ქრისტიან-დემოკრატები დამარცხების ზღვარზე

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე


1950 წლის ოქტომბერში, ქვემო საქსონიის პატარა ქალაქ გოსლარში, საბჭოთა საოკუპაციო ზონიდან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ დარბაზში მთელი გერმანიიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომელთაც ქრისტიანული ფასეულობებისა და დემოკრატიული სტანდარტების საფუძველზე ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაციის აშენება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ყრილობის მონაწილეთა შორის იყვნენ კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც. ახალ ეპოქას გერმანია კონფესიური ნიშნით დაყოფილი პატარ-პატარა პარტიების ნაცვლად, ერთიანი ქრისტიანული ფრონტით შეეგება. შეკრებილ საზოგადოებას ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა, ნაცისტურ საპყრობილეს გადარჩენილმა კანცლერმა, 67 წლის კონრად ადენაუერმა მიმართა: „გერმანიას კვლავ აქვს ამოცანა: მას სურს გაიღოს მთელი თავისი ძალისხმევა გაერთიანებული ევროპის ჩამოყალიბებისა და მშვიდობის დაცვისთვის. ეს არის უმშვენიერესი ამოცანა, რომელიც შეიძლება საერთოდ ერს დაეკისროს. ჩვენ შევეცდებით მის გადაწყვეტას.“

ამგვარად დაიწყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძლიერი პოლიტიკური პარტიის – გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (ქდკ) შთამბეჭდავი ისტორია. ქრისტიან-დემოკრატები გერმანიას ყველა კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში მართავდნენ – ისინი სათავეში ედგენენ რესპუბლიკას დაარსებიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში; ქდკ-ის ლიდერი გახლდათ გერმანიის პირველი პირი ქვეყნის გაერთიანებისა და ბერლინის კედლის დანგრევის დროს; მთავრობის კონსერვატორ მეთაურს მოუწია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, მიგრანტთა კრიზისისა და თანამედროვე სამყაროს სხვა ქარიშხლების საკუთარ თავზე გადატანა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი არის ერთადერთი პარტია გერმანიაში, რომელსაც ბუნდესტაგის მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებისა და მინისტრთა კაბინეტის კოალიციის პარტნიორის გარეშე დაკომპლექტების გამოცდილება აქვს. ქრისტიან-დემოკრატთა გამორჩეული თვისება გახლავთ ის, რომ კონსერვატორები დიდ ხანს ახერხებენ ხელისუფლების შენარჩუნებას. კონრად ადენაუერს, ჰელმუთ კოლსა და ანგელა მერკელს სხვადასხვა ათწლეულში 14 წელიწადზე მეტხანს ეპყრათ ხელთ ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების სადავეები.

დიადი წარსულის მქონე პოლიტიკური ძალა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, პარტიამ არჩევნებზე შეიძლება 1949 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგი აჩვენოს, ოცი აგვისტოს მონაცემებით მთავარი კონსერვატიული ალიანსის რეიტინგი მხოლოდ 25%-ს უტოლდება.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის უფსკრულის პირას აღმოჩენა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. თქვენს ყურადღებას რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ:

მერკელის ეფექტი

დემოკრატიულ საზოგადოებაში მრავალწლიან მმართველობას თავისი უარყოფითი ეფექტიც ახლავს თან. ხალხს ჰბეზრდება მოსაწყენი რუტინა და სტაბილური მმართველობა, დინამიკისა და სიახლეების დეფიციტი კი ხელისუფლების ცვლილებისკენ უბიძგებს. შეიძლება ცვლილებამ უკეთესი შედეგები ვერ მოიტანოს, მაგრამ პოლიტიკური კლასის გამოცოცხლებასა და ამოძრავებას მაინც გამოიწვევს, რასაც მოცემულ მომენტში რიგითი მოქალაქეებისათვის მოძველებულ წესრიგზე უფრო მეტი ფასი შეიძლება ჰქონდეს.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი 2005 წელს გახდა. მას შემდეგ 16 წელი გავიდა. გერმანიაში მთელი თაობები აღიზარდნენ ისე, რომ სხვა ლიდერი და მმართველი არც ახსოვთ, ისინი მერკელის ეპოქის შვილები არიან. აღმოსავლეთ გერმანელი ფიზიკოსის პოლიტიკური მოღვაწეობით ადგილობრივები მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან. მათ იციან, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია და გამოცდილი ლიდერი რთული სიტუაციებიდან ოპტიმალურ გამოსავალს ყოველთვის იპოვის. მისგან არც მომავლისკენ ნახტომს მოელიან და არც შეცდომებს, რომლებიც მკვეთრ უკუსვლას წაახალისებენ. უბრალოდ, ქალმა კანცლერმა წასვლა გადაწყვიტა. ალბათ, შეუძლებელია ადამიანმა ათწლეულების განმავლობაში გაუძლოს ჯოჯოხეთურ დატვირთვასა და ყველა კატასტროფის ეპიცენტრში მუშაობას.

