ემიგრაციის ისტორია მხოლოდ იმ ადამიანების ამბავი არ არის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ეს არის ისტორია ქვეყნის, რომელმაც ვერ შექმნა საკმარისი პირობები, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით სამშობლოში ღირსეულად ეცხოვრათ.
2021–2025 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის 468,026 შემთხვევა აღირიცხა, დაბრუნების კი — 313,336. მათ შორის სხვაობა 154,690-ია. ეს ციფრები არ ასახავს ადამიანების ზუსტი რაოდენობას, რადგან ერთი და იგივე პირი სტატისტიკაში შესაძლოა რამდენჯერმე მოხვდეს. თუმცა ეს მონაცემები მიგრაციის მასშტაბს მაინც მკაფიოდ აჩვენებს: ქვეყნიდან გასულ და დაბრუნებულ ნაკადებს შორის სხვაობა ქუთაისის მოსახლეობას აღემატება. ეს ადამიანები ახლა უცხოეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. იქ ქმნიან დოვლათს, ოჯახებს არჩენენ და ამავდროულად, ქართულ ეკონომიკას აცოცხლებენ.
2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლა დასჭირდებათ. ემიგრანტებს საკუთარი ხარჯით ჩამოფრენა, შვებულების აღება და შესაბამისად, უცხოეთში არსებული სამუშაო თუ ოჯახური პასუხისმგებლობების დროებით მიტოვება მოუწევთ. ფორმალურად ხმის უფლება არავის გაუუქმებია, თუმცა მისი გამოყენება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო ჩარევისგან დაცვით მოტივით ხსნიდნენ. თუმცა საკანონმდებლო ცვლილება ბევრად მძიმე რეალობაზე მიუთითებს: ხელისუფლება ემიგრანტს უყურებს მხოლოდ როგორც შემოსავლის წყაროს, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით სიტყვა არ ეთქმის.
როცა შრომა ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს
„როდესაც მარტოხელა დედა ხარ, ქირაში მცხოვრები, ძალიან ძნელია საქართველოს ხელფასით ცხოვრება. ვმუშაობდი საქართველოს ფოსტაშიც, ნიკორაშიც, ლიბრეშიც, ნუგეშშიც, ბოლოს ლიბრეში მთავარ მოლარედ გადამიყვანეს, ადმინისტრატორიც ვიყავი, მაგრამ არ აქვს აზრი იქაურ შემოსავალს. არანაირად არ იყო საკმარისი ჩემი ოჯახისთვის, იქეთ ქირა, გადასახადები…“ – მარი ბენდიაშვილი, 2023, პოლონეთი, ჩესტახოვა.
ფოტო ინტერვიუდან: „მარტოხელა დედის შრომა ემიგრაციაში“
პოსტსაბჭოთა ტრანზიციამ საქართველოს ეკონომიკური სისტემა ძირეულად შეცვალა: სახელმწიფო საკუთრების ფართომასშტაბიანმა პრივატიზაციამ, ეკონომიკის ლიბერალიზაციამ და შრომის ბაზრის რესტრუქტურიზაციამ დასაქმებისა და სოციალური დაცვის ძველი მექანიზმები მნიშვნელოვნად შეასუსტა.
ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივ გადინებას კონკრეტული მიზეზები აქვს. საქართველოს შრომის ბაზარზე მთავარი პრობლემა მხოლოდ სამუშაო ადგილების დეფიციტი არ არის; პრობლემა ისიცაა, რომ დასაქმება ხშირად ვერ იცავს ადამიანს სიღარიბისგან.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2,282.7 ლარს შეადგენდა. საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ხშირად ხელოვნურად გაბერილია და არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან გამოითვლება დასაქმებულთა საერთო ხელფასის გაყოფით დასაქმებულთა რაოდენობაზე. ასე მაგალითად, თუ ერთ კომპანიაში 9 ადამიანს აქვს 1,000 ლარი ხელფასი, ხოლო დირექტორს 21,000 ლარი, საშუალო ხელფასი გამოვა 3,000 ლარი. რეალურად კი დასაქმებულთა 90%-ს ამაზე სამჯერ ნაკლები შემოსავალი აქვს. საშუალო ხელფასს საქართველოში მაღალანაზღაურებადი საფინანსო, IT და მენეჯერული პოზიციები ზრდის, მაშინ როდესაც გაცილებით მეტი ადამიანის რეალური შემოსავალი ბევრად დაბალია.
