თურქეთი ისტორიული არჩევნების გზაგასაყარზე

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, რომლებიც როგორც სიმბოლურად, ისე პოლიტიკურად ქვეყნის მომავლისათვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებენ. თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების მეასე წლისთავს თურქეთი კვლავ გზაგასაყარზე ხვდება, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავს და 2017 წელს ჩატარებული, საკმაოდ საკამათო რეფერენდუმის შედეგად, ქვეყნის ფაქტობრივად აბსოლუტურ მმართველად არის ქცეული და ოპოზიციური სახალხო რესპუპლიკური პარტიის ლიდერი და ოპოზიციური ეროვნული ალიანსის მთავარი სულისჩამდგმელი ქემალ ქილიჩდაროღლუ. დიდწილად პოლარიზებულ საზოგადოებაში, სადაც ხელისუფლების რიტორიკამ დაპირისპირებულ ბანაკების საზღვრები მეტნაკლებად გამოკვეთა, არიან ცნობადობის მქონე მესამე კანდიდატებიც, თუმცა ძირითადი დაპირისპირება სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის არის მოსალოდნელი და ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ტრადიციულად დღეს არსებულ ორ ძირითად პოლიტიკურ ბანაკს მიღმა მოიაზრებოდნენ, 14 მაისის არჩევნებისათვის ორი ბანაკიდან ერთერთს მიემხრნენ.

2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ შემოღებულმა პოლიტიკურმა სისტემამ, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა ფაქტობრივად ცენტრალურად აქცია, ამავე დროს 50+1-ის სახელით ცნობილი, გამარჯვებული იღებს ყველაფერს სისტემაც თურქეთის პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და იმ სტატუს-კვოს პირობებში, სადაც დამოუკიდებლად არცერთ პარტიას 50%-ის ან მეტის მისაღებად საჭირო ელექტორალური პოტენციალი არ გააჩნდა, საარჩევნო ალიანსები შეუცვლელი გახადა. ამგვარად, 2018 წლისთვის თურქეთის პოლიტიკურ სპექტრზე სამი ძირითადი პოლიტიკური ძალა შემორჩა, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ მნიშვნელობას და თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იგივე სტატუსით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

პირველი მათგანია ძირითადად მმართველი, სამართლიანობის და აღმავლობის პარტიის და ულტრანაციონალისტური ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (რუხი მგლების სახელითაც ცნობილის) მიერ ჩამოყალიბებული სახალხო ალიანსი (Cumhur İttifakı), რომელსაც მოგვიანებით დაემატნენ ისლამისტურ-ნაციონალისტური დიდი ერთობის პარტია და ქურთული ისლამისტური ორგანიზაციის – ჰეზბოლას (არ უნდა აგვერიოს ლიბანურ ჰეზბოლასთან) პოლიტიკური ფრთა თავისუფალი მიზნის პარტია, რომელიც უფრო ცნობილია თავისი აბრევიატურით HÜDA PAR, რომელიც ჰიზბულლაჰის ანუ ალაჰის პარტიის ქურთულ აკრონიმს წარმოადგენს. მათვე, ხანგრძლივი ყოყმანის და ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი პიარ ლაფსუსის შემდეგ, დაემატა ერდოღანის პოლიტიკური მენტორის ნეჯმეთთინ ერბაქანის ვაჟის ფათიჰის მიერ ჩამოყალიბებული, განახლებული კეთილდღეობის პარტიაც(Yeniden Refah Partisi). მმართველ ალიანსსვე მიაკუთვნებენ ულტრანაციონალისტურ და ევრაზიანისტულ სამშობლოს პარტიასაც, რომლის ლიდერი დოღუ ფერინჩექიც, ბოლო პერიოდში, ერდოღანის ხელისუფლების მიერ დასავლეთის, უფრო კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის პრობლემური პოლიტიკის გატარების გამო, ხელისუფლების ერთერთ ყველაზე თავგამოდებულ მხარდამჭერად იქცა. თუმცა მრავალჯერ შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიების და მცირე ელექტორალური პოტენციალის გამო, ფერინჩექის და მისი პარტიისათვის ალიანსში ღიად მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეუთავაზებიათ. განსხვავებით ერდოღანის მმართველობის ადრეული პერიოდისაგან, როდესაც მისი პარტია კლასიკური გაგებით ე.წ. Big Tent პარტიას წარმოადგენდა და მკვეთრ იდეოლოგიურ ცვლილებებს არასოდეს გაურბოდა, ამჯერად მისი მანევრირების სივრცე მკვეთრად არის შემცირებული და რადიკალურ ნაციონალისტურ ძალას წარმოადგენს, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული მის ულტრამემარჯვენე პარტნიორებზე.

