თურქული ოპოზიციის გამარჯვება თუ ერდოღანის ხელისუფლების მარცხი? შეცვლილი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები

თურქული ოპოზიციის გამარჯვება თუ ერდოღანის ხელისუფლების მარცხი? შეცვლილი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

2 აპრილი 2024

31 მარტის თურქეთის ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლების ძალიან დიდი მარცხით დასრულდა. ეკონომიკური კრიზისის, კორუფციის, პოლიტიკური რეპრესიების და გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დატოვებული უიმედობის ფონზე, თურქული და საერთაშორისო საზოგადოებების მოლოდინი დიდი არ იყო, თუმცა არჩევნების შედეგებმა არათუ (საკმაოდ მოკრძალებულ) მოლოდინებს გადააჭარბა, არამედ ქვეყანაში შოკის ეფექტიც შექმნა.

წინასაარჩევნო გამოკითხვები მნიშვნელოვანი ნაწილი სტამბოლის და ანკარის პოპულარული ოპოზიციონერი მერების ექრემ იმამოღლუს და მანსურ იავაშის წარმატებას წინასწარმეტყველებდა, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ დიდი სხვაობითაც. მაგრამ 2023 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით ოპოზიცია იმარჯვებდა, თუმცა შედეგები სრულიად განსხვავებული გამოდგა, თურქული საზოგადოება საკმაოდ პესიმისტურად იყო განწყობილი. მაგრამ მოვიდა არჩევნების დღე და მისი შედეგი სრულიად მოულოდნელი გამოდგა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისათვის. ოპოზიციამ, კერძოდ, ოპოზიციის ფლაგმანმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ (სრპ), ქურთების და მემარცხენეების ალიანსმა, და „ხალხთა დემოკრატიის და თანასწორობის პარტიამ,“ რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი წინამორბედის, ხალხთა დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ აღძრული დახურვის საქმის გამო მონაწილეობს არჩევნებში, იმაზე ბევრად დიდი წარმატება მოიპოვეს ვიდრე თავად ელოდნენ. არჩევნების მესამე გამარჯვებული კი ერდოღანის პოლიტიკური მენტორის, ნეჯმეთთინ ერბაქანის ვაჟის ფათიჰის მიერ დაარსებული, ისლამისტური, ახალი კეთილდღეობის პარტია გახდა. რომელმაც ორი ქალაქის და რამდენიმე ათეული რაიონის მუნიციპალიტეტი მოიპოვა და მემარჯვენე-ისლამისტურ სპექტრუმზე ერდოღანის ხელისუფლების სერიოზულ კონკურენტად პოზიციონირების საშუალება მიეცა.

მოულოდნელი იყო წარმატების ის მასშტაბიც, რომელიც „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ დიდ ქალაქებში მოიპოვა. მართალია მანსურ იავაშის და ექრემ იმამოღლუს წარმატება მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ის სხვაობა რითაც მათ გამარჯვება მოიპოვეს და ანკარის და სტამბოლის რაიონებში ბევრისთვის შოკური ეფექტის მატარებელი იყო. როგორც სტამბოლში, ისე ანკარაში, არსებულ მერებს და ხელისუფლების კანდიდატებს შორის სხვაობა მილიონ ხმას აღწევდა. ისე რომ, ანკარაში, წმინდა პროცენტული შეფასებით, მანსურ იავაშმა ხმების 60% მიიღო და 29%-იანი სხვაობით დაამარცხა ხელისუფლების კანდიდატი თურგუთ ალთინოქი, რომელმაც ხმების მხოლოდ 31% მოიპოვა. ანალოგიურად, ექრემ იმამოღლუმ ხმების 51% მიიღო მისი კონკურენტის, გარემოს და ურბანიზაციის ყოფილი მინისტრის, მურათ ქურუმის 39%-ის წინააღმდეგ. „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ ასევე გაიმარჯვა ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში როგორებიცაა ოპოზიციის ტრადიციულ ციხესიმაგრედ მიჩნეული იზმირი და აიდინი, შეინარჩუნა ანტალია, ადანა, მერსინი, ესქიშეჰირი და დრამატული წარმატება მოიპოვა ბურსაში და ბალიქესირში, ორ მნიშვნელოვან ქალაქში, რომლებიც ტრადიციულად ხელისუფლების მხარდაჭერით იყვნენ ცნობილი. ამასთანავე, 1977 წლის შემდეგ პირველად, სრპ-მ თურქეთში არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობითაც გაიმარჯვა. ამ წარმატებამ, 2023 წლის არჩევნების წარუმატებელი შედეგის გამო მთავარი ოპოზიციური ალიანსის დაშლის შემდეგ, თურქეთში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა, რომელიც როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ სპექტრზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მომასწავებელია.

