პლატფორმას ვუთმობთ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრ საბა ქარქაძის თვალსაზრისს, რომელიც გვიზიარებს მის ხედვას მაღაროელების გაფიცვასთან, მათ მიერ გამოყენებულ წინააღმდეგობის ტაქტიკებთან და გაფიცვის პროცესში ჩართული აქტორების როლთან დაკავშირებით. ავტორის აზრით, თვითდაზიანების ტაქტიკა ყოველთვის ვერ იმუშავებს ტრაგიზმით სავსე სოციალურ რეალობაში, სადაც ჩაგრული მდგომარეობის ნორმალიზება ხდება. სტატიაში ავტორი ვრცლად მსჯელობს, მისი თვალსაზრისით, უფრო ეფექტური, ბრძოლის სხვა მეთოდის საჭიროებაზე და ასევე, აქტორებზე, ვინც, მისი აზრით უნდა ასრულებდეს ავანგარდის როლს.

მაღაროელების გაფიცვა 2023:

პროლეტარიატი საქართველოში, კლასობრივი ცნობიერება და სამომავლო პოლიტიკური წინააღმდეგობა

ავტორი: საბა ქარქაძე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჭიათურაში მაღაროელების რამდენიმე გაფიცვა მოეწყო, იდენტური შინაარსით, ბრძოლის ტაქტიკითა და შედეგებით, ამიტომაც მაღაროელების გაფიცვას ვერ აღვნიშნავთ ახალი სახელდებით, გარდა ნუმერაციისა წელთაღრიცხვის მიხედვით. შესაბამისად, არ არსებობს სოციალური თუ პოლიტიკური ზოგადი აღმნიშვნელი, რომელიც ამ გაფიცვებს დაახასიათებს. სულ ცოტახნის წინ ჭიათურელი ინდუსტრიული მუშათა კლასის ძირითადი ბირთვი გაიფიცა. მათი მოთხოვნები წარმოების პროცესისა და მასში ჩართული მუშებისთვის ახალი რეგრესული სამუშაო პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მას დაემატა სხვადასხვა სახის მოთხოვნები მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. საბოლოოდ მივიღეთ 14 მოთხოვნა.1 ეკოლოგიური მდგომარეობა არ არის ახალი, მაგრამ ინდუსტრიული პროლეტარიატი ჭიათურიდან მუდმივად პროტესტს გამოხატავდა მატერიალური საჭიროების, ანუ საარსებო საშუალებების მოპოვების და არა საარსებო გარემოს გადარჩენის მოტივით, რასაც კლასობრივი შინაარსი აქვს. რა თქმა უნდა, საარსებო გარემოს განადგურებაც ჭიათურაში სწორედ კაპიტალისტური წარმოების წესის უზოგადესი პრინციპის, კაპიტალის გაზრდისთვის აუცილებელი პირობის – მეტი მოგება მინიმალური დანახარჯით – არის განპირობებული. ამიტომაც ეკოლოგიური პრობლემებიც კლასობრივი წინააღმდეგობის პერსპექტივიდან უნდა შევაფასოთ, მაგრამ ეს თეორიულად, ხოლო ემპირიულად პროლეტარიატი ჭიათურიდან ყოველთვის ხელფასის, წარმოების უსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გამო აჩერებს წარმოებას, არა პოლიტიკური მოტივაციით, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის მინიმალური გაუმჯობესების მიზნით.

ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ პროლეტარიატზე, ანუ კაპიტალისტური წარმოებითი ურთიერთობების სოციალურ გამოვლინებაზე, საწარმოო საშუალებების არმქონე კლასზე, დღისწესრიგში ყოველთვის დგება პროლეტარიატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ის ისტორიულ-რევოლუციური განსაზღვრება, რომელიც ისტორიული მატერიალიზმის გადმოსახედიდან მას აქვს. რეალურად, კაპიტალისტური წესრიგის ჩამოყალიბებიდან მოყოლებული, რომელიც, ერთი მხრივ, მუშას ათავისუფლებს ბატონ-ყმური მდგომარეობიდან, მეორე მხრივ ხლართავს ახალი სოციალური თვითმპყრობელობის უღელში, ეს არის მასობრივად ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების მისაკუთრებისს მდგომარეობა, რაც გულისხმობს სიცოცხლისთვის აუცილებელი მატერიალური ძალების კერძო პირის ხელში გადაცემას. ესენი არიან მესაკუთრეები, მემამულეები, კაპიტალისტები. მათ აქვთ წარმოების იარაღები, წარმოების ნედლეული და ფინანსური ძალაუფლება, რაც განსაზღვრავს მათ კლასობრივ მდგომარეობას. მუშათა კლასი, სწორედ საწარმოო ძალების მფლობელი კლასის სამსახურშია ჩაყენებული. მათ არ აქვთ არანაირი საკუთრება, ერთადერთი რაც მათ გააჩნიათ არის სამუშაო ძალა. სწორედ ამ სამუშაო ძალას ყიდულობს კაპიტალისტი, ვინაიდან მას ეს სჭირდება წარმოების პროცესისი წარმართვისთვის, წარმოების გაფართოებისთვის და გამდიდრებისთვის. ამ დროს კი რა არის პროლეტარიატის ამოცანა? ასეთი სახის ურთიერთობებისგან განთავისუფლება. ეს კი პოლიტიკური წინააღმდეგობის გარეშე შეუძლებელია.

