პროფკავშირები: მუშათა კლასი სოციალისტური ორგანიზების ცენტრები თუ კაპიტალიზმის აგენტები

პროფკავშირები: მუშათა კლასი სოციალისტური ორგანიზების ცენტრები თუ კაპიტალიზმის აგენტები

ავტორი: საბა ქერქაძე

27 აპრილი 2025

კაპიტალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობებში მშრომელთა პროფკავშირული ერთობები ფუნქციონირებს, როგორც დომინანტური ეკონომიკური პოლიტიკის აგენტები. ვინაიდან პროფკავშირები  ჩართულია შრომასა და კაპიტალს შორის წინააღმდეგობით შექმნილ კონფლიქტში, რომელიც პირველ რიგში ვლინდება სამუშაო ადგილზე – იქ, სადაც მუშათა კლასი ყიდის საკუთარ სამუშაო ძალას. გარკვეული პერიოდიზაციით  ეკონომიკური ბრძოლის სახით აუცილებლად იზრდება მუშათა უკმაყოფილება, ძირითადად ხელფასის მატების, შრომითი გარემოს მოწესრიგებისა და შესაძლოა სამუშაო ეთიკის დარღვევის მოტივით. ეს ეკონომიკური ბრძოლაა. მოთხოვნები უწყინარი, კაპიტალისტებისთვის ნაკლებად საშიში და ლეგალისტურია. კაპიტალიზმის აგენტი პროფკავშირები სწორედ, რომ ასეთი ტიპის ეკონომიკურ ბრძოლებს აწარმოებენ ან არეგულირებენ. ეს გულისხმობს, რომ მათ აქვთ გაცხადებული პოლიტიკა – „მუშამ უნდა იბრძოლოს ხელფასისთვის.“ შესაბამისად, გაფიცვები, ეს იქნება ინდუსტრიულ თუ პრეკარიატის კლასებში, ცენტრალურ ბრძოლის ველად ანაზღაურებას ასახელებს. ამასთან ერთად შრომითი გარემოს უსაფრთხოებასა და შრომითი უფლებების გაფართოებას. ასეთი ჩარჩო  ზღუდავს მუშის, როგორც პოლიტიკურად გარდამქნელი სუბიექტის როლს. მშრომელები დისტანცირდებიან კლასობრივი წინააღმდეგობისგან და აწარმოებენ რეფორმისტულ ბრძოლას.

 

რაც შეეხება პროფკავშირების მარეგულირებელ პრაქტიკას, ეს ძირითადად მძლავრი უკმაყოფილების შემდეგ იძენს მნიშვნელობას, ვინაიდან კონფლიქტი სახეზეა, წინააღმდეგობას აუცილებლად აქვს შესაბამისი ორგანიზაციული მუშაობის შედეგად პოლიტიკური ბრძოლის პერსპექტივა, ამიტომაც  კაპიტალიზმისთვის სიტუაციის რეგულირება აუცილებელია. ის თმობს ეკონომიკურ მოთხოვნას, პოლიტიკური მოთხოვნების საჭიროების განეიტრალების მიზნით და პროფკავშირები მედიატორის როლს ირგებენ. ისინი მშრომელთა პოლიტიკურ ცნობიერებაზე ზრუნვის ნაცვლად, ფაქტობრივად კაპიტალის სასარგებლოდ არეგულირებენ წინააღმდეგობას. შესაბამისად, ცხადია,   რომ  პროფკავშირები ფუნქციონირებენ როგორც კერძო საკუთრების აგენტურა.

 

საქართველოში მოქმედებს როგორც პროფკავშირების გაერთიანება, ისე ე.წ „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები“, რომლებიც არ უერთდებიან ცენტრალურ პროფკავშირებს და რიტორიკის დონეზე უპირისპირდებიან მას.  მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ქმნიან კერძო საკუთრების წინააღმდეგ აზრს. ბუნებრივია, მუშაობის პრაქტიკაც ქაოსური, ისტერიული და უმიზნოა.   უნდა დავაკვირდეთ შემდეგს, გარდა რიტორიკისა და პოლითეისტური პროფკავშირული მუშაობის გაგებისა, რა სახის თეორიული და პრაქტიკული წინააღმდეგობა არსებობს ცენტრალურ და „დამოუკიდებელ“ პროფესიულ კავშირებს შორის.  როგორი უნდა იყოს პროფკავშირული მუშაობა სოციალისტური გარდაქმნისათვის. ასევე მისი პოლიტიკური ამოცანები.