ბევრად უფრო ეკლექტურია მთავარი ოპოზიციური პარტიების მიერ შედგენილი ეროვნული ალიანსი (Millet İttifakı). მის ორ მთავარ შემადგენელ კომპონენტს ქემალისტური და სოციალ-დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკური პარტია და მემარჯვენე-ნაციონალისტური კარგი პარტია შეადგენენ. ხოლო სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ალიანსის ფაქტობრივ ლიდერად და სულისჩამდგმელად გვევლინება. ალიანსის მესამე დამფუძნებელ კომპონენტს კონსერვატიულ-ისლამისტური ბედნიერების პარტია წარმოადგენს, რომელიც ძირითადად იმ პოლიტიკოსებისგან შედგება, რომლებმაც 1999 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ღირსების პარტიის დახურვის შემდეგ, მის ნაცვლად ჩამოყალიბებული პარტიის შინგით დაწყებულ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, ეროვნული თვალთახედვის მოძრაობის ტრადიციული ლიდერის ნეჯმეთთინ ერბაქანის მხარე დაიჭირეს, ნაცვლად სტამბოლის მერის და იმ პერიოდის თურქული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავის, ერდოღანისა. მოგვიანებით ალიანსს დაემატნენ ერდოღანის ხელისუფლების ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ალი ბაბაჯანის მიერ დაარსებული, ლიბერალურ-კონსერვატიული დემოკრატიის და სამართლიანობის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს დაარსებული მომავლის პარტიები და დემოკრატიული პარტია, რომელიც საკუთარ თავს ძველი დემოკრატიული პარტიის მემკვიდრედ მიიჩნევს, რომლის საარჩევნო წარმატებაც 1950 წელს, ერთპარტიული სისტემის ოფიციალური დასასრული იყო.

მესამე ძირითად ძალას წარმოადგენს ქურთული მოძრაობის და მემარცხენე პარტიების მიერ შექმნილი შრომისა და თავისუფლების ალიანსი (Emek ve Özgürlük İttifakı), რომლის მთავარ წამყვან ძალად დიდწილად ქურთული ხალხთა დემოკრატიული პარტია და უფრო მცირე მასშტაბით, სოციალისტური მიმართულების, თურქეთის მუშათა პარტია შეადგენენ. ალიანსი ასევე აერთიანებს ისეთ პარტიებს, როგორიცაა მწვანე და მემარცხენე პარტია, სოციალისტური თავისუფლების პარტია, შრომის პარტია და განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესის დასრულების შემდეგ, ოფიციალური რიტორიკით „ტერორიზმთან ბრძოლის“ საბაბით, მისი შემადგენელი პარტიების არაერთი წევრი და წამყვანი ფიგურა, მათ შორის ხალხთა დემოკრატიული პარტიის პოპულარული თანათავმჯდომარე, სელაჰათთინ დემირთაში, პატიმრობაში იმყოფება. ამავე დროს, ალიანსის მთავარ პარტიას – ხალხთა დემოკრატიულ პარტიას, ისევე როგორც ქურთული მოძრაობის წარმომადგენელ არაერთ სხვა პარტიას, კვლავ დახურვის საფრთხე ემუქრება, რის გამოც, პარტიული სიები მწვანე და მემარცხენე პარტიის სახელით იქნება შედგენილი.