დასაქმებულთა უმრავლესობის რეალობას უფრო ზუსტად ასახავს მედიანური ხელფასი, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა ნახევარს ამ ხელფასზე მეტი და მეორე 50%-ს – ნაკლები შემოსავალი აქვს. საქსტატის მიხედვით, 2024 წელს მედიანური ხელფასი 1 332 ლარს შეადგენდა, ხოლო შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წელს ხელფასის მიმღებთა 47%-ს ხელზე 1 000 ლარზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა.
ამ სურათში სრულად არ ჩანს არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების მდგომარეობა. ადამიანები, რომლებიც შრომობენ ხელშეკრულების, სოციალური დაცვისა და სტაბილური შემოსავლის გარეშე, ოფიციალურ სტატისტიკაში ხშირად საერთოდ ვერ ხვდებიან.
„ხელფასები უნდა იყოს მაღალი, ყველა ამას მისტირის, თორემ სამსახურის მეტი რა არის. მე დამირეკეს საქართველოდან, რატომღაც საქართველოში ვეგონე, შემომთავაზეს ისევ რესტორანში მუშაობა.. 50 ლარი იყო ხელფასი 2 წლის წინ და ისევ 50 ლარია, მაშინ როდესაც ყველაფერი გაძვირებულია. დაიცალა საქართველო, განახევრდა, გზის ფულში ეხარჯება ხალხს ხელფასი. გაფიქრებაც არ მინდა იმის, რომ ჩავალ რას ვიზამ. შეიძლება უკან მოვბრუნდე.“ – ნონა ქურიძე, 2023, პოლონეთი
ფოტო ინტერვიუდან : „ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია”
შრომითი უთანასწორობა და მძიმე სამუშაო პირობები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სექტორში — სუპერმარკეტების მოლარეების, კონსულტანტების, დამლაგებლების, კურიერებისა და დისტრიბუტორების შემთხვევაში. აქ დაბალ ანაზღაურებას ხშირად ემატება ხანგრძლივი სამუშაო საათები, არასტაბილური გრაფიკი და ზეგანაკვეთური შრომის არასათანადო ანაზღაურება. შედეგად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სამუშაო, მაგრამ შემოსავალი მაინც არ იყოს საკმარისი ღირსეული ცხოვრებისათვის.
ეს სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნის დატოვება არა უბრალოდ ინდივიდუალური არჩევანი, არამედ სტრუქტურული უთანასწორობით განპირობებული იძულებაა.
ემიგრაციის ფასი და მისი ეკონომიკური სარგებელი
ხშირად გვესმის, რომ ემიგრანტების შრომა და მათი ფულადი გზავნილები აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას. ციფები ამას ადასტურებს.
2022 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) დაახლოებით 15.4%-ს შეადგენდა, 2024 წელს კი — 11.9%-ს. ამ თანხების მასშტაბის დასანახად საკმარისია მათი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან (FDI) შედარება: ორივე წელს უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ გამოგზავნილი თანხები საქართველოში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შეფასებით, 1994–2024 წლებში საქართველოდან დაახლოებით 1.3 მილიონით მეტი ადამიანი წავიდა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ია. აღსანიშნავია, რომ ემიგრაციას მკვეთრად გამოხატული გენდერული ხასიათი აქვს. OECD-ის მონაცემებით, 2015-2016 წლებში საქართველოს ქალთა ემიგრაციის მაჩვენებელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო (7.5%). ემიგრანტი ქალები ძირითადად ხანდაზმულთა მოვლისა და საოჯახო შრომის სფეროში მუშაობენ. ქართველი კაცების დიდი ნაწილი კი მშენებლობის, წარმოების, ლოგისტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული.
