თურქეთი გზის გასაყარზე: რეპრესიების ახალი ტალღა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები

თურქეთი გზის გასაყარზე: რეპრესიების ახალი ტალღა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

21 ივლისი 2025

19 მარტიდან, სტამბოლის მერის და ოპოზიციის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს დაკავებიდან, თურქეთში საპროტესტო გამოსვლები და რეპრესიები გრძელდება.  იმამოღლუს სახალხო რესპუბლიკური პარტია აგრძელებს ქვეყნის გარშემო მიტინგების ორგანიზებას; მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც ტრადიციულად ერდოღანის ხელისუფლება ძლიერი იყო, მიტინგების ხალხმრავლობამ და დამსწრეთა განწყობამ, თურქული საზოგადოების მზადყოფნა ცვლილებისათვის კიდევ ერთხელ დაადასტურა.  ამავე დროს, ერდოღანის ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს რეპრესიებს სახალხო რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ, ოფიციალურად კორუფციასთან ბრძოლის სახელით.  კამპანიას ფაქტობრივად ღიად წარმართავს პრეზიდენტი ერდოღანი, რომელმაც ოპოზიციის მიერ მართულ სტამბოლის მერიას მრავალსაცეციანი რვაფეხა უწოდა რომლის საცეცები თურქეთის საზღვრებს სცდებოდა.  დააკავეს სტამბოლის რაიონების მერები, მერიის სხვადასხვა დეპარტამენტების უფროსები და თანამშრომლები, ბიზნესმენები და სხვები, ხოლო 31 მაისს, ოპერაციის მასშტაბები სტამბოლს გასცდა და დაკავებულებს შორის ადანის პროვინციის რაიონების მერებიც იყვნენ.

 

ამავე დროს, სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა და ტროლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 2023 წლის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაუქმდება და პარტიის სათავეში ყოფილი ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაბრუნდება.  მართალია პარტიული ყრილობის საქმეზე, 26 მაისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და ანალოგიურადვე, 30 ივნისს დანიშნულმა მეორე სხდომამაც საკითხის განხილვა ჯერ 8, შემდეგ კი 15 სექტემბრისთვის გადადო, მაგრამ იმის თქმა საბოლოოდ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო რთულია. გარდა ამისა, ყრილობის საკითხთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გამოააშკარავა რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ და მისი მომხრეები ღიად თანამშრომლობენ თურქეთის ხელისუფლებასთან. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ცხადი რაც ამომრჩევლის და საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, ქილიჩდაროღლუ იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება, სადაც, ნაცვლად იმისა რომ მაგალითად პარტიის შიდა საქმეებში ხელისუფლების ჩარევის წინააღმდეგ აზრი გამოეთქვა ან უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით დაეფიქსირებინა მოსაზრება, მან საზოგადოება მისი ღირსების შელახვის მცდელობაში დაადანაშაულა და დასძინა რომ პარტიის მტრების განადგურების ძალა შესწევს.  ქილიჩდაროღლუს ეს განცხადება, საზოგადოებამ ხელისუფლების იურიდიული ბერკეტების გამოყენებით, პარტიის ლიდერის პოსტზე დაბრუნებაზე თანხმობის გაცხადებად აღიქვა, რასაც ხელი შეუწყო იმანაც რომ ქილიჩდაროღლუს გუნდის არაერთი წევრი აქტიურად გამოდის სახელისუფლებო ტელეარხებზე, ექრემ იმამოღლუს და მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართულ სახელისუფლებო ნარატივებს აჟღერებს და  სახალხო რესპუბლიკური პარტიის 2023 წლის ყრილობის გაუქმებას ითხოვს.

