ეკონომიკის დემოკრატიზაცია, პროგრესული დაბეგვრა, ღირსეული მინიმალური ხელფასი, სოლიდარული გაფიცვის უფლება, ჯანდაცვაში ხარჯების შემცირება და ფასების რეგულირება — ეს მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ პრიორიტეტებს შორისაა.
48-გვერდიანი დოკუმენტი ავტორებმა 15 ნოემბერს დაგეგმილ პარტიის დამფუძნებელ ყრილობამდე ორი კვირით ადრე წარადგინეს. მასში თავმოყრილია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ხედვები, რომლებსაც მომავალი სოციალ-დემოკრატიული პარტია დაეყრდნობა.
ეს არა წინასაარჩევნო პროგრამა, არამედ „ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მოძრაობის წევრთა ფუნდამენტურ ღირებულებებს, მსოფლმხედველობრივ პრინციპებსა და პირველად ინიციატივებს მონახაზის სახით აერთიანებს“.
ავტორები პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულ მემკვიდრეობას ეყრდნობიან. მათი შეფასებით, დღევანდელი „ოლიგარქიულ-ავტორიტარული ჩიხი“ შედეგია ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებული სისტემის, რომელიც ძალაუფლებასა და დოვლათს ერთეულთა ხელში აქცევს, მოქალაქეებს კი ასუსტებს და მათ უქვემდებარებს. ისინი თვლიან, რომ ვითარება „ძირეულად ახალ გამოსავლებს“ საჭიროებს და არა დაბრუნებას წარსულში, „სადაც ლიბერალური დემოკრატიისა და ეკონომიკის პრინციპები თითქოს უფრო გამართულად ფუნქციონირებდა“.
ალტერნატივად მოძრაობა გვთავაზობს სოლიდარობაზე, თანასწორობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელშიც ეკონომიკური ზრდა და მოგება თვითმიზანი არ უნდა იყოს, პოლიტიკა და ეკონომიკა კი საზოგადოების საჭიროებებს უნდა ემსახურებოდეს.
სახელმწიფო მოწყობა: უშუალო დემოკრატია
მოძრაობა მხარს უჭერს უშუალო დემოკრატიის მოდელს, რომელშიც „ძალაუფლება ხალხის ხელში რჩება“. მოქალაქეთა მონაწილეობა არჩევნებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: მათ უნდა შეეძლოთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, არჩეული წარმომადგენლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა. მოძრაობის შეფასებით, ასეთი მოწყობა არსებითად იმეორებს 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის მოდელს.
ძალაუფლების დეცენტრალიზაციისთვის ავტორები ორდონიან — მუნიციპალურ და რეგიონულ — თვითმმართველობას გვთავაზობენ, რაც ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ნაწილის რეგიონებისთვის გადაცემასაც გულისხმობს. ეროვნულ დონეზე კი სამწლიანი ვადით არჩეული ორპალატიანი პარლამენტის შექმნას, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების შემცირებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის, მათ შორის ოპოზიციის როლის, გაძლიერებას ითვალისწინებენ.
სოციალური ცვლილების აუცილებელ პირობად მოძრაობა გამოხატვის, შეკრებისა და პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლებას მიიჩნევს, რის მიღწევასაც, თავის მხრივ, მედიის დამოუკიდებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხის სამსახურში“ ყოფნა და პარტიების დემოკრატიზაცია სჭირდება.
მართლმსაჯულება: მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად
მოძრაობის შეფასებით, დღეს სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოები და სისხლის სამართლის პოლიტიკა „რეპრესიის, გარიყვისა და ჩაგვრის ინსტრუმენტია“, ფორმალურ თანასწორობაზე ორიენტირებული ლიბერალური რეფორმები არსებულ ძალაუფლებრივ სტატუს კვოს ვერ ცვლის.
კონფრონტაციული მართლმსაჯულება, რომელიც მუდმივად გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს აწარმოებს, მოძრაობის ხედვით, თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. სასჯელაღსრულების სისტემის მიზნად კი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია უნდა იქცეს. ამისთვის დოკუმენტი ზოგიერთი არაძალადობრივი დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და პატიმრობის ალტერნატივების განვითარებას ითვალისწინებს.
კონკრეტულ ინიციატივებს შორისაა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატისა და დაფინანსების გაზრდა, შრომითი და სოციალური დავების განმხილველი სასამართლოების შექმნა, მოქალაქეებისა და პროფკავშირების მონაწილეობით, და პოლიციასა და პროკურატურაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება. მოძრაობა საუბრობს გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების შემუშავებაზეც, ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.
დემოკრატია ეკონომიკაში
„პოლიტიკური დემოკრატია ეკონომიკური დემოკრატიის გარეშე ვერ იარსებებს“ — ამ პრინციპს ეფუძნება მოძრაობის ეკონომიკური ხედვა: დღეს ეკონომიკაში სახალხო სუვერენიტეტი და დემოკრატიული მონაწილეობა „ფორმალურ დონეზეც კი თითქმის არ არსებობს“. ამის გამოსასწორებლად ავტორები მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ საზოგადოებრივი საკუთრების გაფართოებასა და რესურსების თვითმმართველობებისთვის გადაცემას.
