შესავალი
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კრიზისშია. ამას მოწმობს როგორც უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში არსებული განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ხარისხი და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის დაბალი დონე სტუდენტებისთვის, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ახალი კამპანია განათლების რეფორმის სახელით, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემის ძირეულ ცვლილებას.
მოცემულ სტატიაში მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემას ვეხებით. ვცდილობთ ავხსნათ თუ როგორ მოვედით ამ მოცემულობამდე; რა გზა გაიარა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ დღემდე; რა სახის ეკონომიკურმა ბაზისმა და ცვლილებებმა შეუწყო ხელი მის მსგავს მდგომარეობამდე მიყვანას; როგორ ჩამოყალიბდა განათლება და კვლევითი საქმიანობა ახალ ეკონომიკურ დღის წესრიგში; როგორ შეიცვალა თავად სტუდენტის როლი შრომით და ეკონომიკურ ურთიერთობებში; როგორ აღიქვამს სტუდენტს არსებული ეკონომიკური სისტემა და განათლების პოლიტიკა და რაც მთავარია, მართლაც ძირეულ ცვლილებებს გვპირდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნის პროცესში მყოფი ახალი განათლების რეფორმა.
როგორც მარქსი წერდა (Marx, 1977), ეკონომიკური ბაზისის ცვლილება, ადრე თუ გვიან ზედნაშენის სრულ ცვლილებასაც გამოიწვევს. ჩვენთვის უმაღლეს განათლების სისტემაში არსებული პრობლემებზე და გამოწვევებზე პასუხები სწორედ ეკონომიკურ ურთიერთობებში იმალება, სწორედ ამიტომაც, პირველ თავში განვიხილავთ „ქართული ოცნების“ მოსვლამდე გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და ამ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგიურ მახასიათებლებს.
რადგან არსებული განათლების სისტემის მოდელი 2005 წლის რეფორმაზე დაფუძნდა, მეორე თავში შევეცდებით ვისაუბროთ ამ რეფორმის მთავარ მახასიათებლებზე და მის მთავარ მამოძრავებელზე, უმაღლესი განათლების „ვაუჩერულ“ დაფინანსების სისტემაზე.
მესამე თავი კი სრულად მოიცავს სტუდენტის მშრომელად ქცევის პროცესს, მის პროლეტარიზაციას (მისი არაკლასიკური გაგებით). ამ თავში ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვებს, თუ როგორ მოქმედებს შრომის, საცხოვრებლის და სხვა პირველადი საჭიროებების საკითხი სტუდენტის როლზე არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში.
მეოთხე თავში კი სტატიის მთავარ საკითხზე, უმაღლესი განათლების მომავალ რეფორმაზე ვსაუბრობთ. არსებული გარემოებებისა და მმართველი პარტიის იდეოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით, ვვარაუდობთ თუ რეალურად რა სახე შეიძლება მიიღოს მომავალმა განათლების რეფორმამ და რა გავლენა შეიძლება იქონიოს როგორც სწავლებისა და კვლევის პროცესზე, ისე სტუდენტების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
1. „ვარდების რევოლუციის“ პოლიტეკონომია და იდეოლოგიური მახასიათებლები
„კაპიტალის“ პირველ ტომში მარქსი (1954) განიხილავს საქონლის კაპიტალად გარდაქმნის პროცესს ფეოდალიზმიდან კაპიტალისტური წარმოების წესზე გადასვლის პერიოდში. ამ პროცესის საილუსტრაციოდ ის ბრიტანეთის მაგალითს მოიხმობს. კაპიტალისტური წარმოების გაბატონებამდე გასაქონლება აუცილებელია. შრომა, ფული, მიწა, ანუ ბუნებრივი რესურსები საქონლად უნდა იქცეს, საქონელი კი – კაპიტალად. მარქსი ამ პროცესს პრიმიტიულ (პირვანდელ) დაგროვებას უწოდებს და მას კაპიტალისტური სისტემის წარმომქმნელ პროცესად განიხილავს. ამ ტრანზიციისთვის საჭიროა, რომ მწარმოებლები დაშორდნენ თავიანთ წარმოების საშუალებებს. ამის შედეგად კი ჩნდება ორი დაპირისპირებული კლასი: აღმავლობის გზაზე მდგარი კაპიტალისტური ბურჟუაზია და მუშები, რომლებმაც საკუთარი სამუშაო ძალა უნდა გაყიდონ.
ეს პროცესი წარმოშობს როგორც გასაქონლების (კომოდიფიკაციის), ასევე მწარმოებლის შრომისგან გაუცხოების ფენომენს, რაც უმთავრესად მუშის წარმოების საშუალებებისგან დისტანცირებით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ მარქსი (1954) პრიმიტიულ დაგროვებას კაპიტალისტური წარმოების რეჟიმის ფორმირების ისტორიულ პროცესად განიხილავს, ის არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და ეპოქებში ამ პროცესს ალტერნატიული ფორმები ჰქონდეს. სწორედ ამ აზრზე დაყრდნობით როზა ლუქსემბურგი (1963) ამტკიცებს, რომ პირვანდელი დაგროვება არ შემოიფარგლება მხოლოდ კაპიტალიზმამდელი პერიოდით, არამედ ის გრძელდება როგორც უწყვეტი პროცესი უკვე ჩამოყალიბებულ კაპიტალისტურ სისტემებში, კაპიტალის დაგროვებასთან ერთად.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კაპიტალისტური ეკონომიკა მყარდება, რომლის ამოსავალი წერტილი სწორედ პრიმიტიული დაგროვებაა. დასავლურ კონტექსტში პრიმიტიული აკუმულაციის დაწყება ემთხვევა ფეოდალიზმიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლას, ინდუსტრიულ რევოლუციას, ასევე ის გრძელდება კეთილდღეობის სახელმწიფოს მექანიზმების დემონტაჟით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ჩამოყალიბებული. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს პროცესი განხორციელდა „შოკური თერაპიის“ ფორმით, რაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დევიდ ჰარვის (Harvey, D. 2003) მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლამ საშუალება მისცა დასავლურ ძალებს, გადაეჭრათ ზედმეტი კაპიტალის დაგროვების პრობლემები. შედეგად, „შოკური თერაპიის“ გატარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხორციელდებოდა დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების ან ნეოლიბერალი ეკონომისტების მეშვეობით. საქართველოს შემთხვევაში „შოკ თერაპია“ რამდენადაც არის თანმდევი სახელმწიფო გადატრიალებისა და ომის, იმდენად თავადაც არის მიზეზი ერთ-ერთი უდიდესი კატაკლიზმის, ქვეყნის სრული უმრავლესობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენის და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების.
სწორედ კაპიტალის დაგროვებისა და განვრცობის ამ ლოგიკას უნდა გავყვეთ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური წარმოების წესის ცვლილებაზე. მთავრობები იცვლებიან, ეკონომიკური სისტემა კი უცვლელი რჩება.
2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლება, წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პრიმიტიული დაგროვების პროცესს აგრძელებს და ის უფრო რადიკალურ რელსებზე გადაჰყავს. ახალი ხელისუფლება ამ პროცესს „სახელმწიფოს შემცირებას“ უწოდებს (Jones, 2013). მათი ხედვა ნათელია; ისინი მხარს უჭერენ საბაზრო ეკონომიკის სამებას: დერეგულაციას, პრივატიზაციას და ბაზრის ლიბერალიზაციას, რომელიც „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ჯერ რუსეთში იკიდებს ფეხს, შემდეგ კი იქ დამანგრეველი შედეგების შემდეგ საქართველოშიც ვრცელდება.
როგორც ენგელსი (1935) აღნიშნავს, კაპიტალისტურ წარმოებას არ შეუძლია სტაბილური იყოს, ის ან უნდა გაიზარდოს და გაფართოვდეს ან უნდა მოკვდეს. ბენდუქიძე-სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული პროცესი უნდა განავრცოს, რაც კი დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში, იქნება ეს ბუნებრივი რესურსები თუ საწარმოები, საავადმყოფოები თუ ლაბორატორიები, კულტურული თუ საუნივერსიტეტო-კვლევითი დაწესებულებები კერძო პირის ხელში უნდა აღმოჩნდეს.
ვინ არიან ეს კერძო პირები?
პირველ რიგში ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი პირველი თაობის ქართული ბურჟუაზიაა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაგროვილ კოლექტიურ სიმდიდრეს ისაკუთრებს, არა ნეოლიბერალი თეორეტიკოსების მიერ აღწერილი კონკურენტუნარიანობითა და გამჭვირვალობით (რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ ახასიათებდა კაპიტალის დაგროვების პროცესს), არამედ პირდაპირი ძარცვითა და მისაკუთრებით (grabification).
