ბავშვობაში მე და ჩემი მეგობრები ხშირად მივდიოდით-ხოლმე მაღაროს ტერიტორიაზე, ჩემი საცხოვრებელი ორ მაღაროს შორის იყო. ვუყურებდი ყოველ დღე ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ სამსახურში და არ იცოდნენ იქიდან ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, თუ არა.
დიდი გრუხუნი რომ იქნებოდა, ვფიქრობდით, რომ მაღარო ჩამოინგრა და რაიმე ცუდს გავიგებდით რომელიმე ჩვენს ახლობელზე.
2012 წლის, 2015, 2019 წლის აქციებზე უკვე 2 წლის შვილთან ერთად ვიდექი ქალაქის სადარაჯოზე. მერე იყო 2021 და 2023 წლის გაფიცვა. 2025 წელს უკვე 128-ე დღეა გარეთ ვართ თოვლში, წვიმაში, ქარში, სიცხეში.
2024 წლის 1 ნოემბერს სამუშაო პროცესი შეწყდა მაღაროებზე და ხალხი დაითხოვეს. ვიცოდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გაჩერება და აუცილებლად რაიმე ზომები უნდა მიეღოთ ერთად.
იმავე დღიდან, საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო პროტესტში. 2 კვირის მანძილზე მოუწოდებდნენ თავის მეგობრებს, თანამშრომლებს პროტესტისკენ.
მთელი ორი კვირის მანძილზე საინიციატივო ჯგუფი ხსნიდა რამდენიმე თვეში რამხელა პრობლემის წინაშე დადგებოდა ქალაქი და მოსახლეობა, მაგრამ არავინ არ იყო მსმენელი.
ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფი 2023 წლის გაფიცვის შემდგომ შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს მაღაროელების ინტერესების დასაცავად. ამ ჯგუფში არის ყველა მაღაროს და საწარმოს თითო წარმომადგენელი – გულანთებული ბიჭები. ქალაქზე, თანამშრომლებზე, ახლობლებზე შეყვარებულებმა დაიწყეს ბრძოლა ამ დიდი კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც “ჯორჯიან მანგანეზი” ჰქვია. დაიწყეს ბრძოლა 2023 წლის გაფიცვის შედეგად მიღებული დაპირებების განსახორციელებლად, თავის და თანამშრომლების უფლებების დასაცავად, სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და უკეთესი მომავლის შექმნის იმედით.
მალევე ხელფასის ერთი დღის დაგვიანებაზეც კი მაღაროელები უფროსების ნაცვლად ამ ბიჭებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რატომ დააგვიანდა ხელფასს, რატომ მოვიდა პაიკა გაფუჭებული, და ა.შ. ეს ბიჭები თითქმის ყოველ დილას დადიოდნენ მაღაროებზე. იდგნენ თანამშრომლების გვერდით, ხალხის გვერდით.
2025 წლის 28 თებერვლიდან, ხელფასების დაპირებული 60% არ დარიგდა, ხალხი გარეთ გამოვიდა და დაიწყო ნამდვილი პროტესტი.
7 მარტს უკვე სმს შეტყობინება მოუვიდა ყველა დასაქმებულს, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და სამუშაოები მთლიანად გადავიდოდა კარიერულ მოპოვებაზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელი ქალაქი რჩებოდა უმუშევარი და ამასთან ერთად გადაითხრებოდა ჭიათურა.
დაიწყო ბრძოლა არა მაღაროს, არამედ ქალაქის გადასარჩენად. დრო გადიოდა, ხელფასები არ ირიცხებოდა. ხალხს ბანკებიდან ურეკავდნენ ოჯახებში. პურის ფული არ იყო, 3 თვე ვიყავით სრულ უიმედობაში.
იყო რამდენიმე დიდი აქცია. ვითხოვდით დახმარებას ყველასგან, მაგრამ არსაიდან საშველი არ ჩანდა და არც დღემდე ჩანს.
