როგორც მინდა რომ მახსოვდეს ისე ვწერ:
მარტის ბოლო იდგა. აქსესუარების რამდენიმე კომპანიაში კურიერად ვმუშაობდი. წინა დღით, უკვე მომდევნო დღის შეკვეთები ვიცოდი ხოლმე და მეორე დღეს ოცდახუთამდე შეკვეთა მქონდა დასარიგებელი. სულ მურტალი მისამართები.
იმ დღესაც დაღლილი ვიყავი, ამიტომ თავი შევიგულიანე, ადრე დავწვები, რომ ადრე ავდგე, საუზმობა მოვასწრო და ამდენ შეკვეთას მშვიდად გავუმკლავდე-თქო.
თორემ ხომ იცით როგორცაა, მძღოლობისას ერთ რამეზე თუ მოგეშალა ნერვები, მერე მთელი დღის გზა გიცუდდება.
მშიერზე კიდე…
ბენზინის ბაკი სულ სავსე მქონდა და ტკბილად ჩავიძინე.
შუაღამისას ბექა ხაჩიძემ და ლევან სარალიძემ გამაღვიძეს, მოპედი გვათხოვეო. კარგა ხანი იყო არც ერთი არ მენახა. მე აღარ ვმსახიობობდი და თეატრისკენაც იშვიათად ვიხედებოდი. ხვალ რომ არ ვმუშაობდე გათხოვებდით, მაგრამ ვმუშაობ და ახლა ვერაფრით გაგატანთ-მეთქი.
ზუსტად ორ საათში დაგიბრუნებთო! ნერვებს ნუ მიშლით, რითაც ადამიანი ფულს შოულობს ის არ უნდა გამოართვათ-მეთქი. სერიოზული საქმისთვის გვჭირდებაო, ნასვამები ხომ არ ხართ-მეთქი, არაო, მაშინ მითხარით რაში გჭირდებათ, აი, მაგას ჯერ ვერაფრით ვერ გეტყვით, არ გეწყინოსო. ორ საათში ღამის სამი საათი იქნება, კარგად უნდა გამოვიძინო, ხვალ ვმუშაობ.
– ე, ძმაო, დაიძინე შენ, ღია დატოვე კარი და გასაღებს აგერ აქ დაგიდებ, არც შენ გაგაღვიძებ და მოპედსაც უვნებელს დაგიბრუნებ. მერე იმასაც გეტყვით რაში დაგვჭირდა და თან შენი ხასიათი რომ ვიცი, მაგრადაც გაგისწორდება.
-აჰა, გასაღები, და რომ მოხვალთ დაბმა არ დაგავიწყდეთ, მომწერეთ მაინც და თუ მეღვიძა ჩამოვალ.
-თემო, რომაელები ამბობდნენ, შუაღამემდე თუ არ დაიძინე, ნუღარ დაიძინებ, ადრე ადგომაში ჩაგეთვლებაო. – მომაძახა ხაჩიძემ და წავიდნენ.
ამ ჩათლახმა ჰო ეს ფრაზა სპექტაკლ “შობის მეთორმეტე ღამიდან” მითხრა და მე კიდე ფიქრებში წავედი და ვეღარ დავიძინე, გამახსენდა, ასე მეათე კლასში ვიქნებოდი, ხაჩიძე მერვეში, როცა თეატრალურის სტუდენტებს რამდენიმე საათით სტუდბილეთები გამოვართვით, დავასკანერეთ და უკან დავუბრუნეთ. მერე ფოტოშოპით ჩვენი სახელები დავაწერეთ, ამოვბეჭდეთ, ჩვენი სურათები დავაკარით და ლამინირებაში ჩავსვით.
ჩვენი ყალბი სტუდენტურებით, ესე იგი, შეღავათიანი ბილეთებით სამ წელიწადში, ასე სამასამდე სპექტაკლი ვნახეთ, ზოგი 3 ლარად, ზოგი 1 ლარად, ზოგი 50 თეთრად, და ზოგ თეატრში კი “სტუდენტებს” სულაც უფასოდ გვიშვებდნენ.