გარდა ამისა, საარჩევნო სპექტრზე წარმოდგენილია არაერთი მცირე პარტია, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოტენციალი, მაგრამ თურქულ სოციალურ მედიაში არსებული სიტუაციის, თურქეთის ხელისუფლებასთან აფილირებული ძალების მიერ არჩეული ონლაინ კამპანიის მეთოდიკის და სხვა დეტალების გამო, მათი რეალური პოტენციალის გაზომვა ძალიან რთულია. თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ფიქრი, რომ მათი საარჩევნო პოტენციალი დიდი არ არის, ამის მიუხედავად, არსებული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ხმების ერთი პროცენტიც კი გადამწყვეტი შეიძლება იყოს.

მაღალი საარჩევნო ბარიერის და პოლარიზებული საზოგადოების გამო მცირე პარტიების მთავარ პრიორიტეტად საზოგადოებაში საკუთარი ცნობადობის ამაღლება გვევლინება, თუმცა ზოგ შემთხვევაში საქმე პირადი მიზეზებით მოქმედ პოლიტიკოსებთანაც გვაქვს. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუჰარემ ინჯე, ამჯერად არჩევნებში საკუთარი, მშობლიური მხარის პარტიის სახელით მონაწილეობს და მის მედია გამოსვლებს და რიტორიკას დიდწილად პირადი წყენის ელფერი გასდევს, ხოლო სოციალურ მედიაში არსებულ ინჯეს მხარდამჭერ კამპანიებთან დაკავშირებით, სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ მათ ხელისუფლებასთან დაახლოებული ძალები მართავენ. მაღალი მედია ხილვადობით გამოირჩევა ულტრანაციონალისტური გამარჯვების პარტიაც, რომლის ლიდერის, ნაციონალისტური მოძრაობის და კარგი პარტიების ყოფილი წევრის უმით ოზდაღის რიტორიკაც დიდწილად სირიელი დევნილების წინააღმდეგ მიმართულ ქსენოფობიურ ნარატივზეა აგებული. პარტიამ, სამ სხვა მცირერიცხოვან ნაციონალისტურ პარტიასთან ერთად წინაპართა ალიანსი (ATA İttıfakı) ჩამოაყალიბა და საპრეზიდენტო კანდიდატად ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ყოფილი წევრი და ყოფილი დეპუტატი, სინან ოღანი დაასახელა. საინტერესოა ერდოღანის პოლიტიკური მენტორის და ეროვნული თვალთახედვის მოძრაობის დამაარსებლის ნეჯმეთთინ ერბაქანის ვაჟის, ფათიჰის შემთხვევაც, რომლის პარტიის მმართველ ალიანსში გაწევრიანებას, თავად სახელისუფლებო წრეებიც კი ფაქტობრივად გადაწყვეტილად მიიჩნევდნენ. მან, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ფაქტობრივად დახურულია, განაცხადა რომ ის და მისი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც ტელევიზიის მიერ პირდაპირი ეთერის სასწრაფოს შეწყვეტა მოჰყვა. მართალია რამდენიმე დღის შემდეგ, პარტიამ მმართველ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ინციდენტმა მმართველი ალიანსის რეპუტაციას საკმაო ზარალი მიაყენა. მცირე პარტიების კანდიდატებს წარმატების შანსი ნაკლებად აქვთ, თუმცა მათ მიერ ხელისუფლების ან ოპოზიციის ამომრჩევლის მცირე ნაწილის გადაბირებაც კი შეიძლება არათუ არჩევნების,არამედ მთლიანად ქვეყნისთვის აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