„ისეთ სამსახურებში ნამუშევარი ხალხი მინახია, პოლონეთში რომ მიემგზავრება.. წარმოიდგინე როგორ ჭირს ქვეყანაში არსებობა, თორემ ასაკოვანი ქალი არ უნდა მიდიოდეს ოჯახიდან. მე პირადად, 37 წლის ვიყავი რომ წამოვედი ემიგრაციაში, 50 წლის ქალი რომ ვნახე, ყველას იმას ვეუბნებოდი დედა, 50 წლის ქალი სამუშაოდაა ჩამოსული მეთქი. მე 53-ის ვარ ახლა და კიდევ დიდი ხანი მომიწევს აქ ყოფნა.“ – ჩიტო კახიძე, სტამბული, 2022
ფოტო რეპორტაჟიდან „ქალთა შრომა ემიგრაციაში“ – დედა–შვილი ნონა ნურიძე და ჩიტო კახიძე, საოჯახო მომვლელები
2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა უცხოეთში მოქალაქეების დასაქმება უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთ „გადაწყვეტად“ წარმოაჩინა: „2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ შექმნის… ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმდნენ.“
აქ ცხადად ჩანს ხელისუფლების დამოკიდებულება: მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლა პრობლემა კი არა, თავად პრობლემის მოგვარების საშუალებაა. სამუშაო ადგილები, რომელსაც სახელმწიფო ადგილზე ვერ ქმნის, მოქალაქემ საზღვარგარეთ უნდა იპოვოს, ხოლო იქ გამომუშავებული ფულის დიდი ნაწილი საქართველოში გამოგზავნოს.
ემიგრაცია — პირადი გამოსავალი, კოლექტიური დანაკარგი
ადამიანები ქვეყანას უბრალოდ უკეთესი ცხოვრების საძიებლად არ ტოვებენ. ბევრი მათგანი დაბალ ხელფასს, საკუთარი პროფესიით დასაქმების სირთულესა და მძიმე საბანკო ვალდებულებებს გაურბის. ამას ბოლო წლებში პოლიტიკური გარემოც დაემატა — პოლიციური რეჟიმის დამყარება, უიმედობა, განსხვავებული ჯგუფებისა და კრიტიკული აზრის დევნა. ასეთ პირობებში ქვეყნიდან წასვლა ბევრისთვის უბრალოდ უკეთესი შესაძლებლობის ძიება აღარ არის — ეს არის ერთგვარი პასუხი ქვეყანაში დარჩენის სულ უფრო გაუსაძლის პირობებზე.
მაგრამ ის, რაც ინდივიდუალურად გადარჩენის გზაა, საზოგადოებრივ დონეზე შესაძლოა კოლექტიური ცვლილების შესაძლებლობის დაკარგვად იქცეს. როდესაც ათასობით მოქალაქე, რომელსაც საქართველოში ღირსეული ხელფასი, სამუშაო პირობები და პოლიტიკური ცვლილებები სჭირდება, ქვეყნიდან მიდის, ქვეყანაში მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ ცვლილებებს უნდა ითხოვდეს. პირადი უკმაყოფილება, რომელიც ემიგრაციაში ყოფნისას ნაწილობრივ გვარდება, საერთო მოთხოვნად და კოლექტიურ მოქმედებად ვეღარ გარდაიქმნება. შედეგად, ის სტრუქტურული პრობლემები, რომლებმაც ადამიანები ქვეყნიდან განდევნა, უცვლელი რჩება, ხოლო მათ წინააღმდეგ სოციალური და პოლიტიკური წნეხი სუსტდება.
„ქართული ოცნების“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ნაწილი ქვეყნისთვის „ზედმეტია“ და ემიგრაციაში უნდა წავიდეს:
„ძალიან ბევრი მიდის ემიგრაციაში და ეს ძალიან სწორია… არის აი, ეს ნაწილი [ახალგაზრდების], რომელიც არის ზედმეტი და ის უნდა წავიდეს აქედან ემიგრაციაში.“
ჭიათურის მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ ასუსტებს ემიგრაცია ადგილობრივი წინააღმდეგობის შესაძლებობას. მანგანუმის მოპოვებამ ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში მძიმე ეკოლოგიური და სოციალური კრიზისი შექმნა. ადგილობრივები წლებია აპროტესტებენ მიწის ჩაქცევას, საცხოვრებელი სახლების დაზიანებასა და ნგრევას, მძიმე შრომით პირობებს და დაბალ ხელფასს.
წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება, თუმცა, პარალელურად, ქალაქისა და სოფლების დაცარიელება ამ ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს. ემიგრაცია ამ შემთხვევაში მხოლოდ მოსახლეობის დემოგრაფიულ შემცირებას არ ნიშნავს — ის პირდაპირ აისახება ადგილობრივი საზოგადოების ორგანიზების შესაძლებლობაზე და სოლიდარობის ძალაზე.
საბოლოო ჯამში, ადამიანი ემიგრაციით საკუთარ პრობლემას შესაძლოა დროებით აგვარებდეს, მაგრამ მისი წასვლა ამცირებს იმ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს, რომელიც ამავე პრობლემების სისტემური, ადგილზე გარდაქმნისთვისაა საჭირო.
