ყოველთვის რევოლუციონერი უკრაინა

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

“Вічний революціонер –

Дух, наука, думка, воля”

საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში, რევოლუციური თეორია წითელმა არმიამ შეიტანა. ამ შეხედულებას იზიარებენ ანტიკომუნისტებიც. ირწმუნებიან, თითქოს რევოლუცია უცხო და თავსმოხვეული იყო ამ ხალხებისთვის.

საქართველოში რევოლუციური თეორია საბჭოთა არმიას არ შემოუტანია. ამას ადასტურებს ქართველი რევოლუციონერების ბრძოლა, რომელიც დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს. ბათუმელი მუშების, გურიის გლეხების, შორაპნის, ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოების… ორგანიზებული ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ნათელს ხდის ნამდვილ ისტორიას.

ეს წერილი არის იმპერიებთან(რუსეთის და ავსტრია-უნგრეთის) მებრძოლი უკრაინის ისტორიისთვის. იდეოლოგიამ გააქრო უკრაინელი ხალხის ნამდვილი ისტორიის წყაროები. ძველი წიგნები კარგად ასახავს ბრძოლას თავისუფლებისთვის, რომელსაც დაუპირისპირდა კონტრრევოლუცია. საბჭოთა ბიუროკრატიამ გაანადგურა მსოფლიო ინტერნაციონალი და ფაშისტებთან თანამშრომლობით, სისხლში ჩაახშო ხალხის იმედები თავისუფალ ქვეყანაზე.

უპირველესად, უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი გმირის სახელი არის ივან ფრანკო. მწერალი შეისწავლიდა უკარაინულ ფოლკლორს, უკრაინულად თარგმნა შექსპირის, ჰიუგოს, ბაირონის, პუშკინის… ნაწარმოებები. მხარს უჭერდა აჯანყებულებს, გამოსცემდა გაზეთებს. 1880 წელს გამოაქვეყნა ‘’მარად რევოლუციონერი’’, რომელიც გახდა ყველა რევოლუციონერისთვის უძვირფასესი ჰიმნი.

უკრაინელი ისტორიკოსი რომან ტისა ნარკვევში “Короткий нарис Українського марксизму” წერს, რომ ყველა უკრაინელი რევოლუციონერი, სოციალისტი და მარქსისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეროვნულ საკითხს. ყველანი იცავდნენ დამოუკიდებლობას. რევოლუციამდეც და 1917 წლის რევოლუციის შემდეგაც უკრაინელი კომუნისტები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას. უკრაინელები ‘’ერფრუტის პროგრამას’’ (1891) იზიარებდნენ და მის საფუძველზე მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას. მათი ხედვით, ყველა ხალხს ჰქონდა თვითგამორკვევის უფლება და მხოლოდ ამის შემდეგ გაერთიანდებოდნენ მსოფლიო ინტერნაციონალში. ერფრუტის პროგრამა დაწერა კარლ კაუცკიმ, ედუარდ ბერნშტაინთან ერთად. ნაშრომი გახდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა.

1891 წელს პროგრამა გააკრიტიკა ენგელსმა. კაუცკისთვის მიწერილ წერილში, მან უჩვენა, რომ პროგრამა უარს ამბობდა პროლეტარიატის დიქტატურაზე და გადაუხვია მარქსის თეორიისგან.

უკრაინელი კომუნისტები, რომლებიც ლენინს დაუპირისპირდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნით, პარტიას ადანაშაულებდნენ რევოლუციის ღალატში და ამბობდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ხალხებს წაართვა თვითგამორკვევის უფლება. მაშასადამე, მათი პოზიციები მიემართებოდა ერთა თვითგამორკვევის საკითხს და არა პროლეტარიატის დიქტატურას. უფრო მეტიც, პარტიის ოფიციალურ პოზიციასთან დაპირისპირების მიუხედავად, ისინი ბოლომდე ებრძოდნენ ‘’თეთრებს’’ და სხვა რეაქციულ ძალებს.

Україна irredenta, 1895

პუტინის პროპაგანდა ამტკიცებს, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა ნეონაცისტების მიზანია. ამ ტყუილების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის კონცეფცია პირველად ჩამოაყალიბა მარქსისტმა იულიან ბაჩინსკიმ. ‘’Україна irredenta’’ გამოქვეყნდა 1895 წელს. ბაჩინსკი ამბობდა, რომ უკრაინა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, შექმნას უკრაინულენოვანი ლიტერატურა და ხელოვნება. ამ დროიდან მოყოლებული უკრაინელი ხალხი იბრძოდა იმპერიების წინააღმდეგ, მათ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს რევოლუციაში.