ეკონომიკური განვითარების საფუძველი დოვლათის შექმნა და მისი სამართლიანი განაწილება უნდა იყოს. პრიორიტეტულია საბაზისო სიკეთეები — განათლება, ჯანმრთელობა, კვება, საცხოვრებელი, წყალი და ენერგია, რომლებზეც წვდომა „შეძლებისდაგვარად, ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული საბაზრო პრინციპებსა და მოგების ლოგიკაზე“.
საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემად მოძრაობა მის სტრუქტურას მიიჩნევს. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩამოყალიბებული მოდელი საზოგადოებას აღარიბებს და რესურსების გადინებას იწვევს. წარმოება და სოფლის მეურნეობა დაკნინებულია, ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს კი ფინანსური და სადაზღვევო სექტორები, უძრავი ქონება, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სათამაშო ბიზნესი შეადგენს — დარგები, რომლებსაც მოძრაობა ექსტრაქტივისტულად და არაპროდუქტიულად მიიჩნევს. ავტორების შეფასებით, ეს სექტორები ქვეყნის ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებს ძარცვავს, ბევრი მათგანი კი გადასახადების გადახდასაც არიდებს თავს. ასეთი მოდელი კაპიტალს მცირე ჯგუფების ხელში აგროვებს, ავტორიტარიზმს აძლიერებს და მოქალაქეებს ემიგრაციისკენ უბიძგებს.
უთანასწორობასა და სიღარიბეზე მყისიერი რეაგირებისთვის მოძრაობა პროგრესულ დაბეგვრას, ფინანსური სექტორის რეგულირების გაძლიერებას, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გამკაცრებასა და „ქვეყნის ოფშორულ ზონად გარდაქმნის“ აღკვეთას გვთავაზობს. ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისთვის კი სახელმწიფოს მიერ კოორდინირებულ ინდუსტრიალიზაციასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. სოფლის მეურნეობაში დოკუმენტი მიწის რეფორმას, მსხვილი აგროკორპორაციების რეგულირებასა და კოოპერატივების წახალისებას ითვალისწინებს, რათა ქვეყანამ სასურსათო სუვერენიტეტი უზრუნველყოს. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობის მიზნით კი მოძრაობა განვითარების ბანკის შექმნას განიხილავს.
მოძრაობა აუცილებლად მიიჩნევს ისეთი მინიმალური ხელფასის დაწესებას, რომელიც საკმარისი იქნება ღირსეული ცხოვრებისთვის. ცნობისთვის, დღეს კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 1999 წლიდან თვეში 20 ლარია. დოკუმენტი გვთავაზობს უმუშევართა სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმსაც, რომელიც სამომავლოდ უმუშევრობის დაზღვევად უნდა გარდაიქმნას. სხვა ინიციატივებს შორისაა ზეგანაკვეთური შრომის რეგულირება და სამუშაო დროის ეტაპობრივი შემცირება.
ავტორები თვლიან, რომ შრომის ინსპექციის მანდატი არაფორმალურ და პლატფორმულ შრომაზეც უნდა გავრცელდეს, კურიერებსა და ტაქსის მძღოლებს ყველა შრომითი და სოციალური გარანტია უნდა ჰქონდეთ, სოლიდარული გაფიცვის უფლება კი კანონით უნდა იყოს დაცული.
ეკოლოგიური კრიზისის დასაძლევად მოძრაობა ცირკულარულ და მწვანე ეკონომიკაზე ეტაპობრივ გადასვლას, ქარისა და მზის ენერგიის განვითარებას, ტყეების აღდგენასა და გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე პირდაპირი დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებას გვთავაზობს.
ზრუნვა, სოციალური დაცვა და თანასწორობა
ფემინისტურ სამართლიანობას მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური ხედვის საფუძვლად მიიჩნევს. ეს გულისხმობს საზოგადოების ისეთ მოწყობას, „რომელშიც ზრუნვა, შრომა, რესურსები და ძალაუფლება თანასწორად და დემოკრატიულად ნაწილდება“. გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დოკუმენტი საოჯახო და ზრუნვის შრომის არათანაბარ გადანაწილებას ასახელებს. ამის შესაცვლელად მოძრაობა ზრუნვის შრომის აღიარებას, პასუხისმგებლობის უფრო სამართლიან განაწილებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას მიიჩნევს საჭიროდ.
ქალთა არასაკმარის პოლიტიკურ წარმომადგენლობას ავტორები ეკონომიკურ უთანასწორობასა და გენდერულ სტერეოტიპებს უკავშირებენ. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება. დოკუმენტში ხაზგასმულია სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების, ქალთა არჩევანის თავისუფლებისა და სხეულებრივი ავტონომიის დაცვის აუცილებლობაც.