 

პროფკავშირები, როგორც საორგანიზაციო ცენტრები

 

მშრომელთა მასების კავშირი ორგანიზაციულ ტიპში მარქსს სამი სახით ესმის. პროფკავშირში ორგანიზებული მასები, პარტიაში ორგანიზებული მასები და ინტერნაციონალში ორგანიზებული მასები. დაქსაქსული, გაყალბებული ცნობიერების მქონე და ექსპლუატაციაში მცხოვრები მუშათა კლასის ორგანიზაციულობის პირველად ტიპს მარქსი პროფკავშირულ გაერთიანებებში ხედავს. თუმცა მისთვის პროფკავშირი არ არის მხოლოდ გაერთიანება, რომელიც ემპათიასა და დეპოლიტიზირებულ სოლიდარობას ეფუძნება. პირიქით, მშრომელთა ორგანიზაციულ თავმოყრას, თან უნდა ახლდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის პრაქტიკები. მიზანი კოლექტიური რესურსებისა და უფლებების მიმთვისებელი ეკონომიკური წესრიგის მოსპობაა. რაც უნდა ამოიზარდოს თეორიული მხილებით და მათ შორის მუშათა უკმაყოფილების სოციალისტური გარდაქმნის აუცილებლობის პოლიტიზაციით. ეს მიმართულება კი უნდა უერთდებოდეს პროფკავშირული ეკონომიკური ბრძოლის მიზანს, ანუ არა მარტო ხელფასის ზრდას, არამედ სახელფასო შრომის სისტემის გაუქმებას. ამ სახის ბრძოლაში გამოიკვეთება პოლიტიკური საჭიროებები. ვინაიდან პოლიტიკა მიზნის, ეკონომიკური ემანსიპაციის მიღწევის საშუალებაა.

 

„კაპიტალი კონცენტრირებული სოციალური ძალაა, მუშას კი მხოლოდ ინდივიდუალური შრომითი ძალა აქვს ხელთ. მაშასადამე, კაპიტალსა და შრომას შორის შეთანხმება ვერასოდეს იქნება დაფუძნებული სამართლიან პირობებზე, თუნდაც იმ საზოგადოების გაგებით, რომელიც ერთ მხარეს ათავსებს ცხოვრებისა და წარმოების მატერიალური საშუალებების ფლობას და მეორე მხარეს აყენებს ცოცხალ ძალას. ერთადერთი სოციალური ძალა, რომელსაც მუშები ფლობენ, მათი რიცხვითი ძალაა. თუმცა, ეს ძალა შეფერხებულია ერთიანობის არარსებობის გამო. მუშებს შორის ერთიანობის ნაკლებობა გამოწვეულია ერთმანეთთან გარდაუვალი კონკურენციით და შენარჩუნებულია ამით.“1

 

პროფკავშირები მუშათა კლასის საორგანიზაციო ცენტრებია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულში, განსხვავებულ შრომის ტიპში ჩართული მშრომელები.  მუშების შრომითი ურთიერთობების გადაჯაჭვულობის მიუხედავად მათ შორის არ არსებობს სოლიდარობა. რაც კერძო წარმოებითი ურთიერთობებისა და ინდივიდუალური შრომითი ძალის ფლობითაა განპირობებული. სწორედ, პირველ საორგანიზაციო ცენტრებში ჩნდება ეკონომიკური, პოლიტიკური და ზოგადად კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობის გააზრება. ბუნებრივია, მუშა მუდმივად არის ჩართული კლასობრივ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ არის გაგებული, როგორც ექსპლუატაცია. ჩაგვრა და უსამართლობა – ეს ცნებები თავისთავად გასაგები არ არის კლასისთვის. ვინაიდან მუშური ყოფის გააზრება და ცვლილების მომტან კლასად გადაქცევა მხოლოდ ეკონომიკურ და  პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვით ხდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირები, როგორც საორგანიზაციო ცენტრები მუშათა  თავმოყრის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ის თავისთავად ვერ იქცევა სოციალისტური გარდაქმნის აგენტად. ამისათვის აუცილებელია შრომის ორგანიზებული ბრძოლის ტაქტიკების გააზრება, თეორიული შეიარაღება, კაპიტალიზმის მიერ წარმოებული ადამიანის ბუნების კრიტიკა და მკაფიო კლასობრივი პოლიტიკური პერსპექტივა.

