ნინო ხარჩილავა: “ყველა, ვინც იქ იდგა და ისუნთქა ეს გაზი, მინდა, რომ გაფრთხილდეს”

ნინო ხარჩილავა: “ყველა, ვინც იქ იდგა და ისუნთქა ეს გაზი, მინდა, რომ გაფრთხილდეს”

3 მაისი 2025

“მაუწყებელი” ესაუბრა ნინო ხარჩილავას, რომელიც სპეცრაზმის დარბევის დროს სავარაუდოდ გაზით მოიწამლა:

 

“აქციებზე ვიდექი ყოველდღიურად, როდესაც ინტენსიურად არბევდნენ აქციებს, ფაქტობრივად ყოველ დღე იქ ვიყავი.

 

დარბევის მეორე დღესაც, ეს თვალების წვა და სპეციფიკური გაზის სუნი მიგრძნია, თუნდაც ბუჩქებთან როცა იდექი, იგრძნობოდა, როცა ამ ტერიტორიაზე შედიოდი თვალები გეწვოდა და ხველება გიტყდებოდა ადამიანს.


ყველაზე ინტენსიური გაზის შესუნთქვა მოხდა ერთ-ერთი დარბევისას, როდესაც რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოაგდეს კაფსულა, ბევრი ხალხი ვიყავით საკმაოდ, ჭყლეტასავით იყო და წინ დამივარდა ეს კაფსულა. მაგ დღეს არც მეკეთა აირწინაღი. ზოგადად ეს აღჭურვილობა, რადგან ყველას ყოველთვის არ გვქონდა, ხან ვცვლიდით ხოლმე, ზოგს გვეკეთა ზოგს არა, ყოველთვის ვერ ვახერხებდი რომ მკეთებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიყავი ალერგიული და მეგონა რომ უფრო ვიტან, დაუდევრად ვექცეოდი საკუთარ თავს რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც სულ წინა რიგებში იდგა. და ვიცი ადამიანები ვინც ამ გაზის კაფსულებს ანეიტრალებდა, წყლიან ბოთლებში აგდებდა. პირველ ხაზებში კიდევ უფრო მეტს და ინტენსიურად სუნთქავდნენ ამ გაზს. ჩემს მეგობარს მაგალითად, პირდაპირ სახეში ჩააცალეს წიწაკის სპრეი. იმის თქმა მინდა, რომ მე არ მქონია განცდა, რომ გაზისგან მე განსაკუთრებით დავზიანდი. მქონდა უბრალოდ თვალების წვა, ყელის წვა და ხველება. ეს არ ჩავთვალე დიდ ამბად, ვიფიქრე რომ გაივლიდა. თვალების წვამ და ყელის წვამ გაიარა, მაგრამ სხვა სიმპტომები რაც დარჩა და მე ვერ შევძელი რომ ინტოქსიკაციასთან დამეკავშირებინა.

 

პროტესტის დროს, შევედი ერთ-ერთ კაფეში დასასვენებლად, ხელებზე დავიხედე და ვნახე, რომ სულ წითლად არის დაწინწკლული, მაგრამ არ მივაქციე ამას დიდი ყურადღება, შემდეგ შევხედე რომ ტერფებიც წითლად არის დაწინწკლული.

მას მერე, ამ თვეების განმავლობაში სხვადასხვა სიმპტომი იჩენდა თავს, როგორიცაა დალურჯებები, სისუსტე, სისხლდენები. ეს ყველაფერი დაიწყო დარბევების დროს, მაგრამ არ ჩამითვლია ეს მაშინ დიდ ამბად, იმიტომ რომ არასოდეს არ მქონია რაიმე ცვლილება სისხლის ანალიზში აქამდე და ჩემთვის ეს არის ახალი გამოცდილება, ეს დიაგნოზი, თრომბოციტოპენია- თრომბოციტების მკვეთრი ვარდნა. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ამოვიცანი და ვერც დავაკავშირე ინტოქსიკაციასთან ეს სიმპტომები.

 

ექიმთან წავედი ზოგადი სისუსტის ჩივილით, ვფიქრობდი, რომ ალბათ ისევ რაღაც ვირუსი მაქვს ან D ვიტამინის ნაკლებობა მაგრამ სისხლის ანალიზში აღმოჩნდა, რომ თრომბოციტების ძალიან ცოტა რაოდენობა მაქვს. 6 ათასი მაქვს, მაშინ როდესაც 130 ათასი უნდა იყოს მინიმუმ. ძალიან გაუკვირდათ ლაბორატორიაში, ორჯერ ამიღეს ანალიზი. თრომბოციტოპენია, როგორც წესი, ვითარდება თუ ქიმიოთერაპიაზეა ადამიანი, ან თუ თანმდევი დაავადებები აქვს. მე კი ამ ყველაფრის გარეშე მქონდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ანალიზის პასუხი სწორია, მითხრეს, რომ ჩემი მოძრაობა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერ დროს შინაგან ორგანოებზე გასკდეს სისხლძარღვი, არის დიდი რისკი. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დამჭირდა, იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა დამინიშნეს, დიდი დოზა დექსამეტაზონით, რაც საკმაოდ მძიმე მკურნალობა იყო. კარგია რომ დაექვემდებარა მკურნალობას ეს თრომბოციტები და დონემ აიწია. როდესაც კითხვებს მისვამდნენ აღმიდგა ეს წინწკლები, ცხვირიდან სისხლდენა, ჩალურჯებები როდესაც დამეწყო, დიდი ალბათობით გამომწვევი მიზეზი არის ხანგრძლივი ინტოქსიკაცია.

 

ყველა, ვინც იქ იდგა და ისუნთქა ეს გაზი, მინდა, რომ გაფრთხილდეს, რადგან ასეთი სიცოცხლის რისკის მატარებელი მდგომარეობები შეიძლება განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით რა ნივთიერებები გამოიყენეს, რით მოგვწამლეს.”