მიწის საკითხი ისევ მნიშვნელოვანია

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

უკრაინელი ეკონომისტი ალექსანდრ კრამარი მრავალი წელი სწავლობდა რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკურ დაპირისპირებას აგროინდუსტრიაში და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ეს დაპირისპირება საშიშ ფაზას უახლოვდებოდა.[1]

საზოგადოება კარგად იცნობს რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირების მიზეზებს გაზის საკითხზე, ასევე რუსეთის როლს ნავთობის ინდუსტრიაში, თუმცა მხოლოდ დარგის სპეციალისტები იცნობენ აგროინდუსტრიას. პოპულარულ მედიაში გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ აგრარულ საკითხში მეტოქეობა გახდა სასტიკი ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.

სანამ უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკური ომის დეტალებს მიმოვიხილავთ, უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ, თუ რატომ არ ვიცნობთ საქართველოში ამ საკითხს.

პოსტსაბჭოთა საქართველოში აგროინდუსტრია სრულიად განადგურებულია. მემარჯვენე პარტიები ამტკიცებენ, რომ ეს დარგი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ამ მტკიცების საპირისპიროდ, ვხედავთ, რომ დიდი ოლიგარქი, ადგილობრივი და უცხოელი მსხვილი მესაკუთრეები თუ საპატრიარქოს ბიუროკრატია ცდილობენ, კაპიტალი დააბანდონ სწორედ აგრარულ სექტორში. ისინი გროშებად იგდებენ ხელში მიწებს.

ამის პარალელურად, სოფლად მცხოვრები ადამიანები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებასაც ვერ ახერხებენ. ექსპერტები არც დაფიქრდებიან და გვიპასუხებენ, რომ ეს ყველაფერი სოფლად მცხოვრები ხალხის სიზარმაცის ბრალია. მათ არ ექნებათ პასუხი იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც მსხვილი მიწათმფლობელების საკუთრებაში დღიურ მუშებად მუშაობენ. მათი შრომის გარეშე წარმოუდგენელია მსხვილი მეურნეობების არსებობა.

ცალკე უნდა გამოვყოთ წყლის საკითხი. მესაკუთრეები იტაცებენ არა მხოლოდ სახნავ-სათეს მიწებს და საძოვრებს, არამედ წყლის რესურსსაც. შედეგად, სოფლის მოსახლეობა რჩება სარწყავი წყლის გარეშე. მათ არ აქვთ წყალი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, შედეგად სოფლად ცხოვრება განსაკუთრებით მძიმდება.

მნიშვნელოვანი პასუხი აქვს ისტორიკოს სამირ ამინს. ის შენიშნავს, რომ მიწის საკუთრების პრობლემა ადრე იყო დებატების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კომუნისტებს შორის. ასევე დემოკრატიული ბურჟუაზიისა და პოპულისტების რიგებში. ვითარება შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ნეოლიბერალიზმის ეპოქაში. გაბატონებულმა იდეოლოგიამ მოახერხა მცდარი შეხედულებების დამკვიდრება. თითქოს, არ არსებობს დასავლური მიდგომის ალტერნატივა, რომლის მიხედვითაც, გლეხობა ქრება, რადგან მას შთანთქავს ქალაქური კაპიტალისტური განვითარება და, შესაბამისად, აგრარულ რეფორმაზე მოთხოვნა მოძველებულია. ასეთ ვითარებაში, მსოფლიო ბანკმა დანერგა ”მწვანე რევოლუცია” და აგრარული რეფორმა, რომელიც მიმართულია მხოლოდ მსხვილი მესაკუთრეების ინტერესებისკენ. აქედან გამომდინარე, ამ რეფორმის განხორციელება ყოველთვის მთავრდება კატასტროფით – სოციალური უთანასწორობის გაძლიერებით და მესაკუთრეების მხრიდან მწარმოებელი კლასის გაყვლეფით.[2]

უკრაინისა და რუსეთის ომმა ნათლად დაგვანახა, რომ აგრარული საკითხი რჩება ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემად. განსაკუთრებით, ახალი პერიფერიის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და ამასთან, საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთზე, რომელიც იბრძვის აგროინდუსტრიაში ჰეგემონიისათვის.

