გამოქვეყნებულია: 2024 წლის 9 მარტს, 08:49

სამუშაოს იდეა

ავტორები: ელა ბჰატი & რენა ჯჰაბვალა

ნათია ქარჩილაძის თარგმანი

ნაშრომი იკვლევს შრომის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე მიდგომას, კერძოდ, შრომის იმ კონცეფციებს, რომლებიც აყალიბებს მრავალი ინდოელის აზროვნებას. მისი [ნაშრომის] მიზანია არა მხოლოდ გაანალიზოს რა არის შრომა, არამედ შეცვალოს შრომის კონცეფცია. იმის გათვალისწინებით, რომ შრომა ყველა საზოგადოების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია, ჩვენ გვჭირდება ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს იგი. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მიდგომას, რომელიც შრომის იდეას აფუძნებს ინდური ფილოსოფიის გაგებასა და განდის მიერ მის ინტერპრეტაციას.

ქალი, რომელიც დღეში რვა საათზე მეტს მუშაობს, კერავს ტანსაცმელს ან ახვევს ბირის სახლში, ხშირად, არ განიხილება, როგორც მშრომელი. ის მიიჩნევა, როგორც დიასახლისი, რომელიც ცოტაოდენ საქმეს აკეთებს “დასვენების დროს”. ქუჩის მოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ან დანა-ჩანგალს ყიდის, ასევე არ განიხილება მშრომელად, ის არის “საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი”, რომელიც პოლიციამ უნდა მოიშოროს, რაც შეიძლება მალე. ქალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უვლის თავის პირუტყვს, მარგლავს საკუთარ ფერმას, აგროვებს შეშას და ზრუნავს ოჯახზე არის სოფლად მცხოვრები “დიასახლისი”. შესაბამისად, მშრომელი მხოლოდ ქარხანაში ან ოფისში მომუშავე კაცია? რა არის სამუშაოს ის იდეა, რომელიც აკნინებს სამუშაოს უმეტეს ფორმებს და აღიარებს მხოლოდ გარკვეულ, შეზღუდულ ფორმებს?

ეს მნიშვნელოვანი კითხვებია ისეთი პროფკავშირისთვის, როგორიცაა თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია (SEWA), რომლის წევრებიც მარტივად ვერ მოხვდებიან მსგავსად განსაზღვრულ კატეგორიებში. ეს ნაშრომი დავაფუძნეთ SEWA-ში ჩვენს გამოცდილებას ქალებთან, რომლებიც ეკონომიკურად დაუცველნი არიან და ვისთვისაც გადარჩენა ბრძოლაა. ისინი მოუთმენლად ელიან საკუთარი თავისთვის, მათი კაცებისთვის და მათი შვილებისთვის შესაფერის სამუშაოს – სამუშაოს, რომელიც მათ სიღარიბისა და მოწყვლადობისაგან დაიხსნის. თუმცა, ის კანონები და პოლიტიკა, რომელსაც ეს ქალები აწყდებიან, ეფუძნება სამუშაოს შესახებ გავრცელებულ ისეთ დამოკიდებულებებსა და თეორიებს, რომლებიც შორს არის არსებული რეალობისგან. სამუშაო განიხილება შრომად, ან სამსახურად, სადაც არსებობს “სამსახურებრივი ურთიერთობა”. მხოლოდ გარკვეული ტიპის სამუშაოა პროდუქტიული და იმსახურებს ინვესტიციასა და პატივისცემას/აღიარებას, სამუშაოს უმრავლესობა – „არაპროდუქტიულია.”1

დისკუსიები გრძელდება იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება განვითარების თეორიები იყოს “უნივერსალური” და რამდენად შეუძლია განვითარებისა და ეკონომიკის თეორიებს თავიდან აიცილოს დაშვება, რომ ევროპულ კულტურას აქვს უნივერსალური ვალიდურობა. (Marglin and Marglin 1996). სამუშაოს კონცეფციასა და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს გარკვეული კულტურული განსხვავებები ევროპულ და ინდურ ფილოსოფიებში. ჩვენ ასევე აღმოვაჩენთ, რომ ეს ცნებები და დამოკიდებულებები, როგორც წესი, ერთმანეთს ეჯახება რეალობაში, ადამიანების ცხოვრებაში და იწვევს უთანხმოებას იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკას უნდა მიჰყვეს.

ამ ნაშრომში ჩვენ გვსურს გამოვიკვლიოთ სამუშაოს რამდენიმე განსხვავებული მიდგომა, კერძოდ, სამუშაოს კონცეფციები, რომლებიც აყალიბებს მრავალი ინდოელის აზროვნებას. გვესმის, რომ ეს ალბათ კულტურად სპეციფიკური მიდგომა იქნება და ასევე დიდი სურვილი გვქონდა, შეგვესწავლა სხვა მიდგომები, განსაკუთრებით ისლამური. თუმცა ცოდნის, გამოცდილების და დროის ნაკლებობის გამო ვერ მოვახერხეთ. და მაინც, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სამუშაოს არსის ანალიზი, არამედ სამუშაოს კონცეფციის გადააზრება. ჩვენ გვჯერა, რომ მუშაობა ყველა საზოგადოების არსებითი ელემენტია და გვჭირდება ხედვა, როგორი უნდა იყოს სამუშაო. გვსურს ვცადოთ, რომ მივუახლოვდეთ სამუშაოს იდეას, რომელიც ეფუძნება ინდური ფილოსოფიის ჩვენეულ გაგებას და კერძოდ, განდის ინტერპრეტაციას.

სამუშაოს განსაზღვრებები

სამუშაოს აღსანიშნავად მეინსტრიმ ეკონომიკა იყენებს ტერმინებს „შრომა“ და „დასაქმება“. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეკონომიკის ალტერნატიული თეორიები, განსაკუთრებით მარქსისტული მიდგომა, დღეს, ქვეყნების უმეტესობაში, ნეოკლასიკური თეორიები განსაზღვრავენ ძირითადად ეკონომიკის შესახებ აზროვნებას. ამ ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაოს კონცეფციის ნეოკლასიკურ ეკონომიკაში გამოყენებაზე, რომელის თანახმადაც, თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანს შეუძლია იცხოვროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია ეკონომიკასთან ბაზრის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა არჩევანია, რეალურად, სიცოცხლის გასაგრძელებლად, ადამიანმა უნდა იმუშაოს – ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, იძულებულია, რომ გააკეთოს თავისი მრავალჯერადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

„შრომა ყოველთვის დაკავშირებული იყო მძიმე და დამღლელ საქმიანობასთან. იგი მომდინარეობს ლათინურიდან (labor), რაც გულისხმობს შრომას, გასაჭირსა და უბედურებას… მომდინარეობს ლათინური “trepateiure”-დან, რაც ნიშნავს სახიფათო ინსტრუმენტით წამებას. შრომის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა “panos”, ნიშნავს ტკივილსა და ძალისხმევას. იგივე ფესვი აქვს სიტყვას სიღარიბეს (penia)”. [Standing 2002:243].

დასაქმება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე შრომა და სხვადასხვანაირად გამოიყენება. ძირითადად, ის გამოიყენება სამუშაოში ჩართული ადამიანების რაოდენობის დასადგენად, რომლებიც ჩართული არიან შრომაში შემოსავლის მოპოვების გზით. დასაქმება გახდა მნიშვნელოვანი საზომი, როდესაც „სრული დასაქმება“ იყო მთავრობების პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. უფრო ფილოსოფიური თვალსაზრისით, ევროპულ აზროვნებაზე დაფუძნებით, ჰანა არენდტი გარკვეულწილად განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს შრომის იდეას, შრომის, სამუშაოსა და ქმედების ერთმანეთისგან გამიჯვნით. “შრომა” არის აქტივობა, რომელიც ინარჩუნებს და მხარს უჭერს ცხოვრების ბიოლოგიურ პროცესებს. „სამუშაო“ იწყება ადამიანისა და ცხოველის, ბიოლოგიისა და „ადამიანის შექმნილთა“ განსხვავებით. შრომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინდივიდის გადარჩენას, არამედ სახეობების სიცოცხლეს. „შრომა და მისი პროდუქტი, ადამიანური არტეფაქტი, ანიჭებს გარკვეული ხარისხის მუდმივობასა და გამძლეობას მოკვდავი სიცოცხლის ამაოებასა და ადამიანური დროის წარმავალ ხასიათს. მოქმედება იმდენად, რამდენადაც ის მონაწილეობს პოლიტიკური ორგანოების დაარსებასა და შენარჩუნებაში, ქმნის პირობებს ხსოვნისთვის, ანუ ისტორიისთვის“ [არენდტი 1970:8].

