ჯერ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უწოდა მომიტინგე ახალგაზრდობას „ნაცები“. შემდეგ საქმეში უკვე პრემიერი ჩაერთო, რომლის თქმითაც, დემონსტრაციების მთავარი შედეგი „ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა იყო“. მთავრობა ისევ ცდილობს არსებული წესრიგისადმი ნებისმიერი წინააღმდეგობის „ნაცობად“ მონათვლას. სინამდვილეში ქუჩაში არც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დგას და არც „პოლიტიკური უმცირესობა“. ქართულ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უკეთეს პოლიტიკურ წარმომადგენლობას ითხოვს, რომელსაც არსებული პარტიები ვერ აკმაყოფილებენ. მასები პროგრესული ცვლილებების ზოგად სურვილს ატარებენ, რომელიც ქართველების უდიდესი მასის მიერ არის გაზიარებული. ეს სურვილი ორ სვეტს ეყრდნობა, პირველი კეთილდღეობისა და სოციალური დაცულობის აუცილებლობაა, რომელსაც დიდი და პატარა გრძნობს, ხოლო მეორე დემოკრატია, ხალხის კოლექტიური ნების გაძლიერება, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაზე მოახდენდა გავლენას, უზრუნველყოფდა მის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. ქუჩები პოზიტიური ცვლილებების ენერგიით არის სავსე, ეს ენერგია გასავალს ეძებს.
ქართველების დიდი უმრავლესობისთვის ევროპა, სოციალური სამართლიანობის, სამოქალაქო უფლებებისა და დემოკრატიის სახელია, საქართველო ევროპაში იმას ეძებს რასაც ადგილობრივი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტისგან ვერ იღებს. თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მასის პროგრესულ მისწრაფებებს ორივე მხარე აყალბებს, სამთავრობო მედიის მსგავსად, ოპოზიციურიც ცდილობს პროტესტისთვის პარტიული ნიშნის მიკერებას. განსაკუთრებით საინტერესო კი ახალგაზრდობის ხატია – თუ სამთავრობო მედია ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს „ნაცებად“, „უსამშობლოებად“ და „სატანისტებად“ ნათლავს, ოპოზიციური მედია ახალგაზრდობის რეალურ სურათს იდეალიზებული ხატით ანაცვლებს – პრობლემებისა და საჭიროებების მქონე მასის ნაცვლად ახალგაზრდობა თავისუფალ, თვითკმარ და თვითმყოფად სუბიექტად არის წარმოდგენილი.
ვინ არიან ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები? სავარაუდოდ ეს ყველაზე დეპოლიტიზებული თაობაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ახალგაზრდობის დეპოლიტიზებაზე ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმუშავა – პოლიტიკური პოზიციის ქონა და მიტინგებში მონაწილეობა „გოიმობად“ იყო გამოცხადებული (7 ნოემბერს და 26 მაისს ქუჩაში ძირითადად უფროსი თაობა იყო გამოსული). კარგი ახალგაზრდა პირად ცხოვრებაზე უნდა ზრუნავდეს, კოლექტიური მოქმედება ზედმეტ ტვირთად გადაიქცა. იგივე გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობისას. ზედაპირულ დაკვირვებას კვლევებიც ადასტურებს – ებერტის ფონდის 2016 წლის კვლევის მიხედვით ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა უარს ამბობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე და ინდიფერენტულად იყო განწყობილი პოლიტიკური პროცესისადმი. ახალ თაობაში ნიჰილიზმი, უძლურება და პესიმიზმი გაბატონდა, მომავალ თაობას არ აქვს განცდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია (ახალგაზრდობა გარდამავალ პერიოდში, 2016).
2023 წლის კვლევის მიხედვით 17-დან 29 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 63% ამბობდა, რომ პოლიტიკაში მათი ინტერესები საერთოდ არ არის წარმოდგენილი. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის სურვილს გამოკითხულთა მხოლოდ 17% გამოთქვამდა. 4-დან 3 გამოკითხულს არასოდეს მიუღია მონაწილეობა არც პოლიტიკურ, არც სამოქალაქო და არც მოხალისეობრივ აქტივობაში. ახალგაზრდობა არა თუ გამოთიშულია პოლიტიკის კეთებიდან არამედ აზრის გამოთქმასაც ერიდება – გამოკითხულთა მხოლოდ 14%-ს დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია ონლაინ დისკუსიებში, მხოლოდ 8%-ს მიუღია მონაწილეობა დემონსტრაციაში და ხელი მოუწერია პეტიციაზე (ახალგაზრდობის კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის, 2023).
