აქტივიზმი და პოლიტიკური ცნობიერება

აქტივიზმი და პოლიტიკური ცნობიერება

ავტორი: ვახუშტი მენაბდე

15 ივლისი 2025

„შეკრება დამთავრდა და […] სახლში დავბრუნდი. გზად ერთი პატარა, დაკეტილი და მიტოვებული შენობა მაჩვენეს. ეს ქალაქის სასამართლო იყო, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა, რადგან იქ სასამართლო განხილვა აღარ ხდებოდა.“ – ასე ასრულებს ლუიჯი ვილარი, 1905 წელს მაშინ ოზურგეთის გარეუბან „ექადიაზე“ გამართული სასამართლო პროცესის შესახებ თხრობას. ეს იზოლირებული ისტორია არ არის. მაშინ ასეთმა სასამართლოებმა გურიაში იმპერიული „მართლმსაჯულება“ ჩაანაცვლა. გურულებმა უარი თქვეს სამართლის საპოვნელად ცარისტულ სასამართლოში მისვლაზე და ის უფუნქციოდ დატოვეს. იგივე ბედი ეწიათ სხვა ოფიციალურ ინსტიტუტებსაც. ნომინალურად ისინი არსებობას განაგრძობდნენ, თუმცა ვერ წარმართავდნენ ყოველდღიურ საჯარო ცხოვრებას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გურულების დემოკრატიული წამოწყება რუსეთის იმპერიამ 1906 წელს სისხლში არ ჩაახშო.

 

ამ 120 წლის წინანდელი ისტორიის ანალიზი რამდენიმე კუთხიდან შეიძლება, მაგრამ დღევანდელი საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა  პოლიტიკური ცნობიერების საკითხი. გურულები უკმაყოფილონი არიან თვითმპყრობელობის სასამართლოთი, იციან რომ იქ სამართალს ვერ იპოვიან, მაგრამ, დააკვირდით, როგორ ახერხებენ ამ პრობლემის გადაჭრას: ისინი იმპერიისგან არ ითხოვენ სასამართლო რეფორმას, მითუმეტეს არ ითხოვენ მოსამართლის გამოცვლას, ცხადია, არც მოსამართლის გამოსწორებაა მათი მიზანი. გურულებისთვის გასაგებია, რომ ზემოდან თავსმოხვეული იმპერიული მართლმსაჯულება არასდროს იქნება სამართლიანი მათთვის, ამიტომ მას ადგილობრივით ცვლიან. ეს არ არის უბრალო ჩანაცვლება, სადაც ერთი მექანიზმის/ინსტიტუტის ადგილს მექანიკურად იკავებს მეორე, ისე რომ მექანიზმის ბუნება იგივე რჩება. ეს კოლაფსის შემდეგ წარმოქმნილ სიცარიელეში სრულიად ახლებური მექანიზმის გაჩენაა.

 

ამ მოვლენის გასაგებად მინდა გურული დიალექტისთვის დამახასიათებელი სიტყვა გამოვიყენო – „გამოცლა“. „გამოცლა“ სიტყვა „გამოცვლის“ სახეცვლილებაა (მაგ. „ბორბლის/ტანსაცმლის გამოცლა“), მასში შენარჩუნებულია ის ორმაგი მნიშვნელობა, რასაც სიტყვა „გამოცვლა“ გულისხმობს, მაგრამ ვერ გამოხატავს. კერძოდ, იმისთვის, რომ რაღაც გამოიცვალოს საჭიროა სიცარიელე. სწორედ ამ სიცარიელეს გამოხატავს გურული სიტყვა „გამოცლა“, ის მიანიშნებს არა მხოლოდ იმაზე, რომ ძველის ნაცვლად თვისებრივად ახალი რეალობა გვაქვს, არამედ იმაზეც, რომ ძველ რეალობას საფუძველი გამოეცალა. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე გურიის რესპუბლიკის შემთხვევაში, იმპერიულ სასამართლოს გამოეცალა საყრდენი, აღიარება, ლეგიტიმაცია. ჰაერში დარჩენილი მართლმსაჯულების სისტემა ჰაერშივე ქრება, შენობები ცარიელდება. სამაგიეროდ, ამ სიცარიელეს იკავებს ახალი რეალობა: სიცოცხლით ივსება მოედნები, სადაც სახალხო სასამართლოები ტარდება. ვილარი წერს, რომ 200 ქალი და კაცი მონაწილეობდა იმ სასამართლო პროცესში, რომელსაც ის ესწრებოდა.

