დიაგნოზი: წერილის შესავალში მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ პრინციპული ადამიანის მიმართ ვინც სხვადასხვა ფორმით, დაუღალავად აპროტესტებს ჩვენს საზოგადოებაში დატრიალებულ არაერთ უსამართლობას, მაგრამ ამ სტატიის მსჯელობა კრიტიკული იქნება თავად მოქალაქეთა ამ წინააღმდეგობის მიმართაც. ცხადია გამოთქმული შენიშვნები ან პრობლემურობაზე ხაზგასმა არ გულისხმობს რომ მიმდინარე პროტესტი თავისთავად უკვალო ან უაზროა, რუსთაველის გადაკეტვას თუ საზმაუს მარშს თავისი პოზიტიური ფუნქცია გააჩნია, მაგრამ ამ წერილში საუბარი პოზიტიურ ასპექტებს ნაკლებად შეეხება.
რა დაგვემართა: ბოლო პერიოდში, ალბათ ყველას გვიფიქრია თუ რატომ აღარ გამოდის ხალხი ქუჩაში მაშინ, როცა უსამართლობა არსად წასულა? ან რატომ არ თმობს ხელისუფლება პოზიციებს მაშინაც კი, როდესაც ეს ხალხი ქუჩაში მასობრივად დგას? რატომ აღარ ვბრაზდებით, როცა უფრო და უფრო მეტი და მძიმე ტრაგედიები გვატყდება თავს? რატომ არ გვაქვს მასიური გაფიცვა ან რა მნიშვნელობა აქვს გაფიცვას ასეთ კრიტიკულ პერიოდებში?
მეორე მხრივ, ძალიან ცოტა თუ იკითხავს მაგალითად, რას და როგორ აპროტესტებს სოფელ სულორის მოსახლეობა? ზოგადად რაზე მეტყველებს ის, რომ ცენტრალური პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი სოლიდარობას ვერ უცხადებს სოციალურ და გარემოსდაცვით მოძრაობებს ან პირიქით, როგორ ხდება პროტესტის დისკრედიტაცია წინა დიქტატორის “მაოხრებელი” ბანერების გამოტანით ან ხომ არ ვცდებით, როდესაც ჩვენი და ჩვენი სამეგობროების შეთანხმებას, სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსად ვაცხადებთ? ის რაზეც სულ ვლაპარაკობთ და ის რაზეც არასდროს ვლაპარაკობთ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია იმასთან თუ, რატომ არ გამოდის არაფერი! ამ წერილში კი სწორედ ამაზე ვიმსჯელებ და შევეცდები ამ მსჯელობამ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებსაც გასცეს პასუხი.
ზოგადი ანალიზი: საქართველოში, ბოლო სამი წლის მოვლენების, თუნდაც, ზოგადი და ზედაპირული ანალიზისთვის, უახლოეს წარსულზე საუბარი მოგვიწევს. ისტორიული რაკურსის გარეშე დღევანდელობის ანალიზი შეუძლებელია, თუმცა კონკრეტულად, ამ მიმართვის ამოცანიდან გამომდინარე, ძალიან შორსაც ვერ წავალთ, ამიტომ, ზოგადად მოგახსენებთ ჩემს შეხედულებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაზე. შემდეგ კი, მალევე დავუბრუნდები ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას. ამ წერილის საშუალებით, მსურს თქვენთან ერთად დავიწყო პასუხების ძებნა ორ მთავარ კითხვაზე: რა დაგვემართა და რა უნდა გავაკეთოთ? ანუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ დღეს?
პასუხების საპოვნელად პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა რამდენადაც არის ისტორიული მონაპოვარი, იმდენადვე დაკავშირებულია მანამდე არსებული საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის ნგრევასთან. სულ რომ საბჭოთა ქართული საზოგადოების შესახებ მსჯელობას მოვეშვათ, მაინც ვერაფრით დავივიწყებთ ფაქტს, რომ 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კონსტრუქცია, რომელშიც 70 წელი იცხოვრეს.
დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, მოიშალა წარმოების ჯაჭვი და დასაქმების სისტემა, შეიქმნა პოლიტიკურად არასტაბილური გარემო და მალე თბილისის ცენტრი იქცა საბჭოთა კავშირის ნანგრევების ბრუტალურ ვიზუალიზაციად. ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტის “პუტჩის” გზით ჩამოგდების შემდეგ, ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური, თუმცა ინტელექტუალური ჟღერადობა ჩაანაცვლა “ცეხავიკების”, კრიმინალებისა და ოპორტუნისტების ვულგარულმა ენამ. სიბნელემ, რომელიც მაშინ ჩამოწვა, ურჩხულმა, რომელსაც მაშინ ჩავხედეთ თვალებში, შემდეგში მრავალი თაობის აწმყო და მომავალი განსაზღვრა. მოკლედ, ამ ქვეყნის მოსახლეობის არსებობა დგას დანაკარგზე, ტკივილსა და შიშზე – ეს ტრავმა კი უკვალოდ არ ქრება.
შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებიდან მალევე, იწყება ე.წ. “პრივატიზაცია”, ანუ ის, რაც იყო ყველასი, ხდება ერთეულების. სახელმწიფო საკუთრების მთელი კაპიტალი, მიწები, უძრავი ქონება და საწარმოო საშუალებები გადადის კერძო მესაკუთრეების ხელში და დიდი დამთხვევით, როგორღაც ზუსტად იმათ ხელში მოხვდება, ვინც იმ პერიოდში იარაღს სხვაზე უკეთ ისროდა – სწორედ ამ დროიდან ბანდიტები გარდაიქმნებიან ბიზნესმენებად.
დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს საზოგადოება, კომუნისტურის საპირისპიროდ ეძებს და ირჩევს ახალ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ საყრდენს, მანამდე არსებულის რადიკალურ ალტერნატივას ე.წ. შოკურ თერაპიას, ვაშინგტონის კონსენსუსს და გარკვეული ტიპის დათქმას დემოკრატიის მნიშვნელობაზე. ამასთანავე, კულტურულმა ელიტამ, ახალი თავშესაფარიც მალევე მოძებნა, რომელიც დასავლეთის სახით გაჩნდა. თავისთავად, ევროინტეგრაცია როგორც პოლიტიკური პროექტი, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა აქ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ.
ახალ წესრიგში, უფრო კონკრეტულად რომ დავაკვირდეთ, ახალ ეკონომიკურ წესრიგში, ქრება დასაქმების რუტინა, ქრება პროფესია, ქრება შრომა, დისციპლინა და იქმნება პრეკარიატი. უმუშევრების არმია თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში სწავლობს და ეჩვევა კონკურენციის „ხიბლს“. სწორედ ამ დროს მოდის ახალი რეჟიმიც, რომელიც აპირებს ყოველივე ამას მისცეს ინსტიტუციური კალაპოტი. რეპრესიები და “ეკონომიკური წინსვლა” მოსახლეობის ფართო მასებს აწვება, პრივილეგია ლეგალიზებული ხდება და იქმნება ახალი კულტურულ-პოლიტიკური ელიტაც, რომელიც შემდეგი 15 წელი დომინირებს. პროცესს, რომელსაც შეგვიძლია ახალი საქართველოს ტრაგედია ვუწოდოთ, ერთად განაგებენ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი და “საგარეო აქტორები”. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის იმპერია ღიად ძარცვავს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს, აკონტროლებს ენერგო და სატრანზიტო სექტორს და აგენტურული ქსელების შენარჩუნებასაც კარგად ახერხებს.
ნაციონალური მოძრაობის დროს ფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება, მედია და პოლიტიკური ელიტა, ანუ კრებსით რომ ვთქვათ, დღევანდელი მეინსტრიმული კრიტიკული პოზიცია, განსაკუთრებით მოძლიერდა ქართული ოცნების მმართველობის პირველ 7-8 წელში, ოცნებისვე პერიოდში პოლიტიკურ ასპარეზზე ჩნდებიან პროგრესული ძალებიც, ვინც ძველ და ახალ სისტემას ერთობლივად უპირისპირდება. მაშინდელი გადმოსახედიდან, ბიძინა ივანიშვილის დაპირება გასაოცარი დემოკრატიის შესახებ, თითქმის შესრულდა. ჩამოყალიბდა პარტიები, შეიქმნა რამდენიმე ახალი ოპოზიციური მედია-საშუალება, გაძლიერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული ოცნება ყველა მათგანთან ერთად, მუშაობდა სხვადასხვა საკითხებზე, როგორიც არის დეკრიმინალიზაცია, ანტიდისკრიმინაცია, ასოცირება, შრომის უსაფრთხოება, გენდერული როლები და მრავალი სხვა – განვმეორდები, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური დემოკრატია შედგა. პარალელურად, ქართულმა ოცნებამ პირნათლად გადმოიბარა ნაციონალური მოძრაობის საზოგადოება, ეკონომიკური პოლიტიკაც და საბოლოოდ ისიც მოახერხა, რომ რეპრესიული და უსამართლო სისტემაც ისევე გამართა, როგორც ეს ივანიშვილისგან არაერთგზის ნაქებმა, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოახერხეს.
თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში
როგორია ამ დროს სამოქალაქო სექტორი? – „მოსახლეობასთან ახლოს, მაგრამ ცოტათი ზევით” – პარტიები, არასამთავრობოები და მედიები მოსახლეობასთან კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონფლიქტში მოდიოდნენ. მაგ: ეკონომიკური თვალსაზრისით ღიად უჭერდნენ მხარს პრივილეგირებულ კლასს, რელიგიური გრძნობების მიმართ ხშირად არაეთიკურ დამოკიდებულებას იჩენდნენ, ან ეხებოდნენ საკითხს, რომლის გადაწყვეტის ფორმა გარკვეულ კონფლიქტს იწვევდა კონსერვატორული შეხედულებების მქონე მოსახლეობასთან, ისიც გემახსოვრებათ რომ სოციალურ საკითხზე გაჟღერებულ ხმას თუ პროტესტს ყოველთვის რეგრესულად ნათლავდნენ. ასევე, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო სექტორმა მკაფიოდ და მკაცრად არ დაგმო ე.წ “მიშიზმი”, რაც ასევე ღია დაპირისპირებაა ფართო მასების ინტერესებთან, რადგან ნაციონალები, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ლოგიკურად ასოცირდება ავტორიტარიზმთან და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებთან, თუმცა ჩვენი წილი პროგრესული ინტელექტუალებისთვის მაგალითად მერაბიშვილი, სააკაშვილი, ჟორიკა რურუა, კოდუა ან გიული ალასანია და მათი ყოფნა წინააღმდეგობის პროცესში კითხვებს დიდად არ იწვევს და თუ იწვევს მაშინ ჯერ „ამაზე ლაპარაკის დრო“ არ არის.
ყველა კვლევა ადასტურებდა რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, იმავეს იმეორებდა თითქმის ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ინსტიტუტი, მედია და ა.შ მაგრამ ამ საკითხშიც არსებობდა საკმაოდ მკაფიო “ხიდჩატეხილობა” სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობის ფართო მასებს შორის. პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა ევროკავშირს წარმოაჩენდა, როგორც მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებების კუნძულად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოსაზრება ელიტის გაურკვეველ ახირებად მოჩანდა, რადგან მათ არავინ უყვებოდა სოციალური სამართლიანობის კომპონენტზე, რომელიც ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, არავინ აკეთებდა თემატურ ანალიზს და შესაბამისად, ამ საკითხისადმი ყბადაღებული კონსოლიდაცია მყიფე იყო.
ყველაფერ ამასთან ერთად, განვმეორდები, რომ განსაკუთრებულ პრობლემად რჩებოდა და რჩება ნაციონალური მოძრაობის საკითხი, რომელიც, თავის მხრივ ივანიშვილმა „ხელოვნურ კვებაზე“ გადაიყვანა, და ნაცების ოპოზიციონერობა ქოცების ერთგვარ დამცავ შრედ ჩამოყალიბდა. აი, ამგვარი სტატუს-კვოდან იწყება ივანიშვილის ტრიუკი. ის იწყებს მეინსტრიმული სამოქალაქო სექტორის სისუსტეებზე კაპიტალიზებას და ამ გაცისკროვნებულ ფერად პროგრესულობას მათივე წინააღმდეგ მიმართავს. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში ნაცხოვრები კაცია, ამბობენ მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ფრანგული კომედია, ფანტომასი. ფილმში ანტაგონისტი სახელად ფანტომასი იმით გამოირჩევა რომ საკუთარი კრიმინალური მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ნიღბის მორგება შეუძლია. სწორედ ამ ტრადიციებში, ის ქართული ოცნება, რომელიც ჯერ ლიბერალი იყო და შემდეგ მემარცხენე ახლა უკვე ახალ ნიღაბს ირგებს და ნაციონალისტური რიტორიკით ცდილობს ყველა “უსამშობლოდ” გამოაცხადოს, ფაქტობრივ მტკიცებულებად კი ლიბერალური არასამთავრობო სექტორის საქმიანობა მოჰყავთ.
