ამ ინტერვიუს მომზადება 2026 წლის იანვარში დაიწყო — იმ დღეებში, როდესაც ირანი კიდევ ერთხელ იქცა გლობალური მედიის ყურადღების ცენტრად. მაშინ ქვეყანა მასშტაბურმა გამოსვლებმა მოიცვა, რასაც სახელმწიფო აპარატის მხრიდან უპრეცედენტო სისასტიკე და ათასობით ადამიანის მკვლელობა მოჰყვა. სწორედ ამ ქაოსის, გათიშული ინტერნეტისა და ტოტალური გაურკვევლობის პირობებში დავუკავშირდი შირინ კამანგარს, ირანელ მკვლევარსა და თეორეტიკოსს.
შირინ კამანგარის ფიგურა თანამედროვე ირანულ სააზროვნო სივრცეში განსაკუთრებულია. ის „მარქსისტული სპინოზიზმის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თანმიმდევრული წარმომადგენელია. კამანგარის პერსპექტივა ირანში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის თავდაყირა აყენებს დასავლურ მეინსტრიმ მედიაში გამოთქმულ ზედაპირულ და სტერეოტიპულ შეხედულებებს. კამანგარისთვის პოლიტიკური პროცესი არ არის მხოლოდ ლოზუნგების ბრძოლა; ეს არის ძალთა მიმართების მუდმივი ცვალებადობა, სადაც ეკონომიკა, რელიგია და სახელმწიფო ძალადობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული.
ჩვენი კომუნიკაცია რამდენიმე თვეს გაგრძელდა და არაერთხელ შეწყდა ინტერნეტის გათიშვის გამო. 2026 წლის 28 თებერვალს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა: აშშ-ისა და ისრაელის კოალიციური ძალები ირანს ღიად დაესხნენ თავს. ამ იმპერიალისტურმა აგრესიამ, რომელიც „ჰუმანიტარული ინტერვენციის“ სახელით მოინათლა, ქვეყანა უმძიმეს ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევამ, რასაც თან დაერთო მანამდე დაწყებული „შოკური თერაპიის“ სტილის ნეოლიბერალური რეფორმები, ირანის ყოველდღიურობა გადარჩენისთვის ბრძოლად აქცია.
საბოლოოდ, რამდენიმე თვიანი მცდელობის შემდეგ, ირანელმა მკვლევარმა მოახერხა თავისი სათქმელი ქართველი მკითხველისთვის მოეწვდინა. ეს ინტერვიუ არ არის მხოლოდ პოლიტიკური კომენტარი; ეს არის მცდელობა, დავინახოთ ირანი მისი შიდა სირთულეებით — დაწყებული „შარიფის ბიჭების“ ნეოლიბერალური ეკონომიკური ექსპერიმენტებიდან, დამთავრებული ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ბრძოლით, რომელიც ხშირად იმპერიალისტური ძალების მხრიდან მანიპულაციის საგანი ხდება.
ამ სტატიის მიზანია დაანგრიოს ის ხელოვნური კონსტრუქცია — „შინაური ტირანია თუ საგარეო განთავისუფლება“ — რომელსაც ხშირად პერიფერიულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, თავს ახვევენ. შირინ კამანგარის ანალიზი გვთავაზობს მესამე გზას, რომელიც ეფუძნება არა ილუზიებს, არამედ კონკრეტული პირობების მკაცრ მატერიალისტურ ანალიზს.
ჰუმანიტარული ინტერვენციის მითი და მემარჯვენე პროპაგანდა
მას შემდეგ, რაც იანვარში საუბარი ვცადეთ, ვითარება შიდა მღელვარებიდან აშშ-ისა და ისრაელის მონაწილეობით ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. როგორ შეცვალა ამ საგარეო აგრესიამ ირანის ყოველდღიურობა და პოლიტიკური ატმოსფერო?
სიმართლე გითხრა, მე არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი იანვრის პროტესტებისა და თებერვლის სამხედრო თავდასხმის გამიჯვნისას. ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში, ტრამპი თავის განცხადებებში მომიტინგეებს პირდაპირ მოუწოდებდა: „გააგრძელეთ პროტესტი – დაიკავეთ თქვენი ინსტიტუციები“ და აცხადებდა, რომ „დახმარება გზაშია“. უკვე აპრილისთვის, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა დაადასტურა, რომ ეს „დახმარება“ ქურთული ჯგუფების მეშვეობით მომიტინგეებისთვის იარაღის საიდუმლო მიწოდებას გულისხმობდა. მან ეს აშშ-ის აქტიურ ძალისხმევად წარმოაჩინა: „ჩვენ მომიტინგეებს ქურთების მეშვეობით იარაღი გავუგზავნეთ “.
ამ პროცესებში ისრაელმაც საჯაროდ განაცხადა თავისი ჩარევის შესახებ. იანვრის პროტესტის დროს, ისრაელის დაზვერვასთან დაკავშირებული სპარსულენოვანი სოციალური ქსელების ანგარიშები მომიტინგეებს მიმართავდნენ: „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ არა მხოლოდ შორიდან, არამედ აქ, ადგილზე“.
ამით იმის თქმა არ მინდა, თითქოს იანვრის აჯანყება მთლიანად აშშ-ისა და ისრაელის მიერ იყო შთაგონებული. თუმცა, მათი აქტიური ჩარევის უგულებელყოფაც ასევე არასწორი იქნებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ემიგრაციაში მყოფ ირანულ მემარჯვენე თემს — მათ, ვინც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას უჭერს მხარს — მძლავრი და კარგად დაფინანსებული მედია-აპარატი აქვს, რაც საზღვარგარეთიდან ოპოზიციური პერსპექტივის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბრიტანეთში ბაზირებული ორი ყველაზე გავლენიანი ქსელი, Manoto TV და Iran International, თანმიმდევრულად ცდილობს რეზა ფეჰლევი წარმოაჩინოს მოქმედი მთავრობის ერთადერთ სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად, რითაც სხვა დემოკრატიულ და მემარცხენე ოპოზიციურ ხმებს უკანა პლანზე წევს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი აფინანსებს მასშტაბურ ციფრულ პროპაგანდისტულ კამპანიებს. ისინი ყალბ ანგარიშებსა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ მასალას იყენებენ. ამგვარი ონლაინ-ოპერაციების მეშვეობით ხელოვნურად ხდება ისეთი ჰეშტეგების გავრცელება, როგორიცაა #KingRezaPahlavi; ეს კი იმ მიზანს ემსახურება, რომ სოციალურ ქსელებშიც ზუსტად ის ხედვა დამკვიდრდეს, რასაც სატელიტური არხები აქტიურად გადმოსცემენ.