 

ამგვარად, სახალხო რესპუბლიკური პარტია თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული აპარატის მთავარ სამიზნედაა ქცეული და მას ხელისუფლება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან უტევს.  პირველი მიმართულება მუნიციპალიტეტებია, რომლებიც, თურქეთში, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკური პატრონაჟის სისტემის პირველ საფეხურს წარმოადგენენ და ამავე დროს, ცენტრალურ როლს ასრულებენ პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის დამყარების საქმეში. თურქეთში მუნიციპალიტეტები არიგებენ სოციალურ დახმარებას, აგვარებენ ქალაქის თუ რაიონის ყოველდღიურ საჭიროებებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში.  შესაბამისად, ოპოზიციური მუნიციპალიტეტების დასუსტებით, თურქეთის ხელისუფლება ასუსტებს ოპოზიციის პირდაპირ კავშირს ამომრჩეველთან და ახალი ამომრჩევლის მოზიდვის საშუალებას უზღუდავს.  გარდა ამისა, ხელისუფლების ზეწოლა მუნიციპალიტეტებზე ოპოზიციას ასევე უზღუდავს ალტერნატიული კულტურული პოლიტიკის გატარების საშუალებას. ეს ნაბიჯი, თურქეთში, სადაც მუნიციპალიტეტები ხელისუფლების კონსერვატიული კულტურული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენენ, ხელისუფლებას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ის კულტურული დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც მან წლების განმავლობაში საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.  მუნიციპალიტეტების დასუსტების მიზნით, ღია რეპრესიებთან ერთად, თურქეთის ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების ორგანიზება. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში განსახილველად შევიდა კანონი, რომელიც მუნიციპალიტეტების საქალაქო დაგეგმარების უფლებებს ზღუდავდა და ცენტრალური ხელისუფლების როლს ზრდიდა, ხოლო მიმდინარე წლის 15 მაისს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა რომ მუნიციპალიტეტების კანონი საფუძვლიან გადახედვას საჭიროებდა.

 

რაც შეეხება ე.წ. პარტიული ყრილობის  საქმეს, მას შემდეგ რაც 2023 წელს, არჩევნებში დრამატული მარცხის შემდეგ, პარტიის წევრებმა ქემალ ქილიჩდაროღლუ გადააყენეს და მის მაგივრად ოზგურ ოზელი აირჩიეს, ქილიჩდაროღლუმ და მისი გუნდის წევრებმა მარცხი არ აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ყრილობის შემდეგ მათ ღიად უკმაყოფილება არ გამოუხატავთ, მათ ორგანიზება გააგრძელეს და ქემალ ქილიჩდაროღლუმ ანკარის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ოფისიც იქირავა, რაც თურქულმა საზოგადოებამ ქილიჩდაროღლუს მიერ პარტიის სათავეში დაბრუნებისათვის მზადების დასაწყისად შეაფასა. რამდენიმეხნიანი სიჩუმის შემდეგ კი ჰათაის ყოფილმა მერმა ლუტფუ სავაშმა, რომელიც პარტიის შიგნით ქილიჩდაროღლუსთან დაახლოებულ პირად მოიაზრება, წარსულში კი სახელისუფლებო პარტიის წევრი იყო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც ყრილობაზე დელეგატების მოქრთამვის საბაბით მის გაუქმებას მოითხოვდა და ყრილობის გაყალბებაში ექრემ იმამოღლუს და მისი გუნდის წევრებს ადანაშაულებდა.  თურქეთში, პარტიების შიდა არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგულირებს და მათ შედეგებს ადასტურებს, ხოლო ცესკოს გადაწყვეტილებები იურიდიულ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და თურქულ მედიაში აქტიურად დაიწყო გავრცელება ინფორმაციამ რომ სასამართლო პარტიის ყრილობის შედეგებს გააუქმებდა და პარტიის სათავეში ქემალ ქილიჩდაროღლუს დააბრუნებდა.  მართალია ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს რაიმე სახის განაჩენი ამ ეტაპზე არ არსებობს და ლეგალური თუ პოლიტიკური დეტალების გამო, იმის განჭვრეტა თუ რა ტიპის განაჩენს გამოიტანს სასამართლო საკმაოდ რთულია, მაგრამ სახელისუფლებო მედია ამ თემას აქტიურად იყენებს საკუთარ მაყურებელში იმ ილუზიის  შესაქმნელად რომ სრპ-ს შიგნით სრული ქაოსია და პარტიის ხელმძღვანელობას სათანადო პოლიტიკური უნარები არ გააჩნია.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, პროცესის ყველა მონაწილე მხარე აქტიურად აგრძელებს სვლების გაკეთებას.  თურქეთის ხელისუფლება აქტიურად ემუქრება სრპ-ს და მის ლიდერს ოზგურ ოზელს და ხელისუფლების სპიკერმა ომერ ჩელიქმა განცხადებაც გააკეთა, სადაც მან ოზელი პრეზიდენტის შეურაცხყოფაში, პოლიტიკურად მიუღებელი მეთოდებით ოპონირებაში და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, სახელისუფლებო მედიამ აქტიურად დაიწყო ქემალ ქილიჩდაროღლუს ქება, ხოლო ოზგურ ოზელის წინააღმდეგ, სტამბოლის მთავარი პროკურორის აქინ გურლექის მიმართ მუქარის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და საპარლამენტო კომისიაში შევიდა საქმე მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, ამჯერად პრეზიდენტის და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის ბრალდებით.