Der Spiegel-ის ეკონომიკის მიმომხილველი, პროფესორი ჰენრიკ მიულერი ანგელა მერკელის განვლილი გზის შესაფასებლად საგულისხმო ცნებებს – „Taktischer Opportunismus und strategische Leere“ იყენებს. ის ფიქრობს, რომ ქრისტიან-დემოკრატი კანცლერის ნაბიჯები ტაქტიკური ოპორტუნიზმითა და სტრატეგიული სიცარიელით არის ნაკარნახები.

რაზე მიგვანიშნებს ცნობილი პუბლიცისტი?

გერმანია საერთაშორისო ასპარეზზეც და დიდი კრიზისების დროსაც ნაკლებად გავლენიანი, შედარებით სუსტი ქვეყანის მსგავსად მოქმედებს, რომელსაც თითქოს არჩევანი არ აქვს. ამგვარი მიდგომის მიხედვით, დიდი კატაკლიზმების მიმდინარეობისას გერმანიას არაფერი შეუძლია გარდა სხვების მიერ დადგენილი პირობებისა და ობიექტური მოცემულობების მიმართ ადაპტაციისა, ასევე შექმნილი ვითარებიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით თავის დაძვრენისა. მიულერის აზრით, გერმანია უარს ამბობს თავისი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების დასახვასა და მომავლის ორიენტირების გამოკვეთაზე, მხოლოდ დღეს არსებული ბარიერების გადალახვის მოტივაციით მოქმედებს. მაშასადამე, საქმე გვაქვს უკვე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებასთან და არა ახალი პოლიტიკური წესრიგის შექმნის მცდელობასთან.

მერკელის ხასიათზე, პოლიტიკურ პროფილზე მიუთითებს მისი უკანასკნელი საარჩევნო ბრძოლის დროს (2017 წლის კამპანია) გამოყენებული ლოზუნგიც – „გერმანიისთვის, რომელშიც კარგად და სიამოვნებით ვცხოვრობთ“. გერმანული მემარცხენეობის საკულტო ფიგურა ვილი ბრანდტი ხალხს უფრო მეტი დემოკრატიის დამკვიდრებისათვის უფრო მეტ გამბედაობას სთავაზობდა, ერის გამაერთიანებელი ჰელმუთ კოლი „სულიერ-მორალური გარდაქმნის“ დაპირებით იბრძოდა ხელისუფლებისათვის, პირველი და უკანასკნელი ქალი კანცლერი კი თითქმის ყოველთვის აქცენტს დიდი ხნის წინ მიღწეულის (რომელიც თავის მხრივ კარგი და სასიამოვნოა) შენარჩუნებაზე სვამს. როგორც ჩანს, კლიმატის ცვლილების დაჩქარების, ევროკავშირის ეკონომიკური პრობლემების გამძაფრების, ავტორიტარული რეჟიმების აღმავლობის ფონზე, 16 წლიანი მმართველობის შემდეგ აღნიშნული აქცენტი ამომრჩეველთა დარაზმვისათვის საკმარისი აღარ არის.