ფაქტობრივად, უკვე თითქმის ათწლეულია, რაც ემიგრაციაში მყოფი მემარჯვენე ფრთა ირანის პროტესტებში აქტიურად ერევა. „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ (ჯინას აჯანყება) მოძრაობის დღიდან, რომელშიც მართებულად იგრძნეს რევოლუციური პოტენციალი, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა მოძრაობისთვის საკუთარი მიზნები მოეხვიათ თავს და ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ირანულ პროტესტებში გარკვეული კანონზომიერება ამოვიკითხოთ. აჯანყებები რადიკალური მოთხოვნებითა და ლოზუნგებით იწყება. შემდეგ, როგორც კი გამოსვლები მთელ ქვეყანას მოედება და ეროვნული მასშტაბის მოვლენად იქცევა — რაც გზას უხსნის მრავალფეროვან რევოლუციურ ჯგუფებს, იდეებსა და აქტივობებს — საქმეში ემიგრაციაში მყოფი მემარჯვენე ფრთა ერთვება. ისინი ცვლიან პროცესის დინამიკას, აქრობენ რადიკალიზმს და წინა პლანზე რეაქციულ ლოზუნგებსა და მოთხოვნებს აყენებენ. ამისთვის ისინი იყენებენ ხილვადობისა და უხილავობის განაწილების მექანიზმს, ზოგიერთ ხმას აძლიერებენ, სხვებს კი სრულად ახშობენ.
იგივე სცენარი გათამაშდა იანვარშიც. აჯანყება ბაზრიდან დაიწყო, რაც ნეოლიბერალური რეფორმებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა გაჭირვებამ განაპირობა, და თანდათან პროგრესული ლოზუნგებით მთელ ქვეყანას მოედო. ბაზარმა გაფიცვები მოაწყო, სტუდენტებმა კი საუნივერსიტეტო დემონსტრაციებით გამოხატეს მხარდაჭერა, რამაც პროტესტი კიდევ უფრო რადიკალური გახადა. ათი დღის განმავლობაში მოძრაობამ საკუთარი რიტმი იპოვა, რაც გზას უხსნიდა კოლექტიურ ორგანიზებას, სტუდენტურ აქტივიზმსა და იმ შემოქმედებით მუხტს, რასაც ნამდვილი პროტესტი შობს: სიმღერებს, გამოსახულებებსა და გრაფიტებს, რომლებიც რევოლუციურ სულს აღვიძებს, ხალხს იზიდავს და სოლიდარობის მძლავრ განცდას ქმნის. ამ ეტაპზე სახელმწიფო რეპრესიები მინიმალური იყო — მხოლოდ რამდენიმე დაკავებით შემოიფარგლებოდა — და თავის ისტორიაში პირველად, თავად სახელმწიფომაც კი აღიარა ეკონომიკურ ნიადაგზე დაწყებული პროტესტის ლეგიტიმურობა.
თუმცა, სწორედ მაშინ, როცა პროტესტი საკუთარ „მუსიკას“ პოულობდა და სხვადასხვა ჯგუფის ხმას აერთიანებდა, ემიგრაციაში მყოფმა მემარჯვენეობამ სრულიად შეცვალა სცენა და საყოველთაო აჯანყებისკენ მოწოდება დაიწყო, რასაც ასეულობით მომიტინგის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ მოვლენების ფორსირება სურდათ, რადგან ყველაზე უკეთ იცოდნენ: ნაკლები რეპრესიების პირობებში მიმდინარე ხანგრძლივი ეკონომიკური პროტესტი ნეოლიბერალიზაციის წინააღმდეგ, გარდაუვლად გადაიხრებოდა მემარცხენეობისკენ. რაც მთავარია, მათთვის ყველაზე მიუღებელი ხალხის ფართო ჩართულობა იყო პოლიტიკურ აქტივიზმში, საიდანაც მრავალფეროვანი დემოკრატიული მოთხოვნები დაიბადებოდა — მოთხოვნები, რომლებიც თავისი არსით გამორიცხავენ მონარქიის რესტავრაციის ყოველგვარ შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომაა რთული და მეტწილად მცდარიც, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ შიდა პროცესები და საგარეო ძალები. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე, დიდწილად, „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის“ ფარგლებში ირანისთვის დაწესებული სასტიკი სანქციების შედეგია. აშშ-ის სხვადასხვა ოფიციალური პირი ღიად აცხადებდა, რომ სანქციები გამიზნული იყო მოსახლეობის უკიდურეს მდგომარეობამდე მიყვანისთვის, რათა დაეჩქარებინათ რეჟიმის კოლაფსი. თებერვალში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა: „პრეზიდენტმა ტრამპმა ფინანსთა სამინისტროს ირანზე მაქსიმალური ზეწოლა უბრძანა და ამან იმუშავა. დეკემბერში მათი ეკონომიკა ჩამოიშალა. მათ აღარ შეუძლიათ საქონლის იმპორტი და სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში“.
ეს ცხადყოფს, რომ საჯარო რიტორიკის მიღმა, რომელიც „ირანელი ხალხის მხარდაჭერას“ ქადაგებს, დგას პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართულად უზღუდავს მათ წვდომას საკვებზე — ანუ, შიმშილს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს.
შენს კითხვას რომ დავუბრუნდე: იმას, რასაც „საგარეო აგრესიას“ უწოდებენ, მე ვამჯობინებ თავისი ნამდვილი სახელი — აშშ-ისა და ისრაელის იმპერიალისტური ინტერვენცია — დავარქვა; ეს არ არის ახალი ფენომენი. აშშ-ისრაელის მტრობა ირანის მიმართ ვერ დაიყვანება მხოლოდ იმ ორ ომამდე, რომელიც მათ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში წამოიწყეს. ვფიქრობ, ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს აგრესია 1979 წლის რევოლუციის პირველივე დღიდან დაიწყო, როგორც ღია, ისე ფარული ფორმებით. ომმა ეს ყველაფერი მხოლოდ სააშკარაოზე გამოიტანა და ხანგრძლივი ეკონომიკური ომი — რომელიც ხალხის, განსაკუთრებით კი მუშათა კლასის წინააღმდეგ იყო მიმართული — პოლიტიკურ ომად გარდასახა.
დიახ, ამან სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება საოცრად შეცვალა. რეზა ფეჰლევი და მთელი მემარჯვენე მედია-აპარატი ღიად მოითხოვდნენ უცხოურ ჩარევას და მას „ჰუმანიტარულ ინტერვენციად“ წარმოაჩენდნენ. თავად ფეჰლევი აცხადებდა: „დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე ადგილზეა. ეს ჰუმანიტარული ინტერვენციაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიული აპარატი და მკვლელობის მანქანაა და არა ირანის ქვეყანა და მისი დიდი ერი“.
თუმცა, ამ ინტერვენციის რეალური ბუნება — ერაყის, ლიბიისა და ავღანეთის ისტორიული პრეცედენტების მსგავსად — ყველაფერი იყო, გარდა „განმათავისუფლებელისა“. ნგრევა არ შემოფარგლულა მხოლოდ რეჟიმით, როგორც ამას მემარჯვენე ემიგრაცია ამტკიცებდა: თავდასხმების პირველივე დღეს, მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე მიტანილმა დარტყმამ 160-ზე მეტი მოსწავლე იმსხვერპლა. დაიბომბა სამედიცინო დაწესებულებები, განადგურდა სკოლები და უნივერსიტეტები, დაინგრა ხიდები, სისტემატურად შეილახა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამიზნეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც კი მოხვდა.
