ვის ეკუთვნის უნივერსიტეტი?

ავტორი: ანანო ნიქაბაძე

გასულ დღეებში უნივერსიტეტში სტუდენტთა ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყო. სტუდენტები და ლექტორები, კიდევ ერთხელ, მარტო აღმოჩნდნენ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, კორპორაციული საუნივერსიტეტო სისტემის ამჟამინდელი რეჟიმის პირისპირ.

კორპორაციული უნივერსიტეტი ისტორიის იმ კონკრეტული ეტაპის პროდუქტია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, აკადემიური კაპიტალიზმის რეჟიმს ამყარებს. უნივერსიტეტები კომერციულ ბაზარზე ბიზნესის მსგავსად იქცევიან. საბაზრო ძალების გავლენა საშუალო და უმაღლეს განათლებაზე იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ნეოლიბერალური სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, ზრუნავს მსხვილი კორპორაციებისა და კერძო პირების ინტერესების დასაცავად, ხელს უწყობს საჯარო უწყებების პრივატიზაციას, ინდუსტრიულ დერეგულაციას, კომერციალიზაციას და ე.წ „ახალი ეკონომიკის ცოდნის“ დანერგვას. არღვევს განათლების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ფილოსოფიას და უმაღლესი განათლება ეფექტურად გარდაიქმნება საზოგადოებრივი სიკეთიდან საქონლად, რომლის გაყიდვა შესაძლებელია კერძო პირებისა და კორპორაციების ვიწრო ინტერესების სასარგებლოდ. აქედან ძლიერდება რწმენა, რომ საშუალო განათლების შემდგომი საფეხური ძვირადღირებული, კერძო საქონელია.

ამ ტენდენციის ერთ-ერთი მაჩვენებელია სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის საგანმანათლებლო ხარჯების სწრაფი ზრდა და უმაღლესი განათლებისთვის საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი შემცირება. სახელმწიფო დაფინანსების ჩანაცვლება სტუდენტური სესხებით. უნივერსიტეტები იწყებენ საბაზრო სტრატეგიების დანერგვას სტუდენტების კომერციული პოტენციალის გამოსაყენებლად.

გასულ დღეებში პროტესტი სწორედ საცხოვრებელი ხარჯის პრობლემამ გამოიწვია, რამაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება შეუზღუდა ათასობით სტუდენტს. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო სემესტრის „ჰიბრიდული“ (შერეული – სააუდიტორო და დისტანციური) რეჟიმით დამთავრებაზე უარს ამბობს ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ არა კერძო უნივერსიტეტები.

2011 წელს კრისტენსენი და ეირინგი განათლების ეკონომიკაში იყენებენ „დამღუპველი ინოვაციურობის“ ცნებას, რაც გულისხმობდა ტექნოლოგიის, როგორც ორგანიზაციული ინსტრუმენტის გამოყენებას სასწავლებლების რესტრუქტურიზაციისთვის. ამ მიდგომამ მკვეთრად უნდა შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები და ახალი „სტუდენტ-მომხმარებლები“ მოიზიდოს. ისინი თვლიდნენ, რომ ტრადიციული კოლეჯები და უნივერსიტეტები ფინანსური ხარვეზის შესავსებად, აითვისებდნენ უკვე მასობრივად გამოყენებული, ღია ონლაინ კურსების პრაქტიკას დაბალშემოსავლიანი სტუდენტების „მომსახურებით“. „რთული და ძვირადღირებული პროდუქტი (საუნივერსიტეტო განათლება) უფრო მარტივი და იაფი გახდებოდა“. ამ თეორიის მიხედვით, „დამღუპველ ინოვაციებს“ აქვთ პოტენციალი დაიპყრონ ისეთი, ამ შემთხვევაში, ინდუსტრიები, როგორიცაა უმაღლესი განათლება. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ისეთი უნივერსიტეტები როგორიცაა „ფენიქსის უნივერსიტეტი“, გახდებოდნენ „ხვალინდელი ლიდერები“, მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში ტრადიციული კოლეჯების ნახევარი შესაძლოა გაკოტრების წინაშე აღმოჩენილიყო 15 წელიწადში. [1]

თუკი კერძო უნივერსიტეტებს განვიხილავთ, როგორც კერძო მოგებაზე ორიენტირებულ სასწავლო დაწესებულებებს, მაშინ ნათელია, რომ მათთვის სასწავლო წლის ონლაინ რეჟიმში დამთავრება ან გაგრძელება მისაღებიც კია. თუმცა ეს ძვირად დაუჯდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელისუფლებო ბიუროკრატიას, რომელთა პირდაპირი ვალდებულება და საზრუნავი არა სტუდენტები, არამედ მათი საყრდენი, უძრავი ქონების გამქირავებლები და მსხვილი საწარმოებია, რომლებსაც სტუდენტები კლიენტებად ან იაფ მშრომელებად სჭირდებათ და სჭირდებათ თბილისში.

