4 ივლისს, „მაუწყებლის“ გუნდი ჭიათურის სოფლებში მორიგი სიუჟეტის გადასაღებად ჩავედით. რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნებულებს, ადგილზე კიდევ უფრო დამძიმებული რეალობა დაგვხვდა – დაბზარული სახლები, ჩაქცეული მიწა, დაცარიელებული ქალაქი, მიტოვებული ეზოები და იმედგაცრუებული, დაღლილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ისტორიებს წლების განმავლობაში უშედეგოდ ჰყვებიან.
სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ აქ მოსმენილი ამბები მკითხველისთვის ფოტორეპორტაჟის სახითაც გამეცნო. ერთი შეხედვით, ჩემ მიერ აღბეჭდილი კადრები ზემო იმერეთის ეკოლოგიურ კატასტროფას ასახავს, თუმცა აქ მოგიყვებით ისტორიებს და გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა კერძო კომპანიამ, სახლ-კართან ერთად უსაფრთხოებისა და სამართლიანობის განცდა, ღირსეულ გარემოში ცხოვრების უფლება წაართვა.
“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში პირველად 2006 წელს შემოვიდა, მას 16,430 ჰექტარ მიწაზე მანგანუმის მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია აქვს. სწორედ ამ დროიდან იწყება ჭიათურაში მანგანუმის უკონტროლო მოპოვება, რამაც კომპანიას დიდი კაპიტალი მოუტანა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიშ, გაღარიბებულ, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ გარემოში ცხოვრება ხვდა წილად.
ფოტო 1 – შუქრუთის მკვიდრი ნეფარიძეების ნასახლართან, რომლისგანაც მხოლოდ კონსტრუქცია და კიბე შემორჩა. ამ სახლში ასაკოვანი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ოჯახის თქმით, ისინი მინიმალური კომპენსაციის აღებას დაშინებისა და მუქარის საფუძველზე დათანხმდნენ.
2017 წლის მაისში, გარემოსთვის მიყენებული დაახლოებით, 416 მილიონი ლარის ზიანის გამო, სასამართლომ “ჯორჯიან მანგანეზს” საწარმოს მართვის უფლება ჩამოართვა. ამის შემდეგ, კომპანიას სახელმწიფოს მიერ მივლენილი პირი მართავს. ჭიათურაში გვეუბნებიან, რომ “სპეციალური მმართველის” დანიშვნის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. ოჯახებს კომპანიის საქმიანობით გამოწვეულ ეკოლოგიურ და სოციალურ კატასტროფასთან გამკლავება მარტო უწევთ.
ფოტო 2 – ჭიათურა, მდინარე ყვირილა. სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად, უკვე წლებია, მდინარე ყვირილაში წყალი შავი ფერისაა.
2024 წლის 1-ელ ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” მაღაროელებს შეატყობინა, რომ მანგანუმზე გლობალური მოთხოვნის ვარდნის მიზეზით მიწისქვეშა მოპოვება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდებოდა. 3500-მდე მაღაროელი გაურკვეველი მომავლის წინაშე აღმოჩნდა. 2025 წლის თებერვალში, ქალაქში, მშრომელთა გამოსვლები დაიწყო. ისინი კუთვნილ ანაზღაურებასა და სამუშაოების აღდგენას მოითხოვდნენ.
აპრილის თვეში კი წარმოების ხელმძღვანელად ახლად დანიშნულმა რუსეთის მოქალაქე, ოლიგარქმა მიხაილ სოცკიმ რეორგანიზაცია გამოაცხადა, რის შედეგადაც დასაქმებულთა თითქმის ნახევარი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.
სოცკიმ სრულად გააუქმა კომპანიის მხრიდან კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებები – კოლექტიური შეთანხმების პირობები, ბენეფიტები, რაც მაღაროელებს წლების მანძილზე გაფიცვების შედეგად ჰქონდათ მოპოვებული. ვინც კაბალურ პირობებს არ დათანხმდა და პროტესტში დარჩა, სამსახურში აღარ დააბრუნეს, ანუ 3500 თანამშრომლიდან თითქმის ნახევარი.