1918 წელს კაუცკიმ დაწერა ”პროლეტარიატის დიქტატურა,” სადაც აანალიზებს 1917 წლის რევოლუციას. კაუცკი მიიჩნევდა, რომ რეალურად არსებობდა წინააღმდეგობა ორ არსებითად განსხვავებულ მეთოდს შორის: დემოკრატიულსა და დიქტატორულს შორის. ორივე მიისწრაფვის ერთისკენ: სოციალიზმის გზით პროლეტარიატის და მასთან ერთად მთელი კაცობრიობის გათავისუფლებისკენ. კაუცკი, ამბობდა, რომ საბოლოო მიზანი არ არის სოციალიზმი, არამედ ყოველგვარი ექსპლუატაციისა და ჩაგვრის გაუქმება, იქნება ეს კლასი, სქესი თუ რასა. მის წინააღმდეგ გამოვიდა ლენინი და კაუცკი მარქსიზმის ღალატში დაადანაშაულა. ლენინმა თავისი ხედვა დააფუძნა ენგელსის პოზიციას პროლეტარული დიქტატურის შესახებ.

ლენინმა 1917 წელს დაწერა ‘’სახელმწიფო და რევოლუცია’’, სადაც ენგელსის პოზიციებზე დაყრდნობით, აკრიტიკებდა ‘’ერფრუტის პროგრამას’’, ხოლო 1918 წელს გამოაქვეყნა ‘’პროლეტარული რევოლუცია და რენეგატი კაუცკი’’. ლენინი ასაბუთებს, რომ კაუცკიმ გადაუხვია მარქსისტული სწავლებიდან.

რევოლუცია უკრაინაში, [Революция на Украйне, 1919]

ვასილ შახრაი დაიღუპა თეთრებთან ბრძოლაში. იგი მთელი ცხოვრება იცავდა უკრაინის დამოუკიდებლობას და დაუპირისპირდა პარტიის ოფიციალურ პოლიტიკას. 1919 წელს გამოქვეყნდა მისი ორი ნაშრომი: ‘’Революция на Украйне’’ და ‘’До хвилі’’ , სადაც აყენებდა დამოუკიდებლობის საკითხს. დააპატიმრეს და უკრაინიდან დეპორტაცია მიუსაჯეს. ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებდა ბრძოლას თეთრების წინააღმდეგ. უკრაინელმა რევოლუციონერებმა წერილი გაუგზავნეს ლენინს. წერდნენ, რომ კომუნისტურ პარტიაში გავლენა მოიპოვეს უღირსმა ადამიანებმა. ”Хлоп’ята без штанців” – ამ სიტყვით ახასიათებენ პარტიის ბიუროკრატიას.

ბოლშევიკური ბონაპარტიზმი[ Більшовицький бонапартизм, 1948]

უკრაინელი რევოლუციონერები დამარცხდნენ, ბევრი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ან გადასახლებაში. წინააღმდეგობა გაგრძელდა ემიგრაციაში. 1949 წლიდან მიუნხენში შეიქმნა გამოცემა ”ვპერედ”. გამოცემა აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას. ივან მაისტრენკომ, რომელიც იყო რევოლუციის მონაწილე, 1948 წელს გამოსცა წიგნი ‘’ბოლშევიკური ბონაპარტიზმი’’. იგი მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კავშირში აშენდა არა სოციალიზმი, არამედ სახელმწიფო კაპიტალიზმი, სადაც ექსპლუატატორი კლასი იყო პარტიული ბიუროკრატია.

ენგელსი და არაისტორიული ხალხები[ Енгельса та “неісторичних” народів, 1964]

რომან როზდოლსკი დაუპირისპირდა სტალინს და ამხელდა კომუნისტური ინტერნაციონალის განადგურებასა და ფაშისტებთან კოლაბორაციაში. 1941 წელს ნაცისტებმა უკრაინის ოკუპაციისთანავე, როზდოლსკი დააპატიმრეს, დევნილი ებრაელების დახმარებისთვის და ოსვენციმის ბანაკში გაგზავნეს. გაათავისუფლეს 1945 წელს და გაემგზავრა აშშ-ში. 1964 წელს მან დაწერა ”ენგელსი და არაისტორიული ხალხები”. ეს ნაშრომი უბრუნდება XIX საუკუნის ბოლოს დაწყებულ დავას ერთა თვითგამორკვევის საკითხზე.

გაზიარება