 

სწორედ ასეთი პოლიტიკური ცნობიერება გვჭირდება. დღეს საქართველოში უკმაყოფილებამ ყველა სოციალურ ფენაში შეაღწია. რეჟიმის ერთი მუჭა მსახურების გარდა, ცხოვრებით კმაყოფილი არავინ არაა. თუმცა უკმაყოფილება მხოლოდ მაშინ შეიძენს პოლიტიკურ მნიშვნელობას, თუ შესაბამის ადრესატს იპოვის და მოითხოვს, რომ ის, ნამდვილი, ხალხის ინტერესების გამტარი ძალით ჩანაცვლდეს. ლიბერალური იდეოლოგია, ამ უკმაყოფილებას თავად ამ ადამიანისკენ მიმართავს, მას აკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარ პრობლემებზე, პრობლემის ინდივიდუალიზაციას აკეთებს და პოლიტიკურად ანეიტრალებს. ის ვერ ახერხებს კოლექტიურ, პოლიტიკურ ორგანიზებას, რადგან ინდივიდუალიზებულია. ასეთი პოლიტიკური ცნობიერება ბედსაა დანებებული და გამართლებისა და წყალობის (რაც არსებითად ერთი და იგივეა) იმედადაა დარჩენილი.

 

პოლიტიკური ცნობიერების სხვა ვარიანტი უკმაყოფილების ადრესატად ხელისუფლებას/რეჟიმს ხედავს და მას სთხოვს ცვლილებებს. ლიბერალური დემოკრატიის იდეა მას აჯერებს რეპრეზენტაციის რეალურობაში. ეს ტყუილი ასეთია: ხალხი თითქოს მართავს საკუთარ თავს/ქვეყანას არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, ძალაუფლება გადაეცემა პოლიტიკოსებს, რომლებიც, თითქოს, ხალხის საკეთილდღეოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. რეალურად საქმე სხვაგვარადაა, ხალხი ირჩევს არა საკუთარი რიგებიდან, არამედ ელიტური ჯგუფებიდან ერთ-ერთს. შედეგად, ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებში წარმოდგენილია არა ხალხი, არამედ ელიტაა – წარმოდგენილია არა ხალხის, არამედ ელიტის ინტერესები. ეს ელიტა რეპრეზენტაციულ ინსტიტუტებს იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად და წარმოქმნის იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ხდება ხალხის უკმაყოფილების საფუძველი. მოსთხოვო ელიტას ხალხის უკმაყოფილების მიზეზების აღმოფხვრა – იგივეა, მოსთხოვო მას საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

 

ამგვარი პოლიტიკური ცნობიერების კლასიკური მოდელია „აქტივიზმი“. აქტივიზმი ახერხებს პასუხისმგებელი სუბიექტის გამოკვეთას, ახერხებს ორგანიზებას, იმასაც კი ახერხებს, მოთხოვნები დააყენოს, მაგრამ ამ მოთხოვნების სუბიექტად ხელისუფლებას ასახელებს და მის გადალახვას ვერ ახერხებს. ის ხელისუფლებას საკუთარ წარმომადგენლად აღიქვამს და ელაპარაკება კიდეც მას როგორც წარმომადგენელს, როგორც „დაქირავებულს“ (ვისაც წარმოდგენის ფუნქცია დააკისრა გასამრჯელოს სანაცვლოდ), რომლის ვალდებულებაცაა მოუსმინოს ამომრჩეველს/დამქირავებელს. ეს ლოგიკა წარმოდგენილს და წარმომადგენელს ერთ სუბიექტად აქცევს. თუ ამ ლოგიკას შევატრიალებთ, გამოვა, წარმოდგენილი თავად არის იმ უკმაყოფილების სათავე, იმის მიზეზი რითაც შეწუხებულა. ასეთი პოლიტიკური ცნობიერება ვერ სცდება ლიბერალურ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც ინდივიდი საკუთარ უბედურებაზე თავად არის პასუხისმგებელი, ხოლო „ყველა ერი ისეთ მთავრობას იმსახურებს, როგორიც თავადაა.“ ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ინდივიდი ჩანაცვლებულია ინდივიდთა მექანიკური ჯამით („ყველათი“), რომელიც ვერ ახერხებს იქცეს, იმად რასაც რუსო „საერთო ნებას“ უწოდებს.