ამჟამად სკოლები და უნივერსიტეტები დაკეტილია, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ინფლაცია კი კატასტროფულად გაიზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგარეო ჩარევამ მხოლოდ გააუარესა ის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ომამდე არსებობდა — ანუ ის ეკონომიკური გაჭირვება, რამაც თავდაპირველად პროტესტი გამოიწვია. თუმცა, ომის შედეგად ეს ფუნდამენტური მოთხოვნა სრულიად მივიწყებულია. ვფიქრობ, ეს აშიშვლებს იმპერიალიზმისა და მისი მხარდამჭერების ნამდვილ სახეს: მათ მოახერხეს პროტესტის სამართლიანი მოთხოვნების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, ისე, რომ ხალხის ბედი და სიცოცხლე საერთოდ არ ანაღვლებდათ.
„ამაღამ მთელი ცივილიზაცია მოკვდება“: ილუზიების მსხვრევა ბომბების ქვეშ
ისტორია გვიჩვენებს, რომ საგარეო საფრთხეები ხშირად აძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმებს. 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომის დროს, ომი გარე აგრესორთან ისლამურ რესპუბლიკას შიდა ოპოზიციის განადგურებასა და ძალაუფლების განმტკიცებაში დაეხმარა. როგორ ფიქრობ, აშშ-ისა და ისრაელის ამჟამინდელმა ჩარევამ ხომ არ შეიძლება პარადოქსულად გააძლიეროს რეჟიმის პოზიციები და მისცეს მას იდეალური საბაბი, რათა „ეროვნული უსაფრთხოების“ საფარქვეშ საპროტესტო მოძრაობის ნარჩენები გაანადგუროს?
მე არ აღვწერდი იმ ცვლილებებს, რომლებიც აშშ-ისრაელის თავდასხმას მოჰყვა, უბრალოდ რეჟიმის რეპრესიული აპარატის გაძლიერებად. ეს უფრო „გამოღვიძებას“ ჰგავდა, წლების განმავლობაში ნაშენი ილუზიების მსხვრევასა და მემარჯვენე ფრთის მიერ გავრცელებული იდეების გადაფასებას. ომმა ძალთა ბალანსი დრამატულად შეცვალა. მანამდე რეჟიმი „აბსოლუტურ ბოროტებად“ იყო წარმოჩენილი და ნებისმიერი ალტერნატივა მასზე უკეთესი ჩანდა. ომმა ეს წარმოდგენა შეცვალა და დაამტკიცა, რომ უფრო დიდი ბოროტება საგარეო ინტერვენციაა.
ომამდე მემარჯვენე დისკურსი, რომელიც ინტერვენციას უჭერდა მხარს, დომინანტური იყო. იქიდან გამომდინარე, რომ იანვარში უამრავი მომიტინგე მოკლეს, რეჟიმმა სრული დელეგიტიმაცია განიცადა და აშშ-ის ჩარევით „რეჟიმის შეცვლა“ ერთადერთ შესაძლო გამოსავლად იყო წარმოჩენილი. თუმცა, ომის შემდეგ ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა საგარეო ინტერვენციის რეალობა, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ძვრა მათ პერსპექტივაში — როგორც ომის, ისე რეჟიმის მიმართ. ისინი ახლა სახელმწიფოსა და მის თავდაცვისუნარიანობას დაბომბვებისა და სიკვდილისგან თავის დაღწევის ერთადერთ წყაროდ მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ვხედავთ ბევრ ყოფილ მომიტინგეს, რომელიც ახლა აქტიურად მონაწილეობს ყოველღამეულ დემონსტრაციებში საგარეო ჩარევის წინააღმდეგ.
ხალხი მიხვდა, რომ იმპერიალისტური ინტერვენციის მიზანი მათი განთავისუფლება კი არა, ქვეყნის ნავთობრესურსებზე კონტროლის მოპოვებაა. ტრამპის განცხადებებმა Financial Times-თან ინტერვიუში — „სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი საქმე ირანის ნავთობის მითვისებაა“ — და მისმა მუქარებმა, რომ „ირანში ყოველი ხიდი განადგურდება“, ხოლო „ყოველი ელექტროსადგური დაიწვება, აფეთქდება და მწყობრიდან გამოვა“, ხალხს ამ ინტერვენციის ნამდვილი ბუნება დაანახა. მუქარამ, რომ ირანს ბომბებით „ქვის ხანაში“ დააბრუნებდნენ, მოსახლეობის მობილიზება გამოიწვია აშშ-ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ბევრმა ადამიანმა სპონტანურად შეკრა ცოცხალი ჯაჭვები ელექტროსადგურების გარშემო.
ტრამპის გამონათქვამებში ერთადერთი პოზიტიური ის იყო, რომ მათ სრულად დაამსხვრიეს მემარჯვენე მედიის მიერ შექმნილი ილუზიები. როდესაც მან უტიფრად განაცხადა: „ამაღამ მთელი ცივილიზაცია მოკვდება და ის ვეღარასოდეს აღდგებაო“, ამით წაშალა ის ილუზორული ზღვარი, რომელიც მანამდე სამოქალაქო პირებსა და სამხედრო ძალებს შორის იყო გავლებული.
ვფიქრობ, მემარჯვენე ფრთას აშშ-ისრაელის თავდასხმამ უფრო მეტად დაუკარგა ავტორიტეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რამემ. მათ მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში ნდობა დაკარგეს, რადგან ხალხი მიხვდა, რომ მათი მტკიცებების უმეტესობა უბრალოდ შეთხზული სიცრუე იყო. რეალურად, მჯერა, რომ ახლა გზა მემარცხენეობისთვის იხსნება: ანტიიმპერიალისტური დისკურსი ძალას იკრებს, მემარჯვენე ოპოზიცია კი სუსტია, როგორც არასდროს.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მე სახელმწიფოს არ განვიხილავ, როგორც რაღაც სტაბილურ, უცვლელ ერთეულს, რომელიც ხალხს ზემოდან აკონტროლებს. ჩემთვის სახელმწიფო ძალთა ცვალებადი მიმართებაა, რომლის ბუნებაც სხვადასხვა სოციალურ ძალასთან შეჯახებისას იცვლება. თუ ნებას მომცემ, მაგალითს მოვიყვან: მოძრაობამდე „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, მემარჯვენე ოპოზიცია ავრცელებდა აზრს, თითქოს ისლამური რესპუბლიკის არსებობა პირდაპირ ჰიჯაბთან იყო გადაჯაჭვული — თუ ქალები მის წინააღმდეგ აღდგებოდნენ, რეჟიმი დაემხობოდა, რადგან ჰიჯაბის მოხსნა ეწინააღმდეგებოდა მის ბუნებას. მოძრაობა შედგა (მოძრაობა, რომელსაც მე სრულად ვუჭერ მხარს და მიმაჩნია, რომ ის გულწრფელი იყო მანამ, სანამ მემარჯვენეები მის მითვისებას შეეცდებოდნენ) და ქალებმა მოიპოვეს თავისუფლად ჩაცმის უფლება.