 

სახალხო რესპუბლიკური პარტია და მისი ლიდერი, ოზგურ ოზელი, ხელისუფლების რეპრესიული ზომების საპასუხოდ, ამომრჩევლის და საზოგადოების ორგანიზებას აგრძელებენ, რის ერთ-ერთ მთავარ მეთოდადაც პარტიის მიერ თურქეთის მასშტაბით მასობრივი მიტინგების ჩატარება გვევლინება.  განსხვავებით სრპ-ს ტრადიციული მეთოდიკისა, რომელიც მიტინგების დიდ ქალაქებში ან პარტიის მხარდაჭერით ცნობილ პროვინციებში ჩატარებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად მიტინგების მთავარი სამიზნე ერდოღანის მხარდაჭერით ცნობილი პროვინციები და ქურთული პოლიტიკური მოძრაობის მიერ დომინირებადი რეგიონებია.   ეს სტრატეგია, თუკი მიტინგებზე დასწრების რაოდენობას და პოლიტიკურ ატმოსფეროს შევხედავთ, ამართლებს. მაგალითად ქალაქ იოზგათში, რომლის მოსახლეობის უმეტესობაც უშუალოდ ერდოღანის და მისი პარტიის მთავარი პოლიტიკური პარტნიორის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ტრადიციულ მხარდამჭერად მოიაზრება და სადაც 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში სრპ-მ ხმების მხოლოდ 2% მიიღო, სრპ-ს მიტინგი ძალიან ხალხმრავალი გამოდგა და განსაკუთრებით ხელისუფლების მომხრე წრეებში შოკის ეფექტი ჰქონდა.  იოზგათის შემდეგ, სრპ-მ რისკიანი ნაბიჯი გადადგა და დიდი მიტინგი დააანონსა ქალაქ კონიაში, რომელიც გარდა იმისა რომ სტერეოტიპულად ისლამისტური პარტიების მხარდაჭერითაა ცნობილი, ეროვნული თვალთახედვის – მოძრაობის, რომლის წიაღიდანაც პრეზიდენტი ერდოღანი გამოვიდა და ზოგადად თურქეთის ისლამურ-კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობისათვის დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს.   ეს მიტინგიც ხალხმრავალი აღმოჩნდა და თურქეთის ოპოზიციურ წრეებში და მედიაში პოლიტიკურად წარმატებულ ნაბიჯად იქნა შეფასებული.  სავარაუდოდ სწორედ ეს, ოპოზიციის მიერ ტრადიციულად ხელისუფლების მხარდამჭერად მოაზრებულ ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების ტაქტიკა და მისი წარმატება იყო მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლებამ რეპრესიული ტალღის გაძლიერების და მოსალოდნელზე სწრაფად მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გარდა, სრპ-ს კიდევ ერთი გამოწვევა ეთნიკურად ქურთი ამომრჩევლების და მათი საკმაო ნაწილის მხარდაჭერილი ხალხთა თანასწორობის და დემოკრატიის პარტიის ოპოზიციური ბლოკის შიგნით შენარჩუნებაა.  