რუსთაველის თეატრის არქიტექტურა ხომ ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის, თაბუკაშვილის ქუჩიდან, პატარა კენჭით რომელიმე მანქანის სიგნალიზაციას ჩავრთავდით, ანდა რაიმე სხვა ხერხით გავიტყუებდით დარაჯს პოსტიდან და მერე უცებ შევიპარებოდით ხოლმე. ხშირად სპექტაკლის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე შევდიოდით და დავხეტიალებდით შენობაში, სადაც “ჩვენი ოთახიც” კი გავიჩინეთ. მიგდებული ოთახია, მგონი მთელი ეს ხანი შიგნით არავინ შესულა და ჩვენი სახელები დღემდე აწერია კედლებს.
სამასამდე სპექტაკლი- თქო რომ ვამბობ, თეატრში გატარებულ მხოლოდ სამას საღამოს არ ვგულისხმობ. ზოგიერთი მათგანი არაერთხელ გვქონდა ნანახი, მაგალითად თემურ ჩხეიძის
“არტ-ხელოვნება”(პიესის ავტორი: იასმინა რეზა), ასე ოცდამეშვიდედ რომ ვნახეთ, მას მერე თვლაც
აგვერია, სტურუას “შობის მეთორმეტე ღამე” (შექსპირი) და თუმანიშვილის “ჩვენი პატარა ქალაქი” ( გაბრიაძე, უაილდერი), პირველად ნახვის შემდეგ, რამდენჯერაც დაინიშნა იმდენჯერ დავესწარით და რვეულებიც კი გვქონდა, სადაც ნანახ სპექტაკლებს აღვრიცხავდით და ჩვენ შთაბეჭდილებებს ვინიშნავდით, ერთმანეთს ვეკამათებოდით ან ვეთანხმებოდით ხოლმე.
და აი, ჯერ კიდევ მაგ დროიდან მატრიცასავით ვისხლეტდით ნაცნობი მსახიობების ფრაზებს: “არ ჩააბაროთ ბიძიკო, არ გინდათ” “თეატრი კარგია დარბაზში რომ ზიხარ” “ნეტა სხვა რამეზე მესწავლა” და ა.შ.
მახსოვს, ყველაზე მეტად მოქმედი სტუდენტების ფრაზები მაღიზიანებდა “მეც კარგი მეგონა და სანამ დროა გადაიფიქრე, არ ჩააბარო”
იქნებ ასეთების ჯინაზეც, შემოთავაზებული შვიდი ფაკულტეტიდან განაცხადი მხოლოდ ერთზე შევავსე, აღმაშენებელივით უკან დასახევი უნდა მოვიჭრა-მეთქი.
შიდა გამოცდაზე მიღებული დაბალი ქულით კი ორიდან მეორეში, “ნაკლებპრესტიჟულ” ჯგუფში მოვხვდი.
რას ნიშნავს ნაკლებპრესტიჟული ჯგუფიო?- როცა, სწავლა დავიწყე, ლექციები დილიდან საღამომდე მქონდა და მეათეკლასელ ბექასაც ვეღარ დავყვებოდი ყოველ საღამოს სპექტაკლებზე და ამის გამო ჩემზე ცოტა ნაწყენიც იყო – ვატყობდი.
– რას და დავუშვათ, აცივდა. პრესტიჟულ, ისედაც უკეთეს აუდიტორიაში, ბევრად ადრე აყენებენ გათბობას. ვინმე უცხოელი ჩამოვიდა, რამე ვორქშოფს ატარებს და ლიმიტია დასწრების? ჯერ პრესტიჟულ ჯგუფებს იმას იზამენ, მერე დარჩენილ კვოტებს შენ გადმოგიგდებენ. ფილმის კასტინგი თუა, ჯერ იმათ ეუბნებიან და შენ შეიძლება შემთხვევით გაიგო
-ძალიან არასამართლიანია – ალბათ რაღაც ეგეთი მიპასუხა ბექამ და რუსთაველის თეატრში რამე სპექტაკლზე შევიდა, მე კიდე თეატრალურში ავბრუნდებოდი.
