თითოეულ მთას
ორი სახელი ჰქვია

ავტორი: ანანო ნიქაბაძე

თითოეულ მთას ორი სახელი ჰქვია

ავტორი: ანანო ნიქაბაძე

შესავალი

1988-1994 წლების ომის შემდეგ, 2020 წლის 27 სექტემბრის დილას მთიან ყარაბაღში შეტაკებები განახლდა. ჯერ კიდევ 1992-1994 წლების ომის დროს რუსეთი ამარაგებდა სომხეთს, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მიმდებარე შვიდი პროვინციის დასაპყრობად. შედეგად, დღეს სომხეთში 5000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, რუსი მესაზღვრეები პატრულირებენ სომხეთის საზღვრებზე, საჰაერო თავდაცვას აკონტროლებს რუსეთის სამხედრო სარდლობა.

რუსეთის იარაღის ინდუსტრიამ დიდი სარგებელი მიიღო ყარაბაღში შექმნილი ვითარებისგან. გარდა 1990-იან წლებში სომხეთისთვის იარაღის უკანონო გადაცემისა, მათ 300 მილიონი დოლარის სესხი მისცეს ერევანს რუსული იარაღის შესაძენად, პარალელურად, მილიარდობით დოლარის აღჭურვილობა მიყიდეს აზერბაიჯანს. [1]

ალიევის რეჟიმი იარაღის 85%-ს რუსეთიგან ყიდულობს. 2010–2012 წლებში რუსეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს იარაღის შესყიდვაზე. ჯამში, ალიევმა გადაიხადა 3-5 მილიარდი დოლარი. პუტინისგან მიიღო ასობით ტანკი, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები, საზენიტო სისტემები, ვერტმფრენები… მათ ტანკები იყიდეს ლუკაშენკოს რეჟიმისგანაც. [2]

სამხედრო კონფლიქტმა გაანადგურა მიწა, რომელიც აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს ეკუთვნოდა, შეიწირა ათასობით სიცოცხლე.

თუკი ყარაბაღის კონფლიქტის მიზეზების გაგება გვინდა, მაშინ, პირველ რიგში, უნდა უარვყოთ ის აზრი, რომ ეს „უძველესი კონფლიქტია ორ ერს შორის“. საბჭოთა ბიუროკრატიამ ყველა გზას მიმართა იმისთვის, რათა ამ რეგიონში მის მიერვე დაგეგმილი მკვლელობები ნაციონალისტურ დაპირისპირებად გაესაღებინა.

ასეთ ისტორიას ჰყვება გიორგი რურუა იაგო ხვიჩიასთან მიცემულ ინტერვიუში, გადაცემათა ციკლიდან “საქართველოს დაბადება”. [3] 1987 წელს ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებდნენ ეროვნული მოძრაობის ნაწილად, საბჭოთა ბიუროკრატიის დავალებით, იარაღს ეზიდებოდნენ ქვემო ქართლში. მაშინ სისხლიანი დაპირისპირება ადგილობრივმა ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა თავიდან აირიდეს.

საუბედუროდ, ასეთმა მცდელობამ სხვა შემთხვევაში გაამართლა. 1986 წელს იგორ მურადიანი, „გოსპლანის“ ეკონომისტი, უკავშირდება დაშნაკების მიწისქვეშა გაერთიანებას და სეპარატისტებისთვის საზღვარგარეთიდან იარაღის შესყიდვას იწყებს. მოგვიანებით, მურადიანმა განაცხადა, რომ იმ დროს ყარაბაღის ყველა ორგანიზაცია – კომკავშირის ჩათვლით, შეიარაღებული იყო. [4]

1988 წლის თებერვლიდან, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკაში სომხები გამოვიდნენ ქუჩებში ერევნის მახლობლად, ტოქსიკური ბირთვული და ქიმიური ქარხნების წინააღმდეგ. [5] არეულობით სწრაფად ისარგებლეს შეიარაღებულმა ბანდებმა და მეორე დღესვე, პროტესტი ყარაბაღის საკითხის გარშემო დატრიალდა. დემონსტრაციები დაიწყო სტეფანაკერტშიც (ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ცენტრი, ყარყარჩაის ხეობაში; თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი). მურადიანის თქმით, მიტინგის დაწყებამდე იგი გრძნობდა, რომ სტეფანაკერტი „მის ხელში იყო“. პოლიციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა და ადგილობრივი პარტიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ზურგს უმაგრებდნენ.