გაფიცული მაღაროელები ამტკიცებდნენ, რომ ამ პროცესის მიზანს ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების გაფართოება წარმოადგენდა, რაც კომპანიისთვის რესურსების მინიმალური დანახარჯით მოპოვებას ნიშნავდა. მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით მიწის ზედაპირული დამუშავებით, ანუ გვირაბების გარეშე ხდება. მანგანეცის მოპოვებისთვის კომპანიას მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დასაქმება და მცირე ტექნიკა სჭირდება, რაც მათგან ნაკლებ ხარჯს მოითხოვს.
სოფელ შუქრუთში კერძო კომპანიამ სოფლის ქვეშ საბჭოთა პერიოდში დახურული ძველი და სახიფათო შახტები გახსნა, ისე რომ ადგილობრივები ამის შესახებ არ გაუფრთხილებია. მოპოვებამ სრულიად გაანადგურა სოფლის ლანდშაფტი, ბზარები გაჩნდა ან სრულიად დაინგრა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები, რის გამოც მოსახლეობის უმეტესობა იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და საცხოვრებლად სხვაგან წასულიყო. აქ გვეუბნებიან, რომ კომპანიის მიერ გაცემული კომპენსაციები მიზერული, ზარალთან შეუსაბამოა და შეუძლებელია დანგრეული სახლ-კარის ნაცვლად ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა. სოფელში არიან ოჯახები, რომელთაც არანაირი კომპენსაცია არ აუღიათ.
ფოტო 3 – ნანი გაფრინდაშვილის ეზოში არსებული შენობა, რომელიც მიწის ვარდნის შედეგად გადახრილია და ნგრევის პირასაა მისული.
ნანი გაფრინდაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც “ჯორჯია მანგანეზის” საქმიანობას წლებია ეწინააღმდეგება. მას თანასოფლელებთან ერთად არაერთ აქციასა და პროტესტში მიუღია მონაწილეობა. მისი თქმით, დაპირებების მიუხედავად, არსებულ მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობას არც კომპანია და არც სახელმწიფო არ იღებს.
მოძრავი მიწა, რომელიც ყოველდღიურად უფრო არამყარი და არასანდო ხვდება, აფეთქებების შედეგად დაბინძურებული გარემო, ნგრევის პირას მისული საცხოვრებელი სახლები, მანგანუმით მოწამლული სასმელი წყალი, მდინარეები და ჰაერი – ეს არასრული დამანგრეველი შედეგებია, რომლებიც ადგილობრივებს ხვალინდელი დღის შიშში აცხოვრებს და მათ მომავალს ბუნდოვანს ხდის: “რასაც უყურებთ აქ, ყველაფერი დაბზარულია. ერთი გაზანზარება და ჩამოიშლება სულ ყველაფერი. შიშით ვცხოვრობთ, არანაირი ყურადღება არ გვაქვს, არანაირი. ძაღლის ფასი უფრო არის ახლა, ვიდრე ჩვენი”, – ამბობს “მაუწყებელთან” საუბრისას ნანი გაფრინდაშვილი.
ფოტო 4 – ნანი გაფრინდაშვილი, სოფელი შუქრუთი. ჭიათურის სოფლებში სასმელად ვარგისი წყალი მოსახლეობას წლებია არ აქვს. “ტექნიკური წყალი” კი ადგილობრივებს მხოლოდ 3-საათიანი გრაფიკით მიეწოდებათ, რომელიც ასევე მანგანუმითაა დაბინძურებული.
შუქრუთის მკვიდრი გოჩა კუპატაძე გვეუბნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე მხოლოდ წინასაარჩევნოდ საუბრობენ – “არჩევნები მოახლოვდება და დაგვაწერინებენ ხელწერილს, მოგვაწერინებენ ხელს ზედ, რომ წყალს მოგიყვანთ, ჰაი-ჰუი და ჩაივლის არჩევნები და ავიწყდება ყველას ყველაფერი. ერთი სიტყვით, ღმერთის ამარად ვართ დარჩენილები, კაციშვილი პატრონი არ არის.” მისი თქმით, ტექნიკური წყლის დალევის შემთხვევაში, თუ ადამიანი მოიწამლება, ეს შესაძლოა ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს. ამ და სხვა საფრთხეების არსებობაზე, მათ მოგვარებაზე კი ადგილობრივებს არავინ ესაუბრება. მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას, სახლის დანგრევის შემდეგ სთავაზობენ – “დაინგრევა სახლიო და მოვალთ მერე და აგინაზღაურებთო… რომ დავინგრევი და მოვკვდები, მერე რაღად მინდა?”, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბრისას.