საარჩევნო წარმატებამ ექრემ იმამოღლუ, რომელმაც ამჯერად ყოველგვარი ოფიციალური ალიანსის გარეშე შეძლო შთამბეჭდავი წარმატების მოპოვება და მიიღო სტამბოლში მცხოვრები ერთმანეთისგან დრამატულად განსხვავებული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ შესაძლო კანდიდატად და თურქეთის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ აქტორად აქცია. ამასთანავე, განსხვავებით 2019 წლისგან, სრპ-ს მიერ სტამბოლის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებამ, ოპოზიციას გზა გაუხსნა შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელსაც აქამდე ექრემ იმამოღლუ და მისი გუნდი საკრებულოს სახელისუფლებო ფრაქციის წინააღმდეგობის გამო ვერ ახორციელებდნენ. გაძლიერდა მანსურ იავაშის პოზიციაც, რომელმაც, ანკარაში გატარებული ეფექტური საკადრო პოლიტიკის დახმარებით, მოახერხა როგორც სრპ-ს ამომრჩევლის მობილიზაცია, ისე ოპოზიციური ალიანსის ყოფილი რიგით მეორე კარგი პარტიის მხარდამჭერების მოზიდვა და სახელისუფლებო ალიანსის წევრის, საკუთარი ყოფილი პარტიის, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ანკარის პროვინციაში მნიშვნელოვანი ფიგურების კოოპტაცია, რამაც სრპ-ს საშუალება მისცა გაემარჯვა არამხოლოდ ტრადიციულად სრპ-ს მხარდამჭერ ცენტრალურ რაიონებში, ისე ანკარის პროვინციის უფრო მეტად ტრადიციულ ქალაქებში როგორებიცაა მანსურ იავაშის მშობლიური ბეიფაზარი ან ნალიჰანი. ანკარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური რაიონი ეთიმესგუთი კი ოპოზიციამ პოპულარული მსახიობის, ერდალ ბეშიქჩიოღლუს საშუალებით მოიპოვა, რომელიც თურქული სერიალების ისტორიაში ყველაზე პოპულარულ „ანკარულ სერიალში“ ბეჰზათ ჩ.-ში მთავარ როლს ასრულებდა. ამავე დროს, იზმირში, სადაც არსებული მერი თუნჩ სოიერი, საკმაოდ დაძაბული პროცესის შემდეგ, ბოლო მომენტში, ქონაქის რაიონის მერით ჯემილ თუგაით ჩაანაცვლეს, სრპ-მ ხმების შესამჩნევი რაოდენობა დაკარგა და ამით დადასტურდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატის ვინაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მეორე უმნიშვნელოვანესი აქტორი რომელიც ადგილობრივმა არჩევნებმა წინა პლანზე წამოსწია, „ახალი კეთილდღეობის პარტიის“ ლიდერი, ვეტერანი ისლამისტი ლიდერის და ერდოღანის პოლიტიკური მენტორის ნეჯმეთთინ ერბაქანის ვაჟი ფათიჰია. მისმა პარტიამ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და ხმების 6.19%-ით მესამე ადგილზე გავიდა. პარტიამ ასევე წარმატება მოიპოვა იოზგათის და მილიონიან შანლიურფას პროვინციებში და ერდოღანით უკმაყოფილო ისლამისტ და კონსერვატორ ამომრჩეველზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანიით, საკუთარი თავი ერდოღანის პარტიის მნიშვნელოვან ალტერნატივად აქცია იმ ამომრჩევლის თვალში, რომელსაც სხვადასხვა მიზეზებით მთავარი ოპოზიციური ალიანსისთვის ხმის მიცემა არ სურდა. ერბაქანმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს დაუჭირა მხარი, ამჯერად, ბოლო მომენტამდე საკმაოდ ორაზროვანი პოზიციებით, ბოლომდე გამოიყენა სახელისუფლებო მედია საკუთარი იდეების და პარტიის პოპულარიზაციისათვის, ბოლო მომენტში კი ხელისუფლების მხარდაჭერაზე, იმ მიზეზით რომ მისი და მისი პარტიის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, უარი განაცხადა. ამის საშუალებით, მან ხელისუფლების ამომრჩევლის საკმაო ნაწილში იმ ლეგიტიმაციის მოპოვება მოახერხა, რასაც ტრადიციული ოპოზიცია, სახელისუფლებო მედიაში მათი დემონიზაციის დამსახურებით, უმეტესწილად მოკლებულია. ერბაქანის სასარგებლოდ იმუშავა იმანაც რომ ეროვნული თვალთახედვის – პოლიტიკური ტრადიციის, რომლის წიაღიდანაც პრეზიდენტი ერდოღანიც მოდის, მხარდამჭერების ერთი ნაწილის თვალში, ის, როგორც მამამისის შვილი, მოძრაობის ლიდერობის ბევრად უფრო ლეგიტიმური პრეტენდენტია ვიდრე ერდოღანი, მოწაფე, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მასწავლებელს უღალატა. ამგვარად, ფათიჰ ერბაქანმა მოახერხა და მიიზიდა როგორც სამართლიანობის და აღმავლობის პარტიის შიგნით მოქცეული, ეროვნული თვალთახედვის მიმდევრების ხმების ნაწილი, ისე ისინიც, ვინც ნეჯმეთთინ ერბაქანის მიერ დაარსებულ „ბედნიერების პარტიასთან“ იყვნენ ახლოს, მაგრამ გულის სიღრმეში თვლიდნენ რომ ეროვნული თვალთახედვის მოძრაობის ლიდერობაზე ფათიჰ ერბაქანის პრეტენზიები ბევრად ლეგიტიმურია, ვიდრე ბედნიერების პარტიის ლიდერის თემელ ქარამოლაოღლუსი. ერბაქანმა ასევე ძალიან ოსტატურად გამოიყენა იდეური ისლამისტების პროტესტი თურქეთის ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ფირმების ისრაელთან ვაჭრობის გაგრძელების თაობაზე, ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ, პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების მონაწილეებს პოლიციური ტერორი დაუპირისპირა. ერბაქანმა, ასევე ძალიან კარგად შეაფასა კანდიდატების ფაქტორიც და მისი პარტიის მიერ მოგებულ ორივე პროვინციაში, ყველაზე კარგი ვარიანტები შეარჩია. იოზგათში პოპულარული ყოფილი მერი, რომელიც ადრე მმართველი პარტიის წევრი იყო, ხოლო შანლიურფაში, სადაც ტომობრივი და კლანური გავლენები დღემდე გადამწყვეტ როლს ასრულებენ, ასევე მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი, რომლის გავლენაც არა მის პარტიულ კუთვნილებას, არამედ ტომობრივ წარმოშობას და რეგიონში ცნობილ რელიგიურ ლიდერთან მის ნათესაობას ემყარება.