სამუშაოს განსხვავებული ინტერპრეტაციისთვის მოვიხმობთ ინდუისტურ ფილოსოფიურ აზროვნებასა და ბჰაგვად გიტას. აქ შრომის განმარტება ძალიან ფართოა და მოიცავს ადამიანის ყველა ურთიერთქმედებას “პრაკრიტთან” ან ბუნებასთან. პრაკრიტი არის სამყაროს ფუნქციონირება. სამუშაო მოიცავს როგორც სხეულის მოვლას, ასევე მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა მისი შენარჩუნებისთვის. ეს მოიცავს სხეულის ფაქტობრივ ფუნქციონირებას – ჭამა, ძილი და სხეულის სხვა ფუნქციები. სამუშაო ან შრომა, რომელიც საჭიროა ამ ფუნქციებისთვის საჭირო მასალების, როგორიცაა საკვები, მოსაპოვებლად; ასევე სოციალური არსების ქმედებები – აზროვნება, გრძნობა და სხვებთან ურთიერთობა. განსხვავება არის არა სოციალურსა და ბუნებრივს შორის, არამედ პრაკრიტსა და საკუთარ თავს ან სულს შორის.

უფრო ფართო პრაკრიტის შენარჩუნება და ინდივიდის მუშაობა ურთიერთდაკავშირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ იცხოვროს, მისი ყოველი ქმედება თვითგადარჩენისთვის ასევე გავლენას ახდენს უფრო დიდ პრაკრიტზე. საკვები, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის მოვლისთვის, რაღაცას ართმევს სამყაროს. შემდეგ “სიცოცხლის კანონი” მოითხოვს, რომ მან რაღაც დაუბრუნოს უკან სამყაროს, წართმევის კვალდაკვალ.

სამუშაოს ჰოლისტური ხედვა: ინდური პერსპექტივა

ანთროპოლოგები განიხილავენ კულტურების მიერ საკუთარი თავის ხედვის სხვადასხვა გზებს. ლუი დიუმონი კულტურების მიერ თვითგამორკვევის ორ გზას განსაზღვრავს – ინდივიდუალიზმსა და ჰოლიზმს. ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ თავს ურთიერთობებისგან დამოუკიდებლად. ჰოლისტურ საზოგადოებებში ინდივიდი განსაზღვრავს საკუთარ თავს მთლიან საზოგადოებასთან მიმართებაში და ხედავს საკუთარ თავს, როგორც ურთიერთობების ქსელის მაკავშირებელს.

მნიშვნელობა, რომელსაც ადამიანები სამუშაოს ანიჭებენ, განსხვავდება ინდივიდუალისტურ და ჰოლისტურ საზოგადოებებში. „ჰოლისტური გაგება მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის შრომას, რადგან ის არის მთლიანობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განაპირობებს საზოგადოების ერთგულებასა და თანხმობას; ინდივიდუალისტური გაგება, პირიქით, არის მნიშვნელობა, რომ ადამიანი ქმნის საკუთარ თავს სამუშაოს მეშვეობით. სამუშაოს ჰოლისტური მნიშვნელობა მოითხოვს, რომ შრომა ჩავაქსოვოთ კულტურულ ქსოვილში, რომ ეს იყოს კოსმოსთან ურთიერთობის გამოხატულება და არა უბრალოდ ყოველდღიური პურის შოვნის საკითხი. ინდივიდუალისტური მნიშვნელობა მოითხოვს, რომ ადამიანი აკონტროლებდეს პროცესს და პროდუქტს, რის გარეშეც მნიშვნელობის შექმნის პროცესი წარმოუდგენელი ხდება“ [Marglin and Marglin 1996: 225].

თანამედროვე ეკონომიკაში მუშაობის იდეა წმინდად ინდივიდუალისტურია. მშრომელი არის ის, ვინც შედის ბაზარზე და ცვლის თავის სამუშაოს ფულზე, რადგან ერთადერთი გზა, რითაც მას შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი ძირითადი საჭიროებები, არის ის, რომ იყოს მომხმარებელი. ადამიანი, რომლის იდენტობაც არის შრომა და მომხმარებლობა ბაზრით დომინირებულ საზოგადოებაში, იძენს გარკვეულ იდენტობასა და ურთიერთობას საკუთარ სამსახურთან. მისი შრომის ღირებულება არის მიღებული შემოსავლის ღირებულება. ხშირად, მისი შრომა შეიძლება ფიზიკურად მძიმე იყოს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ხშირად, ის შეიძლება ცუდად გრძნობდეს თავს სამუშაოს გამო, რადგან ის არ გრძნობს თავს საბოლოო პროდუქტის ნაწილად ან გრძნობს, რომ ექსპლუატირებულია. ამ შემთხვევაში, ის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად იმუშაოს მიღებული შემოსავლისთვის. ის უსიამოვნო მდგომარეობას “დასვენების” მიღებით ანაზღაურებს. სამუშაო და სოციალური სისტემები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. „დასავლეთში, მუშაობა ცხოვრების მიღმიერი სფეროა, უფრო მეტიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მას. როგორც ეკონომიკური სფეროს ნაწილი, სამუშაო ჩვეულებრივ მცირდება ინსტრუმენტულ სტატუსამდე სიამოვნებისა და ტკივილის გაანგარიშების ფარგლებში, მნიშვნელობის საკითხები კი დაიყვანება სამუშაო ცხოვრების ხარისხამდე ან სამუშაო კმაყოფილებამდე“ [იქვე: 226].

ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინდოეთია, ადამიანების დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ განისაზღვრება კულტურისა და ეკონომიკური ძალების ურთიერთქმედებით. თანამედროვე ეკონომიკა წაახალისებს კონკურენციასა და ინდივიდუალიზმზე ორიენტირებულ აზროვნებას და სწრაფვას მუდმივად მზარდი კონსუმერიზმისკენ. მეორე მხრივ, კულტურული და ტრადიციული აზროვნების გზები ხშირად განსხვავებული მიმართულებით მიდის. არსებობს ინდივიდუალური და ჰოლისტური ნაზავი. შევეცდებით აღვწეროთ ადამიანების აზროვნება და განცდა მათი სამუშაოს შესახებ SEWA-ში ქალებთან ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, სადაც კომუნიკაციის მთავარი გზა ჯერ კიდევ არის ისტორიები და სიმღერები, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

სამუშაო და ინდივიდი

ადამიანის, როგორც ინდივიდის არსებობა და სამუშაო, რომელსაც ის ასრულებს, უფრო ფართო ცხოვრების საზრისის შემადგენელი ნაწილებია. შესაძლოა, ფილოსოფიური მწერლობის ერთი ნაწილი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ინდურ (ინდუისტურ) ეთოსში, არის ბჰაგვად გიტას სწავლებები. მისი მკაფიო ინტერპრეტაციის თანახმად, სამუშაო საკუთარი თავის აღმოჩენისა და ცხოვრების საზრისის პოვნის გზაა და გვთავაზობს ხსნის გზავნილს, მოქმედების პრინციპით, რაც მუშაობის ტოლფასია. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის შეუძლებელია მოქმედებისგან თავის შეკავება. ”ბუნება ყოველთვის მუშაობს და ჩვენ ვცდებით, თუ გვსურს, რომ მისი პროცესები შეიძლება შეჩერდეს. არც სამუშაოს შეწყვეტა არის სასურველი, რადგან ინერცია არ არის თავისუფლება“ [რადჰაკრიშნანი 1953:67]. თუმცა, სამუშაო ან მოქმედება არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ უფრო დიდი მიზნის ნაწილია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ცხოვრების აზრი, სანამ ვიმოქმედებთ.