თუმცა, ისლამური რესპუბლიკა არ დამხობილა. ეს უფლება ფორმალურად არ არის აღიარებული, მაგრამ პრაქტიკაში ქალების წინააღმდეგ ყველა რეპრესიული ზომა გაუქმდა. საინტერესოა, რომ ბევრი უჰიჯაბო ქალი ახლა მონაწილეობს საგარეო ინტერვენციის საწინააღმდეგო ღამის დემონსტრაციებში და სახელმწიფო ტელევიზია მათ იქ ყოფნას ამაყად აშუქებს. ირონია ისაა, რომ ირანული დიასპორის მიერ ორგანიზებულ აქციებზე, ფეჰლევის მომხრეები მონაწილეებს არ აძლევდნენ უფლებას ეყვირათ „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ — ისინი აკონტროლებდნენ შეძახილებს, რადგან ეს მათთვის ან მემარცხენე, ან რეფორმისტული სლოგანი იყო.
იმის თქმა მინდა, რომ 2026 წლის ისლამური რესპუბლიკა აღარ არის ძალაუფლების ის სხეული, რომელიც რევოლუციის პირველ წლებში ჩამოყალიბდა. კონიუნქტურა სრულიად შეიცვალა და ძალთა მიმართებაც სულ სხვაგვარია.
წითელ-შავი რეაქციიდან შოკურ თერაპიამდე: 1979 წლის მატერიალისტური წაკითხვა
ბევრ დასავლურ თუ რეგიონულ ანალიზში ირანის რეჟიმი თითქმის ექსკლუზიურად რელიგიური ან იდეოლოგიური ტერმინებით არის აღწერილი. თუმცა, ეს ხშირად ჩრდილავს იმ „ცივ კაპიტალისტურ ლოგიკას“, რომლითაც ის მოქმედებს. როგორ დაახასიათებდი მოქმედი რეჟიმის კლასობრივ ბუნებას? ვინ არიან მისი ეკონომიკური ბენეფიციარები და როგორ აისახება მუშათა კლასზე კაპიტალიზმის ის ფორმა, რომელსაც ის მიჰყვება — რაც ხშირად სამხედრო და სასულიერო ელიტის ხელში სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას გულისხმობს?
პირველ რიგში, მინდა შევეხო დასავლური მედიის მიერ დამკვიდრებულ ირანის ხატს, როგორც „რადიკალური მოლების რეჟიმს“, რომელსაც „ფანატიკოსი აიათოლების“ ჯგუფი მართავს. ეს ჩარჩო გულისხმობს, თითქოს ისლამი შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და ქმნის დომინანტურ ორიენტალისტურ დიქოტომიას „დემოკრატიულ“ დასავლეთსა და „ჩამორჩენილ“ აღმოსავლეთს შორის. ამ დაყოფას პირდაპირი პოლიტიკური შედეგები აქვს: ის ახდენს სანქციების, მტრობისა და სამხედრო აგრესიის ნორმალიზებას.
შეხედეთ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ენას. მან CBS News-ს განუცხადა: „ჩვენ ვებრძვით რელიგიურ ფანატიკოსებს, რომლებიც ბირთვული შესაძლებლობების მოპოვებას რელიგიური არმაგედონისთვის ცდილობენ“. ამით მან შექმნა ერთგვარი „ღვთიური დაყოფა“ და ომი რაღაც ისეთად აქცია, რაც ისლამის წინააღმდეგ მიმართულ ქრისტიანულ ჯვაროსნულ ლაშქრობას ჰგავს. ჰეგსეთი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ღვთის საქმედ — წმინდა მისიად — წარმოაჩენს და საჯაროდ ლოცულობს ირანელთა განადგურებისთვის. ომის დაწყების შემდეგ, პენტაგონში გამართულ პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაზე, მას ეჭირა ბიბლია, რომელზეც იერუსალიმის ჯვარი და შუა საუკუნეების ჯვაროსანთა საბრძოლო შეძახილი — Deus Vult („ღმერთს ასე სურს“) — იყო ამოტვიფრული; ის მოუწოდებდა ღმერთს, „დაემსხვრია კბილები“ „ბოროტი“ მტრებისთვის, დაეხოცა ისინი, ვინც „წყალობას არ იმსახურებს“ და „მარადიული სატანჯველისთვის“ გაეწირა.
აქ ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირაციონალურ ფანატიზმს ისლამურ რესპუბლიკას მიაწერს, მაშინ როცა საკუთარი ქრისტიანული ფანატიზმის მიმართ ბრმა რჩება. მეტიც, სიონიზმი არანაკლებ ფანატიკურია. 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ მოუხმო „ამალეკის“ ნარატივს, გაავლო რა პარალელი ბიბლიურ ამალეკელებსა და პალესტინელებს შორის გენოციდური ძალადობის გასამართლებლად: „თქვენ უნდა გახსოვდეთ, რა დაგიშავათ ამალეკმა, ამბობს ჩვენი წმინდა ბიბლია. და ჩვენ ეს გვახსოვს“. ბიბლიური თქმულებები, რომლებიც ამალეკის ამბავს უკავშირდება, სრული განადგურების ბრძანებას შეიცავს: „ახლა წადი და გააცამტვერე ამალეკი, და პირწმინდად გაანადგურე ყველაფერი, რაც მას აქვს; ნუ დაინდობ მათ; დახოცე მამაკაციცა და ქალიც, ჩვილიცა და ძუძუმწოვარიც, ხარიცა და ცხვარიც, აქლემიცა და ვირიც“. ეს რიტორიკა სამხედროებშიც გავრცელდა; გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცები მღერიან თავიანთ ერთგულებაზე ბრძანებისადმი — „აღგავონ ამალეკის მოდგმა პირისაგან მიწისა“ — და აცხადებენ, რომ ღაზაში „უდანაშაულო სამოქალაქო პირები არ არსებობენ“.
თუმცა, რელიგიური ფანატიზმი მხოლოდ ისლამთან და კონკრეტულად ისლამურ რესპუბლიკასთან მიმართებით განიხილება. ეს ამართლებს მუდმივ დაპირისპირებას, ეკონომიკურ ომსა და სამხედრო ინტერვენციას — მოწინააღმდეგის წარმოჩენით ისეთ ძალად, რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელია და რომელიც აპოკალიფსურია.
ირანული მემარჯვენე მედია-საშუალებები ამ პერსპექტივას მხოლოდ აძლიერებენ. სამხედრო ინტერვენციის წასახალისებლად, ისინი ხელოვნურად ქმნიან სახეს „პროგრესული თაობისა, რომელიც ტყვედ ჰყავთ აყვანილი შეშლილ მოლებს“. მათი შეტევა ხშირად სცდება რეჟიმს და მიზანში იღებს ისლამს, როგორც ირანული საზოგადოების კულტურულ ელემენტს. ჩვენ თვალს ვადევნებთ ისლამოფობიურ მცდელობას, ირანი მისი ისლამური იდენტობისგან „განწმინდონ“.