წლის დასაწყისისათვის, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისას, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის ხელისუფლების არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამწვავა და 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში განცდილი სერიოზული მარცხისა, როდესაც მმართველმა ალიანსმა დაკარგა ანკარის და სტამბოლის ჩათვლით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მუნიციპალიტეტების კონტროლი, ხელისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსის და ორგანიზებულობის კუთხით, ერთი შეხედვით უპირატესობა გააჩნდა. გამოკითხვებიდან ჩანდა, რომ ერდოღანის ხელისუფლების ელექტორალური მხარდაჭერა კლებულობდა და როგორც ქილიჩდაროღლუ, ისე ანკარის და სტამბოლის პოპულარული მერები მანსურ იავაში და ექრემ იმამოღლუ გამოკითხვებში ერდოღანს ამარცხებდნენ, მაგრამ მმართველი ალიანსი რჩებოდა მნიშვნელოვან საპარლამენტო ძალად, რომელსაც არსებული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება დიდი პრობლემების გარეშე შეეძლო. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ისიც, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი კვლავ არაერთი გაურკვევლობით იყო მოცული. საზოგადოებაში კი აქტიურად იყო გავრცელებული აზრი, რომ ერდოღანი წინასაარჩევნოდ ჩაერთვებოდა კამპანიაში და როგორც იქნებოდა, არჩევნების ბედს თავის სასარგებლოდ შეაბრუნებდა.

***

2023 წლის ექვს თებერვალს, დილის ოთხ საათზე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში და სირიაში მომხდარმა მიწისძვრამ 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რეგიონის არაერთი ქალაქი სერიოზულად დააზიანა. განსაკუთრებით დაზარალდა ჰათაის, ქაჰრამანმარაშის, ადიიამანის, მალათიას და გაზიანთეფის პროვინციები, ჰათაის და ადიიამანის პროვინციებში შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა ან ექპლუატაციისათვის უვარგისი გახდა. ეკონომიკურმა ზარალმა ას მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. თუმცა ერდოღანის ხელისუფლებისათვის ყველაზე დიდი პოლიტიკური ზარალი იმ არაკომპეტენტურობამ გამოიწვია, რომელიც ხელისუფლებამ სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში გამოავლინა. არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა ხელისუფლების პოლიტიკასთან მიმართებაშიც, სადაც სამშენებლო ბიზნესი დიდ როლს ასრულებდა, ხოლო ხელისუფლებამ არაერთხელ გამოსცა ე.წ. სამშენებლო ამნისტიები, რაც გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ნებისმიერი ტიპის უკანონოდ თუ სტანდარტების დარღვევით აშენებული ნაგებობის ლეგალიზაციას გულისხმობდა; ერდოღანის ხელისუფლებამ 20 წლის მანძილზე 9 სამშენებლო ამნისტია გამოსცა, მაშინ, როდესაც 1955-2002 წლებში, სხვადასხვა ხელისუფლებებმა იგივე კანონი მხოლოდ რვაჯერ გამოსცეს.

ნგრევა ძალიან დიდი იყო. დაინგრა არაერთი ახლადაშენებული ნაგებობა, მათ შორის მრავლად იყო ელიტურად მიჩნეული, ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლებიც, თუმცა ყველაზე დიდი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ დაინგრა არაერთი სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის საავადმყოფოები, სახელმწიფო სამაშველო სამსახურები და შეიარაღებული ძალები ძალიან არაეფექტურად მოქმედებდნენ, ხოლო პირველი სერიოზული კამპანია დაზარალებულთა დასახმარებლად, არასამთავრობო ორგანიზაცია აჰბაფმა განახორციელა. საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების მიერ ნანგრევებიდან გამოგზავნილმა ხმოვანმა მესიჯებმა და ვიდეოებმა.