ახალგაზრდობის პოლიტიკისადმი დამოკიდებულებას შეგვიძლია „პრინციპული უცოდინარობა“ ვუწოდოთ, რადგან პოლიტიკის მიღმა ყოფნა, მის შესახებ მინიმალური ინფორმაციის ფლობა, ან საერთოდ არაინფორმირებულობა უფრო მოდურად და ჯანსაღად ითვლება. ეს „პრინციპულობა“ ცოდნის ხარისხზეც არის ასახული, ახალგაზრდობის დიდი უმრავლესობა ვერ აკეთებს განსხვავებას მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკას შორის. სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემებს პოლიტიკური პროპაგანდის მდარე ხარისხსაც თუ დავამატებთ დავინახავთ, რომ ახალი თაობა ვერ პოულობს გამოსავალს იმ სოციალური და პოლიტიკური ჩიხიდან, რომელიც საქართველოს ემიგრაციაში ერეკება.
კიდევ უფრო საინტერესოა როგორია ახალგაზრდების საჭიროებები? რას თვლის ახალი თაობა საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად? ქართველი ახალგაზრდის განზოგადებული ხატის წარმოსადგენად, რომელიც მის კონსერვატიულ და ლიბერალურ ნაწილებსაც მოიცავდა რამდენიმე მონაცემი გამოგვადგება: ახალგაზრდების მხოლოდ 3% ცხოვრობს მშობლებისგან განცალკევებით; კითხვაზე თუ რა არის მათი თაობის მთავარი პრობლემა, გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა უმუშევრობას და შრომასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს (მაგალითად აუნაზღაურებელი სტაჟირების პრობლემა); ახალგაზრდების 58% დასაქმებული არ არის, 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 31% არც მუშაობს და არც სწავლობს, მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, სწავლისა და დასაქმების გარეშე 24-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარია დარჩენილი; 2016 წლის მონაცემებით ახალი თაობის პრობლემების ჩამონათვალში მეორე ადგილს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და აზარტული თამაშები იკავებდა. განსაკუთრებული მდგომარეობაა ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონში სადაც ახალგაზრდების უმრავლესობა მთავარ უბედურებად შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურებას ასახელებს: „ტყიბულელებისთვის, სადაც მაღაროა, ჩვენთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ არის უსაფრთხოება მაღაროში. ყველაზე დიდად ეგ გვაწუხებს და გვანგრევს ყველანაირად ახალგაზრდებს იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შედიან იქ; ჩვენი ბევრი ახლობელი გარდაიცვალა.“ [ტყიბულის მუნიციპალიტეტი, მამრობითი, 18-24 წლის ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი] (ახალგაზრდობა გარდამავალ პერიოდში, 2016).
კვლევა ქართველი ახალგაზრდის სევდიან სურათს იძლევა, ის უმუშევარია ან ნახევარი განაკვეთით მუშაობს, ცხოვრობს მშობლებთან და თავისუფალ დროს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასა და აზარტულ თამაშებს უთმობს. ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ემიგრაციაზე ფიქრობს.
მედიის მიერ შექმნილი „ჯენზის“ ბრჭყვიალა ხატი დიდ კონტრასტშია რეალურ მდგომარეობასთან. „ჯენზი“ დაბნეულია, მას პასუხებზე მეტი კითხვები აქვს (ეს კარგიც არის), ახალი თაობა დაუცველია და ნიჰილიზმის შემოტევებს ებრძვის. თაობის დიდ ნაწილს ეშინია რომ ერთი ან მეორე მხარის მანიპულაციის მსხვერპლი გახდება. სხვა ყველაფერთან ერთად ახალგაზრდები აქციებზე საკუთარ მნიშვნელობას ეძებენ, უძლურების დამარცხების გზებს და რწმენას, რომ საერთო ძალისხმევას საზოგადოების შეცვლა შეუძლია. მიმდინარე დემონსტრაციების ყველაზე პოზიტიურ შედეგად ახალი თაობის მასობრივი პოლიტიზების, ახალი კითხვების დასმისა და ერთმანეთის გაძლიერების ტალღა უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც ბევრად უფრო პროგრესული ცვლილებების პოტენციალი გააჩნია.