არჩევნებში, თურქეთის დასავლეთში და ქვეყნის მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნებში მიღებულ ხმებთან შედარებით ნაკლები ხმის მიღების მიუხედავად, კიდევ ერთ წარმატებულ მხარედ ქურთების და მემარცხენეების ალიანსი, ხალხთა დემოკრატიული პარტიის მემკვიდრე, „ხალხთა დემოკრატიის და თანასწორობის პარტია“ (ხდთპ) შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა რომ თურქეთის ხელისუფლებამ, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ორჯერ მოხსნა დანიშნული მერები და მათ ადგილას ცენტრიდან დანიშნა მოხელეები, პარტიის წინააღმდეგ გატარდა მკაცრი რეპრესიები და არც ხმის მიცემის პროცესი ყოფილა სამართლიანი – არაერთ უბანში ხელისუფლებამ საჯარო მოხელეები და ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი ე.წ. კარუსელის დასატრიალებლად გამოიყენა, პარტიამ მოიგო ქურთებით დასახლებული რეგიონების სამი მთავარი ქალაქი – დიარბაქირი, ვანი და მარდინი და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 70-იდან 79-ამდე გაზარდა. არაერთ რაიონში, პარტიამ დიდი ალბათობით სწორედ მმართველი პარტიის მანიპულაციების შედეგად ვერ შეძლო გამარჯვება, თუმცა მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების შენარჩუნებით პარტიამ აჩვენა რომ ის თურქეთის პოლიტიკურ სპექტრზე საკვანძო პოლიტიკურ ძალად რჩება.