20 თებერვალს, სტეპანაკერტში, მთიანი ყარაბაღის ასსრ–ს ადგილობრივმა საბჭომ აზერბაიჯანის სსრ–დან გამოყოფისა და სომხეთის სსრ–თან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.


22 თებერვალს გაბრაზებული აზერბაიჯანული დემონსტრანტების ჯგუფი
აღდამიდან სტეფანაკერტისკენ გაემართა. დემონსტრანტები ქალაქ ასკერანთან შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სანადირო თოფებით შეიარაღებული პოლიციელები ელოდებოდათ. დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი დემონსტრანტი, ალი ჰაჯიევი და ბახტიარ გულიევი. მკვლელობა დაბრალდა სომეხთა ჯგუფებს. აღდამის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, განრისხდა, მაგრამ შურისძიებისგან თავი შეიკავა.

სამაგიეროდ, სწორედ ეს ამბავი გამოიყენა საბჭოთა ბიუროკრატიამ, რათა საშინელი მკვლელობები მოემზადებინა სომეხი მოქალაქეების წინააღმდეგ მომდევნო 5 დღეში, მუშათა ქალაქში, სუმგაითში და რასაც შემდგომში მოჰყვა ბოლო წლების აზერბაიჯანელთა უსასტიკესი გენოციდი ხოჯალოში.

როგორც უკვე ვთქვით, კონფლიქტის, ან უფრო სწორად, ტრაგედიის გაგებისას, უნდა უარვყოთ საუკუნოვანი დაპირისპირება ხალხებს შორის, რადგან ისტორია სხვა ამბავს ჰყვება.

სამით ალიევი. “ადამიანის სიცოცხლე“. 2003

„ადამიანის სიცოცხლე“ ასახავს ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე დაძაბულ პერიოდს. 1992-1993 წლებში. აქ წარმოდგენილია სამი ურთიერთდაკავშირებული თხრობა. ორი მათგანი კლასიკური ნოველაა, სადაც ყარაბაღის კონფლიქტი არის გარდამტეხი მოვლენა, რომელიც რადიკალურად გარდაქმნის გმირების ცხოვრებას. მესამე ნაწილი ისტორიული და პოლიტიკური ინტერპრეტაციაა, სადაც მთხრობელი საკუთარი ანალიზს გვთავაზობს კონფლიქტის შესახებ. პირველი ნაწილი იწყება აღდამიში, ქალაქი, რომელიც ტრადიციულად ითვლება ყარაბაღის ნაწილად, თუმცა ადმინისტრაციულად, საბჭოთა პერიოდში მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში არ შედიოდა. სხვა ქალაქების მსგავსად, ყარაბაღში და მის გარშემო, აღდამიშიც აზერბაიჯანული და სომეხი მოსახლეობა ერთად ცხოვრობდა. სწორედ აქ იზრდება სომეხი [ვალერი] და აზერბაიჯანელი [ალაჰიარი].

„იყო და არა იყო რა, ალბათ სხვა ცხოვრება იყო, ან სხვა რეალობა, როცა მიწა ყვაოდა, ჰორიზონტამდე გაშლილი ბაღებისა და ვენახების სიჭრელისგან თვალები აგტკივდებოდა, დათოვლილი მთები ქუდს იხდიან მოწვეულ თუ შემთხვევით მოსულ სტუმრების წინაშე, მდინარე ამბობს – ჩემი სტუმარი იყავი – ორი ბიჭი, ვალერი და ალაჰარი ცხოვრობდნენ იმ მიწაზე, ერთსა და იმავე ქუჩაზე. ავტოსადგურიდან ერთი კვარტლის ქვემოთ ალაჰიარის სახლია, ლითონის სახურავიდან, ბროწეულის ლერწამივით წყლის მილებია ამოშვერილი. ქუჩიდან ცოტა ქვემოთ, 40 მეტრში, ვალერის სახლია ვერანდით, მოხატული ფარდებითა და ყვავილებით ფანჯრის რაფებზე..“

ისინი არა მარტო იზრდებიან ერთად, არამედ ერთმანეთსაც ჰგვანან, ფიზიკურად და ხასიათით.

