ვალები, ხელფასები და ეროვნული საკითხი

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

ყველა ჩვენგანის ვალია სოლიდარობა გამოვუცხადოთ გაფიცულ კურიერებს, ტაქსის მძღოლებს, ოპერატორებს. მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ ერთმანეთის ბრძოლის მხარდაჭერა, ეთიკურად სწორი და განსაკუთრებით იმედისმომცემი საქციელია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ხალხის ძარცვის, ერთეულების გამდიდრებისა და პასიური რევოლუციების ისტორიაა. პასიური რევოლუცია მაშინ ხდება, როდესაც უსამართლობით დაღლილი ხალხის მიერ დაყენებულ ცვლილებების მოთხოვნას ოლიგარქიული ელიტები იყენებენ. პასიური რევოლუცია სახალხო პროტესტის ოლიგარქიული „პერეხვატია“. ასეთი იყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყნის სამართლიანი პროტესტი, ძარცვისა და დამცირების მორიგი ტალღის დასაორგანიზებლად გამოიყენა. ასეთივე იყო 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებაც. პოლიციური რეჟიმის შემსუბუქება ოლიგარქების სუფრიდან ხალხისთვის გადმოგდებულ მორიგ სატყუარად იქცა, რომელიც მაგიდასთან მსხდომებს საკუთარი ჯიბეების უდარდელად გასქელების უფლებას აძლევს. ეს ყველაფერი ცინიკური ხარხარისა და ეკონომიკური ზრდის შედეგების დემონსტრირების ფონზე ხდება.

მიმდინარე აპათია, არა უბრალოდ ქართული ოცნების მმართველობის, არამედ ამ ოცდაათ წლიანი ძარცვისა და პასიური რევოლუციების ლოგიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ხალხი უიმედო და გაუცხოებულია, კაპიტალს კი ერთი უტყუარი თვისება აქვს, რაც მეტი ძარცვა შერჩება, მით უფრო მეტის მითვისებას მოინდომებს მომავალში. ეს სპირალია, რომელიც ფსკერისკენ მიგვაქანებს, თუ დღეს ერთს ასახლებენ, ხვალ ორს გამოასახლებენ, თუ ოპერატორის ხელფასი ხუთასი ლარი შეიძლება იყოს, ხვალ ამ ხელფასის კიდევ უფრო შემცირება იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გალია სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: პირველი შრომით ბაზარზე შექმნილი მდგომარეობაა. ხელფასები დაბალია, ჩვენი შრომა მარტივი და ჩანაცვლებადი, ხოლო უმუშევართა სარეზერვო არმია საკმარისად დიდი იმისათვის, რომ გაშვებული თანამშრომლების ადგილზე ახლები აიყვანონ. შრომითი ბაზრის მდგომარეობას ემიგრაციისათვის ფართოდ გაღებული კარიც ამძიმებს. მშრომელების წინაშე მარტივი საკითხი დგება, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ხელფასის ასი ლარით გასაზრდელად, თუ შეგვიძლია ამერიკაში გადავიდეთ და იქ ვცადოთ ბევრად მეტის გამომუშავება. შედეგად, საზოგადოებასთან გაუცხოებასა და შესუსტებულ კავშირებს ვიღებთ.

მეორე კომპონენტი საზოგადოების გავალიანებაა. ბანკები პენსიონერებზე პენსიებს აპროცენტებენ, რამდენიმე წლის წინ საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა ვალის მქონე მოსახლეობის რაოდენობით. როდესაც მმართველ პარტიას გაუჭირდა, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ვალების ნაწილის გადაფარვით მოახერხა ელექტორატის მობილიზება. დაბალ შემოსავალთან ერთად, მოსახლეობას თვიდან თვემდე ბანკის ვალდებულებები აქვს დასაფარი, ეს კიდევ უფრო დამოკიდებულს გვხდის დამსაქმებელზე. რაც უფრო დამოკიდებულები ვართ, მით უფრო ძლიერია კაპიტალის და პოლიტიკური კლასის ძალაუფლება.

მესამე, იდეოლოგიური ჰეგემონია და მისი ინსტიტუტებია. ჰეგემონია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც მმართველი კლასი საკუთარ იდეოლოგიას ავრცელებს დაქვემდებარებულებზე, როდესაც ღარიბები მდიდრებივით იწყებენ აზროვნებას. იდეოლოგიური ბატონობის ფუნქციას ჩვენთან მედია და პოლიტიკური პარტიები ასრულებენ. აღსანიშნავია ის მომენტები, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთად უპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს – ასეთი იყო რიონის ხეობის მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. ნაცები და ქოცები ერთ პოზიციაზე აღმოჩნდებიან ყოველთვის, როდესაც ხალხი კაპიტალის წინააღმდეგ ეცდება წასვლას. ჩვენი მედია და პარტიები იმ ფულით იკვებებიან, რომელიც ხალხის ჯიბიდან ძარცვისა და ქურდობის გზით ამოიღეს.