ციფრების უკან მდგომი ადამიანები
ემიგრაციის მასშტაბზე საუბრისას ხშირად მხოლოდ ადამიანების რაოდენობრივ მაჩვენებლებს ვითვლით და გვავიწყდება, რა დგას ამ სტატისტიკის მიღმა — ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და უნარები. ქვეყნიდან წასვლა მხოლოდ მოსახლეობის შემცირებას არ ნიშნავს; ადამიანებთან ერთად ქვეყანა კარგავს იმ ინტელექტუალურ და შრომით რესურსს, რომლის შექმნასა და განვითარებას წლები სჭირდება. ამ პროცესის მძიმე შედეგებს ჩვენ უკვე ვხედავთ, თუმცა წლების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდება, თუ რა მასშტაბის ადამიანურ კაპიტალს ვკარგავთ.
მაგალითად, საბჭოთა პერიოდში საქართველო სამედიცინო კადრებით ერთ-ერთი ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი რესპუბლიკა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 35 წლის შემდეგ კი ქვეყანაში საექთნო პერსონალის მწვავე დეფიციტია. WHO-ის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონში ექთნების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობით გამოირჩევა, ხოლო დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა მთიან და რთულად მისადგომ რეგიონებში.
საქართველოში ექთნების ანაზღაურება უკიდურესად დაბალია და მნიშვნელოვნად განსხვავდება კლინიკისა და დასაქმების პირობების მიხედვით. 2023 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სტაციონარულ კლინიკებში ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.4 ლარით განისაზღვრა, რაც 180-საათიანი სამუშაო დატვირთვის შემთხვევაში თვეში 792 ლარს შეადგენს.
სანამ ჯანდაცვის მსხვილი კორპორაციები მილიონობით ლარის შემოსავალს იღებენ, ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფენ, მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ. მაგალითისთვის, 2022 წელს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) შემოსავალმა 1.204 მილიარდი ლარი შეადგინა, PSP ფარმასი — 745 მილიონი, ხოლო „ავერსის“ შემოსავალმა — 738 მილიონი ლარი.
ეს მხოლოდ ერთი სექტორის პრობლემა არ არის. ქვეყნიდან მასობრივად მიდიან მასწავლებლები, მეცნიერები, მშენებლები, ინჟინრები, სამხედროები — ადამიანები, რომელთა ცოდნასა და შრომას ქვეყნის განვითარება უნდა ეყრდნობოდეს.
იაფი შრომა და ზრუნვის გლობალური ჯაჭვი
გლობალური შრომის ბაზარი თანაბარ პირობებში არ შექმნილა. კოლონიალიზმმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს განსხვავებული ეკონომიკური როლი განუსაზღვრა, კაპიტალიზმმა კი ეს უთანასწორობა ახალი ფორმებით გააღრმავა. დღესაც ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან კაპიტალის, ტექნოლოგიების, შემოსავლებისა და შრომის ღირებულების მიხედვით. ამ უთანასწორობის პირდაპირი შედეგია ის, რომ ადამიანებს ხშირად უწევთ საკუთარი შრომის გაყიდვა იქ, სადაც მისი ფასი შედარებით მაღალია. შესაბამისად, მიგრანტის გადაადგილება მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი არ არის — ეს გლობალურ ეკონომიკურ უთანასწორობაზე გაცემული პასუხია.
ევროპის ქვეყნებში, მოსახლეობის დაბერების ფონზე, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ჯანდაცვის, მოვლის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკისა და მომსახურების სფეროებში. ამ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მიგრანტების შრომით ივსება. ისინი ხშირად იმ სექტორებში საქმდებიან, სადაც ადგილობრივი მუშახელის პოვნა რთულია, ან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც დაბალი ანაზღაურების და მძიმე პირობების გამო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველია.