„ორივე მუქი შეფერილობის, ძვალმსხვილი, მკვირცხლები, მოელვარე თვალებით. როცა იზრდებოდნენ, ქუჩაში ვერავინ შეედრებოდათ თუთის არყის სმაში. რაღაცნაირად ჰგავდნენ ერთმანეთს, შესაძლოა რუჯი, ჰაერი ან სხვა რამ – ვინ იცის, როგორ შეიძლება აგიფეთქდეს გონება თუთის არყის დალევის შემდეგ.“

ამ მშვიდობიან ცხოვრებას ყარაბაღის კონფლიქტი არღვევს. რეგიონს იარაღით ამარაგებს „უკვე აღარც საბჭოთა, მაგრამ არც ჯერ კიდევ რუსული“ დანაყოფები. არეულობის გამწვავებასთან ერთად, ვალერის ოჯახი გადაწყვეტს დატოვოს მშობლიური ქალაქი. ორი მეგობრის ბოლო შეხვედრა სევდიანია, რადგან ერთმანეთის ნახვას არ ელიან. ვალერი, გამოსამშვიდობებლად, ამბობს რაღაცას, რაც ალაჰიარს დიდხანს ემახსოვრება: „[მათ] ჩვენთან „სულელის“ როლი ითამაშეს… და „უპირატესობა“ ბალტიისპირეთს მიანიჭეს. მაგრამ „პრიორიტეტი“ ინტელექტუალური თამაშია… აქ ან საკუთარი ხელებით უნდა ვიმუშაოთ, ან უნდა გავიქცეთ“.

„ისინი“ ანუ ცენტრალური ხელისუფლება, არის საკითხი, რომელსაც თხრობა არაერთხელ უბრუნდება.

ალაჰიარი და ვალერი ერთმანეთს შეხვდნენ ერთი წლის შემდეგ, 1993 წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ორივე მოწინააღმდეგე ძალებში იბრძვიან. ერთმანეთთან კონტაქტს რადიოს საშუალებით ამყარებენ და „ნეიტრალურ ზონაში“ თანხმდებიან შეხვედრაზე. ორივე უიარაღოდ მოდის, მაგრამ არყით ხელში. ერთად სვამენ „როგორც ძველ დროში“ ამბობს ალაჰირი. „აღარასდროს იქნება ისე , როგორც ძველ დროში“ პასუხობს ვალერი. გაცვლიან კითხვებს ერთმანეთის ოჯახებისა და მომავლის შესახებ. ვალერი ალაჰიარს რუსეთში ან პოლონეთში კონტრაბანდულად გადაყვანას სთავაზობს „თუ გადაწყვეტ ჩემთან მოსვლას“- ეუბნება. ალაჰიარი უარს ამბობს და სხვა წინადადებას სთავაზობს, რომელსაც ვალერი არ თანხმდება. საბოლოოდ, იმაზე შეთანხმდებიან, რომ „ორივე შეეცდება გადარჩეს.“

ასე არ ხდება. აღდამი სომხურ ძალებს 1993 წლის 23 ივლისს ჩაბარდა. ორი თვის შემდეგ, 23 სექტემბერს, ალაჰიარი, რომელიც გვახსოვს თავისი მორალური მთლიანობითა და კომპრომისებზე უარის თქმით, ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

მისი მეგობრის გარდაცვალებიდან მეორე დღეს ვალერი უიარაღოდ მიდის აზერბაიჯანის პოსტზე და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს სთხოვს ნებართვას, მოინახულოს ალაჰიარის საფლავი. როდესაც წავა, მზადაა აზერბაიჯანის არმიას ჩაბარდეს, მაგრამ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვალერი ბრუნდება „მიწაზე, რომელიც ოკუპირებულია, მაგრამ საკუთარია“ და დასახლდება პატარა სოფელში ძველი აღდამის გარეთ, მათი ქალაქი ახლა ნანგრევებადაა ქცეული, თუმცა ხმა დადის, რომ მისი მეგობრის საფლავზე ყოველთვის ახალდაკრეფილი ყვავილებია.


აღდამიმდე. ხოჯალო 1992.