დავინტერესდით, რამდენად შესწევთ ადგილობრივებს ხელახალი ორგანიზებისა და საკუთარი ოჯახების დასაცავად ბრძოლის ძალა. შეგახსენებთ, რომ შუქრუთელების პროტესტი ჯერ კიდევ 2019-2021 წლებში დაიწყო, როდესაც რვა ადამიანმა (ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა) პირი ამოიკერა და ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. მოგვიანებით, 2024 წლიდან, პროტესტმა ჯერ კოროხნალის მაღაროსთან, შემდეგ კი თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. უწყვეტი შიმშილობა და აქციები 2025 წლის აპრილამდე, გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძისა და თენგო გველესიანის დაკავებამდე გაგრძელდა. შესაბამისად, მრავალჯერად იმედგაცრუებასთან ერთად, ადგილობრივებში დღეს შიში, დაღლილობა და უიმედობაა.
შესაბამისად, მის პასუხშიც მკაფიოდ ჩანს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა ახალმა კანონებმა, საპოლიციო რეჟიმის გამკაცრებამ, განსაკუთრებით რეგიონებში, ორგანიზება, საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი, კომპანიისა თუ ხელსუფლების კრიტიკა, კიდევ უფრო მეტად რთული და საფრთხის შემცველი გახადა – “დაღლილია ხალხი, აღარ აქვს ბრძოლის უნარი. იქ უკვე ვეღარ დადგები, სტრატეგიულ ობიექტად გადააქციეს, კანონი მიიღეს და მაშინვე დაგაპატიმრებენ”, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გოჩა.
ფოტო 5 – გოჩა კუპატაძე და გიორგი გაფრინდაშვილი, ვენახის შეწამვლის დროს. ჭიათურა, სოფელი შუქრუთი.
ზემო იმერეთის სოფლებში შიდა თუ გარე მიგრაციის მძიმე შედეგები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ეს განცდა ყოველ ჩასვლაზე მძაფრდება – გეუფლება სევდა და შიში, რომ მომდევნო ჩამოსვლაზე ნაცნობი შესაძლოა არავინ დაგხვდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხალხმა აქაურობა რამდენიმე მიზეზით დატოვა.
პირველი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრების შიშია – დაბზარულ მიწაზე აშენებულ სახლებში დარჩენილ ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხისგან არაფერი იცავს. გარდა ამისა, დაბინძურებული გარემო, მიწა და წყალი ბავშვისა თუ კარიერზე დასაქმებული მუშის ჯანმრთელობას ერთნაირად ანადგურებს. ამასთან, არავინ იკვლევს, რეალურად რა ზიანს აყენებს კომპანია ადგილობრივებს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ამას წლების განმავლობაში, სიმსივნისა თუ სხვა მძიმე რესპირატორული დაავადებების სახით.
მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი მაღაროში დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დარჩენაა, რამაც ქალაქში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. მაღაროელები პირად საუბარში გვეუბნებიან, რომ სოცკის რეორგანიზაციის პირობებში მშრომელები, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს, ახლა ბევრად რთულ სამუშაო გარემოში მუშაობენ. რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, ხოლო სამუშაო დატვირთვა გაიზარდა, ამ პირობებში შრომითი უსაფრთხოების ნორმები დაცული ისევ არ არის. მაღაროელები ამბობენ, რომ დასაქმებულებს სამუშაოსთვის აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთების მოთხოვნაც კი აღარ შეუძლიათ. მშრომელები ნებისმიერ სამართლიან მოთხოვნაზე იღებენ პასუხს: “თუ არ მოგწონს – წადი”. მაღაროდან სოცკის მმართველობის დროს გათავისუფლებულებს, სამუშაოდ სხვა ქალაქში ან ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ, რადგან ალტერნატიული სამსახურის პოვნა ჭიათურაში თითქმის შეუძლებელია.