მერე სწავლაზე გადართული, კიდე კარგა ხანს ვეღარ ვნახავდი, ბოლოს რაღაცნაირად დროს გამოვძებნიდი და რამე სპექტაკლზე წავიდოდით, სადაც მე უკვე სხვანაირი ტერმინებით დავიწყებდი ლაპარაკს, რითაც ბექას გავაღიზიანებდი და იმასაც წავეწუწუნებოდი, რომ თამაში მინდა ძალიან და თეატრალურში კი მხოლოდ ეტიუდებს მაკეთებინებენ, მაგრამ თან იმასაც დავუმატებდი, რომ სცენაზე დგომა, ჩვენ სხვა რაღაც გვეგონა და თურმე სულ სხვა რაღაც ყოფილა.
– აი ჩააბარებ და მიხვდები.
– ატყობ, რომ შენც ისეთნაირი სტუდენტი ხდები, როგორებიც არ გვევასებოდა?
– ვატყობ კი.
უნივერსიტეტში სწავლისას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სტუდენტების უმეტესობას “უკრძალავენ”, “არ უშვებენ” უნივერსიტეტის გარეთ სპექტაკლებსა და ფილმებში მონაწილეობის მისაღებად, იმ მიზეზით, რომ “ჯერ კიდევ არ უჭირავს პროფესია ხელში”. ამ მიზეზის არსი ნამდვილად მესმის, მაგრამ უკვე სრულიად შეუსაბამოდ მიმაჩნია ახლანდელ კონკურენტულ დროში, როდესაც მსახიობი ბევრია – სამუშაო კი ცოტა.
იქნებ უკეთესიც იყოს, შენი სტუდენტების მხოლოდ “სწავლებაზე” კი არა, მის დასაქმებაზეც იფიქრო და არ შეზღუდო, როდესაც ვინმე სადმე “ეძახის”.
პირადად მე, სტუდენტობისას ძალიან ბევრ როლზე მითქვამს უარი, რაც დაუსაქმებლობის მტანჯველ მონაკვეთებში ცუდად გამხსენებია და მინანია: “რატომ ჩუმად არ გავიპარე?!”.
თეატრი თუ არ გიყვარს, ისე იქ ვერ გაჩერდები და თუ გიყვარს, თამაშის გარეშე ჰო არ შეგიძლია. ეს თეატრში მომუშავეებმა ძალიან კარგად იციან და ალბათ ამიტომაც იყო, ერთ სამხატვრო
ხელმძღვანელს, საზიზღარ რეპლიკაზე, ვერაფერი რომ ვერ ვუპასუხე. გასაუბრებისას მითხრა: “ნუ გეშინია, მშიერს არ დაგტოვებთო” მთელი შეხვედრის განმავლობაში, მე და ჩემ კოლეგას იმას გვიხსნიდა, თუ რა მაგარ თეატრში შევდგით ფეხი, რა სამომავლო გეგმები ჰქონდა და საუბრის ბოლოს მორიდებით რომ ვკითხე, ხელფასი რამდენი გვექნება-თქო, ეს მიპასუხა.
გამოვედი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. კაცი ასე მაღალ მატერიებზე მელაპარაკებოდა და მე ხელფასზე კითხვა რა ნამუსით დავუსვი-მეთქი.
-სულ ტყუილად ნანობ – მითხრა ბექამ, ამ დროს უკვე ისიც სტუდენტი იყო, თემურ ჩხეიძის მოსწავლე- შენი შრომაა და ვალდებული იყო ეპასუხა ხელფასზე.
მე უკვე დამთავრებული მქონდა თეატრალური, პარალელურად ათას რამეს მოვედე ფულის საშოვნელად, ყველაზე აბსურდული მაინც ის იყო, ქუჩაში რომ ისეთ გაზეთებს ვყიდდი, არავის რომ არაფერში ჭირდებოდა. 2 ლარად ვყიდდი და აქედან ლარი მრჩებოდა. 2 დღე ვიმუშავე, სამ ცალზე მეტი ვერ გავყიდე.