 

საზოგადოდ პროფესიული კავშირები თავისი კონსერვატიული ბუნებით გამოირჩევიან, ვინაიდან ყოველთვის უნდა იყოს, რაღაც ტიპის უფრო დიდი ორგანიზებულობის წინაპირობა, ანუ პარტიის. ამიტომაც ძირითადად ეკონომიკური ბრძოლით შემოიფარგლება. ეს არის ისეთი ტიპის ბრძოლა, რომელიც სამყაროს ემპირიულობის პერსპექტივიდან უყურებს,  აფასებს, მშრომელების გაუსაძლის მდგომარეობას, ხედავს ცვლილების საჭიროებას, მაგრამ ვერ ადგენს მიზეზებს. მისი ბრძოლაც ლეგალისტური, ფრთხილი, ბიუროკრატიული და საკანონმდებლოა.

„ვინაიდან პროფკავშირები არსებობენ კაპიტალიზმში, რადგან გამოივაჭრონ შრომითი ექსპლუატაციის პირობები და არა იმოქმედონ კაპიტალიზმისა და ექსპლუატაციის გაუქმების მიზნით. ისინი აუცილებლად არსებობენ სისტემასთან კომპრომისულ მდგომარეობაში.“2

 

კომპრომისები განსაზღვრავს პროფკავშირების პოლიტიკას, მოქმედების არეალს, ამოცანებს, ტაქტიკას, მიმართულებას და ა.შ. ეკონომიკური ბრძოლა – ანუ საექსპლუატაციო პირობებისთვის ბრძოლა – არის პირველადი ხასიათის და  კლასობრივი ბრძოლის ნაწილია. ეს მუშის პირველი მცდელობაა ბატონის წინააღმდეგ გამოსვლის. თუმცა, ამ ტიპის ბრძოლის უნივერსალიზაცია და შემდგომში მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა, პროფკავშირს გადააქცევს კაპიტალიზმის აგენტად. მშრომელის პოლიტიკური ცნობიერება არ არის ერთგვაროვანი. ვინაიდან პოლიტიკური განათლების გარეშე, კაპიტალისტური პროპაგანდის, ინსტიტუციური რეალობის შესაბამისად ცხოვრობს. კერძო საკუთრებისთვის შეუსაბამო აზრი ორგანიზაციული წარმოებით უნდა მიიღოს. ამისათვის კი პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო და იმ ტიპის საზოგადოებრივი წყობილების მოსპობა, რომელიც ავალდებულებს რომ მიეყიდოს მდიდარს. მუშათა მიზანი არ უნდა იყოს არსებული წყობილებისგან პირობების გამორჩენა, არამედ პირობების შემქმნელი წარმოების წესის შეცვლა.  ეკონომიკური მოძრაობა მხოლოდ  კლასობრივი მოძრაობის საწყისი ფორმაა, რომელიც უნდა გარდაიქმნას პოლიტიკურ ბრძოლად. ეს გარდაქმნა უნდა მოხდეს გაბატონებული საზოგადოებრივ ურთიერთობებთან წინააღმდეგობით, რაც ნიშნავს სისტემურ ცვლილებას და არა რეფორმისტულ გადალაგებას. „ როგორც პირველი, ისე მეორე აგიტაცია აღვიძებს მუშათა შეგნებას, რაზმავს, წვრთნის, ზრდის მათ სოლიდარულად, სამოქმედოდ და სოციალ-დემოკრატიული იდეალებისათვის საბრძოლველად და საშუალებას მისცემს მუშებს თავიანთი ძალ-ღონე გამოცადონ უახლოეს საკითხებში, უახლოეს საჭიროებებში, საშუალებას მისცემს მათ ნაწილობრივ დაათმობინოს თავიანთ მტერს, გაიუმჯობესოს ეკონომიური მდგომარეობა, აიძულოს კაპიტალისტები ანგარიში გაუწიონ ორგანიზებული მუშების ძალას, აიძულონ მთავრობა გააფართოოს მუშათა უფლებები.“3

 

მეტი უკმაყოფილება ანაზღაურებით

 