1992 წელს სამხედრო შეტევა დაიწყო ხოჯალოზე. ქალაქში ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და ქალაქს საარტილერიო ბაზად იყენებდნენ. ამ ქალაქში იყო ერთადერთი აეროპორტი მთიან ყარაბაღში, იგი წარმოადგენდა უზარმაზარი სამხედრო ღირებულების სამიზნეს, ამასთან, ხოჯალო იყო „აზერბაიჯანული კუნძული“ სომხეთის შუაგულში. გასამხედროებულმა ძალებმა 1991 წლის ოქტომბერში ქალაქისკენ გზა გაჭრეს. მოსახლეობის ტრანსპორტირების ერთადერთი საშუალება, საჰაერო გზით სარგებლობა იყო. თებერვლისთვის ქალაქში დარჩა დაახლოებით, 3000 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელსაც იცავდა 160 მსუბუქად შეიარაღებული ადამიანი. სხვები ვერტმფრენით გადაიყვანეს ქალაქიდან.

23 თებერვალს ბრძოლაში ჩაერთო რუსული 366-ე მოტომსროლელი ბრიგადა. მას შემდეგ, რაც რეგიონში რამდენიმე თვე დაჰყვეს „ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად“, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, ევგენი შაპოშნიკოვმა, გასცა ბრძანება თავდასხმაზე. შპოშნიკოვი აცხადებდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც რუსების ბაზა აზერბაიჯანის საარტილერიო დაბომბვის ქვეშ მოექცა. რეალურად, იმ ღამით 366-ე ბრიგადამ ალყა შემოარტყა ქალაქს. ღია დატოვეს „ჰუმანიტარული დერეფანი“, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცეულიყვნენ.

ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა დერეფანში გაიქცა, მცირე ნაწილი უკან დარჩა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიცემული უსაფრთხო გასასვლელი ცეცხლის ველი აღმოჩნდა. ესროდნენ გაქცეულ მშვიდობიან მოსახლეობას. ვინც გადარჩა, აწამეს. მოკლეს 613 აზერბაიჯანელი, მათ შორის 300 მოხუცი და ბავშვი. ისინი აღდამიმდე მიღწევას ცდილობდნენ.

შაპოშნიკოვმა 366-ე ბრიგადას უბრძანა სასწრაფოდ დაეტოვებინათ ყარაბაღი, რის შემდეგაც საქართველოში შემოვიდნენ და როცა აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოდ იგრძნეს თავი, 10 მარტს დაიშალნენ. რუსეთმა თავდაპირველად უარყო, რომ მისმა ჯარებმა მონაწილეობა მიიღო მშვიდობიანი აზერბაიჯანელი დევნილების ხოცვა-ჟლეტაში. ამტკიცებდნენ, რომ მათი ჯარები, კონფლიქტში ნეიტრალურები რჩებოდნენ (ისევე როგორც, ყირიმში მებრძოლი ჯარისკაცები, რომლებიც მოგვიანებით პუტინმა აღიარა რუსეთის სამხედრო ძალად).

მოსკოვის მარიონეტი, სომხეთის მომავალი პრეზიდენტი, სარგისიანი ბრიტანელ ჟურნალისტთან ტომ დე ვაალთან ამბობდა, რომ 25 თებერვალი იყო სუმგაითის მეოთხე წლისთავი, სადაც მიზანმიმართულად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სასტიკად აწამეს, დაარბიეს და მოკლეს. ამბობდა, რომ ხოჯალოს აღებაში მონაწილე სამხედროებიდან უმეტესობა სუმგაითელი იყო. „ჩვენ ეს [სტერეოტიპი] უნდა აღმოგვეფხვრა, სანამ ხოჯალოელ აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ ჩვენთან ხუმრობდნენ და რომ სომხები არიან ადამიანები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობაზე ხელს ვერ აღმართავდნენ, ამ ბიჭებს შორის იყვნენ ბაქოდან და სუმგაითიდან გაქცეული ადამიანები… თუ მშვიდობიანი მოქალაქეები დარჩნენ იქ, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან გასვლის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მონაწილეობდა სურდათ ბრძოლაში.“ [6]

Կարապները թունաւորուած լիճերէն այս իրիկուն յուսահատօրէն գաղթեցին

1992 წლის მაისისთვის სომხებმა დაასრულეს მთიანი ყარაბაღის დაპყრობა. მათ აიღეს ქალაქი შუშა, მთიანი ყარაბაღის ისტორიული დედაქალაქი, აზერბაიჯანის ბოლო პოსტი. აქედან იწყება აზერბაიჯანელებით დასახლებული უბნების დაცარიელება, იმ მომენტისთვის 40 ათასი ადამიანი გადასახლებაში აღმოჩნდა. მაისში აიღეს ლანჩინი და ამით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს რადგან, ასე დამყარდა სახმელეთო ხიდი მთიან ყარაბაღსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, რამაც სომხეთიდან ჯარის მომარაგების პრობლემა გადაწყვიტა. სომხეთის მიერ კონტროლირებად ორ ობიექტს შორის უკვე ფიზიკური კავშირი არსებობდა.