მეორე მხრივ სააკაშვილის პერიოდში ფართოდ იხსნება კარი ინვესტორებისთვის. ინვესტორის უალტერნატივო განდიდება სწორედ ამ პერიოდში აღწევს თავის მაქსიმალურ ნიშნულს და ეს ქართულ ბაზარზეც აისახება. საქართველო, ქვეყანა, რომელიც მსოფლიო სისტემაში პერიფერიულ სახელმწიფოთა რიგებს განეკუთვნება, იდეალური სავაჭრო სივრცე ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, მისი იაფი მუშა ხელით, დასუსტებული და თითქმის ნულამდე დაყვანილი შრომის დაცვის მექანიზმებით, გასაყიდად გამოტანილი ბუნებრივი რესურსებით და საწარმოებით იაფ ფასში.
სამთავრობო ელიტას სურს ქვეყანა საბჭოთა ეკონომიკური სისტემიდან, თავისუფალ ბაზარზე გადასვლის ყველაზე წარჩინებულ მაგალითად აქციოს, მაგრამ „თავისუფალი ბაზრის“ იდეა, თავის პრაქტიკულ განხორციელებაში ყოველთვის მოიაზრებს სახელმწიფოს ინტერვენციებს. როგორც პოლანი წერდა (Polanyi, 2001) მოცემულ ეკონომიკურ სისტემას მართლაც რომ ეარსება გარე ჩარევის გარეშე, ის მართლაც დაიმსახურებდა „თვითრეგულირებადი“ სისტემის სახელის წოდებას, თუმცა საქმე ისაა, რომ როგორც გლობალურად, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც, ქვეყნის ეკონომიკაში მონოპოლისტური ბაზრები იქმნება, რომლის მთავარი დამცველიც თავად სახელმწიფოა, საკუთარი ეკონომიკური, რეპრესიული, თუ იდეოლოგიური პოლიტიკით. არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას თავისი შედეგები მალევე მოსდევს, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში იზრდება უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე.
კაპიტალისტური ეკონომიკური წესი მოიცავს საზოგადოებრივი არსებობისა და ურთიერთობის იმ ფორმებს, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომაც თანასწორობის პრინციპის მოწინააღმდეგე აზრი ყოველთვის მოიშველიებს იმ ძირითად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ არგუმენტს, რომელსაც ნეოლიბერალური პერსპექტივა აწარმოებს. ეს არის ძალაუფლების ფორმა, რასაც საქართველოში ლიბერალური კაპიტალიზმი განვითარების ადრეულ ეტაპზე იყენებს. იქმნება საზოგადოებაზე დომინაციის ნეოლიბერალური პრაქტიკები, რაც მიზნად ისახავს თანასწორობის პრინციპზე თავდასხმასა და სოციალური დაცვის მექანიზმების სრულ განადგურებას, რადგან ეს დანახულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი დანახარჯი და ბიზნესისთვის – დანაკლისი.
ბუნებრივია, კერძო საკუთრების ინტერესების გაბატონებასთან ერთად ვხედავთ, თუ როგორ იცვლება პრიორიტეტები საზოგადოდან კერძოს სასარგებლოდ. სოლიდარობას ანაცვლებს კონკურენცია, სახელმწიფოს შექმნილ სამუშაო ადგილებს – ბიზნესის შექმნილი სამუშაო ადგილები, საყოველთაო ჯანდაცვას – მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოები და ა.შ.
აღნიშნული ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტისთვის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის განათლების სისტემა. მისი ნეოლიბერალიზაცია გარდაუვალი ხდება იმ კერძო ინტერესის ეკონომიკური ურთიერთობისთვის, რომელიც ასხვისებს სახელმწიფოს ქონებას. კერძო პირებს ან კორპორაციებს მართვასა და მოხმარებაში გადასცემს სხვადასხვა სოციალური სტაბილურობისთვის აუცილებელ ინსტიტუტებს. ძირითადი ამოსავალი წერტილი ისტორიული პროგრესისთვის მოიაზრებს კონკურენციას, კერძო საკუთრებას, აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ ინტერესს, შესაბამისად საჯარო სერვისების მოსპობას ემხრობა და ეწინააღმდეგება სიმდიდრის გადანაწილების პრინციპს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალურად დაწინაურებული კლასის სასარგებლოდ.
სწორედ ამიტომ, აგრესიული ნეოლიბერალური რეფორმები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში განათლების სისტემაზეც ვრცელდება, შემდგომ მას აქვს გარკვეული შეფერხება ფორმალურ დონეზე, ეს დაკავშირებულია პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებასთან, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში განათლების სისტემა ისევ დაუბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებულ უმაღლესი განათლების ნეოლიბერალიზაციის პროცესს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დღეს კაპიტალისტური ეკონომიკური პრინციპი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით შეეცდება განათლების კომერციალიზაციას და მოგების პრინციპზე დაქვემდებარებას. ეს იმ პირობებში, როცა კაპიტალისტური ინტერესების გადალაგება ხდება, მაგრამ ხელისუფლება უარს არ ამბობს ნეოლიბერალიზმზე.
ნეოლიბერალური მეთოდი არამარტო უმაღლესი განათლების ზოგადი პოლიტიკის ან აკადემიური ცხოვრების მართვის მიზანსა და დინამიკას ცვლის, არამედ ადგენს იდეოლოგიურ შინაარს, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს იმ ეკონომიკურ და სოციალურ მოწყობასთან, რომელშიც არსებობს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ეს იდეოლოგიური შინაარსი მრავალფეროვანია, მოიცავს ცოდნის, ადამიანის, საზოგადოების, სამყაროს მოწყობის შესახებ დამოკიდებულებებს და ის იდეოლოგიური უნივერსალიზმი, რასაც ნეოლიბერალიზმი ქადაგებს მერიტოკრატიის ფორმით, გასულ საუკუნეში სცენაზე გამოდის სლოგანით: „ არ არსებობს სხვა ალტერნატივა“. ამ ალტერნატივის არ არსებობა გამოიხატება ცოდნის წარმოებისა და გაცემის პროცესში. რაც მთავარია, ის იარაღია კაპიტალიზმისთვის თავიდან აირიდოს ისეთი ტიპის დემოკრატიული საზოგადოებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მდიდრების კლასობრივ ინტერესთან. ის აწარმოებს სამყაროს ერთგანზომილებიან სურათს და კლასობრივ დაპირისპირებას თუ უთანასწორობას – ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ დომინაციას ღარიბებზე – ბუნებრივი კანონზომიერების ნაწილად წარმოაჩენს.
პირველ რიგში, საბაზრო საგანმანათლებლო სისტემა ნეოლიბერალური პოლიტიკური მხარდაჭერით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში იჭრება, როგორც ცოდნის წარმოებისა და ამ პროცესში მისი შინაარსის განმსაზღვრელი სუბიექტი. მისი გამაძლიერებელი იდეოლოგიური შინაარსი მერიტოკრატიული აზროვნებაა, რომელიც დგას რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე, რაც კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობებისა და მასზე აღმართული პოლიტიკური ძალაუფლების ფორმაში გვხვდება. ეს არის ინდივიდუალიზმი და კონკურენცია. აღნიშნული პრინციპებით არის განპირობებული აკადემიური ცხოვრება.
აკადემიური სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმის შედეგად გახდა ინდივიდუალიზმისა და კონკურენციის მხარდამჭერი, სადაც ცოდნა კლასობრივია, როგორც მისი მოპოვების, ასევე მიზნების მიხედვით. ვხედავთ, რომ თანასწორობის, ეკონომიკური სამართლიანობის, სიმდიდრის გადანაწილების პრინციპები ქრება ლიბერალური კაპიტალიზმის დაკვეთით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მაგრამ დომინირებს კერძო საკუთრების დამცველი აზრი. ლეგიტიმაცია ენიჭება ექსპლუატაციას, სიღარიბეს, უთანასწორობას. წარმოებული მეცნიერული აზრი არ ეძებს ისეთი ტიპის დემოკრატიული საზოგადოების შექმნის საფუძვლებს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლასთან.
ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიური ინსტრუმენტები მუდმივად ავრცელებენ აზრს, რომ სტუდენტებს შორის არსებობს კონკურენცია. ამ კონკურენციას სტუდენტებს ბავშვობიდან აჩვევენ, რაც მოიცავს ეროვნული გამოცდების სისტემას, საგრანტო ბაზებს, უნივერსიტეტში სასტიპენდიო პოლიტიკას და ა.შ მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალგაზრდა აწყდება მისივე თანატოლთან დაპირისპირებას, რაც წარმატების მითით არის განპირობებული. ამიტომ მუდმივად ვაჭრობ შენი მომავლით, ამის პირობებს კი განკერძოებული საჯარო სიკეთეები განაპირობებს.
წარმატებისა და თანაბარი შესაძლებლობების მითი ვრცელდება იმ სოციალურ და პოლიტიკურ აზრთან ერთად, რომელიც მეტყველებს ინდივიდუალიზმის ენით. შენ არ გაქვს არანაირი სოციალური გარანტია, მუდმივად ხარ ფიზიკური გადარჩენის პროცესში და უკეთესი ცხოვრება უკავშირდება შენს კერძო წარმატებას, რომელიც მოგანიჭებს გარკვეულ კლასობრივ პრივილეგიებს. ამიტომაც სწავლებისა და ცოდნის მიღების პროცესი დაკავშირებულია სამომავლო წარმატებასთან და ამიტომ განათლებაში ინვესტირება ხდება მისივე სამომავლო მოგების მიზნით.