როგორც ლენინი აღნიშნავს პროლეტარიატი თავისი კლასობრივი მდგომარეობისა და ყოველდღიური ჩაგვრის შედეგად მუდმივად აჯანყების ზღვარზეა, მაგრამ მათი გამოსვლები არ უნდა შევაფასოთ, როგორც ცალსახად პოზიტიური შედეგი. ვინაიდან ის შეიძლება საერთოდაც ბურჟუაზიულ ინტერესებს ემსახურებოდეს. ამიტომაც აუცილებელია პოლიტიკური ცნობიერების შეტანა პროცესში და ვიწრო ეკონომიზმთან ბრძოლა. რა არის ეს ეკონომიზმი? შრომითი პირობების გაუმჯობესება, ხელფასის მატება, „საწარმოო დემოკრატიზმი“ და ა.შ ანუ ისეთი სახის ეკონომიკური ბრძოლა, რომელიც ინარჩუნებს წარმოების ტიპს და შესაბამისად კლასობრივ წინააღმდეგობას. მინიმალური საარსებო პირობების გაუმჯობესება არ არის საზოგადოდ მუშათა კლასის, პირველ რიგში პროლეტარიატის მიზანი და ამოცანა. ეს არის მათი ისტორიულ-პოლიტიკურ სუბიექტად ქცევის, როგორც ხელშემწყობი, ასევე ხელშემშლელი ფაქტორიც. რა თქმა უნდა, ზედნაშენური ხასიათის პოლიტიკური ბრძოლა სხვადასხვა სოციალური შესაძლებლობების მოსაპოვებლად გავლენას ახდენს ბაზისზეც, ანუ ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მაგრამ ეს არ არის მუდმივად დროში განგრძობადი პროცესი, რომელიც ყოველთვის ერთი სახით მეორდება, როგორც ეს ჭიათურაში ხდება. „სოციალ-დემოკრატიული შეგნება მუშებს არც შეიძლება ჰქონებოდათ. ასეთის შეტანა მათში შეიძლებოდა მხოლოდ გარედან. ყველა ქვეყნის ისტორია მოწმობს, რომ მარტოოდენ თავისი საკუთარი ძალებით მუშათა კლასს შეუძლია შეიმუშაოს მხოლოდ ტრედ-იუნიონისტური შეგნება. ე.ი რწმენა იმის, რომ აუცილებლად საჭიროა გაერთიანდნენ კავშირებში, აწარმოონ ბრძოლა მეპატრონეებთან, მოითხოვონ მთავრობისაგან მუშებისთვის საჭირო ამა თუ იმ კანონების გამოცემა და სხვა.“2

საქართელოში მძიმე ინდუსტრიულ შრომაში ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილია დასაქმებული, მაგრამ მათ აქვთ მთელი რიგი პირობები იმისთვის, რომ სახელმწიფოში შექმნან კაპიტალისტური კლასისთვის პოლიტიკური კრიზისი, რადგან ისინი ქმნიან დიდ ეკონომიკურ დოვლათს. მათი ცხოვრება დაკავშირებულია წარმოებასთან. ნაციონალური სიმდიდრის მნიშვნელოვან წილს ქმნიან. დღეს, ყველა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული წარმოება პრივატიზებულია, გაყიდული ადგილობრივ თუ უცხოელ ბურჟუაზიაზე. არ არსებობს მშრომელების ხელში არცერთი მატერიალური დოვლათის შექმნის საშუალება. კაპიტალისტურ წესრიგში მუშა მხოლოდ კაპიტალის გაზრდის ინსტრუმენტია და მას კერძო მესაკუთრეები, მხოლოდ ამ ერთი მიზეზით აფასებენ. ეს მდგომარეობა წარმოშობს კლასობრივ ცნობიერებას. მუშათა კლასი ინტუიციურად ხვდება რასთან აქვს საქმე, მაგრამ მათთვის ეს ყველაფერი აღქმისა და ემპირიული მონაცემების დონეზეა დაყვანილი, ამიტომაც არის საჭირო მათი ჩაგვრის საზოგადოებრივ-წარმოებითი ურთიერთობის ჭრილში ჩვენება. სწორედ კერძო საკუთრებაა მიზეზი იმისა, რომ მათი კლასობრივი პოზიცია დაბადებიდანვე განსაზღვრულია და მთელი ცხოვრება მითვისებული აქვთ მესაკუთრეებს. ამისათვის კი პოლიტიკური წინააღმდეგობაა საჭირო, რაც იწყება კერძო საკუთრების ეჭქვეშ დაყენებით. ვის შეუძლია ეს? რა თქმა უნდა , ინდუსტრიულ პროლეტარიატს. პირველ რიგში მათი წარმოებების ნაციონალიზაციით. რაც პოტენციალს გააჩენს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აგიტაციის საშუალებით, რომ წინააღმდეგობა გავრცელდეს ბანკებზე, ბურჟუაზიულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ნაძარცვი ფულით მოწყობილ კულტურულ დაწესებულებებზე და ა.შ. ასე მუშათა კლასის ბრძოლას შეუძლია მოიცვას სხვადასხვა სახის წარმოების, ფინანსური, იურიდიული, კულტურული ადგილები. ეს ყველაფერი განვმეორდები შესაძლებელია მხოლოდ შეკავშირებული და პოლიტიკური ცნობიერებით შეიარაღებული პროლეტარიატისთვის. ასეთი სახის პრობლემას ვერ შექმნის პრეკარიატული კლასი. ის ვერ გადააფასებს წარმოების წესს. ესეც შრომის სპეციფიკიდან არის განპირობებული, რაც ზოგადად ეკონომიკური წარმოების ფორმას უკავშირდება. პრეკარიატი შესაძლებელია იდგეს პროლეტარიატის უკან, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდეს რას ნიშნავს წარმოების მუშებისთვის დაბრუნება, რადგან მათი შრომა არ მიემართება ეროვნული სიმდიდრის შექმნას, გარდა საბიუჯეტო სახსრების გაღებისა, რასაც კაპიტალისტებისთვის დამატებითი მატერიალური შემოსავალი მოაქვს, რა თქმა უნდა, მათი მსახური ბიუროკრატების ჩათვლით.