ხელისუფლების რეაქცია კი დიდწილად არაადეკვატური იყო და საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია. მაგალითად, მიწისძვრის შემდგომ დღეებში, როდესაც სოციალური ქსელები მოხალისეების და სამაშველო სამუშაობის ორგანიზების მთავარ საშუალებად იქცა, ხელისუფლებამ ტვიტერის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ მასობრივი პროტესტის შემდეგ გახდა იძულებული ის კვლავ გაეხსნა. დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხელისუფლების მცდელობებმა დაებრკოლებინა ნებისმიერი სახის დამოუკიდებელი სამაშველო მცდელობებიც. ამასვე დაერთო პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებებიც, სადაც ის, მიწისძვრით დაზარალებულებისათვის მშენებლობასთან დაკავშირებული დაპირებებით შემოიფარგლებოდა. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციამ მიწისძვრის შემდგომი მოვლენები საკმაოდ ეფექტურად მართა. მაგალითად ანკარის მერიამ დიდი როლი შეასრულა ჰათაის აეროპორტის საფრენი ზოლის შეკეთებაში, ხოლო სტამბოლის მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიწისძვრით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ქემალ ქილიჩდაროღლუს ეფექტურმა გამოსვლებმაც მიწისძვრის შემდეგ, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებდა ხელისუფლების მიერ, ეროვნული ერთიანობის რიტორიკით, ოპოზიციის კოოპტაციას და არჩევნების გადადების ნებისმიერ მცდელობას აქტიურად აღუდგებოდა წინ.

***

მიუხედავად ხელსაყრელი კონიუნქტურისა, ოპოზიცია ხშირად მისივე ეკლექტურობის და მის შიგნით არსებული გარკვეული ფრაქციების დოგმატური იდეოლოგიური მიდრეკილებების გავლენისაგან დაცული არ არის, რაც დიდ ზიანს აყენებს მის იმიჯს და არღვევს ერთიანობის შთაბეჭდილებას. არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში, ოპოზიციას გამარჯვებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ხალხთა დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლის მხარდაჭერა, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსის შიგნით, პირველ რიგში კარგ პარტიასთან დაახლოებული ნაციონალისტური ფრაქციები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ პარტიებს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტს, თუმცა, საბოლოოდ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მას შემდეგ, რაც სელაჰათთინ დემირთაშმა, რომელიც ციხიდანაც რჩება ხალხთა დემოკრატიული პარტიის სულიერ ლიდერად, ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ქემალ ქილიჩდაროღლუს მხარდამჭერი განცხადება, ყველაფერი დიდწილად დროის საკითხი გახდა და საბოლოოდ, პარტიამ, საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარადგინა, რაც, ფაქტობრივად ქილიჩდაროღლუს მხარდაჭერას ნიშნავდა. ამას, ოპოზიციის შიგნით გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა რაიმე სახის გადადგომას ადგილი არ ჰქონია. ოპოზიციას, ხალხთა დემოკრატიულ პარტიასთან სათანამშრომლოდ ხელს უხსნის ის ფაქტიც რომ მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში სისასტიკით გამორჩეული ტერორისტული ორგანიზაციის – (ქურთისტანის) ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთა მმართველ ალიანსში გაწევრიანდა და ერდოღანმა პარტია ღიად დაიცვა, ხელისუფლების ტრადიციული ბრალდებები ოპოზიციის „ტერორისტებთან თანამშრომლობის“ შესახებ, ისედაც შემცირებულ დამაჯერებლობას დიდწილად კარგავს.

მიუხედავად გარკვეული ეფექტური მანევრების,ხელსაყრელი გარემოს და გამოკითხვების შედეგებისა, ოპოზიცია კვლავ შორსაა იმ შთაბეჭდილების შექმნისგან, რომ მას არჩევნებში გამარჯვება შეუძლია. მის შიგნით ძალიან დიდია აზრთა სხვადასხვაობა და ისეთი მოვლენები, როგორიც სახალხო რესპუბლიკურ და კარგ პარტიებს შორის განხორციელებული კრიზისი იყო, მიუხედავად მისი ერთი შეხედვით ეფექტური გადალახვის, ამომრჩეველზე დადებით გავლენას ვერ ახდენს. ამის მიუხედავად, ოპოზიციას კვლავ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რაშიც მას პირველ რიგში ხელისუფლების არაეფექტური, ერთი შეხედვით არაადეკვატური ნაბიჯები ეხმარება. მმართველი ალიანსის მიერ ჰეზბოლასთან ალიანსის ფორმალიზაციამ, პრეზიდენტ ერდოღანს ოპოზიციის ტერორისტებთან თანამშრომლობაში დადანაშაულებასთან დაკავშირებული კოზირი დიდწილად გამოაცალა ხელიდან. ფათიჰ ერბაქანის მუდმივმა მერყეობამ და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული მეჰმეთ შიმშექის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის წარუმატებელმა მცდელობამ და მედიაში მისმა დრამატულმა ასახვამ, ერდოღანის წინასაარჩევნო სამზადისის ეფექტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასვე ემატება ისიც რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში ძალიან ბევრ ადგილას, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში იმყოფება, ხელისუფლების დახმარება კი არასაკმარისია.