გიტას სწავლება იმის შესახებაა, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს ინდივიდი ბუნებასთან, ან პრაკრიტისთან, როგორ უნდა მოიქცეს ის ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს გაერთმთლიანებას საკუთარ თავთან. ბუნება აქ ნიშნავს სამყაროს ყველა ნაწილს, რომელიც არ არის სული ან ატმანი. იგი მოიცავს მატერიალურ სამყაროს, აგრეთვე გრძნობებს, გონებას და ადამიანის ინტელექტს და ყველა ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც წარმოიქმნება მათ მიერ. ის არ განასხვავებს სოციალურ და ბუნებრივ სამყაროს. „დუალიზმი აქ არის სულსა და ბუნებას შორის, თავისუფლებასა და აუცილებლობას შორის“ [იქვე:46]. როგორ შეიძლება „მე“ იყოს გაერთიანებული სულთან ისე, რომ არ დაშორდეს მის ურთიერთქმედებას და ბუნებაზე დამოკიდებულებას? გიტას პასუხი არის ის, რომ „მე“-მ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მოქმედება, რადგან ის ვერასდროს დათმობს ამას, მაგრამ მან უნდა შეცვალოს მიზანი და დამოკიდებულება თავისი საქმიანობის მიმართ. სანამ ის აგრძელებს მუშაობას, სამყაროსთან ყველანაირად კავშირს, ის აღარ აიდენტიფიცირებს თავს სამუშაოსთან ან სამუშაოს შედეგებთან. ის “არ არის მიმაგრებული” თავის საქმეს. როგორ ითარგმნება ეს ფილოსოფია საქმისადმი დამოკიდებულებაში? ძირითადად ეს ხდება უანგარო შრომის იდეალის მეშვეობით, ან მიჯაჭვულობის გარეშე. კარგი საქმე არის ის, რაც კეთდება არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იმუშაოს, რათა იცხოვროს და დაიკმაყოფილოს საკუთარი საჭიროებები, მაგრამ ეს საჭიროებები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. გარდა ამისა, “არ-მიჯაჭვულობა” მოითხოვს, რომ ადამიანი არ იყოს მიჯაჭვული და არ სურდეს საკუთარი შრომის ნაყოფი.

ინდივიდის მუშაობა დაკავშირებულია კოსმოსთან, სამყაროსთან “იაგნასა” თუ მსხვერპლშეწირვის საშუალებით. რასაც ჩვენ მოვიხმართ სამყაროს ძღვენია და ამიტომ მას რაღაც უნდა დავუბრუნოთ. ამის დანახვა მრავალი გზით შეიძლება. ბუნებრივთან, გარემოსთან, უსულო სამყაროსთან, ცხოველებთან და მცენარეებთან მიმართებაში, ეს განმარტებულია, როგორც შენარჩუნებისა და შევსების საჭიროება. სოციალურ ინტერაქციასთან მიმართებაში ეს განიხილება, როგორც სხვების ზრდისა და განვითარების საჭიროება.

ეს ცნებები ეწინააღმდეგება ეკონომიკური ადამიანის იდეას, რომელიც დომინირებს ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში. პირველ რიგში, მინიმალური მოთხოვნილებები არის სურვილების გამრავლებისა და სამომხმარებლო საზოგადოების ზრდის საპირისპირო. მეორეც, უანგარო შრომა ეწინააღმდეგება ეკონომიკურ ადამიანს, რომლის ერთადერთი მიზანია თავისი ეგოისტური მიზნების მიღწევა.

მუშაობის სხვადასხვა ფორმა

ამ ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს სამუშაოს განსხვავებული კონცეფცია, „აღმოსავლურ“ და „დასავლურ“ კონცეფციებს შორის დიქოტომიის წარმოქნის გარეშე. ევროპულ ტრადიციაში არსებობს ალტერნატიული მიდგომები, განსაკუთრებით მარქსისტული მიდგომა, რომელიც ხედავს მუშაობას წარმოებისა და განაწილების ურთიერთობების მეშვეობით და შეისწავლის ჭარბ რაოდენობას და არა – დეფიციტს. ასევე არსებობს ინსტიტუციური მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ წესებზე და ინდივიდებისა და სოციალური კლასების შედარებითი ვაჭრობის ძალაზე, ასევე არის ანთროპოლოგიური მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს აგენტობას. თუმცა, ამ მრავალფეროვნების დიდი ნაწილი ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ გადალახა – ეკონომიკური აზროვნების დომინანტური ქვეკატეგორია და სამუშაოს კონცეფცია, რომელიც აქ აღწერილია, ეხება იმ გზას, რომლითაც სამუშაო გამოიყენებოდა ნეოკლასიკურ ეკონომიკაში.

ჩვენ გვსურს აღვწეროთ „უკეთესი მუშაობის“ მაგალითი, რომელიც ვითარდება ერთ-ერთ ყველაზე ექსპლუატაციურ და მძიმე პირობებში, ყველაზე ღარიბი, მაგრამ მაინც გამოცდილი ქალების ძალისხმევით.

ნაქარგები – ქალთა მუშაობის განსაკუთრებული ფორმა

ბევრი ქალი მთელ მსოფლიოში კერავს და ქარგავს სხვადასხვანაირად, და ტრადიციულად ამის კეთებაში ყოფილან. ამ ნაქარგების ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე შევიდა, შესაბამისად, ქალები ახლა ვაჭრებისთვის ქარგავენ; ზოგი საერთაშორისო ბაზრებზე შევიდა და ქალები ქარგავენ სამოსს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. ხშირ შემთხვევაში, ქარგვას ბაზარი ანაცვლებს – ხელით ნამუშევარს ქარგვის მანქანებით და თავად ნაქარგს, სხვა სახის დიზაინით.

ბანასკანთჰა არის მშრალი უდაბნო უბანი გუჯარატში, სადაც წყალი მწირია, მიწა არაპროდუქტიულია, შემოსავალი დაბალია და ცხოვრება მძიმე ბრძოლაა გადარჩენისთვის. ლანდშაფტი ბნელი და ნაცრისფერია, მაგრამ ხალხი ფერადია ნაქარგ სამოსში. ამ მიწაზე, ქალები ბევრს შრომობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ გადარჩნენ, მაგრამ აქვთ დრო და ენერგია ქარგვისთვის. ბაზრების გაფართოებასთან ერთად, მათმა ნაქარგებმა დაიწყო მათი დაკავშირება დანარჩენ სამყაროსთან იმ მოვაჭრეების მეშვეობით, რომლებიც მოდიან მათი ქსოვილების შესაძენად და აძლევენ შეკვეთებს. ბოლო დროს მათ SEWA-ს დახმარებით შექმნეს საკუთარი ასოციაციები და პირდაპირ მიაღწიეს ქალაქებსა და საერთაშორისო ბაზრებს. მათი უნარები მათ უფრო დიდ სამყაროსთან აკავშირებს.

ჩვენ ვესაუბრებით აჰირის კასტის ქალებს, რომლებიც ძირითადად მესაქონლეები არიან. აჰირის ქალები ძალიან ამაყობენ თავიანთი ნაქარგებით. ყველა ახალგაზრდა გოგონა ქარგვას ხუთი წლის ასაკიდან სწავლობს. ის სწავლობს ნემსისა და ძაფის დამუშავებას პატარა, გლუვ ქსოვილზე, რომელიც მას დედამ აჩუქა, რომელიც ჯერ ჯაჭვის ნაკერს ასწავლის. ისინი ამბობენ: „ჩვენ არასდროს ვიცვამთ ისეთ სამოსს, რომელიც არ არის ნაქარგი. უფერული სამოსის ჩაცმისას ჩვენი გული კარგად არ გრძნობს თავს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალიშვილების მზითევის გამოფენა ქუჩაში, ნათესავებისა და მეგობრების მოწვევა, მათი მოსვლა და ჩვენი უნარების წარმოჩენა. და როდესაც ისინი ყურადღებით უყურებენ და აღფრთოვანებულნი არიან ჩვენი ნამუშევრებით, ჩვენს გულში ღრმად ვგრძნობთ კმაყოფილებას.”