ახლა  მივუბრუნდეთ კითხვას: როგორ ფუნქციონირებს პროფკავშირები საქართველოში? ქვეყანაში მოქმედებს როგორც ცენტრალური პროფკავშირების გაერთიანება, ისე ე.წ. დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომლებიც სხვადასხვა დარგის მშრომელებს აერთიანებს. ეს იქნება მრეწველობა, ჯანდაცვა, კულტურა თუ ა.შ. მათ შორის არსებობს დაპირისპირება, მაგრამ ეს დაპირისპირება არ არის პოლიტიკურ, იდეოლოგიურ დონეზე. ვინაიდან ცენტრალური გაერთიანება არის პირდაპირ მიბმული კაპიტალისტურ კლასსა და სახელმწიფოს ინტერესებს. მდიდრების სასარგებლოდ მოქმედებს. რაც შეეხება დამოუკიდებელ პროფკავშირებს ისინი უშუალოდ არ არიან დაკავშირებულები მმართველ კლასთან, მაგრამ მათი საქმიანობა არ არის  წინააღმდეგობაში კაპიტალისტური წარმოების წესთან. ვინაიდან ჩაკეტილია იმ ტიპის მოძრაობაში, როგორიც არის ეკონომიკური ბრძოლა ხელფასისთვის და მხოლოდ ხელფასისთვის.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიტიკური ბრძოლისთვის წინარე ორგანიზაციული მოძრაობა პროფკავშირული თვალსაზრისით საჭიროა დამაჯერებელი სოციალური მოთხოვნები. საჯარო მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით. დამოუკიდებელ პროფკავშირები კი ფუნქციონირებენ მშრომელთა მასებისგან დისტანცირებულად. სექტანტური ეთიკითა და მოქმედების ლოგიკით. არა თუ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ბრძოლაც მათთვის გაუგებარია. არ არის სწორად იდენტიფიცირებული ვინ არის მტერი. მოთხოვნები სახელფასო პოლიტიკას ვერ სცდება. დღის წესრიგში არ დგას სახელფასო შრომითი ურთიერთობის გაუქმების თუნდაც შორეული პოლიტიკური მიზანი, არამედ დღისწესრიგი აგებულია ევროპეიზაციის ტენდენციებზე. კეთილდღეობის სახელმწიფოს კაპიტალისტურ გაგებაზე და კერძო საკუთრების პრიმატისათვის ლეგიტიმაციის მინიჭებაზე. მათი საქმიანობა სხვადასხვა დასავლურ გრანტებზეა დამოკიდებული. ამიტომაც პოლიტიკური კონსერვატიზმი, ნაივური იდეოლოგიური ცხოვრება და იურისპრუდენციული ბრძოლის მეთოდოლოგია სწორედ კაპიტალიზმის მიერ პროფკავშირებისათვის განსაზღვრული დღის წესრიგია.

 

დღეს პროფკავშირული საქმიანობა უკავშირდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დადგენილებებსა და რეკომენდაციებს, რომლის ცენტრალური საკითხი არის „სოციალური პარტნიორობის“ იდეა, რაც გულისხმობს შრომასთან დაკავშირებული გამოწვევების სამმხრივი დიალოგით გადაწყვეტა, რომელიც მოიაზრებს დამსაქმებლის, სახელმწიფოსა და პროფკავშირების პარტნიორობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მხოლოდ და მხოლოდ ხელფასი, უსაფრთხო გარემო, შრომის პირობების, დასვენების დღეები და მსგავსი ეკონომიკური საკითხები, რაც მუშას პერიოდულად მისცემს საშუალებას გაიფიცოს, მხოლოდ მინიმალური ეკონომიკური გაძლიერებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, სოციალური პარტნიორობის მეთოდი თანაბარ მნიშვნელოვნად განიხილავს მუშისა და კაპიტალისტის ინტერესს.

 

მარტივი ფორმულით სოციალური პარტნიორობა არის „ურთიერთაღიარების, ინსტიტუციონალიზებული თანამშრომლობის და რეგულირებული კონფლიქტი ორგანიზებულ შრომას,  ბიზნესსა და მთავრობას შორის“4. ვხედავთ, რომ ამ მეთოდით შეურიგებელი კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის არ არის აღიარებული, როგორც მთავარი წინააღმდეგობა კაპიტალისტურ წესრიგში. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია ერთის მეორეზე გაბატონებით და არა ინტერესების დაბალანსებით. ამიტომაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები არ არის მუშების გაძლიერებისკენ მიმართული, რეალურად ეძებს შუალედს, რომელიც კაპიტალისტს გააგრძელებინებს საექსპლუატაციო პირობებისა და გარემოს შექმნას. მუშას კი დატოვებს მინიმალური უფლებების გამოვაჭრების პროცესში. ცენტრალური თუ დამოუკიდებელი პროფკავშირები ეკონომისტურ გზას მისდევენ, აწარმოებენ აზრს, აწყობენ გაფიცვებს, მაგრამ ვერასდროს ვერ სცდებიანს დასაქმების ადგილს, მათი თეორია და პრაქტიკა  სოციალური პარტნიორობის იდეის მხარდაჭერაა.

