თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავის გამოსვლაში, ღიად დაუპირისპირდა რიონის ხეობის მცველებს და სცადა მათი დისკრედიტაცია. ელჩის ასეთი პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თურეთის მმართველი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჰესების მშენებლობას მისი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევს. ერდოღანმა, პოლიციური და სამხედრო ჩარევით, გაანადგურა თითქმის ყველა ორგანიზების კერა, რომელიც თურქეთში დიდი კაშხლების წინააღდეგ გამოდიოდა. სადამსჯელო ღონისძიებებს წინ უძღვოდა პროპაგანდა, რომელიც ჰესის მოწინააღდეგებს ქვეყნის მოღალატეებად აცხადებდა.
გასული წლის ივნისში ერდოღანი ეწვია ართვინს და იუსუფელის კაშხლის მშენებლობა მოინახულა, რომელსაც ადგილობრივი სამთავრობო მედია თურქული ეკონომიკის სასწაულად მოიხსენებს. ერდოღანმა თავის სიტყვაში თქვა, რომ მისი პოლიტიკური ორგანიზაცია ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტია” ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპულად მიიჩნევს ასეულობით ახალი ჰესის აშენებას.
,წინა მთავრობის მცდელობის მიუხედავად, 2003 წლამდე, თურქეთში მხოლოდ 276 ჰესი აშენდა, მაგრამ ჩვენ ამ 18 წლის მანძილძე ავაგეთ 585 ჰესი”- აღნიშნა ერდოღანმა. [1]
ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება ადამიანების მძიმე ექსპლუატაციას და ღარიბი რეგიონების რესურსების მაქსიმალურ ათვისებას. თურქეთის მრავალი მოქალაქე და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული იაფი მუშახელი აუტანელ პირობებში მუშაობს ქარხნებში, მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობასა და სერვისის სფეროში. ამავე დროს, თურქეთში, უკიდურესი უთანასწორობა არსებობს რეგიონებს შორის. მდიდარი ქალაქებიდან შორს, თურქეთის ხელისუფლება, ექსპლუატაციას უწევს ღარიბ რეგიონებს.
მაუწყებელთან საუბარში, თურქეთში დასაქმებულები, მადონა შაინიძე და დარეჯან დიასამიძე, ამბობენ, რომ ქართველების ერთი ნაწილი, პანდემიის პირობებში, სერვისის სფეროში აგრძელებს მუშაობას თურქეთში, უმეტესად ართვინის პროვინციაში. ისინი იძულებულნი გახდნენ, სავაჭრო ობიექტში დარჩენილიყვნენ 24 საათის განმავლობაში. [2]
ჟურნალ Re-Volt-ის რედაქტორი ალფ კაიზერილიღლუ აღწერს თურქეთში დამძიმებულ სამუშაო პირობებს, პანდემიის ფონზე.
ის თავის წერილში ამბობს, რომ ბევრ თურქულ საწარმოში მენეჯერებმა დახურეს სამუშაო პროცესი და მუშები აიძულეს დარჩენილიყვნენ სამუშაო ადგილებზე. შედეგად, ბურსაში, იზმირსა და მრავალ სხვა ქალაქში, დასაქმებულები (მათ შორის იყვნენ დაინფიცირებული ადამიანები) სამუშაო სივრცეში ჩაკეტილები აგრძელებდნენ შრომას.
ამგვარი სამუშაო პროცესი იყო თურქეთის საავტომობილო ქარხნებში, ქსოვილების ფაბრიკაში, კვების მრეწველობასა და მშენებლობებზე. ასეთივე სამუშაო რეჟიმზე გადავიდა ვესტელის ქარხანა, სადაც ათასობით მუშა ვერ ტოვებდა სამუშაო ადგილს. [3]
ავტორი, განსაკუთრებულ ყურადღებას, ამახვილებს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებზე, აქ მუშები სამშენებლო ობიექტზე იყვნენ ჩაკეტილები, ართვინში, იუსუფელის კაშხლის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარეობს მდინარე ჭოროხისა და მისი შენაკადების გასწვრივ, ვრცელ ტერიტორიაზე.
პოლიციური და სამხედრო ძალები, რომლებიც მთავრობამ ადგილობრივების პროტესტის შესაჩერებლად გაგზავნა, ამავდროულად, უზრუნველყოფენ ჩაკეტილ სამუშაო პროცესს ობიექტებზე. ეს გარემოება ჩვენ კარგად გვიჩვენებს პროცესში პოლიციური ძალების ფუნქციას და ჩაგვრის სრულ სურათს.