ქვეყნის დასავლეთში, ხდთპ-მ, მართალია წარადგინა თავისი კანდიდატები, მათ შორის ანკარაში და სტამბოლში, მაგრამ დაბალპროფილიანი კამპანიით, რაც საბოლოოდ ამომრჩეველმა მთავარი ოპოზიციის არაოფიციალურ მხარდაჭერად მიიჩნია და ხმაც შესაბამისად მისცა. შედეგად, სტამბოლში, ბოლო არჩევნებში პარტიის მიერ მიღებული 8%-იდან 6% ექრემ იმამოღლუმ მიიღო, ხოლო ჩვეულებრივ სიტუაციაში საკმაოდ ძლიერმა კანდიდატმა, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მერალ დანიშ ბეშთაშმა მხოლოდ 2%. ანალოგიურად მოიქცა ქურთი ამომრჩეველი თითქმის ყველა დიდ ქალაქში. სანაცვლოდ, სრპ-მ რამდენიმე დიდ ქალაქში და რაიონში, ორივე პარტიის ამომრჩევლისთვის მისაღები კანდიდატები წარადგინა. ქურთების ელექტორალურ პოტენციალს ხელისუფლების ბანაკიც ხვდებოდა და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ხმები რომ პატიმრობაში მყოფი ხალხთა დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი სელაჰათთინ დემირთაში, რომლის გავლენაც ციხიდანაც იგრძნობა, არჩევნების წინა დღეს წერილს გამოაგზავნიდა ამომრჩევლებისადმი ინსტრუქციით, უშედეგოდ ჩაიარა თავად ერდოღანის მოწოდებამაც რომ ხდთპ-ს თუ სურდა რომ ის ვინმეს სერიოზულად მიეღო, „თავისი ძალა უნდა დაემტკიცებინა“ და ქურთმა ამომრჩეველმა, ისევე როგორც 2019 წელს, დასავლეთ თურქეთის საკვანძო ქალაქებში კვლავ სრპ-ს კანდიდატებს დაუჭირა მხარი. ხელისუფლებისათვის წამგებიანი გამოდგა ჰეზბოლას სახელით ცნობილ, ქურთულ ისლამისტურ ორგანიზაციასთან და მის პოლიტიკურ ფრთასთან ჰუდა-პართან (ღმერთის პარტია, არაბული ჰიზბულლაჰის ქურთული თარგმანის შემოკლება) ალიანსიც. მართალია პარტიამ ქურთული რეგიონების ნაწილში მოახერხა გარკვეული მხარდაჭერის მიღება, მაგრამ ვერ მოახერხა რომელიმე მუნიციპალიტეტში გამარჯვება და ხმების უმრავლესობა მმართველი პარტიის ამომრჩევლების ხარჯზე მიიღო. ჰეზბოლას მთავარ ცენტრად მიჩნეულ ბათმანში კი ხდთპ-ს კანდიდატმა ქალმა გულისტან სონუქმა ჰეზბოლას კანდიდატს, პარლამენტის წევრ სერქან რამანლის ხმების 49%-იანი სხვაობით მოუგო. იმის ალბათობა რომ ხელისუფლებამ გაიმეოროს 2016 და 2019 წლების პოლიტიკა და კვლავ ცენტრიდან გამოგზავნილი მოხელეების საშუალებით სცადოს ქურთული მოძრაობის პოლიტიკური წარმატების განულება კვლავ არსებობს, მაგრამ ისეთ რეალობაში როდესაც ამ პოლიტიკამ, ახალი პოლიტიკური სისტემის პირობებში ქურთები ოპოზიციის შიგნით საკვანძო ძალად აქცია და უშუალოდ ერდოღანის ძალაუფლებას ძალიან დიდი ზარალი მიაყენა, იმის ალბათობაც ჩნდება, რომ ერდოღანმა ულტრანაციონალისტურ „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან“ ალიანსის გადახედვა სცადოს. თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია.