 

უქონელსა და მესაკუთრეს შორის დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა არ იყოს ღიად გამოხატული, გაფიცვების ან წინააღმდეგობების სხვა ფორმების სახით, მიუხედავად ამისა კლასობრივი კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის მუდმივია, ვინაიდან არსებობს ერთ მხარეს საწარმოო საშუალებები, რომლის ხელშიც არის არა მარტო მატერიალური იარაღები, არამემ მის მიერ წარმოქმნილი სოციალური თუ კულტურული პროცესები, რითაც ავრცელებს „ბატონის“ იდეოლოგიურ შინაარს, მეორე მხარეს კი ვხედავთ მშრომელთა კლასის სამუშაო ძალას და სიმრავლეს.       „კაპიტალი შედგება ნედლი მასალის, სამუშაო იარაღებისა და სხვადასხვა საარსებო საშუალებათაგან, რომლებიც იხმარება ახალი ნედლი მასალისა, ახალი სამუშაო იარაღებისა და ახალი საარსებო საშუალებათა შესაქმნელად. ყველა ეს მისი შემადგენელი ნაწილი შრომის ქმნილებაა, შრომის პროდუქტია, დაგროვილი შრომაა. დაგროვილი შრომა კი, რომელიც ახალი წარმოების საშუალებას წარმოადგენს, არის კაპიტალი“5.

 

კაპიტალი საკუთარი თავის წარმოქმნისთვის იყენებს სამუშაო ძალას, ისე რომ არ ითვალისწინებს ამ სამუშაო ძალის მატარებლის ინტერესს, რაც მას გაუცხოებულს და დაპირისპირებულს ხდის შრომასთან.

 

ამიტომაც, სოციალური პარტნიორობის მოდელი ვერ აგვარებს მუშათა კლასის პრობლემებს და მეტიც არაქმედით უნარიანი ხდება, აფერხებს იმ საერთო ცნობიერების წარმოებას, რომელსაც არა მარტო ეკონომიკურ გაძლიერება აინტერესებს ან უკეთესი საექსპლუატაციო გარემო, არამედ მხარს უჭერს თანასწორობის პრინციპს, რაც სიმდიდრის გადანაწილებას გულისხმობს.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სოციალური პარტნიორობის საკითხი ევროკავშირის ეგიდით აღწევს შრომის კოდექსში, რაც მინიმალური სამუშაო სტანდარტების მისაღწევადაც არ გამოდგება. ვინაიდან დასავლურ კაპიტალიზმს მეტი მუშათა წინააღმდეგობა უნახავს, რაც მუდმივად აიძულებდა დაეთმო მშრომელებისთვის, მინიმალურად მაინც გადაენაწილებინა სიმდიდრე. ხოლო წინააღმდეგობებს მოკლებული კაპიტალიზმი, სადაც მისი ინტერესი არა თუ შეჭრილია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, არამედ სრულად განსაზღვრავს, სოციალური პარტნიორობა არ სჭირდება. კრიტიკულ სიტუაციებში, პირობითად ინდუსტრიულ ქალაქებში გაფიცვის დროს შეიძლება გამოიხმოს პარტნიორობის რეჟიმი მუშების შესაჩერებლად,დასაბნევად და დროის მოსაგებად, რა თქმა უნდა წინააღმდეგობის ჩახშობისთვის.

 

ეს მოცემულობა გარკვეულ წილად ეხმიანება იმ იდეალისტური აზრის სიმცდარეს, რომელიც გვარწმუნებს კაპიტალიზმის ემანაციურ ბუნებაში, ანუ ევროკავშირის წევრობა მყისიერად მოიტანს უფასო ხარისხიან განათლებას, ჯანდაცვას, მინიმალურ ხელფასს და მრავალ სხვა სოციალურ სიკეთეს.