ხთდპ და მისი წინამორბედი, ხალხთა დემოკრატიული პარტია, მას შემდეგ რაც მრავალწლიანი რეპრესიების და საარჩევნო წარმატებების უგულებელყოფის (პარტიის მიერ არჩევნების გზით მოგებულ მუნიციპალიტეტებში ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით აპატიმრებდა მერებს,შლიდა საკრებულოებს და მუნიციპალიტეტების გამგებლად ცენტრიდან გამოგზავნილ მოხელეებს ნიშნავდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, აღძრული საქმეების იურიდიული მხარე როგორც წესი პრობლემური იყო.) მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამ ქურთული მოძრაობის ნეიტრალიზაცია ვერ შეძლო, ხოლო სირიაში მიმდინარე პროცესებმა თურქეთის უკვე მეორე მოსაზღვრე ქვეყანაში ფაქტობრივი ავტონომია შექმნა, თურქეთის ხელისუფლებამ ქურთული მოძრაობის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის ან უკიდურეს შემთხვევაში მისი თურქული ოპოზიციისაგან ჩამოშორების ახალ მეთოდს მიმართა, რომელიც თურქეთის სახელმწიფოს და ქურთისტანის მუშათა პარტიას – შეიარაღებულ ფორმირებას რომელიც 1984 წლიდან შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახალ სამშვიდობო პროცესს დაეყრდნო.  წინა სამშვიდობო პროცესი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით 2013-2015 წლებს შორის მიმდინარეობდა, მას შემდეგ რაც ხდპ-მ ათპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახა და პრეზიდენტ ერდოღანის სამართლიანობის და აღმავლობის პარტიის ერთპიროვნულ ძალაუფლებას წერტილი დაუსვა, დღემდე ბოლომდე გამოუძიებელი მოვლენების ჯაჭვის შედეგად დასრულდა, შეიქმნა ფაქტობრივი ულტრანაციონალისტური კოალიცია ერდოღანის საპ-ს და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას შორის და 2015 წლის 1 ნოემბერს ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შემდეგ, ნაციონალისტური და მილიტარისტული რიტორიკის გამოყენებით, საპ კვლავ ერთპიროვნულად მოვიდა ხელისუფლებაში. ამის შემდეგ ერდოღანმა წარმატებით მოახდინა ხელისუფლების კონსოლიდაცია, რომელმაც პიკს  შეუზღუდავი საპრეზიდენტო რეჟიმი ჩამოყალიბებით მიაღწია.  ახლანდელი სამშვიდობო პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მხარდამჭერები ტერორისაგან თავისუფალი თურქეთის შექმნის პროცესს უწოდებენ, მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს და პატიმრობაში მყოფ ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელს და მთავარ იდეოლოგს აბდულლაჰ ოჯალანს შორის მოლაპარაკებებს ემყარება და სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.

 