დამარცხებულებს შორის ყველაზე მწარედ „კარგი პარტიის“ ლიდერი, მერალ აქშენერი დამარცხდა. რომელმაც, მიუხედავად სიგნალებისა რომ ამომრჩეველი ოპოზიციურ ალიანსში დარჩენას უჭერდა მხარს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტა. მან არასწორად გაანალიზა საპრეზიდენტო არჩევნებში სინან ოღანის მიერ მიღებული ხმები, ის მხარდაჭერა რომელიც მისმა პარტიამ არჩევნებში მიიღო, ენდო მკვლევარების ერთი ნაწილის მოსაზრებას რომ არჩევნებში ნაციონალიზმმა გაიმარჯვა და ჩათვალა, რომ მისი ამომრჩეველი უფრო მეტად იდეოლოგიური ნაციონალიზმის კარნახით მოქმედებდა ვიდრე ერდოღანის საწინააღმდეგო რეფლექსით. მიატოვა ზომიერი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის შექმნის იდეა და აქტიურად შეუდგა ყოფილი მოკავშირეების, მათ შორის ექრემ იმამოღლუს და მანსურ იავაშის მკაცრ კრიტიკას. შედეგი პარტიისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. მართალია პარტიამ გაიმარჯვა ნევშეჰირის პროვინციაში და ამგვარად, არჩევნების გზით პირველ პროვინციის ცენტრზე მოიპოვა კონტროლი, მაგრამ დაკარგა მნიშვნელოვანი დასაყრდენები, მათ შორის იზმირის პროვინციის ქალაქი თირე, დრამატულად დაეცა პარტიის ხმების რაოდენობაც. პარტიის სტამბოლის და ანკარის კანდიდატებმა ხმების ერთი პროცენტიც კი ვერ მიიღეს. დიდია ალბათობა რომ პარტია ან არსებობას შეწყვეტს ან მერალ აქშენერს, საკმაოდ მტკივნეული პროცესის შემდეგ, მოუწევს თანამდებობის დატოვება და პარტია ახალი ლიდერით შეეცდება გზის გაგრძელებას.

ძალიან დაზარალდა მმართველი ალიანსის შემადგენელი, ერდოღანის „სამართლიანობის და აღმავლობის“ მთავარი მოკავშირე, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაც.“ მართალია მან შეძლო ხმების 5%-ის და 8 პროვინციის ცენტრალური მუნიციპალიტეტის მოპოვება, მაგრამ არჩევნების საბოლოო შედეგები მათთვისაც ძალიან უარყოფითი გამოდგა. პარტიამ დაკარგა მათ ხელში არსებული ბოლო დიდი ქალაქის, მანისას მერია, სადაც სრპ-ს ახალი ლიდერის, ოზგურ ოზელის მანისელობის დამსახურებითაც, სრპ-ს კანდიდატმა ფერდი ზეირექმა დიდი სხვაობით დაამარცხა ნმპ-ს წარმომადგენელი ჯენგიზ ერგუნი, რომელიც ქალაქს 2009 წლიდან მართავდა და სკანდალური რეპუტაცია ჰქონდა. პარტიამ ასევე დაკარგა სტამბოლის ერთადერთი რაიონი რომელშიც მათ ოდესმე გაუმარჯვიათ – სილივრი და ასევე ანკარის ყველა რაიონი რომელიც მანამდე მისი კონტროლის ქვეშ იყო. მართალია ანკარის რამდენიმე რაიონში ნმპ-ს ყოფილმა წევრებმა გაიმარჯვეს, მაგრამ როგორც სრპ-ს კანდიდატებმა, პირადად მანსურ იავაშის კვოტით და ამიერიდან მათი პოლიტიკური ბედ-იღბალი არა ნმპ-სთან არამედ მანსურ იავაშთანაა გადაჯაჭვული. იმ პროვინციებშიც, სადაც ნმპ-მ გაიმარჯვა, მისი წარმატება პარტიაზე ან იდეოლოგიაზე მეტად კანდიდატზე იყო დამოკიდებული. მაგალითად თოქათში, სადაც ნმპ-ს და ერდოღანის საპ-ის კანდიდატები ერთად მონაწილეობდნენ, ნმპ-ს კანდიდატმა მეჰმეთ ქემალ იაზიჯიოღლუმ არა პარტიის, არამედ თოქათელების აწ გარდაცვლილი მამამისის, თოქათის პოპულარული გუბერნატორის რეჯეფ იაზიჯიოღლუს ხსოვნისადმი მოწიწების და პატივისცემის დამსახურებით გაიმარჯვა. ერთადერთი რეალური წარმატება, რომელიც პარტიამ მოიპოვა, თურქეთის ევროპულ ნაწილში, ქირქლარელის პროვინციაა. თუმცა აქაც, საკრებულოს უმრავლესობა სრპ-ს ხელშია და პარტიისათვის ახალი პოლიტიკური ბაზის შექმნის რესურსები საკმაოდ შეზღუდულია. ნმპ-ს წარუმატებლობამ შესაძლოა ერდოღანს ალიანსის გადახედვისკენ უბიძგოს, მაგრამ ორ პარტიას შორის არსებული, უკვე სიმბიოტური ურთიერთობა რამდენად გახდის მშვიდობიან განქორწინებას შესაძლებელს, ძალიან რთული სათქმელია.