 

რა თქმა უნდა, პროფესიული კავშირის დაარსება, როგორც საორგანიზაციო ცენტრის პროგრესულია, მაგრამ ის კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს. მეტიც, ტაქტიკური დაბნეულობა გამოიწვიოს, საბრძოლო ლეგალისტური ეთიკა დააფუძნოს და მუშათა კლასი ფიზიკური ბრძოლის ნაწილში კიდევ უფრო მოწყვლადი გახდეს. რასაც ვხედავთ, დამოუკიდებელი და ცენტრალური პროფკავშირების საქმიანობაში. მათ მიერ მოწყობილი გაფიცვები საბოლოოდ მთავრდება სასამართლო დავების მოგება-წაგების დიქოტომიით.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირებით და ქსელური მუშათა შრომითი სივრცეები არ არის პირდაპირ პროპორციული საზოგადო კეთილდღეობასთან. ეს არის პროფესიული კავშირების მიერ მუშათა კლასის სახელფასო პოლიტიკით მუდმივი უკმაყოფილების წარმოება. რეალურად კერძო წარმოებით შრომის ტიპში ხელფასი არის მშრომელის გაყიდული სამუშო ძალის ანაზღაურება. სადაც კაპიტალისტი მშრომელის ხარჯზე მდიდრდება და მისი დანახარჯი ხელფასის მუდმივი ზრდის პირობებშიც მინიმალურია. ვინაიდან ის მუშისგან იღებს იმდენ ზედმეტ ღირებულებას, რომელიც მისი შთამომავლობას კლასობრივ პრივილეგირებულ პოზიციას განუსაზღვრავს. პროფკავშირების ბრძოლა ეს იქნება ცენტრალური თუ დამოუკიდებელი სწორედ საექსპლუატაციო პირობების ვაჭრობამდე დაიყვანება, რომელიც მშრომელების კომპრომისებით მიიღწევა. ამავდროულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფკავშირებისთვის კრიზისი გარდაუვალია, ვინაიდან ყველა დაინახავს,  ჩაგრული კლასის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და ეს მუშათა კლასს ვერ დაჰბრალდება. ვინაიდან თუ საორგანიზაციო ცენტრში არ დახვდება მშრომელს შესაბამისი პოლიტიკური ცნობიერება, მაშინ ვერც უკეთეს ცხოვრებას მივიღებთ. ეს პირველ რიგში პროფკავშირების პასუხისმგებლობაა.

 

რეალური მიზეზი კი კლასობრივი ბრძოლის ვერ გააზრება და მისი გადალახვისთვის ბრძოლის ტაქტიკების არ არსებობა იქნება. ვინაიდან პროფესიული კავშირების წარმოებული ეკონომიკური ბრძოლა პირველადი საჭიროებების გაუმჯობესების ფარგლებში რჩება და არ მოხაზავს მომავლის პოლიტიკურ ამოცანას, რომელიც უქონელთა კლასის პრობლემებს უპირობოდ გადაჭრის, მაშინ აქ დამნაშავე ორგანიზაციაა და არა მშრომელი. ორგანიზაციის არსებობა სწორედ შეკავშირებისა და პოლიტიკური გაზრდისათვსი არის საჭირო. აქ მეორე პრობლემაც შემოდის დღის წესრიგში. პროფკავშირი არ არის მთავარი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ არის პირველი მუშათა კლასის საორგანიზაციო ცენტრი. ის ყოველთვის პირველ რიგში აწარმოებს ეკონომიკურ ბრძოლას, მაგრამ დღეს მას არ ყავს პოლიტიკური ორგანიზაციული მხარდამჭერი, მაგრამ აქვს პოლიტიკური შეთავაზებები საჯარო სივრცეში. ეს შეთავაზებები მისი პოლიტიზაციის კარგი საშუალებებია, აუცილებელია ცენტრალური კლასობრივი აღმნიშვნელი არსებობა. ვინაიდან საკითხები შემოიკრიბოს ეკონომიკური ემანსიპაციის გარშემო, რომელსაც  ნებისმიერი ბრძოლის ტიპი უნდა დაექვემდებაროს.