ახალი ნიღაბი
2020 წლიდან ივანიშვილის პარტია სახეს იცვლის. სულ უფრო და უფრო იკლებს დასავლურ ინსტიტუტებთან ანგარიშვალდებულება, რითაც მკვეთრად ათავისუფლებს მის ავტორიტარულ სურვილებს და გვაბრუნებს პერიოდში, როდესაც ვინც ხელისუფლების მხარეს არ იყო ყველა ან მოღალატედ ან ჩასარეცხად ცხადდებოდა.
საგარეო არბიტრის გარეშე დარჩენილი ქართული ოცნება აღარ აპირებს ძალაუფლების დათმობას, როგორც ამას ივანიშვილი 2020 წელს წინასწარმეტყველებდა, დემოკრატიის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და დასავლეთის დასუსტების პარალელურად გაძლიერდა რუსეთის იმპერიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერესები.
ხელისუფლებამ საკუთარი ავტორიტარული მიზნების მისაღწევად „დაძაბულობის პოლიტიკის“ წარმოება დაიწყო, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებამ ყოველივე ამას მასშტაბური აქციებით უპასუხა და პირველ ჯერზე გამარჯვებაც მოიპოვა (2023 წლის მარტი), რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ძირითადად ისევ საგარეო ფაქტორებმა განაპირობა. მეორე (მეორე „რუსული კანონი“) და მესამე მცდელობისას (ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება), ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ანუ ძალაუფლება, რომელმაც „საკუთარი თავის ირწმუნა“ უკვე რეზისტენტულია იმ ზოგადი პროტესტების მიმართ, როგორიც ჩვენ გვჩვევია. პროტესტი, მეტად ფერადი და ორიგინალური იყო, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება და თავად, წინააღმდეგობის პროცესიც, მეტწილად გამორიცხავდა მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და მათ დამოკიდებულებას.
ჩვენში აქციების ძირითადი მოთხოვნები კონკრეტული მოხელის გადადგომას, რუსეთუმეობის გმობას და ახალ არჩევნებს ვერ გასცდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კი ეს საკითხები, სხვა უსამართლობებთან ბრძოლის გარეშე ბევრს არაფერს ნიშნავს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ ცენტრალური აქციებისთვის მიუღებელი იყო და არის, ბანკების კრიტიკა, ბიზნეს სექტორის კრიტიკა, სოციალური თანასწორობის საკითხების შემოტანა და ა.შ – ეს შეუმჩნეველი არ რჩება ხალხისთვის.
დემოკრატიისა და ევროკავშირის საკითხზე გარკვეული დისონანსის შემოტანისას, ივანიშვილმა კარგად გათვალა, რომ ქართული საზოგადოება ამგვარად მიუწვდომელი, ეფემერული დანაკარგისთვის მხოლოდ „ლიბერალურად“ გაიბრძოლებდა და თბილისის ბურჟუაზიის მიერ წარმართული პროტესტი რთულად დასამარცხებელი არ იქნებოდა.
ალბათ იკითხავთ, თუკი ევროკავშირის დროშა არ არის მნიშვნელოვანი, სპეცრაზმისგან ნაცემი ხალხი და ღია პოლიციური უსამართლობა ხომ მაინც უნდა გამხდარიყო “ქუჩაში გამოსვლის” მიზეზიო. ამ ლოგიკური კითხვის პასუხია ის, რომ მკაფიო გეგმის გარეშე თავისთავად ქუჩაში გამოსვლამ დაკარგა ადამიანებისთვის მნიშვნელობა, ისინი ბრაზდებიან მაგრამ სიმულაციურ ორთაბრძოლაში შესვლის პოლიტიკურ აზრს ვერ ხედავენ. თავშივე აღვნიშნე, რომ პრინციპული ადამიანების ბრძოლის მონაპოვარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთანავე განლევადია, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგადი შიშის ფაქტორი, რაც დაძაბულობის პოლიტიკის შედეგია და მუშაობს, შიშის დაძლევა კი მხოლოდ იმედს შეუძლია. იმედი უნდა მოჩანდეს მიღწევადად ან ყოველ შემთხვევაში უნდა ჩანდეს სანდო, თანმიმდევრული და ადეკვატური ტაქტიკა, რომელზე გაყოლაც „აზრიანად“ ჩაითვლებოდა, ჩვენში კი ტაქტიკური მსჯელობა მორალისტების მხრიდან ლანძღვის მიზეზი ხშირად გამხდარა.