***
თითქმის ორი ათეული წლის წინ, როცა თურქეთში ჰესების მშენებლობის ახალი ტალღა დაიწყო, მოქალაქეების უმეტესობა უარს აცხადებდა საკუთარი ქალაქებისა და სოფლის დატოვებაზე, მაგრამ მთავრობამ შეძლო მრავალწლიან ბრძოლაში, გამოეფიტა და მოეშალა წინააღმდეგობის კერები. ერდოღანმა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, უარი თქვა ყველანაირ ფორმალურ დემოკრატიულ პროცესზეც და მოქალაქეებს სამხედროები დაუპირისპირა.
ასეთ რთულ ვითარებაში, ადამიანები მაინც აგრძელებენ ბრძოლას. მათ შორის არის ჟურნალისტი რიზედან გენაგა კარაფაზლი. შემოდგომაზე ის ჩამოვიდა ნამახვანში და მოამზადა რეპორტაჟი [4], სადაც ხსნის თურქული კაპიტალის ინტერესებზე საქართველოში და პარალელს ავლებს თურქეთში მიმდინარე პროცესებზე. მისგან ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ თურქეთში მიმდინარე პროცესების შესახებ.
თურქული გამოცემა Yesilgazete წელს, 22 თებერვალს, აქვეყნებს ცნობებს, რომ სხვა მრავალი სოფლის მსგავსად, იუსუფელის სოფელ ალთიფარმაქის (Altıparmak) მოსახლეობა იბრძვის კაშხლის აგების წინააღმდეგ. [5]
ამ სოფლის ძველი სახელი არის პარხალი.
საფრანგეთში დაფუძნებული ორგანიზაცია ევროპის მდინარეების ქსელი [6], რომელიც დუნაის დასაცავად გაერთიანებულმა მოქალაქეებმა შექმნეს 1994 წელს, თავის გამოკვლევაში წერს, რომ იუსუფელის კაშხლის პროექტი 15 ათასი ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებს. მათი უმრავლესობა კი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენ და ქართველები არიან.
ორგანიზაციის ასევე აღნიშნავს, რომ კაშხალი საფრთხეს უქმნის სომხურ და ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლებს.
მათ შორის არის პარხალი, რომელიც არის ქართული კულტურის ძველი კერა. ეკლესიის კედლებზე დღემდე იკითხება მშენებლების სახელები: ბაგრატ, გაბრიელ, ზაქარია, მახარე, იაკობ, კვირიკე, ნიავი, თოლიშავი, იაკობი, ხუცესი, სქემოსანი მურვანიძე, ცისკარი, გრიგოლ, კვირიკიე…
სახელი თოლიშავი ზუსტად გვიჩვენებს მდინარე პარხლის ხეობის ზუსტ კოორდინატებს, სადაც, როგორც ამ სიტყვაში, ლაზური და ქართული ენა, ერთმანეთს ხვდება.
თურქეთში დაგეგმილი პროექტები ცხადჰყოფს, რომ დიდი კაშხლები შენდება ღარიბ რეგიონებში. საკუთარი სახლების დატოვებას უფრო ხშირად აიძულებენ ეთნიკურ უმცირესობებს. ქართველებს, ქურთებს, ლაზებს… ამავე დროს, კომპანია უმძიმეს პირობებში ამუშავებს მუშებს, რომლებიც ამ რეგიონის მკვიდრები არიან.
შეუძლებელია, ჩვენ ვილაპარაკოთ ქართულ ენაზე, საქართველოს ისტორიაზე და თვალსაწიერში არ გვქონდეს მხარე. ისტორიკოსები და ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ რეგიონს, მაგრამ ისინი თითქოს უბრალო ავტომობილის ნაცვლად, დროის მანქანით გადაადგილდებიან და დაბრუნებულები მხოლოდ შუა საუკუნეებზე ლაპარაკობენ. მათთვის უცხოა გაიაზრონ, რომ ართვინის რეგიონი თურქეთში ყველაზე ღარიბი და ექსპლუატირებული მხარეა და რომ ვერც თანამედროვე საქართველოზე ვილაპარაკებთ, თუ ამ მხარეს არ ვიცნობთ, რადგან სწორედ ამ რეგიონში შრომაზეა დამოკიდებული ბევრი ქართველის ბედი.
ნამახვანში, რიონის ხეობის მცველების კარვების ოდნავ მოშორებით, პანელებისგან შეკრული ქოხები დგას, სადაც თურქეთიდან ჩამყვანილი მუშები მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ. რეაქციული ძალები მათ მტრებად მოიაზრებენ, პოპულისტები თვალს არიდებენ.
ერდოღანის პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული კაპიტალი, ნედლეულის მოსაპოვებელ პერიფერიად განიხილავს თურქეთის ყველაზე ღარიბ მხარეს და იგივე მიდგომას ახორციელებს საქართველოზეც. მაშასადამე, ბრძოლის ველის ნამდვილი სურათის დასანახად, აუცილებელია სოლიდარობა, რომელის საზღვრებიც არცერთ რუკაზე არაა დატანილი.