ნებისმიერი იდეოლოგიური ინსტრუმენტი ემსახურება ამა თუ იმ ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების ლეგიტიმაციას, არსებულ უთანასწორო გარემოსთან შეგუებასა და წესრიგის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას. განათლების სისტემაც ფუნქციონირებს შესაბამისი იდეოლოგიური ლოგიკით, მეტიც, როგორც გამოჩნდა, ის თავად ქმნის წესრიგთან თავსებად იდეოლოგიურ შინაარს თუ პრაქტიკებს.
2. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი განათლების რეფორმიდან
ნაომი კლაინი (Klein, 2007) თავის წიგნში „შოკის დოქტრინა“ საუბრობს 2005 წლის მოვლენებზე, როდესაც ნიუ ორლეანს თავს ქარიშხალი „კატრინა“ დაატყდა. შტორმის შედეგად ნიუ ორლეანში სახლები განადგურდა და მასთან ერთად საჯარო სკოლებიც მიწასთან გასწორდა. კლაინი იხსენებს, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში სკოლების რეკონსტრუქციის საკითხში ითვალისწინებს ცნობილი საბაზრო ეკონომისტის და „შოკ თერაპიის“ მამის – მილტონ ფრიდმანის რჩევას. ფრიდმანმა ბუშს ურჩია, რომ ნაცვლად საჯარო სკოლების აღდგენისა და რეაბილიტაციისა, მას ახალი კერძო სკოლები უნდა გაეხსნა ქალაქში, სადაც მოსწავლეების განათლების გადასახადზე ვაუჩერი დაწესდებოდა სახელმწიფოსგან. მსგავსი სისტემა სახელმწიფოს დაფინანსებას შეამცირებდა და ის სრულად გახდებოდა დამოკიდებული მოსწავლეების რაოდენობაზე – მოთხოვნაზე. ფრიდმანისთვის საჯარო სკოლები სოციალიზმთან ასოცირდებოდა, მისთვის სახელმწიფოს როლი შემოიფარგლებოდა საგარეო საფრთხისგან დაცვით, პოლიციისა და არმიის გაძლიერებით, ხოლო განათლების სისტემა კი მისი აზრით, საბაზრო ეკონომიკას უნდა ჩაჰბარებოდა. „ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემამ და საჯარო სკოლების არარსებობამ მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა. როგორც კლაინი იხსენებს, ქარიშხალ „კატრინამდე“ ნიუ ორლეანში სულ 123 საჯარო სკოლა იყო, მის შემდეგ კი მხოლოდ 4 დარჩა. სამაგიეროდ გაიზარდა კერძო სკოლების რაოდენობა. ჩამოიშალა მასწავლებელთა პროფკავშირი და 4700-მა მასწავლებელმა სამსახური დაკარგა. მათი მცირე ნაწილი ხელახლა აიყვანეს სამუშაოდ ახალგახსნილმა კერძო სკოლებმა, მაგრამ შემცირებული ხელფასით. დარჩენილმა ნაწილმა კი სრულად დაკარგა სამსახური.
ფრიდმანის ხედვას განათლების სისტემაზე ბუშზე ადრე ჩილეში სახელმწიფო გადატრიალებით მოსული ნეოლიბერალი დიქტატორი, აუგუსტო პინოჩეტი მიყვება, რომელიც სკოლებში მსგავს ვაუჩერულ სისტემას აყალიბებს (Valenzuela, Bellei, & de los Ríos, 2013) და უნივერსიტეტებში კი სრულად აუქმებს სახელმწიფო დაფინანსებას, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს უწევთ გადასახადის დაწესება (Guzmán-Concha, 2017).
2005 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებში „ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემას აწესებს. მილტონ ფრიდმანის წარუმატებელი ექსპერიმენტი ხელახლა იბადება საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემაში ანტი-კორუფციულობისა და ანტი-საბჭოთა მიდგომის სახელით. საჯარო უნივერსიტეტებს უწყდებათ სახელმწიფოს მხრიდან ბაზისური დაფინანსება, სტუდენტების მცირე ნაწილი კი ეროვნული გამოცდების შემდეგ გრანტს იღებს, რითაც მას შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერით უფინანასედება განათლება კერძო თუ საჯარო უნივერსიტეტში. სახელმწიფო მხოლოდ უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის დამფინანსებლად რჩება, დანარჩენი ხარჯები სტუდენტებისგან შემოსულ გადასახადზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების უმრავლესობა გრანტის გარეშე სწავლობს უნივერსიტეტებში, რის გამოც მათ თავად უწევთ განათლების გადასახადის დაფარვა, რომელიც დღეს – 2250 ლარს შეადგენს.
„ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემის დანერგვას თავისი შედეგებიც მოჰყვება. საჯარო უნივერსიტეტების ბიუჯეტები სრულად ხდება დამოკიდებული მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე, მოთხოვნა კი უმეტესად ბაზარზე მოთხოვნად დისციპლინებზე ჩნდება. რის შედეგადაც, მათ მეტი შემოსავალი შესდით, ვიდრე იმ დარგებს, რომლებიც საბაზრო ლოგიკას სცდება. ისინი განწირული რჩებიან მუდმივი კრიზისისთვის.
საჯარო უნივერსიტეტებში ბიუჯეტური დანაკლისის აღმოსაფხვრელად, ახალ-ახალი ბაზარზე ორიენტირებული საგნები ჩნდება, თუნდაც ისეთებიც, რომელთა ადგილიც აკადემიურ სივრცეში შეიძლება არც იყოს. მაგალითად, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პერიოდში ხსნის ახალ კურსებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომელი დარგებიც სრულად უცხოა მისი აკადემიური ტრადიციისთვის. როგორც ტონი ჰარლანდი (Harland, 2009) წერს განათლების ნეოლიბერალურ რეფორმაზე, ამ დროს საზღვარი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ირღვევა, საჯარო უნივერსიტეტები მსახურები ხდებიან ბიზნესისა და საბაზრო ეკონომიკის. სხვანაირად რომ ვთქვათ, საჯარო უნივერსიტეტები კერძო უნივერსიტეტების მახასიათებლებს ირგებენ, იმისთვის, რომ ფინანსები მოიპოვონ. მაგრამ კრიზისი კვლევითი საქმიანობის, არასაბაზრო დარგებისა და განათლების ხარისხის უცვლელი რჩება დღემდე.
ნეოლიბერალური პრინციპები კვლევით ინსტიტუტებზეც ვრცელდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვაუჩერული დაფინანსების სისტემამ უარყოფითად იმოქმედა უნივერსიტეტებში კვლევისა და სწავლების ინტეგრაციაზე. უნივერსიტეტებს მინიმალური დაფინანსება უჩნდებათ კვლევითი საქმიანობებისთვის და ძირითადად ეყრდნობიან საგრანტო დაფინანსებას უცხოეთიდან.
ვაუჩერული დაფინანსების წესის დანერგვა არამხოლოდ საჯარო უნივერსიტეტების საბიუჯეტო მდგომარეობას ცვლის, არამედ – სტუდენტების მიდგომასაც განათლებისადმი. ახალი საგადასახადო სისტემის დანერგვით სახელმწიფო ნეოლიბერალურ ცნობიერებას ამკვიდრებს აკადემიაში. სტუდენტი საუნივერსიტეტო სწავლებას უყურებს არა როგორც საგანმანათლებლო პროცესს, არამედ მოტივირებული ხდება შედეგზე, დიპლომის და ხარისხის მოპოვებაზე, მისთვის განათლება აღიქმება როგორც ერთი ინვესტიცია, რომელმაც მომავალში ფინანსების უკან დაბრუნება უნდა გამოიწვიოს (Kodelja, 2022). სტუდენტს ექმნება ილუზია, რომ ის ავტონომიური სუბიექტია ამ სისტემაში, თითქოს ის თავადვე განკარგავს მისსავე ბედს, თავად მის პასუხისმგებლობაზე გადადის მიიღებს უმაღლეს განათლებას თუ არა.