მათი მტრობა ისლამის მიმართ შაჰის რეჟიმის დამხობიდან იღებს სათავეს. მოჰამედ რეზა ფეჰლევი თავის ოპონენტებს — მემარცხენეებსა და ისლამისტებს — „წითელ და შავ რეაქციონერებად“ მოიხსენიებდა; ის მათ წარმოაჩენდა, როგორც ერთიან, მონსტრულ ალიანსს, რომელიც შაჰის ავტორიტარულ, მოდერნიზაციაზე ორიენტირებულ „თეთრ რევოლუციას“ უპირისპირდებოდა და რამაც საბოლოოდ შაჰის რეჟიმის დამხობა გამოიწვია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შაჰის მიწის რეფორმამ (რომელიც 1963 წლის „თეთრი რევოლუციის“ ნაწილი იყო) ვერ შეამსუბუქა სოფლად არსებული გაჭირვება; პირიქით, ბევრწილად გააუარესა კიდეც ის და შვა უპოვარი ადამიანების მასა, რომელიც 1979 წლის რევოლუციის მთავარ დასაყრდენად იქცა.
„წითლებით“ დაშინება და ისლამოფობიური კამპანია დღემდე რჩება ირანელი მონარქისტების პოლიტიკური ლექსიკონის განუყოფელ ნაწილად. დღეს ეს ისმის ლოზუნგში: „სიკვდილი სამ კორუმპირებულს: მოლას, მემარცხენეს და მუჯაჰიდს“. ეს ფეჰლევის მომხრე მემარჯვენე ფრთის საბრძოლო შეძახილია. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი; ის ქმნის იდეოლოგიურ საფუძველს პროექტისთვის, რომელიც ღიად ესწრაფვის სრულ მასშტაბიან კონტრრევოლუციას — ირანის „განწმენდას“ ყველა იმ ძალისგან, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს. ეს არ არის მოწოდება დემოკრატიის ან ადამიანის უფლებებისკენ; ეს ენა იმეორებს ფიზიკური განადგურების იმავე ლოგიკას, რომელსაც თავად ისლამური რესპუბლიკა იყენებს ოპონენტების დასათრგუნად. ეს არის სახიფათო, ანტიდემოკრატიული კამპანია, რომელიც ავტორიტარული სისტემის დამყარებასა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნას ცდილობს.
მსგავსი მტრული ხედვები სრულიად უხილავს ხდის 1979 წლის მოვლენების სირთულეს. მათ არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ მოიპოვა ისლამურმა დისკურსმა მასობრივი მხარდაჭერა უპოვრებში. მიშელ ფუკო ერთ-ერთი იმ იშვიათ მოაზროვნეთაგანი იყო, ვინც ეს გაიგო. ირანის რევოლუციის შესახებ დაწერილ ჟურნალისტურ ნარკვევებში მან შემოგვთავაზა ისლამის ღრმად მატერიალისტური წაკითხვა, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული რიგითი ადამიანების კონკრეტულ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ამონარიდი მისი სტატიიდან — „რაზე ოცნებობენ ირანელები?“ — იმსახურებს ვრცლად ციტირებას:
„როდესაც ირანელები ისლამურ მმართველობაზე საუბრობენ; როდესაც ტყვიების შიშის ქვეშ ისინი ამას ქუჩის შეძახილად აქცევენ… მათ გონებაში სულ სხვა რამ ტრიალებს, ვიდრე ესა თუ ის ფორმულა… ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ისლამური საზოგადოების ტრადიციული სტრუქტურებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდმივი როლის მინიჭებას… მომიყვანეს ასეთი მაგალითი: ათი წლის წინ ქალაქ ფერდოუსში მიწისძვრა მძვინვარებდა. მთელი ქალაქი აღსადგენი იყო, მაგრამ რადგან შერჩეული გეგმა გლეხებისა და წვრილი ხელოსნების უმეტესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ისინი გამოეყვნენ პროცესს. რელიგიური ლიდერის ხელმძღვანელობით მათ ცოტა მოშორებით საკუთარი ქალაქის დაარსება დაიწყეს. მათ მთელ რეგიონში შეაგროვეს თანხები, კოლექტიურად შეარჩიეს დასასახლებელი ადგილები, მოაწყვეს წყალმომარაგება და დააარსეს კოოპერატივები. მათ თავიანთ ქალაქს ისლამიე უწოდეს. მიწისძვრა იქცა შესაძლებლობად, რათა რელიგიური სტრუქტურები გამოეყენებინათ არა მხოლოდ წინააღმდეგობის კერებად, არამედ პოლიტიკური შემოქმედების წყაროდაც. აი, რაზე ოცნებობენ ადამიანები, როდესაც ისლამურ მმართველობაზე საუბრობენ“.
იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფუკო ესაუბრებოდა, „ისლამური მმართველობა“ იყო ერთგვარი მასობრივი ორგანიზება, საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური გაჭირვების შემსუბუქებასა და დოვლათის სამართლიან განაწილებას. უნდა აღინიშნოს, რომ მემარჯვენე პროპაგანდის მიუხედავად, უკიდურესი სიღარიბე და ღრმა კლასობრივი ნაპრალი ფეჰლევის ეპოქის დამახასიათებელი ნიშნები იყო. 1976 წელს, რევოლუციის წინა დღეს, ზრდასრულთა წერა-კითხვის ცოდნის დონე დაახლოებით 37% იყო, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (45%-ზე მეტი) გაცილებით დაბალია. ჯანდაცვის სისტემა შოკისმომგვრელად უთანასწორო იყო. სწორედ ამ დონის უგულებელყოფამ გახადა ქვეყანა მიმღები რევოლუციური დისკურსის მიმართ, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობას ჰპირდებოდა — ზუსტად იმ დისკურსის მიმართ, რომელსაც ის სასულიერო პირები და მემარცხენეები ავითარებდნენ, რომელთა წაშლაც მონარქისტებს ახლა ასე სურთ.
თუმცა, 1979 წლის რევოლუციიდან ათი წლის შემდეგ, ირან-ერაყის ომის დასრულებასთან ერთად, დაიწყო ეკონომიკის ნეოლიბერალიზაცია „სტრუქტურული კორექტირების“ კამპანიის ფარგლებში. ბაზრის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია და სახელმწიფო სუბსიდიების მკვეთრი შემცირება მართლდებოდა „რენტიე სახელმწიფოს“ იდეით, სადაც პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები ითვისებენ სარგებელს, სუბსიდიები კი მასობრივი კორუფციის წყაროდ განიხილება. განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და საცხოვრებლის სუბსიდიები თანდათან შემცირდა. ყველა მთავრობა ერთსა და იმავე პოლიტიკას ატარებდა, რამაც პროტესტის ტალღები გამოიწვია. 2019 წლის პროტესტი საწვავის სუბსიდიების გაუქმების გამო სასტიკად იქნა ჩახშობილი.
რიალის კოლაფსითა და მზარდი ინფლაციით გამოწვეული იანვრის აჯანყების ფონზე, სახელმწიფომ კიდევ ერთი ნეოლიბერალური რეფორმა გაატარა: გააუქმა შეღავათიანი კურსი პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტიორებისთვის. ამან ძირითად პროდუქტებზე ფასების 200–260%-იანი ზრდა გამოიწვია. ამ ეკონომიკურმა შოკურმა თერაპიამ თავდაპირველი ეკონომიკური უკმაყოფილება ქვეყნის მასშტაბით ბოლო წლების ყველაზე ფეთქებად და რეპრესიულ აჯანყებად აქცია, რომელიც შეიძლება აღიწეროს როგორც ძალადობრივი და სისხლიანი სამოქალაქო ომი.