კორპორაციული უნივერსიტეტები მუდმივად ნერგავენ გარკვეულ პარალელებს. თანამშრომლებს ენიჭებათ სხვადასხვა დონის ჯილდოები, რომლებიც არსებითად აღიარებენ მათ სტატუსს , როგორც „კარგი, კორპორაციული მუშაკის“. რა თქმა უნდა, ამ კარნავალში თვალახვეულებს გარემოებების, სივრცისა და დროის აღქმა ეკარგებათ. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დაარსდა, 100 წლის შემდეგ, საუკუნის აღსანიშნავმა ღონისძიებამ სააქტო დარბაზში სტუდენტების გარეშე ჩაიარა. მიწვეულნი იყვნენ პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუმრები უცხოეთიდან და რამდენიმე შერჩეული სტუდენტი. [2]

ქარიზმატული ლიდერები ცდილობენ მოხიბლონ თავიანთი სტუდენტები, და მათ ხედავენ როგორც კლიენტებს, ან ცოდნის მომხმარებლებს, რომლებსაც უნდა დაუმტკიცონ, რომ კურსის შინაარსი გრძელვადიან პერსპექტივაში, შრომით ბაზარზე, სასარგებლო იქნება. კრიტიკულ სტუდენტებს გაესაუბრებიან, როგორც კომპლექსურ ინდივიდებს მრავალი განსხვავებული ხმით, ტემბრით და დიაპაზონით, დაწყებული ფორმალური, თეორიული მონოლოგიდან არაფორმალურ გამოცდილებამდე.

სასწავლო გეგმა და სწავლის მეთოდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კორპორატიული უნივერსიტეტის შეუფერხებელ და გრძელვადიან ფუნქციონირებას, თუმცა ქულებს ჩაიწერს აზროვნების სავალდებულო კონტროლზე, რათა აწარმოოს ყალბი ცნობიერება და რაც შეიძლება დიდხანს დააკავოს ადამიანები თავიანთ ადგილას კაპიტალისტურ სისტემაში.

მეორე მხრივ, დანერგილი პარალელები გარკვეულ ადგილებს, უნივერსიტეტის კედლებს, ეზოს და ფანჯრებს სენტიმენტალურ დატვირთვას ანიჭებენ, ბრენდინგის ქვეშ გაერთიანებული ასეთი ემოციური ვაჭრობა გახსნის დღიდან – გამოსაშვებ საღამომდე, გრძელდება ქუჩაში – გარეუბნიდან უნივერსიტეტამდე, ავტობუსის ნომრიდან სტუდენტურ კაფემდე. პირველი დღის შემდეგ, რეალური ცხოვრების პირისპირ, ეს ადგილები და მნიშვნელობები დაპატარავებას დაიწყებს, მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს ამ იაფფასიანი სიმბოლიზმის მიღმა არსებული სინამდვილე და ბრძოლები.

2017 წელს, სტუდენტური აქციების პარალელურად, „ბიბლუსი გალერიდან“ (რომელიც წიგნის მაღაზიას, კითხვის სივრცეს და კაფეს აერთიანებს პირველ და მეორე კორპუსთან) უსამართლოდ გაათავისუფლეს კონსულტანტები. ისინი სწავლასთან ერთად მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მხარდაჭერილმა ტელევიზიებმა ძალები არ დაიშურეს მათი ბრძოლის დისკრედიტაციისთვის, სტუდენტებმა პირველად მოახერხეს თავიანთი ყოველდღიურობის საჯაროდ მხილება:

1. “გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.

2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.

3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.

4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;

5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშაოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბონუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;

6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.

მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.“ – ამბობდნენ ისინი. [3]

ამ ყველაფერს მივყავართ „სტუდენტობის გახანგრძლივებამდე“. სასწავლო, საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯების დაფარვის მუდმივი მცდელობა, შეუძლებელს ხდის 4 წლიან სასწავლო ვადაში ბაკალავრის საფეხურის დამთავრებას.

აკადემიური კაპიტალიზმი გავლენას ახდენს უნივერსიტეტის თითქმის ყველა ნაწილზე, სტუდენტებზე, ფაკულტეტის წევრებზე (ლექტორებზე, სემინარისტებზე) ადმინისტრატორებზე და ზოგადად საზოგადოებაზე. საფრთხეს უქმნის აკადემიური თავისუფლების ძირითად პრინციპებს, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო მუშაობას წმინდა საზოგადოებრივი ინტერესებისთვის.