1992 წლის ივნისში ბრძოლის ტალღა აზერბაიჯანის სასარგებლოდ დატრიალდა – რუსი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ ელვისებური შეტევის წამოწყებით. რუსმა ტანკებმა ამჯერად მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნახევარი აიღო. სომხეთმა მიმართა კრემლს დახმარების სათხოვნელად. საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ ჩაერია რუსული საჰაერო არმია.

ასე რომ, რუსები იბრძოდნენ როგორც თავდასხმაში ასევე თავდაცვაში და პირიქით.

1992 წელს ტაშკენტის ხელშეკრულების პირობებით, რომელიც არეგულირებს საბჭოთა [არაბირთვული] სამხედრო ტექნიკის ახალ რესპუბლიკებს შორის განაწილებას, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც გამოეყო იარაღის თანაბარი რაოდენობა. 220 საბრძოლო ტანკი, 220 შეიარაღებული საბრძოლო მანქანა, 285 საარტილერიო, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 4 შეიარაღებული თავდასხმის ვერტმფრენი.

იმის გამო, რომ ბაქოს ირგვლივ (მთავარი პორტი და ნავთობის მწარმოებელი) მეტი სამხედრო ტექნიკა იყო, ვიდრე სომხეთის ფერმერულ თემებში, აზერბაიჯანი მემკვიდრეობით დაახლოებით სამჯერ მეტ აღჭურვილობას იღებდა, ვიდრე სომხეთი. სომხური შეფასებით, სომხური საბრძოლო მასალის მარაგები შეადგენდა 500 რკინიგზის ვაგონს, ხოლო აზერბაიჯანს 10000 ვაგონი ეყოლებოდა.

ამან შეაშფოთა სომხეთის პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი. ის დაუკავშირდა თავის მეგობარს მოსკოვში, ბორის ელცინს და ჰკითხა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა.მიუხედავად მოსკოვის მიერ გამოცხადებული ვალდებულებისა, არ შეეიარაღებინა კონფლიქტის არც ერთი მხარე, ელცინმა უკანონოდ გაგზავნა მილიარდი დოლარის (650 მილიონი ფუნტი) სამხედრო დახმარების პაკეტი.

ომის დროს (1992–1994 წწ.) რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა 1300 ტონა საბრძოლო მასალა შეიტანა სომხეთში, ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან. [9]

მოსკოვი, პოგრომების ქალაქი.

აშხაბადი და ნებით-დაგი: 1 მაისი, 9 მაისი, 1989.

ფერღანის ხეობა: ივნისი, 1989.

ჟანაოზენი და მანგიშლაყი: ივნისი 17-20, 1989.

აფხაზეთი/საქართველო: 1989.

საქართველო/სამხრეთ ოსეთი: 1989.

#1 მუშათა ქალაქი, სუმგაითი: 1988.

ადგილობრივი ფოლკლორის მიხედვით, ქალაქს მდინარე სუმგაითის სახელი ჰქვია. ლეგენდა მოგვითხრობს გმირზე, სახელად „სუმი“. მას საზოგადოება ირჩევს ურჩხულთან საბრძოლველად, რომელსაც მდინარე დაუმორჩილებია. სუმი საბოლოოდ ახერხებს ურჩხულის დამარცხებას, მაგრამ როდესაც მდინარე გათავისუფლდება, იგი შენაკადებად გაიფანტება და გმირიც თან გაჰყვება ამ ნაკადებს სხვადასხვა ადგილებში. ამის შემდეგ, მისი საყვარელი ჯეირანი მიდის მდინარესთან და ეუბნება “Sum, qayıt!” – დაბრუნდი.