რუსი ჟურნალისტი რომან კუნიცინი იხსენებს 90-იან წლებს, როცა რუსეთში ნეოლიბერალიზმი იმარჯვებდა.[3] ელცინმა შეიმუშავა „ანტიკოლმეურნეობის დეკრეტი“. მისი ხედვის საფუძველზე განადგურდა აგროინდუსტრია. ამ პერიოდში რუსეთი განუზომლად დიდ შემოსავალს იღებდა ნავთობის გაყიდვით. ვითარება საფუძვლიანად შეიცვალა 2012 წლიდან, როცა შემცირდა ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი. 2011 წელი იყო პიკი. ამ წელს რუსეთმა ნავთობის გაყიდვით მიიღო 181,8 მილიარდი დოლარი. შემდეგ დაიწყო გარდაუვალი ვარდნა. 2012 წელს წლიური შემოსავალი იყო 180 მილიარდი. 2013 წელს – 173,6, 2014 წელს – 153,8; ხოლო 2020 წელს – 72,3. 2021 წელს გაიზარდა მხოლოდ 110-მდე. [4]

სწორედ ამ დროს, როცა სხვა ყველა დარგის ექსპორტი განიცდიდა ვარდნას, რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აგროინდუსტრიას. 2012 წლიდან რუსეთი სულ უფრო ზრდიდა აგრარული პროდუქტების ექსპორტს. 2020 წელს ექსპორტმა მიაღწია მაქსიმუმს. ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანა 30,7 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქტი.[5] სწორედ 2020 წელს, უკრაინამ 22,39 მილიარდი დოლარის ღირებულების აგრარული პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე.[6]

რუსეთს სურდა გამხდარიყო აგრარული ზესახელმწიფო და პირველი აგრარული ოლიგარქებიც გამოჩნდნენ.[7] მათ შორის არის რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ტკაჩევი და ევტუშენკოვი.

2012 წლიდან, როცა რუსეთმა აქტიურად დაიწყო აგრარული სექტორის გაძლიერება, გაღრმავდა დაპირისპირება მეზობელ უკრაინასთან. ეკონომისტი კრამარი წერს, რომ რუსეთი და უკრაინა გეოგრაფიული სიახლოვის გამო, სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწვდიან ერთი და იმავე ქვეყნებს (ეგვიპტე, თურქეთი, საუდის არაბეთი, ირანი, ბანგლადეში, ლიბანი, ინდონეზია, ნიგერია, აზერბაიჯანი, სუდანი…).

ამ დაპირისპირებაში რუსეთს არ ქონია დიდი უპირატესობა. საბჭოთა პერიოდში უკრაინა „პურის ბეღელად “ ითვლებოდა. უკრაინა ახლაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ექსპორტიორთა ათეულშია. ქვეყანა დაჯილდოებულია სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობებით. 32 მილიონი ჰექტარი შავი მიწა (ევროპის სამეურნეო მიწის მესამედი), თბილი კლიმატი, მრავალმილიონიანი შრომისმოყვარე მოსახლეობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინაში მოსავლიანობა ჰექტარზე 4 ტონაა, რუსეთში კი მხოლოდ 3 ტონა. ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთი წააგებდა კონკურენციას უკრაინასთან.

იმ პერიოდში, როცა უკრაინას მართავდა იანუკოვიჩის რეჟიმი, მთავრობამ მარცვლეულის ბაზარზე რუსეთთან „ძალების გაერთიანების“ ინიციატივა წამოაყენა და იდეა „მარცვლეულის აუზის“ შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეერთებოდნენ ბელორუსი და ყაზახეთი. ასეთ შემთხვევაში, ოლიგარქები შეძლებდნენ მსოფლიო ბაზრის მარცვლეულის 30%-ის გაკონტროლებას.[8] იმ დროს, ვლადიმირ ევტუშენკოვი აქტიურად იყო ჩართული ამ გეგმაში. მას იანუკოვიჩის მთავრობამ გადასცა სახელმწიფო ჯილდოები.

უკრაინელი ხალხის ძარცვისთვის ბრძოლაში იანუკოვიჩი დამარცხდა. პუტინის გეგმა ჩავარდა. უკვე 2017 წელს კრამარი წერდა, რომ რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური დაპირისპირება გადაინაცვლებდა პოლიტიკურ სფეროში, რადგან პუტინს სურდა რევანში და უკრაინის მთელი ინდუსტრიის კონტროლი.

წყაროები:

[1]. http://argumentua.com/stati/agrarnyi-konkurent

[2]. https://monthlyreview.org/2005/02/01/india-a-great-power/

[3]. https://rabkor.ru/columns/analysis/2022/03/10/origins_of_the_ukrainian_conflict/

[4]. http://global-finances.ru/eksport-nefti-iz-rossii-po-godam/

[5]. https://www.rbc.ru/newspaper/2021/03/09/604217269a79471196c1131b

[6]. https://www.zol.ru/n/32ce9

[7]. https://www.forbes.ru/biznes-photogallery/422283-20-samyh-dorogih-chastnyh-zemlevladeniy-rossii-2021-rating-forbes

[8]. https://www.worldstopexports.com/wheat-exports-country/

გაზიარება