29 აპრილს კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, ბიჭები დაიჭირეს და ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბიჭები, რომლებიც არაფერ შუაში იყვნენ იმ შემთხვევასთან, რაც მოხდა, სრულიად უსამართლოდ ჩასვეს ციხეში. ბიჭები, რომლებიც არა თავისი პირადი ინტერესების, არამედ ყველას გამო იბრძოდნენ, სხედან ციხეში.
ამ ბიჭებს ოჯახები ჰყავთ, არასრულწლოვანი შვილები.
თენგოს სულ ახლახან შეეძინა ქალიშვილი, თვითონ კი ციხეშია მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ქალაქი უყვარდა და მისი გადარჩენა უნდოდა.
მერაბს ლიზი ვერ ესაუბრება ტელეფონზე, რომ რეკავს ისე ენატრება მამა, ვერ ელაპარაკება, ტირილს იწყებს.
აჩიკოს გოგოც ძალიან განიცდის მამიკოსთან განშორებას.
გიორგის მშობლები განახევრდნენ.
აღარც ჩვენ ვგავართ ადამიანებს.
უკანონო პატიმრების მეგობრებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. შიმშილობა დაიწყო მერაბმაც ციხეში. სამმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი ჩემი ქმარია, პირი ამოიკერა.
შიმშილობის მე-15 დღეს ტარიელი და მირზა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
გუშინ, მეჩვიდმეტე დღეს კომაში ჩავარდნენ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.
არ ვიცი, რა უნდა ვქნათ მოშიმშილეების და პატიმრების ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკვე 4 თვეა გარეთ ვართ და მათ წამებას ვუყურებთ.
ამასობაში რამდენიმე კვირაა, მაღაროებში მუშაობაა განახლდა და მაღაროელების დიდმა ნაწილმა მოაწერა ხელი რეორგანიზაციის უკანონო დოკუმენტს, რომ მუშაობა და ხელფასის აღება შესძლებოდათ.
მაგრამ მინდა იმავე ხალხს დავუსვა კითხვა, ვის ხარჯზე შედიხართ ხალხო მაღაროში, 4 პატიმრის და 7 მოშიმშილის ხარჯზე?!
მე ვიცი და მესმის, რომ ეკონომიკურად და სოციალურად ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ სხვა გზა აღარ გქონდათ, წახვედით მოაწერეთ ხელი და შეხვედით მაღაროში.
ისიც ვიცი, რომ ჩვენ გვპირდებოდნენ, უდანაშაულო ბიჭებს მალევე გამოვუშვებთო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ადამიანები, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კარავში სიცოცხლეს გაწირვა და შიმშილობა გამოაცხადეს.
შეგიძლიათ გვერდი აუაროთ მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფ ტარიელს, მირზას, მერაბს, ხალხს ვინც სამსახური დაგიბრუნათ?
შეგიძლიათ, თქვენს შვილებს თვალებში უყუროთ, როცა თენგოს, მერაბის, აჩიკოს შვილები მამის მონატრებით ვერ იძინებენ?!
ხალხო, როდის დავკარგეთ ასე ადამიანობა, ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა?!
ნუთუ, ერთმანეთის შეხვედრისას ასე უნდა გვრცხვენოდეს?
ძალა ყოველთვის ერთობაშია და ყველაფერი, რასაც ვაღწევდით, იყო და მჯერა, იქნება ერთობით.
თქვენი ერთი სწორი ნაბიჯი შეცვლის იმ მწარე რეალობას, სადაც ახლა ყველა ერთად ვართ.
კარგი ამბავი გვაქვს, მაღაროელებმა დამოუკიდებელი პროფკავშირი დაარეგისტრირეს და 500 წევრი უკვე ჰყავს პროფკავშირს.
ახლა ბრძოლის დროა. თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ იმისთვის, რომ გქონდეთ ღირსეული სამსახური, ღირსეული შრომითი პირობები, ღირსეული ანაზღაურება!
ეს მთავარი ბრძოლაა!