საპროტესტო ენერგიის უმთავრეს წყაროსთან ერთად ახალგაზრდები დემონსტრაციების პარტიული ჰეგემონიის ქვეშ მოქცევასაც უშლიან ხელს. მილიონიანი კითხვა კი ასეთია: რატომ არ ხდება აქციებზე ქართველი ახალგაზრდების უმთავრესი პრობლემების განხილვა? რატომ არ დგება ისეთი მოთხოვნები, რომლებიც „ჯენზის“ სამუშაო პირობებს, განათლებასა და სოციალურ უსაფრთხოებას გააუმჯობესებდა? პარტიებს ქართველი ბიზნესმენები და ოლიგარქები აფინანსებენ. პოლიტიზების მასობრივი ტალღის მიუხედავად ახალგაზრდობა ვერ ახერხებს პოლიტიკურ სუბიექტად გადაქცევას, ან ასეთი სუბიექტებისათვის საკუთარი ინტერესების თავს მოხვევას. საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბებისა და მათზე ალაპარაკების შემთხვევაში ახალგაზრდობას ბევრად პროგრესული გავლენის მოხდენა შეუძლია ქართულ საზოგადოებაზე.
მსგავსებებთან ერთად ახალ თაობას მნიშვნელოვანი განსხვავებებიც ახასიათებს. მაგალითად, საერთოა დამოკიდებულება რუსეთისა და ევროპისადმი – ახალგაზრდების 84% რუსეთს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს მტრად აღიქვამს და დადებითად არის განწყობილი ევროკავშირისადმი. ევროპა ტრადიციული ღირებულებების რღვევასთან მხოლოდ გამოკითხულთა 5%-ისათვის ასოცირდება. ამასთანავე კვლევა გვაჩვენებს რომ რეგიონებისა და დედაქალაქის ახალგაზრდობა პოლარიზებული თუ არა გაყოფილი მაინც არის. ამ გაყოფის ნიმუში სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი ნდობის სტატისტიკაა – თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები ნაკლებად ენდობიან ეკლესიას (54%), კიდევ უფრო განსხვავდება პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა, დედაქალაქში პარტიებს მხოლოდ 9% ენდობა, რეგიონებში ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალია და 21%-ს აღწევს. პარტიების მსგავსად დედაქალაქს მედიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი დაბალი ნდობაც ახასიათებს. 2023 წლის კვლევის მიხედვით რადიკალურად განსხვავდება აბორტის საკითხისადმი და სექსუალობის საკითხებისადმი დამოკიდებულებაც, რეგიონი დედაქალაქზე ბევრად უფრო კონსერვატიულია.
არ არის აუცილებელი სოციოლოგიის დოქტორი იყო რომ მიხვდე – თუ ქართული საზოგადოების პოლარიზება გინდა ამერიკული კულტურული ომების დაყოფას უნდა მიაწვე, სადაც ერთ მხარეს ულტრალიბერალური (ამერიკული სტანდარტით მემარცხენე) ფრთაა „ქენსელ კულტურითა“ და სექსუალობის მისთვის დამახასიათებელი აღქმით, ხოლო მეორე მხარეს ულტრამემარჯვენეობა, რომელიც კაპიტალისტურ საზოგადოებაში კონსერვატიული ღირებულებების დაბრუნების მისიას არის შეჭიდებული. კულტურული ომების წახალისება უმრავლესობაში დარჩენის ერთადერთი გზაა დასუსტებული „ქართული ოცნებისთვის“, სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკანასკნელი კამპანია, რომლის დროსაც მთავრობა ხელში ყანწის დაჭერას ცდილობს, ხოლო ყველა დანარჩენს ცისარტყელას დროშას აჩეჩებს. კულტურულ ომებში არაპროდუქტიული დაყოფა იწარმოება, ახალგაზრდობის გაერთიანება დასაქმების, სოციალური დაცულობისა და ემიგრაციის საკითხებზე კონცენტრირებას მოითხოვს, იმ საკითხებზე, რომლებიც თითქმის მთლიანად გამოირიცხა მომავალი არჩევნების დღის წესრიგიდან.
უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა საგაფიცვო სლოგანებმა შეიძინეს: „გაიფიცე!“, „გაიფიცე ღირსებისთვის!“, „გაიფიცე ნუ იქნები მონა!“ ვკითხულობთ კედლებზე. თუ არ ვცდები საყოველთაო გაფიცვის საჭიროებაზე პირველმა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ ისაუბრა, სავარაუდოდ, კობახიძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი ქართული გაფიცვების ისტორიით არის შთაგონებული. 1905 წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბრძოლამ საყოველთაო გაფიცვის სახე შეიძინა, რევოლუციური კომიტეტი შემდეგ მიმართვას ავრცელებდა: „დაე, მთელ ამიერკავკასიაში, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, რამდენიმე დღით ჩაკვდეს ყოველგვარი ცხოვრება, გარდა ჩვენი საერთო მუშაობისა, რომლის მიზანია თვითმპყრობელობასთან გადამწყვეტი ბრძოლის მომზადება“ (ცქვიტარია, 1959). რევოლუციური ჯგუფები სიმღერებით გამოვიდნენ ბათუმისა და თბილისის ქუჩებში. აჯანყებულმა გურიამ გარე სამყაროსთან კავშირი გაწყვიტა. მოძრაობას ფოთმა, ქუთაისმა და ჭიათურამ აუბეს მხარი. საქართველოში დაწყებული გაფიცვა ერევანსა და ბაქოსაც მოედო. ქარხნებთან ერთად გაიფიცნენ მეეტლეები, გაჩერდა რკინიგზაც, ქალაქებს შორის მოძრაობა მთლიანად შეწყდა. გაფიცვას გიმნაზიის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საინტერესო კი სხვა რამ არის, დემოკრატიასა და პოლიციური რეჟიმის გაუქმებასთან ერთად გაფიცულები პროგრესულ სოციალურ მოთხოვნებს აყენებდნენ – ხალხი არჩეული დამფუძნებელი კრების მოწვევას, 8-საათიან სამუშაო დღეს, დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას და მემამულეთა მიწების კონფისკაციას მოითხოვდა. მშრომელები მოწოდებას გამოეხმაურნენ, რადგან მოძრაობა საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნების ქვეშ იყო გაერთიანებული.
რა პირობებში შრომობენ ქართველები თანამედროვე საქართველოში? 2020 წლის მონაცემებით საქართველოს 190 000-ზე მეტი მოქალაქე 100 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს, კიდევ 100 000-ზე მეტის შემოსავალი 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, მომდევნო 160 000-ის შემოსავალი 200-დან 4000 ლარამდე მერყეობს (ტყეშელაშვილი, 2021); მაღაროელებს ხელფასი არ ჰყოფნით, მემანქანეები სამუშაო საათებს ვერ აუდიან, მასწავლებლებს პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. როდესაც გაფიცვისკენ მოწოდებას ვაკეთებთ, ჩვენ კონკრეტულ ადამიანებს ვესაუბრებით, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ ურთიერთობებში არიან ჩართულები, უნდა გვესმოდეს რომ გაფიცვის შემთხვევაში ამ ხალხს შიმშილის საფრთხე უდგება, საყოველთაო გაფიცვის მსურველთა სიტყვები და მოქმედებები ამ რეალობასთან უნდა იყოს შესაბამისობაში. „ჯენზის“ შესახებ კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი არსებობს: 17-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 2/3 ფინანსურად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ადამიანები ქვეყნის შიგნით ან/და ემიგრაციაში არაადამიანური შრომისგან გატანჯული მშობლები არიან. (ახალგაზრდობის კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის, 2023).
