რა უსამართლობას ვაწყდებით მასწავლებლები?

ავტორი: ხატია დუნდუა

ახალგაზრდა მასწავლებლები ძალიან ბევრ უსამართლობას ვაწყდებით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელზედაც ახლა მინდა ვისაუბრო არის ის, რომ თუ სამინისტროში არ გყავს „კარგი ნაცნობი“ ან დირექტორის ნათესავი არ ხარ, ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო სკოლაში დასაქმდე.

მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

მე ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი. ბაკალავრიატი დავასრულე წარჩინებით, უმაღლეს ქულაზე ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდები, გავიარე „მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა“, ვსწავლობდი გაცვლითი პროგრამით აშშ-ში, 100% გრანტით ჩავაბარე მაგისტრატურაზე, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. თუმცა ეს ყველაფერი ამაოდ. უამრავ გასაუბრებაზე ვიყავი საჯარო სკოლაში და არც ერთმა ამიყვანა. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ჩემში უზარმაზარი იმედგაცრუება გამოიწვია. სხვა ახალგაზრდა მასწავლებლებს რომ ჰკითხოთ, ვინც ცდილობს საჯარო სკოლაში დასაქმებას, ყველა ანალოგიურ პასუხს გაგცემთ. ჩვენ მივდივართ გასაუბრებაზე, ვიცით რომ დიდი ალბათობით კადრი უკვე არჩეულია, თუმცაღა გულის სიღრმეში 0,1% იმედი მაინც გვაქვს. შედეგი კი ყოველთვის ერთია, გასაუბრებაზე კითხვებს დაგისვამენ, შეგაქებენ, საჯარო სკოლაში სწავლების დაწყების შანსს კი არავინ გაძლევს.

რას ვაკეთებთ ამ დროს? მე პირადად ინგლისური ენის მოსამზადებელ ცენტრში დავიწყე მუშაობა, სადაც კაბალურ შრომით პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებასთან მომიწია შეჯახება.

ჩემი აზრით, მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პროფესიაა, უდიდესი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ვაკეთებ ჩემს საქმეს, თუმცაღა ამდენ უსამართლობასთან გამკლავება მარტივი არაა. ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, საჯარო სკოლებში მასწავლებლების ნაცნობობით აყვანის პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უნდა შევიმუშაოთ მექანიზმი, რომელიც საჯარო სკოლაში მასწავლებლის აყვანას უფრო სამართლიანსა და გამჭვირვალეს გახდის.

გაზიარება