 

პოლიტიკური ცნობიერების ამ სახესხვაობას ახასიათებს ორმაგი აცდენა. ის ვერ ხედავს ტყუილს რეპრეზენტაციის იდეაში და ვერ ხედავს საკუთარ თავს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს (რომელსაც რეპრეზენტაცია არ სჭირდება). უფრო სწორად ვერ ხედავს საკუთარ პოლიტიკურ სუბიექტობას უშუალოდ და მხოლოდ რეპრეზენტატორის გავლით წარმოიდგენს მას. ის ვერ აყალიბებს „საერთო ნებას,“ სადაც ერთობა თავად ხდება საკუთარი ბედის წარმმართველი. ამაში აქტივიზმს ხელს უშლის, იგივე მიზეზი, რომელიც მას რეპრეზენტატორის იდეის მიმართ ნდობით განაწყობს – არსებული უკმაყოფილების საფუძვლების დანახვაზე უარის თქმა. აქტივიზმს იმისიც სჯერა, რომ მისი უკმაყოფილების მიზეზი ის დაავადებაა, რომელიც მის კონკრეტულ გარემოშია თვალხილული. ამიტომ განგაშს მხოლოდ იქ შემოჰკრავს, სადამდეც ამ არეალის საზღვრები აღწევს, იმ კონკრეტულ ხეობაში, იმ უბანში, იმ სოფელში, იმ პროფესიაში, იმ სოციალურ წრეში, რომელიც ამ საზღვრებში მოქცეულა. მოკავშირეებსაც მხოლოდ აქ ეძებს და არ სურს დაინახოს ფარული მეტასტაზები, რომელიც იმ ნიადაგს მოსდებია, რომელზეც მთელი საზოგადოება დგას. „აქტივიზმი“ სიმპტომებს მკურნალობს, სიმპტომის მკურნალობას აზრი არ აქვს საჭიროა მისი „გამოცლა“.

 

გურიის რესპუბლიკიდან მოყვანილი „გამოცლის“ მაგალითი, ამ „გამოცლის“ პროცესში წარმოქმნილი სიცარიელის ახალი შინაარსით შევსების შესაძლებლობას გულისხმობს. ამავდროულად ის მოითხოვს იმგვარ პოლიტიკურ ცნობიერებას, რომელიც მზადაა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი გახდეს. ასეთმა პოლიტიკურმა ცნობიერებამ ისიც იცის, რომ არსებული უკმაყოფილების მიზეზის მოსაგვარებლად უკმაყოფილების სათავესთან მისვლა გულუბრყვილობაა და ისიც, რომ მისი თემის, საზოგადოების, ხალხის არადამაკმაყოფილებელი რეალობის „გამოცლის“ უნარი მხოლოდ თავად ამ თემს, საზოგადოებას, ხალხს აქვს. ასეთი პოლიტიკური ცნობიერება, არავისზე არ ამყარებს იმედს, ის დაკმაყოფილების გზებს პოულობს საკუთარ ძალებში, არა სასწაულის მოლოდინში, არამედ აწმყოში განცდილ პოლიტიკურ ნებაში, შექმნას თანასწორი და დემოკრატიული წესრიგი.