ჰანსიბა 82 წლისაა. ამბობს, რომ გვირისტის 19 ნაირსახეობა იცის, თითოეულს აქვს სახელი: კააჩ მოგრუ, კანგრი… ამბობს: „ჩვენს დროს ქსოვილს/ტანსაცმელს ჩემი მოთხოვნების მიხედვით ვკერავდი. ნედლ მატყლს ან ბამბას ისე ვაგროვებდი, როგორც მჭირდებოდა. ღამით ჩემს შვილებს ვთხოვდი, მისი ჭუჭყისა და თესლისგან გაწმენდას. ვთხოვდი ჩემს ქმარს, რომ დამხმარებოდა მატყლისა და ბამბის გაწეწვასა და გაჩეჩვაში. ამის შემდეგ ვაკეთებდი ნაჭრებს და მერე გვიანობამდე ვტრიალებდი. ჩემი ქვედაკაბისთვის მჭირდება 12 მკლავის სიგრძის ქსოვილი. მერე ჩვენი სოფლის ფეიქართან მივდიოდი. ვთხოვდი, ჩემი რჩეული ქსოვილის ქსოვას – უბრალო, შემოსაზღვრული, გაფორმებული, კუბოკრული. ფეიქრის ცოლს ჩემთან სახლში მოჰქონდა ძელი და ამზადებდა ქსოვილს ჩემს თვალწინ.

„ნაცრისფერი ქსოვილი მიმქონდა მღებავთან, რომელიც ჩემს მეზობელ სოფელში ცხოვრობს. ის ხატრიდან არის და მდიდარია. მათი სახლები მამაჩემის ქოხების გვერდით იდგა. მაგრამ ნაწილობრივ ვიცოდი, თუ როგორ უნდა შემეღება ჩემი ქსოვილი. ქსოვილის შეღებვა დედამ მასწავლა. ბაბულის ხის ტოტს ვადუღებდი დიდ ქვაბში და იმ წითელ წყალში ვამატებდი ხატრიდან ჩამოტანილ საღებავის ფხვნილის მცირე ნაწილს. ქსოვილს ცოტა ხნით თბილ წყალში ყრიდნენ და ღამით სახლში აშრობდნენ. ერთნაირად ვიყენებდი სხვადასხვა ფერს: ყვითელს, ზაფრანას, მწვანეს. შეღებილი მაქვს საბნები, თეთრეული, ჩალმები, თავსაფრები, მარაოები, ხელჩანთები, თუნდაც ჩემი ხარის ტანსაცმელი“.

აჰირის ქალებს სჭირდებათ ქვედაკაბის-ბლუზის-ოდჰნის ორი კომპლექტი, რომ წელიწადზე მეტხანს ჰქონდეთ. ქვედაკაბის გარშემოწერილობა ექვსი მეტრია. ქვედაკაბა უფრო მეტ ქარგვას მოითხოვს. ის შეიძლება იყოს ისეთივე დახვეწილი, ფერადი, სარკისებური, როგორც ეს ქალს სურს. ბლუზას ნაკლები მუშაობა სჭირდება, მაგრამ უფრო რთულია. როდესაც ბლუზა ფუჭდება გამოყენების შემდეგ, ნაქარგ ნაწილს აცლიან და სხვა ბლუზაზე გადმოაქვთ. ყველა საქმროს სჭირდება ნაქარგი პიჟამა და ზედა, როცა ის პატარძლის სახლისკენ მიდის. ყველა დედა ცდილობს შექმნას ახალი დიზაინი ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის. მამაკაცები ახლა ატარებენ შარვალს და პერანგს, მაგრამ მაინც, როცა ის გარეთ გამოდის, თან ატარებს ნაქარგ ჩანთას ან ხელსახოცს, სადაც ჩანს მისი კასტის ვინაობა, ასევე რეგიონი და მოწოდება.

ნაქარგები მოვაჭრეებისთვისაც მზადდება, მაგრამ ეს ნამუშევარი სპორადული და ექსპლუატაციურია. გვალვისა და რთული პირობების დროს, ამ სოფლებში, მოვაჭრეები ქალაქებიდან მოდიან და ნაქარგების ძველ ქსოვილებს გადასაგდების ფასად ყიდულობენ. ისინი ასევე იღებენ შეკვეთებს და ქალებს სანარდო განაკვეთის მიხედვით უხდიან. თუმცა ეს განაკვეთები ძალიან დაბალია, გაცილებით დაბალი, ვიდრე ქალები იღებენ მიწის თხრისას. ქარგვა, რა თქმა უნდა, სამუშაოა, იქნება ეს მოვაჭრეებისთვის, საკუთარი ასოციაციისთვის, მათი ქალიშვილების მზითვისთვის თუ საკუთარი თავისთვის. მიუხედავად ამისა, ქალები ამას არ აღიქვამენ, როგორც “მძიმე შრომას” ან “შრომას”. მათ ახლო ურთიერთობა აქვთ თავიანთ ხელობასთან. ჩვენ ვესაუბრეთ მათ, რათა გაგვერკვია, თუ რას გრძნობდნენ ისინი ამის შესახებ.

მათ მოსწონთ ქარგვა, რადგან ეს მათთვის სილამაზის შექმნის პროცესია. „ჩვენ სილამაზისა და ბუნების მოყვარულები ვართ, გვიყვარს ყველაფრის ხელოვნებითა და ფერებით გაფორმება და გალამაზება. ღარიბები ვართ და ამიტომ ვერ დავხარჯავთ ფულს ოქროსა და სამკაულებზე, ამიტომ ნაქარგები ჩვენი სამკაულია, ნახეთ, როგორ ბრწყინავს პატარა სარკეები ბრილიანტივით“. ზოგჯერ, ისინი გრძნობენ ძლიერ იმპულსს შექმნან. „ნემსი და ძაფი ხელში უნდა მქონდეს, როგორც კი თავისუფლად დავჯდები. ზეწოლას ვგრძნობ, როცა სადმე ახალ დიზაინს ვხედავ და ის უნდა მოვქარგო ქსოვილზე, ჩემს თუ სხვის ტანსაცმელზე. ჩემმა ქმარმა იცის, რას ვგრძნობ და როცა ჩემი დასჯა უნდა, ქარგვას მიკრძალავს. ასეთ დროს საკუთარ თავზე ვიკეთებ ტატუს“. და მართლაც, მის ხელებსა და ფეხებზე პაწაწინა, მწვანე, ფოთლები და ყვავილები იყო – რთული და ლამაზი ტატუები.

ქარგვა აქტივობაა, რომლის დახმარებითაც ქალები ძალებს აღიდგენენ, ავსებენ ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას. კაცები და ქალები მინდორში დადიან და ბევრს მუშაობენ. გვალვის დროს, ისინი მცხუნვარე მზეზე საათებს ატარებენ, მიწას თხრიან ან ქვებს ამტვრევენ. ამბობენ: „დილით ადრე ვიწყებთ მინდორში მუშაობას და ვისვენებთ ლანჩზე. მამაკაცები ეწევიან ლანჩის შემდეგ და ამით ცოტა ხნით განიტვირთებიან. ხის ქვეშ ვისხედით და ვქარგავდით. ეს ავსებს ჩვენს ენერგიას, გონებრივსა და ფიზიკურს. სადილის შემდეგ, მეზობლები ერთად სხედან და ქარგავენ. მათ ურჩევნიათ წყნარად მომუშავე ჯგუფებში ქარგვა – ეს გამოიმუშავებს ენერგიასა და სითბოს. უმცროსი გოგონებისთვის ეს არის საშუალება, თავი დააღწიონ საშინაო საქმესა და დედების ბუზღუნს. ყოველთვის არსებობს კონკურენცია იმაზე, თუ ვინ ქარგავს უფრო სწრაფად, უკეთესად, ახალი დიზაინით. მაგრამ ქარგვას თავისთავად აქვს თავისი მნიშვნელობა. როდესაც მარტო ვართ, ჩვენს სულთან შინაგანად ვსაუბრობთ. ეს ჩემთვის იოგას ჰგავს. მე შემიძლია დავინახო მსოფლიოს წარსული და მომავალი. შემიძლია ვესაუბრო ცასა და უდაბნოს ქვიშას. არ მიყვარს, როცა ვქარგავ და მაწუხებენ. მაშინ არ ვჩქარობ ჩემი საქმის დასრულებას. ეს არის საყვარელი საქმიანობა და ასევე დისციპლინა.”