ერთ-ერთი მახასიათებელი უმაღლესი სასწავლებლების „ვაუჩერული“ დაფინანსების წესის დანერგვის შემდეგ მასიფიკაცია ხდება. თუმცა ამ შემთხვევაში მასიფიკაცია არ მოიცავს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და სწორედ ამ მიზეზით სტუდენტების რაოდენობის მატებას. აქ მასიფიკაცია უნივერსიტეტების მხრიდან სტუდენტების მიღების წესის გამარტივებას მოიაზრებს. რადგანაც უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის უდიდესი ნაწილი სტუდენტებისგანაა, უნივერსიტეტები მოტივირებული ხდებიან რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღონ ფაკულტეტებზე, თუმცა მთავარია, სტუდენტი გადასახადის გადამხდელი იყოს. სხვა შემთხვევაში მას სწავლების შეჩერება მოუწევს. რაც მეტი სტუდენტი ეყოლება უნივერსიტეტს, მით მეტი ფინანსებიც შემოვა ბიუჯეტში, ამიტომაც მისი პრაქტიკა ასე მუშაობს, თუკი სტუდენტი გადასახადს იხდის მისთვის კარი ღიაა, თუკი მას ამის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს – მკაცრად დარაზული.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ უმაღლეს განათლებაში „ვაუჩერიზაციის“ შედეგები მალევე მიიღო და მალევე მოუწია მისით გამოწვეულ კრიზისზე ეპასუხა, თუმცა ეს უკანასკნელი უშედეგო გამოდგა. საქმე ისაა, რომ „ვაუჩერული“ დაფინანსების წესის დანერგვის შემდეგ ფაკულტეტებზე ფინანსების უთანასწორო გადანაწილება დაიწყო. როგორც უკვე ვახსენეთ, ივსებოდა იმ ფაკულტეტების ბიუჯეტი, რომლებშიც მოქცეული იყო ბაზარზე მოთხოვნადი საგნები, ეს უთანასწორობა პროფესორების და ლექტორ-მასწავლებლების ხელფასებზეც იყო ასახული. მაგალითად ფაკულტეტებს სადაც იყო ბიზნესი, ეკონომიკა, ან იურიუდიუილი პროგრამები თუ სხვა, ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე ფაკულტეტებს სადაც უმეტესად თეორიულ თუ პრაქტიკულ დისციპლინებს მოეყარათ თავი. ამის საპასუხოდ მთავრობამ ფაკულტეტების გაერთიანება და შემცირება გადაწყვიტა. ერთის მხრივ ამან პროტესტი გამოიწვია, პროფესორების ნაწილს მიაჩნდა, რომ ეს სახელის შელახვა იყო მათი დისციპლინების[1], რეალურად კი ამ ცვლილების მიზეზი სწორედ ბიუჯეტის უთანასწორო გადანაწილება იყო. მთავრობამ უნივერსიტეტს შესთავაზა, რომ ფაკულტეტები გაეერთიანებინა იმისთვის, რომ აწ უკვე გამსხვილებულ ფაკულტეტზე საბაზრო პროგრამებს, მათ ფაკულტეტზე არსებული არასაბაზრო, ნაკლებად მოთხოვნადი პროგრამებისთვის ფინანსები გადაენაწილებინათ. ფაკულტეტს შიგნით ფინანასების შიდა გადანაწილების მოცემულმა სისტემამ ვერ იმუშავა.
3. სტუდენტი – კონსუმერი თუ მშრომელი?
მთელი ეს პერიოდი, საბჭოთა კავშირის დაშლიდან, (ნაციონალური მოძრაობის რეფორმებით გაგრძელებული) – დღემდე, განათლების – გასაყიდ საქონლად და სტუდენტების კონსუმერებად ქცევის მცდელობის პერიოდია. უმაღლესი განათლების სისტემის მარკეტიზაციის პერიოდი, სადაც უნივერსიტეტები სტუდენტებს როგორც რიგით ფინანასების შემომტანებად აღიქვამენ და ახალ იაფ მუშახელად, მათი პარტნიორი კომპანიებისთვის. მსგავსი კონსუმერული მიდგომა კი სხვა შედეგებსაც იწვევს. როგორც ბაუმანი (Bauman, 2007) აღნიშნავს, კონსუმერიზმი არსებითად უარყოფს ერთგულებას. ამას ვხედავთ არა მხოლოდ სტუდენტებში არამედ, განსაკუთრებით პროფესორებში, რომელთა კავშირი უნივერსიტეტთან აშკარად შემცირებულია, რაც პირველ რიგში არასაკმარისი ხელფასებით არის განპირობებული. ლექტორები იძულებულნი არიან, დამატებითი შემოსავლის საძიებლად სხვა სამუშაოები ეძიონ, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი. ამ პრობლემის ფესვები ბაუმანის მიერ აღწერილ მომხმარებლურ დინამიკებში უნდა ვეძებოთ. შვარცმანი (Schwartzman, 2013) აღნიშნავს, რომ როდესაც განათლება ფინანსურ ტრანზაქციამდე დადის, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთობა პროდუქტის შეძენისთანავე წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ფინანსური სისტემა ძირითადად სტუდენტთა გადასახადებზეა დამოკიდებული, კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის კავშირი ხშირად გაწყვეტილია, რასაც ხელს უწყობს ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის დაბალი ხელფასებიც. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში სტუდენეტები კონსუმერებად ვერ იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნივერსიტეტებში კონსუმერული ურთიერთობები ხვდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პროგრამებს ძირითადად ბაზრის მოთხოვნადობიდან გამომდინარე ირჩევენ, რიგ შემთხვევებში ვალსაც კი იღებენ მის საყიდად და მაქსიმალურად ნაკლები წნეხით ცდილობენ მაღალი ქულებისა და ხარისხის მოპოვებას, მათი მიზნები შეუძლებელია კონსუმერულად ჩაითვალოს, ვერც მათი კლასობრივი და მატერიალური მდგომარეობა უქმნის მათ რიგითი კონსუმერის ჩამოყალიბების პირობებს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სტუდენტები უმეტესად დაბალი ფენის მშრომელები არიან, რომლებისთვისაც განათლება არა ფუფუნების საგანი, არამედ ერთ ერთი აუცილებელი საჭიროებაა. მათივე მცდელობებიც მარტივი დატვირთვით გაიარონ საგნები, გამომდინარეობს მათი გადატვირთული სამუშაო დღიდან, მშრომელ სტუდენეტებს ნაკლები დრო რჩებათ სწავლისთვის და სხვა აქტივობებისთვისაც. ხოლო დიპლომის მოპოვება კი, თუკი ნაწილისთვის პრესტიჟის მომტანია, რაც ცალსახად შეგვიძლია კონსუმერის ლოგიკას დავუკავშიროთ, რიგ შემთხვევებში ის შრომით ბაზარზე მოხვედრის ერთ-ერთი გარანტიაცაა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად გარეგანი მახასიათებლისა, ქართველი სტუდენტისგან (განსაკუთრებით თუკი იგი საჯარო უნივერსიტეტში სწავლობს) კონსუმერის ხატს ვერ შევქმნით.
როგორც დავინახეთ, განათლების სისტემის ნეოლიბერალიზაცია მას, პირველ რიგში, ეკონომიკის ქვესექტორად განიხილავს, რომელიც ცოდნის მიღების, წარმოების თუ გაზიარების საშუალებებს უქვემდებარებს კონკურენციას და ქმნის კლასობრივ ოპოზიციებს. განათლება, როგორც პრივატიზებული საქონელი მოექცა ყიდვისა და გაყიდვის დამოკიდებულების ქვეშ და მეცნიერულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა მუშების ოჯახებიდან წამოსული სტუდენტებისთვის საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვის ან ვალის გარეშე შეუძლებელი გახდა. ამის მიზეზი იმ ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა დავინახოთ, რომელიც სტუდენტს განიხილავს, არა როგორც განათლების მაძიებელს არამედ მყიდველს. ეს მოცემულობა სტუდენტის კლასობრივ მდგომარეობას განსაზღვრავს, არა მხოლოდ მისი წარმომავლობის მიხედვით, მისი ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, არამედ საკუთარი შრომის მიყიდვით კერძო ბიზნესისთვის. საქართველოში განათლების სისტემა დაქირავებულ, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებასთან ერთად სტუდენტს ხდის დაქირავებულ მუშახელად, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება კაპიტალისთვის მოგების მიწოდებაში.
სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, სტუდენტი სწავლის პერიოდში კვალიფიცირდება მშრომელად, მაგრამ არა მუშათა კლასის გაფართოებული დეფინიციით, რომელიც მოიაზრებს უმუშევარს ან სამუშაო ძალის გამყიდველი ოჯახის წევრობას, არამედ როგორც აქტიურ სამუშაო ძალას.
რეალურად, ნეოლიბერალურ განათლების სისტემაში, რომელიც შესაძლებელია იყოს ლიბერალური ან ავტორიტარული პრაქტიკებით (ამ ეტაპზე მას არ განვასხვავებთ) სამუშაო ძალის შიდა მიგრაცია, სწორედ სტუდენტების გავლით ხდება. რეგიონიდან მიგრირებული სტუდენტი, კაპიტალის ინტერესით ტოვებს სახლს. ვინაიდან ქალაქს მუდმივად სჭირდება მშრომელთ რაზმების განახლება საკუთარი მოგების გასაზრდელად და მშრომელებში კონკურენციის შესანარჩუნებლად. ამ ტენდენციას პრეკარული შრომის ურთიერთობა განსაზღვრავს. ეს ეკონომიკური განვითარება სერვისისა და ტურისტული სექტორის მთავარ დასაქმების ადგილად გადაქცევა საჭიროებს პრეკარულ სამუშო ძალას. პრეკარული სამუშაო ურთიერთობა მოიაზრებს არასტაბილურ გარემოს, მოკლევადიან კონტრაქტებს, დაბალს ხელფასებს, სოციალური გარანტიებს არ არსებობას. სტუდენტი სტუდენტობის პერიოდში პროლეტარიზირდება იმგვარად, რომ შეთავაზებული შრომის გარეშე ვერ იარსებებს.
