მემარცხენეობა დასავლეთში და საქართველო

მემარცხენეობა დასავლეთში და საქართველო

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

18 ივნისი 2024

ამასობაში დასავლური მემარცხენეობა ანტირეკორდებს ხსნის. საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის კამპანია განსაკუთრებით სევდიანი იყო მათთვის, ვინც მის ინტელექტუალურ ნაშრომებს ვაფასებთ. კამპანიები ერთ თარგზე მოჭრილ ტირილად იქცა, თეზისები მეორდება, მსმენელების წრე კი ვიწროვდება. დღეს რადიკალურ მემარცხენე კრიტიკას მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში განსწავლული ევროპელი სტუდენტების მცირე ნაწილი იზიარებს, რომელიც ევრობიუროკრატიის დამარცხებას ელოდება და გლობალურ სამხრეთს ეტრფის. არჩევნებზე დაეცნენ ევროცენტრიზმის დაუძინებელი მტრები ირლანდიიდან – კლერ დელი და მიკ უოლესი, რომელიც სულ ახლახან საქართველოსაც სტუმრობდა. ბოლო წლების განმავლობაში მემარცხენე ჯგუფების ერთადერთ საქმედ ევროცენტრიზმისა და დასავლური იმპერიალიზმის კრიტიკა გადაიქცა, ამ კრიტიკის წარმოება ორგანიზებისა და მობილიზების უნარების სრული დეგრადირების ფონზე გრძელდება.

უნდა გაგვიკვირდეს თუ არა მათი დაცემა? მარცხის შემდეგ მიკ უოლესმა თქვა, რომ მთელი კორპორაციული მედია მის გაშავებაზე მუშაობდა[1]. თუ უოლესი შავმა პიარმა დაამარცხა, მაშინ რა თქვან ლე პენმა და ტრამპმა? ასევე „ჩანაცვლების“ თეორიის მიმდევარმა თეთრმა ბიჭებმა, რომლებსაც გოგოები იწუნებენ?  ბიჭებს მართლაც წარმატებული კამპანია ჰქონდათ –  ულტრამემარჯვენეებმა ევროპარლამენტში სარეკორდო ადგილების რაოდენობა მოიპოვეს. დილეტანტური თვალით, ვაკვირდებოდი მემარცხენეებისა და მემარჯვენეების რიტორიკას – მემარჯვენეები ბრძოლისუნარიანობასა და თავდაჯერებას ასხივებენ, თითქოს  ამომრჩეველს რწმენა და სიამაყე უნდა დაუბრუნდეს. თუ მემარჯვენეები ევროპის ისტორიაში საკუთარი პოლიტიკური და კულტურული იდენტობით სიამაყის მიზეზებს პოულობენ, მაშინ რატომ ვერ აკეთებენ იმავეს მემარცხენეები? ბოლოს და ბოლოს ევროპამ ლიბერალური დემოკრატიისა და სოციალიზმის იდეები მოგვცა, მათთვის ბრძოლას ხალხის საუკეთესო შვილები ეწირებოდნენ. დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის, თუ დასავლელი მემარცხენე ხარ დასავლეთისა და საკუთარი თავის სიძულვილს უნდა ასხივებდე.

დაახლოებით ერთი წლის წინ „დიემ25“-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას გავეცანი[2], რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან ჩართული აქტივისტები მონაწილეობდნენ. მას შემდეგ ამ კომიკურ დისკუსიას რამდენჯერმე დავუბრუნდი. მისი შეჯამება მარტივად შეიძლება: აქტივისტები მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ცდილობენ დაასაბუთონ, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად ევროკავშირში ინტეგრაცია მაინც ოპტიმალურ გამოსავლად რჩება მათი ქვეყნებისთვის. ვარდისფერი სამოთხის ნაცვლად ევროკავშირი „ნაკლებ ბოროტებად“ და რუსული სტილის ავტორიტარულ კაპიტალიზმზე უკეთეს სივრცედ არის წარმოდგენილი. ალბათ უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვას მოსახლეობის უმრავლესობაც მსგავს არგუმენტებს გაიმეორებდა. ამას კვლევებიც გვაჩვენებს, შუაში აღმოჩენილი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან დაშორება და ევროპასთან დაახლოება უნდა. ევროკავშირის შიგნიდან მათ საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ხმა უპასუხებს, რომ ევროპა ზედმეტად ტოქსიკურ ადგილად გადაიქცა და მისი პროგრესულად გარდაქმნა უკვე შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა „დიემ25“ ევროპის შიგნიდან რეფორმირების მიზნით შეიქმნა, ხოლო დღეს ამ რეფორმირებაზე უარს ამბობს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვარუფაკისი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ევროპარლამენტში შესვლის შემთხვევაში შიგნიდან განაგრძობდა ორგანიზაციის მხილებას და იმის მტკიცებას, რომ მისი რეფორმირება შეუძლებელია. ცხადია ამომრჩევლისათვის მსგავსი მომსახურების შეთავაზება მუდმივი მარცხისთვის არის განწირული.