აღსანიშნავია, რომ ალი მადანიზადე, აშშ-ში განათლება მიღებული ეკონომისტი ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხით, მასუდ პეზეშქიანის მიერ ნომინირებული იყო ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრად. მადანიზადე და მისი წრე საკუთარ თავს „შარიფის ბიჭებს“ უწოდებენ — რაც პირდაპირი მინიშნებაა „ჩიკაგოელ ბიჭებზე“, ჩიკაგოს უნივერსიტეტის კონსერვატორ ეკონომისტთა ჯგუფზე, რომლებმაც პინოჩეტის დროს ჩილეში თავისუფალი ბაზრის რადიკალური რეფორმები გაატარეს.
როგორც შენს კითხვაში მიანიშნე, ისლამური რესპუბლიკისთვის მიწერილი ფუნდამენტალიზმი უნდა იქნას გაგებული არა მის თეოკრატიულ ბუნებასთან მიმართებით, არამედ როგორც თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალიზმი.
ირანელი ქალის მითი და რაკეტებზე დაწერილი ემანსიპაცია
თქვენ ახსენეთ, რომ უჰიჯაბო ქალები ახლა ანტიინტერვენციულ მსვლელობებს უერთდებიან და სახელმწიფო ამას აშუქებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ჯინას აჯანყების“ რადიკალური, განმათავისუფლებელი შინაარსი სახელმწიფო ნაციონალიზმმა „შთანთქა“ ან საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა? რჩება თუ არა სივრცე დამოუკიდებელი ფემინისტური ბრძოლისთვის, რომელიც არც რეჟიმის მომხრე იქნება და არც ინტერვენციისა?
ალბათ, ჯერ უფრო ვრცლად უნდა ვისაუბრო თავად მოძრაობაზე — „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. მეინსტრიმ მედიის მიერ შექმნილი ხატის მიუხედავად, ეს მოძრაობა მხოლოდ ჰიჯაბის საკითხით არ შემოიფარგლებოდა. ის იყო „ზედმეტად ჭარბგანსაზღვრული“ (კომპლექსური) მოვლენა, რომელშიც მრავალფეროვანი მოთხოვნები ერთმანეთთან გადაიჯაჭვა. გენდერულ საკითხთან ერთად, მან მოიცვა ეთნიკური და კლასობრივი განზომილებებიც. მოძრაობა ქურთისტანში დაიბადა და რეჟიმის მიერ ჯინა ამინის მკვლელობა მის ქურთულ იდენტობას დაუკავშირა, რითაც ეთნიკური ჩაგვრის საკითხი ზედაპირზე ამოიტანა. ამ კავშირმა მემარცხენე ფრთას მისცა სივრცე, გადაეფასებინა ის ისტორიული უგულებელყოფა, რასაც ეთნიკური საკითხის მიმართ იჩენდა. შედეგად, ირანის სხვადასხვა ეთნოსში ჩამოყალიბდა ქალთა წრეები; მათ შორის ბელუჯი ქალების ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან წარმატებით აჩვენა ის ორმაგი ჩაგვრა, რასაც ბელუჯი ქალები განიცდიან ცენტრალიზებული სპარსულ-შიიტური სისტემის პირობებში მათი ეთნიკური, რელიგიური და კლასობრივი მდგომარეობის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოძრაობამ შექმნა პირობები იმისთვის, რომ მემარცხენეები დაფიქრებულიყვნენ იმ სპეციფიკურ ჩაგვრაზე, რომელსაც ირანის ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან და შეეწყვიტათ ქვეყნის მდგომარეობის ყურება მხოლოდ თეირანელი ბურჟუა მამაკაცისა და ქალის პერსპექტივიდან.
მიმაჩნია, რომ აშშ-ისა და ისრაელის მცდელობა — შეიარაღებულიყვნენ ქურთული ჯგუფები სახმელეთო ინტერვენციისთვის — ეფუძნებოდა ირანში ეთნიკური საკითხის სრულიად მცდარ გაგებას. მართალია, ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა რეჟიმის მხრიდან უდავოა, თუმცა ამ უმცირესობებმა — განსაკუთრებით ქურთებმა, თავიანთი პოლიტიკური ორგანიზების მძლავრი ტრადიციით — მუდმივი ბრძოლის შედეგად ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიაღწიეს. რეზა შაჰის დროს (1925–1941) სახელმწიფო ატარებდა სპარსული ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც სისტემატურად ახშობდა ეთნიკურ მრავალფეროვნებას. ჯერ კიდევ 1935 წელს აიკრძალა უმცირესობების ენების გამოყენება სკოლებსა და ოფიციალურ გარემოში, მრავალ ადგილს კი სახელი იძულებით გადაარქვეს. რეზა შაჰი ასევე ებრძოდა ტრადიციულ სამოსსა და ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესს. ეს პოლიტიკა გაგრძელდა მოჰამედ რეზა შაჰის დროსაც (1941–1979), რომლის მმართველობის პერიოდშიც უმცირესობების ენებზე სწავლება კვლავ აკრძალული რჩებოდა.
ისლამური რესპუბლიკის პირობებში, მიუხედავად მუდმივი პოლიტიკური რეპრესიებისა, ეთნიკური უმცირესობების (ქურთების, თურქების, ბელუჯების, არაბების) კულტურული და ენობრივი უფლებები საგრძნობლად გაუმჯობესდა. პროვინციულ რადიოსა და ტელევიზიაში დაინერგა უმცირესობების ენაზე გადმოცემული პროგრამები, უნივერსიტეტებში გაიხსნა ქურთული ლიტერატურის კათედრები და გამოიცა ქურთულენოვანი წიგნების მზარდი რაოდენობა — საბავშვო ლიტერატურიდან აკადემიურ ტექსტებამდე, რაც ხშირად სახელმწიფოს მხარდაჭერითაც ხდებოდა. მართალია, ეს მიღწევები კვლავ არასრულია და ხშირად ხდება დავის საგანი, თუმცა ისინი აშკარა წინგადადგმული ნაბიჯია ფეჰლევის ეპოქის კულტურულ რეპრესიებთან შედარებით. სწორედ ეს ისტორიული მეხსიერება ხსნის, თუ რატომ თქვა ქურთული ქალაქების უმეტესობამ უარი იანვრის აჯანყებაში მონაწილეობაზე და ღიად დააფიქსირა წინააღმდეგობა ფეჰლევის მონარქიის ნებისმიერი ფორმით რესტავრაციის მიმართ. ეს ასევე ნათელს ჰფენს იმას, თუ რატომ ჩაიფუშა აშშ-ისა და ისრაელის მცდელობა, გამოეყენებინათ ქურთული ჯგუფები სახმელეთო ინტერვენციისთვის: მათ კომპლექსური, ისტორიულ დინამიკაზე დაფუძნებული პოლიტიკური რეალობა შეცდომით მიიჩნიეს უბრალო ანტირეჟიმულ განწყობად, რომლის მითვისებაც გარედან ადვილად შეიძლებოდა.
შენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, იმაზე მეტად, ვიდრე სახელმწიფომ მიითვისა ჯინას აჯანყება საკუთარი ნაციონალისტური მიზნებისთვის, სწორედ ქალებმა შეძლეს საკუთარი უფლებების დაცვა და აიძულეს სახელმწიფო, ეღიარებინა ისინი. ქალების მონაწილეობა ანტიინტერვენციულ დემონსტრაციებში მათ საშუალებას აძლევს, გაარღვიონ დომინანტური მემარჯვენე პერსპექტივა. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ხდება „აღმოსავლელი ქალების“ მათივე „მოძალადე მამაკაცებისგან“ განთავისუფლების იდეის პროპაგანდა თეთრკანიანი კაცების მიერ, რათა ამით უცხოური ინტერვენცია გაამართლონ. მემარჯვენე მედია-საშუალებების (მაგალითად, Iran International-ის) მიერ მოძრაობა WLF-ის წარმოჩენამ გააცოცხლა ეს ამბავი და კვლავ აწარმოა ნაცნობი ორიენტალისტური დისკურსი. შესაძლოა, სოციალურ ქსელებში გინახავთ კიდეც ისრაელური ანგარიშების მიერ გენერირებული ვიდეოები, რომლებიც ასახავს ირანელი ქალების „განთავისუფლებას“ როგორც რეჟიმისგან, ისე ჰიჯაბისგან. ეს არის მუსლიმი ქალის ტიპური ორიენტალისტური ხატი — თითქოს ის ჰიჯაბშია გამომწყვდეული და უმწეოდ საჭიროებს დასავლელი პარტნიორებისგან გადარჩენას.
ჯინას აჯანყების შემდეგ, ემიგრაციაში მყოფი მემარჯვენე ფრთა თანმიმდევრულად ცდილობდა ამ მოძრაობის წარმოჩენას, როგორც ისლამური ღირებულებების უარყოფას და პროდასავლურ, პროისრაელურ პროექტს. ერთ-ერთი გახმაურებული ინციდენტის დროს, ისრაელის სამხედრო ძალების სპარსულენოვანმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ღაზასთვის განკუთვნილი რაკეტის ფოტო, რომელზეც ეწერა სლოგანი „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ — ქმედება, რომელიც მემარჯვენე ირანელმა ემიგრანტებმა მომენტალურად აიტაცეს. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ქალების მონაწილეობა ანტიინტერვენციულ გამოსვლებში არღვევს ამ ხედვებს და გზავნის მკაფიო შეტყობინებას: მოძრაობა WLF საკუთარ იდენტობას საგარეო ინტერვენციის უარყოფით განსაზღვრავს და არა ისრაელის გენოციდურ რეჟიმთან რაიმე სახის თანამონაწილეობით.
სოციალისტური ენის შთანთქმა და თეოკრატიული პოპულიზმის დაბადება
შენ აღნიშნე, რომ „ანტიიმპერიალისტური დისკურსი ძალას იკრებს“ და მემარცხენეებისთვის გარკვეული სივრცე გაიხსნა. ინტელექტუალური წრეების მიღმა, არსებობს თუ არა დღეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული მემარცხენეობა (იატაკქვეშა თუ სხვაგვარი, მაგალითად, დამოუკიდებელი პროფკავშირები), რომელსაც ამ ვაკუუმის შევსება შეუძლია? თუ ეს მოძრაობა კვლავ მეტწილად სპონტანურია?
1979 წლის რევოლუციის შემდეგ მემარცხენე ორგანიზაციები, პარტიები და წრეები სასტიკად განადგურდა და მემარცხენეობამ ვერასოდეს მოახერხა ძველი ფორმით აღდგენა. თუმცა, მემარცხენე პარტიების რეპრესიას არ მოჰყოლია მემარცხენე ნარატივების გაქრობა ან მათი ჩანაცვლება მემარჯვენე დისკურსით. ამის ნაცვლად, ისლამურმა დისკურსმა, რომელიც დომინანტური გახდა, სრულად შეითვისა მემარცხენე თემები — მან სამართლიანობის კლასობრივი ხედვა რელიგიურ ჩარჩოში მოაქცია და მარქსისტული ლექსიკა ყურანის ტერმინოლოგიით ჩაანაცვლა.
ამ სინთეზის მთავარი ინტელექტუალური წინამორბედი იყო ცნობილი პოლიტიკური აქტივისტი ალი შარიათი, რომელმაც ისლამი და სოციალიზმი გააერთიანა. მან შიიზმი დაჩაგრულთა რევოლუციურ იდეოლოგიად გარდასახა და შექმნა ხიდი რელიგიურ ენასა და მემარცხენე საფიქრალს შორის. სწორედ ამ გზით, ყურანისეული ტერმინი „მუსთაზაფინი“ (მოსთაზ’აფინ — სიტყვასიტყვით: „დასუსტებულნი“ ან „დაჩაგრულნი“), რომელიც შიიტურ აზროვნებაში დიდ რეზონანსს იწვევს, ცენტრალურ პოლიტიკურ კატეგორიად იქცა; მას დაუპირისპირდა „მუსთაქბირინი“ (ამპარტავანი მჩაგვრელები), რამაც საბოლოოდ ჩაანაცვლა ისეთი საერო ტერმინები, როგორიცაა „პროლეტარიატი“ და „ბურჟუაზია“. ეს შერწყმა აშკარაა რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხომეინის განცხადებებში: „მსოფლიოს დაჩაგრულნო (მუსთაზაფინ), გაერთიანდით“; „მსოფლიოს დაჩაგრულნო, შექმენით დაჩაგრულთა პარტია“; „ისლამი მასებიდან მოდის და არა მდიდრებისგან“; „ისლამში არ იარსებებს უმიწაწყლო გლეხი“. ამგვარად, ისლამურმა დისკურსმა სოციალიზმის ენა შეითვისა და აქცენტი კლასობრივი განსხვავებების აღმოფხვრასა და მდიდრებზე ღარიბების გაბატონებაზე გადაიტანა.
ეს არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური აბსტრაქცია, ის პრაქტიკაშიც განხორციელდა. მაგალითად, შეიქმნა „აღმშენებლობის ჯიჰადი“ (Jahad-e Sazandegi) — მოხალისეობრივი მასობრივი მოძრაობა, რომელიც 1979 წელს ხომეინის დეკრეტით დაარსდა, რათა უშუალოდ გადაეჭრა ირანის სოფლისა და მარგინალიზებული ურბანული მოსახლეობის მატერიალური გაჭირვება. იმავდროულად, ის ფუნქციონირებდა როგორც გლეხობაში საერო მემარცხენე ორგანიზების ჩამნაცვლებელი მექანიზმი: სოფლის საჭიროებებზე პირდაპირი რეაგირებითა და სახალხო მოთხოვნების ისლამური ინსტიტუტებისკენ მიმართვით, მოძრაობამ ნიადაგი გამოაცალა დამოუკიდებელ მემარცხენე მობილიზაციას.