კიდევ ერთი რაც ადგილობრივმა რჩევნებმა დაადასტურა ყოფილი ოპოზიციური ალიანსის – ე.წ. ექვსთა მაგიდის ხუთი წევრის საარჩევნო პოტენციალის აღსასრულია. ყოფილი პრემიერის აჰმეთ დავუთოღლუს „მომავლის პარტიამ“ ხმების 0.07% მიიღო, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ალი ბაბაჯანის „დემოკრატიის და პროგრესის პარტიამ“ 0.33%, „ბედნიერების პარტიამ“ 1.09%, ხოლო „დემოკრატიულმა პარტიამ“ 0.20% და ამგვარად, მათი სამომავლო არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგა. არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისიც რომ სრპ-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, პარტიიდან დიდი სკანდალით გამოყოფილი მუჰარემ ინჯეს მშობლიური მხარის პარტიის და ანტისაემიგრაციო რიტორიკით ცნობილი უმით ოზდაღის გამარჯვების პარტიის აქტიური ინტერნეტკამპანიები და სოციალურ მედიაში ტროლების გამოყენება უშედეგოდ დასრულდა და მათი ელექტორალური პოტენციალი ძალიან მცირე იყო. ინჯეს პარტიამ ხმების მხოლოდ 0.17% მიიღო, ოზდაღისამ კი 1.74%. ამ ორმა პარტიამ, ვერც ერთ მუნიციპალიტეტში რაიმე სახის წარმატების მოპოვება ვერ შეძლო.

მიუხედავად სრპ-ს წარმატებისა, მათ შორის სრულიად მოულოდნელ ადგილებში, ზოგ ადგილას ამომრჩეველმა ის დასაჯა. მაგალითად მიწისძვრის შედეგად ძალიან დაზარალებულ ჰათაიში, სადაც სრპ-მ, მიუხედავად საზოგადოების და ამომრჩევლის მკვეთრად უარყოფითი რეაქციისა, არსებული მერი ლუთფუ სავაში წარადგინა კანდიდატად. სავაში ასევე დიდი ალბათობით ჩართული იყო იმ სკანდალის ორგანიზებაშიც, რომელმაც თურქეთის „მუშათა პარტიის“ კანდიდატის, პოპულარული ფეხბურთელის, გოქჰან ზანის საარჩევნო პოტენციალი ფაქტობრივად დაასამარა და მისივე პარტიის მიერ ზანთან კავშირის გაწყვეტით დასრულდა. არჩევნები სავაშის მძიმე მარცხით დასრულდა და ჰათაის ახალი მერი მმართველი პარტიის კანდიდატი მეჰმეთ ონთურქი გახდა. ტრადიციულად სრპ-ს მხარდამჭერ რაიონებში, სამანდაღში თურქეთის მუშათა პარტიის კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხოლო დეფნეში თურქეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატ ჰიზამ ჰასირჯის გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. არსუზი და ერზინი სრპ-მ შეინარჩუნა, ეს უკანასკნელი არსებული მერის დამსახურებით, რომელსაც დიდი როლი ჰქონდა რაიონში მიწისძვრის შედეგების მინიმუმამდე შემცირებაში.

მიწისძვრით დაზარალებულ დანარჩენ პროვინციებში, ხელისუფლების გავლენის შენარჩუნების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ტრადიციულად კონსერვატიული რეპუტაციის მქონე ადიამანში სრპ-ს კანდიდატმა, მეჯლისის წევრმა აბდურრაჰმან თუთდერემ გაიმარჯვა, რომელმაც მიწისძვრის პერიოდში ქალაქის მოსახლეობის გასაჭირის ფართო საზოგადოებამდე მიტანაში დიდი როლი შეასრულა. მალათიაში და ქაჰრამანმარაშში კი მართალია ხელისუფლების მხარდამჭერმა კანდიდატებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ხმების მნიშვნელოვანი ოდენობის დაკარგვის შემდეგ. ოპოზიციამ ორივეგან მნიშვნელოვნად გაზარდა მოგებული რაიონული მუნიციპალიტეტების რიცხვიც. გაზიანთეფში კი წლების შემდეგ პირველად, სრპ-მ ორი ცენტრალური რაიონიდან ერთ-ერთში შეჰითქამილში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

თურქეთში პოლიტიკური პატრონაჟის სისტემა მუნიციპალიტეტების საშუალებით საზრდოობს. მუნიციპალიტეტებია პასუხისმგებელი სოციალური დახმარების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილზეც. მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოსავლის ოდენობაც, რომელიც, განსაკუთრებით დიდი ქალაქების მუნიციპალიტეტებს, პარტიებისთვის უმნიშვნელოვანეს შემოსავლის და გავლენის წყაროდ აქცევს. ამგვარად, ოპოზიციამ კონტროლი მოიპოვა უდიდეს ფინანსურ და პოლიტიკურ რესურსზეც, რომელიც მას, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ხელისუფლებისაკენ მიმავალ გზას გაუხსნის.

ექრემ იმამოღლუ კი იმის არცთუ მცირე დამსახურებითაც რომ მის წინააღმდეგ კამპანიას არა მხოლოდ მისი უშუალო კონკურენტი, არამედ ყოფილი მოკავშირეები მერალ აქშენერის თამადობით, 17 მინისტრი და თვით პრეზიდენტი ერდოღანი აწარმოებდნენ, ოპოზიციის ფაქტობრივ ლიდერად და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე რეალურ კანდიდატად იქცა. ცხადი გახდა ისიც, რომ მანსურ იავაშიც თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ დიდ ხანს შეასრულებს მნიშვნელოვან როლს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნების შემდგომ გამოსვლაში მარცხი აღიარა. თუმცა თურქეთში კვლავ საკმაოდ არიან ადამიანები, რომლებსაც 2015 წლის ორ არჩევნებს შორის მომხდარი სისხლიანი მოვლენების გამეორების ეშინიათ. მაგრამ დღეს, ეკონომიკური კრიზისის და არასტაბილურობის პირობებში ამის გამეორების შანსი მაღალს არ ჰგავს. ერდოღანი, რომელიც დიდი ამბით ფინანსთა მინისტრად დანიშნული მეჰმეთ შიმშექის საშუალებით ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას ცდილობს, ნაკლებად სავარაუდოა რომ სიტუაციის გამწვავებაზე წავიდეს. ერდოღანის საპრეზიდენტო ვადა 2028 წელს იწურება, ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგო ზომები ხარჯვის შემცირება, საჯარო სექტორში შემცირებები და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა იქნება, რისი საკუთარი ამომრჩევლისთვის მიყიდვაც ერდოღანს ძალიან გაუჭირდება. 2028 წლამდე კი დიდი დროა და მანამდე ვინ იცის, ეგებ ეკონომიკამაც ამოისუნთქოს. ვადამდელი არჩევნები კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერდოღანისთვის იქნება საზიანო.

ნაციონალისტური პარტიების მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგი სირიაში და ერაყში ფართომასშტაბიანი ოპერაციის შანსებსაც ამცირებს. ქვეყნის შიგნით ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ მიღებული ზომების მეტნაკლები ეფექტურობა ერდოღანის ამომრჩევლისათვის არსებული სახითაც საკმარისად მიიჩნევა, სავარაუდო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების საფასური თურქეთის ეკონომიკისთვის კი შეიძლება იმდენად მძიმე აღმოჩნდეს რომ ამან დროშის გარშემო გაერთიანების ეფექტი სრულად გადაფაროს. ამგვარად, არჩევნების ასეთმა შედეგმა სირიაში და ერაყში თურქეთის ახალი სამხედრო ოპერაციის რისკი შეამცირა.

თურქეთში ცვლილების ქარმა ძლიერად დაუბერა, ოპოზიციამ ახალი ლეგიტიმაცია და მანდატი მიიღო. ჯერი ახლა ექრემ იმამოღლუზე და ოზგურ ოზელზეა. სწორედ მათი პოლიტიკური ნაბიჯები განსაზღვრავს თუ ვინ შეცვლის ერდოღანს 2028 წელს ან უფრო ადრე და იმ ისტორიულ გზას, რომელსაც თურქეთი ერდოღანის შემდეგ დაადგება.