ამის ფონზე – დაცარიელდა მაღაზიები, კაფე-ბარები, ბაზრობები – ყველგან იგრძნობა ეს სევდა – ქალაქი და მაღაროელები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სიღარიბისა და დიდი კაპიტალის ტყვეობაში არიან.
ფოტო 6 – მიტოვებული სახლი სოფელ შუქრუთში. მეზობლების თქმით, წლების წინ, როდესაც სახლზე ბზარების გაჩენა დაიწყო, აქ მცხოვრები ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო.
ადგილობრივების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კომპანია და სახელმწიფო რეგიონს მიზანმიმართულად ავიწროებს და ეკონომიკურ თუ სოციალურ სიღარიბეში გამიზნულად ამყოფებს. მათი აღქმით, “ჯორჯიან მანგანეზის“ სტრატეგია მარტივ, თუმცა მძიმე სცენარს ეფუძნება -ზემო იმერეთის სოფლები თანდათან უნდა დაიცალოს, მიგრაციის ტალღა კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანები საკუთარ სახლ-კარს იძულებით ჩამოშორდნენ. მოსახლეობის თქმით, დაცარიელებული სოფლები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, წინააღმდეგობის გარეშე გადათხაროს ადამიანებისგან მიტოვებული ეზოები, საცხოვრებელი სახლები და საჯარო სივრცეები, რათა მანგანუმის მოპოვების არეალი კიდევ მეტად გაფართოვდეს.
ფოტო 7 – დანგრეული, მიტოვებული სახლი სოფელ შუქრუთში
შუქრუთელები წლების განმავლობაში ითხოვდნენ “ჯორჯია მანგანეზისგან” საკუთარ სოფელსა და სახლებზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. 2024 წელს პროტესტის მონაწილეები უწყვეტი აქციების 6 თვის შემდეგ, დედაქალაქიში ჩამოვიდნენ. პარლამენტის წინ, სადაც მათ პოლიციამ კარვის გაშლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ჭიათურელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილს მიმართეს, აქციის ხუთმა მონაწილემ კი პირი ამოიკერა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციების ზემო იმერეთიდან გადმოტანა ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა – ხელისუფლებას დაზარალებულების სათქმელი და გასაჭირი უნდა გაეგო და კომპანიასთან სამართლიანი კომპენსაციების მიღებისთვის მოლაპარაკებები ეწარმოებინა, ან მარტივად რომ ვთქვათ, როცა ხელისუფლებას, მეინსტრიმულ მედიას ან უბრალოდ საზოგადოებას არ ესმის მოქალაქეების გასაჭირი – მათთვის ერთადერთი გამოსავალი რჩება – ცენტრში ჩამოსვლა, რომ ასე მაინც გააგონონ ხმა ყველას.
“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, “ჯორჯიან მანგანეზი” იმდენად გავლენიანია, რომ ჩვენი უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი”,- თქვეს შუქრუთელებმა 2024 წელს, პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ადამიანების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას ეხებოდა, ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, მეტიც, მის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულიად ემთხვეოდა კომპანიის მიერ გავრცელებულ ნარატივებს, რომ არაფერი ვთქვათ პროსახელისუფლებო მედიებზე, რომლებსაც პირდაპირ ჰქონდათ დავალებული აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ პროპაგანდისტული ტიპის სიუჟეტების მომზადება. წინასაარჩევნოდ შუქრუთელებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ისინი კვლავ მოატყუეს.