ევროკავშირი და რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის გულისა და გონებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. რელიგიური ფუნდამენტალიზმის მობილიზებასთან ერთად, რუსული პროპაგანდა წარმატებით ათამაშებს „ევროცენტრიზმის“ კრიტიკის კარტს, რაც ასე ახარებს ბრალეულობით დამძიმებულ დასავლელ მემარცხენეთა გულებს. ყველა პრობლემის მიუხედავად ერთიანი ევროპის იდეა ისევ ახერხებს მასების მობილიზებას აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში – ევროპის მიერ უკრაინაში ნაჩვენები სუსტი და ორპირი პოზიციის მიუხედავად, ევროინტეგრაციის მომხრეები უმრავლესობაში არიან თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანაში. ეს პოპულარობა ახსნას საჭიროებს ევროსკეპტიკოსი მემარცხენეების მხრიდან –  მიზეზებად პროპაგანდა და გაუნათლებლობა ცხადდება, მონტენეგროსა და ბოსნიის რიგით მოქალაქეს ევროკავშირში გაწევრიანებას რატომღაც სერბეთსა და რუსეთთან ჩახუტება უნდა ერჩივნოს – თითქოს მასები ვერ აცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს, მათ ტრენინგებზე მილიარდები დაიხარჯა, ისინი საკუთარი ფეხით მიდიან იმ ტოქსიკურ ჯოჯოხეთში, რომელიც იდენტობისა და სუვერენიტეტის დათმობას აიძულებთ.

2023 წელს ცნობილი რუსი მარქსისტი ბორის კაგარლიცკი დააკავეს. რომელსაც სოციალურ მედიაში ქერჩის ხიდის აფეთქებაზე ხუმრობის გამო „ტერორიზმის გამართლება“ დაჰბრალდა[3]. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედად დარჩენილმა კაგარლიცკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც დასავლელ მემარცხენეებს აზრზე მოსვლისკენ მოუწოდა: „ჩემო დასავლელო კოლეგებო, რომლებიც ისევ ითხოვთ პუტინისა და მისი რეჟიმის გაგებას, მე მინდა ერთი უბრალო კითხვა დაგისვათ. გენდომებოდათ თუ არა ცხოვრება ქვეყანაში რომელშიც არ არის თავისუფალი პრესა და დამოუკიდებელი სასამართლო? ქვეყანაში სადაც პოლიციას შენს სახლში ნებართვის გარეშე შემოჭრის უფლება აქვს?… ქვეყანაში სადაც სკოლები შორდებიან მეცნიერების სწავლებას და გეგმავენ უცხო ენების სწავლებაზე უარის თქმას… სადაც ბავშვებს დასმენების წერას და სხვა ადამიანების სიძულვილს ასწავლიან? ქვეყანაში სადაც ყოველდღიური მაუწყებლობა მოწოდებას აკეთებს პარიზზე, ლონდონზე, ვარშავაზე ბირთვული იერიშისკენ? ჩვენ რუსებსაც არ გვინდა ასე ცხოვრება…“

რეჟიმი მხოლოდ მემარცხენე ინტელექტუალებსა და „ენჯეოშნიკებს“ არ ეხება. რამდენიმე დღის წინ რუსულ სამთავრობო მედიას ვეცნობოდი და სიმპტომატურ ახალ ამბავს გადავაწყდი. მედია სააგენტო „რია“ იუწყებოდა, რომ მოსკოვში დააკავეს ტაქსისტი, რომელმაც უარი თქვა „სპეცოპერაციის“ მონაწილეთა მომსახურებაზე[4]. ტაქსის მძღოლს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. თუმცა მთავარი ის არის თუ როგორ ხდება ამბის საზოგადოებისთვის მიწოდება, ეს „იდეოლოგიური საფრთხის ნეიტრალიზაციაა“, რუსული შოვინიზმის ხორცმეტებისაგან გათავისუფლება. რუს ხალხს ყოველდღე აჩვენებენ, რომ სამთავრობო პროპაგანდის წინააღმდეგ წასვლა სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული. რა დაემართებოდა კლერ დელის რუსულ ვერსიას, სადაც მისი ერთადერთი საქმე რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის მხილება იქნებოდა, როგორ გაიჟღერებდა დუმაში შემდეგი სიტყვები: „რუსეთმა დაიპყრო კავკასია! გაანადგურა და დაიმორჩილა ადგილობრივი ხალხები, ანადგურებდა მათ კულტურას, ისაკუთრებდა რესურსებს! რუსეთი დღესაც იგივე მეთოდებით ცდილობს რეგიონის კონტროლს!“