 

„მაშასადამე, მუშათა კლასების ეკონომიკური ემანსიპაცია არის უდიდესი მიზანი, რომელსაც ყოველი პოლიტიკური მოძრაობა უნდა დაექვემდებაროს, როგორც საშუალება.“6

 

როგორი უნდა იყოს პროფკავშირი

 

როგორი უნდა იყოს პროფესიული კავშირები, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს მუშათა კლასის მდგომარეობა, ამისათვის აუცილებელია პროფკავშირების ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრა. პირველადი საორგანიზაციო ცენტრი არა მხოლოდ მუშათა მასის თავმოყრის წერტილია, არამედ ის არის კლასობრივი ბრძოლის თეორიული გააზრების სივრცე. ამიტომაც, პროფკავშირი უნდა დავინახოთ, როგორც სოციალისტური აზრის გავრცელების ადგილი, რომელიც ნიადაგს ამზადებს უფრო მასშტაბური პოლიტიკური ორგანიზაციისათვის. ვინაიდან პარტიული დღისწესრიგის დაფუძნება ქვემოდან წამოსული უკმაყოფილებისა და საჭიროების ნიადაგზე ხდება. ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ, არა კაპიტალისტურ პარტიებზე, რომლებიც ზემოდან ქვემოთ პოლიტიკით იქნებიან. მათ სათავეში ექსპლუატატორები და მესაკუთრეები არიან. პოლიტიკის არა ემანაციური, არამედ ემანსიპატორული მნიშვნელობის განსაზღვრა. სადაც “მასა” პოლიტიკურად აქტიური ცნება ხდება და უპირისპირდება “პიროვნულობის”, გარკვეული აზრით, ადამიანური ყოფიერების ინდივიდუალურ გააზრებას.

 

ასევე პროფკავშირების ლიდერებმა უნდა აწარმოონ კაპიტალიზმის ანალიზი. ეკონომიკური ბრძოლის დროსაც უნდა მოიხაზოს და მოჩანდეს პოლიტიკური მომავალი. ისტორიის წრფივი განვითარების, პროგრესის, გარდაქმნის აუცილებლობისა და ამ პროცესში მუშათა კლასის ძალაუფლების მოპოვების გარდაუვალობა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ახლანდელი ამოცანის და არა საბოლოო მიზნად დასახვა, რასაც დღეს ვხედავთ. ეს იქნება ხელფასი, უსაფრთხო გარემო, შრომითი უფლებები თუ ა.შ. ამასთან ერთად, ნებისმიერი სოციალური მოთხოვნა არის მშრომელებისთვის ათვლის წერტილი ან უკეთესი მომავლის და ახლანდელი ყოფის გაუმჯობესების საშუალება. რომელიც კლასობრივი ბრძოლის პირველი ნაბიჯებია. არ არსებობს დანაწევრებული მუშათა პრობლემები, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული, ისინი ერთი წარმოებული ურთიერთობების ნაწილია, რაც კაპიტალისტურმა ეკონომიკურმა წესრიგმა აწარმოვა. ამიტომაც პროფესიული კავშირების რიტორიკა კერძო საკუთრებასთან შეუთავსებელი უნდა იყოს. პირველ რიგში, თეორიული განათლებითა და ეკონომიკური ბრძოლის პოლიტიკური ამოცანებით ფუნქციონირებდეს.

 

„პროფკავშირები კომუნიზმის სკოლებია. ეს ფორმულა, მიუხედავად მისი მოკლე განსაზღვრებით, ძალიან მდიდარია შინაარსით. და, ფაქტობრივად, ამ დეფინიციაში შედის ოთხი ძირითადი იდეა: (1) პროფკავშირები არიან ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა მოიცვას მთელი კლასი; (2) პროფკავშირები პოლიტიკურად ასწავლიან მასებს კომუნიზმის სულისკვეთებით, ზრდიან მათ საერთო კლასის ამოცანების გაგების დონემდე; (3) პროფკავშირები აკავშირებენ პარტიას მასებთან, ანუ ავანგარდთან. (4) პროფკავშირები აწარმოებენ ბრძოლას კაპიტალის წინააღმდეგ პროლეტარიატის რევოლუციური პარტიის ხელმძღვანელობით.“7

 

პროფკავშირების კაპიტალისტურ სისტემაში და პროფკავშირები სოციალიზმში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. პროფესიულ კავშირებს ლიბერალური კაპიტალიზმის პირობებში, ეკონომიკური წესრიგისა და იდეოლოგიური ლეგიტიმაციის საპასუხო ამოცანა უნდა დაისახოს.  ქვეყანაში მშრომელების კლასობრივი ცნობიერების შესაბამისად. ეს ამოცანა დღეს უქონელთა კლასის პოლიტიკური შეგნების ფორმირებაა. ბრძოლა ნაწილობრივი მოთხოვნებისთვის, პოლიტიკურ ცვლილებებამდე. ხელფასის გაზრდის მოთხოვნა, კაპიტალისტური სახელფასო სისტემის მოსპობამდე, შრომითი საათების დარეგულირება,შრომის ექსპლუატაციური ტიპის განადგურებამდე, უსაფრთხო შრომითი გარემოს მოთხოვნა, წარმოებების ნაციონალიზაციამდე.