მემკვიდრის პრობლემა

თუ გერმანიის პოლიტიკური გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ ლიდერებს ძალიან უჭირთ ღირსეული მემკვიდრეების შერჩევა. კონრად ადენაუერის მრავალწლიანი კანცლერობის შემდეგ ესტაფეტა ლუდვიგ ერჰარდმა გადაიბარა და მხოლოდ სამ წელიწადს გაძლო მინისტრთა კაბინეტის მთავარ სავარძელში. ჰელმუთ კოლის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ქდკ-ის საჭესთან ვოლფგანგ შოიბლე აღმოჩნდა, რომელმაც ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ ხანს შეძლო პოზიციების შენარჩუნება.

ანგელა მერკელიც შეეცადა თავისი მემკვიდრის შერჩევას. 2018 წელს იგი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და თავისი ადგილი ზაარლანდის პრემიერ-მინისტრს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს დაუთმო. 2020 წელს ტურინგიაში ულტრამემარჯვენეების დახმარებით თომას ქემერიჰის (ლიბერალური პარტია) მთავრობის თავმჯდომარედ არჩევას დიდი სკანდალი მოჰყვა. სკანდალზე პასუხისმგებლობა კონსერვატორთა ლიდერმა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობა დატოვა.

ამჟამად გერმანიის მთავარი კონსერვატიული ძალის პირველი პირი არმინ ლაშეტია, რომელიც 26 სექტემბრის არჩევნებზე კანცლერის პოსტის ხელში ჩასაგდებად იბრძვის.

ვინ არის არმინ ლაშეტი?

არმინ ლაშეტი ამჟამად გერმანიის უდიდესი ფედერაციული მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ლიბერალებთან ერთად შექმნილი კოალიციით ხელმძღვანელობს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 18 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რეგიონში თავმოყრილია ქვეყნის არაერთი უმსხვილესი ინდუსტრიული და ეკონომიკური ცენტრი, მხარეს ხშირად უწოდებენ „მინი ფედერაციულ რესპუბლიკას“. შესაბამისად, დიუსელდროფის სამთავრობო კანცელარია ბევრი პოლიტიკოსის წარმატებისთვის გამხდარა უმთავრესი ტრამპლინი (შეგვიძლია ფინანსთა მინისტრი და კანცლერობის კანდიდატი პეერ შეინბრუკი და გავლენიანი ფედერალური პრეზიდენტი იოჰანეს რაუ გავიხსენოთ). ამასთანავე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრობა ამომრჩევლისათვის ავტომატურად გულისხმობს მართვის უზარმაზარ გამოცდილებასაც.

მთავრობის თავმჯდომარეობამდე ლაშეტმა დიდი გზა განვლო. იურიდიული განათლების მიღების შემდეგ გახლდათ აახენის საქალაქო საბჭოს, ლანდტაგის, ბუნდესტაგისა და ევროპარლამენტის დეპუტატი. იგი პროფესიონალი პოლიტიკოსია. გერმანიის ისტორიაში პირველ ინტეგრაციის სამინისტროს, რომელიც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 2005 წელს შეიქმნა, სწორედ ლაშეტი ხელმძღვანელობდა. მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აახენელმა წიგნიც კი დაწერა გერმანიის საემიგრაციო და ინტეგრაციის პოლიტიკის ისტორიასა თუ ნაკლოვანებებზე. ამავე პუბლიკაციაში წარმოადგინა ხედვა, თუ როგორ შეიძლება იქცეს გერმანია ცხოვრებისეულ შანსად მიგრანტებისათვის და როგორც შეიძლება ეს შანსი მთელმა ქვეყანამ გამოიყენოს. ლაშეტი არ ერიდება მიგრაციის თანმდევი უსიამოვნებებისა და პრობლემების მხილებასაც.