„ქართველები გაუფასურებულ შრომას ეწევიან ქარხანა-ფაბრიკებში,12 საათი კაპიკების სანაცვლოდ, მაგრამ ეს კაპიკებიც ჩვენს ქვეყანაში დიდ ფულად ჩანს.“ – ლევან ქასრაშვილი, მეშახტე. 2023, რუდა სლასკა, პოლონეთი
ფოტო ინტერვიუდან: „შახტიდან შახტაში“: ტყიბულიდან რუდა სლასკამდე
საქართველოს მსგავსი ქვეყნებიდან წასული ადამიანებისთვის უცხოეთის შრომის ბაზარი სტრუქტურულ პარადოქსს ქმნის: ადამიანი უკეთესი შემოსავლის მისაღებად მიდის, მაგრამ ამისთვის ხშირად საკუთარ პროფესიასა და კვალიფიკაციაზე უარის თქმა უწევს. უცხოეთში ჩასული მედდა შეიძლება ხანდაზმულის მომვლელად დასაქმდეს, ინჟინერი — მშენებლობაზე, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი – დაბალკვალიფიციურ მომსახურების სფეროში. მიუხედავად ამისა, ასეთი შრომით მაინც უფრო მაღალ შემოსავალს გამოიმუშავებს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში პროფესიით მუშაობისას. ამ დროს მიმღები ქვეყანა იღებს უკვე მომზადებულ ადამიანურ რესურსს, რომლის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაზე წარმოშობის ქვეყანამ წლები და მნიშვნელოვანი ფინანსები დახარჯა. ეს არ არის მხოლოდ ადამიანური კაპიტალის გადინება, ეს არის კვალიფიკაციის მასობრივი გაუფასურებაც (de-skilling).
ეს დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზრუნვის სფეროში. ქართველი მედდებისა თუ სხვა პროფესიის ქალების დიდი ნაწილი უცხოეთში კერძო ოჯახებში ხანდაზმულ ადამიანებს უვლის. ამ პროცესს „მოვლის/ზრუნვის გლობალურ ჯაჭვს“ უწოდებენ: ერთი ქვეყნის ოჯახში ზრუნვის საჭიროებას სხვა, შედარებით ღარიბი ქვეყნის მოქალაქის შრომა აკმაყოფილებს, ხოლო ამ უკანასნელის არყოფნაში, საკუთარ ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ხშირად საქართველოში დარჩენილ ოჯახის სხვა წევრებზე, ქალებზე (ბებიებზე, დებზე, ქალიშვილებზე) გადადის და კვლავ უხილავ, აუნაზღაურებელ შრომად რჩება. ამრიგად, საზღვრებს შორის გადაადგილდება არა მხოლოდ სამუშაო ძალა, არამედ ზრუნვაც.
მიგრანტების მიმართ ევროპაში არსებული მემარჯვენე და ანტიმიგრაციული რიტორიკა ამ სისტემის აშკარა წინააღმდეგობას აჩვენებს. მიგრანტებს ხშირად საფრთხედ, სოციალური პრობლემების მიზეზად ან ადგილობრივი მუშახელის კონკურენტებად წარმოაჩენენ, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპის ეკონომიკებს მათი შრომა ყოველდღიურად სჭირდებათ — მოვლაში, ჯანდაცვაში, მშენებლობასა თუ მომსახურებაში. მიგრანტის შრომა სასიცოცხლოდ საჭიროა იქ, სადაც ადგილობრივი რესურსი დეფიციტურია, თუმცა თავად მიგრანტი, როგორც მოქალაქეობრივი უფლებების მატარებელი სუბიექტი, ხშირად არასასურველ და უფლებრივად ჩაგრულ უცხოდ რჩება.
მოქალაქეობა საზღვარზე არ მთავრდება
ქვეყნიდან წასული ადამიანები საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას არ წყდებიან. ისინი უცხოეთში მუშაობენ, ქმნიან დოვლათს და მათი შრომით მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ბრუნდება. ეს ფულადი ნაკადები არჩენს ოჯახებს, ფარავს საბანკო ვალდებულებებს, აფინანსებს ბავშვების განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
მოქალაქეთა მასობრივი ემიგრაციის პირობებში, მათი უფლებების დაცვა — შრომითი გარანტიების, სამართლებრივი ინტერესების, კვალიფიკაციის აღიარებისა თუ პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით — სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ვალდებულებად უნდა იქცეს. დღეს კი, როცა მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდება, მისი დაცვისა და პოლიტიკური მონაწილეობის მექანიზმები მნიშვნელოვნად სუსტდება.
ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების აღდგენა ცენტრალური სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნა უნდა იყოს. მოქალაქეს, რომელიც სტრუქტურულმა სიღარიბემ და უპერსპექტივობამ ქვეყნიდან წასვლა აიძულა, არ უნდა წაერთვას უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმწიფოს მომავლის განსაზღვრაში, რომელსაც საკუთარი შრომით და ფულადი გზავნილებით დღემდე ინახავს.