სწორედ ამიტომ, მუშათა კლასის კაპიტალის მორჩილებისგან განთავისუფლების ლოკომოტივად ისევ პროლეტარიატი უნდა მივიჩნიოთ. აუცილებელია, რომ კლასობრივი წინააღმდეგობა არ ჩაიკარგოს მუშათა კლასისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და მას მიეცეს უფრო ფართო პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს ყველაფერი არ არის მარტივად განხორციელებადი და პირველ რიგში, პროლეტარიატისთვის მყისიერად გასაგები. ვინაიდან ინფანტილურია მეტაფიზიკური რწმენა, რომ მუშები თავისით მიხვდებიან მათი ჩაგვრის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზეზებს. თავისით დადგება დრო, როცა ამ პროცესს წინ ვერაფერი გადაეღობება. ეს დამოკიდებულება იდეალისტებისთვის მისაღებია, მაგრამ არა პრაქტიკოსი მატერიალისტებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ, რომ სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატები მუდმივად არიან ჩართულების საზოგადოდ ყალბი ცნობიერების შექმნაში და მშრომელებისთვის კლასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება არ არის თვითრეგულირებული პროცესი. ამაში სხვადასხვა სახის პოლიტიკურად შეგნებულმა სოციალისტურმა ორგანიზაციებმა თუ მოძრაობებმა უნდა შეიტანონ წვლილი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მკაფიო თეორიული და პრაქტიკული მომზადება, რაც დღეს არ არსებობს, ამიტომაც ფუნდამენტურად წესრიგის გადააზრების შესაძლებლობა არარეალური მოჩანს პროლეტარიატისთვის. ამიტომაც მათი ბრძოლის ტაქტიკა და მოთხოვნებიც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სენტიმენტალიზმსა და პრიმიტიულ პოლიტიკურ დაძაბულობებს ქმნის. ამიტომაც იმაში, რომ ქართული პროლეტარიატი ვერ გაცდა ხელფასის მატების პროცენტებზე ვაჭრობას, არ არის მარტო მათი პრობლემა, ვინაიდან ჭიათურაში მაღაროელების სოციალური ჩაგვრის მექანიზმების გათვალისწინებით სრულად გასაგები ხდება ბრძოლის ტაქტიკის მოწყვლადობა კლასობრივი მტრის წინააღმდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნე, მშრომელებს არაფერი არ აქვთ გასაყიდი, გარდა სამუშო ძალისა, რაც აუცილებელი ინსტუმენტია კაპიტალისტის ხელში, რომ მან წარმოება შეინარჩუნოს. ამისათვის კი იხდის ხელფასს. ზოგადად ხელფასი წარმოადგენს შრომის საფასურს, რაც კერძო წარმოებებში მშრომელის ფიზიკური გადარჩენისთვის არსებობს. ვინაიდან მას არ დაუქვეითდეს შრომისუნარიანობა და სამუშაო ძალა მოახმაროს კაპიტალისტის გამდიდრებას. როგორც მარქსი აღნიშნავს „სამუშო ძალის საცვლელ ღირებულებას, საქონლის საცვლელ ღირებულებას, რომელიც გამოხატულია ფულში, ჰქვია ფასი. ამრიგად, შრომის ხელფასი მხოლოდ განსაკუთრებული სახელწოდებაა სამუშო ძალის ფასისა, რომელსაც ჩვეულებრივ შრომის ფასს უწოდებენ. იმ თავისებური საქონლის ფასისა, რომელსაც არა აქვს ჭურჭელი გარდა ადამიანური ხორცისა და სისხლისა“3.