ევროპაში ულტრამემარჯვენეები ძლიერდებიან, განსაკუთრებით საგულისხმო კი ის არის, რომ ქართული „ჯენზისგან“ განსხვავებით ევროპელი ახალგაზრდების საგრძნობი ნაწილი სწორედ რეაქციულ ძალებს უჭერს მხარს. ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ლიბერალური ცენტრის (ე.წ. ისთებლიშმენტის) აღარ სჯერათ, თუმცა ევროპულ ბიუროკრატიასთან დაპირისპირებაში ისინი არა მემარცხენეობას, არამედ მემარჯვენეობას ირჩევენ. როგორც ჩანს ევროპაში მოჰბეზრდათ თვითგვემისა და „ლიბერალური ბრალის“ კულტივირება, რომლითაც მემარცხენეები არიან დაკავებულები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ძალების გაძლიერებას რუსეთის დღევანდელი მთავრობაც უწყობს ხელს, თუ დასავლეთი არასამთავრობოების გამოყენებით მოქმედებს რუსეთის დასაყრდენი მემარჯვენე ჯგუფები არიან, რუსული გავლენის ქვეშ აღმოჩენილ საზოგადოებებში სწორედ ასეთი ძალების გაძლიერება ხდება.

საინტერესო კი ის არის, რომ ბოლო პერიოდში საქართველოც გამოჩნდა მომაკვდავი დასავლური მემარცხენეობის რადარებზე. ინგლისურად წერა აუცილებელია, თუმცა სასაცილოა, როდესაც კრიტიკულ წერილებს მხოლოდ ინგლისურად წერენ და ქართულად პოლემიკას უგულებელყოფენ, დასავლელ მემარცხენეთა წრეებში პოპულარულ საიტებზე ათავსებენ, სადაც ტექსტებს სავარაუდოდ მემარცხენე ვენეციის კომისიის წევრები ეცნობიან. ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, ისინი კი ინგლისურად დაგვჩხავიან თავზე, რომ დასავლური იმპერიალიზმის მსხვერპლები ვართ. მათ ინგლისურად უნდა უპასუხო და წერილი იგივე საიტებზე მოათავსო, ნაცების და ქოცების მსგავსად საზოგადოების ყველა მცირე ნაწილსაც კი საკუთარი ლობი სჭირდება მეტროპოლიაში. ცხადია ამ პოლემიკაში ის იმარჯვებს ვინც დასავლური მემარცხენეობის არგუმენტირების ხაზსა და ინგლისურ ენას საუკეთესოდ იცნობს, ასე ვთქვათ ყველაზე მემარცხენე ვლინდება..

საქართველოს შესახებ დაწერილი ბოლო ასეთი წერილი არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილ თანამშრომელს ეკუთვნის[5]. მან სწორედ “ენჯეოების” დერეფანში გაიღვიძა, თვალები გაახილა და გააცნობიერა, რომ დასავლელ დონორებს საკუთარი ინტერესები აქვთ საქართველოში. ახლა ამის შესახებ აბორიგენებმაც შევიტყვეთ. ავტორმა იმის დანახვაც მოახერხა, რომ საქართველოში ზედმეტად ბევრი „ენჯეოა“ და სამოქალაქო საზოგადოება დასავლური დაფინანსების გარეშე არსებობას ვერ მოახერხებდა – „დასავლეთო დაანებე თავი საქართველოს!“ იმეორებენ ისინი. მდგომარეობა იმდენად აბსურდულია, რომ ერთი და იგივე ადამიანები, ჯერ გვატრენინგებენ, ხოლო შემდეგ ჩვენს განტრენინგებას ცდილობენ, ერთმანეთს ტრენინგები და განტრენინგები ენაცვლება.

სერიოზულად კი შემდეგი უნდა ითქვას, საქართველო არც მონტენეგროა და არც უნგრეთი. ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო დრამატულია, რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ის რამდენჯერმე ეცადა ჩვენი ხალხის სუვერენული ნების სამხედრო ძალის გამოყენებით შეცვლას. ცხადია ეს ტრავმები და საფრთხის განცდა პროდასავლური განწყობის სიძლიერეს განაპირობებს – „ღირსებით ევროპისკენ“ სკანდირებს ჩვენი მთავრობა. ხალხს ქვეყანაში დასავლური გავლენების შემცირება აშინებს, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპა გამოხატვის თავისუფლების იმ მინიმალურ სტანდარტთან ასოცირდება, რომელიც მიკ უოლესის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას იძლევა. ცხადია ევროპა ისეთივე სისასტიკით უნდა ვაკრიტიკოთ როგორც ამას მიკ უოლესი და ენჯეოს დერეფნებში გამოღვიძებული ევროპელები აკეთებენ, თუმცა კრიტიკა მთლიანად რეალობას უნდა მიემართებოდეს და არა მის ერთ ნაწილს. ინფანტილური რწმენა თითქოს ამ რეალობისათვის ევროკავშირისა და „ენჯეობის“ გამოკლებას სამყაროს გადარჩენა შეუძლია, კრიტიკული აზრის გამარტივებასა და დეგრადაციას იწვევს. ხოლო დეგრადირებული აზრი მარტივ ინსტრუმენტად იქცევა სხვადასხვა რეჟიმების ხელში.