ორგანიზაციამ, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით შეიქმნა, სწრაფად მოახდინა ათასობით მოხალისის მობილიზება — ინჟინრების, სამედიცინო პერსონალის, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისა და აქტივისტების — რათა სოფლის განვითარებისა და რევოლუციური სოციალიზაციის ინტეგრირებული პროგრამა განეხორციელებინათ. მათი ინფრასტრუქტურული მიღწევები გარდამტეხი იყო: 1979-1989 წლებში „ჯიჰადის“ ძალებმა ააგეს 25 000 კილომეტრზე მეტი სოფლის გზა, გაიყვანეს სასმელი წყალი 11 400-ზე მეტ სოფელში და მოახდინეს 9 050-მდე დასახლების ელექტრიფიკაცია. პარალელურად, მოძრაობა უზრუნველყოფდა პირველად ჯანდაცვას, ვაქცინაციას, აშენებდა აბანოებს, კლინიკებს, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს, ხოლო მცირე ფერმერებს ეხმარებოდა თესლით, კრედიტებითა და სოფლის მეურნეობის მოდერნიზებისთვის საჭირო ცოდნით.
1980-იანი წლების ბოლოდან რეჟიმმა სულ უფრო მეტად დაიწყო ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება — მოახდინა სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია და უკან დაიხია ადრინდელი სოციალური დაპირებებისგან — რამაც დამოუკიდებელი მუშათა მოძრაობის ხელახალი გაჩენის პირობები შექმნა. შრომითი ბრძოლები განსაკუთრებით გამწვავდა 2018–2019 წლების საპროტესტო ტალღის დროს, რასაც მოჰყვა მუშათა დამოუკიდებელი საბჭოების ჩამოყალიბება ისეთ გიგანტებში, როგორიცაა „ჰაფთ თაფეს“ შაქრის ლერწმის კომპანია, აჰვაზის ფოლადის ქარხანა და მძიმე ტექნიკის ქარხანა HEPCO. ეს ქმედებები პირდაპირ იყო დაკავშირებული სახელმწიფოს პრივატიზაციის გეგმასთან და მოიცავდა მოთხოვნებს დავალიანებული ხელფასების ანაზღაურების, პროფკავშირების აღიარებისა და პრივატიზაციის შეჩერების შესახებ. ამ მოძრაობებმა სტუდენტების მხრიდანაც სოლიდარობა მოიპოვეს, რაც რამდენიმე ერთობლივ დემონსტრაციაში გამოიხატა.
ამჟამად, ორგანიზების სივრცე მკაცრად არის შეზღუდული ინტერნეტის ხანგრძლივი გათიშვის, სკოლების დახურვისა და ომის პირობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოებები კომუნიკაციასა და მობილიზაციას უკიდურესად ართულებს, ძალთა ბალანსი მემარცხენეობისთვის ლატენტურ (ფარულ) პოტენციალს მაინც ინარჩუნებს. ომისდროინდელი საგანგებო მდგომარეობის შერბილების შემთხვევაში, მემარცხენეობას ექნება შანსი გაიზარდოს ანტიიმპერიალისტური და ეკონომიკური ლოზუნგების გარშემო გაერთიანებით.
1905 წლის მივიწყებული პრეცედენტი: რეგიონული ალიანსები, როგორც ალტერნატივა
ქართველი მკითხველისთვის, რომელიც ცხოვრობს სხვადასხვა იმპერიულ ინტერესებს შორის მოქცეულ ქვეყანაში, რა არის 2026 წლის ირანული გამოცდილების უმთავრესი გაკვეთილი? როგორ შევინარჩუნოთ პოლიტიკური ავტონომია მაშინ, როცა არჩევანი ფორმულირებულია როგორც „შინაგანი ტირანია უცხოური განთავისუფლების წინააღმდეგ“?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თავად ამ ბინარული (ორპოლუსიანი) დაპირისპირების ეჭვქვეშ დაყენება უნდა შევძლოთ. მსგავსი დაყოფა მომდინარეობს დომინანტური ორიენტალისტური კლიშედან: „დასავლური დემოკრატია აღმოსავლური ავტოკრატიის წინააღმდეგ“. თუმცა, არაერთმა ისტორიულმა მაგალითმა ეს დაპირისპირება უკვე დაამსხვრია. მაგალითად, დასავლური დემოკრატიის იდეა საგრძნობლად შეირყა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ის ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული გენოციდური ომის მიმართ იჩენს. ამ კონკრეტული შემთხვევის მიღმაც — საგარეო ინტერვენცია შეიძლება იყოს ყველაფერი, გარდა „განმათავისუფლებელისა“, ხოლო „ტირანიის“ კონცეფცია ვერ ხსნის შიდა პოლიტიკური სტრუქტურების მთელ სირთულეს. სინამდვილეში, ჩვენ ჯერ კონკრეტული პირობების კონკრეტული ანალიზი უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, ისე, რომ არ მივმართოთ ორიენტალისტურ თეორიულ ჩარჩოებს.
მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ირანზე განხორციელებული ბოლოდროინდელი იმპერიალისტური თავდასხმებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის ჩვენი იდეების გადაფასების, ანტიიმპერიალისტური დისკურსის გაძლიერებისა და — რაც ყველაზე კრიტიკულია — რეგიონული მემარცხენე ქსელების განვითარების აუცილებლობა. დღეს მემარცხენეობის ნაწილს ანტიიმპერიალიზმის მიმართ ერთგვარი უნდობლობა ჩამოუყალიბდა; მათ ეშინიათ, რომ ანტიიმპერიალიზმის მხარდაჭერით ირანის რეჟიმის თანამონაწილენი გახდებიან, რადგან ეს უკანასკნელი ზურგს უმაგრებს ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძს“. ამის საპირისპიროდ, მე მჯერა, რომ ჩვენ ანტიიმპერიალისტური ბრძოლა ჩვენსავე მოძრაობებში უნდა დავაბრუნოთ და არ მივცეთ სახელმწიფო ხელისუფლებებს მისი მონოპოლიზების უფლება. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც მიმართულია ე.წ. „კემპისტური“ (ბანაკური) მემარცხენეობისკენ, ფრთხილი უნდა იყოს, რათა არ გადაიზარდოს „ანტი-ანტიიმპერიალიზმში“ — ანუ, ანტიიმპერიალიზმის იმდენად თავგამოდებულ უარყოფაში, რომ საბოლოოდ იმპერიალისტური ძალების მხარეს აღმოჩნდეთ.
დაბოლოს, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული მემარცხენე ალიანსების შექმნა, რადგან ირანსა და მის მეზობელ ქვეყნებს მსგავსი სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები აქვთ. ირანის 1905 წლის კონსტიტუციური რევოლუციის დროს, ირანულ და კავკასიურ მემარცხენე ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდა, რამაც მემარცხენეობისთვის დიდ წარმატებებს ჩაუყარა საფუძველი. ეს ისტორიული მაგალითი დღეს სრულიად მივიწყებულია და მსგავსი კოლაბორაცია აღარ არსებობს. ამ მაგალითს ზუსტად იმიტომ ვიშველიებ, რომ დავამტკიცო: რეგიონული მემარცხენე ქსელების ჩამოყალიბება კვლავ აუცილებელია. კონსტიტუციური რევოლუციისდროინდელი მივიწყებული თანამშრომლობა გვიჩვენებს, რომ ასეთი ალიანსები ფანტაზია არ არის — მათ რეალური ისტორიული პრეცედენტი აქვთ.