ხელფასი არის დაქირავებული შრომის გარემოება. დაქირავებული შრომის საჭიროება საწარმოო საშუალებების კერძო ხასიათით არის გამოწვეული, რაც აქცევს მუშას პროლეტარად, მის სამუშაო ძალას კი საქონლად. მუშა გაუცხოებულია იმ დოვლათისგან, რასაც ქმნის, ვინაიდან ის ამ შემთხვევაში აწარმოებს არა საზოგადოდ მნიშვნელოვანს, არამედ თავისთვის აწარმოებს ხელფასს. რეალურად, დაქირავებული მშრომელი სწორედ თავისი თავის გადასარჩენად იბრძვის. ვინაიდან მას და მის ოჯახს სჭირდება საარსებო საშუალებები, რაც ხელფასის სახით უნდა მოიპოვოს, რაც კაპიტალისტის შემოსავლის მინიმალურ დანახარჯს წარმოადგენს. ამიტომაც პროლეტარიატის ბრძოლის ვექტორი მიმართული უნდა იყოს ასეთი სახის წარმოებითი ურთიერთობის მოსპობისკენ, ვინაიდან კაპიტალისტისა და მუშის ეკონომიკური და სოციალური მიმართება სხვაგვარად არ შეიცვლება. მუდმივად იარსებებს კლასობრივი წინააღმდეგობა. რაც საწარმოო საშუალებების საზოგადო ხასიათით უნდა დაიძლიოს. კერძო საკუთრება უნდა განადგურდეს მუშათა კლასის მიერ. „ ხელფასი არ არის მუშის წილი მის მიერ ნაწარმოებ საქონელში. ხელფასი უკვე არსებული საქონლის ნაწილია. რომლითაც კაპიტალისტი თავისთვის ყიდულობს მწარმოებელი სამუშაო ძალის განსაზღვრულ რაოდენობას.“4.

სწორედ ამიტომ, პროლეტარიატის ბრძოლა ხელფასისთვის ან ზოგადად სამუშაო პირობებისთვის, რა თქმა უნდა არის კლასობრივი ბრძოლა, მაგრამ ის თუ რჩება მუდმივად ამ მოთხოვნების ფარგლებში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროლეტარიატი ვერ იზრდება. მისი პოლიტიკური შეგნება არ პროგრესირებს და უძრავად დგას. მოძრაობა კი ცვლილების აუცილებელი პირობაა. ამიტომ უძრაობამ შესაძლოა აბსოლუტურად პროლეტარიატის რეგრესული წინააღმდეგობები გამოიწვიოს. ჩაებას ბურჟუაზიულ გარჩევებში, პირობითად ეროვნული ბურჟუაზიის სასარგებლოდ და ა.შ, მაგრამ მანამდე მისი ცნობიერება მოცული იქნება მისი ერთადერთი „ისტორიული ამოცანით“ – ხელფასის ზრდით. ეს ნიშნავს პოლიტიკური და ისტორიული პერსპექტივის შეზღუდულობას, რაც ყოველი წინააღმდეგობის შემდეგ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე ვსაუბრობ, კიდევ უფრო მეტად უნდა იხვეწებოდეს და ვითარდებოდეს. განსაზღვრავდეს სამომავლო ამოცანებს. გაჩერებულ საწარმოში პროლეტარი უკვე მომავლის პოლიტიკური ხედვითა და ამ მომავალში საკუთარი ადგილით უნდა დაბრუნდეს. რაც საწარმოო პროცესში მის ჩაგვრას დამცირებიდან ეგზალტირებაში გადაიტანს. ფიქრში, რომ ექსპლუატატორ კლასს აუცილებლად დაამხობს და ეს არ იქნება სასიამოვნო მათთვის. შესაბამისად, ინტუიციური კლასობრივი ცნობიერება გადავა პოლიტიკურად გაცნობიერებულ კლასობრივ მდგომარეობაში. დღეს, საქართველოში მცხოვრები პროლეტარიატი ვერ ვითარდება. ძირითადად სწორედ ამ ფართო პერსპექტივის არ ქონისა და ეკონომიზმით შეზღუდულობის გამო. ამ პროცესში შესაძლებელია გამარჯვება, სხვადასხვა სიხშირით, მაგრამ აქ გამარჯვება არ არის საბოლოო მიზანი. „მუშები დროდადრო იმარჯვებენ, მაგრამ ეს გამარჯვება მხოლოდ წარმავალია. მათი ბრძოლის ნამდვილ შედეგს წარმოადგენს არა უშუალო წარმატება, არამედ მუშების გაერთიანება, რომელიც სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება“5.

სწორედ ამიტომ სხვადასხვა რეგიონში თავმოყრილმა პროლეტარიატმა უნდა მიიღოს მეტად ცენტრალიზებული სახე, რაც გულისხმობს მათ შეკავშირებას და ნაციონალურ, კლასობრივ ბრძოლას, ოღონდ პოლიტიკური ხასიათით. როგორც მარქსი ამბობს „ ყოველი კლასობრივი ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკური“6

ამიტომ კლასობრივი ცნობიერების პოლიტიკური შინაარსი პროლეტარიატში შინაგანი დუღილის შედეგად არ მიიღწევა, რომელმაც უნდა ამოხეთქოს და წალეკოს წარმოების წესი, კერძო საკუთრება, ექსპლუტატორი კლასი, მოსპობს ყოველგვარ ჩაგვრას. ეს იდეალისტური ანტიმეცნიერებაა, შამანური ტენდენციებით, რეალობას მოწყვეტილი აზრია. საზოგადოდ, პოლიტიკური ცნობიერება გარეგანი ინტერვენციის შედეგად ფორმირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღაროელი გამოდის და ამბობს, რომ ისინი არ ჩამოსულან ქალაქში მარქსიზმ-ლენინიზმის იდეების განხორციელებისთვის, არამედ მათი „ადამიანის უფლებების“ დაცვისთვის. რეალური ცვლილებების პოტენციური მედროშე ამბობს რევოლუციურ თეორიაზე უარსს და აჟღერებს ლიბერალური გონების მიერ წარმოებულ აზრსს. ეს ხსნის ჭიათურელი მაღაროელების ბრძოლის შეზღუდულობას. ამავდროულად, პოლიტიკური ცნობიერების შემტანი პოლიტიკური სუბიექტის არარსებობას ან ჩამოუყალიბებლობას.