სიტუაცია მარტივია – თითოეული კანდიდატი ქვეყანა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ, გასარკვევია რა დევს სასწორის ორ მხარეზე. რას სთავაზობს ჩვენი მთავრობა ხალხს ისეთს, რაც მოსახლეობას მის მხარეს დააყენებდა, მისსავე დასავლელ უფროსობასთან ოჯახური კონფლიქტის დროს? „ელგებეტე“ პროპაგანდის შემზღუდავ კანონებს? სააფთიაქო მაფიას, კაზინოებსა და მევახშეობას?  ბოდიში თუ ეს საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, რაც სოფელ შუქრუთისა და ბალდის მოსახლეობას საპროტესტო კარვები აქვთ გაშლილი, ისინი საკუთარი საარსებო სივრცის ინვესტორისათვის გადაცემასა და განადგურებას აპროტესტებენ. ეს სიმპტომატური სიტუაციაა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს დემოკრატიის  მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. კარვები პროტესტის სიმბოლოდ გადაიქცა, ერთი დღით აქციაზე შეკრებამ მნიშვნელობა დაკარგა, რადგან ხალხს არავინ უსმენს. ადამიანებმა გრძელვადიანი გამოსვლებისა და პიკეტების ორგანიზება დაიწყეს, იმ იმედით, რომ საბოლოოდ მათი ხმის მოსმენა მაინც მოუწევთ. გეოპოლიტიკური გარჩევების ფონზე ეს პროტესტები ყველას დაავიწყდა, ბოლო დღეების განმავლობაში კი პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ კიდეც, ბალდაში ერთი მათგანი აბსურდული ბრალდებით დააკავეს. მთავრობისა და ხალხის მიმართება ასეთია, მმართველი პარტია პირდაპირ სარგებელს იღებს ქვეყნის ძარცვისგან და არაფრის შეთავაზება შეუძლია საკუთარი ხალხისათვის არასამთავრობოებთან ბრძოლისა და სექსუალობის ლიბერალური გაგების კრიტიკის გარდა. ამ ბოლო დროს კი ისეთი კუნთის განვითარებასაც ცდილობს, რომელიც მთავრობასთან წინააღმდეგობაში მოსული ადამიანების ფიზიკურად დასჯის შესაძლებლობას მისცემს. საინტერესოა როდესაც “ოცნება”, ევრობიუროკრატია და ამერიკა მორიგ ჯერზე დალაგდებიან, რისი თქმა და გაკეთება შეეძლებათ “დასავლელ მემარცხენეებს” იმ ადამიანებისათვის ვის უკანასკნელ სახლებსაც ანადგურებენ?

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად 2012 წელს ქართველმა ხალხმა პოლიტიკური ნიშნით ძალადობის შეწყვეტასაც მისცა ხმა.  დასავლელი მემარცხენეები ვერ შეამჩნევდნენ, რომ წინა თვეებში აგორებულ პროტესტს განსაკუთრებული მუხტი მთავრობის მიერ დაწყებულმა ძალადობის კამპანიამ შესძინა. ქართველების დიდ ნაწილს არ უნდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ხელახლა ნორმალიზება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ამ ძალადობის მსხვერპლი.

აშკარა გახდა, რომ გლობალური კაპიტალიზმის მომავალი ევროკავშირის ლიბერალური სისტემა აღარ არის, ის ზედმეტად ჭრელი და მოუქნელია მსოფლიო ომის პირას მისული სამყაროსთვის. კაპიტალიზმი რეჟიმების ფორმას იძენს დასავლეთსა და აღმოსავლეთში. თვითგანადგურების პირას მისულ მსოფლიოს, როგორც არასდროს სჭირდება პროგრესული ძალების გამოღვიძება, ამისათვის დასავლეთისა და არასამთავრობოების კრიტიკა არ კმარა.

 

ბიბლიოგრაფია

[1]  https://www.irishtimes.com/politics/2024/06/14/wallace-pledges-to-continue-campaigning-following-loss-of-seat-to-ni-mhurchu/

[2]  Is this EU worth joining, or is there an alternative?

[3]  https://jacobin.com/2024/06/boris-kagarlitsky-appeal-imprisonment-solidarity

[4]  https://ria.ru/20240604/delo-1950310176.html

[5]  https://theideasletter.substack.com/p/rethinking-foreign-aid-from-the-inside