ოფიციალურად, სამშვიდობო პროცესი თურქეთის დემოკრატიზაციას და ქურთისტანის მუშათა პარტიის თვითლიკვიდაციას ემყარება. ოჯალანის მოწოდებას თვითლიკვიდაციის შესახებ პარტიის ფაქტობრივი ლიდერები ოფიციალურად დაემორჩილნენ და გამოაცხადეს რომ ისინი ბრძოლის ახალ ეტაპზე, დემოკრატიული საზოგადოების შენებისათვის მშვიდობიანი ბრძოლის ეტაპზე გადასვლისათვის სრულ მზადყოფნაში არიან. თუმცა ორგანიზაციის წევრებს იარაღი არ ჩაუბარებიათ, არ დაუტოვებიათ პოზიციები და აცხადებენ რომ ახლა ისინი თურქეთის სახელმწიფოსგან ისეთ ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან როგორიცაა საგამოძიებო კომისიის დაარსება, საგანგებო ტრიბუნალის შექმნა რომლის წინაშეც როგორც ისინი, ისე თურქული სახელმწიფოს წარმომადგენლები წარდგებიან და საკანონმდებლო ცვლილებების შემოტანა რომელიც ქურთი ხალხის უფლებებს დაიცავს.  თურქეთის ხელისუფლება, ამ საკითხებთან მიმართებაში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ერდოღანი და მისი მთავარი მოკავშირე, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი მხოლოდ ახალი კონსტიტუციის საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს.  ქმედით ნაბიჯად ვერ იქცა ვერც ნაწილობრივი ამნისტიის პროექტი, რომელზეც ხთდპ დიდ იმედებს ამყარებდა და თვლიდა რომ ის პარტიის პოლიტიკურ ნიადაგზე პატიმრობაში მყოფი წევრების და მხარდამჭერების ერთი ნაწილის გათავისუფლების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო. კანონმა მხოლოდ ასაკოვანი და მძიმე ავადმყოფი პატიმრების ერთი ნაწილი მოიცვა, ხოლო უფრო მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, მმართველმა კოალიციამ ხთდპ-ს შემოდგომამდე მოცდისაკენ მოუწოდა.   მიუხედავად ქმედითი ნაბიჯების ნაკლებობისა, სამშვიდობო პროცესმა ქურთული მოძრაობის პოლიტიკური ფრთის მეტნაკლები პარალიზება წარმატებით შეძლო და პარტია, რომლის მმართველი კადრების დიდ ნაწილს იმის გამბედაობა და იდეოლოგიური განათლება რომ ოჯალანის განცხადებებს კრიტიკულად მიუდგეს არ გააჩნია, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  ერთი მხრივ ოჯალანის განცხადებების უგულებელყოფა, პარტიის შიდა იდეოლოგიური დისციპლინიდან გამომდინარე შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ოჯალანის განცხადებების მიუხედავად, პარტიის ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად ოპოზიციურია და ერთადერთი ცვლილება რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ჩანს, ის არის რომ ბოლო კვლევის მიხედვით, ხთდპ-ს ამომრჩევლის რაოდენობა რომელიც მზადაა ხმა ერდოღანს მისცეს 2%-დან 6%-ამდეა გაზრდილი.  შესაბამისად, შექმნილ რეალობაში პარტიის ლიდერები ერთი მხრივ ხელისუფლების და ოჯალანის ორთოდოქსი მხარდამჭერების, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი ამომრჩევლის უმრავლესობის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათი პოლიტიკური მანევრის არეას მკვეთრად ზღუდავს, თუმცა მათ ოპოზიციურ სპექტრზე დარჩენას უზრუნველყოფს. ასეთ რეალობაში, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ნაბიჯები, მაგალითად აბდულლაჰ ოჯალანის ვიდეო განცხადების გავრცელება სადაც მან ბრძოლის არსებული ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა და 12 ივლისს, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების ერთი ნაწილის მიერ იარაღის დაყრის სიმბოლური ცერემონია, თუკი მათ თურქეთის ხელისუფლების მხრიდანაც რეალური ნაბიჯები არ მოჰყვება, ნაკლებად სავარაუდოა რომ არსებული სტატუს-კვოს შეცვლას ეყოს.