სწორედ ამ საკითხით შეგვიძლია დავიწყოთ კონკრეტიზაცია მაღაროელების გაფიცვის.

მაღაროელების გაფიცვა 2023

ჭიათურელი მაღაროელების ბრძოლაში პირველ რიგში პროლეტარიატისთვის გახდა გასაგები ის მიღწევები და მარცხი, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს მოჰყვა. პირველ რიგში უნდა ითქვას, ჭიათურელი პროლეტარიატის ბრძოლის ტაქტიკის სპეციფიკაზე. წინააღმდეგობის ერთ-ერთ ფორმად მათ აირჩიეს წარმოების გაჩერება, რაც პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერების ნაწილად უნდა დავინახოთ, ვინაიდან კაპიტალისტის იძულების საშუალება მისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაა, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად სწორია. ოღონდ ჭიათურეში ის ისტორიული გამოცდილების ინერციული პრაქტიკაა. გაფიცულები ასევე მიმართავდნენ სხვა ფორმებსაც, როგორიცაა შიმშილობა, პირის ამოკერვა, ვენების დასერვა და ამ გაფიცვის ფარგლებში ახალი ფორმა, თვალის ამოკერვა, რაც ძირითადად თვითდაზიანების ტაქტიკაა. ჭიათურაში გაფიცვებს თუ დავაკვირდებით, 2012, 2017, 2019 წლებში, ყველა პროტესტი საკუთარი თავის დაზიანებით შემოიფარგლებოდა. ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს სოციოლოგიური ახსნა, ვინაიდან შეუძლებელია მუშების დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი არ იყოს მატერიალური საფუძვლით განპირობებული. აქ ვუბრუნდებით სწორედ წარმოებით ურთიერთობებსა და ჩაგვრის კლასობრივ ხასიათს, რამაც უნდა შეგვიქმნას წარმოდგენა, როგორ ექცევიან მუშებს მაღაროში. პროლეტარიატის სამუშაო პროცესი სიცოცხლის შენარჩუნებასა და ამ პროცესში საარსებო საშუალებების, ხელფასის სახით მოპოვებას ითვალისწინებს. შეგვიძლია მაღაროელების გამოსვლებში ამოვიკითხოთ მათი სიცოცხლისადმი მსხვილი კაპიტალის დამოკიდებულება. ამიტომაც ბრძოლის ეს მეთოდი სწორედ ამ წარმოებულ ურთიერთობებს უკავშირდება. პოლიტიკური ცნობიერების კრიზისის პირობებში პროლეტარიატი თავისით ამუშავებს წინააღმდეგობის საშუალებებს. შიმშილი, პირისა და თვალების ამოკერვა არაფერია იმ მდგომარეობასთან, რაც მაღაროში შესვლის დროს ემუქრებათ. ამიტომაც ამით ხაზს უსვამენ მათ პიროვნულ ვაჟკაცობასაც და გაბედულებასაც, ოღონდ ამ აქტის უკან იმალება მთავარი მოტივაცია, რომ ექსპლუატაცია მას უფრო დიდ სასოცოცხლო პრობლემებს უქმნის.