გლობალური კაპიტალიზმის პირობებში ქვეყნის ძარცვისა და ექსპლუატაციის შეჩერება მხოლოდ საერთო დარაზმულობით შეიძლება, ამას არც რომელიმე გეოპოლიტიკურ ბანაკში ინტეგრაცია მოგვიტანს და არც ინვესტიციების ზრდა. თუ ხალხი დეპოლიტიზებულ მდგომარეობას დაუბრუნდა, მისი ძარცვა და „გადაგდება“ უსასრულოდ გაგრძელდება. ფაქტია, რომ დღეს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე მძარცველები და „გადამგდებები“ გვესაუბრებიან, რომლებიც პირდაპირ სარგებელს იღებენ ეკონომიკური სუვერენიტეტის დათმობისგან – გავიხსენოთ, როგორი პირობებით გადაეცა რიონის ხეობა ინვესტორს, გავიხსენოთ რაჭის ტყეების გაყიდვა, გავიხსენოთ ვინ მფარველობს კაზინოებსა და მევახშეობას და გავიხსენოთ, რომ ქვეყნის ყველაზე გატყავებულ და გაუმჭვირვალე სფეროებად სტრატეგიული ობიექტები რჩება. სუვერენიტეტი ცარიელი სადღეგრძელოა, სანამ პოლიტიკიდან გამოთიშული ხალხი საკუთარი ქვეყნის სიმდიდრესა და ბედისწერაზე კონტროლს არ დაიბრუნებს.
ახალგაზრდობამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – როგორ შეუძლია არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართულ საზოგადოებას დემოკრატიის მოპოვება? რამდენად აქვს სიტყვის თავისუფლება 200 000-მდე ადამიანს, რომელიც თვეში ას ლარზე ნაკლებად შრომობს?
ახალი პოლიტიკა, რომელსაც ყველა ელის საყოველთაო ძარცვას უნდა დაუპირისპირდეს. ამ მოლოდინს პოლიტიკურ ელიტაშიც აცნობიერებენ და წინასწარ ემზადებიან პროგრესული ენერგიის ხელსაყრელი მიმართულებით გასაშვებად. მთავრობა ისეთი დაფინანსებული ჯგუფების შექმნას ცდილობს, რომლებიც ღიად ისაუბრებენ ქვეყნის ძარცვასა და დასავლურ იმპერიალიზმზე, თუმცა ხალხის მთავარ პოლიტიკურ მტრად არასამთავრობო ორგანიზაციებს დასახავენ, ერთი სიტყვით დაუპირისპირდებიან ყველაფერს ძარცვაზე პასუხისმგებელი რეჟიმის გარდა. ოპოზიცია მორიდებულად აღებს კარს სოციალური კრიტიკისათვის და პროგრესული იდეების საკუთარ სცენარში ჩაქსოვას ცდილობს. ორივე გზა ეშმაკთან გარიგებაა, შექმნილი კრიზისის დასაძლევად ახალგაზრდობამ საკუთარი დღის წესრიგი უნდა შექმნას და პოლიტიკური ელიტა ზეწოლის ქვეშ მოაქციოს.
სავარაუდოდ კრიზისი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, დღევანდელი მონაცემებით უმრავლესობის დაკომპლექტებას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს, ამასთანავე ამომრჩევლების დიდი ნაწილი ხმას არა კონკრეტულ პარტიებს, არამედ სხვა პარტიების წინააღმდეგ აძლევს. არჩევნებამდე და მის შემდეგაც საზოგადოებას ხშირად ექნება ნიჰილიზმისა და უიმედობის შემოტევები, უძლურობის განცდა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს ყველაფერი აჩქარებულად ხდება, შესაძლოა ეს კრიზისი საუკეთესო მომენტი იყოს პროგრესული სამოქალაქო ძალების სუბიექტივაციისთვის, რომლებიც პოლიტიკური კულტურის მაგალითს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც შექმნიდნენ. ვინ თუ არა საქართველო უნდა იძლეოდეს ასეთ მაგალითს.
Bibliography
ახალგაზრდობა გარდამავალ პერიოდში. (2016). თბილისი: Friedrich Ebert Stiftung.
ახალგაზრდობის კვლევა დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის. (2023). თბილისი: Friedrich Ebert Stiftung.
ტყეშელაშვილი, შ. (2021). 5000 ლარზე მაღალი ყოველთვიური შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ს აქვს. bm.ge.
ცქვიტარია, პ. (1959). აჭარაში რევოლუციური მოძრაობის ისტორიის ნარკვევები (1890-1914). ბათუმი: გამომცემლობა ბათუმი.