ამასობაში ენთუზიაზმი ქრება და შენც ძლივს ახერხებ იმ მსახიობად არ გადაიქცე აბიტურიენტებს რომ ეუბნება: “დამიჯერე, არ გინდა, არ ჩააბარო”
და სცენაზე როგორი მსახიობები დგანან დღეს? არავისზე ნაკლები, მაგრამ ვინმე იტყვის, ძველ მსახიობებს ვერც კი შეედრებიანო. ძველი მსახიობების პროფესია კი მართლაც, მსახიობობა იყო. დილით ისინი მსახიობებად იღვიძებდნენ და გვიან ღამემდე მსახიობებად ცხოვრობდნენ. დღეს ასე არ არის.
დღეს რეპეტიციაზეც კი უჭირს მსახიობს კონცენტრაცია, იმიტომ, რომ დღის განმავლობაში კიდევ ბევრი, პროფესიასთან შეუსაბამო, ისეთი რამ აქვს გასაკეთებელი, რაც შემოსავალს მოუტანს.
საერთოდ აღარაფერს ვამბობ ყოველდღიურ რუტინაზე, რაც მეტყველების ვარჯიშებს, სხეულის მწყობრში მოყვანას, და ათას სხვა რამეს გულისხმობს. ვიღას ახსოვს ეს?!
ამიტომაა დღევანდელი მსახიობი მსახიობობას ჩამოცილებული, ან თუ თეატრშია, უენთუზიაზმოდ და უღიმღამოდ დარჩენილი.
როცა ბექამ და ლევანმა მოპედი დამიბრუნეს, ჯერ კიდევ არ მეძინა. ჩავედი. აღარ მიკითხავს რად უნდოდათ, აჟიტირებულები კი იყვნენ. ისევ თეატრზე ვლაპარაკობდით, მე როგორც იტყვიან “გამეხსნა” და ქადაგად დავეცი:
– მსახიობები დღეს დაბნეულ მდგომარეობაში ვართ, გინდა წარმატებულ სპექტაკლში ითამაშე გინდა წარუმატებელში, შენზე მაინც არავინ ლაპარაკობს, ყველაფერში რეჟისორი ან დრამატურგი წარმოჩინდება, გეგონება შენ იქ არაფერი გიქნია.
შედეგად შენი მნიშვნელოვნება, როგორც მსახიობის- შენივე საკუთარ აღქმაში კნინდება, შენი პროფესიული “პრინციპები” თითქოს ვიწროვდება, ადრე თუ რაიმეს რეკლამას არაფრის დიდებით არ დათანხმებოდი, “მაინც არავინ მიყურებს ვარსებობ თუ არა, მოდი დავთანხმდები, ამ მავნებლობის რეკლამას, ოჯახში ორ კაპიკს მაინც შევიტან”, მაგრამ აი ასე რომ მოიქცევი, საზოგადოება შეგდგება, როგორ?! თურმე შენ ჰო მსახიობი ხარ და როგორ არ გრცხვენია, ამა თუ იმ პოლიტიკურ იმაში რომ მიიღე მონაწილეობა, ან ამა თუ იმის რეკლამა რომ გააკეთე. მოკლედ უბედურ მსახიობს, კარგის დამნახავი არ ჰყავს, ცუდის იცოცხლე…
ბექა და ლევანი დამემშვიდობნენ, მალე მეც ჩამეძინა.
დილით მოპედს რომ დავხედე, წითელი პულველიზატორით იყო ერთი ორგან მოთხვრილი. გამიკვირდა. მეთქი სად იყვნენ, რა დააწერეს.
შეკვეთების დარიგებას შევუდექი, თეატრების წინ ასეთი წარწერები დავინახე: “მსახიობი, 20 ლარი” ჩათლახები, ნეტა როდის გამიმხელენ რომ მაგათ დაწერეს ეს წარწერები-თქო, გავიფიქრე და შეკვეთების დარიგება გავაგრძელე.
ვიღაცებს დღემდე ჰგონიათ რომ ჩემი დაწერილია. არა – მე არ ვყოფილვარ.