რამდენიმე მაგალითი დიაგნოზირებული პრობლემის შესახებ:
თანამედროვე ქართული ოპოზიციური მედია, სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური ორგანიზაციები, ინტელექტუალური ელიტა, აკადემიური წრის ნაწილი, ყოველთვის უგულებელყოფდა, ან დასცინოდა მოსახლეობის ფართო მასების ინტერესს გაებრძოლათ სოციალური სახელმწიფოს შექმნისთვის. 2024 წელს, არჩევნებამდე თვეებით ადრე, ქართული ოცნებისა და პროევროპულმა მარშებმა, ორდღიან მონაკვეთში, თავისუფლების მოედნამდე ისე ჩაიარეს, რომ არცერთს პარლამენტის ტერიტორიაზე მოშიმშილე შუქრუთელებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დღეს, ჭიათურელების პროტესტის მიმართ ზოგიერთის დამოკიდებულება ყოველგვარ ადეკვატურობას სცდება. მავანნი ამბობენ: “მაგათ ქართულ ოცნებას მისცეს ხმა და ახია მაგათზეო“ – ამას ამბობს ხალხი, რომელიც 200 დღეა ქუჩაში იმის გამო დგას, რომ 2024 წლის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა: არჩევნები ჭიათურაში არ გაყალბდა? იქ არ იყო კარუსელები? დაშინება ან მოსყიდვა? თუ „გაყალბების“ პრივილეგია მხოლოდ ვაკე-ვერაზე ვრცელდება და დანარჩენი მთელი საქართველო ცოტა-ცოტა ქოცები არიან? – ცხადია ეს შეკითხვა რიტორიკულია. მავანნი იძახდნენ, ისინი მხოლოდ საკუთარი ხელფასებისთვის იბრძვიან, ჩვენი საზოგადოების გასაჭირი არ ანაღვლებთო, ეს კიდევ ერთი სიმპტომია ჩვენი საერთო პრობლემის, როცა ხელფასისთვის ბრძოლას ვინმეს პირად მოქმედებად ვნათლავთ, ამით პოლიტიკისგან განვდევნით მშრომელებს და მათ ბუნებრივ ინტერესს, შესაბამისად, როდესაც გაფიცვაზე ლაპარაკს დავიწყებთ ეს უნაყოფო აღმოჩნდება, რამდენადაც გაფიცვის სუბიექტი თავად მოვკვეთეთ. რეგრესული მოსაზრებაა სოციალური უფლებების დაკნინება როგორც რაიმე მერკანტილისტურის, განსაკუთრებით ახლა როდესაც მთელი მსოფლიოს კრიზისი აჩვენებს, სოციალური უფლებებისთვის ბრძოლა გადამწვეტია დემოკრატიების შენარჩუნებისთვის და ჩვენი ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე დავუჭიროთ მხარი ამგვარ საკითხს. ჭიათურა 20 წელზე მეტია ებრძვის ზუსტად ისეთ რეპრესიებს, როგორიც ჩვენ ბოლო სამი წელია გამოვცადეთ, ადვილი არ არის იცხოვრო ინდუსტრიულ ქალაქში რომელსაც ერთი კომპანია მართავს და ყველა ინსტიტუტი ავტონომიურად მას ემორჩილება, მიუხედავად ამისა ამ ქალაქში ყოველთვის ისმოდა ხმა წინააღმდეგობის, დამარცხებულან, მოტყუებულან, შეცდომები დაუშვიათ მაგრამ ცდა, რომ შესწინააღმდეგებოდნენ ფუნდამენტურ ძალაუფლებას არასდროს შეუწყვეტიათ, როგორც აღვნიშნეთ სამოქალაქო სექტორს და ძალიან ხშირად ტრადიციულ მედიას მათთვის არ ეცალა (ან უარესი, უპირისპირდებოდნენ). ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტზე თბილისის ცენტრალური აქციებიდან რამდენიმე აქტივისტი ჩავიდა, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია თავად ჭიათურელებში, ამ ადამიანების იქ ჩასვლამ და მათმა სიტყვით გამოსვლამ მნიშვნელოვანი ხიდი ააშენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებს შორის, რაც არის საზოგადოების სწორად ფუნქციონირების მცირე მოდელი. თუმცა ამგვარ ხიდებს ყოველდღიური გამაგრება ჭირდება, სოლიდარობა არ არის “საქველმოქმედო აქტი”, სოლიდარობა საზოგადოებრივი ტრადიციაა, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია.