სპირალისებრი ძარცვის გარდა (როდესაც, რაც უფრო მეტი გასდით, მით უფრო მეტს გვძარცვავენ), კაპიტალს მეორე კანონიც აქვს – ის აუცილებლად ქმნის წინააღმდეგობას, წინააღმდეგობა მის ბუნებაშია ჩაწერილი. მაქსიმალური გათითოკაცების პირობებში, ეს წინააღმდეგობა სუსტ და დაფანტულ ხასიათს ატარებს, თუმცა მისი ბოლომდე გაუქმება შეუძლებელია. შეუძლებელია არ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც უარს იტყვის საკუთარი სახლის დატოვებაზე, როდესაც მევახშეები ხუთი ათასი დოლარის გამო ასახლებენ. შეუძლებელია არ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დაიღლება საკუთარი მშიერი შვილების ყურებით და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. შეუძლებელია პროტესტი არ გაუჩნდეთ სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებსაც ტყეს უჩეხავენ და მდინარეებს უწამლავენ. კაპიტალიზმის პირობებში ასეთი წინააღმდეგობის ბოლომდე გაქრობა ისეთივე შეუძლებელია, როგორც ფულადი სისტემის, ან საბანკო ვალის. შესაძლებელი სხვა რამ არის, შესაძლებელია უდიდესი თანხებისა და რესურსების მობილიზება იმისათვის, რომ წინააღმდეგობაში მოსული ადამიანები, სრულ გაუცხოებასა და უიმედობაში დარჩნენ.

ერთ-ერთი გაფიცვისას მოკლე ფრაზა მომხვდა ყურში, ფრაზა საერთო მდგომარეობის სიმპტომად უნდა წავიკითხოთ – პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ამბობდა, რომ მათ მოთხოვნა კი არა თხოვნა აქვთ საკუთარ ადმინისტრაციასთან. ხშირად გაფიცვებზე ისეთი ფრაზები ისმის, როგორებიცაა „ჩვენ კომპანიას შეურაცხყოფას არ ვაყენებთ“, „ჩვენ არ გვინდა მომხმარებლის ინტერესების დაზიანება“ და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას გამოსახლებების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აღსრულების პოლიციასთან ფიზიკურად დაპირისპირება იმისთვის უწევთ, რომ მევახშე გაცემულ თანხაზე ორჯერ და სამჯერ მეტი თანხის აღებას დათანხმდეს.

რატომ ხდება ასე?იმიტომ, რომ საზოგადოება იმ ობიექტური გარემოებების ტყვეობაში იმყოფება, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩვენ გვახრჩობს ვალი, დაბალი ხელფასი და იდეოლოგიური ზეწოლა, ეს ყველაფერი ენის მოჩლექით საუბარს გვაიძულებს. ადამიანს ეშინია დაკარგოს ის მცირედიც კი, რაც ჯერ კიდევ გააჩნია. საზოგადოების დიდი ნაწილი გაუცხოების საბოლოო წერტილამდეა მისული – მეზობელი გულგრილად ჩაუვლის გამოსახლების პროცესს და ყურადღებას არ მიაქცევს ქუჩაში დასატოვებლად გამზადებული ბავშვების ტირილს, თანამშრომლები თვალს არიდებენ გაფიცვის იდეით გამოსულ კოლეგას, თანასოფლელები კაპიკებად გაყიდიან საკუთარ კარ-მიდამოს და წინააღმდეგობის გაწევის ინიციატორებს მოიძულებენ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, ეს პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის ჯუნგლებია. ისტორიაში მოქმედი ერთობის ნაცვლად ქვეყნის მოსახლეობა მენეჯმენტის ობიექტად გადაიქცა, რომლისგანაც რესურსების ამოღება ხდება, ხოლო შემდეგ ამ რესურსებით ის პროპაგანდა ფინანსდება, რომელიც საზოგადოების კიდევ უფრო დაკომპლექსებას ისახავს მიზნად.

ერთმანეთისგან გაუცხოების მიუხედავად, ანტაგონიზმი არ უქმდება, რადგან ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკის არსებულ სისტემაშია ჩაწერილი. როდესაც მევალეები და დამსაქმებლები ყელში გიჭერენ, პასუხის გაცემა გიწევს. ამ დროს პასუხის გაცემის აუცილებლობასა და საკუთარ უძლურებას შორის იჭედები. მოთხოვნა თხოვნად იქცევა. ისე უნდა ვითხოვოთ, რომ „კომპანიის რეპუტაცია არ დავაზიანოთ“, არც „მომხმარებლის ინტერესები“, „არ დავკარგოთ დამსაქმებელთან მისასვლელი გზები“, „არ გავაბრაზოთ მევახშე“.