ნეოლიბერალური რეფორმის შედეგად უმაღლეს განათლებაში დანერგილი უნივერსიტეტების დაფინანსების ვაუჩერული წესი არ მოიაზრებს და ყურადღებას არ აქცევს სწავლის პროცესში სოციალური გარემოს მნიშვნელობას. დაფინანსების ეს წესი არ მოიცავს საცხოვრებელს, ყოველთვიურ სტიპენდიასა და სტუდენტის კულტურული აქტივობის შესაძლებლობებს.
სტუდენტობის შრომის გარდაუვალობის აზრი არის იდეოლოგიური ხედვა, ახალგაზრდის ისეთი ტიპის შრომის გარემოში ჩართვის, რომელიც ემსახურება კაპიტალისთვის მოგების გაფართოებას. კაპიტალის ინტერესები მოითხოვს იაფ და პოლიტიკურად პასიურ სამუშაო ძალას, ამისათვის ინდივიდუალიზებული, საცხოვრებლის, სტიპენდიისა და უფასო განათლების არ მქონე, ვალებით დატვირთული სტუდენტი მისაღები საექსპლუატაციო სამუშაო ძალაა, რომელსაც უნივერსიტეტი და ბიზნესი ერთნაირად გაძარცვავს.
ნეოლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის სახეც სწორედ ეს არის. სახელმწიფო ნაკლებად პასუხისმგებელი ხდება სტუდენტების უნივერსიტეტის გარეთ მიმდინარე საქმიანობაზე.
სტუდენტი – როგორც მყიდველი – მიდის უნივერსიტეტში, რომლის განათლების საფასურიც მისივე ხარჯით გადახდილია, მას უნივერსიტეტში ხვდებიან ლექტორ-მასწავლებლები, ხშირ შემთხვევაში იაფი და არასტაბილური დასაქმებულები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სტუდენტისთვის განათლების გადაცემაზე, რადგან ლოგიკურია, სტუდენტმა უნდა მიიღოს ის, რაც იყიდა. თავის მხრივ საგაკვეთილო პროცესიც მიდის ისე, როგორც საქონლის გაცემა და მიღება, ხშირ შემთხვევაში მასში არანაირი კრიტიკული დისკუსია, თუ მეცნიერული კვლევა არ წარმოებს, შეგვიძლია ამ პროცესს დავარქვათ ანტი-პედაგოგიკა, ან „ბაზარზე ორიენტირებული გაუნათლებლობის პედაგოგიკა“ („pedagogy of marketdriven illiteracy“) როგორც ამას ამერიკელი განათლების მკვლევარი, ჰენრი ჟირუ უწოდებს (Giroux, 2014), როდესაც სწავლების პროცესი დგას მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე, და არა ურთიერთწინააღმდეგობაზე, და ამ ურთიერთწინააღმდეგობიდან ახალი აზრის წარმოებაზე. განათლების მექანიკურად გადაცემის შემდეგ, ის ტოვებს უნივერსიტეტს, რის შემდეგაც მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
არსებული დაფინანსების ტიპს და ზოგადად განათლების პოლიტიკას საქართველოში უჭირს დაინახოს უნივერსიტეტში არსებული პრობლემები და ამასთან ერთად ბრმა არის სტუდენტების უნივერსიტეტის გარე საქმიანობაზე.
სინამდვილეში ჩვენს მიერ ნახსენებ სტუდენტს კაპიტალისტური სისტემა სხვა სახის რუტინულ ჯაჭვს სთავაზობს. ის რამდენადაც იხდის განათლების გადასახადს, მას სჭირდება საცხოვრებელი, რომელიც უნდა იქირაოს ბაზარზე, სადაც ფასები ბოლო წლებში რეკორდულ ნიშნულს აღწევს, უნდა მიიღოს საკვები, რომლის ხარისხიც ხშირად მისივე ჯანმრთელობაზე მოქმედებს, უნდა ჰქონდეს დრო გამოძინებისთვის, ენერგიის აღდგენისთვის, რეკრეაციისთვის, საშინაო სწავლებისთვის, რომელიც თითქმის სრულებით არ აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი სტუდენტი ამ ყველაფერთან ერთად მშრომელიცაა, და შრომობს რისთვის? (აქ დაწყებულ ჯაჭვს ვუბრუნდებით) შრომობს იმისთვის, რომ დაფაროს განათლების გადასახადი, გადაიხადოს ბინის ქირა და იყიდოს საკვები თუ სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტი. ეს არის ის რეალური ჯაჭვი, რომლის დანახვაც არსებულ განათლების პოლიტიკას არ სურს, უფრო სწორად თვალებს იბრმავებს.
4. ახალი რეფორმის პერსპექტივა
„ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე იდეოლოგიურად მოსწორებული და საბაზრო ლოგიკას ჩაჭიდებული საგანმანათლებლო სისტემა ხვდება. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მათგან არანაირი ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა. მეტიც მისი კომერციალიზაცია კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერილია. სწორედ ამიტომ აღნიშნული რეფორმას აუცილებლად უნდა დაუდგეს კრიზისული პერიოდი, რასაც ამ წლების განმავლობაში ვხედავთ.
ოცნებას ძირითადად რეფორმის შემდგომი პრობლემებთან გამკლავება უწევს, რაც დაკავშირებულია უნივერსიტეტების დაფინანსებასთან, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასთან, არასაბაზრო აკადემიური მიმართულებების პრობლემების აღმოფხვრასთან და ა.შ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მათი მმართველობის პერიოდის პირველ წლებში უფასო ფაკულტეტების შემოღებაა, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნად, თეორიულ თუ პრაქტიკულ მეცნიერებებთან, რისი საჭიროებაც აქტუალურია შესაბამისი ეკონომიკური გეგმის პირობებში. ჰუმანიტარული თუ ტექნიკური მეცნიერებების სახელმწიფო დონაციით არსებობს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მათი გაუქმება გარდაუვალი იქნებოდა. ეს გვაჩვენებს, რომ უნივერსიტეტების ფუნქციონირებას ტოტალურად განსაზღვრავს მისი დაფინანსების პოლიტიკა, ხოლო ვაუჩერული წესი აუქმებს ისეთ მიმართულებებს, რომელსაც ბაზარი არ მოითხოვს. პირველი კრიზისი რაც ოცნებას შეუქმნა ვაუჩერული დაფინანსების წესმა სახელმწიფო სუბსიდიით გახდა დასარეგულირებელი.
არსებული ნაბიჯი რომ შევადაროთ, დაფინანსების წესის ცვლილებას და სახელმწიფოსგან ბაზისური დაფინანსების შემოღებას, ლოგიკურია, ამ უკანასკნელს ბევრად მეტი თანხა დაჭირდება ბიუჯეტიდან. ამიტომ „ქართული ოცნება“ უფასო პროგრამების შექმნით მოკლე-ვადიანად, დროებით ცდილობს გაღრმავებული კრიზისის ნაკლები ფინანსებით გადავადებას, თუმცა რამდენადაც უცვლელია ბაზისური სისტემა, იმდენად არსებული კრიზისი მომავალში გაღრმავებას არ გამორიცხავს, რადგან ვაუჩერული დაფინანსების წესის მიზანი მხოლოდ ის კი არ არის უნივერსიტეტები სრულად მიჯაჭვული გახადოს ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ ამასთან ერთად ამოძირკვოს და გააქროს ის დისციპლინები, რომლებიც ბაზრის ინტერესების კონკურენციაში ვერ დაწინაურდებიან. აქედან გამომდინარე ის ვერ მოახერხებს დროებითი ცვლილებებით, არსებული დაფინანსების ტიპის შინაარსი შეცვალოს. შემდეგი პასუხი „ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემის შედეგად გაჩენილ კრიზისზე საჯარო უნივერსიტეტებში კერძო კომპანიებთან კავშირების ზრდაა.
როგორც უკვე ვახსენეთ კვლევითი და სასწავლო პროცესების ინტეგრაცია შეუძლებელი ხდება არსებული დაფინანსების ტიპის პირობებში. რადგან უნივერსიტეტი მხოლოდ სტუდენტების შემოსავლით მარაგდება, და სწორედ ამ ბიუჯეტიდან უწევს როგორც სწავლების ისე კვლევის დაფინანსება, მწირი რესურსების გამო სამეცნიერო კვლევები მეორეხარისხოვან ადგილზე რჩება. კვლევისთვის ფინანსების მოსაპოვებლად კი ახალი კარი იხსნება დასავლური ფონდების სახით. თუ არ ჩავთვლით ერთადერთ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისთვის გათვლილ შოთა რუსთაველის ფონდს, სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად დასავლურ ფონდებზე ხდება ორიენტირებული. დასავლურ ფონდებს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. მათ დაფინანსების საზღვრები ძირითადად შემოიფარგლება კვლევებით, რომელმაც ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს ლიბერალიზმი, როგორც მისი ეკონომიკური ასევე კულტურული მხარე, და არა მხოლოდ ეჭვქვეშ არ დააყენოს, ხშირ შემთხვევაში მის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მკაცრად უნდა შექმნან ლიბერალურად ინდოქტრინირებული სივრცე, რომელმაც ლიბერალიზმი უალტერნატივო გზად უნდა წარმოაჩინოს. თუმცა მიუხედავად ამისა, მსგავს სივრცეშიც კი რჩება მცირედი ნაპრალები და ადგილები, სადაც მეცნიერული აზრი იწარმოება. რამდენადაც უცხოეთიდან შემოსული გრანტები ხმარდება ლიბერალიზმის განმტკიცებას საქართველოში, ის ამასთან თითქმის ერთადერთ წყაროდ რჩება მკვლევრებისთვის, რომლის მცირედი ნაწილი ცდილობს ამ თანხის გამოყენებით საჭირო ლიტერატურის თარგმნას, სოციალურად აუცილებელი კვლევების ჩატარებას. მოკლედ, რომ ვთქვათ დასავლური გრანტები ხდება უმთავრესი გზა მეცნიერებისთვის. თუმცა ჯერ „აგენტების“ კანონი და შემდეგ კი მისი სახელცვლილი „ფარას კანონი“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო უკვე სრულად შეუშლის ხელს დასავლური გრანტები შემოსვლას საქართველოში. გამოდის, რომ ისედაც სრულ კრიზისში მყოფი მეცნიერება კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს სრული კოლაფსისკენ. ამ შემთხვევაში კი „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე არჩევანი რჩება, მან ან სრულად განადგურებისთვის უნდა გაწიროს მეცნიერული საქმიანობა, რომელიც სრულად, რა თქმა უნდა არ აწყობს; ან ადგილობრივ კერძო სექტორს უნდა გაუხსნას გზა მეცნიერების დაფინანსებისთვის, (რომელიც თავისთავად საკუთარი ინტერესების მიხედვით განკარგავს მეცნიერულ კვლევებს, მისი იდეოლოგიური და ეკონომიკური დომინაციისთვის); ან მთავრობა იძულებული უნდა გახდეს სახელმწიფო ფინანსები გაზარდოს კვლევითი საქმიანობისთვის; ან კონტროლი ჰქონდეს, თუმცა გრანტების სახით ფულის შემოდინების პროცესი არ შეაჩეროს.
თუკი დავაკვირდებით ქართულ ბაზარს, მას ნაკლები მოთხოვნა აქვს მეცნიერულ ცოდნაზე. ეს ორი მიზეზით არის განპირობებული. პირველი მიზეზი არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო სულ რამდენიმე წელიწადში დეინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოდ იქცა. ეს მოხდა როგორც კავშირების გაწყვეტით სხვა ინდუსტრიულ ქალაქებთან, მაგრამ უმეტესად მისი მთავარი მიზეზი სწორედ სწრაფი პრივატიზაციის ტალღა იყო, რომელმაც რიგ შემთხვევებში საწარმოები სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო წარმოებაში კი არ გადაიყვანა, არამედ რიგი საწარმოები სრულიად მოშალა და გააქრო, ნაწილ ნაწილ გაყიდა. დეინდუსტრიალიზაციას მოყვა ინდუსტრიული საზოგადოების, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სისტემების მოშლაც. თუკი საბჭოთა ინდუსტრიული სისტემა მუდმივად მოითხოვდა საბუნებისმეტყველო დარგების პროფესიონალებს და ასევე სოციალური მეცნიერებებს სწორედ არსებული ინდუსტრიული საზოგადოების თუ გლობალური გამოწვევების საკვლევად, დღევანდელი დეინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში მასზე მოთხოვნა ნაკლებია, ზემოთ უკვე ნახსენები მიზეზის გამო, საქართველოში რიგი დარგების ინდუსტრიები სრულად გამქრალია და არც სოციალური კვლევების ინტერესი არსებობს. მაგრამ რა ბედი ეწია დარჩენილ საწარმოებს და ინდუსტრიებს? ამ კითხვას შემდეგ მიზეზთან მივყავართ. საქმე ისაა, რომ დარჩენილ საწარმოების ინტერესებიც ნაკლებად ხდება სამეცნიერო ცოდნის არსებობა წარმოებით პროცესებში. ქართული ინდუსტრიული, სამთო თუ სამშენებლო ბაზრის მახასიათებელი ასეთია, ის ყველაზე ნაკლებ დროში, ყველაზე ნაკლები დანახარჯით ცდილობს ბევრად მეტი მოგების მიღებას. თუკი ევროპულ ქვეყნებში მსგავს კაპიტალისტურ ინტერესებს სახელმწიფო რეგულაციები ეღობება წინ, საქართველოში და სხვა პოსტ-საბჭოთა პერიფერიულ ქვეყნებში კაპიტალიზმის სახე მსგავსია, დერეგულირებული და სრულად თავისუფალი. ამიტომაც ლოგიკურია, რომ მსგავსი სახის კაპიტალს მეცნიერული, გრძელვადიანი კვლევა არ სჭირდება, მეტიც, მეცნიერული ხედვა რიგ შემთხვევებში მათი მარტივი მოგების პრინციპის წინააღმდეგაც იმუშავებს, მათი წარმოების შედეგად გაჩენილი ეკოლოგიური თუ სოციალური კატასტროფების აღმოსაფხვრელად.
განათლების რეფორმის კომისია, ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს, რომელსაც თვისობრივი გარდაქმნა სჭირდება. ეს არის ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტების დაფინანსების წესი. რა თქმა უნდა, რეფორმას ზედაპირზე მიყვება თუნდაც საკადრო გადალაგება, შედარებით ლიბერალური განწყობების პროფესორების ნაცვლად, კონსერვატორული შეხედულებების აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა, მათ შორის შესაძლებელია ვნახოთ კადრების გათავისუფლება უნივერსიტეტებიდან, მაგრამ ამ პროცესის დანახვა, როგორც პოლიტიკური რეპრესიები სახელმწიფოს მხრიდან რეალურ მიზეზების გადაფარვა იქნება. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება აკადემიური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობა სწორედ საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში შეხვდეს. ამიტომაც ფოკუსი აკადემიური პერსონალის დათხოვნების მიღმა უნდა მივმართოთ. ვინაიდან ამ რეფორმამ უნდა განსაზღვროს უმაღლესი განათლების ფუნქციონირების სამოძრაო მიმართულება. ეს პირველ რიგში იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების პრობლემის მოგვარება.
მანამ სანამ საკითხს დეტალურად განვიხილავდეთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს რეფორმა იქნება უმაღლესი განათლების ნეოლიბერალიზმის ახალი ტალღა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს საბაზრო კონკურენციის პირობებში ჩართული და ემსახურებოდეს კერძო საკუთრების, კონკურენციისა და მოგების ფუნდამენტურ პრინციპებს. ძირითადი ცვლილებები სწორედ ნეოლიბერალური პრინციპების გაძლიერებას უნდა მოემსახუროს.
უნივერსიტეტის ვაუჩერული დაფინანსების წესი კრიზისშია, რომელიც ვერ უპასუხებს უმაღლესი განათლების ფინანსურ საჭიროებებს. „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტების ბიუჯეტი სტუდენტების სწავლის გადასახადის აკრეფით ივსება, რამაც სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის კრედიტორისა და მევალის წინააღმდეგობა გააჩინა. წლების განმავლობაში სტუდენტებს უნივერსიტეტის ვალი უგროვდებათ, რაც სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდაში გამოიხატება, ასევე უნივერსიტეტების კარგავს აუცილებელ თანხებს, მაგრამ არ აქვს მისი ამოღების ბერკეტი. 2023-2024 წლის სასწავლო სემესტრში სახელმწიფომ 27000 სტუდენტს ჩამოაწერა 30 მილიონის დავალიანება, ეს ეხებოდა 5 წლის განმავლობაში სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს. რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 მილიონის დავალიანება სტუდენტებს უნივერსიტეტისადმი ბოლო ხუთ წელიწადში დაეკისრათ. ამავდროულად უნივერსიტეტების ბიუჯეტმა დაკარგა ამდენივე მილიონის ფინანსური შემოსავალი. მსგავსი სახის პრობლემას ვაუჩერული წესი მუდმივად აწარმოებს და ბუნებრივია ეს პროცესი დაფინანსების ცვლილების გარეშე გააგრძელებს ვალის დაგროვებას, რის გამოც უნივერსიტეტებს უწევთ გაზარდონ ყოველწლიურად ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, ვინაიდან მოახერხონ ბიუჯეტის დაბალანსება.
სწორედ ამიტომ განათლების ნეოლიბერალურ სისტემას გაძლიერება სჭირდება და ამის მექანიზმები კომისიის პირობებში უნდა გადაწყდეს.