შეიძლება ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო ტრიუკი გააკეთა, ჯერ ქოციან-ნაციანად მთელი პოლიტიკური პროცესი ლიბერალურ რელსებზე შეაყენა, შემდეგ კი სხარტად გადახტა კონსერვატიულ პოპულიზმზე. საზოგადოება დააპირისპირეს კულტურულ საკითხებზე, დაყვეს „პროგრესულებად“ და „ბნელებად“, გადამალეს კლასობრივი კონფლიქტი და ეკონომიკური ძარცვის მტკიცებულებები. ამ მომენტისთვის ხიდი ჩატეხილია, პოლიტიკური უფლებების მოთხოვნით გამოსული ახალგაზრდა თაობა კი, გაერთიანების მაგივრად გახლეჩილია (ან კონკურენციაშია) სოციალური, ან კოლექტიური უფლებების გამო გაფიცულ მშრომელებთან თუ კარვებში მსხდომ „ეროვნული მიწის მცველებთან“. ეს მოცემულობა ყველამ ერთად მოვიტანეთ, როდესაც ვიბრძოდით მხოლოდ იმისთვის, რაც ჩვენ გვანაღვლებდა და ყურს არ ვუგდებდით იმას, რაც უფრო მასშტაბური იყო: ათობით გაფიცვა ტყიბულში, ზესტაფონში, რუსთავში, ოზურგეთსა და თბილისში. გაფიცვები ყოველგვარი სოლიდარობის გარეშე მიმდინარეობდა, ასობით გამოსახლების პროცესმა უხმაუროდ ჩაიარა, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა ჰესების წინააღმდეგ მებრძოლებიც მოიძულა და რაც ახლა დარჩა, ამას არ აქვს უნარი ნაყოფიერების.
ჩვენში პოლიტიკური პროცესები ყოველთვის მოკლევადიანი სიმულაციური მასკარადულობით გამოირჩეოდა. არარაციონალურად ოპტიმისტური, აფექტური შეძახილები, კარგად ასახავს ჩვენებური საზოგადოებრივი საქმიანობის ინფანტილურობას.
ამ პერიოდში გრძელვადიანი მუშაობა, სიღრმისეული და მშვიდი კამპანიები, მოსახლეობასთან ერთად მოძრაობებისა და აქტიური ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა, მათ შორის არც ახლა. ამგვარი შრომა ვინმეს რომ განეხორციელებინა, იდეოლოგიური განსხვავებულობის მიუხედავად, შეიცვლებოდა ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქმედების ლოგიკა.
სამოქალაქო საზოგადოების ამგვარი ქცევა, პოლიტიკური კამპანიების ეს ინცესტუალური ბუნება, თავისთავად მოასწავებს კასტრირებულ, არაფრისმომცემ, სიმულაციური პროტესტის ფორმებს, რომელიც უფრო მეტად რიტუალს, ან სიზიფეს მითს მოგვაგონებს, ვიდრე რაიმე პრაქტიკულ პოლიტიკურ ქმედებას. თავისთავად, ამჟამინდელ აქციებს თავისი ბუნებრივი პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ეს ბევრად მცირეა იმისგან, რისი გაკეთებაც რეალურად ორგანიზებულ „ინკლუზიურ“ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლებოდა.