ქდკ-ის მთავარი კანდიდატი მართლმორწმუნე კათოლიკეა, იგი დიდი ხანი მსახურობდა აახენის ერთ-ერთ ეკლესიაში მინისტრანტად (გულისხმობს ჩვენებური დიაკვნისა და სტიქაროსანის რიგი ფუნქციების შესრულებას). პრემიერ-მინისტრი დღემდე ინარჩუნებს კავშირს რადიკალურ კათოლიკურ წრეებთან, რასაც ადასტურებს სახელმწიფო მდივნად და რეგიონალური მთავრობის კანცელარიის უფროსად ნათანიელ ლემინსკის დანიშვნა. ლემინსკი ლაშეტის მარჯვენა ხელია, ის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა ულტრაკონსერვატიული განწყობებითა და შესაბამისი განცხადებებით. ამგვარ წრეებთან კანდიდატის კავშირების ინსტრუმენტალიზება სცადეს სოციალ-დემოკრატებმა, რომელთა საარჩევნო ვიდეო-რგოლშიც შეგიძლიათ იხილოთ ლემინსკის გამოსახულება. ლემინსკის გამოჩენისთანავე კლიპის გამხმოვანებელი დრამატული გამოთქმით გვაუწყებს: „ვინც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ირჩევს, ის ხმას აძლევს ლაშეტის ნდობით აღჭურვილ რადიკალ კათოლიკეს, რომლისთვისაც ქორწინებამდე სექსი ტაბუს წარმოადგენს“.

ლაშეტის საარჩევნო კამპანია საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ უმსხვილესი ფედერალური მიწის მეთაურის პოლიტიკას პანდემიის დაძლევის მიმართულებით. ბევრი ფიქრობს, რომ გაცილებით უფრო პატარა მხარეები გაცილებით უფრო ეფექტურად უმკლავდებიან Covid 19-ის გავრცელების შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს. ლაშეტს საყვედურობენ ინოვაციური იდეების, ახალი ხედვების ნაკლებობის გამო, ტაბლოიდური გამოცემები კანდიდატს „ბატონ მერკელად“ მოიხსენიებენ.

ქრისტიან-დემოკრატს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ერთმა ინციდენტმა. რამდენიმე კვირის წინ დასავლეთ გერმანიას საშინელი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. წყალმა წაიღო არაერთი მუნიციპალური ცენტრი, დაიხოცა ათობით ადამიანი. ლაშეტი თან ახლდა სტიქიის ზონის მოსანახულებლად რაინისპირეთში ჩამოსულ ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერს. შტაინმაიერმა იქვე უპასუხა ჟურნალისტთა კითხვებს და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი შეძრწუნებული სახით სამგლოვიარო კომენტარს წარმოთქვამდა, ლაშეტი სახელმწიფოს მეთაურის უკან, ოდნავ მოშორებით იდგა და თანაშემწეებთან ერთად იცინოდა. მოგვიანებით, ინციდენტის გამო კანცლერის თანამდებობისთვის მებრძოლმა პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა. ამჟამად აახენელი ყველაფერს აკეთებს უსიამოვნო მოვლენის გადასაფარად, ხან ელონ მასკთან ერთად სტუმრობს ტესლას ქარხანას ბრანდერბურგში, ხან რინგზე ვარჯიშობს კრივის ხელთათმანებით, ხან ნაგვის გროვებთან მართავს პრესკონფერენციებს. მიუხედავად მონდომებისა, ბევრს უჭირს ქრისტიან-დემოკრატის სიცილის დავიწყება.

ლაშეტის მომხრეები ერთმანეთისა და ამომრჩევლების გასამხნევებლად მის ერთ უცნაურ თვისებაზე ამახვილებენ ყურადღებას. კონსერვატორი პოლიტიკოსი ყველა ბრძოლაში „აუტსაიდერის“ რანგში ერთვება, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გამარჯვებული გამოდის დაპირისპირებიდან. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველა დეპუტატ ნორბერტ რიოთგენს მოიაზრებდა, მაგრამ საბოლოოდ ლაშეტმა დაიკავა დიუსელდროფის სამთავრობო კანცელარია. ქდკ-ის თავმჯდომარეობასაც მსხვილი კონცერნების ლობისტ ფრიდრიხ მერცს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პარტიის სათავო ოფისის მთავარი ოთახი მაინც მაღაროელის შვილს ხვდა წილად. სულ ბოლოს ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების კანცლერობის საერთო კანდიდატად ბავარიის სუპერპოპულარული პრემიერ-მინისტრი – მარკუს ზიოდერი დასახელდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში კვლავ მეორე პლანზე მდგარი კონსერვატორი გახდა რჩეული. ოპტიმისტებს იმედი აქვთ, რომ უცნაური მახასიათებელი კიდევ ერთხელ იჩენს თავს, მერე რა, რომ ქრისტიან-დემოკრატები გამოკითხვებში ყოველ კვირეულად იუარესებენ თავიანთ შედეგებს…