ჭიათურის სოფლებში მუშაობის დროს იმ ადგილობრივებსაც ვესაუბრეთ, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდნენ. მათი თქმით, სამომავლო გეგმისა და ბრძოლის სტრატეგიაზე მუშაობა ახლანდელ რეალობაში ბევრად რთულია. ადგილობრივი თამარ გურასაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, თუ რა ხერხებით მოახერხა 2024 წელს სამთავრობო მედიებმა და ხელისუფლებისგან მხარდაჭერილმა კომპანიამ პროტესტის ჩახშობა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობის ნაწილს სამართლიან, ღირსეულ კომპენსაციებს შეჰპირდნენ, სოფელი ორად “გახლიჩეს” და პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირეს – “ნახევარი სოფელი ქვევით ვიდექით, ვაპროტესტებდით – ნახევარ სოფელს შეჰპირდნენ, რომ აი, თქვენ გადაგიხდით და დანარჩენებს დაუპირისპირდითო. უნდოდათ, რომ დავეშალეთ”, – გვითხრა თამარმა.
ფოტო 8 – თამარ გურასაშვილს სოფელში ჩავარდნილი მიწების, დაბზარული სახლების სანახავად მივყავართ.
თამარის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” კანონები “თავის თავზე მოირგო”, რის გამოც საზოგადოებას არსებულ უსამართლობასთან დაპირისპირება უჭირს, თუმცა იგი გამოსავალს და გამარჯვების გზას ისევ სოფლის გაერთიანებაში ხედავს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ პროტესტი გარდაუვალია, რადგან დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს და ადგილზე ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმდება.
ფოტო 9 – სოფლებში მიწის რელიეფი არათანაბარია. კადრში ჩანს ჩავარდნილი, უსწორმასწორო მიწა და გადახრილი ჭიშკარი, რაც მხოლოდ ვიზუალური დეფექტი არ არის – ის მიუთითებს პროცესზე, რომელიც მიწის ქვეშ მიმდინარეობს. მანგანუმის მოპოვების შემდეგ წარმოქმნილი მიწისქვეშა სიცარიელე ზემოთ არსებულ ფენებს აღარ იჭერს, რის შედეგადაც მიწა ქვემოთ ვარდება.
ფოტო 10 – სოფელი შუქრუთი, შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა. ადგილზე მყოფმა მესაკუთრემ გვითხრა, რომ შენობას სასაწყობე სივრცედ იყენებს, თუმცა შიგნით შესვლა მისი ავარიულობის გამო უკვე ძალიან საშიშია.
მაყვალა ნეფარიძემ მთელი ცხოვრება სოფელ შუქრუთში გაატარა, მისი და მისი მეუღლის სახლი დაახლოებით 57 წლის წინ, გაშლილ მინდორზე აშენდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც “ჯორჯიან მანგანეზი” ადგილობრივების სახლებს საძირკველს არ უთხრიდა. დღეს, მათი სახლის პირველი სართულის, დაახლოებით, 80 სანტიმეტრი მიწაშია ჩამარხული, ეზო კი, რომელიც წლების წინ ვაკე იყო, ახლა მთა-ბორცვიანია. ოჯახს ვენახის ნაკვეთში, სახლსა და ეზოში კომპენსაციის სახით მხოლოდ 45 000 ლარი გადაუხადეს, რაც მათი თქმით, მიზერული თანხაა და აქ არსებულ ქონებას არ შეესაბამება.
ფოტო 11 – მაყვალა ნეფარიძე საკუთარ დაბზარულ სახლთან, რომლის პირველი სართული მიწაშია ჩამარხული.
ფოტო 12 – კადრში ჩანს ცოლ-ქმარის მიერ ეზოში სახელდახელოდ აშენებული პატარა სახლი, რომელიც იმავე ეზოში დგას. აქ მათ ღამის გათენება შედარებით უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.
ფოტო 13 – ეს მაყვალა ნეფარიძისა და მისი მეუღლის ძველი სახლია, რომელიც ყოველდღიურად მიწაში უფრო ღრმად იძირება. მისი თქმით, სახლში ნგრევის შიშის გამო მხოლოდ დღისით, და ისიც ცოტა ხნით შედის.