1988 წლის 27-29 თებერვალს, ქალაქ სუმგაითში, ინდუსტრიულ ქალაქში ბაქოსთან ახლოს, პოგრომი მოაწყო საბჭოთა ბიუროკრატიამ. მშვიდობიან მომიტინგეთა ბრბოში შეაღწიეს კარგად მომზადებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა. მომიტინგეების ნაწილი გაფიცვაზე იყო. ყარაბაღელი სომხები საშინელ პირობებში მუშაობდნენ. ქალაქში არეულობა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საბჭოთა ბიუროკრატიის მიერ დაქირავებული დამნაშავეების სისასტიკე სომეხი ხალხისადმი, გაუპატიურება, წამება, მკვლელობა – შეეხო ყველას. საბჭოთა ხელისუფლება ჩარევას არ ჩქარობდა. არეულობას შეეწირნენ აზერბაიჯანელებიც.

ქალაქის მოსახლეობა 1988 წლისთვის 258,200-ს შეადგენდა, იქ ცხოვრობდა, დაახლოებით, თხუთმეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, აქედან 18,000 იყო ეთნიკურად სომეხი, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ თავიანთ აზერბაიჯანელ მეზობლებთან ერთად. არავის შეეძლო წარმოედგინა, რომ ასეთი სასტიკი მკვლელობები, რომელსაც ნაციონალისტური შუღლი უწოდეს, შეიძლებოდა მომხდარიყო ქალაქში, რომელშიც უმნიშვნელო ეთნიკური დაძაბულობაც კი არ სმენოდათ. სწორედ ამ სამი დღის განმავლობაში და დაძაბულ ვითარებებში, ქალაქის აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ ასობით სომეხი გადამალა საკუთარ სახლებში. სუმგაითში აზერბაიჯანელი ხალხი მონაწილეობას არ იღებდა ორგანიზებულ მკვლელობებში. მათ სომხები მიჰყავდათ ცენტრალურ მოედნამდე კულტურის სახლში, სადაც გაჩერება უსაფრთხო იქნებოდა. ნარატივებში ვკითხულობთ სხვადასხვა ამბებს, ქალბატონ ისმაილოვისა, რომელმაც საკუთარ ბინაში რამდენიმე ოჯახი დამალა. ნათევან თაგიევის, შენობის ბოლო სართულზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან სომხები გაიყვანა, აზრბაიჯანელი ახალგაზრდების ჯგუფები იცავდნენ სომეხ პაციენტებს საავადმყოფოში.

ამ დროს, სსრკ გენერალური პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კატსუევი ცენტრალურ ტელევიზიაში ავრცელებდა ხმებს, რომ ეს იყო აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სპონტანური აჯანყება, რომლებიც შურისძიებას აპირებდნენ ასკერაში მოკლული ორი თანამოქალაქის გამო. ასევე ამბობდა, რომ ამბოხებულთაგან უმრავლესობა იყო ყარაბაღელი აზერბაიჯანელი, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებულები. [7]

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე არზუ აბდულაევა იყო პირველი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს პროცესები მოსკოვმა დაგეგმა. მათ გამოიყენეს ქალაქ სუმგაითის პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათი. ქალაქში ციხიდან გათავისუფლებული ორი ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩასახლებული, ისინი იყვნენ მსჯავრდადებულები, რომლებიც იხდიდნენ პირობით სასჯელს და მუშაობდნენ ქიმიური მრეწველობის საწარმოებში. სწორედ ქალაქის „კრიმინალურ“ პირობებზე საუბრობდნენ საბჭოთა ბიუროკრატები მთავარ წყაროებში. აბდულაევას მსჯელობა ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ საბჭოთა ჯარები ქალაქთან ახლოს ნახევარი საათის დაშორებით იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა ძალადობის ჩასახშობად არაფერი გაუკეთებიათ. მან საბჭოთა ჯარისკაცს დახმარება სთხოვა მკვლელობების შესაჩერებლად, თუმცა ჯარისკაცებმა უპასუხეს, რომ ჩარევა აკრძალული ჰქონდათ. როდესაც არეულობა დაიწყო, სახურავებზე წინასწარ იყო მობილიზებული კამერები ძალადობრივი მოვლენების ჩასაწერად. [8]

მეორე დღეს გორბაჩოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. თუმცა ამან არეულობა ვერ შეაჩერა. 29 თებერვალს თავდასხმები და მკვლელობები გაგრძელდა.