ქარგვა, ტრადიციული საქმიანობა, მათთვის შემოსავლის წყაროდაც იქცა. რას ფიქრობენ ისინი ამის შესახებ? „ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს უნარებს შეუძლია ფულის შემოტანა სახლში, ვამაყობ. მაგრამ ხანდახან თავს ექსპლუატირებულად ვგრძნობ. ამ ექსპლუატაციას არ ვგრძნობ მაშინ, როცა ჩვენი ქალიშვილისთვის ვქარგავ. მაგრამ ახლა ასევე ვმუშაობ მოვაჭრისთვის, ბაზრისთვის. მოვაჭრე გვატყუებდა ხოლმე, მაგრამ ეს ადრე არ ვიცოდით. როცა ამას მივხვდი, ავღელდი, გული დამეწვა შიგნიდან, რადგან ვაჭარს კარგი ქსოვილი ნაგვის ფასად მივყიდე. იმ დღეებში არც ჭამა მინდოდა და არც დაძინება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვქარგავთ ჩვენი საკუთარი ასოციაციისთვის, მივდივართ ბაზარში და ვიცით რა არის რეალური ფასები, მაშინ ჩვენ არ ვგრძნობთ ექსპლუატაციას, არამედ ბედნიერები ვართ, რადგან გამოვიმუშავებთ. ახლა ჩვენი ორგანიზებული კოლექტიური ძალით თითქმის აღარ გვყავს შუამავალი. ახლა ჩვენ ვქმნით, ვქარგავთ, ვყიდით დიდ ქალაქებში აქ და საზღვარგარეთ! ახლა ჩვენ ისე ვაცნობიერებთ ყველაფერს, რომ როდესაც ვხედავ ქსოვილის ნაჭერს, მაშინვე დიზაინი და ფერები მომდის თავში. შემდეგ ამ ყველაფერს ვტესტავ ჩემს ნამუშევრებზე ექსპერიმენტისთვის და ვნახულობ, როგორ გამოიყურება. ერთ დღესაც მე ვხედავ ამ დიზაინს ასობით ჩვენი მქარგველის ხელში, რომლებიც აწარმოებენ ნივთებს დიდი მასშტაბით… და შემდეგ კომპიუტერში (ვებსაიტზე) გასაყიდად აქ და საზღვარგარეთ! ჩვენ ახლა ვიცით ბაზარი. ”

ნაქარგები მათთვის საყრდენია, როგორც ლხინის, ასევე ჭირის დროს. „როცა ბედნიერები ვართ, ვქარგავთ. როცა რთული დრო გვიდგას, მაშინაც ვქარგავთ. როცა მიწისძვრა დაგვატყდა თავს, უსახლკაროდ დავრჩით, საკმარისი საჭმელი არ გვქონდა, ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით, ზამთრის ცივი ქარი უბერავდა, მაშინ ქვედაკაბა მოვქარგე და მაშინვე დავმშვიდდი, საზრუნავებისგან გავთავისუფლდი. ქვედაკაბა 10 ათას რუპიად გაიყიდა, მე 6000 ათასი მივიღე გასამრჯელოდ, რაც სახლის აღდგენისთვის გამოვიყენე“. ქარგვა ისეთი უნარია, როგორც ყველა სხვა. ქალები ამას დედებისგან, დებისგან, მეზობლებისგან სწავლობენ. თუმცა, როდესაც ისინი ბაზარზე შედიან, ისინი ექვემდებარებიან ბევრ ახალ დიზაინს და ასევე სურთ ისწავლონ ისინი. სწავლობენ ერთმანეთისგან და ასევე იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც მზად არიან ასწავლონ მათ.

„როცა კითხვები მაქვს, ბჰაჩიბენთან მივდივარ . ის ძალიან კარგად ასწავლის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გვირისტების, ახალი დიზაინის შემუშავებას. ქსოვილის ბეჭდვა მისგან ვისწავლე. ბევრი ახალი ელემენტი შევიდა ჩვენს დიზაინებში SEWA-ს წყალობით, რომელმაც ახალი სამყაროს კარი გაგვიღო. შეხედეთ, როგორ იცვლება ფერის სქემები ჩვენს ნიმუშებში, თუნდაც იმ ტანსაცმელში, რომელიც ჩვენ გვაცვია. ახლა ჩვენ ვიყენებთ არაუმეტეს სამი ფერისა ჩვენს ნაჭრებში. ჩვენ ვისწავლეთ თამაში იმავე ფერის ჩრდილებით.” ისინი კამათობენ იმაზე, სურთ თუ არა ხელიდან მანქანაზე გადასვლა და მანქანით ქარგვის სწავლა. „დიახ, თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ, ჩვენ ვისწავლით“, – ამბობენ ახალგაზრდა ქალები. ხანდაზმული ქალები აფრთხილებენ: „მანქანით თქვენ არ გექნებათ თავისუფალი არჩევანი ძაფების ფერებში ან სამუშაო დროში და ვერ აირჩევ სამუშაო ადგილს. შეგიძლია კი მისი თან წაღება მინდორში?“

რა თქმა უნდა, ქარგვა ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ”ჩვენი მხედველობა სუსტდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. დღის სინათლეზე ვსხდებით ვერანდაში (ოსარი) კარის უკანა მხარეს ან კედელს ვეყრდნობით და საქმეს შევუდგებით. ზუსტად ისე, როგორც მზე მოძრაობს ცაში, შესაბამისად ჩვენც ვმოძრაობთ ჩვენს ვერანდაში. შუქი უნდა ეცემოდეს ქსოვილზე. ღამით ზეთის ლამფა ჩვენი თანამგზავრია სამუშაოს დროს… როცა ძალიან ცხელა და ქარია, რასაც სახლში ცხელი ქვიშა შემოაქვს და თვალებს გვჭრის“.

მუშაობის უკეთესი გზები

ბანასკანტჰელი ქალების ნაქარგებით ჩვენ აღვწერეთ მუშაობის მაგალითი, რომელიც აერთიანებს პოზიტიური მუშაობის ელემენტებსა და სამუშაოს უკეთეს ტიპს ქვეყნის ერთ-ერთ უმძიმეს და ღარიბ რეგიონში. SEWA-ში ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მუშაობის უკეთესი გზები მართლაც შესაძლებელია, და აქ ჩვენ გვსურს განვსაზღვროთ ზოგიერთი ელემენტი, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაოს, სამუშაოს, რომელიც მშრომელს აძლევს საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების შეგრძნების საშუალებას. აქ იგი და მისი ნამუშევარი ინტეგრირებულია, როგორც უფრო დიდი საზოგადოების, თუნდაც კოსმოსზე უფრო დიდის ნაწილი, და აქვს სამუშაო, რომელიც მაშინ, როცა ინდივიდის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უწყებს ხელს, მრავალი თვალსაზრისით არის „უანგარო“ ან არაეგოისტური.

თუმცა, მუშაობის უკეთესი გზის პოვნა შესაძლებელია მაშინ, როდესაც სამუშაო სტრუქტურები და სამუშაო ურთიერთობები განასახიერებს ამ ღირებულებებს. ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორი უნდა იყოს წარმოებისა და განაწილების სტრუქტურები, რომ უკეთესი სამუშაო პროცესი გვქონდეს? ამ კითხვას არ შეიძლება მივუდგეთ აბსტრაქტულად, იდეალიზებულ ან შორეულ წარსულში ან მომავალ საზოგადოებაში, არამედ ეს კითხვა უნდა განთავსდეს სტრუქტურების, ურთიერთობებისა და ეკონომიკის კონტექსტში, რაც დღეს არსებობს. ასეთი ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი იქნება სტრუქტურების აშენება, რომლებიც ყველაზე დაუცველთა საჭიროებებს ათავსებენ ცენტრში, რომლებსაც ექნებათ წარმოებისა და განაწილების უფრო კოოპერატიული და დეცენტრალიზებული მეთოდები.