სოფელ შუქრუთის შემდეგ, სოფელ ზოდში წავედით. აქაც, ისევე როგორც, ზემო იმერეთის სხვა სოფლებში, მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, დასახლებული ადგილებიდან სულ რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს. აქ მიწისქვეშა სამუშაოები, კარიერები და საცხოვრებელი სახლები, ერთმანეთს ესაზღვრება. მიუხედავად კომპანიისა და სახელმწიფოს შანტაჟისა, ზოდში პროტესტი კვლავ გრძელდება. ზოდში კოოპერატორების გამოყენებით კომპანიამ გააფართოვა ღია-კარიერული წესით მოპოვება. არსებული სოციალური და ეკოლოგიური კრიზისის ფონზე, მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა დათანხმებოდა კომპანიის მიერ შემოთავაზებულ მინიმალურ კომპენსაციას, საკუთარ მიწის ნაკვეთებსა თუ სახლის ეზოში მანგანუმის მოპოვების სანაცვლოდ.
ფოტო 14 – “ნუ იქნები ღორი”- ბანერს ამ წარწერით სოფელი ზოდის შესასვლელთან შეხვდებით. იგი ადგილობრივების ერთგვარი პროტესტია იმ უკონტროლო მოპოვებითი სამუშაოების მიმართ, რომელსაც “ჯორჯიან მანგანეზი” დიდი მოგებისა და ოჯახების ნგრევის ფასად აწარმოებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სოფელი ზოდი მეწყერსაშიში ზონაა. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ეს გარემოებები და რისკი, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი არ არის და სამუშაოებსაც შესაბამისი კვლევების გარეშე ატარებენ.
ფოტო 15 – სოფელი ზოდი, საცხოვრებელი სახლებიდან და სამანქანო გზიდან 10-15 მეტრის მოშორებით ღია კარიერული წესით მანგანეცის მოპოვება მიმდინარეობს.
ჭიათურელები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური, საკუთარი ხალხისა და ამომრჩევლის გვერდით არცერთი პროტესტისა თუ გაფიცვის დროს არ დამდგარა. უკვე 530 დღეა, რაც ქალაქის ცენტრში, მერიის შენობის წინ, მაღაროელებს, პროტესტის ნიშნად, კარავი აქვთ გაშლილი და მორიგეობენ, ერთმანეთს ენაცვლებიან და ღამეებს ათევენ. თვეებია, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის კომუნიკაცია შეწყდა. მეტიც, ზოდელი კოტე აბდუშელიშვილი გვეუბნება, რომ ჭიათურის მერი გივი მოდებაძე გადაწყვეტილებებს წლებია მხოლოდ “ჯორჯიან მანგანეზის” საკეთილდღეოდ იღებს. მისი პროცესში ჩართვა მხოლოდ პროტესტის ჩახშობისა და კომპანიის დანაშაულების გადაფარვისკენ იყო მიმართული – “მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირ იდეოლოგიას. ის მთავარია იყოს ბიუროკრატიაში, მთავარია კომუნიკაცია ჰქონდეს “ჯორჯიან მანგანეზთან” და მიიღოს წილი იმ თანხებიდან, რა თანხებიც აკუმულირდება განადგურებული სოფლებიდან კომპანიაში”, – ამბობს “მაუწყებელთან” საუბრისას კოტე აბდუშელიშვილი.
ფოტო 16 – ჭიათურა, სოფელი ზოდი – კოტე აბდუშელიშვილი ღია კარიერის ფონზე.
ფოტო 17 – ალგი ჭოველიძე, სოფელი ზოდი.“არავის არ ეყურება ყურში, ლიჟბი მოთხარონ, წაიღონ, დააყენებენ გორებს, გამსწორებელი კი არავინ არ არის”, – გვითხრა ბატონმა ალგიმ, რომელიც დაბზარულ კედლებში წლებია მარტო ცხოვრობს, მის სახლს ბზარები ბოლო წლების განმავლობაში გაუჩნდა.
ფოტო 18 – ჭიათურა, სოფელი ზოდი, ღია კარიერიდან რამდენიმე მეტრში ადგილობრივი მიწას ამუშავებს.
2025 წელს ჭიათურელი მაღაროელების დაკავებას სამთავრობო მედიების პროპაგანდისტული კამპანია უძღოდა წინ. ჭიათურაში მიმდინარე აქციების დროს დააკავეს პროტესტის აქტიური მონაწილეები – გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი, მერაბ სარალიძე და არჩილ ჭუმბურიძე. მათი დაპატიმრება საპროტესტო კარავში, გვიან ღამით მოხდა. მაღაროელებს ბრალად კოროხნალის მაღაროს დირექტორზე თავდასხმა ედებათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით, ხოლო გველესიანსა და ჭუმბურიძეს – 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, აქაურები ამბობენ, რომ ორი მათგანი საერთოდ არ იმოყოფებოდა ადგილზე.