რა ცვლილებები შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამისათვის ვაუჩერული დაფინანსების წესისა და ზოგადად უმაღლეს განათლებაში ნეოლიბერალური რეფორმების ტრადიციას შეგვიძლია დავაკვირდეთ, ასევე იმ სოციალურ და პოლიტიკური პროცესებს დავეყრდნოთ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირ აისახებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.
დავინახეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც განათლების სისტემამ წარმოიშვა არის სტუდენტების სწავლის გადასახადის ვალი, რომელიც ათეულობით მილიონი ლარია და ყოველწლიურად იზრდება მისი დაგროვება. რაც ძირითადად მშრომელთა კლასის სტუდენტების ხარჯზე ხდება. ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სერვისების არ არსებობა სტუდენტს უზღუდავს განათლების მიღების საშუალებას. ამავდროულად უნივერსიტეტისთვის სტუდენტის გადამხდელ-უნარიანობა აუცილებელი პირობაა, რადგან მასზე დიდი ფინანსურად მომგებიანი აქტორი არ ჰყავს. მიუხედავად სხვადასხვა სახის თანამშრომლობისა კომპანიებთან, განათლების სექტორი ბანკებისა და მსხვილი ბიზნესისთვის ეკონომიკური მოგების წყაროდ ვერ იქცა, ამიტომაც მათი დაინტერესება ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით (განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს) ვერ განხორციელდა. ისინი შესაძლებელია მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციაში, რაც უნივერსიტეტებისგან მათი ბრენდის პიარში მონაწილეობით აიხსნას, ასევე ნაწილობრივ ახალგაზრდა კადრების მიწოდებაშიც, მაგრამ ეკონომიკური სარგებელს გარკვეული ზოგადი სტანდარტების გამო ვერ მიიღებენ. ერთ-ერთი ეს არის სწავლის გადასახადის ზედა ზღვარი (2250) და სტუდენტების დიდი დავალიანება უნივერსიტეტისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ზედა ზღვარის პრობლემა გადაწყვეტილია სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ ზრდიან გადასახადს, ვინაიდან სტუდენტური უკმაყოფილება უნივერსიტეტში აკუმულირდება, ამიტომ განათლების ახალმა რეფორმამ მთელი რიგი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ამ პრობლემის დასაზღვევად. როგორც განათლების სამინისტროს 2017-2021 წლის ერთიან სტრატეგიაში (2017) ვკითხულობთ, ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აუცილებელია სესხების სისტემის შემუშავება. როგორც ჩანს, უნივერსიტეტებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ გადასახადის გასაზრდელად და ასევე ბანკები, ბიზნესთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. არა პრინციპების, არამედ პირდაპირ გავლენის მქონე სუბიექტად.
ამისათვის ჩილეს მაგალითი გამოგვადგება, რომელიც პირველი ნეოლიბერალური პროექტის განმახორციელებელია, მათ შორის განათლების სისტემის მიმართულებით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინსტიტუციურად გამართულად ფუნქციონირებდა. რამაც თითქოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო საგანმანათლებლო სისტემა შექმნა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პინოჩეტის ჩილე პიონერი ხდება ფრიდმანის იდეების გატარების მხრივ. ჩილეს სკოლებში დაფუძნებული ვაუჩერული დაფინანსების წესს უნივერსიტეტების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მოსდევს, უნივერსიტეტები კი სრულად გადასახადზე დამოკიდებულები ხდებიან, რაც იწვევს განათლების ხელმისაწვდომობის სრულად შემცირებას, მიღებული კრიზისის საპასუხოდ მთავრობა 1994 წელს ახალ „გამოსავალს“ პოულობს, ის უნივერსიტეტის საკრედიტო სოლიდარობის ფონდს (Fondo Solidario de Crédito Universitario, FSCU) აფუძნებს (Guzmán-Concha, 2017), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გასცემს სტუდენტებისთვის სესხს 2 პროცენტში. 2006 წელს კი მთავრობა ახალ საკრედიტო სისტემას ქმნის (CAE) , ის კრედიტების გაცემის უფლებას აძლევს კერძო ბანკებსაც 5,8 საპროცენტო განაკვეთით.
რეალურად, ვაუჩერული დაფინანსება რამდენადაც განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს პრობლემას უქმნის და ელიტური შინაარსისაა, ამავდროულად მას სჭირდება დაბალი სოციალური კლასის სტუდენტების ფინანსებიც, რომლებიც გადახდისუნარიანები არ არიან. ამიტომაც ამ პირობებში სახელმწიფო იმუშავებს სტუდენტური სესხის მოდელს, რომლის გაცემასაც კერძო ბანკები უზრუნველყოფენ. ამ პრაქტიკით სტუდენტი, როგორც მევალე უცვლელი მოცემულობაა, მაგრამ უნივერსიტეტი ჩანაცვლდება ბანკით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბანკებისგან განსხვავებით არ აქვთ ბერკეტი სტუდენტისგან ფული ამოიღონ, განსხვავებით ბანკებისგან, რომლებსაც მთელი რიგი საჯარო უფლებების შეზღუდვა შეუძლიათ კრედიტის არ გადახდის პირობებში.
ამით უნივერსიტეტები დაზღვეულები არიან რამდენიმე ათეული მილიონის ზარალისგან და ბანკები ახალ სოციალურ ჯგუფს აქტიურად იქვემდებარებენ. მათ ხარჯზე ზრდიან მოგებას.
CAE მოდელმა ჩილეში ვაუჩერულ დაფინანსების წესს რამდენიმე ათწლეული გაუხანგრძლივა არსებობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტუდენტური სესხის პრობლემა რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს, როდესაც უკვე ზრდასრულია ადამიანი და მყისიერად დავალიანებული.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გარანტიების გარეშე ბანკები არ დათანხმდებიან სტუდენტური სესხის მოდელს, მათ დასჭირდებათ მყარი მხარდაჭერა, რომ გადაუხდელობის პირობებში მათი ფინანსები დაზღვეული იქნება და საჭიროებისამებრ სახელმწიფო დაფარავს. ამის მიღწევა რთული არ იქნება, რადგან ნეოლიბერალურ სახელმწიფოს ბანკისთვის ფულის გადახდა უფრო უმარტივდება, ვიდრე მისი სოციალურ კეთილდღეობაში დაბანდება. მაგალითებიც გვაქვს, პენსიონერებთან მიმართებით, საპენსიო სესხის 25% ზედა ზღვარის შესანარჩუნებლად სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მილიონს უხდის „ლიბერთი ბანკს“. ამასთან ერთად ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოს პენსიების გაცემის ვალდებულება გადააბარებს კერძო ბანკს, ისე რომ ამ ფულს პროცენტი ემატება , ამიტომაც მოჩვენებითი ხელმისაწვდომი განათლების ვალდებულებაც შესაძლოა ბანკის პრივილეგია გახდეს.
სტუდენტური სესხიდან უდიდესი სარგებლის მიღებას შეძლებენ ბანკები, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როგორიც საქართველოშია. ჩვენი საზოგადოების სოციალური ცხოვრება სესხებზეა დამოკიდებული, ეს იქნება ჯანმრთელობა, სახლი, საჭმელი თუ სხვა ძირითადად ბანკის ვალით ხერხდება, ამიტომაც განათლების მიღების უფლებაც ასათვისებელი აქვს. ამით სახელმწიფო სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობასაც შეამცირებს და ასევე უნივერსიტეტებს ვალის დაგროვებას ააცილებს თვიდან, რაც მეტი ფინანსების მობილიზებაში დაეხმარება. ეს რაც ზედაპირზე იქნება, რეალურად კი მივიღებთ დავალიანებულ სტუდენტებს და კიდევ უფრო მეტად გაღრმავებულ უთანასწორობას.
როგორც იცით, განათლების სამინისტროს 2017-2021 წლის ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში მოიხსნა უმაღლესი განათლების გადასახადის ზედა ზღვარი[2] განათლების ვაუჩერული დაფინანსების წესის უარყოფითი შედეგების მიზეზით. საუბარია იმაზე, რომ სტრატეგიის შემქმნელებს თვალწინ შეეჩეხათ ფაქტი, რომ არსებული დაფინანსების წესი სრულ ფინანსურ კრიზისში აგდებდა როგორც მეცნიერებას ისე განათლების ხარისხს, ამიტომ მათ, ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან განათლების და მეცნიერების დაფინანსების გაზრდისა, გადაწყვიტეს მხოლოდ განათლების გადასახადის ზედა ზღვარი მოეშორებინათ, რაც უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს აძლევს უფლებას გაზარდონ პროგრამების გადასახადი. მარტივად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტებში გაჩენილი ფინანსური კრიზისი არა სახელმწიფოს მხრიდან ბაზისური დაფინანსების გაზრდით იფარება, არამედ სტუდენტის ჯიბიდან, რომელსაც გაძვირებულ ყოველდღიურ ხარჯებთან უწევს შეჭიდება.