ყველაზე დაუცველები ცენტრში

დღევანდელი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი არის უკიდურესი სიღარიბე და საზოგადოებაში არსებული დიდი და მზარდი უთანასწორობა. ჩვენს საზოგადოებაში, იყო ღარიბი, ნიშნავს ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ფიზიკურად მძიმე, მომთხოვნი, ხშირად დამღლელი და, როგორც წესი, ნაკლებ ანაზღაურებადი სამუშაოს მეშვეობით. ხშირად, ასეთი სამუშაოც კი მიუწვდომელია და ქალებიც და კაცებიც დღეებს სამუშაოს დამამცირებელ ძიებაში ატარებენ. ზემოთ აღწერილ მაგალითში, ოჯახების უმეტესობა, საარსებო წყაროს შოულობს საკუთარ მინდორზე ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მშრომელად სხვის მინდვრებზე. თუმცა, ვინაიდან კლიმატი მშრალი და უდაბნოს მსგავსია, მინდვრების უმეტესობა საკმაოდ არაპროდუქტიულია და ამიტომ მათ უწევთ სხვადასხვა რთული დავალებების შესრულება, როგორიცაა ქვის მსხვრევა და მარილის მოპოვება გადარჩენისთვის. ხშირად ეს სამუშაოც მიუწვდომელია მათთვის და მათ საკუთარი ადგილების მიტოვება და სამუშაოს საძიებლად მიგრაცია უწევთ. ასეთ მძიმე ვითარებაში ქარგვა არის სამუშაო, რომელიც ამშვიდებს, გაძლევს ფერებს და განცდას, რომ ღირებულს აკეთებ. და როდესაც ქარგვა ასევე შეიძლება იქცეს საქმიანობად, რომლისგანაც შემოსავალს იღებ, სწორედ ეს არის “უკეთესი” სამუშაო.

საზოგადოების პირველი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს სამუშაოს, მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე ღარიბები და ყველაზე დაუცველები უზრუნველყოფილნი არიან ბაზისური საჭიროებებით. ჩვენ გამოვდივართ არამხოლოდ სუსტებისა და გაჭირვებულების ინდივიდუალური თანაგრძნობისთვის, არამედ სოციალური სისტემისთვის, რომელიც სისტემატურად ფოკუსირებულია დაუცველებზე და სადაც სოციალური სტრუქტურები, განსაკუთრებით კი ეკონომიკური სტრუქტურები და სამუშაო სტრუქტურები, შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები. ინდოეთში „კარგი“ საზოგადოების თანმიმდევრული კონცეფცია ჩამოყალიბდა თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქაში. სვარაჯის ან თვითმმართველობის ეს კონცეფცია განიხილებოდა არა მხოლოდ, როგორც პოლიტიკური სისტემა, რომელსაც მართავდნენ ინდოელები და იმართებოდა ინდოელებისთვის, არამედ როგორც უკეთესი საზოგადოების საფუძველი. „სიტყვა სვარაჯი არის წმინდა სიტყვა, ვედური სიტყვა, რაც ნიშნავს თვითმართვას და თავშეკავებას“ [M K Gandhi 1962 გამოცემა: 3]. ეს კონცეფცია გახდება უკეთესი საზოგადოების საფუძველი – სვარაჯი რომ არ იყოს განკუთვნილი ჩვენი ცივილიზაციისთვის, განწმენდისა და სტაბილიზაციისთვის, მას არანაირი ღირებულება არ ექნებოდა. ცივილიზაციის არსი ის არის, რომ ჩვენ ზნეობას ვანიჭებთ უპირველეს მნიშვნელობას ჩვენს ყველა საქმეში, საჯაროში თუ კერძოში“ [ibid: 5]. თავისუფლების მოძრაობის წარმატება იყო მასების ჩართვა და ეს შესაძლებელი იყო, რადგან სვარაჯს ჰქონდა გზავნილი არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების, არამედ უფრო მნიშვნელოვანი, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, განსაკუთრებით ღარიბებისთვის. „ჩემი ოცნების სვარაჯი არის ღარიბი კაცის სვარაჯი [ადგილ. cit].

„ეკონომიკური თანასწორობისთვის მუშაობა ნიშნავს კაპიტალსა და შრომას შორის მარადიული კონფლიქტის გაუქმებას. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს იმ მცირერიცხოვანი მდიდრების დაქვეითებას, რომელთა ხელშია კონცენტრირებული ერის სიმდიდრის დიდი ნაწილი და მეორე მხრივ, ნახევრად მშიერი, შიშველი მილიონების დაწინაურებას. არაძალადობრივი მმართველობის სისტემა აშკარად შეუძლებელია მანამ, სანამ მდიდრებსა და მშიერ მილიონებს შორის დიდი უფსკრული შენარჩუნდება – დღეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის კონტრასტი მტკივნეული სანახაობაა. ღარიბი სოფლის მოსახლეობას ექსპლუატაციას უწევენ უცხოელი მთავრობები და ასევე საკუთარი თანამემამულეები – ქალაქელები. ისინი აწარმოებენ საკვებს და შიმშილობენ. ისინი აწარმოებენ რძეს და მათ შვილებს უწევთ მის გარეშე გადარჩენა. ეს სამარცხვინოა. ყველას უნდა ჰქონდეს დაბალანსებული კვება, საცხოვრებლად ნორმალური სახლი, შვილების განათლებისთვის საჭირო პურობები და ადეკვატური სამედიცინო დახმარება.“ [Harijan, 31.3.1946, გვ. 63-64].

SEWA-ში ჩვენ ვნახეთ, რომ სხვების კეთილდღეობისთვის მუშაობა და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის მუშაობა ქმნის ძალასა და ენერგიას, რომელიც აყალიბებს მოძრაობას. SEWA-ს ლიდერთა უმრავლესობა, რომლებიც წევრებისგან არიან არჩეულნი, იძენენ თავიანთ ლიდერულ პოზიციებსა და აღიარებას, ყველაზე დაუცველი წევრების იდენტიფიცირებით და მათი შეყვანით SEWA-ში. ეს ყველაზე დაუცველი ქალები არიან სწორედ ისინი, რომლებიც ხდებიან ერთგული და აქტიური წევრები და რომლებიც შემდგომ ხდებიან მოძრაობის სასიცოცხლო ძალა. ამის მაგალითია სავიტაბენი. ის არის ქალი, რომელიც SEWA-ში 15 წლის წინ მოიყვანა მისი სამეზობლოს ლიდერმა. ის მოვიდა ბავშვით ხელში და უკან კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოჰყვებოდა, დანარჩენი სამი კი სახლში დატოვა. ის აგროვება ქსოვილის ნაგლეჯებს და სასოწარკვეთილი ეძებდა გზებს, რომ გამოემუშავებინა, ეკვება ოჯახი და ამავდროულად, ეზრუნა შვილებზე, რადგან მის ქმარს მხოლოდ არარეგულარულად შეეძლო შოვნა. იგი შეუერთდა ქაღალდის მკრეფთა კოოპერატივს და გადაეცა მაკულატურა მთავრობის ოფისიდან. აქ მან მიიღო გასაყიდი ქაღალდის სტაბილური მარაგი. მალე მან ბანკიდან სესხი აიღო და პატარა მაღაზიის გახსნა შეძლო, სადაც ქმარი ეხმარებოდა. მან შვილები SEWA-ს ბავშვთა მოვლის ცენტრში მოათავსა. „SEWA-ში გაწევრიანებამ ენერგია მომცა ხელახლა, – ამბობს ის, – ვგრძნობდი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო ჩემთვის და სხვებისთვის და მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა ცვლილებებისთვის. დღეს, სავიტაბენის შვილები განათლებულები არიან და ის SEWA-ს ლიდერია, თავისი კოოპერატივის პრეზიდენტი და SEWA ბანკის საბჭოს წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბესა და ღარიბებზე ფოკუსირების მნიშვნელობა ხაზგასმულია მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ის ზოგადად არ განიხილება ეკონომიკური ცხოვრების მამოძრავებელ პრინციპად. სინამდვილეში, ღარიბები განიხილებიან, როგორც მარგინალურები ეკონომიკური ცხოვრებისთვის მთლიანობაში და მათზე ზრუნვა უნდა მოხდეს სპეციალური სქემებისა და უსაფრთხოების ბადეების მეშვეობით. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეკონომიკური სტრუქტურა ისეთი იყოს, რომ დეპრივაცია არ არსებობდეს, ანუ ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი მინიმალური საჭიროებები. ეს მოითხოვს, რომ მორალურმა საზოგადოებამ ფოკუსირება გააკეთოს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენებზე. მაგრამ ის ასევე მოითხოვს სტრუქტურებს, რომლებიც გამოავლენენ ამ ყველაზე ღარიბ ფენებს და რომლებსაც ექნებათ სოციალური წარმოების სისტემა, სადაც მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. ამას მოსდევს უკეთესი მუშაობის სტრუქტურისთვის აუცილებელი ჩვენი მომდევნო კრიტერიუმი – წარმოების დეცენტრალიზებული ფორმები.