ემიგრანტებისთვის ხმის უფლების დაბრუნება მხოლოდ საარჩევნო პროცედურის აღდგენას არ ნიშნავს; ეს არის იმ ფუნდამენტური პრინციპის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის საზღვართან არ მთავრდება.
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). „გარე მიგრაცია“. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/914/gare-migratsia
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). „ხელფასები“. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi
- World Inequality Database (WID). Georgia. ხელმისაწვდომია: https://wid.world/country/georgia/
- BM.ge (2026). „2025 წელს საქართველოში ₾33 მილიარდის ხელფასები გაიცა — რამდენს აქვს 1000 ლარზე ნაკლები ანაზღაურება“. ხელმისაწვდომია: https://bm.ge/news/2025-tsels-saqartveloshi-gel33-miliardis-khelfasebi-gaitsa-ramdens-aqvs-1000-larze-naklebi-anazghaureba
- World Bank (2024). Personal Remittances, Received (% of GDP) — Georgia. Washington, DC: World Bank. ხელმისაწვდომია: https://data.worldbank.org/indicator/BX.TRF.PWKR.DT.GD.ZS?locations=GE
- World Bank. Foreign Direct Investment, Net Inflows — Georgia. World Development Indicators. ხელმისაწვდომია: https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.CD.WD?locations=GE
- International Monetary Fund (2025). Georgia: Selected Issues — The Impact of Emigration on the Georgian Labor Market. IMF Staff Country Reports, 2025/217. Washington, DC: International Monetary Fund. DOI: 10.5089/9798229021029.002. ხელმისაწვდომია: https://www.imf.org/-/media/files/publications/cr/2025/english/1geoea2025002-source-pdf.pdf
- OECD (2022). A Review of Georgian Emigrants: Talent Abroad. Paris: OECD Publishing. DOI: 10.1787/00df3f32-en.
- Imedi News (2019). „ივანიშვილი: 10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერ შექმნის“. ხელმისაწვდომია: https://imedinews.ge/ge/politika/122421/ivanishvili-10-tselitsadshi-chveni-ekonomika-2-milion-samushao-adgils-ver-sheqmnis
- 1TV (2025). „შალვა პაპუაშვილი — ვნახეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორას ქართველების წინააღმდეგ, ემიგრანტების წნეხისგან დასაცავად არის გადაწყვეტილება…“. ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-vnakhet-rogor-iyenebdnen-diasporas-qartvelebs-qartvelebis-winaaghmdeg-emigrantebis-wnekhisgan-dasacavad-aris-gadawyvetileba-rac-mat-adzlevs-sashualebas-sakutar-samshobloshi-m/
- Publika (2025). „შათირიშვილი: იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ზედმეტია, ემიგრაციაში უნდა წავიდეს“. ხელმისაწვდომია: https://publika.ge/shatirishvili-im-akhalgazrdebis-nawili-romelic-zedmetia-emigraciashi-unda-wavides/
- Aladashvili, M., Kirvalidze, M., Tskitishvili, A. and Chelidze, N. et al. (2025). ‘Strengthening health workforce in Georgia: identifying gaps and integrating evidence-based strategic planning’, International Journal of Health Planning and Management, 40(4). DOI: 10.1002/hpm.3922.
- World Health Organization (2024). ‘Georgia Moves Forward to Regulate Nursing and Midwifery’. WHO Regional Office for Europe, 12 August. ხელმისაწვდომია: https://www.who.int/europe/news-room/12-08-2024-georgia-moves-forward-to-regulate-nursing-and-midwifery
- Forbes Georgia. „საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია — რეიტინგი“. ხელმისაწვდომია: https://forbes.ge/saqarthvelos-100-qhvelaze-shemosavliani-kompania-reitingi/
- Hochschild, A.R. (2000). ‘Global care chains and emotional surplus value’, in Hutton, W. and Giddens, A. (eds.) On the Edge: Living with Global Capitalism. London: Jonathan Cape, pp. 130–146.
- Parrèñas, R.S. (2021). Unfree: Migrant Domestic Workers in the International Labour Market. Stanford: Stanford University Press.
- Rodriguez, R.M. (2010). Migrants for Export: How the Philippine State Brokers Labor to the World. Minneapolis: University of Minnesota Press.