სტრატეგიის დოკუმენტში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2017) ასევე ერთ-ერთ რეკომენდაციად გვხვდება საჭიროებასა და დამსახურებაზე დამოკიდებული დაფინანსების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან. დამსახურებაზე და კონკურენციაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა ქართული უმაღლესი განათლებისთვის უცხო არ არის. თუმცა ამ დამსახურებისა და კონკურენციის სისტემის მიღმა დგას მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობა. განათლების სამინისტროს კვლევის მიხედვით (2021), მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეების 88 პროცენტი ასრულებს საშუალო განათლებას, ხოლო ღარიბი ოჯახებიდან წამოსულებიდან კი მათ რიცხვში მხოლოდ 44 პროცენტი ეწერება. მიზეზი ნათელია. ღარიბი ოჯახებიდან წამოსულ მოსწავლეებს ბევრად მეტი ეკონომიკური და სოციალური ბარიერი უდგათ იმისთვის, რომ სკოლა დაამთავრონ. სკოლაში არსებულ უთანასწორობას კი სახელმწიფო კონკურენციაზე დაფუძნებული საგრანტო სისტემით უპასუხებს, რომლის მისაღებად და ასევე უნივერსიტეტში ჩასარიცხად კი აბიტურიენტები კერძო-ტუტორებს ქირაობენ, რომელიც ასევე სოციოეკონომიკური შემოსავლების მიხედვით იყოფა, ტუტორი, რომელიც ერთგვარ გარანტიად ითვლება აბიტურიენტების ოჯახებისთვის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ან გრანტის მისაღებად, უმეტესად ხელმისაწვდომი მაღალი შემოსავლის ოჯახებისთვისაა (Bregvadze, 2012). ამიტომაც არსებულ კონკურენციაში გამარჯვებულებად უმეტესად გვევლინებიან აბიტურიენტები, რომლებსაც აქვთ ფინანსები შესაბამის ხარჯებთან გასამკლავებლად, ან ოჯახის წევრების შრომითი ექსპლუატაციის გაღრმავებით, ემიგრაციით ან დავალიანებით ახერხებენ ამას. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებული „დამსახურების“ პრინციპები მეტად გამყარდა უნივერსიტეტებში, სადაც უფასო პროგრამებზე უკვე შემდეგი წესი შემოვიდა, სტუდენტს შეუწყდება დაფინანსება სახელმწიფოსგან თუკი ის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 40 კრედიტს ვერ დააგროვებს. არსებული დაფინანსების შემცირების და კონკურენტუნარიანობის გაღრმავების ტენდენციები ერთ სავარაუდო შედეგსაც გვიჩვენებს. შესაძლებელია ახალი რეფორმის სახელით გრანტის მოპოვების საკითხიც შეიცვალოს, უფრო სწორად, უკვე გრანტ მოპოვებულ სტუდენტებს მოეთხოვოს ყოველ წლიურად სწავლებაში აქტიურად ჩაბმა, სხვა შემთხვევაში დაფინანსების ჩამორთმევის მუქარით და „დამსახურების“ და კონკურენციის სახელით, რომელიც ყოველთვის მალავს სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის არსებულ ეკონომიკურ უთანასწორობას.
დასკვნა
განათლების ნეოლიბერალურმა რეფორმებმა საუნივერსიტეტო ცხოვრება მასში მონაწილე ყველა აქტორთან ერთად მოახვედრა უთანასწორო ველზე, სადაც მუდმივად იზრდება ამ პოლიტიკით დაზარალებული სტუდენტების თუ პროფესორების რიცხვი. ცოდნის კომერციალიზაციის პირველი მსხვერპლები მშრომელთა ოჯახები და მათი სტუდენტი შვილები აღმოჩნდნენ. თავის მხრივ სტუდენტები, უკვე აქტიური სამუშაოს მაძიებლები, სახელმწიფოში კლასობრივი გადანაწილების შედეგად ჩაებნენ ფიზიკური გადარჩენის ფერხულში, სადაც უნივერსიტეტი და სწავლა ფინანსურ თუ ფიზიკურ ტვირთად იქცა. სწორედ ამიტომ ეს რეალობა აუცილებელ ცვლილებას ექვემდებარე, რასაც პოლიტიკური კლასი აქტიურად აღიარებს ბოლო წლებში: სტიპენდიების მინიმალური გაზრდით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებითა თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფის ცალკეული პროექტები, ასევე განათლების ფართო რეფორმის შემუშავების განცხადებებით.
დღეს განათლების სისტემა ყველაზე ღრმა კრიზისშია, სტუდენტებს ვალი უგროვდებათ უნივერსიტეტებში, შესაბამისად არც ისე დიდი ბიუჯეტის სახელმწიფო უნივერსიტეტები მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ, ამიტომაც ყოველწლიურად ზრდიან ჩარიცხული სტუდენტების კვოტებს მეტი ფინანსებისთვის, რადგან ვაუჩერული დაფინანსების პირობებში ყველაზე აქტიური გზა ბიუჯეტის შესავსებად სტუდენტისგან საჭირო თანხების აკრეფა არის. ამიტომაც სტუდენტის გადასახადზე მიბმული უნივერსიტეტები მუდმივად კრიზისული მართვის პროცესში არიან. ამასთან ერთად სტუდენტი მძიმე სოციალური ფონით ცხოვრობს საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე. როგორც ვხედავთ, ნეოლიბერალურმა რეფორმებმა განათლების სისტემა ისეთ ეტაპამდე მიიყვანა, საიდანაც პროგრესული გამოსავალი მის ფუნდამენტურ ცვლილებაშია, არა კრიზისულ ფაკულტეტების წერტილოვან სუბსიდიებში, არამედ განათლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებაში.
მიუხედავად ამისა, როგორც თეორიულად ასევე ისტორიული გამოცდილებით დავინახეთ, რომ ნეოლიბერალიზმს ჯერ კიდევ აქვს გაფართოების პერსპექტივა უმაღლეს განათლებაში, რაც საფინანსო და კერძო სექტორების როლის ზრდაში გამოიხატება, რამაც შესაძლებელია რამდენიმე თაობითაც გადაავადოს სტატიაში გამოკვეთილი ძირითადი პრობლემები, რა თქმა უნდა, სტუდენტების ფართო მასშტაბით დავალიანებისა და ახალგაზრდებში უთანასწორობის ზრდის საშუალებით.
ბიბლიოგრაფია:
მარქსი, კ. (1954). კაპიტალი (ტომი I). თბილისი: საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა.
ენგელსი, ფ. (1935). მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში. თბილისი: ჟურნალი „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. (2017, 7 დეკემბერი). „საქართველოს განათლებისა და მეცნიერულების ერთიანი სტრატეგია 2017–2021-ის“ დამტკიცების შესახებ (№ 533). თბილისი.
Bregvadze, T. (2012). Analysing the shadows: Private tutoring as a descriptor of the education system in Georgia. International Education Studies, 5(6), 80–86.
Giroux, H. A. (2014). Neoliberalism’s war on higher education. Chicago: Haymarket Books.
Guzmán-Concha, C. (2017). Undoing the neoliberal higher education system? Student protests and the Bachelet reforms in Chile. Contemporary Policy Issues, 35(2), 225–243.
Harland, T. (2009). The university, neoliberal reform and the liberal educational ideal. In The Routledge International Handbook of Higher Education (1st ed.). Routledge.
Harvey, D. (2003). The new imperialism. Oxford University Press.
Jones, S. (2013). Georgia: A political history since independence. London: I.B. Tauris.
Klein, N. (2007). The shock doctrine: The rise of disaster capitalism. Metropolitan Books.
Kodelja, Z. (2022). Tuition fees and university reforms. In From actors to reforms in European higher education (pp. 213–223). Springer.
Luxemburg, R. (1963). The accumulation of capital. London: Routledge.
Marx, K. (1977). A Contribution to the Critique of Political Economy. Moscow: Progress Publishers.
Polanyi, K. (2001). The great transformation: The political and economic origins of our time. Boston: Beacon Press.
Schwartzman, R. (2013). Consequences of commodifying education. Academic Exchange Quarterly, 17(3), 41–46.
Valenzuela, J. P., Bellei, C., & de los Ríos, D. (2013). Socioeconomic school segregation in a market-oriented educational system: The case of Chile. Journal of Education Policy, 28(1), 1–28.
World Bank. (n.d.). Gini index (World Bank estimate) – Georgia. World Bank Open Data. https://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI?locations=GE
World Bank. (n.d.). Poverty headcount ratio at national poverty lines (% of population) – Georgia. World Bank Open Data. https://data.worldbank.org/topic/poverty?locations=GE
World Bank. (n.d.). Unemployment, total (% of total labor force) (modeled ILO estimate) – Georgia. World Bank Open Data. https://data.worldbank.org/indicator/SL.UEM.TOTL.ZS?locations=GE
შენიშვნები:
[1] https://www.youtube.com/watch?v=fwwCFFkk39Y
[2] https://bm.ge/news/umaglesshi-swavlis-dafinanseba-icvleba/16305