მიუხედავად ამ ყველაფერისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მიდგომა არა თუ აზიანებს კაპიტალისტსა და მის მსახურ სახელმწიფოს, არამედ მეტად დაუცველს ხდის მშრომელს. ვინაიდან ისედაც მრავალი უპირატესობის მქონებელ კლასს, აძლევს კიდევ ერთ კოზირს, კლასობრივი ამხანაგის ფიზიკური გადარჩენის მორალურ ვალდებულებას. სწორედ ამიტომ საუბრობდნენ თბილისში ჩამოსული მაღაროელები, რომ უკან ხელცარიელი ვერ დაბრუნდებოდნენ, რაც მყისიერად გასაგები გახდა ბურჟუაზიული ინტერესების გამტარი ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირისთვის. მაღაროელების პროტესტის ფორმებმა კიდე უფრო შეზღუდა მშრომელების ბრძოლის დრო და სივრცეც. ამიტომაც პროცესი გაჭიანურების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მუშა უფრო მეტად იზღუდება, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად, ამიტომაც მრავალგზის გამოცდილი კაპიტალისტური კლასისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება. ეს მათ ამ შემთხვევაში, პროფკავშირების ხელით გააკეთეს, მაგრამ ირაკლი პეტრიაშვილი არის სიმბოლო მუშების ინტერესების გამტარი პროფესიული კავშირებისა, რომელიც იჭერს ექსპლუატატორების პოზიციას. კომპანიისა და მშრომელის პრობლემებს ერთნაირად ისმენს და საკითხის „ორივე“ მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტას ცდილობს. ამიტომაც, ეს ბრძოლის ტაქტიკა გადასააზრებელია. არ შეიძლება წინააღმდეგობაში ჩაერთო თვითგანადგურების ფორმით, ეს დასაწყისშივე ასუსტებს ისედაც არამყარ პოზიციებს. ბუნებრივია, დღეს პროლეტარიატი გაფიცვის დროს უპირატესობას ვერ ქმნის კაპიტალისტთან. პირველი, პოლიტიკური ცნობიერების დეფიციტის, მეორე მატერიალური პრობლემების გამო, ფინანსური შევიწროების, ცოცხალი ფიზიკური ძალის გამო. ამიტომაც ამ პროცესში არსებობს ერთი დასაზიანებელი მხარე – მესაკუთრეები. ჩემი აზრით, ეს გაფიცვა იყო უკანასკნელი, სადაც ამ მეთოდის გამოყენებით საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მოხდა, ეს ფორმა ითვალისწინებს შეცოდების ნარატივს, რაც დამღუპველია, ვინაიდან ამ დროს შეცოდების სტანდარტიზაცია და ყოველდღიურობაში გადატანა მოხდება. ვინაიდან სოციალური რეალობა სწორედ ასეთი სახის ტრაგიზმით არის სავსე. ამიტომაც, ამ ბრძოლის მეთოდის უკანასკნელ გაბრძოლებას ვხედავთ, მშრომელებისთვისაც უკვე გასაგები იქნება, რომ ბრძოლის სხვა მეთოდია მოსაფიქრებელი. მისი შემუშავება აუცილებელი გახდება, რა თქმა უნდა, პროლეტარიატის იმდროინდელი ამოცანების შესაბამისად. ამისთვის, კი პროლეტარიატს ამ ბრძოლის ტაქტიკის შემთავაზებელთა მოსმენა მოუწევთ. ვინაიდან მუშურ წინააღმდეგობებში, სადაც არ გვყავს თუნდაც მუშათა პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ინტელიგენცია, აუცილებლად დასჭირდებათ პრაქტიკის გარედან შემთავაზებელი. ამ დროს კი უნდა არსებობდეს ბრძოლის წინასწარგანსაზღვრული ვექტორი. რამაც მეტ-ნაკლებად პროტესტის განმავლობაში გაიჟღერა. როგორც მიზანმა ასევე ტაქტიკამ. მომავალში მას უნდა მოყვეს მეტი რეალიზაცია, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ახლა კი დავუბრუნდეთ პროფესიული კავშირების როლს მაღაროელების გაფიცვაში. რამაც კიდევ უფრო გააქტიურა საუბარი მათ მიზნებსა და მოტივებზე. ცალსახაა, რომ ისინი არ ემთხვევა მუშათა კლასის ინტერესებს, ამიტომაც პროფესიული კავშირი ყოველთვის კაპიტალიზმის თავდადებული მეომარი იქნება, როგორც ეს ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ხდება. როდესაც ლენინი ამბობს რევოლუციური პროფესიული და საწარმოო კავშირების პირველი საერთაშორისო კონგრესის მისასალმებელ სიტყვაში, რომ „ კომუნიზმი გაიმარჯვებს პროფკავშირებში“ (https://www.marxists.org/georgian/lenin/polnoe-sobranie-sochinenij-t1-45/32.pdf) აქ არ იგულიხმება მხოლოდ თვითმპყრობელობის ისტორიულად გარდაუვალი მარცხი, არამედ ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიული კავშირები, რა სახის თეორიულ და პრაქტიკული ხედვები უნდა გაბატონდეს. დღეს ვხედავთ, რომ მათ არანაირი თეორიული ბაზა არ აქვთ, შესაბამისად პრაქტიკაც არ არსებობს. განცხადებასაც ვერ მოვძებნით, სადაც კაპიტალისტური წარმოების წესს აკრიტიკებენ, კლასობრივი ბრძოლის გადააზრებას ცდილობენ, მუშათა კლასის პოლიტიკურ დომინაციაზე საუბრობდნენ ან ა.შ. ვინაიდან პროფესიული კავშირები შრომითი დავების გადაწყვეტილების, კაპიტალისა და შრომის წინააღმდეგობაში მათი მორიგების პოზიციას იჭერს, ატარებს ერთი კლასს ინტერესებს. ეს არის მესაკუთრეთა კლასი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავინახეთ, მათი ცინიზმიც. პროტესტის განმავლობაში ფასადური სოლიდარობაც არ გამოუხატავთ. პეტრიაშვილი მხოლოდ ყალბ პროცესში, კომპანიისა და მშრომელების პოზიციების დამაახლოებელი დოკუმენტის ხელმოწერის დროს ვნახეთ. სადაც სრულად კლასობრივი სარკაზმით ამბობდნენ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება,

პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ.”7

ეს დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ პროფკავშირებში კაპიტალიზმმა გაიმარჯვა, მუშების მჩაგვრელმა კლასმა გაიმარჯვა, ექპლუატაციის პრაქტიკამ გაიმარჯვა, სწორედ პროფესიული კავშირებია მოწინავე, რომელიც ქვეყანაში გაბატონებული უთანასწორო ეკონომიკური და სოციალური წესრიგის ერთგულია. ამიტომაც, მათი ყველა მოქმედება ემსახურება ბურჟუაზიულ კლასს და მათზე მიყიდულ პოლიტიკოსებს.