მოძველებული პროგრამა

დამკვირვებელთა აზრით, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ახალ საარჩევნო პროგრამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „ანგელა მერკელი მეხუთე ვადით“. დოკუმენტის საერთო სულისკვეთება ამგვარია – „ბევრ კეთილ საქმეს ვაკეთებდით, ახლა ძველი საქმეები კიდევ უფრო კარგად, უკეთესად უნდა გავაკეთოთ“. ახალი იდეების, გარდაქმნების სურვილის დეფიციტი პროგრამის უმთავრესი მახასიათებელია, რაც მიმზიდველობას უკარგავს პარტიასა და მის საერთო კანდიდატს.

ქრისტიან-დემოკრატები ბიუროკრატიის შეკვეცისა და სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის დაჩქარების ინიციატივით გამოდიან. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გადასახადების შემდგომ ზრდას, ემხრობიან ზოგიერთი ბეგარის შემცირებას ან სრულად გაუქმებას. კონსერვატორები ერთგული რჩებიან ე.წ. „შავი ნულის“ კონცეფციის, რომელიც ახალი ვალების აღებას გამორიცხავს და შეუძლებელს ხდის ვალების საშუალებით მსხვილი სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებას. პროგრამა ითვალისწინებს დამატებითი შეღავათების დაწესებას პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

კლიმატის დაცვის მიმართულებით მემარჯვენე-ცენტრისტები პროცესების სამართლიანად ორგანიზების აუცილებლობაზე სვამენ აქცენტს, ამასთანავე, მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების ფასის გადახდა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ეკონომიკის მთავარ აქტორებს. მერკელის პარტია ეწინააღმდეგება კლიმატის მიზნებისთვის ავტოინდუსტრიის დაუყოვნებლივ შეზღუდვას.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ე.წ. „კანონისა და წესრიგის“ პოლიტიკის მიმდევარია, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს პოლიციელთა კონტიგენტის, ვიდეო-ზედამხედველობისა და სახის ავტომატურად ამოცნობის სისტემების რაოდენობის ზრდას.

ტრადიციულად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის გაძლიერების სერვისები მხარდაჭერას. მათი ლოზუნგი ასეთი გახლავთ: „ჩვენ გვსურს ოჯახის მიმართ სამართლიანი შრომის სამყარო და არა შრომის ბაზარს მორგებული ოჯახი“. კონსერვატორთა მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი დრო და მომსახურება შესთავაზონ მშრომელ ოჯახებს განვითარებისა და ერთმანეთზე ზრუნვისათვის, ბავშვებისა და პენსიონერების საჭიროებათა დაკმაყოფილებისათვის.

საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ქრისტიან-დემოკრატები ტრადიციულად ევროკავშირის სტრუქტურების გაძლიერების, კავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის, საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების გულშემატკივრები არიან. ქრისტიან-დემოკრატებს სურთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბება, ნატოსთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რუსეთისა და ჩინეთის მზარდი გავლენების შეზღუდვა.