აქედან რა გამოდის, რატომ არ არის ქუჩაში პროტესტანტი ფერადი თაობა პოლიტიკურად ეფექტური? იმიტომ რომ, ის მარტოა დარჩენილი მისივე ლიბერალურ ესთეტიკასთან და არ გააჩნია პრაგმატული, არაისტერიული ხედვის უნარი. რატომ აღარ გამოდის ხალხი ქუჩაში ? მოჰბეზრდათ ის, რაც ზემოთ აღვნიშნე. უყურებენ ამ ყველაფერს და მათთვის ეს არ აღმოჩნდა გამოსავალი, რიგ შემთხვევაში ზოგი მოვლენა მიუღებელიც კია. საზოგადოებას არ უნდა სიმულაციაში ან რიტუალში მონაწილეობა, მათ სჭირდებათ კრიტიკული აზროვნება და პრაქტიკა.
რა უნდა/შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ?
აუცილებელია დავაფასოთ რაც აქამდე მოხდა, მაგრამ ღია და უპირობო თვითკრიტიკით გავიკაფოთ გზები სამომავლო ქმედებებისკენ. უნდა ვკონცენტრირდეთ რეალური, სიღრმისეული საზოგადოებრივი ორგანიზების გზაზე. ივანიშვილის ავტორიტარულ გზაზე დადგომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ვაჭრულ ოპორტუნიზმში“ მდგომარეობს. ის მიხვდა, რომ ასე უფრო მეტის შოვნა შეიძლება. სწორედ ამიტომაც, ჩვენ უნდა გავყვეთ მისი ამ მიზნების კვალს და მივაგნებთ ინტერესს ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის, წყლისა და ტყეების მიმართ. ივანიშვილს სურს ამ ქვეყნის ძარცვა, სწორედ ამიტომ აპირებს მოიშოროს ყველა, ვინც შეიძლება ეს ძარცვა ან ამხილოს, ან შეაყოვნოს. სწორედ ეს ხდებოდა ჭიათურაში, მას წინ აღუდგნენ რიგითი ჭიათურელები, სწორედ ეს ხდება კაზრეთში და ეს მოხდება კიდევ არაერთ სოფელსა თუ ქალაქში. ივანიშვილს უნდა, რომ კულტურის ყალბ საკითხებზე გვალაპარაკოს, ჩვენ კი უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკური სამართლიანობის საკითხით.
მნიშვნელოვანია დავუკვირდეთ რუკას, რომელიც 217 ჰესის მშენებლობას მოასწავებს, სულორიდან დაწყებული, ნამოხვანით დამთავრებული. ყველა ამ ადგილზე მოსახლეობის უფლებების გადათელვას აპირებენ, რადგან იქ „ფული იშოვება“. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მათი გაძლიერება, პროპაგანდასთან ბრძოლა, რომლის მიხედვითაც „ბიძინასთან ყველა მტყუანია“. შემდეგში თქვენ უკვე ნახავთ შეტევას საქართველოს დასაქმებულებზე, იაფი მუშახელის იმპორტის გზით და აქ კიდევ ერთი ბრძოლა უნდა გავმართოთ, მშრომელები მარტო არ უნდა დარჩნენ. მთელ ამ პროცესში, ჩვენ ახალ საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ „ქოცები“ გავისტუმროთ, არამედ ერთხელ და სამუდამოდ მივაყოლოთ „ნაცებიც“ და ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემიდან, რეალურად დემოკრატიული სისტემა შევქმნათ, სადაც მოსახლეობის ფართო მასები გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ბედს.
აი, დროშა, რომლისთვის ბრძოლაც უფრო მეტ ადამიანს სურს; აი, ბრძოლა, რომელზე გაყოლაც ბევრად უფრო საყოველთაო იქნება!
კონკრეტული ნაბიჯები, რითიც უნდა დავიწყოთ:
- უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს ორგანიზაციები, რომლებიც გრანტების გარეშე ფუნქციონირებენ. ამით გამოცდილ და მოსახლეობის ფართო ნაწილში, სანდო ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა იმოქმედონ, გადაადგილდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გააშუქონ, მოიკვლიონ, ააშენონ ქსელები, დააორგანიზონ და მოაბილიზონ, ჩაიტანონ ცოდნა ან შეიძინონ ცოდნა, რის საფუძველზეც ჩვენი საზოგადოება შედარებით უფრო რეზისტენტული გახდება პროპაგანდის მიმართ.
- ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე – უკან მოუხედავად უნდა შევეცადოთ ყველა იმ ადამიანთან საუბარს, ვინც იმსხვერპლა ძალაუფალთა პროპაგანდამ. გაზეთი, რადიო, პოდკასტი, რილსი, ტიკტოკი, პოსტი და სხვა. ყველაფერი უნდა ამუშავდეს, ოღონდ ამუშავდეს არა ერთი თვის ან სამთვიანი კამპანიის პერსპექტივაში, არამედ უნდა ამუშავდეს სამუდამოდ ანუ გრძელვადიანი დათქმებით.
- უკეთესი საქართველოს შენების გზაზე მოსახლეობამ უნდა მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე ლიბერალური დემოკრატია და ევროკავშირში წევრობის ზოგადი გარანტია.
- უნდა იყოს მხილებული ყველა ინსტიტუცია, ვინც ჩაგვრას აწარმოებს და არ უნდა დავრჩეთ პრიმიტიულ ანალიზში, სადაც მჩაგვრელი მხოლოდ ხელისუფლებებია და კერძო სექტორის პასუხისმგებლობა ანულირებულია. მთელს მსოფლიოში არსებული კრიზისი არის მკვეთრი უკუჩვენება სოციალური უფლებების იგნორირების, სადმე არსებული სიღარიბე საფრთხეს უქმნის კეთილდღეობას ყველგან, პოლიტიკური უფლებების რეალიზება შეუძლებელია საბაზისო სოციალურ საჭიროებებზე წვდომის გარეშე.
- 217 – ჰესების პროექტები ერთგვარ რუკას ქმნის, ამ რუკაზე საქართველოს ბუნების გაჩანაგების და მოსახლეობის ინტერესების გათელვის წინასწარმეტყველება იხატება, ყველა ვალდებულია მოემზადოს ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესების დასაცავად.
- ახალი საემიგრაციო პოლიტიკა გვაუწყებს, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან დაიწყება იაფი მუშახელის შემოდინება, რითაც დაბალანსდება მუშახელის სიმწირე, რაც გამოიწვევს ხელფასების ზრდის შეჩერებას ან პირიქით, შეამცირებს მას – საქართველოს მშრომელი უნდა დაირაზმოს, ხელფასების მატების მოთხოვნა უნდა გახდეს საყოველთაო.
- ჭიათურა პრინციპული საკითხია – ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიულ მშრომელთა შორის ყველაზე შეუპოვარი კოლექტივის გამარჯვება ბევრს ნიშნავს მთლიანი საქართველოს პატრიოტული ძალების პერსპექტივისთვის.
- უნდა შეწყდეს ეს მუდმივი მუქარა იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც ცდილობს შედარებით პრაგმატული მსჯელობის გამართვას, ლიბერალური სპექტრისთვის დამახასიათებელი “ვოუქისტური” მორალიზმის დასრულება ამ პროცესს ფრიად დაეხმარებოდა.
- ემიგრაციამ თავისი ძალისხმევა პირველ რიგში არა ფინანსური გადარიცხვებისკენ (ეს შესაძლოა ტექნიკურადაც რთული აღმოჩნდეს), არამედ საინფორმაციო, მედია და პოლიტიკური პლატფორმების შექმნისკენ უნდა მიმართოს. ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა შეძლონ მობილიზება და მუშაობის დაწყება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამისთვის მრავალი გზა არსებობს, მათ შორის, ასეთი წამოწყებისთვის რთული არ უნდა იყოს დაფინანსების მოძიება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არ მოქმედებს მავნებლური ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა.
ყველაფერ ამასთან ერთად, უნდა წავახალისოთ თვითკრიტიკა და თეორიული მსჯელობაში უნდა მოვიწვიოთ აკადემიური წრეები, საკითხს უნდა შევხედოთ სხვადასხვა გამოცდილების პერსპექტივიდან და არსებული სიტუაცია ჯეროვნად გავაანალიზოთ, ამ წერილის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ, როგორ ვუმკურნალოთ ჩვენ საზოგადოებაში გაჩენილ მრავლობით სენს, უნდა დავადგინოთ ზუსტად რა და რა სახის დაავადებებით ვართ ინფიცირებულნი. სწორედ ამგვარად შევძლებთ ჩვენი საზოგადოება დაიბადოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი.