2016 წელს, UrbanNext-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და თანამედროვეობის გამორჩეულმა მოაზროვნემ სასკია სასენმა თქვა, რომ ჩვენ ახალ ეპოქაში შევაბიჯეთ, როცა გლობალური იმპერიალიზმის მოდელი, გლობალური ექსტრაქტივისტული მოდელით შეიცვალა.[1] შეიცვალა მრავალი სიტყვის, ნივთის, მოვლენის, საქმიანობის, პროფესიის შინაარსი, მაგრამ ჩვენ მათ ისევ ძველ სახელებს ვეძახით და მათზე მსჯელობის დროს მათ შესახებ ძველი ცოდნით, ძველი შეფასებებით და ძველი მიდგომებით ვსარგებლობთ. არასწორ შეფასებებს და შეუსაბამობებს კი მცდარი შედეგებისკენ მივყავართ, რაც საზოგადოების მანიპულაციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ამ შესაძლებლობას კი ხელიდან არ უშვებს ყველა, ვინც კეთილსინდისიერების დეფიციტს განიცდის და ამ შეუსაბამობით სარგებლის მოპოვება შეუძლია.
ეკონომიკური მოდელის მსგავსი მასშტაბის ცვლილება მანამდე ორჯერ, ჯერ 1940-იან, შემდეგ კი 1970-იან წლებში მოხდა. პირველად, როცა ბრეტონ ვუდსის კონფერენცია ჩატარდა და დასავლურ ქვეყნებს შორის ბრეტონ ვუდსის შეთანხმება შედგა[2] და მეორედ, როდესაც ეს შეთანხმება დასრულდა, ბრეტონ ვუდსის სისტემამ და პრინციპებმა მოქმედება შეწყვიტა.[3] ორივე შემთხვევაში, მოდელის ცვლილებას მყისიერი და შესამჩნევი ფორმა ჰქონდა. უახლესი პერიოდის ეკონომიკური ცვლილება კი ათწლეულები გაგრძელდა და ერთი მოდელის მეორეთი ჩანაცვლების მკაფიო საზღვრის დადგენა თითქმის შეუძლებელია.
ფაქტობრივ მდგომარეობასა და თეორიას შორის არსებული განსხვავებების ნათელ გამოვლინებებს ვხვდებით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკასა და ბიზნესში, ჯანდაცვასა და განათლებაში, ურბანულ გარემოში.
ცვლილებების და წარმოქმნილი შეუსაბამობების შედეგებზე გავლენის უკეთ გასააზრებლად, ისტორიაში მცირე ექსკურსს გთავაზობთ.
ბრეტონ ვუდსში 1944 წელს ჩატარებულ კონფერენციას ისტორიულის გარდა საეტაპო მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან მან მსოფლიოს შემდგომი განვითარების მიმართულება განსაზღვრა. დასავლური ეკონომიკები შეთანხმდნენ, რომ მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უარი უნდა ეთქვათ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაბატონებულ პრინციპზე „გააღარიბე მეზობელი.“ ისინი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების არათანაბარი განვითარება დიდი ალბათობით ახალი ომის წყარო გახდებოდა და ამიტომ დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა თანამშრომლობაზე იქნებოდა ორიენტირებული და არა დაპირისპირებაზე. ეს შეთანხმება სხვა მრავალ შეთანხმებასთან ერთად კრძალავდა აქტივების ერთი ქვეყნიდან მეორეში სპეკულაციური მიზნით გადინებას და კაპიტალს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევდა. ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმება კაპიტალს საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მუშაობისკენ უბიძგებდა, ხშირად, ავალდებულებდა კიდეც.
სამწუხაროდ, ეს შეთანხმება და მასში მოცემული პრინციპები მხოლოდ წამყვანი ქვეყნების და მათ შორის ურთიერთობის პრინციპის ცვლილებას გულისხმობდა, დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობის დროს კი ეს ქვეყნები კვლავ ძველი პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. მიუხედავად ამისა, წამყვანი ქვეყნების მცდელობამ ჩამოყალიბებულიყვნენ კეთილდღეობის სახელმწიფოდ, საერთო სურათსაც დადებითი კვალი დაატყო.
დასავლეთის სახელმწიფოებს შორის და სახელმწიფოების შიგნით ამ პერიოდში მოქმედმა რეგულაციებმა ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად მომხმარებელი აქცია.[4] რაც ნიშნავდა, რომ რიგითი ადამიანის გადახდისუნარიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ეკონომიკის განვითარებისთვის. იგივე შეიძლება ითქვას მათ საარჩევნო ხმაზე, რომელმაც მეტი წონა შეიძინა მთავრობის და პოლიტიკური ელიტის ფორმირებისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის. სწორი, ანუ გონივრული და სამართლიანი რეგულაციების შედეგად, შემოსავლების გადანაწილებამაც უფრო სამართლიანი სახე მიიღო, რამაც რაოდენობრივადაც და შემოსავლების ოდენობის კუთხითაც საშუალო ფენა გაზარდა და გააძლიერა. 1950-1960-იან წლებში, დასავლეთის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში დამკვიდრდა ტენდენცია, როცა დასაქმებული მისი შრომის მეტ-ნაკლებად შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. ამან ჩამოაყალიბა რწმენა, რომ შემოსავლების გადანაწილება მეტ-ნაკლებად სამართლიანად ხდებოდა და სწორედ ამ ტენდენციამ დაუდო საფუძველი ამ ქვეყნებში ადამიანის შემოსავლების მიხედვით შეფასებას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ადამიანის შემოსავალი ადამიანის შრომისმოყვარეობის, გონიერების, ნიჭის შეფასების საზომიც გახდა. სამწუხაროდ, შემოსავლების სამართლიანად გადანაწილების ტენდენცია რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეიცვალა, მაგრამ შემოსავლების მიხედვით ადამიანის შეფასება ინერციით უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა. შეფასების ამ ტენდენციას დღესაც ბევრ ქვეყანაში ვხვდებით, განსაკუთრებით მძლავრად კი პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საქმე იმაშია, რომ ეკონომიკაში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ვგრძნობთ. 1950-1960-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილებების არაერთი დადებითი შედეგი 1970-იანებში ვიხილეთ, 1970-იანებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი კი – 1980-1990-იანებში. ამიტომ, ხშირად პირდაპირი კავშირის დანახვა მოვლენასა და მის გამომწვევ მიზეზს შორის არც ისე ადვილია. ცვლილების გააზრებას და შემოსავლების სამართლიანად განაწილების გაუარესების გააზრებას გარკვეული დრო დასჭირდა. ამან კი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა საზოგადოების შემდგომ განვითარებას.
1971 წლიდან ბრეტონ ვუდსის შეთანხმება დაირღვა და დასავლეთის ქვეყნებში მოქმედმა ეკონომიკურმა მოდელმა თანდათანობით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ 1950-1960-იან წლებში არსებული ეკონომიკური მოდელის პრინციპები 180 გრადუსით შეტრიალდა. დაიწყო წინა სამი ათწლეულის განმავლობაში შემოღებული წესების გაუქმება და „გამარტივება“ (ე.წ. დერეგულაცია) და 1970-იანი წლებიდან დაწყებული, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი მდიდარი ფენის ინტერესების მომსახურება გახდა. ეს პრინციპი მეთოდურად ინერგებოდა და 2005 წელს მიაღწია განვითარების ისეთ ეტაპს, რომ სითიგრუპმა თავის ანგარიშში ძალიან მდიდარ ადამიანთა ახალი კატეგორია შემოიღო, რომელსაც პლუტონომია უწოდა.[5] სითიგრუპი ინვესტორებს ურჩევდა მთავარი აქცენტი და ყურადღება ამ კატეგორიისკენ მიეპყროთ.
„ყველაფერი ჩვენთვის და არაფერი სხვებისთვის, როგორც ჩანს სწორედ ასეთ საძაგელ პრინციპს მისდევდნენ კაცობრიობის ბატონები ისტორიის ყველა ხანაში“ – ნოამ ჩომსკის აზრით, ადამ სმიტის მიერ აღწერილი „საძაგელი პრინციპი“ (Vile Maxim), ზედმიწევნით შეესაბამება პლუტონომიის ხასიათს და მოქმედების წესს.[6] როგორც ჩომსკი ამბობს, ეს სრულიად განსხვავდება რამდენიმე ათწლეულის წინ ჯენერალ მოტორსის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ ნათქვამისგან “რაც კარგია ჯენერალ მოტორსისთვის, ის კარგია ქვეყნისთვის,“ რაც იმ დროისთვის სიმართლეს წარმოადგენდა, ისევე როგორც სიმართლეს წარმოადგენდა საპირისპირო მტკიცება, „რაც კარგი იყო ქვეყნისთვის, ის კარგი იყო ჯენერალ მოტორსისთვის.“
მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე დიდი ამერიკელი ეკონომისტი თორსტეინ ვებლენი ადამიანებში ექვს ძირითად ინსტინქტს გამოჰყოფდა, რომელთაგან სამს საზოგადოებისთვის სასარგებლოს (დადებითს), სამს კი საზოგადოებისთვის საზიანოს (უარყოფითს) უწოდებდა.[7] ვებლენის აზრით დადებითი ინსტინქტებია: ოსტატობის ინსტინქტი, მშობლის ინსტინქტი და უბრალო ცნობისმოყვარეობა; უარყოფითი კი: მოხვეჭის ანუ მტაცებლის ინსტინქტი, შეჯიბრების ანუ შედარების ინსტინქტი და ჩვევა.
ზერელე შედარებითაც ჩანს, რომ ვებლენის მიერ ინსტინქტების დახასიათება დიამეტრალურად განსხვავდება მილტონ ფრიდმანის იმ მოსაზრებისგან, რომელიც ნეოლიბერალური იდეოლოგიის ქვაკუთხედად იქცა და რომლის მიხედვითაც სიხარბე საბოლოო ჯამში საზოგადოების განვითარებას იწვევს.
ადამიანებს ეს ინსტინქტები სხვადასხვა დოზით აქვთ და სწორედ მათი კომბინაცია და სიძლიერე თამაშობს გადამწყვეტ როლს ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ვებლენის აზრით, ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ინსტინქტისთვის ხელსაყრელი გარემოებები ყალიბდება და შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში ის ინსტინქტი უფრო მეტად აქტიურდება, რომლისთვისაც დროის ამ მომენტში უფრო შესაბამისი ნიადაგია.
ვებლენის ინსტინქტების თეორია შეგვიძლია განვავრცოთ და ვივარაუდოთ, რომ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ძალიან მცირეა, ამ ინსტინქტებიდან რომელიმე ერთი იმდენად ძლიერად გააჩნია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეს ინსტინქტი ითამაშებს მთავარ როლს. თუ ადამიანში, ოსტატობის ინსტინქტი ჯაბნის სხვა ინსტინქტებს, მაშინ მისთვის კონკრეტული საქმის მაქსიმალურად ხარისხიანად გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ საქმის შესრულებისთვის მატერიალური უკუგების მიღება ან მისი ოდენობა. ცნობისმოყვარეობის ინსტინქტის ჭარბად მქონე ადამიანი მეცნიერებაში სიახლის ან პრობლემის გადაჭრის გზის პოვნას შეეცდება მიუხედავად იმისა, რომ სხვა სფეროში საქმიანობა შესაძლოა მეტი ანაზღაურების მომტანი იყოს. ოსტატობის და ცნობისმოყვარეობის ინსტინქტების მქონე ადამიანები არიან წარმოების და მეცნიერების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. მეორე მხრივ, მტაცებლური ინსტინქტის მქონე ადამიანს ნაკლებად აინტერესებს სამეწარმეო იდეა ან სამეცნიერო პრობლემის გადაჭრა, ან რამე საინტერესო ამოცანის ამოხსნა, მისი მთავარი და ხშირად ერთადერთი სურვილი, ნებისმიერი ხერხით და საშუალებით, რაც შეიძლება მეტი მატერიალური სარგებლის მიღება ან ძალაუფლების მოპოვებაა. ასეთი ადამიანები, სწორედ ოსტატობის ან ცნობისმოყვარეობის ინსტინქტის ჭარბად მქონე ადამიანების შრომის და მიგნებების ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებენ სარგებლის მიღებას. მაგრამ როგორც ვთქვით, ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებშიც ერთი ინსტინქტი მკვეთრად ჯაბნის დანარჩენს – ცოტაა. უფრო დიდ, შეიძლება ითქვას უდიდეს ნაწილს კი რამდენიმე ინსტინქტი შედარებით თანაბარი სიძლიერით გააჩნია. მათში რომელიმე ერთი გამოკვეთილად არ ჯაბნის დანარჩენს და ამიტომ ისინი იმ ინსტინქტით ხელმძღვანელობენ, რომლისთვისაც უფრო ნოყიერი ნიადაგია დროის კონკრეტულ მომენტში.
1950-1960-იან წლებში, წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით, ურთიერთობები ისე იყო დარეგულირებული, რომ მტაცებელი, ანუ მომხვეჭის ინსტინქტის მქონე ადამიანებში ამ ინსტინქტისთვის სრული თავისუფლება შეებოჭათ და სხვების კუთვნილის მითვისების საშუალება არ მიეცათ. ეს ოსტატობის და ცნობისმოყვარეობის ინსტინქტების მქონე ადამიანებს თავის გამოვლენის მეტ საშუალებას აძლევდა, რაც მრეწველობის და მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს.
1970-იან წლებში დაწყებულმა დერეგულაციის პროცესმა, რაც უმთავრესად თავისუფლების იდეით იყო შენიღბული და რომელიც 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებული მასშტაბით გავრცელდა, სწორედ ოსტატობის და ცნობისმოყვარეობის ინსტინქტის ჭარბად მქონე ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდა, მტაცებლის ინსტინქტის მქონე ადამიანებისთვის კი ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ამ ტენდენციის ერთ-ერთი შედეგი შემოსავლების უთანასწორობის ზრდა იყო.
1940-1960-იან წლებში და 1970-იანი წლების შემდგომ პერიოდში შემოსავლების განაწილების განსხვავებული ტენდენციის დამადასტურებელია პარიზის ეკონომიკის სკოლის და ბერკლის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა, რომელსაც World Inequality LAB აწარმოებს ამ ორი უნივერსიტეტის მკვლევართა ერთობლივი ჯგუფის ჩართულობით. მრავალ სხვა დაკვირვებასთან ერთად ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე მდიდარი 10%-ის და ღარიბი 50%-ის შემოსავლების ცვლილების ტენდენციებსაც იკვლევენ. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, იაპონიის და გერმანიის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ 1940-დან 1970 წლამდე ქვედა-50%-ის შემოსავლების წილის მზარდი, ხოლო ზედა-10%-ის წილის კლებადი ტენდენციაა. უფრო თანაბარი სურათია საფრანგეთში. შემოსავლების განაწილების მხრივ შერჩეულ ქვეყნებში მსგავსი ტენდენციაა, რომელიც 1970-იანი წლებიდან მზარდი უთანასწორობისკენ იხრება.
წყარო: World Inequality Database
წყარო: World Inequality Database
წყარო: World Inequality Database
წყარო: World Inequality Database
წყარო: World Inequality Database
წყარო: World Inequality Database
სამწუხაროდ, 1970-იანი წლებიდან დაწყებული, აკადემიურ სივრცეშიც და მედიაშიც, კაპიტალის გავლენების გაძლიერების გამო, არანეოლიბერალური იდეოლოგიის მქონე ეკონომისტებს ნაკლები საშუალება ეძლევათ კვლევისთვის[8], ამის შესახებ წერს ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტი, ენ პეტიფორი თავის წიგნში „ფულის წარმოება.“ თუმცა დასავლეთის უნივერსიტეტებში განსხვავებული აზრის პატივისცემის ღრმად გამჯდარმა ტრადიციამ თავისი როლი ითამაშა და ასეთი კვლევები მაინც ტარდებოდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისი მეინსტრიმული ეკონომიკის მცდარი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია და გაბატონებული მიდგომის გადახედვის აუცილებლობის მანიშნებელია. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ნეოლიბერალური ეკონომიკსის ისეთი ავტორიტეტული მოღვაწეც კი, როგორიც ალან გრინსპანია, აიძულა გაბატონებულ იდეოლოგიის მცდარობა ეღიარებინა. თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი და ფინანსისტი, რომელიც თითქმის ცხრამეტი წლის განმავლობაში (1987-2006) და ოთხი პრეზიდენტის პერიოდში იკავებდა აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის თანამდებობას, იძულებული გახდა, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებულ მოსმენებზე ეღიარებინა, რომ იდეოლოგიაში, რომელსაც ის ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდა სწორად, იყო შეცდომა და რომ ამ იდეოლოგიამ გამოიწვია 2008 წლის კრიზისი[9]. ამ კრიზისმა მრავალი მოწინავე უნივერსიტეტი აიძულა, რომ ეკონომიკის ჰეტეროდოქსული ანუ არამეინსტრიმული მიმართულებისთვის მეტი კვლევის საშუალება მიეცათ, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორს არის სასურველისგან.
დასავლეთში მოღვაწე არაერთი ეკონომისტის, მოაზროვნის აზრით, სწორედ ეკონომიკის გაბატონებული იდეოლოგიის შედეგია რუსეთის მიერ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში შეჭრა. ნეოლიბერალური იდეოლოგია თვლის, რომ კაპიტალისთვის თითქმის შეუზღუდავი უფლებების მინიჭებით (რასაც შეცდომით თავისუფლებას უწოდებდნენ), პირველ ეტაპზე ჯერ სიმდიდრის შემქმნელებს ეძლევათ სიმდიდრის შექმნის საშუალება, შემდეგ კი ეს სიმდიდრე თანდათან ქვედა ფენებზეც გადანაწილდება. ბოლო ორმოცდაათმა წელმა, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდმა, ნათლად აჩვენა, რომ ეს თეორია არ ამართლებს. 1990-იან წლებში რუსეთში ნეოლიბერალური მიდგომების უპირობო გაბატონებამ, ჯერ ყოფილი პარტიული და უშიშროების სამსახურების მუშაკები მოიყვანა ძალაუფლების სათავეში, საბოლოოდ კი ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც პუტინია. ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მსგავსი შედეგი მოიტანა ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ საქართველოში, როცა ჯერ 2000-იანი წლების მე-2 ნახევარში ვნახეთ რეპრესიების მრავალფეროვანი და მძლავრი ტალღები, საბოლოოდ კი ივანიშვილის ნახევრად ფაშისტური და იზოლაციონისტური რეჟიმი მივიღეთ, რომელიც ქვეყნის ათწლეულებით უკანდახევას ცდილობს.
კვლავ სასკია სასენის მტკიცებას დავუბრუნდეთ და ეპოქის ცვლილებაზე ვისაუბროთ. ეკონომიკის ყველა სექტორი ექსტრაქტივისტული მოდელით ხელმძღვანელობს, როცა მთავარი და ერთადერთი მიზანი რესურსის მოპოვებაა. ეს რესურსი ყველანაირი შეიძლება იყოს, სასარგებლო წიაღისეული, ფინანსური და ადამიანური რესურსი, ბუნებრივი და ურბანული გარემო, ენერგო რესურსი და ა.შ. საზოგადოების და ინდივიდის ინტერესი, ეკოლოგია, მომავალი თაობების სასიცოცხლო ბუნებრივი პირობები – არაფერს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი კლიმატური ცვლილებებია.
ამ მდგომარეობაში ჩვენი გადარჩენის აუცილებელ პირობად ევროპის სივრცესთან კავშირების გამყარება და სხვა მიმართულებებთან ერთად ეკონომიკის არამეინსტრიმული, კრიტიკული თეორიების განვითარება, უნივერსიტეტებში სწავლება და პოპულარიზებაა. სექტორების განვითარების პროცესში სხვადასხვა ნიჭისა და შეხედულების მქონე ადამიანები უნდა ჩაებნენ. ოსტატობის და ცნობისმოყვარეობის ინსტინქტების მქონეთ მაქსიმალურად უნდა შეეწყოთ ხელი პროცესებში მონაწილეობის დროს, ხოლო მტაცებლური ინსტინქტის მქონეთ კი მაქსიმალურად შეეზღუდოთ მიტაცების “თავისუფლება,” რაც არამარტო თანამედროვე საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი, არამედ მათთვისაც ვინც მომავალში დაიბადება. ეჭვგარეშეა, რომ საზოგადოების და მისი თითოეული წევრის კეთილდღეობა კვლავ ეკონომიკის მთავარ ამოცანად უნდა განისაზღვროს, განსხვავებით დღევანდელი მიდგომისა, როცა მთავარი ბიზნესი და მისი მფლობელია და არა საზოგადოება.
შენიშვნები
[1] Saskia Sassen, New Geographies of Extraction, urbanNext, https://urbannext.net/new-geographies-of-extraction/
[2] Creation of the Bretton Woods System, Federal Reserve History, Creation of the Bretton Woods System | Federal Reserve History
The Bretton Woods Conference, 1944, US Department of State Archive, The Bretton Woods Conference, 1944 (state.gov)
[3] The end of the Bretton Woods System, About the IMF, About the IMF: History: The end of the Bretton Woods System (1972–81)
[4] სასკია სასენი, განდევნები, Harvard University Press, 2014, ქართული გამოცემა, მართვისა და კომუნიკაციის სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, 2021, გვ.23
[5] Plutonomy: Buying Luxury, Explaining Global Imbalances, Citigroup, October 16, 2005, https://delong.typepad.com/plutonomy-1.pdf
[6] Noam Chomsky, The Requiem for American Dream, A Seven Stories Press, 2017, გვ.64
[7] Philip Anthony O’Hara, Thorstein Veblen’s Theory of Collective Social Wealth, Instincts and Property Relations, History of Economic Ideas, VII/1993/3, pg.154
[8] Ann Pettifor, The Production of Money, Verso, 2017, https://www.perlego.com/book/731180
[9] Greenspan Concedes Error on Regulation, NY Times, Oct. 23, 2008,
https://www.nytimes.com/2008/10/24/business/economy/24panel.html
Greenspan Says I Still Don’t Fully Understand What Happened, ProPublica, 2009, https://www.youtube.com/watch?v=R5lZPWNFizQ