მეცნიერული მუშაობა გაგებულია, როგორც პრობლემების გადაჭრის მექანიკური მიდგომა, რომელიც არ ადგენს რეალურ კავშირებს. ხელისუფლებასა და უნივერსიტეტის რექტორ-მენეჯერთა საერთო შეთანხმება ეფუძნება იმას, რომ არაფერი ისეთი არ „აწარმოონ“, რაც მათ განრიგს, „მომხმარებლებზე“ მათსავე წარმოდგენას და რაც მთავარია, თავად მათ არ ჰგავთ. რეალური აზროვნება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვარაუდებს და მტკიცების თანმიმდევრულ ფორმას იძლევა. მოგებაზე ორიენტირებული აზრი გამოხატავს ზედმეტ ღირებულებას, გარკვეულ კონტექსტში, და არ აქვს ამაზე მეტი სიცოცხლე ან მიმართულება.

ფაკულტეტის წევრები და მკვლევრები კიდევ ერთი ჯგუფია, რომელიც აკადემიაში ნეოლიბერალური რეჟიმის გავლენას განიცდიან. საგრძნობლად შეიცვალა ფაკულტეტის სახე; ფაკულტეტის წევრებმა კონკურენცია უნდა გაუწიონ ერთმანეთს კვლევის შეზღუდული დაფინანსებისთვის და როგორც წესი, კონკურსში კომერციული პოტენციალის მქონე კვლევითი პროექტები შეირჩევიან. მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებებით შთაგონებული, ან ანტი-კაპიტალისტური, ან სოციალურად ფუნქციური კვლევითი პროექტების დაფინანსების შანსი უნივერსიტეტში არ არსებობს. ტექნოლოგიური კვლევები ტექნო-კაპიტალისტური კომპლექსის საჭიროებებს მოიცავს.

ბევრი ბიზნეს ლიდერი როგორც კერძო, ისე საჯარო უნივერსიტეტების მმართველ საბჭოებშია წარმოდგენილი. ამ საქვეყნოდ გამოფენილ ინვესტიციაში მათი კვლევითი ნაშრომები, არც სამეცნიეროა და არც ნაშრომი და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დროს ჩადენილი ბოროტების გამართლებას გვთავაზობენ.

აკადემიური კაპიტალიზმის წმინდა ეფექტი უფრო ძვირი და დაბალი ხარისხის განათლების დანერგვაა. სტუდენტების მიერ დაწყებული ბრძოლა კიდევ ერთი ნაბიჯია იმ სტრუქტურული და გლობალური პრობლემების წინააღმდეგ, რომელმაც საბოლოოდ უნივერსიტეტი უნდა გაათავისუფლოს.

უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს იდეოლოგიზებული სწავლებისგან, რადგან იდეოლოგია არ არის ავტონომიური, იგი დამოკიდებულია გაბატონებული წარმოების ეკონომიკურ ფორმაზე და ემსახურება მისი არსებობის მუდმივ გამართლებას.

უნივერსიტეტი უნდა გახდეს ავტონომიური, უნივერსიტეტის ფუნქციურ არსებობაში მონაწილე ყველა მხარემ, ლექტორებმა და სტუდენტებმა, მათ, ვისაც ეკუთვნით უნივერსიტეტი და მათთვის, ვისთვისაც ქმნიან ცოდნას, უნდა გადაწყვიტონ სხვადასხვა აკადემიური საკითხები, როგორიცაა, სტუდენტთა მიღება, დაბინავება, აკადემიური კონტენტი, აკადემიური ხარისხის მართვა, სამაგისტრო პროგრამების დანერგვა.

ასეც რომ არ იყოს, ჩვენ, დანარჩენმა საზოგადოებამ, უნდა დავინახოთ სოლიდარობის მაგალითი სტუდენტებს შორის და მაშინ, როცა ამ სისტემაში თავად განათლების დეფინიცია დანაწევრებულია, ვხედავთ მის ნამდვილ შინაარსს, რომელიც გაზიარებას გულისხმობს და რომელიც ყველასია.

შენიშვნები:

[1] CHRISTENSEN, C.; EYRING, H. J. The innovative university: Changing the DNA of higher education. 2011.

[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/studentebis-protesti/29027279.html?fbclid=IwAR0TuQ6mY2vwBXBROuKOwacPeoZv868DPzuw-aZhKI0vtAu47Z36guDUIvQ

[3] https://www.facebook.com/auditorium115/videos/685320281650462

გაზიარება