მას შემდეგ, რაც ჯოჯოხეთის ყველა შრეს აღვწერთ, ვეჯახებით გარდაუვალ კითხვას – „რაშია გამოსავალი?“ ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ჩვენი საუბარი ტირილად იქცევა, ცუდი ამბების ჯაჭვი თითქოს არასოდეს დასრულდება – ვიღაცას ასახლებენ, ვიღაც ემიგრაციაში მიდის, ვიღაცას წამლის ფული არ ჰყოფნის, ვიღაცაზე ძალადობენ, ვიღაცას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო… „რამე კარგზე ვისაუბროთ“ – უკვე ოცდაათი წელია, რაც ვარსკვლავები ცეკვავენ, ქართველმა მებრძოლმა რუსი ვიზავი ტერცაობაში[1] დაამარცხა, პრაიმჰაუსში გურამ შეროზიამ გაიმარჯვა, ჭიათურელმა მოსწავლემ ამაზონში[2] დაიწყო მუშაობა, ის პირადად ილონ მასკს[3] შეხვდება.

ეროვნული აზრი აწმყოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, ამ გამოწვევების გადასაჭრელად ხალხის მობილიზება უნდა შეეძლოს. ასეთი აზრი ძეგლად იქცევა, როდესაც მხოლოდ ძველის გამეორებით არის დაკავებული. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა კაპიტალის კაბალისგან თავის დახსნაა. სისუსტისგან, რომელიც პოსტსაბჭოთა ოლიგარქიის ტყვეობაში გვამყოფებს. ასეთმა აზრმა ყველა ჩვენგანი ისეთ ადამიანებად უნდა გადაგვაქციოს, რომლებიც თვალს არ მოარიდებენ გამოსასახლებელი ადამიანის ტკივილსა და გაფიცული მშრომელების პროტესტს.

განსაკუთრებული როლი იდეოლოგიურ შრომას ენიჭება, სიმბოლოების, კრიტიკისა და კავშირების შესაქმნელად, რომლებიც გააძლიერებენ ექსპლუატირებული, გავალიანებული და გარემოგანადგურებული ადამიანების ხმებს. ამ მუშაობას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც კი არ ელოდებიან პროტესტის ტალღას, არამედ აქტიურად ცდილობენ ჰეგემონიასთან ანტაგონიზმის შექმნას ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ადამიანები, რომლებსაც ახალი სახალხო კულტურის, ცოდნისა და პოლიტიკის შექმნის ამბიცია ექნებათ.

სულ ცოტა ხნის წინ ასეთი კავშირების დამყარებას რიონის ხეობის მოძრაობა შეეცადა, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა და საკუთარი ტრიბუნა დაუთმო ჭიათურის მოსახლეობასა და გულისტანის ქარხნის მშრომელებს. სოლიდარობის ეს აქტი საკუთარ თავში იმ პოლიტიკურ სისწორეს ატარებდა, რომელიც ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად არის საჭირო.

პრორუსული და პროდასავლური ოლიგარქიული ჯგუფები გვაჯერებენ, რომ თავისუფლებას, რომელიმე ბანაკთან მიმხრობა მოგვიტანს. კაპიტალსა და ხალხს შორის არსებული დაპირისპირების გვერდზე გადადებით, ისინი გვთავაზობენ გეოპოლიტიკას პოლიტიკის გარეშე და სუვერენიტეტს ხალხის გარეშე. როგორ შეიძლება თავისუფალი და სუვერენული იყოს ხალხი, რომლის სტრატეგიულ რესურსებს იმპერიული სახელმწიფოები აკონტროლებენ? ხალხი, რომელსაც პირის შეკვრა და ხელფასის ასი ლარით გაზრდის მოთხოვნა არ შეუძლია? ხალხი, რომელიც გულგრილად უყურებს საკუთარი მეზობლების ქუჩაში დატოვებას?

უნდა გვესმოდეს, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მსოფლიოში არსებული კავშირებიდან იზოლირება. თუმცა, დამოუკიდებელი პოზიციის დასაჭერად, ქვეყანამ მინიმალური სუვერენიტეტი უნდა მოიპოვოს. ეს კი, არა რომელიღაც ოლიგარქიული ჯგუფის სუვერენიტეტს, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე დემოკრატიულ კონტროლს გულისხმობს. პოსტსაბჭოთა კაპიტალის ძალასა და კულტურულ ჰეგემონიასთან დაპირისპირების გარეშე თავისუფლება შეუძლებელია.

[1] ტერცაობა – აქ: ჩხუბი ხელის დარტყმის გარეშე; ტერმინი სხვა მნიშვნელობითაც გამოიყენება.

[2] ამაზონი – მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანის კომპანია; ასევე მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე და ჯუნგლები სამხრეთ ამერიკაში;

[3] ილონ მასკი – მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ამერიკელი ოლიგარქი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი

[3] ილონ მასკი – მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ამერიკელი ოლიგარქი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი;

გაზიარება