თბილისში მაღაროელების გადმონაცვლება იყო ერთ-ერთი პოზიტიური მნიშვნელობის აქტი, იმ თვალსაზრისით, რომ პროცესში გაისმა ისეთი სახის პოლიტიკური ლოზუნგები, რომელიც აუცილებელად მიღწევადი მიზნებია კლასობივი ბრძოლის გზაზე. რა თქმა უნდა, ამ ლოზუნგებს ამ ეტაპზე არამატერიალური ხასიათი აქვს, მაგრამ მისი ცირკულირება პროცესში, რაღაც ეტაპზე მაღაროელების გამოსვლებშიც, იყო პროტესტისთვის კონკრეტულად პოლიტიკური მიმართულების მიცემა. ეს არის წარმოების ნაციონალიზაცია, ეროვნული და კლასობრივი ბრძოლის საზღვრების დამთხვევა. ასევე არა მხოლოდ მანგანუმის და მისი მომპოვებელი იარაღების მშრომელებისთვის დაბრუნება, არამედ ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციაც, ნაციონალური რესურსების თანასწორი გადანაწილება. ეს ყველაფერი რიტორიკისა და ლოზუნგის დონეზე არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული გავლენებიც, მაგალითად, „ჯორჯია მარგანეზის“ განცხადება მაღაროს მართვის მუშებისთვის გადაცემაზე.8 სახელმწიფომაც და მესაკუთრემაც, რომელთა ინტერესებიც ემთხვევა, კარგად გაიგეს მათთვის საშიში ლოზუნგები. მიუხედავად, იმისა რომ ჯერ არ გადაზრდილა ის პოლიტიკურ წინააღმდეგობაში, მყისიერი რეაქცია ჰქონდათ. ბუნებრივია, მაღაროების მუშებისთვის მართვაში გადაცემა არის სასაცილო განცხადება. ვინაიდან კერძო საკუთრების ფორმა უცვლელია, ოღონდ მაღაროელი ანაცვლებს მაღალანაზღაურებად მენეჯერს. აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ კონკრეტული საწარმოს ნაციონალიზაცია არ არის საბოლოო პოლიტიკური მიზანი, ეს არის გზა, მიმართულება კერძო წარმოების ტიპის წინააღმდეგ, საბოლოო მიზნად შეგვიძლია დავსახოთ წარმოებული პროდუქტის თავისთვის და საზოგადო ხასიათის მინიჭება, რაც სწორედ პროლეტარიატის ბრძოლით უნდა მიიღწესს.

პროლეტარიატის მომავალი ბრძოლის პერიპეტიები საქართველოში

ბურჟუაზიული საზოგადოების წარმოებით ურთიერთობათა საფუძველია წარმოების საშუალებათა კაპიტალისტური მოწყობა. წარმოების საშუალებათა კაპიტალისტური საკუთრება არის კაპიტალისტთა არაშრომითი კერძო საკუთრება, რომელიც დაქირავებული მუშების ექსპლუატაციისთვის გამოიყენება.

„კაპიტალისტური წარმოების წესი იმაზეა დამყარებული, რომ წარმოების ნივთიერი პირობები კაპიტალის საკუთრებისა და მიწის საკუთრების ფორმით არამუშებს ეკუთვნის, მაშინ როდესაც მასა წარმოების მხოლოდ პირადი პირობის – სამუშაო ძალის მესაკუთრეა“9

წარმოების ეს ტიპი წარმოშობს დაქირავებულს და დამქირავებელს, ექსპლუატატორსა და ექსპლუატირებულს, კაპიტალისტსა და პროლეტარს. ეს არის საფუძველი ყოველივე იმ წინააღმდეგობისა, რასაც ისტორიაში ვხედავთ. სწორედ ამიტომ იტყვის მარქსი „ დღემდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია“10. მაღაროელების ბრძოლას კლასობრივი პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ, კერძოდ, პროლეტარიატის პერსპექტივიდან.

ვინაიდან წარმოების კერძო ტიპი არის მთავარი პრობლემა, რამაც გაგვანაწილა საზოგადოება ორ კლასობრივად საწინააღმდეგო პოლუსზე, მუშათა კლასი ჩააყენა საარსებო საშუალებების მოპოვების პირობებში. მუშების მიზანი სწორედ ამ საარსებო საშუალებების მწარმოებელი იარაღებისა და რესურსების ფლობაა. ამისათვის კი მთავარი უთანხმოება უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის ეკონომიკურ ურთიერთობასთან, კაპიტალისტურ წესრიგთან. ამის რეალური შესაძლებლობა აქვს პროლეტარიატის ხელმძღვანელობით მუშათა კლასს.