ეკონომიკური დეცენტრალიზაცია

ეკონომიკური დეცენტრალიზაციის სასარგებლოდ არგუმენტების მოყვანა საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საყოველთაოდ მიღებულია, რომ პოლიტიკური დეცენტრალიზაცია საჭიროა ძლიერი და აქტიური დემოკრატიისთვის, წარმოების, უნარებისა და რესურსების ფლობის ცენტრალიზაცია განიხილება, როგორც უფრო ეფექტური ეკონომიკის მამოძრავებელი. აქ ჩვენ გვსურს წამოვაყენოთ რამდენიმე არგუმენტი საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და განაწილების მეტი დეცენტრალიზაციის, ასევე რესურსების საკუთრების დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე. ჩვენი პირველი არგუმენტი ეკონომიკური დეცენტრალიზაციის სასარგებლოდ მომდინარეობს ბოლო პუნქტიდან – ფოკუსირება ყველაზე დაუცველებზე. ყველაზე მოწყვლადი პოპულაციების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მოითხოვს კრიტერიუმების ერთობლიობის მიღებას და იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. მოსახლეობის ყველაზე ღარიბ სეგმენტებამდე მიღწევა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ამოცანაა, თუ ის ცენტრალიზებულად ხორციელდება. უფრო ეფექტური ადმინისტრაციული სისტემა იქნება ის, სადაც საკვები, ტანსაცმელი და სხვა მინიმალური მოთხოვნები ადგილობრივად ნაწილდება. კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუ საჭირო პროდუქტების დიდი ნაწილი ადგილობრივად წარმოებულია და მხოლოდ გარკვეული რაოდენობაა იმპორტირებული. ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ადგილობრივი ტერიტორიები არ არის დაკავშირებული ძირითად ბაზრებთან, არამედ მხოლოდ იმას, რომ პროდუქციის გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა გაიზარდოს და განაწილდეს ადგილობრივად. ახალმა ტექნოლოგიებმა და რესურსებმა შეიძლება გაზარდოს ადგილობრივი წარმოება, ბაზართან დაკავშირება კი წაახალისებს ჭარბი წარმოების და ასევე იმ პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც ადგილობრივად შეუძლებელია.

მეორე არგუმენტი სამართლიანობასა და თანასწორობას უკავშირდება. ქვეყანებისა და ერების უმეტესობაში სიმდიდრის განაწილება და საკუთრება კონცენტრირებულია გარკვეულ არეალებში და, ზოგადად, უფრო მდიდარი ადგილები იზიდავენ მეტ რესურსს და ღარიბი ადგილები კარგავენ მათ. ეკონომიკური დეცენტრალიზაცია არის რესურსების განაწილების ერთ-ერთი გზა (თუმცა არა აუცილებლად ერთადერთი). მესამე არგუმენტი დაკავშირებულია „ჰოლისტურ სამუშაოსთან“. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ქალებს შორის, სამუშაო არის სასიამოვნო და შემოქმედებითი, თუ ის ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და სოციალური ცხოვრების ნაწილია. დეცენტრალიზებული წარმოება და მომსახურება ადგილობრივი მოხმარებისთვის ნიშნავს, რომ პროდუქციის ნაწილი შეიძლება იყოს საკუთარი მოხმარებისთვის, ნაწილი კი გაცვლისთვის, როგორც ეს ვნახეთ მქარგველი მშრომელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ამ ტიპის წარმოება დაკავშირებულია ადგილობრივ კულტურებთან და ადგილობრივ ჩანაფიქრებთან და იწვევს ხალხის უფრო დიდ კონტროლს იმაზე, თუ რა უნდა აწარმოონ და როგორ გამოიყენონ იგი. აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ადგილობრივ თემებს აქვთ მეტი კონტროლი ამ რესურსებზე, ისინი ინარჩუნებენ და აღადგენენ რესურსს.

ადგილობრივი წარმოება და განაწილება განსაკუთრებით აძლიერებს ქალთა ეკონომიკურ როლს. ქალების სამუშაოს დიდი ნაწილი არ არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია ოჯახში გამოსაყენებლად; საზოგადოებრივი საქმეების უმრავლესობას, განსაკუთრებით იმას, რაც გულისხმობს სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებას, ჩვეულებრივ ქალები ასრულებენ. ეკონომიკური დეცენტრალიზაცია მიგვიყვანს ორ განცალკევებულ ტენდენციამდე, რომელთაგან ორივე მომგებიანი იქნება ქალებისთვის. პირველ რიგში, ის გააძლიერებს ადგილობრივ ბაზარს, ადგილობრივ უნარებს და ბაზარს უფრო ხელმისაწვდომს გახდის ქალებისთვის. მეორე მხრივ კი, ის გაზრდის არაფულადი სამუშაოს ღირებულებას, რადგან სამუშაო იძენს უფრო ჰოლისტურ მნიშვნელობას და თავის თავში მოიცავს სამუშაოს, რომელიც შესრულებულია უფრო ფართო საზოგადოების შესანარჩუნებლად, მათ შორის საზოგადოებრივი და სამსახურებრივი სამუშაოს ყველა ფორმის ჩათვლით.

ბოლო წლებში ძალიან ცოტა მოსაზრება ან ქმედება იყო ეკონომიკური დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მაშინ როცა პოლიტიკური დეცენტრალიზაცია სწრაფად განვითარდა. პოლიტიკური და ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია „ხელახლა დაბადებული ინდური დემოკრატიის სიმბოლოა და უზრუნველყოფს ხალხის მონაწილეობას ქვემოდან. ადამიანებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან კონკრეტულ ადგილს, იციან რა არის მათი ძირითადი საჭიროება და ამ მიზნით შეიკრიბებიან ერთად, გადაწყვიტონ, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის პრიორიტეტულად და რა შეიძლება გადაიდოს მომავლისთვის. ეს, ვფიქრობ, უზრუნველყოფს ხალხის უფრო დიდ მონაწილეობას და შესთავაზებს მათ შესაძლებლობას გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი საზოგადოებრივი სიმდიდრისთვის“ (პავან კუმარ ბანსალი, დეპუტატი, 72-ე შესწორების კანონპროექტზე ლოკ საბას დებატების დროს , 1-ელი დეკემბერი, 1992 წ.). თუმცა, ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება ასევე მოითხოვს აქტიურ ადგილობრივ ეკონომიკას, ხოლო პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ეკონომიკური დეცენტრალიზაციის ყოველგვარი ფიქრის გარეშე გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ დამოკიდებულებას ცენტრალურ რესურსებზე.

ეკონომიკურ დეცენტრალიზაციას ხშირად აკრიტიკებენ იმ მოტივით, რომ ის აშორებს ადგილობრივ თემებს საზოგადოების გარეთ არსებული უნარებისგან, ცოდნის, რესურსებისა და შესაძლებლობებისგან და მათ შიგნით კეტავს. აქ განიხილება არა უფრო დიდი შესაძლებლობების შეწყვეტა, არამედ ბალანსის აღდგენა. როგორც პოლიტიკური დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული და სახელმწიფო მთავრობები გაქრება ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებით, ასევე ადგილობრივ წარმოებას შეუძლია და უნდა დაუკავშირდეს წარმოების უფრო დიდ სისტემებს, ადგილობრივ ბაზრებს შეუძლია და უკავშირდება ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებს და რესურსების ადგილობრივი საკუთრება უკავშირდება საკუთრების უფრო დიდ სისტემებს. SEWA-ს ბანკი3 არის ადგილობრივსა და ეროვნულს შორის დინამიკის კარგი მაგალითი. ღარიბი ქალები აკონტროლებენ თავიანთ კაპიტალს, მაგრამ იყენებენ მას დასაქმების ადგილების შესაქმნელად, რომლებიც აკავშირებს მათ უფრო დიდ ბაზრებთან. ამავდროულად, SEWA ბანკი დაკავშირებულია უფრო დიდ საბანკო სისტემასთან, როგორც ინდოეთის სარეზერვო ბანკის ფინანსური და მარეგულირებელი სისტემის მეშვეობით, ასევე სხვა საბანკო ინსტიტუტებთან ფინანსური ურთიერთობებით.