სერიოზულ პრობლემად ხელისუფლებისათვის რჩება ისიც, რომ ფათიჰ ერბაქანის და HÜDA PAR-ის გადმობირებასთვის, მათ თანხმობა განაცხადეს ისეთ პირობებზე როგორიცაა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 6284-ე კანონის გაუქმება და LGBT+ ორგანიზაციების დახურვა. განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის გაუქმების პერსპექტივამ, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია თავად მმართველი ალიანსის შიგნით და სამართლიანობის და აღმავლობის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ოზლემ ზენგინმა ამ კანონის გაუქმების მსურველები ღიად გააკრიტიკა, რასაც მის წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი ტროლების და ბოტების თავდასხმა და ისლამისტური წრეების მხრიდან „დაქენსელების“ ტალღა მოჰყვა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ორი პარტიის ელექტორალური პოტენციალი არ არის დიდი, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მათი გადმობირებისათვის, მმართველმა პარტიამ თავიანთი ამომრჩეველი ქალების ხმების ერთი ნაწილიც გაწირა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მანევრისათვის თავისუფალი ადგილი მცირდება, ეკონომიკურმა კრიზისმა და მიწისძვრამ, ისეთი პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია, ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა, ხოლო ხელისუფლების იმიჯმა, რომელიც დიდწილად ერდოღანის ლიდერობის უნარზე და საპრეზიდენტო სისტემის ეფექტურობის გარშემო აგებულ პროპაგანდას ემყარებოდა, დიდი დარტყმა განიცადა. გამოკითხვებიც ნათლად აჩვენებენ, რომ ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი აქვს და მაინც, შეძლებს კი თურქული ოპოზიცია, მთელი თავისი ეკლექტურობის და იდეოლოგიური წინააღმდეგობების მიუხედავად არჩევნებამდე შეინარჩუნოს ერთიანობა? რთული სათქმელია.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, თუ რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ საარჩევნო მანიპულაციებს. მაგალითად, სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატურა, ხელისუფლებამ ეფექტურად დააბრკოლა სასამართლოს გამოყენებით, რომელმაც იმამოღლუს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის „შეურაცხყოფის“ ბრალდებით, 2 წლით და 7 თვით პატიმრობა და პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა მიუსაჯა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ხალხთა დემოკრატიული პარტიის დახურვის მოთხოვნით აღძრული საქმეც, რომელსაც პარტიამ მწვანე და მემარცხენე პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებით აუარა გვერდი. მიუხედავად ოპოზიციის გააქტიურების და მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობების ზრდისა, ოპოზიცია ამ თემასთან დაკავშირებული კითხვებისათვის თავის არიდებას ამჯობინებს.

თურქეთი კი რესპუბლიკის ასი წლისთავზე კვლავ მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა. ერდოღანის გამარჯვება მემარჯვენე ავტორიტარიზმის და პერსონალისტური რეჟიმის კონსოლიდაციის, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების მომასწავებელი იქნება, ხოლო ოპოზიციის გამარჯვება, მიუხედავად მთელი იმ პრობლემებისა, რაც ერდოღანის მმართველობის პერიოდში შეიქმნა, ქვეყანას ახალ იმედს შთაბერავს და ბრაზილიის და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითების მსგავსად, აჩვენებს, რომ პოპულისტური მემარჯვენე ავტორიტარიზმის ტალღა წარსულის ნაწილი ხდება.

გაზიარება