სუმგაითელმა სომხებმა, დაახლოებით 500-მდე ადამიანმა, რომელიც თავს აფარებდა კულტურის სახლს, მძევლად აიყვანეს საბჭოთა სამხედრო მეთაური გრიგორი ხარჩენკო. მძევლები ხარჩენკოს გათავისუფლების სანაცვლოდ თვითმფრინავს ითხოვდნენ. მათ სურდათ, საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყანაში უსაფრთხო ადგილზე გადაფრენა. ხარჩენკო მოგვიანებით იხსენებდა, რომ არცერთ მათგანს არ სურდა სომხეთში დაბრუნება. „სომხეთში ჩვენ არავის ვჭირდებით“ – ხარჩენკოს თქმით, ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი სომეხ ლტოლვილს ყარაბაღიდან: „მათ ჩვენ ნამდვილ სომხებად არ მივაჩნივართ.“ სომხეთის საბჭოთა ინტელიგენცია, ძალისხმევას არ იშურებდა დაერწმუნებინა უზენაესი საბჭო, რომ ყარაბაღი სომხეთის ტერიტორია იყო, თუმცა, აზერბაიჯანის სომხური თემის წევრებს უკან დაბრუნების ეშინოდათ.

სასამართლო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დაპირისპირების ერთ-ერთ ორგანიზატორად, გაუპატიურებაში და მკვლელობებში თანამონაწილედ დაასახელეს ედუარდ გრიგორიანი, გრიგორიანს ჰქონდა სომხებით დასახლებული ბინების სიები, რომელიც გადასცა მკვლელებს. პოლიციაც თანამშრომლობდა მკვლელებთან.

ნოემბერსა და დეკემბერში დაახლოებით 250,000 სომეხმა დატოვა აზერბაიჯანი, ხოლო 240,000 აზერბაიჯანელმა დატოვა სომხეთი. 1991 წლის ბოლოსთვის სომხების კონტროლის ქვეშ არცერთი აზერბაიჯანელი არ იყო და აზერბაიჯანში მხოლოდ რამდენიმე სომეხი დარჩა. ისინი უკან არასდროს დაბრუნებულან.


შენიშვნები:

[1] Minassian, G. (2008) Armenia, a Russian Outpost in the Caucasus? Retrieved from https://www.ifri.org/sites/default/files/atoms/files/ifri_RNV_minassian_Armenie_Russie_ANG_fevr2008.pdf

[2] Кошель, Е. (2016) Зачем Россия снабжает оружием и Азербайджан, и Армению? https://mosmonitor.ru/articles/society/zachem_rossiya_snabzhaet_oruzhiem_i_azerbaydzhan_i_armeniyu?fbclid=IwAR0n3lat6Ni1Ao10mb-KCReTNy2esfY_ZYG9wBaJv_XkCvuBa0Rcbrn17_c

[3] https://www.youtube.com/watch?v=nheX9cUOM28&t=1309s

[3] Coyle, J. J. (2021) Russia’s Interventions in Ethnic Conflicts: The Case of Armenia and Azerbaijan https://doi.org/10.1007/978-3-030-59573-9

[4] Marriott, J, Minio-Paluello, M. (2013) The Oil Road: Journeys From The Caspian Sea To The City Of London, Verso.

[5] De Waal, T. (2003) Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press.

[6] De Waal, T. (2003) Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press. Ter-Petrossian interview, 212.

[7] (Wed, Apr 9, 1997) Inquiry into covert arms supplies to Armenia, Retrieved from https://www.irishtimes.com/news/inquiry-into-covert-arms-supplies-to-armenia-1.60400

[8] The Washington Post, Soviet Tells of ‘Pogroms’ by Rioters in Azerbaijan, https://www.washingtonpost.com/archive/politics/1988/03/16/soviet-tells-of-pogroms-by-rioters-in-azerbaijan/56dc16e1-9aeb-40cd-9ffd-0f176a55a223/%3fnoredirect%3don%26utm_term%3d.502a9239b33d

[9] Naegele, J. (1998) Azerbaijan: Armenians and Azerbaijanis Remember Suffering, Retrieved from https://www.rferl.org/a/1088062.html

გაზიარება