბლოკადაში მყოფ პალესტინელებს უბრალოდ სხვა არაფერზე მიუწვდებათ ხელი. მეგობრები – მოჰამედი და ომარი – საერთო ვიდეოებს აქვეყნებდნენ სერიით „ჩვენი ყოველდღიური რუტინა საომარ ზონაში“. ყოველდღიურობის დეტალების გაზიარება სოციალური მედიის პოპულარული ჟანრია და ღაზელმა მეგობრებმაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იუმორის გრძობით მილიონობით ადამიანს აჩვენეს, რისი გაკეთება უწევთ, რომ ტელეფონი დატენონ, დღიური მინიმალური ულუფა ჭამონ ან სადმე ჭერქვეშ შეაფარონ თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტის, შესაბამისად, ყველაზე გავლენიანი პროპაგანდისტული მანქანების, მხარდაჭერა ჰქონდა, პალესტინელებმა მოახერხეს, თავიანთი სათქმელი ახლა მაინც მიეტანათ დანარჩენ მსოფლიომდე. არადა პალესტინის ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა 1948 წლიდან – ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან იწყება. საინფორმაციო ომის პროპალესტინური განწყობებით გადახრა იმდენად შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ისრაელის ცენზურა საკმარისი აღარაა: Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ცდილობს Meta ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პალესტინასთან დაკავშირებული მასალის დაცენზურებას და ალგორითმის ისე მუშაობას, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანის ეკრანზე აღმოჩნდეს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია. ამის შესახებ საჯაროდ ალაპარაკდნენ Meta-ს თანამშრომლებიც. შესაბამისად, როცა გვგონია, რომ ინტერნეტში ყველაფერი თავისუფლადაა განთავსებული და „სიმართლე თავად გვიპოვის“, ეს არც ისე მარტივი და ხელმისაწვდომია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის ილუზიას, რომ სიტყვის თავისუფლების და ინფორმაციული მრავალფეროვნების ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა სინამდვილეში, ინფორმაცია, რომელიც მოგვეწოდება, იმაზე მეტად დავიწროებული, დამუშავებული და გაფილტრული შეიძლება იყოს, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი ცენზურის დროს შეიძლებოდა ყოფილიყო.
თუმცა, ის, რის დამალვასაც ისრაელის სახელმწიფო ან მეტა შეიძლება ცდილობდეს, პალესტინელებზე უფრო მეტი მონდომებით ააშკარავებენ თვითონ ისრაელელები და ღაზაში შეჭრილი ჯარისკაცები. რამდენადაც პალესტინელებმა გამოიყენეს ინსტაგრამის ტრენდები თავიანთი გასაჭირის აღსაბეჭდად, იმდენად ისრაელელებმაც მიმართეს იმავე გზას, ოღონდ პალესტინელების დეჰუმანიზაციისა და იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ არ აღიქვამენ პალესტინელებს, არაბებს და მუსლიმებს თანასწორ ადამიანებად. ან სულაც ადამიანებად. IDF-ის ჯარისკაცები თვითონვე დაუფარავად აქვეყნებენ ომის იმ დანაშაულებს, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან: ავრცელებენ კადრებს, თუ როგორ ცეკვავენ ღაზის ერთ-ერთი სკოლის ოკუპირების მერე კედელზე წარწერით: „კარგი არაბი – მკვდარი არაბი“. არსებობს ვიდეო, სადაც შენობის აფეთქებას „გენდერის გაცხადების“ ცნობილი ტრენდისთვისაც იყენებენ, ან კიდევ როგორ ულოცავს ჯარისკაცი თავის შვილს დაბადების დღეს შენობის აფეთქებით. ისრაელელი ჯარისკაცები კარგად იაზრებენ, რასაც სჩადიან და არათუ ამის დამალვას, არამედ მის აღბეჭდვას და საჯაროდ გავრცელებასაც თავად უწყებენ ხელს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ადამიანების დეჰუმანიზაცია, დესტრუქცია და ძალადობა იმდენად ნორმალიზებულია, რომ სოციალური მედიის ერთ ჩვეულებრივ კონტენტად იქცა.