 

 

შესაბამისად, არსებულ რეალობაში, სრპ-ს ლიდერების მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ოპოზიციის კონსოლიდაციის შენარჩუნება და პარტიის პოლიტიკური რეპრესიების ტალღისაგან მაქსიმალური დაცვაა.  ოზგურ ოზელის წინაშე რთული ამოცანაა, რომლის გადალახვასაც ის ერთი მხრივ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებით, მეორე მხრივ კი კონტროლით ცდილობს. ოზელი აგრძელებს ყოველკვირეული მიტინგების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, რომლებიც ტრადიციულად ხელისუფლების მხარდამჭერად მოიაზრება, მაგრამ მეორე მხრივ ქუჩის მასობრივი აქციებისგან თავს იკავებს.  ოზელის ამ მიდგომას, განსაკუთრებით მემარცხენე სპექტრზე, სისუსტედაც მოიაზრებენ, თუმცა პარტიის ყოფილი ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს და მისი მომხრეების ხელისუფლებასთან ფაქტობრივი თანამშრომლობა და ხელისუფლების მცდელობები, სრპ-ს ძველი ხელმძღვანელობა პარტიის სადავეებში დააბრუნოს, გვაფიქრებინებს რომ ოზგურ ოზელის და ექრემ იმამოღლუს გეგმა სხვაგვარია და ისინი, საზოგადოების მობილიზაციის საკვანძო მომენტებში გამოყენებას გეგმავენ. ისე რომ, თუკი ერდოღანის ხელისუფლება სრპ-ს ხელმძღვანელობის სასამართლოს გზით ჩანაცვლებას ან პარტიის ლიდერების და დეპუტატების წინააღმდეგ საპოლიციო ოპერაციის ჩატარებას გადაწყვეტს, მასობრივი საპროტესტო აქციებისათვის საჭირო საპროტესტო მუხტი გახარჯული არ იყოს და მომენტუმის დაჭერა სწორ მომენტში მოხდეს.  ეს სარისკო ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ქალაქ მანისას პოპულარული ოპოზიციონერი მერის ფერდი ზეირექის დაკრძალვაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა ან ტრადიციულად ხელისუფლების მხარდამჭერ ქალაქ ბაიბურთში გამართული სრპ-ს მიტინგის უპრეცედენტო ხალხმრავლობა გვაფიქრებინებს რომ სრპ სოციალური მობილიზაციის შენარჩუნებას ახერხებს და სწორ მომენტში მისი კონტროლის პოტენციალიც გააჩნია.

 

ხელისუფლებამ, სრპ-ს ამ ნაბიჯს სავარაუდოდ ე.წ. პარტიული ყრილობის საქმის განხილვის გაჭიანურება შეიძლება დაუპირისპიროს და გადაწყვეტილების გამოტანა მაქსიმალურად დააბრკოლოს, იმ იმედით რომ  ოზგურ ოზელი და მისი გუნდი ვერ შეძლებენ სათანადო მუხტის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ამ კუთხით, ხელისუფლებას ხელს უწყობს თავად ქემალ ქილიჩდაროღლუს დუმილიც, სადაც ის პარტიის გარშემო დაწყებულ სპეკულაციებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს თავს არიდებს, მისი გუნდის წევრების სახელისუფლებო მედიასთან საუბრებში გაკეთებული განცხადებები კი სპეკულაციის გამწვავებას ისახავენ მიზნად.  თუმცა  ექრემ იმამოღლუს და მისი გუნდის წევრების უმეტესობის სიმტკიცე და  ხალხში არსებული ოპოზიციური განწყობები, ხელისუფლების მცდელობებს გაანეიტრალოს საზოგადოებრივი ოპოზიცია და საპროტესტო მუხტი, ძალიან ართულებს.  ირანში სიტუაციის დაძაბვა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების დასუსტება კი ახლო აღმოსავლეთში ქურთების პოზიციებს აძლიერებს, რაც ერდოღანის გეგმას თურქეთის მაცხოვრებელი ქურთების კოოპტაციასთან მიმართებაში ბევრად რთულ განსახორციელებელს ხდის, ხოლო ოპოზიციას ქურთებთან თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს აძლევს.  ამგვარად, შეიძლება ითქვას რომ თურქეთის ოპოზიციის წარმატების შანსები რეალურია და ხელსაყრელ მომენტამდე საზოგადოებაში სათანადო საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და მის სწორ მართვაზეა დამოკიდებული.