მიზნობრივი სოციალური დახმარების ნაცვლად მოძრაობა უფრო უნივერსალურ სოციალურ დაცვას გვთავაზობს. საპენსიო სისტემა თაობათა სოლიდარობას უნდა ეფუძნებოდეს, ბავშვთა სიღარიბის შემცირება კი ეროვნულ პრიორიტეტად უნდა იქცეს. საბინაო პოლიტიკაში დოკუმენტი სოციალურ და მუნიციპალურ საცხოვრისს, გამოსახლების პრევენციასა და ქირის გონივრულ რეგულირებას ითვალისწინებს.
ავტორები ცალკე ყურადღებას უთმობენ ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირებისა და ქვიარ ადამიანების თანასწორობას. თვლიან, რომ უმცირესობების წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებში, უნდა გაიზარდოს, შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზს აღარ უნდა ეფუძნებოდეს, ქვიარ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონები და რეგულაციები კი უნდა გაუქმდეს.
ჯანმრთელობა, განათლება და კულტურა
„ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა და არა პრივილეგია“ – მოძრაობის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიუხედავად, სამედიცინო ხარჯები ოჯახებს კვლავ მძიმე ტვირთად აწვება და აღარიბებს. გამოსავლად ის სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემის ექსკლუზიურ შემსყიდველად განსაზღვრას, ჯიბიდან გადახდილი ხარჯების შემცირებასა და პრევენციული ჯანდაცვის გაძლიერებას გვთავაზობს.
განათლება, როგორც საჯარო სიკეთე, საბაზრო ლოგიკას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ინიციატივებს შორისაა განათლების დაფინანსების ეტაპობრივად მშპ-ის მინიმუმ 6%-მდე გაზრდა, ადრეული განათლებისა და ზრუნვის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, სკოლებში კვების პროგრამების დანერგვა და მასწავლებელთა შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესება, უნივერსიტეტებში კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატიული მმართველობა და აკადემიური თავისუფლება.
მოძრაობა მიიჩნევს, რომ „კულტურა, რომელიც ყველას ეკუთვნის და არა ბაზარს ან პარტიულ ინტერესებს, აძლიერებს სამართლიანობას, იტევს განსხვავებულ ხმებს და ქმნის ალტერნატიული მომავლის წარმოსახვის შესაძლებლობას“. ამისთვის ის ცენტრალიზებული მართვის ჰორიზონტალური, მონაწილეობითი სისტემით ჩანაცვლებას გვთავაზობს, შინაარსობრივ გადაწყვეტილებებს კი დამოუკიდებელი პროფესიული საბჭოები უნდა იღებდნენ.
უსაფრთხოება, მშვიდობა და საგარეო პოლიტიკა
უსაფრთხოების სფეროში მოძრაობა მხარს უჭერს „ტოტალური თავდაცვისა და საყოველთაო საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ მოდელს, რომელშიც საფრთხეების თავიდან აცილებასა და მათზე რეაგირებაში მთელი საზოგადოება მონაწილეობს. ავტორების განმარტებით, ეს მილიტარიზმს არ ნიშნავს: თავდაცვა „არ არის მხოლოდ ჯარის საქმე“, უსაფრთხოების საკითხად სიღარიბე და უთანასწორობაც უნდა განიხილებოდეს. ამავდროულად, ისინი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და საერთაშორისო სამხედრო ალიანსების შექმნას ემხრობიან.
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე მოძრაობის მიდგომა „მცირე ნაბიჯების“ პოლიტიკას ეფუძნება: არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, ტერიტორიების იზოლაციის შემცირებასა და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან პირდაპირ დიალოგს, მათ შორის ტექნიკურ საკითხებზე, სტატუსის საკითხის წინასწარ დაყენების გარეშე.
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპად მოძრაობა ანტიიმპერიალიზმს ასახელებს და საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორების დივერსიფიკაციას უჭერს მხარს, თუმცა ევროინტეგრაცია „უმთავრეს პრიორიტეტად“ რჩება. ევროკავშირს ის „კეთილდღეობის, განვითარებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის“ ასპარეზად განიხილავს. გლობალურ დონეზე კი მისი მიზანი პროგრესული პოლიტიკური ძალებისა და სახალხო მოძრაობების შეკავშირებაა კონსერვატიული, ულტრამემარჯვენე და ავტორიტარული ძალების საპირწონედ.
—
მოძრაობა 2025 წლის 17 თებერვალს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეს, დაახლოებით ასმა ადამიანმა დააარსა. დღეს, მისივე ცნობით, 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
დოკუმენტის შემუშავებაში მოძრაობის ათობით წევრი, 15 დარგობრივი ქვეჯგუფი და საპროგრამო რედკოლეგია მონაწილეობდა. ავტორები განმარტავენ, რომ ტექსტი ყოვლისმომცველი არ არის და ზოგიერთ საკითხზე (მაგალითად: რელიგია, ნარკოპოლიტიკა) მათი ხედვა ერთგვერდიანი დოკუმენტების სახით, დანართად გამოქვეყნდება. ამ სტრატეგიით მოძრაობა მკითხველს საერთო შრომასა და განხილვაში ეპატიჟება.