კონტენტს აქ გამიზნული მნიშვნელობით ვიყენებ: ეს ინგლისური ბარბარიზმი, რომელიც ქართულ ენაშიც დამკვიდრდა, ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში განთავსებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციულ მასალას მიემართება. ოღონდ მას აქვს ერთი კონკრეტული მიზანი: ისევ სოციალური მედიის ენით რომ აღვწეროთ, ინგეიჯმენთი – გამოხმაურობის გამოწვევა. ფოტო, ვიდეო, ნახატი, ტექსტი, სტატია, მოთხრობა, ლექსი ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ლაიქი, შეარი, რეპოსტი დაიმსახურა. შეიარაღებული შეტაკებები, მასობრივი ძალადობა და ეთნიკური წმენდაც სწორედ ამის ნაწილად იქცა. ცალკეული ადამიანების თუ ხალხების ბედი იმის მიხედვით წყდება, თუ რამხელა ინგეიჯმენთს გამოიწვევს მათზე შექმნილი კონტენტი.
რამდენადაც უკვე აღარავისთვისაა დაფარული, თუ რას სჩადის ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ და ამის ამსახველი უამრავი ვიდეო თუ ფოტო მასალა სულ ერთი თითის ჩამოსმაზეა, იმდენად ეს ყოველივე თითქოს ჩვეულებრივი რამ გახდა. ამერიკის პრეზიდენტიც კი არ გრძნობს მცირედ უხერხულობას, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვულგარულად კოლონიალისტური ვიდეო გამოაქვეყნოს, სადაც ღაზა ტურისტულ სამოთხედააა წარმოჩენილი. როცა პირველად ხედავ სისასტიკის ამსახველ რაიმე ფაქტს, ამას „არაადამიანურს“ უწოდებ, თუმცა თუ ასეთ რამეს უკვე ყოველდღიურად ხედავ, ის ნელ-ნელა სწორედ „ადამიანური“ ხდება და ეჩვევი. ამ ფენომენზე, კონკრეტულად კი ვიზუალურად აღბეჭდილი დანაშაულებისა და შემზარევი კადრების შესახებ სიუზან ზონტაგი წერს:
„ლამის საყოველთაო გაჭირვებისა თუ უსამართლობის უმდიდრესმა ფოტოგრაფიულმა კატალოგმა კაცობრიობა სისასტიკესთან ერთგვარად გააშინაურა კიდეც, საშინელებას ჩვეულებრივის იერი შესძინა და ერთგვარი სიშორის მიუხედავად („ეს ხომ მხოლოდ ფოტოა!”) გარდაუვალობის განცდა მაინც გაამძაფრა. როცა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების პირველი ფოტოსურათები გამოჩნდა, მათში არაფერი იყო ბანალური, ოცდაათი წლის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, ერთგვარმა მოყირჭებამ იჩინა თავი. ბოლო ათწლეულებში „შეშფოთებულმა“ ფოტოგრაფიამ სინდისის გაღვიძებას თუ შეუწყო ხელი, მის მიძინებაზეც არანაკლებ „იზრუნა”. [4]
როცა ყოველდღიურად უწყვეტად მოგეწოდება ძალადობის, უსამართლობის და სისასტიკის შესახებ ინფორმაცია და განსაკუთრებით ამის ამსახველ ბევრნაირ ვიზუალურ მასალას ხედავ ისე, რომ მანამდე ბრენდული საცვლების რეკლამა შემოგხვდა, შემდეგ მოშიმშილე ბავშვების ფოტო და მერე მოცეკვავე წყვილის ვიდეო, შესაძლოა, ემპათიას არ კარგავდე, თუმცა ნელ-ნელა იწყებ დისტანცირებას და ისე უყურებ ამ ყველაფერს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. მეტიც, მსგავსი დოზით ინფორმაციის სიჭარბე არა მხოლოდ პალესტინელების ბედთან შეგუებას იწვევს, არამედ ზოგად ფრუსტრაციას და დანებებას, რომ უბრალოდ ასეა სამყარო მოწყობილი და ვერაფერს გააწყობ.
შენიშვნები
- როი, არუნდატი. უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო. მთაგმნელი თამარ ჯაფარიძე. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2022.
- Kupper, Julia; Tanya Karoli Christensen, Dakota Wing, Marlon Hurt, Matthew Schumacher, and Reid Meloy. “The Contagion and Copycat Effect in Transnational Far-Right Terrorism: An Analysis of Language Evidence.” Perspectives on Terrorism 16, no. 4 (2022): 4–26. https://www.jstor.org/stable/27158149.
- ირონიულია, რომ ღაზაში მოკლული პალესტინელი ჟურნალისტების რიცხვი რეკორდულია ზოგადად საომარ მოქმედებების დროს აღრიცხულ შემთხვევებს შორის.
- ზონტაგი, სიუზენ. ფოტოგრაფია. თარგმნეს გია ჭუმბურიძემ და ზაზა ჭილაძემ. თბილისი: დიოგენე, 2023.