 

რაც შეეხება პროფკავშირების მოქმედების პრაქტიკულ ნაწილს, რა თქმა უნდა, ამოცანების შესაბამისია. თეორიული სიღარიბე და ეკონომიური ორგანიზაციული ამოცანა განსაზღვრავს მათ ბრძოლის ტიპს. იურიდიული დავები, უშედეგო გაფიცვები და ა.შ. ლეგალისტური ბრძოლა, კომპრომისის ძიება. დასაქმებულსა და დამსაქმებელს, ანუ კაპიტალისტსა და მუშას შორის. საპარლამენტო საქმიანობები, რეფორმების განხორციელება. ეს არის ეკონომიკური ბრძოლის უნივერსალურად დანახვის და მისი მატერიალიზაციის შედეგი. სადაც კაპიტალისტური კლასის დამარცხებას, მხოლოდ მის მიერ მართული ინსტიტუციებით ცდილობ. სადაც არ არსებობს მშრომელთა კლასის ინტერესი.

 

რეალურად, პროფკავშირებმა მუშათა კლასი უნდა დარაზმოს ნებისმიერი კაპიტალისტური ინსტიტუციისა და წესრიგის მიერ შემოთავაზებული ურთიერთობების წინააღმდეგ. მას შეუძლია ერთი ხელით აწარმოოს იურიდიული დავაც, მაგრამ მეორე ხელით უნდა ებრძოლოს მესაკუთრეებს. არა თუ ელოდოს სასამართლოდან გამოვაჭრებულ კომპენსაციას, არამედ აიძულოს კაპიტალისტი მშრომელთა ორგანიზების შიშით მანამდე დათმოს პრივილეგიები. გასცეს რაც უახლოეს მომავალში მშრომელს სჭირდება. წინააღმდეგობის ფიზიკური ტიპი აწარმოოს, მშრომელებმა თავისი სიმრავლე და რიცხოვნობა უნდა გამოიყენოს. კაპიტალიზმისა და კაპიტალისტის შიშები მოგებას უკავშირდება, ამიტომაც მიზანში მოგების პრინციპი უნდა ამოიღოს. პროფკავშირებმა ყოველდღიურად უნდა აწარმოონ ბრძოლა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. როგორც თეორიული, ასევე ფიზიკური წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამ პროცესში მუშა უნდა გამოიწრთოს, გათამამდეს, გამოვიდეს მორიდებისა და დარცხევის მდგომარეობიდან, სადაც კაპიტალისტურმა წესრიგმა ჩააყენა. მისი შრომა გადამალა და მიისაკუთრა, ამიტომაც მუშათა კლასი თეორიულ და ფიზიკურ წინააღმდეგობაში ჩართვით მეტად ვითარდება და ემზადება პოლიტიკური ცვლილებებისთვის. რაც აუცილებლად კაპიტალისტურ კლასთან და მის აპოლოგეტებთან შეტაკებით უნდა გადაწყდეს.

 

 

 

 

ბიბლიოგრაფია

 

1 https://www.marxists.org/archive/lozovsky/1935/marx-trade-unions/ch01.htm

2 https://jacobin.com/2020/01/marxism-trade-unions-socialism-revolutionary-organizing

3 ვ.ი ლენინი რუსი სოციალ-დემოკრატების ამოცანები. გამომც. „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1969. ლენინის ბიბლიოთეკა 100.

4 Streeck W, Hassel A. The crumbling pillars of social partnership. West European Politics. 2003;26(4):101–124.

5 „დაქირავებული შრომა და კაპიტალი“, კ.მარქსი, ფ.ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად. პირველი ტომი, გვ.79. 1950 წ.

6 G. M. Stekloff. History of The First International, p. 241. (Martin Lawrence, London; International Publishers, New York.)

7 https://www.marxists.org/archive/lozovsky/1935/marx-trade-unions/ch11.htm