კოოპერატიული ეკონომიკური სისტემები

უანგარო ან ალტრუისტული შრომა, როგორც ეს განიხილება კონკრეტულ ინდურ კულტურულ კონტექსტში, არის დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ და არა კონკრეტული ტიპის სამუშაო. ადამიანები მუშაობენ საკუთარი თავის, ოჯახებისა და თემის ფიზიკური და სოციალური შენარჩუნებისთვის და ცხოვრების გაგრძელებისთვის, აუცილებელია, რომ მათ გააგრძელონ მსგავსი სამუშაო. თუმცა, „უანგარო დამოკიდებულება“ პირველ რიგში მოითხოვს, რომ ინდივიდუალური მე-ს შენარჩუნებასთან ერთად, ასევე უნდა იყოს მუდმივად ფხიზლად სამყაროს შენარჩუნებისთვის. მუშაობისადმი ეს დამოკიდებულება მოითხოვს სხვების მუდმივ ინფორმირებულობას, მუშაობას და მომსახურებას უფრო ფართო საზოგადოებისთვის; ამავე დროს, საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების მინიმუმამდე შემცირებას.

სამუშაო სისტემების კოოპერატიული ფორმები, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ ყველასთვის მომგებიანი შედეგების მისაღებად, უფრო მეტად ხელს უწყობს უანგარო შრომას, ვიდრე ინდივიდუალისტური და კონკურენტუნარიანი ფორმები. დღეს ბევრი ასეთი ფორმა არსებობს. ისინი იცვლებიან მცირე თვითდახმარების ჯგუფებიდან, რომლებიც დაწინაურებულნი არიან ინდოეთში, ტრადიციულ ROSCA-მდე, აფრიკის ბევრ ქვეყანაში ნაპოვნი ურთიერთდახმარების ჯგუფებამდე, სათემო მარცვლეულის ბანკებსა და საზოგადოების სოციალური დაცვის სისტემებამდე, მსხვილ ოფიციალურ კოოპერატიულ საზოგადოებებამდე.

მუშაობის კოოპერატიულ ფორმებს ასევე უფრო მეტად ირჩევენ ღარიბები ან ისინი, ვისაც ნაკლები რესურსი აქვთ. თანამშრომლობა არის რესურსების გაერთიანების და, შესაბამისად, კონტროლის გაზრდის ერთ-ერთი გზა. ის ასევე არის ვაჭრობის უნარის გაძლიერების საშუალება მათთვის, ვინც სუსტია. ეს შეიძლება ჩაითვალოს თითოეული ინდივიდის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საუკეთესო ფორმად. უანგარო შრომა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც არარეალური კონცეფცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინდივიდუალური სარგებლიანობის მაქსიმიზაცია არის თანამედროვე ეკონომიკის საფუძველი. აზროვნების ერთი სკოლა თვლის, რომ ადამიანის ბუნებას ბუნებრივად მივყავართ მოდელამდე, სადაც თითოეული ადამიანი ცდილობს მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, რადგან „ყოველი ინდივიდი არის შემფასებელი; თითოეული ინდივიდის სურვილები შეუზღუდავია; თითოეული ინდივიდი ცდილობს მიიღოს მაქსიმალური; ინდივიდი შემოქმედებითია“ [Zamagni 2003: 2]. კიდევ უფრო პრობლემურია, როდესაც კონკურენცია განიხილება, როგორც ეკონომიკაში მონაწილეობის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, არსებობს უამრავი ლიტერატურა ინდივიდების ალტრუისტულ ქცევაზე, სადაც უანგარო მიზნები ინდივიდუალური სარგებლიანობის მაქსიმიზაციის ნაწილია და ზოგიერთი ლიტერატურა, რომელიც სცილდება ინდივიდის ქცევის მაქსიმიზაციას, გადადის „ტუიზმში“, სადაც სხვებთან ურთიერთობა თვითმიზანია და როგორც ზამაგნი ამტკიცებდა, ეს არ არის უბრალოდ ინდივიდუალური კმაყოფილების საშუალება.

სამუშაოს კოოპერატიული ფორმები ასევე ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან დღეს დომინანტური რეჟიმი გულისხმობს ინდივიდების ბაზართან ურთიერთობას და ხშირად, კონკურენციას. არის თუ არა თანამშრომლობა რეალურად განხორციელებადი და თუ ასეა, რატომ ვერ ვხედავთ, რომ ის დღეს მუშაობს? სინამდვილეში, თუკი რეალობას შევხედავთ, წარმოების კოოპერატიული ფორმები დღეს გაცილებით მეტად მუშაობს, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. ევროკავშირის სოციალური ეკონომიკა, სავარაუდოდ, შედგება 900 ათასი საწარმოსგან და წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების 10 პროცენტს. მთელ მსოფლიოში ასევე არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული კოოპერატივებიც. მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში, კოოპერატივებში, მცირე მასშტაბის ბიზნესიდან დაწყებული მრავალ მილიონდოლარიანი ბიზნესით დამთავრებული, სავარაუდოდ, დასაქმებულია 100 მილიონზე მეტი ქალი და კაცი და მათ ჰყავთ 800 მილიონზე მეტი ინდივიდუალური წევრი. ისინი ძირითადად მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო მარკეტინგისა და მიწოდების, ფინანსების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, საცხოვრებლისა და დაზღვევის სფეროებში, მაგრამ შედიან ახალ სფეროებშიც, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და კულტურული ინდუსტრიები. კოოპერატიული საწარმოები, ორგანიზაციები და ჯგუფები მრავლადაა არაფორმალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, თუმცა, ჯერჯერობით არ ყოფილა მათი გაზომვის მცდელობები.

SEWA-ში ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოოპერატიული ეკონომიკური ორგანიზაციები არამხოლოდ ღარიბი ქალებისთვის მუშაობს, არამედ მათ მოაქვთ უკეთესი სამუშაო სხვადასხვა გზით. პირველ რიგში, ორგანიზაცია ქალებს, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან, ანიჭებს ახალ იდენტობას სამუშაოს საშუალებით, იდენტობას, სადაც მათ პატივს სცემენ მათი სამუშაოს გამო და მათი შრომის წვლილი აღიარებულია საზოგადოებისა და მათი ოჯახების მიერ. მეორეც, თანამშრომლობა მათ საშუალებას აძლევს ააშენონ საწარმო და პირდაპირ მისწვდნენ ბაზრებს, ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ მოვაჭრეებისა და სხვების წყალობაზე, რომლებიც იყენებენ მათ შეზღუდულ წვდომას ბაზარზე. მესამე, მათ შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი რესურსები – კაპიტალი, ცოდნა და უნარები. მეოთხე, მათ შეუძლიათ ისარგებლონ სამთავრობო სქემებითა და პროგრამებით, რაც მათთვის რთულია ინდივიდუალურად. საბოლოოდ, მათი გაერთიანება სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციაში ზრდის მათ ხმასა და მოლაპარაკების ძალას საზოგადოებასა და ბაზარზე.

შენიშვნები

[ეს ტექსტი არის ნაშრომის ადაპტირებული ვერსია, რომელიც მომზადებულია ILO-ს სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის და საბოლოოდ გამოქვეყნდება წიგნში სავარაუდო სახელწოდებით “შრომა და სამუშაო: არაფორმალურობის გადახედვა”.]

  1. სამუშაოს ამ კონცეფციების დიდ ნაწილს განსაკუთრებით ქალები აპროტესტებენ. კერძოდ, ფემინისტებმა აღნიშნეს შინ შრომისა და ზრუნვის შრომის მნიშვნელოვანი როლი.
  2. საფქვავი ქვა.
  3. SEWA-ს ბანკს საბრუნავი კაპიტალი დაახლოებით, 100 მილიონი ინდური რუპია აქვს და ჰყავს 2.2 მილიონი მეანაბრე.

გაზიარება