კონკურენტი კონსერვატიულ ფლანგზე

დიდი ხნის შემდეგ პირველად, 2017 წელს ბუნდესტაგში მანდატები ახალმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) ჩაიგდო ხელში. ბუნდესტაგის გარდა პოლიტიკური ორგანიზაცია წარმოდგენილია ქვეყნის ყველა სამხარეო პარლამენტში და საკმაოდ დაქსელილია კომუნალურ დონეზეც. „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ორი ძირითადი დინებისგან შედგება. პირველი ფლანგი ბიურგერულ-კონსერვატიულ პოზიციებზე დგას, გამოირჩევა ევროკავშირის საწინააღმდეგო და ნეოლიბერალური ეკონომიკის გაძლიერებაზე ორიენტირებული მოსაზრებებით. პარტიის მეორე ფრთა კი ულტრამემარჯვენე მიმართულებისაა, ახასიათებს რადიკალური განწყობები და მოქმედებები, მისი წევრები ანტისაემიგრაციო დამოკიდებულებებითა და ნაცისტური წარსულის რელატივიზაციის მცდელობებით შეიცნობიან. AfD-ს ლიდერები უკომპრომისოდ უპირისპირდებიან მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ძლიერი იერიში კი ყოველთვის მიაქვთ ანგელა მერკელისა და ქდკ-ის მისამართით. ბუნებრივია, ახალი პარტიის ინსტიტუციონალიზებამ მემარჯვენე ამომრჩევლის დაქსაქსვა და რადიკალიზება გამოიწვია. მერკელის ჯგუფს ასეთი ერთობები ხშირად უწოდებენ ქრისტიან-დემოკრატიის ისტორიაში ყველაზე მარცხნივ გადანაცვლებულ ტენდენციას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალური ამომრჩეველი ქდკ-ს ბოლომდე მიტოვებული არ ჰყავს. მმართველი პარტიის დეპუტატობის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კანდიდატი ჰანს-გეორგ მაასენი გახლავთ, რომელიც 2010-იან წლებში კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურს (CIA-სა და FBI-ის ექვივალენტი დაწესებულება) ხელმძღვანელობდა. მან 2018 წელს ქალაქ ხემნიცში მიმდინარე სასტიკი, მასობრივი შეტაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეჭვი შეაქვს ზიზღის საფუძველზე უცხოელთა დევნის, მათზე ქუჩებში ნადირობის შემთხვევების ჭეშმარიტებაში. დრეზდენის პროკურატურა მაშინვე დაუპირისპირდა უმაღლესი თანამდებობის პირს და ეთნიკური თუ რასობრივი ნიშნით ადამიანთა შევიწროვების, მათზე ძალადობის არაერთი ფაქტის თაობაზე მიანიშნა. ამასთანავე, წარადგინა მრავალი მტკიცებულება და ვიდეო-მასალა. დებატების შემდეგ მაასენის წინააღმდეგ განეწყო ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, საჯარო მოხელეს დაუპირისპირდნენ თავისი თანაპარტიელებიც. სამაგიეროდ, მან არნახული პოპულარობა მოიპოვა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიულ წრეებში.

***

ქრისტიან-დემოკრატები დამარცხების ზღვარზე დგანან, მაგრამ მიჯნისთვის ჯერ არ გადაუბიჯებიათ. მიუხედავად სირთულეებისა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე დიდ და დანარჩენებზე უფრო ძლიერ პარტიად რჩება. შესაბამისად, მათ ჯერ ყველა შანსი არ გაუშვიათ ხელიდან და კვლავ შეუძლიათ სახელისუფლებო ბერკეტების შენარჩუნება.

ლევან ლორთქიფანიძე (1992) – პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, თსუ-ისა და გაუ-ს ლექტორი.

შენიშვნები:

[1]https://rp-online.de/politik/deutschland/wahlprogramm-cdu-csu-zur-bundestagswahl-2021-das-sind-die-kernpunkte-zu-klima-rente-und-co_aid-59887393

[2]https://www.deutschlandfunk.de/bundestagswahl-2021-union-auf-dieses-wahlprogramm-haben.2897.de.html?dram:article_id=499100

[3]https://www.spiegel.de/politik/deutschland/cdu-csu-kanzlerkandidat-armin-laschet-merkel-programm-ohne-merkel-a-08337bc9-09da-4b66-9dc2-025ebc4df565

[4]https://www.spiegel.de/wirtschaft/unternehmen/deutschlands-internationale-rolle-im-zweifel-opportunistisch-kolumne-a-f7cdb486-0bad-4d7e-bf17-3b748457da2c

[5]https://www.bild.de/politik/inland/politik-inland/es-geht-um-sex-vor-der-ehe-spd-spot-greift-laschet-vetrauten-an-77315300.bild.html

[6]https://www.br.de/nachrichten/deutschland-welt/armin-laschet-der-kanzlerkandidat-der-union-im-portraet,SO38haK

გაზიარება