სამომავლო პროლეტარული ბრძოლა კერძო წარმოების წესის წინააღმდეგ უნდა წარიმართოს, ოღონდ ამ პროცესში მაღაროელებს შეუძლიათ შეასრულონ ნაპერწკლის ფუნქცია, როგორც თვითონვე აღნიშნავენ. რაც ცალსახად უნდა გავრცელდეს მანგანუმის გარშემო აწყობილ ინდუსტრიულ ჯაჭვზე. გავრცელდეს ინდუსტრიული შრომის ცენტრალურ ქალაქებზე. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება თავისთავად, ამაში აუცილებელია იდეოლოგიზირებული პოლიტიკური სუბიექტის ჩარევა, ეს სუბიექტი არსებულ პირობებში შესაძლებელია იყოს სხვადასხვა თეორიულად და პრაქტიკულად მოაზროვნე სუბიექტები. რა თქმა უნდა, არა რეფორმისტული არამედ რევოლუციური სულისკვეთებით. იმისათვის, რომ ჰქონდეს უფლება ესაუბროს ინდუსტრიულ მუშათა კლასს სხვადასხვა ადგილზე. ძირითადად, ეს საუბარი შესაძლებელი ხდება გაფიცვების დროს. რაც არ არის არსებითად სწორი, ვინაიდან გაფიცვის პროცესში აღარ რჩება დიდი დრო პოლიტიკური აგიტაციისთვის. გარკვეული თვალსაზრისით, მუშური წინააღმდეგობის ფორმალისტურ ხასიათზე თანხმობის განცხადება უწევს. ამიტომაც აუცილებელია ინდუსტრიული ქალაქების გაფიცვის დროს, მანამდე არსებულ გაფიცულ პროლეტარიატთან კავშირის დამყარება. ამ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჭიათურელმა მაღაროელებმა უნდა იტვირთონ, რასაც ისედაც აცხადებდნენ, რომ იდგებოდნენ იქ, სადაც იქნებოდა მუშათა კლასი.

შემდგომი გამოსვლა ჭიათურელი მაღაროელების სწორედ საწარმოს მოთხოვნის ნაციონალიზაციით უნდა დაიწყოს, ეს აღარ უნდა იყოს ლოზუნგი, არამედ წინააღმდეგობის მიზეზი კაპიტალთან. ვინაიდან ამ ფორმით კერძო საკუთრების არაღიარება არის შესაძლებლობა, ერთი ან რამდენიმე წარმოების ნაციონალიზაციის მოთხოვნა გაიშალოს ქვეყანაში კერძო საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც შეიძენს მუშათა კლასის ბრძოლის მასიურ ხასიათს, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის 80% შეეხება ეს საკითხი, არავითარ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ინფატილიზმია, არამედ ქმნის მძლავრი ცენტრს პროლეტარიატის სახით და მის ირგვლივ შემოკრებილი მუშათა კლასი სხვადასხვა შრომით ურთიერთობებში ჩართული.

აქვე დავაზუსტებ, რომ ნაციონალიზაცია არ არის თვითმიზანი პროლეტარიატის, არამედ ინსტრუმენტი უფრო ფართო ისტორიული პერსპექტივისთვის.

კაპიტალთან წინააღმდეგობისთვის გადამწყვეტია კოლექტიური ერთიანობა, ოღონდ არა ერთი წარმოების მუშების, არამედ ქვეყანაში არსებული პროლეტარიატის, რაც შინაარსობრივად ცვლის პოლიტიკურ სურათს. კონკრეტული პრაქტიკის დროს პროლეტარიატი ყალიბდება ანგარიშგასაწევ ძალად. ამ პრაქტიკას შეუძლია წარმოშვას ისტორიულ ტენდენციებში გარკვეული და რევოლუციური ავანგარდისტული ერთობა, რასაც საზოგადოებრივ ცვლილებებში შეეძლება წინააღმდეგობის გაწევა. ეს პოზიცია წმინდად თეორიულია, მაგრამ არა სპეკულაციური, ვინაიდან ითვალისწინებს შესაძლებლობის მატერიალურ საფუძველს და ვაცხადებ, რომ პროლეტარიატი ჯერ ამისთვის ძალიან მოუმზადებელი, პოლიტიკური მოძრაობები კი საკუთარი თავისა და ერთობების ძიებაშია, მაგრამ ეს საერთოდაც არ გამორიცხავს ასეთი სახით პროლეტარიატის ბრძოლას საქართველოში.

ეს არის რეალობა და სხვადასხვა წინააღმდეგობებითა და ბრძოლით სავსე მომავლის სურათი.

სქოლიო

1 https://www.radiotavisupleba.ge/a/32465366.html

2 ლენინი, „რა ვაკეთოთ“? 1931წ. გვ 44.

3 კ. მარქსი და ფ.ენგელსი. რჩეული ნაწერები. ტ.1 გვ.70. 1950 წ)

4 იქვე გვ.71.

5 კ. მარქსი და ფ.ენგელსი. რჩეული ნაწერები. ტ.1. გვ.21. 1950წ)

6 იქვე გვ. 22.

7 (https://www.facebook.com/gtuc.ge პოსტი: 24 ივნისი ,დრო 06:24)

8 https://www.businessinsider.ge/ka/jorjian-manganezi-spetsialur-gantskhadebas-avrtselebs

9 ( კ. მარქსი, გოთას პროგრამის კრიტიკა, კ. მარქსი, ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ 2. თბილისი, 1950, გვ.18).

10 ( კ. მარქსი, კომუნისტური პარტიის მანიფესტი, კ.მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ 2, თბილისი, 1950, გვ 11.

გაზიარება