ჭიათურელების თქმით, რეალურად ბიჭები სახელმწიფოსა და კომპანიის სისტემურ დანაშაულებებთან დაპირისპირებისთვის ისჯებიან. მათთვის ქართული ოცნების მესიჯი ნათელია – ვინც საკუთარი მიწა-წყლისა და ოჯახის დაცვას, უფლებებისთვის ბრძოლას გადაწყვეტს – მას ციხე ელის. აქ ყველა ფიქრობს, რომ ეს ხალხის შესაშინებლად მოწყობილი საჩვენებელი დასჯაა,რაც გაბატონებულ უსამართლობასთან შეგუებას ისახავს მიზნად.
“დასაშინებლად იყო ყველაფერი, დააშინეს ხალხი… სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში იმას გვასწავლიდნენ, რომ უნდა დაიცვა შენი ოჯახი და შენი ოჯახის სიწმინდე, მაგრამ არ შეძლებულა თურმე ეს”, – გვითხრა გიორგი ნეფარიძის მეზობელმა და თანამებრძოლმა გოჩა კუპატაძემ.
ადგილზე ჩასულებმა სოფელ შუქრუთში გიორგი ნეფარიძის ხანშიშესულ მშობლებსაც ვესტუმრეთ. ამ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ახლა ციხეშია. პენსიონერი ცოლ-ქმარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ 495 ლარით თავის რჩენასთან ერთად, ციხეში შვილის დახმარებაც უწევთ. ისინი შვილისა და მისი მეგობრების დაკავებას უსამართლობად მიიჩნევენ და სასამართლო პროცესიდან იმ მონაკვეთს იხსენებენ, როცა საქმის მოწმემ გიორგი ვერ ამოიცნო. – “მოწმე ჰყავდათ ისეთი მოყვანილი, გიორგის საერთოდ რომ არ იცნობდა. დაუსვა ადვოკატმა შეკითხვა, რომ დაადო ხელი გიორგის, რომ გიორგიმ დაარტყა მაღაროს დირექტორსო. მოწმემ ხელი გველესიანს დაადო, როცა გიორგი პროცესს საერთოდ არ ესწრებოდა.”, – მოგვიყვა ნეფარიძის დედამ, ლია ივანაშვილმა.
ფოტო 19 – გიორგი ნეფარიძის მშობლები, ლია ივანაშვილი და ნოდარ ნეფარიძე – “გული მწყდება ძალიან, რომ არავინ, არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ გვკითხულობს… დაჩაგრულად ვგრძნობთ ძალიან თავს”
ფოტო 20 – ჭიათურის ცენტრი, საპროტესტო კარავთან დაკავებულების ბანერი წარწერით – “თავისუფლება ჩვენს თანამებრძოლებს! უსამართლობა არ გავატაროთ!”
ფოტო 21 – ეს პატარა “სახლი” ბორბლებზე, ქალაქის ცენტრში, მერიის წინ დგას. მაღაროელების თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლები ციხიდან არ განთავისუფლდებიან.
მიუხედავად პოლიტიკური შანტაჟისა და კომპანიის, სახელმწიფოსა თუ ყვითელი პროფკავშირების ერთობლივი წნეხისა, ჭიათურაში პროტესტის მუხტი არ ქრება. ის ცოცხლობს ოჯახებში, რომლებიც წინ უდგებიან კომპანიის თავნებობას; ცოცხლობს ქალაქის ცენტრშიც, სადაც მაღაროელები უკვე თვეებია კარავში ღამეებს ათევენ.
ფოტო 22 – “მშრომელები ვშრომობთ, მდიდრები მდიდრდებიან”- ბანერი ქალაქის ცენტრში, საპროტესტო კარავთან.
ჭიათურიდან ჩვენ მიერ მომზადებული სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ აქ






















